უზია
[ჩემი ძალა იეჰოვაა].
1. კეჰათელი ლევიანი, ურიელის ძე (1მტ. 6:22—24).
2. მეფე დავითის კარზე მომსახურე იონათანის მამა (1მტ. 27:25).
3. დავითის ძლიერი მეომარი. უზია აშთაროთელი იყო, სავარაუდოდ, იორდანის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ აშთაროთიდან (1მტ. 11:26, 44; იეს. 9:10).
4. იუდას მეფე, იგივე აზარია; მეფე ამაციასა და იექოლიას ვაჟი. აზარიამ 52 წელი იმეფა (ძვ. წ. 829—778). მისი მეფობის პარალელურად ჩრდილოეთ სამეფოში მეფობდნენ იერობოამ II, ზაქარია, შალუმი, მენახემი, ფეკახია და ფეკახი (2მფ. 15:1, 2, 8, 10, 13, 14, 17, 23, 25, 27; 2მტ. 26:3). უზიას დროს წინასწარმეტყველებდნენ ესაია (ეს. 1:1; 6:1), ოსია (ოს. 1:1) და ამოსი (ამ. 1:1). არ არის გამორიცხული, იოველიც უზიას თანამედროვე ყოფილიყო. უზიას მეფობის დროს ისრაელში დიდი მიწისძვრა მოხდა (ზქ. 14:5).
16 წლის უზია მამის სიკვდილის შემდეგ მალევე გამეფდა იუდაში (2მფ. 14:21; 2მტ. 26:1). თუმცა 2 მეფეების 15:1-ის თანახმად, უზია ისრაელის მეფე იერობოამ II-ის მეფობის 27-ე წელს გახდა. მაგრამ აქ უშუალოდ მისი ტახტზე ასვლა არ უნდა იგულისხმებოდეს, ვინაიდან ამ შემთხვევაში უზია მამამისის სიკვდილიდან დაახლოებით 12 წლის შემდეგ უნდა გამეფებულიყო. სავარაუდოდ იერობოამის მეფობის 27-ე წელს იუდას ორტომიანი სამეფო ჩრდილოეთი სამეფოს ბატონობისგან გათავისუფლდა, რომელიც, როგორც ჩანს, ისრაელის მეფე იეჰოაშის მიერ უზიას მამის, ამაციას დამარცხების შემდეგ დაიწყო (2მტ. 25:22—24). ასე რომ, უზია შეიძლება ითქვას, მეორედ გამეფდა, გათავისუფლდა რა ისრაელის მეფე იერობოამ II-ის გავლენისგან.
უზია „სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში“. ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ზაქარიას (არა მოგვიანებით მცხოვრები ზაქარია წინასწარმეტყველი), რომელიც სასიკეთოდ არიგებდა მეფეს. მაგრამ ხალხი მაინც აგრძელებდა აკრძალულ მსხვერპლშეწირვას მაღლობებზე (2მფ. 15:3, 4; 2მტ. 26:4, 5).
უზიამ იეჰოვას დახმარებით არაერთი გამარჯვება მოიპოვა და სახელი გაითქვა. მან დაიბრუნა და აღადგინა აკაბას ყურეში მდებარე ქალაქი ელათი (ელოთი), წარმატებით გაილაშქრა ფილისტიმელებზე, გაარღვია გათის, იაბნესა და აშდოდის გალავნები და ქალაქები ააშენა აშდოდის მხარეში. მან დაამარცხა არაბები, მეუნიმები და მოხარკედ გაიხადა ამონელები. უზიას ჰყავდა 307 500 მეომრისგან შემდგარი კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი, რომელსაც 2 600 საგვარეულოს თავკაცი უწევდა ზედამხედველობას. მანვე გაამაგრა იერუსალიმი და დაამზადა საბრძოლო მანქანები (2მფ. 14:22; 2მტ. 26:2, 6—9, 11—15).
უზია აგრეთვე დიდ ყურადღებას უთმობდა მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას. მან მრავალი ჭა ამოკვეთა შინაური პირუტყვის დასარწყულებლად და კოშკები ააშენა უდაბნოში, როგორც ჩანს, მძარცველებისგან საქონლის დასაცავად. მეფე ზედამხედველობას უწევდა მიწათმოქმედებსა და მევენახეებს, რომლებიც თავიანთ სამუშაოებს ასრულებდნენ მთებსა და ქარმელში (2მტ. 26:10).
როგორც ჩანს, უზია თავისმა ბრწყინვალე მიღწევებმა ისე გააამაყა, რომ ტაძრის წმინდაშიც კი გაბედა შესვლა საკმევლის საკმევად. მას უკან გაჰყვა მღვდელმთავარი აზარია 80 მღვდელთან ერთად. მათ გაკიცხეს მეფე ამ უკანონო ქმედებისთვის და საწმინდრის დატოვება მოსთხოვეს. უზია, რომელსაც ხელში სასაკმევლე ეჭირა, მღვდლებს განურისხდა და მაშინვე შუბლზე კეთრი გამოაჩნდა. მღვდლებმა სასწრაფოდ გააძევეს ის საწმინდრიდან. როგორც უწმინდურ კეთროვანს, უზიას არც ღვთის თაყვანისცემა შეეძლო ტაძარში და არც მეფის მოვალეობების შესრულება. ის სიკვდილამდე ცალკე სახლში ცხოვრობდა. მის მაგივრად ქვეყანას მისი ვაჟი იოთამი განაგებდა (2მტ. 26:16—21).
2 მატიანეს 26:23-ში უზიას სიკვდილისა და დაკრძალვის შესახებ ნათქვამია: „განისვენა უზიამ თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის თავისი მამა-პაპის გვერდით, ოღონდ დასამარხ მინდორში, მეფეთა სამარხების გარეთ, რადგან თქვეს, კეთროვანიაო“. ის, სავარაუდოდ, კეთრის გამო აკლდამაში კი არა, სამეფო სასაფლაოს მიმდებარე მინდორში დამარხეს.
იერუსალიმში აღმოჩენილ კირქვის ფილაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ახ. წ. პირველი საუკუნით თარიღდება, შემდეგ წარწერას ვხვდებით: „აქ არის იუდას მეფე უზიას ძვლები. არ გახსნათ“ (სურათი, ტ. 1, გვ. 960).
5. ლევიანი მღვდელი ხარიმის ძეთაგან (1მტ. 24:8; ეზრ. 2:36, 39), რომელმაც ეზრას მოთხოვნით სხვების მსგავსად გაუშვა უცხოელი ცოლი (ეზრ. 10:10, 11, 21, 44).
6. იუდას შთამომავალი ფერეცისგან, რომლის ვაჟი ათაია მოხსენიებულია ნეემიას დროს იერუსალიმში მცხოვრებთა შორის (ნემ. 11:4).