ᲛᲐᲠᲘᲚᲘ
ნატრიუმქლორიდის (NaCl) კრისტალებისგან შემდგარი თეთრი ნივთიერება, რომელიც ცნობილია სუფრის მარილის სახელით. დედამიწის წიაღში მოიპოვება დიდი რაოდენობით ქვამარილის გროვები, რომელთა სისქეც ზოგან რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენს. ოკეანეების წყლებში ვხვდებით დაახლოებით 3,5 პროცენტ მარილს, უმეტესწილად ნატრიუმის ქლორიდის სახით. ერთი შეხედვით, ეს რიცხვი შეიძლება მცირედ მოგვეჩვენოს, თუმცაღა უნდა აღინიშნოს, რომ ერთი კუბური კილომეტრი ზღვის წყალი დაახლოებით 27 მილიონ ტონა მარილს შეიცავს. პალესტინაში არსებული მკვდარი ზღვა (მარილოვანი ზღვა) ცხრაჯერ უფრო მარილიანია (დბ. 14:3). ისრაელები მარილს ადვილად მოიპოვებდნენ. მკვდარი ზღვის წყლის აორთქლების შედეგად საკმარისი რაოდენობის მარილი რჩებოდა, თუმცა ის მდარე ხარისხის იყო. მკვდარი ზღვის უკიდურეს სამხრეთში, არც ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა, მარილოვან ბორცვებს შეხვდებოდით (დბ. 19:26; სფ. 2:9). ჩრდილოეთ პალესტინაში მარილს, ნაწილობრივ, იძენდნენ ფინიკიელებისგან, რომლებიც მას ხმელთაშუა ზღვიდან მოიპოვებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მარილის მოპოვება შედარებით ადვილად ხდებოდა, ყველას ყოველთვის მაინც არ მიუწვდებოდა მასზე ხელი. მარილის გამო ომები და აჯანყებებიც კი ხდებოდა. ძველ ჩინეთში მარილი ოქროს შემდეგ ყველაზე ძვირად ფასობდა. სუფრის მარილისთვის ცოლ-შვილსაც კი ყიდდნენ მონებად. კეისრის ჯარისკაცებს მარილის საყიდლად აძლევდნენ გარკვეულ თანხას, რომელსაც ლათინურად ეწოდებოდა სალარიუმი, საიდანაც წარმოდგება ზოგიერთ ენაში გასამრჯელოს შესატყვისი სიტყვა (შდრ. ეზრ. 4:14).
ბიბლია მარილზე საუბრობს, როგორც საკვების შესაკმაზ საშუალებაზე (იობ. 6:6). მოსეს კანონის თანახმად, ყველაფერი, რაც იეჰოვას სამსხვერპლოზე იწირებოდა, დამარილებული უნდა ყოფილიყო არა გემოს გამო, არამედ იმიტომ, რომ მარილი უხრწნელობის სიმბოლო იყო (ლვ. 2:11, 13; ეზკ. 43:24). როგორც ჩანს, ამ მიზნისთვის დიდი რაოდენობით მარილი ინახებოდა ტაძრის ტერიტორიაზე. ეზრა თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მარილი ყოველთვის საკმარისი რაოდენობით ყოფილიყო შესაწირავებისთვის (ეზრ. 6:9; 7:21, 22). ისტორიული წყაროებიდან ვიგებთ, რომ ანტიოქე III-მ (დაახლ. ძვ. წ. 198 წ.) 375 მედიმნი (დაახლ. 20 ტონა) მარილი გაიღო ტაძარში მიმდინარე მსახურებისთვის.
მარილს გააჩნია სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებები. ახალშობილებს ზოგჯერ მარილით ხეხავდნენ (ეზკ. 16:4). მცირე რაოდენობით მარილი, ზოგჯერ ნაკელში შერეული, დადებით გავლენას ახდენს ზოგიერთი სახის მჟავე ნიადაგზე. თუმცა, ნიადაგში დაგროვილი მარილი კლავს მცენარეულობას, ხოლო მიწას უნაყოფოს ხდის. ასეთი რამ დაემართა მდინარე ევფრატის ერთ დროს აყვავებულ ხეობას.ზოგჯერ სრული განადგურებისთვის მსჯავრდადებულ ქალაქში განზრახ თესავდნენ მარილს, რითაც გამოხატავდნენ იმის სურვილს, რომ ეს ადგილი სამუდამოდ უნაყოფო და უსიცოცხლო დარჩენილიყო (კნ. 29:22, 23; მსჯ. 9:45; იობ. 39:5, 6; იერ. 17:6).
გადატანითი მნიშვნელობა. ბიბლიაში მარილი ხშირად გადატანითი მნიშვნელობით არის მოხსენიებული. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ ხართ მარილი მიწისთვის“, რითაც აჩვენა, რომ ისინი სხვებზე დადებით გავლენას მოახდენდნენ და დაეხმარებოდნენ იმაში, რომ სულიერად და ზნეობრივად დაცული ყოფილიყვნენ. ხოლო სასიხარულო ცნობა, რომელსაც ისინი ქადაგებდნენ, მსმენელს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. თუმცაღა, იესომ ასეთი სიტყვებიც უთხრა მათ: „თუ მარილი ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?! ის აღარაფრად ივარგებს, მხოლოდ გარეთ თუ გადაყრიან, ხალხმა რომ გათელოს“ (მთ. 5:13; მრ. 9:50; ლკ. 14:34, 35). ერთი ბიბლეისტი მათეს 5:13-თან მიმართებით ამბობს: „მარილის ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც ამ ქვეყანაში [შეერთებულ შტატებში] იყენებენ, არის ნატრიუმის ქლორიდი, და თუ მარილს სიმლაშე ანუ მისი განსაკუთრებული გემო დაეკარგება, მისგან აღარაფერი დარჩება. მარილის მლაშე გემო თავად მის არსს წარმოადგენს. უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში მარილი სუფთა სახით არ მოიპოვებოდა — მასში შერეული იყო მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები და მიწის ელემენტები, რის გამოც მარილს შეიძლება მთლიანად დაეკარგა სიმლაშე, მაშინ როცა მასში დიდი რაოდენობით რჩებოდა მიწა. ასეთი მარილი არაფერში გამოდგებოდა, ერთადერთი, ხრეშის მსგავსად, გზებზე მოსაყრელად თუ ივარგებდა. მსგავსი მარილი დღესაც მოიპოვება იმ ადგილებში. ის ნიადაგში ფენებად გვხვდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მზისა და წვიმის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, სრულად დაკარგავს სიმლაშეს“ (Barnes’ Notes on the New Testament, 1974).
ვინაიდან მარილი ხელს უშლის გახრწნას, ის სტაბილურობისა და მუდმივობის სიმბოლოდ იქცა. ხშირად, როდესაც შეთანხმებას დებდნენ, მონაწილე მხარეები ერთად ჭამდნენ — ერთად იღებდნენ მარილს — იმის ნიშნად, რომ შეთანხმების საფუძველზე ერთმანეთის ერთგულები იქნებოდნენ. აქედან გამომდინარე, ბიბლიურ დროში „მარილის შეთანხმება“ მტკიცე და ურყევ კავშირად ითვლებოდა (რც. 18:19). იუდას მეფე აბიას სიტყვები იმის შესახებ, რომ იეჰოვას დავითთან და მის ვაჟებთან „მარილის შეთანხმება“ ჰქონდა დადებული, გამოხატავდა იმ აზრს, რომ დავითის საგვარეულო ხაზთან დადებული შეთანხმება სამეფოზე სამარადისო იქნებოდა. იესო ქრისტე — „დავითის ძე“ და „დავითის ფესვი“ — არის ის, ვინც ამ სამეფოს სათავეში უდგას და სამარადისოდ განაგებს მას (2მტ. 13:4, 5; ფს. 18:50; მთ. 1:1; გმც. 5:5; ეს. 9:6, 7).
იესომ თქვა, რომ „ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს“. კონტექსტის თანახმად, გეენას ცეცხლით დამარილება ელოდება მათ, ვინც ბრკოლდება და ცოდვის გზას ადგას ან სხვებს აბრკოლებს (მრ. 9:42—49).
ამის შემდეგ იესომ განსხვავებული მნიშვნელობით მოიხსენია მარილი: „გქონდეთ თქვენში მარილი და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“ (მრ. 9:50). მსგავსი შედარება მოიყვანა პავლე მოციქულმაც სიტყვებით: „თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“ (კლ. 4:6). ქრისტიანის საუბარი და საქციელი ყოველთვის სასიამოვნო და ჯანსაღი უნდა იყოს; ის მხედველობაში უნდა იღებდეს სხვებს და ემსახურებოდეს მათი სიცოცხლის მოფრთხილებას.