წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
© 2024 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
3–9 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 3
დაუმტკიცეთ იეჰოვას ნდობა
იგავების 3:5, 6 – „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“
„მთელი გულით მიენდე იეჰოვას“. იმ შემთხვევაში ვაჩვენებთ, რომ ვენდობით იეჰოვას, თუ მის ნებასთან შეთანხმებულად ვმოქმედებთ. ღმერთს ბოლომდე, მთელი გულით უნდა მივენდოთ. ბიბლიაში სიტყვა „გული“ ძირითადად მოიაზრებს შინაგან პიროვნებას, რაც, თავის მხრივ, მოიცავს ადამიანის ემოციებს, მოტივებს, აზროვნებასა და განწყობას. აქედან გამომდინარე, ღმერთზე მთელი გულით მინდობა გრძნობებზე მეტს გულისხმობს. ამ არჩევანს ვაკეთებთ იმაში სრულად დარწმუნებულნი, რომ ჩვენმა შემოქმედმა იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო (რომაელები 12:1).
„საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“. ჩვენ გვჭირდება ღმერთზე მინდობა, რადგან არასრულყოფილები ვართ. თუ მხოლოდ საკუთარ გონებას მივენდობით ან ჩვენი გულის კარნახით ვიმოქმედებთ, შეიძლება ისეთი არჩევანი გავაკეთოთ, რომელიც ერთი შეხედვით სწორი მოგვეჩვენოს, მაგრამ საბოლოოდ მან სავალალო შედეგები მოგვიტანოს (იგავები 14:12; იერემია 17:9). ღვთის სიბრძნე ადამიანურ სიბრძნეს ბევრად აღემატება (ესაია 55:8, 9). როცა ღვთიური აზრებით ვხელმძღვანელობთ, წარმატებას ვაღწევთ (ფსალმუნი 1:1–3; იგავები 2:6–9; 16:20).
იგავების 3:5, 6 – „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“
„გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე“. უნდა გავიგოთ, როგორია ღვთის თვალსაზრისი ყველა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხთან დაკავშირებით. ასე იმ შემთხვევაში მოვიქცევით, თუ ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ხელმძღვანელობას და მივყვებით ბიბლიაში ჩაწერილ მითითებებს (ფსალმუნი 25:4; 2 ტიმოთე 3:16, 17).
„ის მოგისწორებს სავალს“. ღმერთი სავალს გვისწორებს იმით, რომ გვეხმარება, მისი სამართლიანი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ (იგავები 11:5). ამგვარად, თავიდან ვირიდებთ ზედმეტ პრობლემებს და უფრო ბედნიერები ვართ (ფსალმუნი 19:7, 8; ესაია 48:17, 18).
ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ
ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ადამიანმა შეიძლება იფიქროს: „ადრეც ხომ მქონია ასეთი შემთხვევა. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე“. იქნებოდა ეს ბრძნული? იგავების 3:7 გვაფრთხილებს: „ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში“. გამოცდილება გვეხმარება, უკეთ გავითვალისწინოთ ესა თუ ის ფაქტორი, როდესაც გადაწყვეტილების მიღება გვიწევს ცხოვრებაში. მაგრამ, თუ სულიერად ვიზრდებით, გამოცდილებამ ჩვენს გონებასა და გულზეც უნდა მოახდინოს გავლენა და გვიკარნახოს, რომ იეჰოვას კურთხევის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ჩვენს წინსვლას ამა თუ იმ სიტუაციაში საკუთარ თავზე დანდობით კი არ ცხადვყოფთ, არამედ იმით, რომ დაუყოვნებლივ იეჰოვას მივმართავთ ხელმძღვანელობისთვის. აგრეთვე წინსვლის მაჩვენებელი იქნება, თუ დარწმუნებული ვიქნებით, რომ არაფერი ხდება ისე, თუ იეჰოვა არ დაუშვებს. და თუ ყოველთვის ვენდობით იეჰოვას და მასთან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ, ესეც ჩვენს წინსვლაზე მეტყველებს.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იგავები“
3:3. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ სიკეთესა და ჭეშმარიტებას, და ეს თვისებები ძვირფასი ყელსაბამივით შესამჩნევი უნდა იყოს სხვებისთვის. ისინი გულზეც უნდა ამოვიტვიფროთ ანუ გავითავისოთ.
10–16 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 4
„გულს გაუფრთხილდი“
როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
4 იგავების 4:23-ში მოხსენიებული სიტყვა „გული“ ადამიანის შინაგან პიროვნებას გულისხმობს, რაც სხვებისთვის უხილავია (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:6). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „გული“ მიუთითებს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე, ანუ იმაზე, როგორიც შინაგანად ვართ და არა მხოლოდ იმაზე, როგორიც გარეგნულად ვჩანვართ.
როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
10 გული კარგად რომ დავიცვათ, უნდა ამოვიცნოთ საშიშროება და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. იგავების 4:23-ში „გაფრთხილებად“ ნათარგმნი სიტყვა გუშაგის საქმიანობას შეგვახსენებს. მეფე სოლომონის დროს გუშაგი ქალაქის გალავანზე იდგა და საფრთხის დანახვაზე განგაშს ტეხდა. ამის წარმოდგენა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ სატანას ჩვენი აზროვნების გახრწნის უფლება.
11 ძველ დროში გუშაგები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კარიბჭის მცველებთან (2 სამ. 18:24–26). ქალაქის დასაცავად როგორც გუშაგები, ისე კარიბჭის მცველები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოახლოებულ მტერს კარიბჭე ყოველთვის დაკეტილი დახვდებოდა (ნეემ. 7:1–3). ბიბლიით განსწავლული სინდისი გუშაგის როლს ასრულებს და განგაშს ტეხს, როცა სატანა ჩვენს გულში შემოჭრას ანუ ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე ცდილობს გავლენის მოხდენას. ამიტომ არასდროს უნდა წავუყრუოთ სინდისის ხმას და მაშინვე ჩავკეტოთ გულის კარიბჭე.
როგორ გავუფრთხილდეთ გულს?
14 გულს რომ გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ცუდისთვის კი არ უნდა „ჩავკეტოთ“ ის, არამედ კარგისთვისაც უნდა „გავაღოთ“. კიდევ ერთხელ დაფიქრდით გალავნიანი ქალაქის მაგალითზე. მართალია, კარიბჭის მცველი კეტავდა კარიბჭეებს, რათა ქალაქი მტრის შემოჭრისგან დაეცვა, მაგრამ სხვა დროს საკვებითა თუ სხვა საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად აღებდა კიდეც მას. თუ მცველები კარიბჭეებს არასდროს გახსნიდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები შიმშილით დაიხოცებოდნენ. ჩვენც რეგულარულად უნდა გავაღოთ გულის კარიბჭე, რათა ღვთის აზროვნებამ ჩვენზე იმოქმედოს.
„გულს გაუფრთხილდი!“
რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სიმბოლურ გულს? ღმერთმა მეფე სოლომონი აღძრა შემდეგი სიტყვების დასაწერად: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“ (იგავები 4:23). ის, თუ რამდენად ბედნიერები ვიქნებით დღეს და მომავალში, ბევრად არის დამოკიდებული ჩვენი სიმბოლური გულის მდგომარეობაზე. ღმერთი ხედავს ჩვენს გულს (1 სამუელი 16:7). ამიტომ, გვექნება თუ არა ღვთის კეთილგანწყობა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ადამიანები ვართ შინაგანად (1 პეტრე 3:4).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
მზად ხართ, მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას?
4 იგავების 4:18-ში ნათქვამია, რომ „მართალთა ბილიკი დილის სინათლესავითაა, რომელიც შუადღის დადგომამდე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება“. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა თავის განზრახვებს თანდათანობით ჰფენს ნათელს. თუმცა ეს პრინციპი ქრისტიანის სულიერ წინსვლასაც შეგვიძლია მივუსადაგოთ. სულიერი ზრდა ერთბაშად არ ხდება. ამისთვის დროა საჭირო. როცა ვუღრმავდებით და ცხოვრებაში ვიყენებთ იმ რჩევებს, რომლებსაც ღმერთი თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს, უფრო და უფრო მეტად ვბაძავთ იესოს. ამასთანავე, ღმერთსაც უკეთესად ვეცნობით. ვნახოთ, რა თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა იესომ ამ აზრის ხაზგასასმელად.
17–23 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 5
თავი შორს დაიჭირეთ უზნეობისგან
უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია
ამ იგავში გზასაცდენილი ადამიანი აღწერილია როგორც „უცხო ქალი“ – მეძავი. მისი მაცდუნებელი სიტყვები მსხვერპლისთვის თაფლივით ტკბილი და ზეითუნის ზეთზე უფრო გასლექილია. განა უმეტეს შემთხვევაში აქედან არ იწყება უზნეო საქციელამდე მიმყვანი არშიყობა? მაგალითად, განვიხილოთ 27 წლის მიმზიდველი მდივნის, ემის, მაგალითი. ის ყვება: „ჩემი თანამშრომელი მამაკაცი დიდ ყურადღებას მაქცევს და ყოველი შესაძლებლობისას მაქებს. კარგია, როდესაც ყურადღებას გაქცევენ, მაგრამ აშკარად ვხედავ, რომ მისი ჩემდამი ინტერესი მხოლოდ სექსისკენ იხრება. არ ვაპირებ მისი მაცდური წინადადებების მიღებას“. მაცდურთა საამური სიტყვები, ჩვეულებრივ, მიმზიდველია, როდესაც ვერ ვხვდებით, სინამდვილეში რისთვის არის ისინი გამიზნული. სწორედ ამიტომ უნდა განვივითაროთ განსჯის უნარი.
უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია
უზნეობის შედეგები აბზინდასავით მწარე და ორლესული მახვილივით მჭრელია – მტანჯველი და მომაკვდინებელი. ასეთ საქციელს ხშირად საშინელი შედეგები მოსდევს: სინდისის ქენჯნა, არასასურველი ფეხმძიმობა ან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. დაფიქრდით აგრეთვე ორგულობით მეუღლისათვის მიყენებულ უდიდეს ემოციურ ტკივილზე. ღალატმა შეიძლება ისეთი ჭრილობა მიაყენოს ადამიანს, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ მოიშუშებს. დიახ, უზნეობა გულს გვტკენს.
უზნეო წუთისოფელში უმწიკვლოდ დარჩენა შესაძლებელია
რამდენადაც ეს შესაძლებელია, უზნეო ხალხისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ. მოდი ნუ დავრთავთ საკუთარ თავს იმის ნებას, რომ მათ გზას გავყვეთ გამხრწნელი მუსიკის მოსმენით, ზნეობრივად გამრყვნელი გასართობი პროგრამების ან პორნოგრაფიული მასალის გავლენის ქვეშ მოქცევით (იგავნი 6:27; 1 კორინთელთა 15:33; ეფესელთა 5:3–5). რამხელა უგუნურება იქნებოდა, მათი ყურადღება მიგვეპყრო არშიყობით ან გამომწვევი ჩაცმულობითა და გარეგნობით! (1 ტიმოთე 4:8; 1 პეტრე 3:3, 4).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
რას ამბობს ბიბლია სექსზე
1. როგორია იეჰოვას თვალსაზრისი სექსზე?
სექსი დაქორწინებულებისთვის იეჰოვასგან ბოძებული ერთგვარი ძღვენია. ღმერთს სურს, რომ სქესობრივი ურთიერთობა ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებდეს. მან მხოლოდ იმიტომ კი არ უბოძა მათ ეს ძღვენი, რომ გამრავლებულიყვნენ, არამედ იმიტომაც, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და ნაზი გრძნობები გამოეხატათ და სიამოვნება მიეღოთ. სწორედ ამიტომ ვხვდებით ბიბლიაში ასეთ სიტყვებს: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან“ (იგავები 5:18, 19). იეჰოვა მოელის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს უერთგულებს და არასდროს უღალატებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:4).
24–30 ᲛᲐᲠᲢᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 6
რას ვსწავლობთ ჭიანჭველებისგან?
იგავების 6:6–8-ში წერია: „წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“.
ჭიანჭველების ზოგიერთი სახეობა მართლაც აგროვებს საკვებს. როგორც ჩანს, სოლომონი საუბრობდა მეალოე ჭიანჭველაზე (Messor semirufus), რომელიც ისრაელში დღეს ყველაზე გავრცელებული სახეობაა.
ერთი წყაროს თანახმად „მეალოე ჭიანჭველები საკვების საძებნელად ბუდეებიდან კარგ ამინდში გამოდიან . . . [და] წელიწადის თბილ თვეებში აგროვებენ მარცვლეულსა და თესლებს“. მათ თესლი შეიძლება პირდაპირ მცენარეებიდან შეაგროვონ ან მიწაზე დაყრილი მოაგროვონ. ეს მწერები თავიანთ მიწისქვეშა ბუდეებს ყანების, ბეღლებისა და კალოების ახლომახლო აგებენ, სადაც მარცვლეული უხვადაა.
ეს ჭიანჭველები საზრდოს აგროვებენ ბუდეში გაკეთებულ ერთმანეთთან დერეფნებით დაკავშირებულ დაბალ დარბაზებში. მათი „ბეღლების“ დიამეტრი შეიძლება 12 სანტიმეტრს აღწევდეს, სიმაღლე კი – 1 სანტიმეტრს. კარგად მომარაგებული მეალოვე ჭიანჭველების კოლონიებზე ნათქვამია, რომ მათ შეუძლიათ „ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გამოვიდნენ თავიანთი ბუდიდან საკვების ან წყლის საშოვნელად“.
იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება
9 ჭიანჭველებისგან ერთ რამეს ვსწავლობთ: თუ გვინდა, რაიმეს მივაღწიოთ, გულმოდგინეები უნდა ვიყოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „წადი ჭიანჭველასთან, ზარმაცო, დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი. თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი, ზაფხულში იმზადებს საკვებს და მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავ. 6:6–8). იეჰოვაც და იესოც გამრჯენი არიან. იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17).
10 ღვთისა და ქრისტეს მსგავსად ჩვენც გვმართებს შრომისმოყვარეობა. ღვთის ორგანიზაციაში რა პასუხისმგებლობაც არ უნდა გვქონდეს, ‘ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58). ამიტომ კარგად ვიქცევით, თუ ვითვალისწინებთ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ პავლეს რჩევას: „საქმეში ნუ იზოზინებთ. სულით აენთეთ. ემსახურეთ იეჰოვას, როგორც მისმა მონებმა“ (რომ. 12:11). ჩვენ ტყუილუბრალოდ არ ვირჯებით იეჰოვასთვის, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
გაუფრთხილდი სახელს
ეს შვიდი კატეგორია, რომელთაც „იგავნი“ მოიხსენიებს, ძირითადია და, ფაქტობრივად, ყველა სახის ბოროტებას მოიცავს. „ამპარტავანი თვალები“ და „ავის მზრახველი გული“ ფიქრებში ჩადენილი ცოდვების სიმბოლოა. „ცრუ ენა“ და „ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე“ ცოდვიან სიტყვებზე მიუთითებს. „უბრალო სისხლის მღვრელი ხელები“ და „საბოროტოდ მარდი ფეხები“ ბოროტი საქმეების აღმნიშვნელია. იეჰოვასთვის განსაკუთრებით საძულველია ისეთი ადამიანი, რომელსაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს იმ ადამიანებს შორის დავის გაჩაღება, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობენ. ჩამონათვალ სიბილწეთა რიცხვის ექვსიდან შვიდამდე გაზრდა გვიჩვენებს, რომ ჩამოთვლა არ უნდა იყოს დამთავრებული, რადგან ადამიანები ყოველთვის ამრავლებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს.
31 ᲛᲐᲠᲢᲘ – 6 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 7
მოერიდეთ მაცდუნებელ სიტუაციებს
იფრთხილეთ, რომ არ ცდუნდეთ!
8 რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ ვცდუნდეთ? ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია იგავების მე-7 თავში მოხსენიებული ახალგაზრდისგან, რომელიც უზნეობის მახეში გაება. ამ თავიდან ჩანს, რომ სანამ ის უზნეო ქალს გაჰყვებოდა, არაერთი შეცდომა დაუშვა.
9 დავიწყოთ იმით, რომ ის საღამო ხანს „გაუყვა გზას [და] იმ ქალის ქუჩაზე შეუხვია“, შემდეგ კი პირდაპირ „მისი სახლისკენ გაემართა“ (წაიკითხეთ იგავების 7:8, 9). ის არც ამ ქალის დანახვაზე მიტრიალდა და წინააღმდეგობა არ გაუწია, როცა მან აკოცა. შემდეგ ამ ქალმა იმაზე დაიწყო საუბარი, თუ როგორ შესწირა სამშვიდობო მსხვერპლი. ახალგაზრდამ ამასაც მოუსმინა და, როგორც ჩანს, დაიჯერა, რომ ის ცუდი ქალი არ იყო (წაიკითხეთ იგავების 7:13, 14, 21). ამდენი შეცდომა რომ არ დაეშვა, ის ცდუნების წინაშე არ აღმოჩნდებოდა და ცოდვასაც აირიდებდა თავიდან.
თქვენ შეძლებთ სიწმინდის შენარჩუნებას
8 იგავების 5:8-ში ვკითხულობთ: „შენი გზა შორს იყოს [უზნეო ქალისგან] . . . და მისი სახლის შესასვლელს ნუ მიეკარები“. იგავების მე-7 თავში ვხედავთ, თუ რა შედეგი მოიტანა ამ რჩევის უგულებელყოფამ. ამ თავში ვკითხულობთ ერთი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც საღამოს ბინდში უზნეო ქალის სახლის შორიახლოს დაეხეტება. ქუჩის კუთხეში მას მეძავის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ეგებება. იგი მას ხელს ავლებს, კოცნის და მაცდური საუბრით ვნებას უღვიძებს, რასაც ახალგაზრდა კაცი წინააღმდეგობას ვერ უწევს. ამ ყოველივეს შედეგად უზნეო საქციელი მოჰყვება. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კაცს ცოდვის ჩადენა არ ჰქონდა განზრახული. იგი გამოუცდელი იყო და გამჭრიახობა აკლდა. მიუხედავად ამისა, ის თავისი საქციელის შედეგებს თავიდან ვერ აირიდებდა. მას რომ წინასწარ დაენახა საფრთხე, ამ ქალისგან თავს შორს დაიჭერდა (იგავ. 7:6–27).
რატომ უნდა განვივითაროთ ღვთის შიში?
10 თუმცა უზნეობას სხვა შედეგებიც სდევს თან. მაგალითად, სირცხვილისა და უღირსობის გრძნობა, არასასურველი ორსულობა და დანგრეული ოჯახი. გონივრულად მოვიქცევით, თუ გვერდს ავუვლით სულელი ქალის სახლს და არ მივუსხდებით მის სუფრას. სულიერ ზიანს რომ თავი დავანებოთ, უზნეო ცხოვრების წესის გამო ადამიანს შეიძლება სასიკვდილო დაავადებაც დაემართოს (იგავ. 7:23, 26). როგორც ზემოთაც ვთქვით, სულელი ქალის სტუმრები „სამარის სიღრმეში განისვენებენ“. თუ ბოლო ასეთი საშინელია, მაშ რატომ იღებს ბევრი ამ ქალის მოწვევას? (იგავ. 9:13–18).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
„დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ“
„მიიბი [ჩემი მცნებები] შენს თითებზე, – განაგრძობს სოლომონი. – და გულის ფიცარზე დაიწერე“ (იგავნი 7:3). როგორც ხელის თითებია კარგად შესამჩნევი ჩვენი თვალებისთვის და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი მიზნების განხორციელებაში, ბიბლიიდან მიღებული სულიერი გაკვეთილები და შემეცნებაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გამუდმებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ მათით. ჩვენ გულის ფიცარზე უნდა დავიწეროთ ეს მცნებები და ჩვენი პიროვნების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
7–13 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 8
მოუსმინეთ გაპიროვნებულ სიბრძნეს
„მამა მიყვარს“
7 „სიბრძნე“ 22-ე მუხლში ამბობს: „იეჰოვამ შემქმნა, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი. მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ“. ამ მუხლში უფრო მეტი უნდა იგულისხმებოდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიბრძნე არასოდეს ‘შექმნილა’. მას დასაწყისი ვერ ექნებოდა, რადგან იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის ბრძენი იყო (ფსალმუნი 90:2). ღვთის ძე კი, „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“, ღმერთმა შექმნა. ის იეჰოვას „საქმეთა შორის უპირველესია“ (კოლოსელები 1:15). ღვთის ძე ცისა და დედამიწის შექმნამდე არსებობდა, როგორც ეს იგავებშია აღწერილი. როგორც სიტყვა ანუ ღვთის სიტყვის უშუალო გადამცემი, იესო იეჰოვას სიბრძნეს განასახიერებს (იოანე 1:1).
„მამა მიყვარს“
8 რას აკეთებდა ღვთის ძე მთელი იმ დროის განმავლობაში, ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა? 30-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ის ღმერთს გვერდით ჰყავდა „როგორც ოსტატი“. რას ნიშნავს ეს? პასუხს კოლოსელების 1:16 იძლევა: „მისი მონაწილეობით შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე . . . ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა“. ჩვენმა შემოქმედმა იეჰოვამ თავისი ძის მეშვეობით შექმნა ყველაფერი – სულიერი ქმნილებები, უკიდეგანო სამყარო, დედამიწა, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, და შემოქმედება ადამიანის შექმნით დააგვირგვინა. მამასა და ძეს შორის თანამშრომლობა შეიძლება არქიტექტორისა და მშენებლის თანამშრომლობას შევადაროთ. მშენებელი არქიტექტორის პროექტის მიხედვით აშენებს. შემოქმედების სილამაზეც დიდებული არქიტექტორის დამსახურებაა (ფსალმუნი 19:1). თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს შემოქმედისა და „ოსტატის“ ხანგრძლივი და სასიამოვნო თანამშრომლობის შედეგია.
9 როდესაც ორი არასრულყოფილი ადამიანი ერთად მუშაობს, ზოგჯერ უჭირთ, ერთმანეთს გაუგონ. იეჰოვასა და იესოს შორის კი ასე არ ყოფილა. ღვთის ძე ათასწლეულების განმავლობაში მუშაობდა მამასთან ერთად და ‘ყოველდღე ხარობდა მის წინაშე’ (იგავები 8:30). იესოს სიამოვნებდა მამასთან ურთიერთობა. თუმცა ეს გრძნობა ცალმხრივი არ ყოფილა. იესო მამას ჰბაძავდა და ბუნებრივია, მამას დაემსგავსებოდა. ამიტომაც განვითარდა მამასა და ძეს შორის სიყვარული. ასეთ სიყვარულს სამართლიანად შეიძლება ეწოდოს ყველაზე ხანგრძლივი და ძლიერი სიყვარული.
დავაფასოთ ის, ვინც დავითზე და სოლომონზე დიდია
14 დედამიწაზე მცხოვრებთაგან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო სოლომონზე ბრძენი. ეს იესო ქრისტე იყო, რომელმაც საკუთარ თავს „სოლომონზე დიდი“ უწოდა (მათ. 12:42). ის „მარადიული სიცოცხლის სიტყვებს“ ლაპარაკობდა (იოან. 6:68). მთაზე ქადაგებისას მან განავრცო სოლომონის იგავებში ჩადებული ზოგიერთი პრინციპი. სოლომონმა ჩამოთვალა რამდენიმე ფაქტორი, რასაც ბედნიერება მოაქვს იეჰოვას თაყვანისმცემლებისთვის (იგავ. 3:13; 8:32, 33; 14:21; 16:20). იესომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნამდვილი ბედნიერება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რაც იეჰოვას თაყვანისმცემლობასა და მისი განზრახვების შესრულებას უკავშირდება. მან თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო“ (მათ. 5:3). იესოს მოძღვრებისა და პრინციპების გამოყენება ადამიანს „სიცოცხლის წყაროსთან“, იეჰოვა ღმერთთან აახლოებს (ფსალმ. 36:9; იგავ. 22:11; მათ. 5:8). ქრისტე „ღვთის სიბრძნის“ განსახიერება იყო (1 კორ. 1:24, 30). იესო ქრისტეს, როგორც ღვთის სამეფოს მეფეს, ‘სიბრძნის სული’ აქვს (ეს. 11:2).
15 როგორ უნდა ვისარგებლოთ ჩვენ, დიდი სოლომონის მიმდევრებმა, ღვთიური სიბრძნით? იეჰოვას სიბრძნე მის სიტყვაშია გადმოცემული. ამიტომ გულმოდგინედ უნდა ვიკვლიოთ ბიბლია, განსაკუთრებით იესოს სიტყვები, და გავაანალიზოთ წაკითხული (იგავ. 2:1–5). გარდა ამისა, ღმერთს სიბრძნე უნდა ვთხოვოთ. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, ის აუცილებლად შეისმენს ჩვენს სათხოვარს (იაკ. 1:5). წმინდა სულის დახმარებით ბიბლიაში მივაკვლევთ სიბრძნეს, რომელიც საჭიროა პრობლემების გადასაჭრელად და გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად (ლუკ. 11:13). სოლომონს „შემკრებიც“ ეწოდებოდა. ის ხალხს „გამუდმებით აძლევდა ცოდნას“ (ეკლ. 12:9, 10). იესო ქრისტიანული კრების თავია და ამგვარად თავისი ხალხის შემკრებიც (იოან. 10:16; კოლ. 1:18). ამიტომ, სწორად ვიქცევით, თუ ვესწრებით შეხვედრებს, სადაც ‘გამუდმებით გვეძლევა ცოდნა’.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
სიბრძნე უხმობს ხალხს – თქვენს ყურსაც მოსწვდა მისი ხმა?
▪ ბიბლია «ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, – აღნიშნულია ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“. – ის ყველა სხვა წიგნზე ხშირად ითარგმნება და ყველაზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი». ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ დაახლოებით 2 600 ენაზეა გამოცემული და ხელმისაწვდომია მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტისთვის.
▪ სიბრძნე პირდაპირი გაგებითაც „ხმამაღლა გაიძახის“. მათეს 24:14-ში ვკითხულობთ: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა [ამ ქვეყნიერების] აღსასრული“.
14–20 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 9
იყავი ბრძენი და ნუ იქნები დამცინავი
ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
4 უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტად მაშინ გვიჭირს რჩევის მიღება, როცა ვინმე პირადად გვაძლევს. შეიძლება ამ დროს გავნაწყენდეთ კიდეც. მართალია, გვესმის, რომ უშეცდომო არავინაა, მაგრამ მაინც რთული მისაღებია, როცა შეცდომაზე პირდაპირ მიგვითითებენ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:9). ამ დროს ცდუნება გვიჩნდება, რომ თავი ვიმართლოთ, ეჭვი შევიტანოთ მრჩევლის მოტივებში და რჩევის მოცემის ფორმა დავიწუნოთ. შეიძლება გავაკრიტიკოთ და ვიფიქროთ: „რა უფლება ჰქონდა, რჩევა მოეცა, როცა თვითონაც ბევრ შეცდომას უშვებს!“. საბოლოოდ შეიძლება უგულებელვყოთ კიდეც რჩევა და ყურის მაამებელ მრჩეველს დავუწყოთ ძებნა.
ყური დაუგდე ბრძენის საუბარს
12 რა დაგვეხმარება რჩევის მიღებაში? თავმდაბლობა, რადგან თავმდაბალ ადამიანს ესმის, რომ ბევრ შეცდომას უშვებს და ზოგჯერ უგუნურადაც იქცევა. როგორც აღვნიშნეთ, იობმა სწორი ხედვა დაკარგა, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა თვალსაზრისი და იეჰოვამაც აკურთხა ამისთვის. და ეს იმიტომ, რომ ის თავმდაბალი იყო. იობმა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ელიჰუსგან რჩევის მიღება არ იუკადრისა (იობ. 32:6, 7). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც გავითვალისწინოთ რჩევა, როცა ის უადგილო გვგონია, ან რჩევის მომცემი ჩვენზე ახალგაზრდაა. ერთ-ერთი კანადელი უხუცესი ამბობს: „ჩვენს თავში იმას ვერ ვხედავთ, რასაც სხვები ხედავენ. ამიტომ, თუ არავინ არაფერი გვირჩია, როგორღა უნდა გავუმჯობესდეთ?!“. განა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ სრულყოფილად ავლენს სულის ნაყოფს და არ სჭირდება მსახურების ამა თუ იმ სფეროში გაუმჯობესება?! (წაიკითხეთ ფსალმუნის 141:5).
13 რჩევის მიღმა ღვთის სიყვარული დაინახეთ. იეჰოვას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის (იგავ. 4:20–22). იგი თავის სიყვარულს მაშინ გვიმტკიცებს, როცა რჩევას თავისი სიტყვის, ბიბლიური პუბლიკაციებისა თუ მოწიფული ქრისტიანის მეშვეობით გვაძლევს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, იეჰოვა ამას ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს (ებრ. 12:9, 10).
14 ყურადღება თავად რჩევაზე გაამახვილეთ და არა იმაზე, თუ რა ფორმით მოგცეს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთლად კორექტულად ვერ მოგვცეს რჩევა. ცხადია, რჩევის მიმცემი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მისი ნათქვამი ადვილი მისაღები იყოს (გალ. 6:1). მაშინაც კი, თუ არ მოგვწონს, როგორ მოგვცეს რჩევა, აჯობებს, მის შინაარსობრივ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, რაც გვირჩიეს, იქნებ სულაც არ იყო ურიგო. რჩევის მომცემის გაკრიტიკებას აჯობებს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ წაგვადგება მისი ნათქვამის გათვალისწინება. ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ შევეცდებით, ყველა რჩევაში საჩვენოდ დავინახოთ რამე (იგავ. 15:31).
‘სიბრძნით გამრავლდება შენი დღენი’
დამცინავისგან განსხვავებით, ბრძენი მხილებაზე სხვანაირად რეაგირებს. სოლომონი ამბობს: „ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს; მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება“ (იგავნი 9:8ბ, 9ა). ბრძენმა იცის, რომ „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11). მიუხედავად იმისა, რომ რჩევა შეიძლება მტკივნეულად მივიღოთ, რატომ უნდა მივუზღათ სამაგიერო ან თავი ვიმართლოთ, თუ მისი მიღებით უფრო დავბრძენდებით?
„ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს“, – განაგრძობს ბრძენი მეფე (იგავნი 9:9ბ). არავინ არის ისეთი ბრძენი, რომ სწავლა არ სჭირდებოდეს, ან ისეთი მოხუცი, რომ სწავლა ვერ შესძლოს. რაოდენ სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ ხანდაზმულებიც კი იღებენ ჭეშმარიტებას და თავს უძღვნიან იეჰოვას! მოდი არც ჩვენ დავიშუროთ ძალ-ღონე, რათა განვაგრძოთ სწავლა და აქტიური გონება გვქონდეს.
‘სიბრძნით გამრავლდება შენი დღენი’
სიბრძნის შესაძენად ძალისხმევა ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა. სოლომონმა ამას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია: „თუ ბრძენი ხარ, შენთვის ხარ ბრძენი, თუ ღვთისმგმობელი ხარ, შენვე აგებ პასუხს“ (იგავნი 9:12). ბრძენი მიიღებს სარგებლობას სიბრძნისგან, დამცინავი კი თავად აგებს პასუხს თავის უბედურებაზე. ნამდვილად, რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. დაე ‘გვქონდეს ყური სიბრძნისაკენ მიპყრობილი’ (იგავნი 2:2).
ღვთის სიტყვის სიღრმეები
რატომ უნდა განვივითაროთ ღვთის შიში?
9 არაერთი მიზეზი გვაქვს, მოვერიდოთ სექსუალურ უზნეობას. სულელი ქალი ცდილობს, დაარწმუნოს გამოუცდელები, რომ „მოპარული წყალი ტკბილია“. ბიბლიაში ცოლ-ქმარს შორის ინტიმური ურთიერთობა გამომაცოცხლებელ წყალსაა შედარებული (იგავ. 5:15–18). სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთმა ურთიერთობამ ცოლ-ქმარს სიამოვნება მიანიჭოს. მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით „მოპარულ წყალზე“, რაშიც, სავარაუდოდ, უზნეო საქციელი იგულისხმება. როგორც ქურდი ცდილობს, სხვებისგან მალულად მოიპაროს ნივთი, ისე უზნეობის ჩამდენი ცდილობს, დაუმალოს სხვებს ასეთი საქციელი. „მოპარული წყალი“ ადამიანს იმ შემთხვევაში შეიძლება მოეჩვენოს „ტკბილი“, თუ ის ფიქრობს, რომ უზნეო საქციელის შესახებ ვერავინ გაიგებს. მაგრამ ის ძალიან მწარედ ცდება, რადგან იეჰოვა ყველაფერს ხედავს. მართლაც, რა სიტკბოზეა საუბარი, როცა ადამიანი ყველაზე ძვირფას რამეს, იეჰოვასთან ურთიერთობას კარგავს! (1 კორ. 6:9, 10).
21–27 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 10
სინამდვილეში რა ამდიდრებს ადამიანს?
‘კურთხეულია მართალი’
სამართლიანი ადამიანი სხვა მხრივადაც კურთხეულია. „ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია“ (იგავნი 10:4, 5).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფის სიტყვები, რომლებიც მომკელებს ეხება. მკის დრო ძილის დრო არ არის. ეს გულმოდგინებისა და ხანგრძლივი მუშაობის დროა. მართლაცდა, ეს გადაუდებელი რამ არის.
იესო ხორბალს კი არა, ადამიანებს გულისხმობდა, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს [იეჰოვა ღმერთს], რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:35–38). 2000 წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს 14 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო – რაც ორზე მეტჯერ აღემატება იეჰოვას მოწმეთა რიცხვს. მაშ, ვინ უარყოფს, რომ ‘ყანები გადათეთრებულან სამკალად’? (იოანე 4:35). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თავიანთ უფალს უფრო მეტ მუშას სთხოვენ, ამასობაში კი თავიანთი ლოცვების შესაბამისად მოწაფეების მომზადების საქმიანობას დიდ ძალისხმევას ანდომებენ (მათე 28:19, 20). რა უხვად აკურთხა იეჰოვამ მათი ძალისხმევა! 2000 სამსახურებრივ წელს 280 000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა. ისინიც არაფერს იშურებენ, რათა ღვთის სიტყვის მასწავლებლები გახდნენ. დაე ამ მკის დროს, ჩვენც განვიცადოთ სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობა მოწაფეების მომზადებაში სრული მონაწილეობის მიღებით.
იარე ‘მართალთა სწორ გზაზე’
სოლომონი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მართალი რომ იყო: „მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი – მათი სიღატაკე. მართლის შრომა სასიცოცხლოდ არის, ხოლო ბოროტეულთა მონახვეჭი ცოდვაა“ (იგავნი 10:15, 16).
სიმდიდრეს ისევე შეუძლია ადამიანის დაცვა ცვალებადი მდგომარეობისგან, როგორც გამაგრებულ ქალაქს – თავისი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების შენარჩუნება. სიღარიბე კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მოვლენების უცაბედი ცვლილების დროს (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ ამ ბრძენმა მეფემ ის საშიშროებაც მოიხსენია, რომელიც როგორც სიმდიდრესთან, ისე სიღარიბესთან არის დაკავშირებული. მდიდარმა კაცმა შეიძლება თავისი მთელი იმედები სიმდიდრეზე დაამყაროს; იფიქროს, რომ თავისი ძვირფასი ნივთები „მაღალი კედელივით იფარავს“ (იგავნი 18:11). ღარიბმა კაცმა კი შეიძლება სიღარიბის გამო მომავლის ყველანაირი იმედი გადაიწუროს. ამიტომ სიმდიდრე და სიღარიბე ხელის შემშლელია ღმერთთან კარგი სახელის მოპოვებაში.
იეჰოვას მიერ ადამიანების კურთხევა. „იეჰოვას კურთხევა ამდიდრებს კაცს და თან არ სდევს ტკივილი“ (იგ. 10:22). იეჰოვა აკურთხებს თავის მოწონებულთ, რაც იმაში გამოიხატება, რომ იცავს მათ, ხელს უმართავს, ხელმძღვანელობს და ზრუნავს მათ საჭიროებებზე.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
უმწიკვლოდ სიარულს სიხარული მოაქვს
18 ღვთის ხალხის სულიერი კეთილდღეობა „უფლის კურთხევაა“. ბიბლია გვარწმუნებს, რომ ღვთის კურთხევას „დარდი არ ემატება“ (იგავები 10:22). მაშ რატომ ხვდება ღვთის ბევრი ერთგული მსახური განსაცდელებსა და სირთულეებს, რაც მათ დიდ ტკივილს აყენებს? განსაცდელებსა და სირთულეებს სამი ძირითადი მიზეზი იწვევს: 1) ცოდვილი მიდრეკილებები (დაბადება 6:5; 8:21; იაკობი 1:14, 15); 2) სატანა და მისი დემონები (ეფესოელები 6:11, 12); 3) ბოროტი ქვეყნიერება (იოანე 15:19). თუმცა იეჰოვა უშვებს განსაცდელებს, უშუალოდ ის არ იწვევს მათ. სინამდვილეში, „ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის“ (იაკობი 1:17). იეჰოვას კურთხევებს თან არ სდევს ტკივილი.
28 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ – 4 ᲛᲐᲘᲡᲘ
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 11
დაუფიქრდი შენს სიტყვებს!
წრფელებს უმწიკვლობა წარუძღვება
წრფელი ადამიანების უმწიკვლობა და ცოდვილთა ბოროტება სხვა ადამიანებზეც მოქმედებს. „პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, – ამბობს ისრაელის მეფე, – მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან“ (იგავნი 11:9). ვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ცილისწამება, ჭორაობა, უწმაწური და ფუჭი საუბარი სხვებისთვის ზიანის მომტანია? მართალი ადამიანის საუბარი კი სუფთა, კარგად აწონ-დაწონილი და ტაქტიანია. ამიტომ არის, რომ უმწიკვლოთა ხსნას ბრალმდებელთა სიცრუის გამოაშკარავება მოსდევს.
წრფელებს უმწიკვლობა წარუძღვება
ქალაქის მცხოვრებნი, რომლებიც წრფელად იქცევიან, მშვიდობასა და კეთილდღეობას უწყობენ ხელს და სხვებსაც ამას ასწავლიან. ამგვარად, ქალაქი ზნეობრივად მაღლდება, ჰყვავის. ისინი კი, ვინც სხვებს ცილს სწამებენ და სხვების საზიანოდ საუბრობენ, თავიანთ თანამოქალაქეთ შფოთს, უბედურებას, დაყოფას და გაჭირვებას ატეხენ თავს. ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ისინი გავლენიანი პირები არიან. ასეთ ქალაქში უწესრიგობა, კორუფცია, ზნეობრივი და, შეიძლება, ეკონომიკური დეგრადაცია ბატონობს.
იგავნის 11:11-ში ჩაწერილი პრინციპი იეჰოვას ხალხსაც შეიძლება მიესადაგოს, რადგან მათაც აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა ქალაქის მსგავს თავიანთ კრებებში. კრებებს, რომლებზეც თავიანთი უმწიკვლობით მოარული სულიერი ადამიანები ახდენენ გავლენას, დიდება მოაქვთ იეჰოვასთვის. ამ კრებებში ბედნიერი, აქტიური და მხარში ამომდგომი ხალხია. იეჰოვა აკურთხებს ასეთ კრებებს და მათ სულიერი წარმატებები აქვთ. ის უკმაყოფილო ერთეულები, რომლებიც კრების ამა თუ იმ საქმიანობას აკრიტიკებენ, იმ „შხამიანი ფესვებივით“ არიან, რომლებმაც შეიძლება ჯანსაღებიც მოწამლონ (ებრაელთა 12:15). ასეთებს ხშირად უფრო მეტი ძალაუფლება და თავის გამოჩენა სურთ. ისინი ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს უსამართლობას, ნაციონალიზმს და სხვა მსგავს რამეს აქვს კრებაში ან რომელიმე უხუცესებს შორის ადგილი. მათმა საუბრებმა შეიძლება კრების დაყოფა გამოიწვიოს. განა არ უნდა მოვერიდოთ ასეთ ადამიანებთან საუბარს და ვეცადოთ, ვიყოთ სულიერი ადამიანები, რომლებიც კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის დასადგურებას უწყობენ ხელს?
როდის არის ლაპარაკის დრო?
12 როგორ იქცევით ხოლმე, როცა იგებთ, რომ რომელიმე და ან ძმა კონფიდენციალურ ინფორმაციას ფლობს? დავუშვათ, შეხვდით თანაქრისტიანს, რომელიც იმ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია. ხომ არ გაგიჩნდებათ ცდუნება, გამოჰკითხოთ დეტალები, თუ როგორ მიმდინარეობს იქ ჩვენი საქმიანობა? რა თქმა უნდა, ცუდი მოტივი არ გვამოძრავებს, რადგან გვიყვარს და-ძმები, გვაღელვებს მათი მდგომარეობა და ვლოცულობთ კიდეც მათთვის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა „აღვირი უნდა მოვქაჩოთ“, ანუ ზედმეტი კითხვებისგან თავი შევიკავოთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, თანაქრისტიანს კონფიდენციალური ინფორმაცია ვათქმევინოთ, ამით ნამდვილად ვერ დავუმტკიცებთ სიყვარულს ვერც მას და ვერც სხვა და-ძმებს, რომლებიც მოელიან, რომ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ არ გავრცელდება. ეჭვგარეშეა, არცერთი ჩვენგანი არ ვისურვებდით, პრობლემები დაგვემატებინა იმ თანაქრისტიანებისთვის, რომლებიც ასეთ ქვეყნებში ცხოვრობენ. მათ ადგილას არც ჩვენ გაგვიჩნდებოდა სურვილი, გამჟღავნებულიყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიკრიბებით ან როგორ ვემსახურებით იეჰოვას.
13 უხუცესებს მართებთ, გაითვალისწინონ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპი, რომელიც ჩაწერილია იგავების 11:13-ში (წაიკითხეთ). ამ პრინციპის თანახმად მოქმედება განსაკუთრებით მათ შეიძლება გაუჭირდეთ, ვინც დაქორწინებულია. ცოლ-ქმარი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ, როცა ხშირად საუბრობენ, გულისნადებს, გრძნობებსა თუ დარდს უზიარებენ ერთმანეთს. მაგრამ უხუცესს კარგად ესმის, რომ ცოლს არ უნდა გაუმჟღავნოს კრებასთან ან და-ძმებთან დაკავშირებული კონფიდენციალური საკითხები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანაქრისტიანების ნდობას დაკარგავს და საკუთარ რეპუტაციასაც საფრთხეს შეუქმნის. ისინი, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობები აქვთ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ანუ არც სიტყვა უნდა გატეხონ და არც სხვებზე იჭორაონ (1 ტიმ. 3:8). როცა უხუცესს უყვარს თავისი ცოლი, არ დაამძიმებს იმ ინფორმაციით, რომელიც მან არ უნდა იცოდეს.
ღვთის სიტყვის სიღრმეები
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს
„ᲡᲫᲚᲘᲔᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲘᲗ“
„კეთილი კაცი თავის თავს რგებს, სასტიკი კი – ვნებს“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 11:17).
წიგნში „სტრესთან გამკლავება“ ერთ-ერთი თავი ასეთი სიტყვებითაა დასათაურებული: „სძლიეთ სტრესს სიკეთით“. ამ წიგნის ავტორის, დოქტორ ტიმ კანტეფერის აზრით, კეთილი ადამიანები შედარებით ჯანმრთელები და ბედნიერები არიან, ავი და ბოროტი ადამიანები კი – უბედურები, რადგან მათთან ურთიერთობას ყველა გაურბის.
სტრესს იმ შემთხვევაში შევიმსუბუქებთ, თუ საკუთარი თავის პატივისცემას არ დავკარგავთ და ზედმეტად მომთხოვნები და კრიტიკულები არ ვიქნებით. იესო ქრისტემ მოგვიწოდა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარკოზი 12:31).