თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2007 წლის 25 ივნისით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2007 წლის 7 მაისით დაწყებული კვირიდან 25 ივნისით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
რჩევების განხილვა
1. როგორ შეიძლება დაძაბულობის მოხსნა ხმის გასაუმჯობესებლად? [be გვ. 185, აბზ. 1—3]. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ მსმენელზე სწორი თვალსაზრისი გვქონდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით, აუცილებლად უნდა მოისმინონ ფასდაუდებელი ჭეშმარიტება იეჰოვას განზრახვის შესახებ, მიუხედავად იმისა, ესმით ამის მნიშვნელობა თუ არა. როდესაც სამეფო დარბაზში გამოვდივართ, უნდა გვახსოვდეს, რომ მივმართავთ მეგობრებს, რომლებსაც სურთ, რომ კარგად გამოვიდეთ. გარდა ამისა, ხმის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება კისრის კუნთებისა და მხრების მოდუნება.
2. როგორ შეგვიძლია „ყველასთვის ყველაფერი“ გავხდეთ, როდესაც ვმსახურობთ? (1 კორ. 9:20—23) [be გვ. 186, აბზ. 2—4]. მაგალითად, საუბრის დაწყებამდე შეგვიძლია დავაკვირდეთ ადამიანს, რაც დაგვეხმარება მისი ინტერესების, რელიგიისა თუ ოჯახური მდგომარეობის განსაზღვრაში. კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორ მივუდგეთ ამა თუ იმ მობინადრეს, რათა ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც მისთვის ნამდვილად საინტერესო იქნება. კარგი იქნება, თუ წინასწარ გვექნება მოფიქრებული, რომელი ბიბლიური აზრები შეესაბამება ყველაზე მეტად იმ ადამიანთა მოთხოვნილებებს, ვისაც მსახურებისას შევხვდებით (1 ტიმ. 2:4).
3. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და მოვუსმინოთ სხვებს? (დაბ. 18:23—33; 1 მეფ. 22:19—22) [be გვ. 186, აბზ. 5; გვ. 187, აბზ. 1 და 4]. ჩვენ ამას შევძლებთ, თუ ადამიანებს მივცემთ აზრის გამოთქმის საშუალებას და ყურადღებით მოვუსმენთ. სათანადო შეკითხვის დასმის შემდეგ საკმარისი ხანგრძლივობის პაუზა უნდა გავაკეთოთ, რომ გვიპასუხოს. თუ ‘სწრაფები ვიქნებით მოსმენაში’, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ სხვის აზრებსა და გრძნობებს (იაკ. 1:19; რომ. 12:10).
4. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს სულიერ ზრდაში? [be გვ. 187, აბზ. 5 — გვ. 188, აბზ. 3]. მზრუნველობა აღგვძრავს, რომ ლოცვაში სხვები მოვიხსენიოთ და ყოველთვის ვიფიქროთ მათზე, რათა გავუზიაროთ ბიბლიური აზრები, რომლებიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ მოთხოვნილებებს. ბიბლიის შემსწავლელს შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ ჩვენს პუბლიკაციებში მოძებნოს აზრები, რომლებიც რთულ მდგომარეობასთან გამკლავებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ღვთის სიტყვამ და წმინდა სულმა მოქმედებისკენ აღძრას ისინი, რადგან იეჰოვას სურს, რომ ადამიანები მას ნებაყოფლობით ემსახურებოდნენ (ფსალმ. 110:3).
5. რატომ უნდა ვავლენდეთ პატივისცემას სხვებისადმი? [be გვ. 190, აბზ. 3 და ჩარჩო]. ქრისტიანს მოეთხოვება, პატივისცემით მოეპყროს ადამიანებს. ეს მეტად განაწყობს მსმენელს, მიიღოს ის ცნობა, რომელსაც ვქადაგებთ. სხვებისადმი პატივისცემის გამოვლენა დაგვეხმარება, მოვერიდოთ დაბრკოლებებს, რომლებიც ხელს შეგვიშლიდა სასიხარულო ცნობის ქადაგებაში.
დავალება №1
6. რატომ უნდა ვეცადოთ, ჩავწვდეთ შემსწავლელის გულს? [be გვ. 59, აბზ. 1]. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრება და კანონების შესრულება არ არის. ის იეჰოვასთან კარგ ურთიერთობასა და მისი გზების სიყვარულზეა დაფუძნებული (კან. 10:12, 13; ლუკ. 10:25—27).
7. რა გავლენას ახდენს შემსწავლელზე ჩვენი მაგალითი? [be გვ. 61, აბზ. 1]. ჩვენი საქციელით ვიძლევით მაგალითს, პრაქტიკულად როგორ შეიძლება იმის გამოყენება, რასაც ვასწავლით. ბავშვებს, რომლებიც თავიანთ მშობლებს ჰბაძავენ, უნდათ თვითონაც სცადონ იმის გაკეთება, რასაც მშობლები აკეთებენ. სწორედ ასეა ბიბლიის შემსწავლელის შემთხვევაშიც. როდესაც ის ‘გბაძავს შენ, ისევე როგორც შენ ჰბაძავ ქრისტეს’, ხედავს, რა კურთხევები მოაქვს იეჰოვას გზებით სიარულს (1 კორ. 11:1).
8. როგორ შეგვიძლია გავიუმჯობესოთ საუბრის ხელოვნება ოჯახში? [be გვ. 62, აბზ. 3]. საუბრის ხელოვნების გაუმჯობესებაში ერთმანეთზე ზრუნვა დაგვეხმარება (კან. 6:6, 7; იგავ. 4:1—4). აგრეთვე მნიშვნელოვანია, სალაპარაკო თემა გვქონდეს. ოჯახის წევრებს შეგვიძლია გავუზიაროთ ის აზრები, რომლებსაც ბიბლიის კითხვისა და პირადი შესწავლის დროს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ. შეგვიძლია გავიხსენოთ შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან და ასევე ვისაუბროთ სხვა გამამხნევებელ საკითხებზე.
9. გაბედულებისა და გულმოდგინების როგორ მაგალითს გვაძლევს წინასწარმეტყველი იერემია? [bsi07 გვ. 3, აბზ. 36]. იერემია უშიშრად უცხადებდა ავისმომასწავებელ ცნობას უღმრთო ადამიანებს. ის ზიზღით უარყოფდა ბოროტებთან მეგობრობას. იერემიას ესმოდა, რომ იეჰოვას ცნობა დაუყოვნებლივ უნდა გაცხადებულიყო, მთელი გულით ასრულებდა იეჰოვას საქმეს და არასდროს წყვეტდა მსახურებას. ღვთის სიტყვა მისთვის ძვლებში მოგიზგიზე ცეცხლივით იყო და აღტაცებასა და გულის სიხარულს ჰგვრიდა მას (იერ. 15:16, 17; 20:9).
10. რა ნდობაზეა საუბარი წიგნ „გოდებაში“ და რატომ არის სასარგებლო იმის ცოდნა, რომ ღმერთი მკაცრად განსჯის ბოროტებს? [bsi07 გვ. 5, აბზ. 13]. წიგნში „გოდება“ იერემიას მხრიდან იეჰოვაზე სრული მინდობა ჩანს. ამ წიგნმა ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელი მორჩილებისა და ერთგულებისკენ უნდა აღძრას. ამავე დროს ის შიშისმომგვრელ გაფრთხილებას იძლევა მათთან დაკავშირებით, ვინც პატივს არ მიაგებს უდიდეს სახელს და იმას, რაც მასში იგულისხმება. ეს წიგნი იმითაც არის სასარგებლო, რომ მასში ნაჩვენებია ღვთის მიერ გამოვლენილი სიმკაცრე მათ მიმართ, ვინც განაგრძობს მეამბოხეობას, ჯიუტობს და მოუნანიებელია.
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რაში გვარწმუნებს იერემიას 37:21-ში ჩაწერილი შემთხვევა, რომელიც იერემიას გადახდა თავს? იეჰოვა დაეხმარა იერემიას, როცა იერუსალიმი ალყაში იყო მოქცეული. იმ დროს ხალხი ‘წონითა და სიმწრით ჭამდა პურს’ და ზოგი ქალი საკუთარი შვილების ხორცსაც კი ჭამდა (ეზეკ. 4:16; გოდ. 2:20). იერემიას შემთხვევა იეჰოვას ერთგულ მსახურებს გვარწმუნებს, რომ თუნდაც ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, იეჰოვა გადაგვატანინებს ამ ბოლო დღეებს არმაგედონამდე [w97 9/15 გვ. 3, 4; w76 გვ. 501 (ინგლ.)].
12. რატომ შეიძლებოდა ეთქვა ბარუქს, რომ ‘ტკივილზე მწუხარება დამიმატა იეჰოვამ და დავიქანცეო’ და თავიდან როგორ მოიქცა ის? (იერ. 45:1—5). ბარუქის მწუხარება და დაქანცულობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო იუდეველთა გულგრილობით, რომლებიც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ გაფრთხილებებს და განდგომილები რჩებოდნენ. ამიტომ ბარუქმა ‘დიდი რამის ძებნა დაიწყო თავისთვის’; შესაძლოა, ეს ყოფილიყო მატერიალური სიმდიდრის ფლობის, უსაფრთხოებისა თუ საკუთარი თავის გამოჩენის სურვილი. იეჰოვამ სიყვარულით შეახსენა მას, რომ უბედურება კარს იყო მომდგარი, ამიტომ არ იყო იმის დრო, რომ ისეთი რამეებისკენ ესწრაფა, რაც მას სულიერად შეასუსტებდა [21 მაისი, w06 8/15 გვ. 17, 18; w97 8/15 გვ. 21].
13. როდის გაუკაცრიელდა და ‘მთლიანად გაპარტახდა’ ბაბილონი? (იერ. 50:13). ძვ. წ. 140 წლის შემდეგ ბაბილონის ტერიტორიის გარშემო ნიადაგში დაგროვდა მინერალური მარილები და ზედაპირზე წარმოიქმნა ტუტოვანი ქერქი, რამაც შეუძლებელი გახადა მიწათმოქმედება. დაახლოებით 200 წლის შემდეგ ბაბილონი ჯერ კიდევ მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა (1 პეტ. 5:13). ახ. წ. მესამე საუკუნისთვის ისტორიკოსი დიონ კასიუსი (დაახლ. ახ. წ. 150—235) წერდა, რომ ერთმა კაცმა, რომელიც ბაბილონში ჩავიდა, „ბორცვების, ქვებისა და ნანგრევების“ მეტი ვერაფერი ნახა [ct გვ. 106, 107].
14. ლოცვასთან დაკავშირებით რა პრინციპს ვხედავთ გოდების 3:8, 9, 42—45 მუხლებში? ძვ. წ. 607 წელს იეჰოვამ არ შეისმინა გამოუსწორებელი იუდეველების ლოცვები. ღმერთმა რომ ჩვენი ლოცვები შეისმინოს, ღვთის მორჩილები უნდა ვიყოთ და ნამდვილ მონანიებას უნდა ვავლენდეთ (იგავ. 28:9) [w06 9/1 გვ. 22, აბზ. 4].
15. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის პირველ თავში აღწერილი ეტლით? ამ კაშკაშა ეტლით წარმოდგენილია იეჰოვას ორგანიზაციის უხილავი ნაწილი, რომელიც ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შედგება. იეჰოვა მართავს ამ ეტლს იმ გაგებით, რომ მას თავისი განზრახვების შესასრულებლად იყენებს (ფსალმ. 103:20; ეზეკ. 1:22, 25, 26, 28). ეტლი მყისვე ასრულებს ღვთის ნებას და მაშინვე მიდის იქ, სადაც მას ღვთის სული წარმართავს (ეზეკ. 1:12, 14). [od გვ. 9; w91 3/15 გვ. 10, 11 (რუს.)].