ქუჩაში ეფექტურად ქადაგებით დაინტერესებულების პოვნა
1 იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ მოეძებნათ ისინი, ვინც ღირსი იყო, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოესმინა (მათ. 10:11). მაგრამ დღეს ბევრგან სულ უფრო რთული ხდება ადამიანების სახლში ნახვა. ამიტომ, რის გაკეთება შეგვიძლია, რომ ვნახოთ ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც შინ არ დაგვხვდნენ?
2 ქუჩაში ქადაგება შეიძლება ერთ–ერთი ეფექტური საშუალება იყოს იმ ადამიანების სანახავად, რომლებიც კარდაკარ ქადაგებისას ვერ ვნახეთ. ჩვენ შეგვიძლია ვიქადაგოთ ავტობუსის გაჩერებებზე, კარგად დაცული სახლების მახლობლად, სკვერებსა და სხვა ისეთ ადგილებში, სადაც, ჩვეულებრივ, ადამიანები არიან.
3 ქუჩაში ქადაგების ხსენებაზე ზოგს შიშის გრძნობა ეუფლება. ისინი შეიძლება ვერ ბედავენ მსახურების ამ სფეროში მონაწილეობას, რადგან მორცხვები არიან ან უარყოფით გამოხმაურებას ელიან იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სამეფოს შესახებ ცნობას ეტყვიან. ასეთი წუხილი, ჩვეულებრივ, უსაფუძვლოა. ისინი, ვისაც მსახურების ამ სფეროში გამოცდილება აქვს, ამბობენ, რომ ის სულაც არ არის კარდაკარ ქადაგებაზე რთული. ფაქტობრივად, ისინი დარწმუნდნენ, რომ ადამიანთა უმრავლესობა მიეჩვია, ქუჩაში რომ აჩერებენ სხვადასხვა მიზეზით და ზოგი უფრო მეტად არის განწყობილი სასაუბროდ ან მოსასმენად, ვიდრე მაშინ, როცა კარზე ვუკაკუნებთ. ასე რომ, თუ ‘გავბედავთ’, შედეგებით სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩებით (1 თეს. 2:2).
4 როგორ შეგვიძლია უფრო ეფექტურად ვიქადაგოთ ქუჩაში? მნიშვნელოვანია კარგად მომზადება. ჟურნალები წინასწარ წაიკითხე და ამოირჩიე ერთი ან ორი აზრი, რომლებიც, შენი აზრით, დააინტერესებს ადამიანებს, რომელთაც შეხვდები. კარგი იქნება, თუ შეთავაზების ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წამი იქნება. ვინაიდან მიზანი ადამიანებთან პირადად საუბარია, შეარჩიე ისეთი ადგილი, სადაც ყოველთვის ბევრი ხალხი დადის. თუმცა გონივრულია, რომ ახლოს მეორე მაუწყებელიც იყოს, ჩვეულებრივ, მარტოდ ქადაგება უფრო უკეთესია. მაუწყებლებმა, რომლებიც ერთად დგანან, შეიძლება დრო ერთმანეთთან საუბარში გაიყვანონ და ყურადღება ვერ მიაქციონ იმ ადამიანებს, რომლებიც შესაძლოა განწყობილნი არიან სამეფოს შესახებ ცნობის მოსასმენად.
5 ერთ ადგილას დგომა და, უბრალოდ, ჟურნალების ხელში ჭერა ისე ეფექტური არ არის, როგორც ინიციატივის აღება და ადამიანებთან მისვლა. შეეცადე ვიზუალური კონტაქტი დაამყარო ადამიანებთან. საუბრის გაბმის მცდელობისას იყავი გულისხმიერი, მეგობრული და უშუალო. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მცირე მანძილის გავლაც კი მოგიწიოს იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც საუბრობ. თუ გამოხმაურება დადებითი იქნება, შესთავაზე ჟურნალები. თუ ჟურნალებს არ აიღებს, შეგიძლია ტრაქტატი შესთავაზო.
6 ჩვეულებრივ, კარგია ისეთი მოკლე შეთავაზების მომზადება, რომელიც კითხვას წამოჭრის, ან ისეთი რამის თქმა, რაც ინტერესს გამოიწვევს. თუ ინტერესი საკმარისად ვლინდება, შეეცადე გაიგო პიროვნების სახელი, მისამართი და, შესაძლოა, ტელეფონის ნომერიც კი, რათა ინტერესის გაღვივება შეძლო. შენ შეგიძლია უთხრა: „თუ უფრო მეტის გაგება გსურთ, სიამოვნებით მოგინახულებთ სახლში ან შევუთანხმდები იეჰოვას რომელიმე მოწმეს, რომ მან მოგაკითხოთ“.
7 ერთმა უხუცესმა ქუჩაში უქადაგა ქალს და გაიგო, რომ მას არასდროს ჰქონია შესაძლებლობა, მოწმეებთან თავის სახლში ელაპარაკა. მან აიღო წიგნი და დათანხმდა, რომ ჩვენი დებიდან ვინმეს მიეკითხებინა სახლში მისთვის ხელსაყრელ დროს. ნამდვილად, თუ ეფექტურად ვქადაგებთ ქუჩაში, უფრო მეტი ღირსეული ადამიანის პოვნა და მათთვის დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი (საქ. 17:17).