მონა
ბიბლიაში მონისა და მსახურის აღსანიშნავად გამოყენებული ებრაული და ბერძნული სიტყვები მხოლოდ იმ ადამიანს არ გულისხმობს, რომელიც სხვის საკუთრებას წარმოადგენს. ებრაული ʽევედ აღნიშნავს როგორც მოძმის საკუთრებაში მყოფ მსახურსა თუ მონას (დბ. 12:16; გმ. 20:17), ისე მეფის მსახურს (2სმ. 11:21; 2მტ. 10:7), მოხარკე ხალხს (2სმ. 8:2, 6), მეფის კარზე მომსახურეებს, მათ შორის მერიქიფეს, მცხობელს, მეზღვაურს, ჯარის მეთაურს, მრჩეველს თუ სხვა, განურჩევლად იმისა, ის ვინმეს საკუთრებაა თუ არა (დბ. 40:20; 1სმ. 29:3; 1მფ. 9:27; 2მტ. 8:18; 9:10; 32:9). მოსაუბრის პატივისცემის ნიშნად ებრაელი „მეს“ ნაცვლად ამბობდა: „შენი მსახური“ (ʽევედ) (დბ. 33:5, 14; 42:10, 11, 13; 1სმ. 20:7, 8). ʽევედს იყენებდნენ, აგრეთვე, ზოგადად იეჰოვას მსახურების თუ თაყვანისმცემლების მიმართ (1მფ. 8:36; 2მფ. 10:23), უფრო კონკრეტულად კი ღვთის განსაკუთრებული წარმომადგენლების, მაგალითად, მოსეს მიმართ (იეს. 1:1, 2; 24:29; 2მფ. 21:10). ზოგჯერ ღვთის მსახურად იწოდებოდა ისეთი ადამიანიც, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი არ იყო, მაგრამ უნებლიეთ ხელს უწყობდა ღვთის ნების შესრულებას, მაგალითად, ასეთი იყო მეფე ნაბუქოდონოსორი (იერ. 27:6).
ებრაული ʽევედის ბერძნული ეკვივალენტია დულოს. ის აღნიშნავს ვინმეს საკუთრებაში მყოფ მონას ან მსახურს (მთ. 8:9; 10:24, 25; 13:27), ღვთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს ერთგულ მსახურს, გინდ ადამიანსა (სქ. 2:18; 4:29; რმ. 1:1; გლ. 1:10) და გინდ ანგელოზს (გმც. 19:10; აქ გამოყენებულია სიტყვა სინდულოს [თანამონა]), აგრეთვე, ცოდვისა (ინ. 8:34; რმ. 6:16—20) თუ გახრწნილების მონობაში მყოფ ადამიანს (2პტ. 2:19).
ებრაული ნაʽარის, ისევე როგორც ბერძნული პეს პირველადი მნიშვნელობაა ბიჭი, ყმაწვილი, ბავშვი. იგი აგრეთვე აღნიშნავს მსახურს (1სმ. 1:24; 4:21; 2მფ. 5:20; მთ. 2:16; 8:6; 17:18; 21:15; სქ. 20:12). ბერძნული ეკეტეს აღნიშნავს მამრობითი სქესის მოსამსახურესა და მონას (ლკ. 16:13), პედისკე კი — მდედრობითი სქესის მოსამსახურესა და მონას (ლკ. 12:45). ებრაული სიტყვის ფუძიდან, შარათიდან, ნაწარმოები მიმღეობა ზოგჯერ მსახურადაც ითარგმნება (გმ. 33:11; 2სმ. 13:18). ბერძნული ჰიპერეტეს მოსამსახურედ ითარგმნა (მთ. 26:58; მრ. 14:54; ინ. 18:36). ბერძნული თერაპონ მსახურის მნიშვნელობით მხოლოდ ებრაელების 3:5-ში გვხვდება.
ჩვენს ერამდე. მონობას განაპირობებდა ომი, სიღარიბე და დამნაშავეობა. დამპყრობლები იმონებდნენ ტყვეებს ან მონებად ყიდდნენ (შდრ. 2მფ. 5:2; იოლ. 3:6). ისრაელში გაღარიბებულ კაცს ვალების გასასტუმრებლად შეეძლო დამონებოდა მოძმეს ან შვილები მიეყიდა მონებად (გმ. 21:7; ლვ. 25:39, 47; 2მფ. 4:1). ქურდს, რომელსაც არ შეეძლო ზარალის ანაზღაურება, ნაქურდალის სანაცვლოდ ყიდდნენ. ის მხოლოდ მაშინ თავისუფლდებოდა, როცა დაზარალებულის მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდებოდა (გმ. 22:3).
ზოგიერთი მონა ბატონის ოჯახში დიდი ნდობითა და პატივისცემით სარგებლობდა. ხანდაზმული მსახური (სავარაუდოდ ელიეზერი) პატრიარქ აბრაამის მთელ ქონებას განაგებდა (დბ. 24:2; 15:2, 3). ეგვიპტეში მონად გაყიდულ აბრაამის შთამომავალ იოსებს ფარაონის კარისკაცმა, პოტიფარმა მთელი ქონება ჩააბარა (დბ. 39:1, 5, 6). გამდიდრებულ ებრაელ მონას შეეძლო საკუთარი თავი გამოესყიდა (ლვ. 25:49).
სავალდებულო საქმის შემსრულებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება სტატიებში სავალდებულო სამუშაო; მონური შრომა.
ბატონისა და ყმის ურთიერთობების დამარეგულირებელი კანონები. ისრაელში ებრაელი მონის სტატუსი განსხვავდებოდა უცხოელი, ხიზანი თუ მდგმური მონის სტატუსისგან. არაებრაელი თაობიდან თაობაში ბატონის საკუთრებად რჩებოდა (ლვ. 25:44—46), ებრაელი მონა კი მონობის მეშვიდე ან საიუბილეო წელს თავისუფლდებოდა იმისდა მიხედვით, პირველი რომელი წელი მოუწევდა. ებრაელ მონას ისე ექცეოდნენ, როგორც მოჯამაგირეს (გმ. 21:2; ლვ. 25:10; კნ. 15:12). ებრაელს, რომელიც მონად მიეყიდებოდა ხიზანს, ხიზნის ოჯახის წევრს ან მდგმურს, ნებისმიერ დროს შეეძლო თავი ან თვითონ გამოესყიდა ან მას, ვისაც მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდა. გამოსასყიდის საფასური იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რამდენი წელი იყო დარჩენილი საიუბილეო ან მეშვიდე წლამდე (ლვ. 25:47—52; კნ. 15:12). გათავისუფლებული ებრაელი მონა ბატონს უნდა დაესაჩუქრებინა, რათა მას დამოუკიდებლად შეძლებოდა ცხოვრების აწყობა (კნ. 15:13—15). თუ ვინმე ცოლთან ერთად დაუდგებოდა ბატონს მონად, გათავისუფლების შემდეგ ცოლი თან მიჰყავდა, ხოლო თუ ბატონი შერთავდა მას ცოლს (სავარაუდოდ უცხოელ ქალს, რომელიც არ თავისუფლდებოდა მეშვიდე წელს), ცოლიცა და მისი შვილებიც კვლავ ბატონის საკუთრებად რჩებოდნენ. თუ ებრაელს არ სურდა ცოლ-შვილის დატოვება, შეეძლო ბატონთან დარჩენილიყო. ასეთ შემთხვევაში ბატონი მონას სადგისით ყურს უხვრეტდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ის სამუდამოდ ბატონის საკუთრება ხდებოდა (გმ. 21:2—6; კნ. 15:16, 17).
ებრაელი მხევლები. მხევლებისა და მათი ბატონების ურთიერთობასაც კონკრეტული კანონები არეგულირებდა. ბატონს შეეძლო ებრაელი მხევლის ხარჭად აყვანა, ან თავისი ვაჟისთვის ცოლად შერთვა. თუ ვაჟს შერთავდა ცოლად, ისე უნდა მოპყრობოდა მას, როგორც საკუთარ ასულს. ვაჟს სხვა ცოლიც რომ მოეყვანა, იმ ქალისთვის არ უნდა მოეკლო სარჩო, სამოსი და ცოლქმრული მოვალეობა. თუ ვაჟი ამ სამი რამით არ უზრუნველყოფდა, ქალს უფლება ჰქონდა გამოსასყიდის გარეშე დაებრუნებინა თავისუფლება. ბატონს არ ჰქონდა უფლება, ქალის გამოსყიდვის ნება უცხოელისთვის მიეცა (გმ. 21:7—11).
დაცვა და პრივილეგიები. კანონი მონას სისასტიკისგან იცავდა. თუ ბატონი მონას კბილს ჩაუმტვრევდა ან თვალს დაუზიანებდა, მონა უნდა გათავისუფლებულიყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მონის საფასური 30 შეკელი იყო (შდრ. გმ. 21:32), მისი გათავისუფლება დიდი დანაკარგი იქნებოდა ბატონისთვის და, შესაბამისად, ძალადობისგან შეაკავებდა მას. ბატონს ჰქონდა მონის ცემის უფლება, მაგრამ თუ ცემა-ტყეპაში შემოაკვდებოდა, მსაჯულების გადაწყვეტილებით დანაშაული მოეკითხებოდა. თუ მონა ერთ-ორ დღეს იცოცხლებდა და მერე მოკვდებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ბატონს არ ჰქონდა მისი მოკვლა განზრახული და უბრალოდ სურდა, მისთვის ჭკუა ესწავლებინა, შესაბამისად, ბატონს დანაშაული არ მოეკითხებოდა (გმ. 21:20, 21, 26, 27; ლვ. 24:17). გარდა ამისა, ბატონს მონა ცივი იარაღით არ უნდა ჰყოლოდა ნაცემი, რადგან ეს მას განზრახ მკვლელობაში ჩაეთვლებოდა (შდრ. რც. 35:16—18). თუ მონა ცემის შემდეგ ერთ-ორ დღეს იცოცხლებდა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ის ბატონის ცემამ მოკლა. ჯოხით ცემას, როგორც წესი, სიკვდილი არ უნდა გამოეწვია, რადგან იგავების 23:13-ში წერია: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას; ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება“.
კანონი მონას გარკვეულ პრივილეგიებსაც ანიჭებდა. მაგალითად, ყველა მონას წინადაცვეთა უტარდებოდა (გმ. 12:44; შდრ. დბ. 17:12); მონას შეეძლო ეჭამა პასექი, მღვდლის მონას კი — წმინდა შესაწირავი (გმ. 12:43, 44; ლვ. 22:10, 11). მონას არ უნდა ემუშავა შაბათობით (გმ. 20:10; კნ. 5:14). შაბათის წელს კი უფლება ჰქონდა, ეჭამა ნაგერალი და გაუსხლავი ვაზის ყურძენი (ლვ. 25:5, 6). გარდა ამისა, საწმინდარში მსხვერპლშეწირვისა თუ ყოველწლიური დღესასწაულების დროს მონასაც შეეძლო საერთო მხიარულებაში მონაწილეობა (კნ. 12:12; 16:11, 14).
პირველი ქრისტიანების დამოკიდებულება მონებისადმი. რომის იმპერიაში უამრავი მონა იყო. ზოგს ასობით და ათასობით მონა ჰყავდა. იმპერიაში მონათმფლობელობა კანონით იყო აღიარებული. პირველი ქრისტიანები არ ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო კანონს და არ უჭერდნენ მხარს მონების აჯანყებას. ისინი პატივს სცემდნენ კანონს და არ გმობდნენ მონათმფლობელ ქრისტიანებს. ამით აიხსნება ის ფაქტი, რატომ დააბრუნა მოციქულმა პავლემ გაქცეული მონა ონისიმე თავის ბატონთან. ქრისტიანობის მიღების შემდეგ ონისიმე თავისი ნებით დაუბრუნდა თავის ბატონსა და თანამორწმუნეს (ფლმ. 10—17). პავლე მოციქული ქრისტიან მონებს მოუწოდებდა, ზედმეტად არ გათამამებოდნენ მორწმუნე ბატონებს. ის მათ სწერდა: „ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ დაუწყებს მას ზემოდან ყურებას, რადგან ის ძმაა. პირიქით, უფრო მონდომებული მონები იყვნენ, ვინაიდან ისინი, ვინც მათი კეთილსინდისიერი სამსახურიდან იღებენ სარგებლობას, მორწმუნენი და საყვარელნი არიან“ (1ტმ. 6:2). ქრისტიანი ბატონის ყოლა მონას დიდ კურთხევად უნდა ჩაეთვალა, რადგან ბატონი ვალდებული იყო მას სამართლიანად და მიუკერძოებლად მოქცეოდა (ეფ. 6:9; კლ. 4:1).
გაქრისტიანების შემდეგ მონები ვალდებულნი იყვნენ უკეთესად ემუშავათ, სიტყვა არ შეებრუნებინათ ბატონისთვის, არ ექურდათ, არამედ სრულად გამოევლინათ ერთგულება (ტიტ. 2:9, 10). ბატონი უსამართლოდაც რომ მოქცეოდათ, თავის საქმე მაინც პირნათლად უნდა შეესრულებინათ. თუ სიმართლისთვის მოუწევდათ ტანჯვა, ქრისტეს მიმბაძველები გახდებოდნენ (1პტ. 2:18—25). პავლე მონებს სწერდა: „მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ ხორციელ ბატონებს, არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები, არამედ გულწრფელად, იეჰოვასადმი შიშით. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, როგორც იეჰოვასთვის და არა როგორც ადამიანებისთვის“ (კლ. 3:22, 23; ეფ. 6:5—8). კარგი საქციელით ისინი ღვთის სახელს განადიდებდნენ და არავის მისცემდნენ იმის თქმის საბაბს, რომ ქრისტიანები ზარმაცები და არაფრის მაქნისები იყვნენ (1ტმ. 6:1).
რასაკვირველია, ქრისტიანები „ყველაფერში მორჩილები“ ღვთის კანონის დარღვევის ხარჯზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან ეს კაცთმოშიშობის ნიშანი იქნებოდა და არა ღვთისმოშიშობის. მონის ცუდი საქციელი, თუნდაც მისი ზემდგომის ბრძანებით ჩადენილი, ვერ შეამკობდა მათი მხსნელის, ღვთის სწავლებას. პირიქით, ცუდ შუქში წარმოაჩენდა და შეარცხვენდა ამ სწავლებას (ტიტ. 2:10). ასე რომ, ქრისტიანი მონა განსწავლული სინდისის კარნახით უნდა მოქცეულიყო.
ქრისტიანულ კრებაში ყველა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა, თანასწორი იყო. ყველა ერთი სულით იყო ცხებული და მათ, როგორც ერთი სხეულის ნაწილებს, ერთი იმედი ჰქონდათ (1კრ. 12:12, 13; გლ. 3:28; კლ. 3:11). ქრისტიან მონას არ უნდა ედარდა იმაზე, რომ შეზღუდული მდგომარეობის გამო არ შეეძლო სასიხარულო ცნობის აქტიურად გავრცელება. მაგრამ თუ თავისუფლებას მოიპოვებდა, უნდა ესარგებლა შემთხვევით და გაეფართოებინა ქრისტიანული მსახურება (1კრ. 7:21—23).
ცოდვის მონობა. როცა პირველმა ადამიანმა, ადამმა, დაარღვია ღვთის კანონი, მან დაკარგა საკუთარი თავის სრულყოფილად ფლობის უნარი და ცოდვილ სურვილს დაჰყვა, რათა ცოდვილი ცოლის გვერდით ყოფილიყო და მისთვის ეამებინა. ამგვარად, ის ცოდვილი სურვილისა და მისი ნაყოფის, ცოდვის მონა გახდა (შდრ. რმ. 6:16; იაკ. 1:14, 15; იხ. ცოდვა). მან საკუთარი თავი და ჯერ არდაბადებული შთამომავლობაც ცოდვას მიჰყიდა. ამიტომაც წერდა პავლე: „მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული“ (რმ. 7:14). აქედან გამომდინარე, ადამის ვერც ერთი შთამომავალი ვერ გახდებოდა მართალი მაშინაც კი, თუ მთელი მონდომებით შეეცდებოდა მოსეს კანონის დაცვას. პავლემ ეს ასე ახსნა: „მცნება, რომელიც სასიცოცხლოდ იყო მოცემული, სასიკვდილოდ ყოფილა“ (რმ. 7:10). ვინაიდან ადამიანები კანონს სრულყოფილად ვერ იცავდნენ, ხვდებოდნენ, რომ ცოდვის მონები იყვნენ და სიკვდილს იმსახურებდნენ (იხ. სიკვდილი).
ამ მონობისგან გათავისუფლება მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით შეიძლება (შდრ. ინ. 8:31—34; რმ. 7:21—25; გლ. 4:1—7; ებ. 2:14—16; იხ. გამოსასყიდი). ვინაიდან იესომ ქრისტიანები თავისი ძვირფასი სისხლით იყიდა, ისინი იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის მონები თუ მსახურები არიან და ვალდებული არიან დაიცვან მათი მცნებები (1კრ. 7:22, 23; 1პტ. 1:18, 19; გმც. 19:1, 2, 5; იხ. გათავისუფლებული, თავისუფალი; თავისუფლება).
იხ. აგრეთვე ერთგული და გონიერი მონა.