საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr21 სექტემბერი გვ. 1-3
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2021)
  • ქვესათაურები
  • 6—12 სექტემბერი
  • 20—26 სექტემბერი
  • 4—10 ოქტომბერი
  • 11—17 ოქტომბერი
  • 18—24 ოქტომბერი
  • 25—31 ოქტომბერი
წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2021)
mwbr21 სექტემბერი გვ. 1-3

წყაროები — „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

6—12 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | კანონი 33, 34

იეჰოვასთან პოვეთ თავშესაფარი!

it „იეშურუნი“

ისრაელის საპატიო წოდება. სეპტუაგინტაში გამოყენებული სიტყვა „იეშურუნი“ ალერსობითი ხასიათისაა და ნიშნავს „საყვარელს“. ამ წოდებას ისრაელებისთვის უნდა შეეხსენებინა, რომ იეჰოვას მათთან შეთანხმება ჰქონდა დადებული, რომელიც აკისრებდა ვალდებულებას, მართლები ყოფილიყვნენ ღვთის თვალში (კნ. 33:5, 26; ეს. 44:2). კანონის 32:15-ში წოდება „იეშურუნი“ ირონიულადაა გამოყენებული, რადგან, ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ხალხს გაემართლებინა თავისი წოდება, ისინი ეურჩებოდნენ იეჰოვას და ზურგს აქცევდნენ თავიანთ შემოქმედსა და მხსნელს.

20—26 სექტემბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 3—5

იეჰოვა აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს

it „იორდანე“

იმ ნაწილში, სადაც იორდანე გალილეის ზღვიდან გამოედინებოდა, მდინარის სიღრმე 1—3 მეტრი იყო, ხოლო სიგანე — 27—30 მეტრი. თუმცა გაზაფხულზე მდინარე იორდანე ნაპირებიდან გადმოდიოდა და უფრო ღრმა და განიერი ხდებოდა (იეს. 3:15). ადიდებული მდინარის გადაკვეთა, განსაკუთრებით კი ქალაქ იერიხონის სიახლოვეს, მრავალრიცხოვანი ისრაელისთვის — კაცებისთვის, ქალებისა თუ ბავშვებისთვის — მეტად სახიფათო იქნებოდა. მდინარის ამ ნაწილში დინება ისეთი სწრაფია, რომ თანამედროვე დროშიც კი გაუტაცებია მობანავეები. მაგრამ იეჰოვამ სასწაულებრივად გააჩერა წყალი და ხალხმა მშრალად გადაკვეთა მდინარე (იეს. 3:14—17). ამ მოვლენიდან საუკუნეების შემდეგ იეჰოვამ მსგავსი სასწაული ელიას ხელითაც მოახდინა, რასაც ელისეც შეესწრო; მოგვიანებით იგივე სასწაული ელისემაც გაიმეორა (2მფ. 2:7, 8, 13, 14).

4—10 ოქტომბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 8, 9

ისწავლეთ გაბაონელების მაგალითზე

it „გაბაონი“

იესო ნავეს ძის დროს. იესო ნავეს ძის დროს გაბაონი ქანაანის შთამომავლებით, ხიველებით იყო დასახლებული. ხიველები იმ შვიდ ერს შორის იყვნენ, რომლებიც ისრაელებს უნდა გაენადგურებინათ (კნ. 7:1, 2; იეს. 9:3—7). გაბაონელებს, ისევე როგორც ქანაანისგან წარმოშობილ სხვა ერებს, „ამორეველებადაც“ მოიხსენიებდნენ (2სმ. 21:2; შდრ. დბ. 10:15—18; 15:16). სხვა ქანაანელებისგან განსხვავებით, გაბაონელები მიხვდნენ, რომ ვერც ჯარის სიძლიერე და ვერც ქალაქის სიდიდე ვერ დაიცავდა მათ ისრაელის შემოტევისგან, რადგან იეჰოვა იბრძოდა თავისი ხალხისთვის. ამიტომ მას შემდეგ, რაც ისრაელმა იერიხონი და აი აიღო, გაბაონელებმა გილგალში დაბანაკებულ იესო ნავეს ძესთან ზავის დასადებად კაცები გაგზავნეს. ეს მამაკაცები, როგორც ჩანს, ხიველებით დასახლებული სამი სხვა ქალაქის, ქეფირას, ბეეროთისა და კირიათ-იეარიმის ინტერესებსაც იცავდნენ (იეს. 9:17). გაბაონელებს გაცვეთილი სანდლები და ტანსაცმელი ეცვათ, გაცვეთილი ტომრები და დახეთქილი ტიკები ჰქონდათ, საგზლად წაღებული პური კი გამხმარი იყო და იფშვნებოდა. მათ თავი მოაჩვენეს ისრაელებს, რომ შორეული ქვეყნიდან იყვნენ და არა იმ ერებიდან, რომელთა მიწებიც ღვთის ხალხს უნდა დაეპყრო. ამ მამაკაცებმა მოიხსენიეს, რა დამართა იეჰოვამ ეგვიპტეს და ამორეველთა მეფეებს, სიხონსა და ოგს, თუმცა არ უხსენებიათ იერიხონისა და აის დაცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისრაელებს ეჭვი გაუჩნდებოდათ, როგორ გაიგეს მათ ეს ამბები „შორ ქვეყანაში“ ჯერ კიდევ წამოსვლამდე. ისრაელებმა შეუმოწმეს საგზალი და პირობა დაუდეს, რომ ცოცხლებს დატოვებდნენ (იეს. 9:3—15).

11—17 ოქტომბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 10, 11

იეჰოვა იბრძვის ისრაელისთვის

it „სეტყვა“

იეჰოვას მიერ მოვლენილი სასჯელი. იეჰოვამ თავისი სიტყვის შესასრულებლად და ძლევამოსილების საჩვენებლად არაერთხელ გამოიყენა სეტყვა (ფს. 148:1, 8; ეს. 30:30). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, პირველად იეჰოვამ სეტყვა მაშინ მოავლინა, როდესაც ეგვიპტელებს მეშვიდე სასჯელი დაატეხა. სტიქიამ გაანადგურა მცენარეულობა, დალეწა ხეები და დახოცა გარეთ დარჩენილი ხალხი თუ პირუტყვი. თუმცა გოშენის მიწა, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ, არ დასეტყვილა (გამ. 9:18—26; ფსალმ. 78:47, 48; 105:32, 33). მოგვიანებით აღთქმულ მიწაზე, როცა ისრაელებმა იესო ნავეს ძის მეთაურობით გაბაონის წინააღმდეგ გამოსულ ხუთ ამორეველ მეფეს შეუტიეს, იეჰოვამ მსხვილ-მსხვილი სეტყვის მარცვლები დაუშინა მტრებს. შედეგად, სეტყვამ უფრო მეტი იმსხვერპლა, ვიდრე ისრაელთა მახვილმა (იეს. 10:3—7, 11).

18—24 ოქტომბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 12—14

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „გებალი“

იეჰოვამ გებალელთა მიწა იმ ტერიტორიებს შორის მოიხსენია, რომლებიც ისრაელს იესო ნავეს ძის დროს უნდა დაემკვიდრებინა (იეს. 13:1—5). ზოგი კრიტიკოსის აზრით, აქ შეუსაბამობას აქვს ადგილი, რადგან ქალაქი გებალი, რომელიც ისრაელიდან შორს, ჩრდილოეთით მდებარეობდა (დანიდან ჩრდილოეთით, დაახლ. 100 კმ-ში), არასდროს დაუმორჩილებია ღვთის ერს. ზოგი ბიბლეისტის აზრით, ამ მუხლის ტექსტი ებრაულ ხელნაწერში დაზიანებულია და, როგორც ჩანს, დედანში იკითხებოდა: „ლიბანის მოსაზღვრე მიწა“ ან „გებალელთა მიწამდე“. თუმცა აღსანიშნავია ერთი გარემოებაც: იესო ნავეს ძის 13:2—7-ში მოცემულ დაპირებას იეჰოვა ისრაელებს იმ პირობით შეუსრულებდა, თუ ერთგულები დარჩებოდნენ. ასე რომ, როგორც ჩანს, ისრაელებმა გებალი თავიანთი ურჩობის გამო ვერ დაიპყრეს (შდრ. იეს. 23:12, 13).

25—31 ოქტომბერი

ღვთის სიტყვის საუნჯე | იესო ნავეს ძე 15—17

გაუფრთხილდით თქვენს მემკვიდრეობას!

it „ხებრონი“

როცა ისრაელები სამხრეთ ქანაანს უტევდნენ, ხებრონის მკვიდრნი და მათი მეფე (როგორც ჩანს, ჰოჰამის მემკვიდრე) სიცოცხლეს გამოასალმეს (იეს. 10:36, 37). მართალია, ისრაელებმა იესო ნავეს ძის მეთაურობით ქანაანელები დაიმორჩილეს, მაგრამ მაშინვე არ ჩაუყენებიათ ჯარი დაპყრობილ ქალაქებში. მაგალითად, როცა ისრაელი სხვა ტერიტორიებს იპყრობდა, ანაკიმები ხებრონში დაბრუნდნენ, რის გამოც ქალებ იეფუნეს ძეს (ან იუდას შთამომავლებს მისი ხელმძღვანელობით) ქალაქის ხელმეორედ დაპყრობა მოუწია (იეს. 11:21—23; 14:12—15; 15:13, 14; მსაჯ. 1:10). ხებრონი, რომელიც სამკვიდროდ იუდასტომელ ქალებ იეფუნეს ძეს გადაეცა, მოგვიანებით წმინდად შერაცხეს და თავშესაფარ ქალაქად აქციეს. ხებრონი მღვდლების ქალაქიც იყო. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ხებრონის ველ-მინდვრები და მიმდებარე დასახლებები ქალებ იეფუნეს ძის საკუთრებად ითვლებოდა (იეს. 14:13, 14; 20:7; 21:9—13).

it „მონური შრომა“

ბიბლიურ დროში „მონური შრომა“ (ებრ. მას) საკმაოდ ცნობილი მოვლენა იყო. დამპყრობლები, ხშირად, დამორჩილებულ ხალხებს მონურად ამუშავებდნენ (კნ. 20:11; იეს. 16:10; 17:13; ესთ. 10:1; ეს. 31:8; გდ. 1:1). დამონებულ ისრაელებს ეგვიპტეში სასტიკი ზედამხედველები დაუნიშნეს, რომლებიც მძიმედ ამუშავებდნენ და აშენებინებდნენ სამარაგო ქალაქებს — ფითომსა და რამსესს (გმ. 1:11—14). აღთქმული მიწის დამკვიდრებისას ისრაელებმა არ მოუსმინეს იეჰოვას — მათ დაინდეს ზოგი ქანაანელი და მონური სამუშაო დააკისრეს. მათთან ურთიერთობამ საბოლოოდ ერი კერპთაყვანისმცემლობამდე მიიყვანა (იეს. 16:10; მსჯ. 1:28; 2:3, 11, 12). დაპყრობილი ქანაანელების შთამომავლები — ამორეველები, ხეთელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები — მეფე სოლომონის დროსაც მონურ სამუშაოს ასრულებდნენ (1მფ. 9:20, 21).

it „ქანაანი“

მართალია, ისრაელებმა სრულად ვერ დაიპყრეს ქანაანის მიწა და ვერც ყველა მკვიდრი დაიმორჩილეს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვამ თავის ხალხს „მთელი მიწა მისცა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღუთქვა“, მან „ისინი ყოველი მხრიდან მოასვენა“ და „არცერთი დანაპირები არ გამტყუნებულა, რომელიც იეჰოვამ ისრაელს მის სასიკეთოდ მისცა, ყველაფერი შესრულდა“ (იეს. 21:43—45). ისრაელის გარშემო მცხოვრებ ხალხებს ეშინოდათ მათი და ერისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, რომ ნელ-ნელა განდევნიდა ქანაანელებს, რათა მიწა არ გაუკაცრიელებულიყო და მხეცები არ მომრავლებულიყვნენ (გმ. 23:29, 30; კნ. 7:22). მართალია, ქანაანელებს უკეთესი საომარი აღჭურვილობა ჰქონდათ, მაგალითად, ჰყავდათ ცელიანი ეტლები, მაგრამ დამარცხების შემთხვევაში ისრაელები იეჰოვას ვერ დაადანაშაულებდნენ სიტყვის გატეხვაში (იეს. 17:16—18; მსჯ. 4:13), რადგან როგორც ბიბლიიდან ვხედავთ, მათი დამარცხების მიზეზი ყოველთვის მათი ორგულობა იყო (რც. 14:44, 45; იეს. 7:1—12).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება