ქალი
მდედრობითი სქესის სრულწლოვანი ადამიანი. ქალის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვაა ʼიშშაჰ (სიტყვასიტყვით დედაკაცი), რომელიც ცოლადაც ითარგმნება. მსგავსად ამისა, ბერძნული გინე ითარგმნება, როგორც ქალი და ცოლი.
შექმნა. შემოქმედმა ადამს შესაფერისი ამხანაგი მანამ შეუქმნა, ვიდრე ადამი თავად ითხოვდა. მას შემდეგ, რაც ადამი ედემის ბაღში დაასახლა და აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფის ჭამა, იეჰოვამ თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დბ. 2:18). ღმერთს ადამისთვის ცხოველები იმიტომ არ მიუყვანია, რომ მეგობარი მათ შორის ეძებნა, არამედ სახელები რომ დაერქმია მათთვის. ადამს სქესობრივი ლტოლვა არ ჰქონია ცხოველებისადმი. მან კარგად უწყოდა, რომ ცხოველთა შორის თავის შესაფერის პარტნიორს ვერ იპოვიდა (დბ. 2:19, 20). «იეჰოვა ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა კაცს, მძინარეს ნეკნი გამოუღო და ის ადგილი შეუხორცა. იმ ნეკნისგან, კაცს რომ გამოუღო, იეჰოვა ღმერთმა ქალი შექმნა და კაცს მიუყვანა. მაშინ თქვა კაცმა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“» (დბ. 2:21—23).
უფლება-მოვალეობები. ვინაიდან ქალი კაცის ნეკნისგან შეიქმნა, ქალი გარკვეულწილად კაცს უნდა უმადლოდეს თავის არსებობას. ქალი, როგორც კაცის ერთ ხორცად ქმნილი, და მისი დამხმარე და შემავსებელი, უნდა დამორჩილებოდა თავის ქმარსა და მეთაურს. ღვთის ბრძანებას, რომელიც სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხეს ეხებოდა, ადამის გარდა ევაც უნდა დამორჩილებოდა. ქალი ვალდებული იყო, კაცის ინტერესები დაეცვა. მათ უნდა ჰყოლოდათ შვილები და ებატონათ ცხოველებზე (დბ. 1:28; 2:24).
ბიბლიურ ეპოქაში გათხოვება სავალდებულო იყო, ამიტომ წმინდა წერილებში ქალი უმეტესწილად ცოლის სტატუსით მოიხსენიება. ყოველი ისრაელი ქალის უმთავრესი მოვალეობა იეჰოვა ღმერთის მსახურება იყო. ამ მხრივ სამაგალითოა აბიგაილი, დავითის ცოლი, რომლის პირველი ქმარი, ნაბალი, უვარგისი კაცი იყო. ნაბალი უმსგავსოდ მოიქცა, როცა იეჰოვას ცხებულს, დავითს, დახმარებაზე უარი უთხრა. აბიგაილმა იცოდა, რომ, მართალია, ნაბალის ცოლი იყო, მაგრამ ქმარივით იეჰოვას ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა მოქცეულიყო. იეჰოვამ აკურთხა აბიგაილი ღვთის ცხებულის დახმარებისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგულებისთვის (1სმ. 25:23—31, 39—42).
ქალი, აგრეთვე, ქმრის მორჩილი უნდა ყოფილიყო. მას უნდა ეზრუნა ოჯახის კეთილდღეობაზე და პატივი უნდა მიეგო თავისი მეთაურისთვის. ეს მასვე მოუტანდა დიდებას. იგავების 14:1-ში წერია: „ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს“. ქალს ყოველთვის დადებითად უნდა ელაპარაკა ქმარზე და სხვებიც პატივისცემით უნდა განეწყო მისდამი, ქმარს კი უნდა ეამაყა ასეთი ცოლით. „მარჯვე ცოლი ქმრის გვირგვინია, ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას“ (იგ. 12:4). იგავების 31-ე თავი აღწერს ცოლის ღირსეულ მდგომარეობას ოჯახში და იმ კურთხევებს, რასაც ის თავისი ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისა და სიბრძნისთვის იღებს (იხ. ცოლი).
ებრაელი დედა დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდა შვილების აღზრდა-განათლებას. მას შვილებისთვის უნდა ესწავლებინა სიმართლის გზით სიარული, თავაზიანობა და შრომისმოყვარეობა. ზოგი დედა კარგ რჩევებს აძლევდა ზრდასრულ ვაჟებს და სასიკეთო გავლენას ახდენდა მათ ცხოვრებაზე (დბ. 27:5—10; გმ. 2:7—10; იგ. 1:8; 31:1; 2ტმ. 1:5; 3:14, 15). დედები ქალიშვილებს ასწავლიდნენ, როგორ გამხდარიყვნენ კარგი ცოლები; ასწავლიდნენ მზარეულობას, ქსოვას, საოჯახო საქმეების გაძღოლას. მამები ბიჭებს ხელობას ასწავლიდნენ. ცოლს თავისუფლად შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა ქმართან (დბ. 16:5, 6). იყო შემთხვევები, როცა ცოლები ქმრებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარნენ (დბ. 21:9—13; 27:46—28:4).
საცოლეს ვაჟს, როგორც წესი, მშობლები ურჩევდნენ, თუმცა კანონით ქალს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება ჰქონდა. რებეკას მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, საკუთარი ნების გამოხატვის უფლება ქალს კანონის მიცემამდეც ჰქონდა (დბ. 24:57, 58). ისრაელში მიღებული იყო მრავალცოლიანობა, რასაც კანონი არეგულირებდა. ღმერთმა ერთცოლიანობა მხოლოდ ქრისტიანული კრების დაარსების შემდეგ აღადგინა (დბ. 2:23, 24; მთ. 19:4—6; 1ტმ. 3:2).
კანონი ახალდაქორწინებულ მამაკაცს ერთი წლით ათავისუფლებდა სამხედრო ვალდებულებისგან, რაც ქალის ინტერესების დაცვასაც ემსახურებოდა. ახალდაქორწინებულებს შვილის ყოლის საშუალება ეძლეოდათ. ქმრის არყოფნაში ქალისთვის ბავშვი დიდი ნუგეში იქნებოდა, მით უმეტეს, თუ ქმარი ბრძოლაში დაიღუპებოდა (კნ. 20:7; 24:5).
მრუშობისთვის, სისხლის აღრევისთვის, ზოოფილიისა და სხვა დანაშაულისთვის ქალიც და კაციც ერთნაირად ისჯებოდა (ლვ. 18:6, 23; 20:10—12; კნ. 22:22). ქალს არ უნდა ჩაეცვა კაცის ტანსაცმელი, კაცს კი — ქალისა სქესობრივი აღვირახსნილობისგან, მათ შორის ჰომოსექსუალიზმისგან თავის დასაცავად (კნ. 22:5). შაბათების, ნაზირობის, სადღესასწაულო თუ სხვა კანონების დაცვით კურთხევებს ქალებიც იღებდნენ (გმ. 20:10; რც. 6:2; კნ. 12:18; 16:11, 14). შვილს დედისთვის ისევე უნდა ეცა პატივი, როგორც მამისთვის. ის ორივეს უნდა დამორჩილებოდა (ლვ. 19:3; 20:9; კნ. 5:16; 27:16).
ქრისტიანულ კრებაში. ზეციური მოწოდების მოზიარეთა შორის (ებ. 3:1), რომლებიც იესო ქრისტეს თანამემკვიდრენი არიან, არ არსებობს განსხვავება ქალსა და კაცს შორის. პავლე მოციქულმა დაწერა: „თქვენ ყველა ღვთის ძეები ხართ ქრისტე იესოსადმი რწმენის მეშვეობით ... არ არსებობს ... არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (გლ. 3:26—28). ქრისტეს თანამემკვიდრენი აღდგომისას უნდა შეცვლილიყვნენ ანუ უნდა გამხდარიყვნენ „ღვთის ბუნების“ მოზიარენი. ახალ სულიერ სხეულში აღარ იარსებებდა მდედრობითი სქესი. სქესი ღმერთმა მიწიერ ქმნილებათა გასამრავლებლად შექმნა (2პტ. 1:4).
სასიხარულო ცნობის მაუწყებლები. იოელ წინასწარმეტყველის მიერ მოხსენიებული „ასულები“ და „მხევლები“ მათ შორის იყვნენ, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულის ძღვენი მიიღეს. იმ დღიდან მოყოლებული ქრისტიან ქალებს უცხო ენებზე ლაპარაკის პატივი ხვდათ წილად. ისინი, აგრეთვე, „წინასწარმეტყველებდნენ“ — ოღონდ არა მაინცდამაინც იმ გაგებით, რომ სამომავლო მოვლენებს განჭვრეტდნენ, არამედ ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ლაპარაკობდნენ (იოლ. 2:28, 29; სქ. 1:13—15; 2:1—4, 13—18; იხ. წინასწარმეტყველი ქალი).
ქრისტიანი ქალები ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ მხოლოდ თანამორწმუნეებთან არ საუბრობდნენ. ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (სქ. 1:8). ასე რომ, 50-ე დღის დღესასწაულზე, როცა იესოს მიმდევრებზე წმინდა სული გადავიდა, 120-ვე მოწაფე (მათ შორის ქალები) იესოს მოწმე გახდა (სქ. 1:14, 15; 2:3, 4). ამ შეკრების დროს პეტრეს მიერ იოელის წიგნიდან ციტირებული წინასწარმეტყველება ქალებზეც შესრულდა (სქ. 2:28, 29). ეს ქალებიც უნდა გამხდარიყვნენ იესოს „მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“. მოგვიანებით პავლე მოციქული ფილიპელ ევოდიასა და სინტიქეზე წერდა, რომ ისინი მის „მხარდამხარ იბრძოდნენ სასიხარულო ცნობისთვის“; ხოლო ლუკა მოიხსენიებს პრისკილას, რომელიც ქმართან ერთად უფრო ზუსტად განმარტავდა ღვთის გზას (ფლ. 4:2, 3; სქ. 18:26).
კრების შეხვედრები. ქალებს შეეძლოთ ზოგიერთ შეხვედრაზე თავდაფარულებს ელოცათ ან ეწინასწარმეტყველებინათ (1კრ. 11:3—16; იხ. თავზე დაფარება). მაგრამ საჯარო შეხვედრებზე, როცა „მთელი კრება“, მათ შორის ურწმუნოები იკრიბებოდნენ (1კრ. 14:23—25), ქალები ჩუმად უნდა ყოფილიყვნენ. თუ რამის სწავლა უნდოდათ, თავიანთი ქმრებისთვის უნდა ეკითხათ სახლში, რადგან სამარცხვინო იყო ქალისთვის კრებაში ლაპარაკი (1კრ. 14:31—35).
მართალია, ქალს კრებაში სწავლების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მას შეეძლო კრების გარეთ ბიბლიური ჭეშმარიტებითა და იესო ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობით დაინტერესებულთათვის სწავლება (შდრ. ფს. 68:11). გარდა ამისა, ქალი კრების ახალგაზრდა ქალებისთვის (და ბავშვებისთვის) კარგის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო (ტიტ. 2:3—5). მას არ ჰქონდა კაცზე ბატონობის ან კაცთან კამათის უფლება, მაგალითად, კრების შეხვედრებზე. მას უნდა ხსომებოდა, რაც ევას დაემართა და რა უთხრა ღმერთმა ევას შეცოდების შემდეგ (1ტმ. 2:11—14; დბ. 3:16).
კაცია ზედამხედველი და მომსახურე. იქ, სადაც საუბარია ქრისტეს მიერ კრებისთვის ადამიანთა სახით მიცემულ ძღვენზე, ქალები არ არიან ნახსენები. ბერძნულ ენაში სიტყვები „მოციქული“, „წინასწარმეტყველი“, „მახარობელი“, „მწყემსი“ და „მასწავლებელი“ მამრობითი სქესისაა (ეფ. 4:8, 11). „ამერიკული თარგმანი“ ეფესოელების 4:11-ს ასე თარგმნის: „მოგვცა ზოგი მამაკაცი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მისიონერად, ზოგი — მოძღვრად და მასწავლებლად“ (შდრ. Mo; აქ; აგრეთვე ფს. 68:18).
როცა პავლე მოციქულმა ტიმოთეს აღუწერა, როგორი უნდა ყოფილიყო კრების ზედამხედველი (ბერძ. ეპისკოპე), იგივე უხუცესი (ბერძ. პრესბიტერე) და მომსახურე (ბერძ. დიაკონე), დააკონკრეტა, რომ ის უნდა ყოფილიყო მამაკაცი და თუ დაქორწინებული იყო, ერთი ცოლის ქმარი. არც ერთი მოციქული დიაკვან ქალს (ბერძ. დიაკონისსა) არ მოიხსენიებს (1ტმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9; შდრ. სქ. 20:17, 28; ფლ. 1:1).
მართალია, რომაელების 16:1-ში ფებე მსახურად (დიაკონოს, განსაზღვრული არტიკლის გარეშე) მოიხსენიება, მაგრამ აშკარაა, რომ ის არ ყოფილა კრებაში დანიშნული მომსახურე ქალი, ვინაიდან წმინდა წერილები ქალს არ ანიჭებს ამის უფლებამოსილებას. პავლე კრების წევრებს ფებესგან მითითებების მიღებას კი არ სთხოვდა, არამედ მის გულთბილად მიღებას და მის დახმარებას ყველაფერში, რაშიც საჭიროებდა (რმ. 16:2). როცა პავლემ ფებეს „მსახური“ უწოდა, როგორც ჩანს, იგულისხმა კენქრეს კრებაში მისი, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებლის როლი (შდრ. სქ. 2:17, 18).
ოჯახში. ბიბლია ქალს „შედარებით სუსტ ჭურჭელს“ უწოდებს. ქმარი ცოლს ამის გათვალისწინებით უნდა ექცეოდეს (1პტ. 3:7). ქალს მრავალი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგალითად, ბავშვების აღზრდა და საოჯახო საქმეების გაძღოლა, თუმცა ის უნდა ითვალისწინებდეს მეუღლის აზრს და მითითებებს (1ტმ. 5:14; 1პტ. 3:1, 2; იგ. 1:8; 6:20; იგ. თ. 31). ქალი ვალდებულია, დაემორჩილოს ქმარს (ეფ. 5:22—24) და შეასრულოს ცოლქმრული მოვალეობა (1კრ. 7:3—5).
ქალის მორთულობა. ბიბლია არ კრძალავს მორთვა-მოკაზმვას, თუმცა ის ქალებს მოუწოდებს, მოკრძალებულად და წესიერად შეიმკონ თავი. მოციქული პავლე ურჩევს ქალებს, რომ მოხდენილად ჩაიცვან და „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ შეიმოსონ. მათ უპირატესობა უნდა მიანიჭონ სულიერ სილამაზეს, კერძოდ, კარგ საქმეებს და „შინაგან ადამიანს, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით ... უხრწნელი სამოსლით“ და არა თმის ვარცხნილობას, სამკაულებსა და ძვირფას სამოსელს (1ტმ. 2:9, 10; 1პტ. 3:3, 4; შდრ. იგ. 11:16, 22; 31:30).
მოციქული პეტრე მორჩილ, პატიოსან, პატივისმცემელ და ღვთისმოსავ ქალებს ეუბნება: „თუკი კარგს აკეთებთ და შიშის მომგვრელს არაფერს უშინდებით, თქვენც სარას შვილები ხართ“. ისინი სარას შვილებად იმიტომ კი არ იწოდებიან, რომ მისი შთამომავლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ჰბაძავენ მას. ღმერთმა აკურთხა სარა — ის ისაკის დედა და აბრაამის მთავარი შთამომავლის, იესო ქრისტეს, წინაპარი გახდა (გლ. 3:16). ასე რომ, ქრისტიანი ცოლები, რომლებიც ურწმუნო ქმრებსაც კი ისე ეპყრობიან, როგორც სარას შვილებს შეჰფერით, ღვთისგან ჯილდოს მიიღებენ (1პტ. 3:6; დბ. 18:11, 12; 1კრ. 7:12—16).
ქალები, რომლებიც იესოს ემსახურებოდნენ. მართალია, იესოს დედამიწაზე მსახურების დროს ქალები 12 მოციქულსა და 70 მახარობელს შორის არ ყოფილან, მაგრამ მათაც დიდი პატივი ხვდათ წილად (მთ. 10:1—8; ლკ. 10:1—7). რამდენიმე ქალი იესოს თავისი ქონებით ემსახურებოდა (ლკ. 8:1—3). როცა ერთმა ქალმა იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ზეთი სცხო, იესო მას დაჰპირდა: „მთელ ქვეყნიერებაზე, სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც იტყვიან, რაც ამ ქალმა გააკეთა, მისივე გასახსენებლად“ (მთ. 26:6—13; ინ. 12:1—8). იესო ქალებს თავისი აღდგომის დღეს და მის შემდეგაც ეჩვენა (მთ. 28:1—10; ინ. 20:1—18).
გადატანითი მნიშვნელობით. ბიბლიაში ქალი ზოგჯერ კრების, ორგანიზაციის ან ქალაქის სიმბოლოდ არის წარმოდგენილი. ქრისტეს განდიდებულ კრებას ეწოდება „პატარძალი“ და „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი“ (ინ. 3:29; გმც. 21:2, 9; 19:7; შდრ. ეფ. 5:23—27; მთ. 9:15; მრ. 2:20; ლკ. 5:34, 35).
ისრაელთან დადებული კანონის შეთანხმების საფუძველზე იეჰოვამ ისრაელის კრებულს ცოლი უწოდა, თავის თავს კი — ქმარი. ერის აღორძინების შესახებ წინასწარმეტყველებებში ღმერთი ისრაელს, ზოგჯერ კი მის მთავარ ქალაქს, იერუსალიმს, ისე მიმართავს, როგორც ცოლს. ამ „ქალის“ ვაჟები და ასულები (ეს. 43:5—7) ისრაელი ერის შვილები იყვნენ (ეს. 51:17—23; 52:1, 2; 54:1, 5, 6, 11—13; 66:10—12; იერ. 3:14; 31:31, 32).
ბევრგან უცხო ერები და ქალაქები ქალის სახით ან მდედრობითი სქესით არიან წარმოდგენილი. ესენია: მოაბი (იერ. 48:41), ეგვიპტე (იერ. 46:11), ამონის რაბა (იერ. 49:2), ბაბილონი (იერ. 51:13) და „დიდი ბაბილონი“ (გმც. 17:1—6; იხ. დიდი ბაბილონი; ასული).
დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი. როცა ღმერთმა პირველ ადამიანებს, ადამსა და ევას, განაჩენი გამოუტანა, აღთქმა დადო, რომ გამოჩნდებოდა შთამომავალი, რომელსაც „ქალი“ წარმოშობდა და რომელიც თავს გაუჭეჭყავდა „გველს“ (დბ. 3:15). ეს იყო „წმინდა საიდუმლო“, რომელსაც ღმერთი დათქმულ დროს გააცხადებდა (კლ. 1:26). ის, თუ რა ვითარებაში წარმოითქვა ეს წინასწარმეტყველება, გვეხმარება ქალის ვინაობის დადგენაში. ქალის შთამომავალს თავი უნდა გაეჭეჭყა გველისთვის. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი ჩვეულებრივ ქვეწარმავალს, მიწაზე მხოხავ გველს არ მიმართავდა, ამიტომ ქალის შთამომავალი ჩვეულებრივი ადამიანი ვერ იქნებოდა. გამოცხადების 12:9-დან ვიგებთ, რომ „გველი“ სულიერი პიროვნება, სატანა ეშმაკია. შესაბამისად, წინასწარმეტყველებაში წარმოდგენილი ქალი ჩვეულებრივი ქალი, თუნდაც იესოს დედა, მარიამი ვერ იქნებოდა. ამ საკითხს ნათელს მოციქული პავლე ჰფენს გალატელების 4:21–31-ში (იხ. შთამომავალი).
ამ მონაკვეთში პავლე საუბრობს აბრაამის ცოლსა და მის ხარჭაზე, აგარზე. ის ამბობს, რომ აგარი განასახიერებს ქალაქ იერუსალიმს, კანონის შეთანხმების მონას, მისი შვილები კი განასახიერებენ ებრაელ ერს. აბრაამის ცოლი სარა განასახიერებს „ზედა იერუსალიმს“, რომელიც პავლესა და სხვა სულითცხებულების მშობელი „დედაა“. ეს ზეციერი ქალი, აგრეთვე, ქრისტეს დედაა. ქრისტე არის უფროსი თავის სულიერ ძმებს შორის, რომელთა მამაც ღმერთია (ებ. 2:11, 12; იხ. თავისუფალი ქალი).
ამ ლოგიკიდან და განხილული მუხლებიდან გამომდინარე, დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი სიმბოლურია. ვინაიდან ქრისტეს „პატარძალი“ ანუ მისი „ცოლი“ კონკრეტული ქალი კი არ არის, არამედ სულიერ ქმნილებათა ჯგუფი (გმც. 21:9), „ქალი“, იგივე ღვთის ცოლი (ვის შესახებაც ესაია და იერემია წინასწარმეტყველებენ), რომელიც ღვთის სულიერი ძეების მშობელია, მრავალი სულიერი ქმნილებისგან უნდა შედგებოდეს. ამგვარად, ის ზეციერ ორგანიზაციას განასახიერებს.
ეს „ქალი“ ხილვაში იოანემაც ნახა და გამოცხადების მე-12 თავში აღწერა. მან გააჩინა ვაჟი, „რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით“ (შდრ. ფს. 2:6—9; 110:1, 2). ეს ხილვა იოანემ იესოს დაბადებიდან და მისი მესიად ცხებიდან კარგა ხნის შემდეგ იხილა. ვინაიდან ეს ხილვა დაბადების 3:15-ში ნახსენებ ქალს ეხება, აქ აღწერილი უნდა იყოს არა იესოს დაბადება დედამიწაზე, არამედ მის მიერ მეფური ძალაუფლების მიღება. ასე რომ, ამ ხილვაში ღვთის მესიანური სამეფოს დაბადებაა აღწერილი.
მოგვიანებით იოანემ იხილა, როგორ დაუწყო სატანამ დევნა „ქალს“ და „დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან“ (გმც. 12:13, 17). ვინაიდან ქალი ზეციერია, ხოლო სატანა იმ დროს უკვე დედამიწაზე იქნებოდა გადმოგდებული (გმც. 12:7—9), ის ვერაფერს დააკლებდა იმ სულიერ ქმნილებებს, რომლებსაც „ქალი“ განასახიერებს. მას ხელი მხოლოდ ქალის შთამომავლებზე, დედამიწაზე მყოფ იესო ქრისტეს ძმებზე მიუწვდებოდა. ასე დევნიდა სატანა „ქალს“.
სხვა წინასწარმეტყველური გაგება. ღმერთმა ისრაელს უთხრა, რომ თუ ეურჩებოდნენ და მის შეთანხმებას დაარღვევდნენ, შიმშილობას მოუვლენდა: „ათი ქალი გამოგიცხობთ პურს ერთ ღუმელში და წონით მოგცემენ“. შიმშილობა იმდენად დიდი იქნებოდა, რომ ათ ქალს ერთი ღუმელიც ეყოფოდა, როცა ჩვეულებრივ თითო ქალი თითო ღუმელს იყენებდა (ლვ. 26:26).
იეჰოვამ ესაიას მეშვეობით ისრაელი მოსალოდნელი უბედურების შესახებ გააფრთხილა, რომელიც მას ორგულობისთვის ეწეოდა და დასძინა: «იმ დღეს შვიდი ქალი ხელს წაავლებს ერთ კაცს და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს მოსასხამებს მოვისხამთ, ოღონდ შენი სახელით ვიწოდებოდეთ, რომ სირცხვილი ჩამოგვშორდეს“ » (ეს. 4:1). წინა ორი მუხლიდან (ეს. 3:25, 26) ვიგებთ, რომ ისრაელი კაცები ომს შეეწირებოდნენ. იეჰოვას იმის თქმა სურდა, რომ ომიანობის შედეგად კაცების რაოდენობა იმდენად შემცირდებოდა, რომ რამდენიმე ქალი ერთ კაცს ჩაებღაუჭებოდა. ქალები ბედნიერი იქნებოდნენ, თუ კაცის ყურადღებას დაიმსახურებდნენ და მის სახელს დაირქმევდნენ. ისინი იმაზეც თანახმა იქნებოდნენ, რომ ერთი კაცი საზიაროდ ჰყოლოდათ; თუნდაც ხარჭები ყოფილიყვნენ, ოღონდაც კაცი ჰყოლოდათ გვერდით. ასე ჩამოიშორებდნენ ისინი ქვრივობით, დაუოჯახებლობითა თუ უშვილობით გამოწვეულ სირცხვილს.
იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „როდემდე უნდა უხვევდე ხან აქეთ, ხან იქით, ორგულო ასულო?! იეჰოვა რაღაც ახალს ქმნის დედამიწაზე: ქალი დასტრიალებს ვაჟკაცს“ (იერ. 31:22). იმ დროს ისრაელი, კანონის შეთანხმებით ღვთის „ცოლი“, „ხან აქეთ, ხან იქით“ უხვევდა და ღალატობდა თავის „ქმარს“. ახლა იეჰოვა მოუწოდებს „ისრაელის ქალწულს“, აღმართოს გზაზე ნიშნები და სანიშნე ბოძები, რომ შინ დაბრუნდეს და გული დაუდოს გზას, რომლითაც უნდა იაროს (იერ. 31:21). იეჰოვა მისცემდა მას თავის სულს, რათა შინ დაბრუნება მოეწადინებინა. მაშასადამე, როგორც ცოლი დასტრიალებს თავის ქმარს კარგი ურთიერთობის აღსადგენად, ისე ისრაელი შეეცდებოდა თავის „ქმართან“ იეჰოვა ღმერთთან, კარგი ურთიერთობის აღდგენას.
„ქალების სურვილი“. დანიელის წინასწარმეტყველებაში ჩრდილოეთის მეფეზე ნათქვამია: „არ მიაქცევს ყურადღებას თავისი მამების ღმერთს; არც ქალების სურვილს მიაქცევს ყურადღებას და არც სხვა ღმერთებს, ყველაზე მაღლა საკუთარ თავს დააყენებს. სიმაგრის ღმერთს კი განადიდებს თავისი ტახტიდან“ (დნ. 11:37, 38). ამ მუხლში „ქალები“, სავარაუდოდ, სუსტ ერებს განასახიერებენ. ისინი, როგორც სუსტი ჭურჭელი, „ჩრდილოეთის მეფის“ „მოსამსახურეები“ გახდებოდნენ. მათ სურთ, რომ თავიანთ ღმერთებს ემსახურონ, მაგრამ „ჩრდილოეთის მეფე“ არაფრად ჩააგდებს მათ ღმერთებს და საკუთარ, ომის ღმერთს განადიდებს.
სიმბოლური კალიები. გამოცხადების 9:1—11-ში აღწერილ ხილვაში სიმბოლურ კალიებს „თმა ქალის თმასავით ჰქონდათ“. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბიბლიური თვალსაზრისით ქალის გრძელი თმა ქმრისადმი მორჩილების ნიშანია, სიმბოლური კალიები ანუ ისინი, ვისაც ისინი განასახიერებენ, ემორჩილებიან თავიანთ „მეფეს“ ანუ მას, ვისაც ის განასახიერებს (იხ. აბადონი).
144 000, რომელთაც თავი არ წაუბილწავთ ქალებთან. გამოცხადების 14:1—4-ში ნათქვამია, რომ „დედამიწიდან ნაყიდი“ 144 000 იდგა სიონის მთაზე კრავთან ერთად. „მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან, უბიწოები არიან“. ისინი მღერიან „ახალ სიმღერას“, რომლის შესწავლაც სხვას არავის შეეძლო. აქედან გამომდინარე, 144 000-ს განსაკუთრებული, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს კრავთან. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ კრავის „პატარძალს“ (გმც. 21:9). ისინი სულიერი ქმნილებები არიან, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ კრავთან ერთად ზეციერი სიონის მთაზე დგანან. ქალებთან მათი წაუბილწველობა და უბიწოება იმას არ ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი არ ყოფილა დაქორწინებული, ვინაიდან წმინდა წერილი არ უკრძალავს ქრისტეს თანამემკვიდრეებს დედამიწაზე დაქორწინებას (1ტმ. 3:2; 4:1, 3). ეს არც იმას ნიშნავს, რომ 144 000-დან ყველა კაცია, რადგან ქრისტეს თანამემკვიდრეებს შორის „არ არსებობს ... არც კაცი და არც ქალი“ (გლ. 3:28). ის სიმბოლური ქალები, რომლებთანაც 144 000-ს თავი არ წაუბილწავს, უდავოდ, რელიგიური ორგანიზაციებია, სახელდობრ, „დიდი ბაბილონი“ და მისი „ასულები“. ფაქტია, მათთან ერთად ყოფნა და ურთიერთობა 144 000-ს გააუწმინდურებდა (გმც. 17:5). ეს სიმბოლური აღწერილობა შეესაბამება მოსეს კანონში ჩაწერილ მოთხოვნას, რომლის თანახმად ისრაელის მღვდელმთავარს ცოლად მხოლოდ ქალწული უნდა მოეყვანა. იეჰოვას დიდებული მღვდელმთავარი კი იესო ქრისტეა (ლვ. 21:10, 14; 2კრ. 11:2; ებ. 7:26).
იხ. მარიამი №1 (პატივისცემა და სიყვარული იესოს მხრიდან).