გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრებში წაკითხული? შეეცადეთ უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:
◻ რატომ შეესაბამება პავლეს სიტყვები, „ქრისტესმიერი ელჩები“ ცხებულ ქრისტიანებს? (2 კორინთელთა 5:20).
ძველ დროს ელჩები ძირითადად საომარი სიტუაციების დროს იგზავნებოდნენ, რათა გაეგოთ, შეიძლებოდა თუ არა ზავის დადება (ლუკა 14:31, 32). ცოდვილი წუთისოფელი ღვთისგან გაუცხოებულია და ამიტომ აგზავნის ღმერთი თავის ცხებულ ელჩებს, რათა ამცნონ ხალხს, რა მოთხოვნებს უყენებს ის შესარიგებლად და რათა მოუწოდონ მათ, ღმერთთან მშვიდობა ეძიონ (15.12, გვერდი 18).
◻ რომელი ოთხი ფაქტორი აძლიერებდა აბრაამის რწმენას?
1) მან იეჰოვას სიტყვების მოსმენით გამოავლინა ღვთისადმი რწმენა (ებრაელთა 11:8); 2) მისი რწმენა მტკიცედ იყო დაკავშირებული იმედთან (რომაელთა 4:18); 3) აბრაამი ხშირად ელაპარაკებოდა იეჰოვას; 4) იეჰოვა ეხმარებოდა მას, როდესაც ღვთიურ მითითებებს იცავდა. დღესაც შეგვიძლია ასევე გავიძლიეროთ რწმენა (01.01, გვერდები 17, 18).
◻ რა იგულისხმება გამოთქმაში „ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში“? (მათე 6:13).
ვევედრებით ღმერთს, რომ გავუძლოთ ამ განსაცდელს და ღვთისადმი ურჩობა არ გამოვავლინოთ. იეჰოვას შეუძლია ისე გვიხელმძღვანელოს, რომ ცდუნებას არ ავყვეთ და არ დაგვეუფლოს სატანა, ანუ ‘ბოროტი’ (1 კორინთელთა 10:13) (15.01, გვერდი 14).
◻ როგორ უნდა მოიქცეს შემცოდველი, რომ ღმერთმა მიუტევოს?
საჭიროა აღიაროს და მოინანიოს ცოდვები ღვთის წინაშე, აგრეთვე ‘გამოიღოს მონანიების ღირსი ნაყოფები’ (ლუკა 3:8). მონანიება და შეცდომის გამოსწორების სურვილი ასევე აღგვძრავს, სულიერი დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მივმართოთ (იაკობი 5:13–15) (15.01, გვერდი 19).
◻ რატომ უნდა ვცდილობდეთ, ვიყოთ თავმდაბლები?
თავმდაბალი ადამიანი მომთმენი და სულგრძელია. მას დიდი წარმოდგენა არა აქვს საკუთარ თავზე. თავმდაბლობა ნამდვილ, მოსიყვარულე მეგობრებს შეგვძენს და რაც უფრო მნიშვნელოვანია იეჰოვას კურთხევებს მოგვიტანს (იგავნი 22:4) (01.02, გვერდი 7).
◻ რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს წვრთნაზე?
იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის საშუალებით გვაძლევს რჩევებს, რომლებიც ჩვენს გამოძერწვას ემსახურება. არასოდეს უგულებელვყოთ ღვთისგან მომდინარე ასეთი რჩევები, ბრძნულად გამოვეხმაუროთ მათ და მივცეთ საშუალება, იეჰოვასთვის საპატიო ჭურჭლად გამოგვძერწონ. (იგავნი 3:11, 12; 2 ტიმოთე 2:21) (01.02, გვერდი 13).
◻ რას უნდა მიაქციონ ყურადღება მათ, რომლებიც დაქორწინებაზე ფიქრობენ?
ქორწინების დღის იქეთაც უნდა გაიხედონ; არა მარტო დაქორწინებაზე, არამედ მომავალ ცხოვრებაზეც უნდა იფიქრონ. ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას უნდა მიმართონ, რომ მოვლენები რეალურად შეაფასონ და რომანტიკულ გრძნობებს არ აჰყვნენ (15.02, გვერდი 8).
◻ რა მნიშვნელოვანი სხვაობაა იესოსა და ადამის სიკვდილს შორის?
ადამმა სიკვდილი დაიმსახურა, რადგან ნებაყოფლობით ეურჩა შემოქმედს (დაბადება 2:16, 17). მისგან განსხვავებით იესოს არ დაუმსახურებია სიკვდილი, რადგან ‘ცოდვა არ ჩაუდენია’ (1 პეტრე 2:22). ამიტომ სიკვდილისას მას ჰქონდა რაღაც ძალიან ძვირფასი, რასაც ცოდვილი ადამი არ ფლობდა. ეს იყო სრულყოფილ ადამიანად ცხოვრების უფლება. ამგვარად, იესოს სიკვდილს გამოსასყიდი ფასი ჰქონდა (15.02, გვერდები 15, 16).
◻ რას ნიშნავდა ქალაქი ეზეკიელის წინასწარმეტყველურ ხილვაში?
რადგანაც ქალაქი მდებარეობს საერო (ეს ადგილი არ იყო წმინდა) ნაკვეთის შუაში ის არ არის ზეციერი. მაშასადამე, ქალაქი მიუთითებს მიწიერ მმართველობაზე, რომელიც სარგებლობას მოიტანს ყველასთვის, ვინც დედამიწის სამართლიანი საზოგადოების წევრი გახდება (01.03, გვერდი 18).
◻ რატომ დაჰბანა იესომ თავის მოწაფეებს ფეხები პასექის დღესასწაულის დროს, ჩვ. წ. 33 წელს?
მას არ დაუწესებია ფეხების დაბანის რიტუალი. ამით ის დაეხმარა მოციქულებს, ჰქონოდათ ახალი აზროვნება — თავმდაბლობა და ძმებისთვის ყველანაირი სამსახურის გაწევის უნარი (3.1, გვერდი 30).
◻ სხვების სწავლების დროს რა არის ნიჭზე უფრო მნიშვნელოვანი?
ეს არის თვისებები და ჩვენს მიერ განვითარებული ღვთისმოსაწონი ჩვევები, რაშიც ღვთის სიტყვის შემსწავლელებს შეუძლიათ მოგვბაძონ (ლუკა 6:40; 2 პეტრე 3:11) (15.03, გვერდები 11, 12).
◻ როგორ შეუძლიათ მომხსენებლებს გაიუმჯობესონ ბიბლიის კითხვა?
ვარჯიშით. დიახ, მათ ხმამაღლა უნდა იკითხონ მანამ, სანამ გამართულად კითხვას არ შეძლებენ. თუ ბიბლიის აუდიოკასეტები ხელმისაწვდომია მათ მშობლიურ ენაზე, კარგი იქნებოდა გამოეყენებინათ და ყურადღება გაემახვილებინათ, სად სვამს მკითხველი აზრობრივ მახვილს, სად ცვლის ინტონაციას და როგორ წარმოთქვამს სახელებსა თუ უცხო სიტყვებს (15.03, გვერდი 19).
◻ რელიგიურ მოძღვრებათა უმეტესობაში რა საერთო თემაა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლესთან დაკავშირებით?
მათ უმეტესობას სჯერა, რომ ადამიანის სხეულში არის რაღაც — სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგ განაგრძობს სიცოცხლეს (01.04, გვერდი 10).
◻ რა გაგებით ‘უბრუნდება სული ღმერთს’, როდესაც ადამიანი კვდება? (ეკლესიასტე 12:7).
იმ გაგებით, რომ სული სასიცოცხლო ძალაა და მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ ადამიანისთვის მომავალში სიცოცხლის მიცემა. მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, სულის ანუ სასიცოცხლო ძალის დაბრუნებით ადამიანი გააცოცხლოს (ფსალმუნი 103:30) (01.04, გვერდი 17).