სილა, სილვანუსი
[ლათ-დან, ნიშნავს ტყეს]
პირველი საუკუნის იერუსალიმის ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ზედამხედველი და წინასწარმეტყველი. თან ახლდა პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს. სავარაუდოდ იყო რომის მოქალაქე (სქ. 15:22, 26, 27, 32, 40; 16:19, 25, 37, 38). პავლე და პეტრე თავიანთ წერილებში სილვანუსს მოიხსენიებენ, ლუკა „მოციქულთა საქმეებში“ — სილას. სილვანუსი, სავარაუდოდ, ბერძნული სახელის, სილას გალათინებული ფორმაა.
იერუსალიმის კრებამ სილა შეარჩია ბარნაბასა და პავლეს თანამგზავრად, რომლებიც სირიის ანტიოქიაში ბრუნდებოდნენ კრებისთვის წინადაცვეთასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების საუწყებლად (სქ. 15:22, 30—32).
სილა იერუსალიმში დაბრუნდა თუ ანტიოქიის მიდამოებში დარჩა, უცნობია. ზოგიერთი ხელნაწერი შეიცავს საქმეების 15:34-ს, სადაც ვკითხულობთ: „მაგრამ სილამ მოისურვა იქვე დარჩენა“ (სსგ). თუმცა ყველაზე ავტორიტეტულ ხელნაწერებში ეს მუხლი საერთოდ არ მოიპოვება. როგორც უნდა ყოფილიყო, როცა პავლემ მეორე მისიონერული მოგზაურობა დაიწყო, სილა ანტიოქიაში იყო. ანტიოქიიდან პავლესთან ერთად მან გეზი ჯერ ჩრდილოეთისკენ აიღო, შემდეგ კი დასავლეთისკენ. მათ გაიარეს სირია, კილიკია და მცირე აზიის სხვა მხარეები. ლისტრაში მათ ტიმოთე შეუერთდა, ტროაში კი — ლუკა.
პავლეს ღამის ხილვაში ვიღაცამ მაკედონიაში ჩასვლა სთხოვა. პავლე თავის ზემოხსენებულ მეგობრებთან ერთად ჯერ ფილიპეში ჩავიდა. ქალაქის მოედანზე სილა და პავლე სახელმწიფო მოხელეების ბრძანებით გაჯოხეს, საპყრობილეში ჩაყარეს და ფეხებზე ხუნდები დაადეს. მაგრამ ღამით, როცა ლოცულობდნენ და ღმერთს სადიდებელს უმღეროდნენ, მიწისძვრა მოხდა. პატიმრებს ბორკილები დაეხსნათ და საპყრობილის კარები გაიღო. საპყრობილის ზედამხედველი ძალიან შეშინდა. მან მოუსმინა პავლესა და სილას, ნაცემ მქადაგებლებს ჭრილობები დაუმუშავა და თვითონაც ქრისტიანი გახდა (სქ. 15:41—16:40).
პავლემ და სილამ წარმატებით იქადაგეს თესალონიკესა და ბერეაში. სილა ტიმოთესთან ერთად დროებით ბერეაში დარჩა, პავლე კი ათენსა და კორინთში გაემგზავრა (სქ. 17:1, 10, 14—16; 18:1). შემდეგ სილამ და ტიმოთემ პავლეს კორინთში ჩააკითხეს და იქ დარჩნენ მის დასახმარებლად. ისინი პავლესთან ერთად იყვნენ, როცა ამ უკანასკნელმა თესალონიკელებს ორი წერილი მისწერა (1თს. 1:1; 2თს. 1:1). სილა პავლეს მოგზაურობების კონტექსტში მეტად აღარ მოიხსენიება.
რამდენიმე წლის შემდეგ (დაახლ. ახ. წ. 62—64 წწ.) პეტრემ თავისი პირველი წერილი ბაბილონში „სილვანუსის ხელით“ დაწერა. როგორც ჩანს, სილვანუსი პეტრეს მდივნობას უწევდა. სავარაუდოდ, სილვანუსი იყო ის „ერთგული ძმა“, რომელიც მანამდე პავლესთან თანამშრომლობდა (1პტ. 5:12).