საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwbr25 სექტემბერი გვ. 1-14
  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“
  • წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2025)
  • ქვესათაურები
  • ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ 1–7
  • ღვთის სიტყვის სიღრმეები
  • ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ 8–14
  • 15–21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 22–28 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ
  • 29 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 5 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 6–12 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 13–19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 20–26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ
  • 27 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ – 2 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ
წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ (2025)
mwbr25 სექტემბერი გვ. 1-14

წყაროები – „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“

© 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania

ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ 1–7

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 29

უარი თქვით ღვთისთვის მიუღებელ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე

wp16.06 6, ჩარჩო

ხილვებში ნანახი უხილავი სულიერი სამყარო

მილიონობით ადამიანი ცრურწმენის მარწუხებშია მოქცეული. ისინი სულ იმის შიშში არიან, რომ ბოროტი სულები რაღაცას დაუშავებენ. მათ ჰგონიათ, რომ ზიანისგან თილისმები, ამულეტები და მაგიური ელექსირები დაიცავენ. თუმცა ბოროტი სულებისგან თავის დასაცავად ამ ნივთების ქონა სულაც არ არის საჭირო, რადგან ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9). შვების მომგვრელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ღმერთი სატანაზე გაცილებით ძლიერია და მზად არის, დაგვიცვას, თუ მივენდობით.

ღმერთმა რომ ბოროტი სულებისგან დაგიცვათ, პირველ რიგში, უნდა გაიგოთ, რა არის მისი ნება და შესაბამისად მოიქცეთ. მაგალითად, პირველ საუკუნეში ქალაქ ეფესოში მცხოვრებმა ქრისტიანებმა მოაგროვეს თავიანთი მაგიური წიგნები და სახალხოდ დაწვეს (საქმეები 19:19, 20). მსგავსად ამისა, თუ გსურთ, ღმერთმა დაგიცვათ, თქვენც უნდა მოიშოროთ ამულეტები, თილისმები, ავგაროზები, მაგიური წიგნები და ნებისმიერი რამ, რაც დემონიზმთანაა დაკავშირებული.

w19.04 17 ¶13

ნუ დაიჯერებთ სიცრუეს სიკვდილის შესახებ

13 თუ რომელიმე ტრადიციის ან წეს-ჩვეულების წარმოშობა გაეჭვებთ, იეჰოვას ლოცვაში სიბრძნე სთხოვეთ (წაიკითხეთ იაკობის 1:5). შემდეგ გამოიკვლიეთ, რას ამბობს ჩვენი პუბლიკაციები ამ საკითხზე. საჭიროების შემთხვევაში კი დახმარება სთხოვეთ კრების უხუცესებს. ისინი არ გეტყვიან, როგორ უნდა მოიქცეთ, თუმცა შეგახსენებენ ბიბლიურ პრინციპებს, მათ შორის ამ სტატიაში განხილულ პრინციპებსაც. ეს ხელს შეგიწყობთ, რომ გაიწაფოთ აღქმის უნარი, რაც, თავის მხრივ, კარგისა და ცუდის გარჩევაში დაგეხმარებათ (ებრ. 5:14).

w18.11 11 ¶12

„ვივლი შენი ჭეშმარიტებით“

12 არაბიბლიური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და კლასელებმა შეიძლება გვთხოვონ, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ დღესასწაულები. როგორ გავუძლოთ ზეწოლას, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იეჰოვას შეურაცხმყოფელ დღესასწაულებსა და არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში? შეგვიძლია ჩვენი პუბლიკაციებიდან ის სტატიები წავიკითხოთ, რომლებიც პოპულარული დღესასწაულების დასაბამზე საუბრობს. როცა საკუთარ თავს ბიბლიურ მიზეზებს ვახსენებთ, თუ რატომ არ აღვნიშნავთ ასეთ დღესასწაულებს, ვრწმუნდებით, რომ უფლისთვის მოსაწონი გზით დავდივართ (ეფეს. 5:10). იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობა დაგვეხმარება, რომ „ხალხის წინაშე“ არ ვიკანკალოთ (იგავ. 29:25).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „პირფერობა“ ¶2

პირფერობა

მაამებლობა, მლიქვნელობა; ცრუ, არაგულწრფელი, გადაჭარბებული ქება. პირფერობა სხვისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ემსახურება და აქედან გამომდინარე საზიანოდ მოქმედებს მასზე, ვისაც ეპირფერებიან. პირფერის მიზანია, პირფერობით მოიგოს ვისამე გული ან მატერიალური გამორჩენა ნახოს, დაავალდებულოს ვინმე ან სახელი მოიხვეჭოს. ხშირად პირფერობა ვინმეს მახეში გასაბმელად არის გამიზნული (იგ. 29:5). იგი ზემოდან მომავალ სიბრძნეს არ ახასიათებს, ქვეყნიურია, ახასიათებს ეგოიზმი, მიკერძოება და თვალთმაქცობა (იაკ. 3:17). ღვთისთვის მიუღებელია სიყალბე, სიცრუე, მლიქვნელობა, კაცთა განდიდება და პირადი გამორჩენის მიზნით სხვისი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება (2კრ. 1:12; გლ. 1:10; ეფ. 4:25; კლ. 3:9; გმც. 21:8).

ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ 8–14

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 30

„ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც გამამდიდრებ“

w18.01 24, 25 ¶10–12

როგორი სიყვარული უწყობს ხელს ნამდვილ ბედნიერებას?

10 ცხადია, ფული ყველას გვჭირდება. ის გარკვეულწილად გვიცავს კიდეც (ეკლ. 7:12). მაგრამ შესაძლებელია, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყოს, თუ მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია? სავსებით! (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 5:12). ბიბლიის ერთმა დამწერმა, იაკეს ვაჟმა აგურმა თქვა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი“. ჩვენთვის ადვილი გასაგებია, რატომ არ სურდა მას სიღატაკეში ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, არ უნდოდა, ხელი წასცდენოდა და მოეპარა რამე, რითაც ღმერთს შეურაცხყოფდა. მაგრამ, რატომ არ სურდა მას გამდიდრება? ის წერს: «რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“» (იგავ. 30:8, 9). ალბათ, თქვენ გარშემოც არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც საკუთარი სიმდიდრის იმედი აქვთ და არა ღვთისა.

11 ფულის მოყვარული ვერ ასიამოვნებს ღმერთს. იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. სანამ ამას იტყოდა, იესომ თქვა: „ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და ქურდები ტეხენ და იპარავენ. მოაგროვეთ განძი ზეცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი ჭამს და არც ქურდები ტეხენ და იპარავენ“ (მათ. 6:19, 20, 24).

12 ბევრი იეჰოვას მსახური ცდილობს, გაიმარტივოს ცხოვრება. შედეგად, მათ მსახურებისთვის მეტი დრო რჩებათ და თავსაც უფრო ბედნიერად გრძნობენ. მაგალითად, ჯეკმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, გაყიდა დიდი სახლი და აწყობილი ბიზნესი, რათა მეუღლესთან ერთად პიონერად ემსახურა. ის ამბობს: ადვილი არ იყო, შევლეოდით ჩვენს ლამაზ სახლსა და იმ მშვენიერ ადგილს, სადაც ვცხოვრობდით. წლების განმავლობაში სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული ვბრუნდებოდი, ჩემი მეუღლე კი, რომელიც პიონერად მსახურობდა, ყოველთვის ბედნიერი მხვდებოდა. ის მეუბნებოდა: „მე ყველაზე კარგი უფროსი მყავს!“ დღეს მეც პიონერად ვმსახურობ და ორივენი ერთ უფროსს, იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით.

w17.05 26 ¶15–17

„ამათზე მეტად გიყვარვარ?“

15 დღეს ბევრი მოდური ტანსაცმლის, ბოლო მოდელის ელექტრონული მოწყობილობებისა თუ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის მანიით არის შეპყრობილი. ამიტომ ქრისტიანებმა რეგულარულად უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები: ხომ არ გახდა მატერიალური ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობ უახლესი მოდელის ავტომობილებისა თუ სხვა ნივთების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ან მათზე ფიქრს, ვიდრე კრების შეხვედრებისთვის მომზადებას?! იმდენად ხომ არა ვარ დაკავებული ყოფითი საქმეებით, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას?! თუ მივხვდებით, რომ მატერიალური ნივთების სიყვარული ჩრდილავს ქრისტესადმი სიყვარულს, ყურად უნდა ვიღოთ იესოს სიტყვები: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). რატომ იყო ეს გაფრთხილება საჭირო?

16 „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, — თქვა იესომ და დასძინა: ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. ორივე „ბატონი“ განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს. ადამიანი „ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს“ (მათ. 6:24). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ „ხორცის სურვილებს“, მათ შორის მატერიალიზმს (ეფეს. 2:3).

17 ხორციელად მოაზროვნე ადამიანებს უჭირთ, რომ მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეთ, რადგან სულიერი განსჯა აქვთ დაქვეითებული (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:14). ვინაიდან დაჩლუნგებული აქვთ აღქმის უნარი, სწორისა და არასწორის გარჩევაც უძნელდებათ (ებრ. 5:11—14). შედეგად, ზოგს მატერიალური ნივთების მოხვეჭის გაუკონტროლებელი სურვილი უჩნდება, რომლის ბოლომდე დაკმაყოფილებაც შეუძლებელია (ეკლ. 5:10). საბედნიეროდ არსებობს საშუალება, რომელიც მატერიალისტური აზროვნების მომწამლავი გავლენისგან გვიცავს. ეს არის ღვთის სიტყვის, ბიბლიის რეგულარულად კითხვა (1 პეტ. 2:2). როგორც იესოს დაეხმარა ღვთის სიტყვაზე ფიქრი, რომ არ აჰყოლოდა ცდუნებას, ისე დაგვეხმარება ჩვენც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება, რომ მატერიალისტურ სურვილებს არ ავყვეთ (მათ. 4:8—10). ამგვარად დავუმტკიცებთ იესოს, რომ მატერიალურ ნივთებზე მეტად ის გვიყვარს.

w11 6/1 10 ¶4

როგორ გადავანაწილოთ შემოსავალი გონივრულად?

ფული გადაინახეთ. შეიძლება მოძველებული მეთოდია, მაგრამ ფულის გადანახვა ერთ-ერთი ყველაზე გონივრული საშუალებაა, რაც ფინანსურ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. ბევრს, ვინც ასე იქცევა, არც ვალები აქვს და არც მაღალი პროცენტის გადახდა უწევს განვადებით ნაყიდ ნივთებზე. ბიბლიაში ჭიანჭველაზე ნათქვამია, რომ „ბრძენია“, რადგან „მკის დროს აგროვებს საზრდოს“ (იგავები 6:6—8; 30:24, 25).

w24.06 13 ¶18

დარჩით იეჰოვას კარავში!

18 ჩვენთვის უდიდესი პატივია იეჰოვას კარავში სტუმრობა. ამიტომ ღირს, შევამოწმოთ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ. დაფიქრდით: ხშირად ხომ არ ვფიქრობ ფულზე და რაიმეს შეძენაზე? ხომ არ ვაგვიანებ ნასესხები ფულის დაბრუნებას მხოლოდ იმიტომ, რომ მგონია, მევალეს ისედაც ბევრი აქვს? თუ სხვებთან შედარებით მეტი ფული მაქვს, ხომ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო მათზე მაღლა ვდგავარ, და ხომ არ მიჭირს, ვიყო ხელგაშლილი? თუ რომელიმე თანაქრისტიანი შეძლებულია, მატერიალისტის იარლიყს ხომ არ ვაკრავ? ხომ არ ვცდილობ, მხოლოდ მათ დავუმეგობრდე, ვისაც მეტი ფული აქვს? თუ ყველანაირად ვეცდებით, ფულის სიყვარულის გარეშე ვიცხოვროთ, შევძლებთ იეჰოვას კარავში დარჩენას და ისიც, თავისი დაპირებისამებრ, იზრუნებს ჩვენზე (წაიკითხეთ ებრაელების 13:5).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w09 4/15 17 ¶11–13

იეჰოვას სიბრძნე ქმნილებებში ვლინდება

11 დამანი კიდევ ერთი პატარა ქმნილებაა, რომელზე დაკვირვებითაც შეიძლება რაღაცის სწავლა (წაიკითხეთ იგავების 30:26). ის დიდ კურდღელს მოგვაგონებს, მაგრამ ყურები და ფეხები მოკლე აქვს. ეს პატარა ცხოველი კლდოვან ადგილებში ბინადრობს. მახვილი მზერა და კლდის ნაპრალები მას მტაცებლებისგან თავდაცვაში ეხმარება. ეს ცხოველები ჯგუფებად ცხოვრობენ, რის წყალობითაც უფრო ადვილად იცავენ თავს და ზამთარშიც თბილად არიან.

12 რას ვსწავლობთ დამანებისგან? ეს ცხოველი არასდროს იქმნის სახიფათო სიტუაციებს. თავისი მახვილი მზერით შორიდანვე ამჩნევს მტერს და შორს არ მიდის კლდის ნაპრალებიდან, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაიმალოს. ჩვენც კარგი სულიერი ხედვა უნდა გვქონდეს, რათა ადვილად შევამჩნიოთ საფრთხე, რომელსაც შეიძლება სატანის ქვეყნიერებაში გადავეყაროთ. მოციქული პეტრე მოუწოდებდა ქრისტიანებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8). დედამიწაზე ყოფნისას იესოს არ დაუკარგავს სიფხიზლე, რისი წყალობითაც სატანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბოლომდე ერთგული დარჩა (მათ. 4:1—11). იესო კარგი მაგალითია თავისი მიმდევრებისთვის!

13 სიფხიზლეს იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ ვისარგებლებთ იმით, რასაც იეჰოვა ჩვენი სულიერი დაცვის მიზნით აკეთებს. ამაში შედის ღვთის სიტყვის შესწავლა და ქრისტიანული შეხვედრები (ლუკ. 4:4; ებრ. 10:24, 25). როგორც აღვნიშნეთ, დამანები ჯგუფებად ცხოვრობენ. თუ ჩვენც ახლოს ვიქნებით და-ძმებთან, ‘ერთმანეთის გამხნევებას’ შევძლებთ (რომ. 1:12). თუ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა იმ საშუალებას, რითაც იეჰოვა გვიცავს, ფსალმუნმომღერალი დავითივით ჩვენც ვიტყვით: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი. ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა! თავს შევაფარებ მას“ (ფსალმ. 18:2).

15–21 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 31

რას ასწავლის მშობლებს ლემუელის დედის რჩევები?

w11 2/1 19 ¶7, 8

ჩაუნერგეთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები

სწორი წარმოდგენა შეუქმენით შვილს სექსზე. შვილის გაფრთხილება აუცილებელია (1 კორინთელები 6:18; იაკობი 1:14, 15). მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიბლიაში სექსზე ძირითადად საუბარია, როგორც ღვთის ძღვენზე და არა როგორც სატანის მახეზე (იგავები 5:18, 19; ქებათა ქება 1:2). თუ მოზარდებს მხოლოდ უარყოფით მხარეებზე ელაპარაკებით, მათ დამახინჯებულ და არაბიბლიურ წარმოდგენას შეუქმნით ამ საკითხზე. ერთი ფრანგი ახალგაზრდა, სახელად კორინა, ამბობს: „ჩემი მშობლები სექსს ყოველთვის უზნეობას უკავშირებდნენ, ამიტომაც სექსზე უარყოფითი წარმოდგენა ჩამომიყალიბდა“.

დარწმუნდით, რომ თქვენს შვილებს სწორი წარმოდგენა აქვთ სექსზე. მექსიკელი ნადია ამბობს: „ჩემს მოზარდ შვილებს ყოველთვის იმას ვასწავლიდი, რომ სექსი ნორმალურია. ის იეჰოვა ღმერთმა ადამიანებს სიამოვნებისთვის უბოძა, მაგრამ ის დასაშვებია მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის. სექსი შეიძლება სიხარულის ან ტანჯვის მიზეზი გახდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიყენებთ ღვთის ამ ძღვენს“.

ijwhf სტატია 4 ¶11–13

ესაუბრეთ შვილებს ალკოჰოლის ავკარგიანობაზე

თავად წამოიწყეთ საუბარი. ბრიტანეთში მცხოვრები ერთი მამა, სახელად მარკი ამბობს: „ბავშვებისთვის ალკოჰოლთან დაკავშირებული საკითხები შეიძლება ცოტა გაუგებარი იყოს. ერთხელ ჩემს რვა წლის ბიჭს ვკითხე, რას ფიქრობდა ალკოჰოლთან დაკავშირებით, შეიძლებოდა სასმელის დალევა თუ არა. თბილი და თავისუფალი გარემო შევუქმენი ჩემს პატარას და სასიამოვნო და გულახდილი საუბარი გამოგვივიდა“.

ბავშვი უფრო კარგად აღიქვამს და დაიმახსოვრებს თქვენს ნათქვამს, თუ ერთი და იმავე საკითხზე არაერთხელ ისაუბრებთ. ასაკიდან გამომდინარე, როცა ბავშვს ესაუბრებით ალკოჰოლთან დაკავშირებით, შეეხეთ სხვა ცხოვრებისეულ საკითხებსაც, მაგალითად ელემენტარულ საგზაო წესებს და ინტიმურ საკითხებს.

თავად თქვენ უნდა აძლევდეთ კარგ მაგალითს. ბავშვი ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს. მრავალი კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შვილებზე ყველაზე დიდ გავლენას მშობლების მაგალითი ახდენს. თუ შვილი ხედავს, რომ დაღლილობის და სტრესის დროს სასმელით იქარვებთ გულის დარდს, იფიქრებს, რომ ალკოჰოლი სირთულეების დროს საუკეთესო წამალია. ასე რომ, თავად თქვენ უნდა მისცეთ შვილს კარგი მაგალითი. ზომიერად სვამთ ალკოჰოლს?

g17.6 9 ¶5

ასწავლეთ შვილებს თავმდაბლობა

წაახალისეთ გულუხვობისკენ. ასწავლეთ ბავშვს, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). მაგალითად, შეგიძლიათ ერთად ჩამოწეროთ მათი სია, ვისაც დახმარება ესაჭიროება, იქნება ეს რაიმეს ყიდვა, სადმე წაყვანა თუ რაღაცის შეკეთება. როცა მათ დასახმარებლად წახვალთ, თქვენი შვილიც თან გაიყოლეთ. დაანახვეთ ბავშვს, რაოდენ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას განიჭებთ სხვების დახმარება. პირადი მაგალითით საუკეთესოდ დაეხმარებით შვილს თავმდაბლობის სწავლაში (ბიბლიური პრინციპი: ლუკა 6:38).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w25.01 13 ¶16

ქმრებო, პატივი ეცით თქვენს ცოლებს!

16 თავი დაფასებულად აგრძნობინეთ. პატივისცემის მაჩვენებელი იქნება ისიც, თუ ქმარი შეაქებს ცოლს და ეტყვის, რატომ აფასებს მას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ქმარმა ხშირად გამოხატოს მადლიერება იმისთვის, რასაც ცოლი ოჯახისთვის აკეთებს (კოლ. 3:15). გულწრფელი შექება ცოლს თავს მშვიდად და დაფასებულად აგრძნობინებს და ქმრის სიყვარულში დაარწმუნებს (იგავ. 31:28).

22–28 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 1, 2

გადაეცით თქვენი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას

w17.01 27, 28 ¶3, 4

მიანდეთ პასუხისმგებლობები ერთგულ მამაკაცებს!

3 ბევრს გვიყვარს ჩვენი თეოკრატიული დავალებების შესრულება და გვინდა, რომ მუდმივად ვაკეთოთ ისინი. თუმცა სამწუხაროდ, ადამის დროიდან მოყოლებული „თაობა მიდის, თაობა მოდის“ (ეკლ. 1:4). ბოლო პერიოდში ასეთმა ცვლილებამ ახალი სირთულეები შეუქმნა ღვთის მსახურებს. იეჰოვას ხალხის საქმიანობა უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველი გახდა. ახალ პროექტებთან შეჭიდებისას ინერგება ახალი მეთოდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ხანში შესულთაგან ზოგისთვის რთულია ასეთი ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა (ლუკ. 5:39). ასეც რომ არ იყოს, ასაკოვნებთან შედარებით ახალგაზრდებს მეტი ძალა და ენერგია აქვთ (იგავ. 20:29). ამიტომ ხანში შესული ძმები პრაქტიკულად იქცევიან და სიყვარულს ავლენენ, როცა ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად ამზადებენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:18).

4 პასუხისმგებელი ძმებისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს თავიანთი საქმის ახალგაზრდებისთვის გადაბარება. ზოგს ეშინია იმის დაკარგვის, რაც მისთვის ძვირფასია, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები მათსავით კარგად ვერ შეასრულებენ საქმეს, ამიტომ უნდათ ყველაფერი თვითონ აკონტროლონ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვინმეს მოსამზადებლად დრო არა აქვს. თავის მხრივ, ახალგაზრდებმა მოთმინება არ უნდა დაკარგონ, როცა მეტ პასუხისმგებლობას არ ანდობენ.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ეკლესიასტე“ ¶2

ეკლესიასტე

ებრაული სახელწოდება კოჰელეთ (ნიშნავს შემკრებს; კრებულის მომწვევს) ზუსტად აღწერს მეფის როლს ისრაელის თეოკრატიულ მმართველობაში (ეკ. 1:1, 12). მმართველს ევალებოდა, რომ ღვთის მიძღვნილ ხალხს ერთგულად და გაერთიანებულად ემსახურა თავიანთი ნამდვილი მეფისა და ღვთისთვის (1მფ. 8:1—5, 41—43, 66). აქედან გამომდინარე, მეფის ავკარგიანობა დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, რამდენად შეეცდებოდა ის, რომ ხალხი იეჰოვას თაყვანისმცემელი დარჩენილიყო (2მფ. 16:1—4; 18:1—6). შემკრებმა სოლომონმა ამ წიგნის დაწერამდე უკვე ბევრი გააკეთა, რომ ისრაელი და ხიზნები ტაძარში შეკრებილიყვნენ. ამ წიგნის მეშვეობით ის მოუწოდებდა ღვთის ხალხს, ქვეყნიერების ამაო და უნაყოფო საქმეების ნაცვლად ეკეთებინათ ღვთისადმი მიძღვნილი ერისთვის შესაფერისი საქმეები. ქართულ ბიბლიებში წიგნის სახელწოდება „ეკლესიასტე“ სეპტუაგინტიდან შემოვიდა, სადაც ებრაული სიტყვა კოჰელეთ ითარგმნა როგორც ეკკლესიასტეს, რაც ეკლესიის [კრებულის, კრების] წევრს ნიშნავს.

29 ᲡᲔᲥᲢᲔᲛᲑᲔᲠᲘ – 5 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 3, 4

განამტკიცეთ „სამმაგი ძაფი“

ijwhf სტატია 10 ¶2–8

როგორ მივუჩინოთ თავისი ადგილი ელექტრონულ მოწყობილობებს?

● ელექტრონული მოწყობილობების გონივრულად გამოყენებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ქორწინებაზე. მაგალითად, ზოგი წყვილი დღის განმავლობაში ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით უკავშირდება ერთმანეთს.

«ისეთი მოკლე მესიჯიც კი, როგორიცაა მაგალითად, „მიყვარხარ“ ან „შენზე ვფიქრობ“, შეიძლება ბევრს ნიშნავდეს» (იონათანი).

● ელექტრონული მოწყობილობების არაგონივრულად გამოყენებამ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ქორწინებას. მაგალითად, ზოგი იმდენად ხშირად იყენებს ელექტრონულ მოწყობილობებს, რომ მეუღლისთვის დრო აღარ რჩება და მას სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევს.

„დარწმუნებული ვარ, ყოფილა შემთხვევები, როცა ჩემს ქმარს საუბარი სურდა, მაგრამ მე ტელეფონში ვიყავი ჩარგული“ (ჯულისა).

● ზოგი ამბობს, რომ შეუძლია მეუღლესთან სხვადასხვა საკითხზე იმსჯელოს და თან ელექტრონული მოწყობილობაც გამოიყენოს. თუმცა, როგორც სოციოლოგი შერი ტერკლი ამბობს, ეს სინამდვილეში ეგრეთ წოდებული „მულტიტასკინგის ილუზიაა“. ცხადია, რომ „მულტიტასკინგი“ ანუ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება, სულაც არ არის შედეგის მომტანი. სოციოლოგი განმარტავს, რომ, „რაც უფრო მეტ საქმეს აკეთებს ადამიანი ერთდროულად, მით უფრო მცირდება საქმის ხარისხი“.

„ძალიან მსიამოვნებს მეუღლესთან საუბარი, თუმცა არა მაშინ, როცა პარალელურად სხვა საქმით არის დაკავებული. ასეთ დროს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვერც კი მამჩნევს“ (სარა).

გახსოვდეს: ელექტრონულ მოწყობილობებს შეუძლია ხელი შეუწყოს ოჯახის ბედნიერებას ან პირიქით, ხელი შეუშალოს მას.

w23.05 23, 24 ¶12–14

ნუ ჩააქრობთ „იაჰის ალს“

12 როგორ შეუძლიათ დაქორწინებულებს, მიჰბაძონ აკვილასა და პრისკილას? დაფიქრდით, ხომ არ შეგიძლიათ ზოგიერთი საქმე, რომელსაც ცალ-ცალკე აკეთებთ ხოლმე, ერთად გააკეთოთ? აკვილა და პრისკილა ერთად ქადაგებდნენ. თქვენც რეგულარულად დაგეგმეთ ერთად ქადაგება. ისინი ერთადაც მუშაობდნენ. შესაძლოა თქვენ ეს არ გამოგივიდეთ, მაგრამ სახლის საქმეები ხომ არ შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ? (ეკლ. 4:9). საქმის ერთად კეთება საუბრის შესაძლებლობასაც მოგცემთ და უფრო მეტადაც იგრძნობთ, რომ ერთი გუნდი ხართ. აი რას ამბობს ერთი ძმა რობერტი, რომელიც 50 წელზე მეტია, დაქორწინებულია: „გულწრფელად რომ გითხრათ, ერთად დასვენებისთვის ბევრი დრო არ გვრჩება. თუმცა ვცდილობთ, სხვადასხვა საქმე ერთად ვაკეთოთ ხოლმე. მაგალითად, როცა ჭურჭელს ვრეცხავ, ჩემი მეუღლე ამშრალებს, როცა ბაღში ვფუსფუსებ, ისიც შემომიერთდება ხოლმე. ეს ძალიან მაბედნიერებს. სხვადასხვა რამის ერთად კეთება გვაახლოებს და ერთმანეთს უფრო მეტად გვაყვარებს“.

13 ფაქტია, უბრალოდ ერთად ყოფნა ერთმანეთთან ვერ დაგაახლოებთ. ბრაზილიაში მცხოვრები ერთი დაქორწინებული და აღნიშნავს: „ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ შეიძლება ბევრმა რამემ მოგვაცდინოს. ადვილია, თავი მოვიტყუოთ და ვიფიქროთ, რომ რახან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, ესე იგი, დროსაც ერთად ვატარებთ. მივხვდი, რომ მხოლოდ ერთად ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს. აუცილებელია, მეუღლეს სათანადო ყურადღება დავუთმო“. სწორედ ასე იქცევა ერთი ცოლ-ქმარი, ბრუნო და ტაისი. ბრუნო ამბობს: „როცა ერთად ვისვენებთ, ტელეფონებს გვერდზე ვდებთ და მთელ ყურადღებას ერთმანეთს ვუთმობთ“.

14 ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ცოლ-ქმარს ერთად დროის გატარება არ სიამოვნებს. შეიძლება მათ სხვადასხვა საქმის კეთება მოსწონთ ან, თუ ერთად არიან, მათი საუბარი კამათით მთავრდება. არსებობს გამოსავალი? როცა კოცონის დანთება გვინდა, ჯერ პატარა ცეცხლს ვანთებთ, შემდეგ კი ნელ-ნელა შეშის დიდ ნაჭრებს შევუკეთებთ ხოლმე, რომ ცეცხლი უფრო აბრიალდეს. თქვენც შეგიძლიათ მსგავსად მოიქცეთ, „იაჰის ალი“ ისევ რომ ააბრიალოთ. მაგალითად, თავიდან დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა დრო გაატარეთ ერთად და ისეთი რამ გააკეთეთ, რაც ორივეს მოგწონთ და არა ისეთი, რაც უთანხმოების მიზეზი გახდება (იაკ. 3:18).

w23.05 21 ¶3

ნუ ჩააქრობთ „იაჰის ალს“

3 „იაჰის ალმა“ გამუდმებით რომ იგიზგიზოს, ცოლმაც და ქმარმაც უნდა განიმტკიცონ იეჰოვასთან ურთიერთობა. რატომ ვამბობთ ამას? როცა ორივესთვის იეჰოვა ახლო მეგობარია, ისინი ცდილობენ, ყოველთვის გაითვალისწინონ მისი რჩევები. თავის მხრივ, მათ ეს ეხმარება, თავიდან აირიდონ ან გადალახონ ის პრობლემები, რომლებიც მათ შორის სიყვარულს გაანელებდა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 4:12). სულიერი ადამიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იეჰოვას და ისეთი თვისებები გამოავლინონ, როგორებიცაა სიკეთე, მოთმინება და მიმტევებლობა (ეფეს. 4:32—5:1). ოჯახში ასეთი თვისებების გამოვლენა კარგ ნიადაგს ქმნის, რომ „სიყვარულის ალი“ უფრო და უფრო აგიზგიზდეს. ერთი და ლენა, რომელიც უკვე 25 წელზე მეტია, დაქორწინებულია, აღნიშნავს: „როცა გვერდით სულიერად მოწიფული ადამიანი გყავს, არ გიჭირს მას სიყვარულით და პატივისცემით მოექცე“.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „სიყვარული“ ¶46

სიყვარული

„სიყვარულის დრო“. სიყვარულს არ იმსახურებენ ისინი, ვისაც იეჰოვა უღირსად თვლის, რადგან ბოროტი გზა აქვთ არჩეული და თავიანთი საქმეებით ცხადყოფენ, რომ სძულთ ღმერთი. ამ შემთხვევაში სიყვარულის გამოვლენა უადგილოა. იეჰოვასაც და იესო ქრისტესაც უყვართ სიმართლე და სძულთ ბოროტება (ფს. 45:7; ებ. 1:9). ღვთის მოძულეთა მიმართ სიყვარულის გამოვლენას აზრი არა აქვს, რადგან ასეთები ღვთის სიყვარულს მაინც ვერ დაინახავენ (ფს. 139:21, 22; ეს. 26:10). ღმერთსაც სძულს ისინი და დროც კი დაადგინა, როცა მათ წინააღმდეგ ზომებს მიიღებს (ფს. 21:8, 9; ეკ. 3:1, 8).

6–12 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 5, 6

როგორ გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა ჩვენი დიდებული ღმერთისადმი

w08 8/15 15, 16 ¶17, 18

პატივი მიაგეთ იეჰოვას ღირსეული საქციელით

17 ბიბლია ხაზს უსვამს იმას, რომ განსაკუთრებით ღირსეულად მაშინ უნდა მოვიქცეთ, როდესაც თაყვანს ვცემთ იეჰოვას. „დაუკვირდი შენს ნაბიჯებს, როცა ჭეშმარიტი ღვთის სახლში მიდიხარ“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 5:1-ში. მოსე და იესო ნავეს ძე დაემორჩილნენ ზეციდან მიღებულ ბრძანებას და გაიხადეს სანდლები, როდესაც წმინდა ადგილზე იდგნენ (გამ. 3:5; იესო. 5:15). მათ ეს მოწიწებისა და ღრმა პატივისცემის ნიშნად გააკეთეს. ისრაელი მღვდლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ „შიშველი სხეულის დასაფარავად“ სელის ქვედა საცვლები ჩაეცვათ (გამ. 28:42, 43). ეს იმისთვის მოითხოვებოდა, რომ არ გამოსჩენოდათ სასირცხო ადგილები სამსხვერპლოსთან მსახურების შესრულებისას. მღვდლის ოჯახის თითოეულ წევრსაც მოეთხოვებოდა, რომ ღირსეულად მოქცეულიყო.

18 როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლები, ღირსეულად უნდა ვიქცეოდეთ. თუ სხვებს ღირსეულად მოვექცევით, ისინიც ღირსეულად მოგვექცევიან. თუმცა ეს მხოლოდ სხვების დასანახად არ უნდა გავაკეთოთ. მთავარი ის კი არ არის, რასაც ადამიანი ხედავს, არამედ გული, რომელსაც მხოლოდ ღმერთი ხედავს (1 სამ. 16:7; იგავ. 21:2). ამიტომ ღირსება ჩვენი ბუნების განუყოფელ ნაწილად უნდა იქცეს. ადამიანის ღირსება უნდა ჩანდეს მის საქციელში, საუბრებში, ჩაცმულობაში, ვარცხნილობაში, სხვებთან ურთიერთობაში და იმაშიც კი, თუ როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას, არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ“ (2 კორ. 6:3, 4). ‘ჩვენი მხსნელის, ღვთის სწავლება ყველაფერში უნდა შევამკოთ’ (ტიტ. 2:10).

w09 11/15 11 ¶21

ბიბლიის შესწავლა ჩვენს ლოცვებს შინაარსიანს ხდის

21 იესო ყოველთვის მოკრძალებით და რწმენით ლოცულობდა. მაგალითად, სანამ ლაზარეს აღადგენდა, «იესომ თვალები ცისკენ აღაპყრო და თქვა: „მამა, გმადლობ, რომ მისმინე. ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ“» (იოან. 11:41, 42). შენს ლოცვებშიც ჩანს ასეთი მოკრძალება და რწმენა? თუ კარგად დაუკვირდები იესოს ლოცვის ნიმუშს, დაინახავ, რომ მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იეჰოვას სახელის განწმენდაზე, მისი სამეფოს მოსვლასა და მისი ნების შესრულებაზე (მათ. 6:9, 10). დაფიქრდი: ჩანს შენი ლოცვებიდან, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის იეჰოვას სამეფო, მისი ნების შესრულება და იეჰოვას წმინდა სახელის განწმენდაა? გახსოვდეს, რომ ეს ასე უნდა იყოს.

w17.04 6 ¶12

„შეასრულე აღთქმული“

12 თუმცა ნათლობით ყველაფერი არ დამთავრებულა. მას შემდეგ კვლავაც გვსურს, რომ მიძღვნის თანახმად ერთგულად ვემსახუროთ ღმერთს. ამიტომ კარგი იქნება, დავუსვათ საკუთარ თავს კითხვები: რა სულიერ მიზნებს მივაღწიე ნათლობის შემდეგ? ვაგრძელებ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებას? (კოლ. 3:23). ვლოცულობ? ვკითხულობ ღვთის სიტყვას? ვესწრები კრების შეხვედრებს? მაქსიმალურად ვცდილობ სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მიღებას? ხომ არ მოვიკოჭლებ ამ საკითხებიდან რომელიმეში? პეტრე მოციქულის სიტყვების თანახმად, თუ რწმენას დავურთავთ ცოდნას, მოთმინებასა და ღვთისადმი ერთგულებას, მსახურებაში არ მოვსუსტდებით და უმოქმედონი არ გავხდებით (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:5—8).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w20.09 31 ¶3–5

მკითხველთა შეკითხვები

ეკლესიასტეს 5:8 საუბრობს მმართველზე, რომელიც ჩაგრავს და სამართალს უმრუდებს ღარიბებს. მაგრამ ამ მმართველს უნდა ახსოვდეს, რომ მას შეიძლება აკვირდებოდეს მასზე მაღლა მდგომი, რომელიც მეტ ძალაუფლებას ფლობს. თუმცა შეიძლება იყვნენ კიდევ უფრო მაღლა მდგომნიც. სამწუხაროდ, ძალაუფლების ყველა საფეხურზე შეიძლება იყვნენ უსამართლო ადამიანები, რის გამოც უბრალო ხალხი ადვილად იჩაგრება.

თუმცა რაოდენ უიმედოც არ უნდა ჩანდეს მდგომარეობა, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყველაზე ძლევამოსილ მიწიერ მმართველებსაც აკვირდება. ასე რომ, შეგვიძლია დახმარებისთვის მას მივმართოთ და ჩვენი ტვირთი მივანდოთ (ფსალმ. 55:22; ფილ. 4:6, 7). ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ (2 მატ. 16:9).

მაშასადამე, ეკლესიასტეს 5:8 წარმოდგენას გვიქმნის, რა სისტემით ფუნქციონირებენ ადამიანური მთავრობები — ყველას ჰყავს მასზე მაღლა მდგომი. მაგრამ ამ მუხლში ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ არსებობს უმაღლესი ხელისუფალი, იეჰოვა ღმერთი. დღეს მისი მმართველობა წარმოდგენილია სამეფოთი, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. ყოვლისშემძლე ღმერთი, რომელიც ყველაფერს აკვირდება, სრულყოფილად ავლენს სამართლიანობას; იმავეს თქმა შეიძლება მის ძეზეც.

13–19 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 7, 8

„ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია“

it „გლოვა“ ¶10

გლოვა

გლოვის დრო. ეკლესიასტეს 3:1, 4-ში ნათქვამია, რომ არის „ტირილის დრო და სიცილის დრო; მოთქმის დრო და ცეკვა-თამაშის დრო“. ვინაიდან ყველა ადამიანი მოკვდავია, ბიბლიის თანახმად, ბრძენთა გული „გლოვის სახლშია“ და არა მხიარულების სახლში (ეკ. 7:2, 4; შდრ. იგ. 14:13). ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავს ასიამოვნოს, ბრძენი ადამიანი ხელიდან არ უშვებს თანაგრძნობისა და ნუგეშისცემის გამოვლენის შესაძლებლობას. შედეგად, მას არ ავიწყდება, რომ თვითონაც მოკვდავია, რაც შემოქმედის მიმართ სწორი დამოკიდებულების შენარჩუნებაში ეხმარება.

w19.06 23 ¶15

მხარში ამოუდექით სხვებს მძიმე წუთებში

15 უილიამი, რომელსაც ცოლი რამდენიმე წლის წინ დაეღუპა, ამბობს: „მსიამოვნებს, როცა სხვები ჩემს მეუღლეს იხსენებენ. ვრწმუნდები, რომ ის სხვებსაც უყვარდათ და პატივს სცემდნენ. ასეთი მხარდაჭერა უდიდესი დახმარებაა ჩემთვის. მათი სიტყვები მანუგეშებს, რადგან ძალიან მიყვარდა ჩემი ცოლი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო“. ბიანკა, რომელიც აგრეთვე ქვრივია, გვიხსნის: „ნუგეშს ვგრძნობ, როცა სხვები ჩემთან ერთად ლოცულობენ და ბიბლიურ მუხლებს მიკითხავენ. თავს უკეთ ვგრძნობ, როცა ჩემს ქმარზე მელაპარაკებიან ან ყურადღებით მისმენენ, როცა მე ვიხსენებ მას“.

w17.07 16 ¶16

„მოტირალებთან იტირეთ“

16 გახსოვდეთ, რომ მგლოვიარე თანაქრისტიანთან ერთად ლოცვას ან მისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს. შეიძლება ასეთ სტრესულ სიტუაციაში რთული იყოს აზრებისთვის თავის მოყრა, მაგრამ გულითად ვედრებას, რომელსაც შეიძლება ცრემლებითა და ათრთოლებული ხმით წარმოთქვამთ, მგლოვიარეთა ტკივილის დაამება შეუძლია. დალინი იხსენებს: „როცა დები ჩემ სანუგეშებლად მოდიოდნენ, ზოგჯერ ვთხოვდი, რომ ჩემთან ერთად ელოცათ. თავიდან ხშირად სიტყვების მოძებნა უჭირდათ, მაგრამ რამდენიმე წინადადების შემდეგ ხმა აღარ უკანკალებდათ და გულში ჩამწვდომ ლოცვას წარმოთქვამდნენ. მათმა ძლიერმა რწმენამ, სიყვარულმა და მზრუნველობამ რწმენა განმიმტკიცა“.

w17.07 16 ¶17–19

„მოტირალებთან იტირეთ“

17 ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს. ამიტომ მგლოვიარეს გვერდით მხოლოდ პირველ ხანებში არ უნდა ედგეთ, როცა ისედაც ბევრი ადამიანი ახვევია გარს. მას მომდევნო თვეებშიც დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როცა სხვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავ. 17:17). რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, თანაქრისტიანები ბოლომდე უნდა დაეხმარონ მგლოვიარეს, გაუმკლავდეს თავის საწუხარს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 3:7).

18 გახსოვდეთ ისიც, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განსაკუთრებით შემოაწვეთ ნაღველი ქორწინების ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების წლისთავზე, მუსიკის მოსმენის, სურათების თვალიერების ან რაიმე საქმიანობის დროს; ეს შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სუნმა, ხმამ ან წელიწადის დრომაც კი. შეიძლება უდიდეს ემოციურ ტკივილთან იყოს დაკავშირებული ბევრი რამ, რის გაკეთებაც დაქვრივებულ ადამიანს პირველად მოუწევს მარტო, მაგალითად კონგრესზე ან გახსენების საღამოზე დასწრება. „მეგონა, რომ მეუღლის გარეშე ქორწინების პირველი წლისთავი ჩემთვის ძალიან მძიმე იქნებოდა. მაშინ მართლა ძალიან გამიჭირდა. იმ დღეს უახლოესმა მეგობრებმა პატარა შეკრება მომიწყვეს, რომ მარტო არ ვყოფილიყავი“, — იხსენებს ერთი ძმა.

19 თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მგლოვიარეებს განსაკუთრებული დღეების გარდა სხვა დროსაც სჭირდებათ გვერდში დგომა. იუნია ამბობს: „ძალიან მანუგეშებს და ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რომ დახმარებას და მეგობრულ წრეში ყოფნას მაშინაც მთავაზობენ, როცა განსაკუთრებული არაფერი ხდება“. მართალია, მწუხარების გაქარწყლებას და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეული სიცარიელის შევსებას ბოლომდე ვერ შევძლებთ, მაგრამ პრაქტიკული დახმარებით ცოტათი მაინც შეგვიძლია მგლოვიარეთა ნუგეშისცემა და მათთვის ტკივილის შემსუბუქება (1 იოან. 3:18). გაბი ამბობს: „მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ გვყავს მოსიყვარულე უხუცესები, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ უმძიმეს წუთებში. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს იეჰოვა გულში მიკრავდა“.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

w23.03 31 ¶18

რით ამოიცნობიან იესოს მოწაფეები

18 ზოგჯერ შეიძლება საჭიროდ ჩავთვალოთ იმ თანაქრისტიანთან საუბარი, რომელმაც გვაწყენინა. თუმცა მანამდე ღირს შემდეგ კითხვებზე დაფიქრება: ბოლომდე ვარ მომხდარში გარკვეული? იქნებ არც უნდოდა ჩემი წყენინება? მე არასდროს მომსვლია მსგავსი შეცდომა? მასთან საუბრით ცეცხლზე ნავთს ხომ არ დავასხამ? (იგავ. 18:13; ეკლ. 7:20; ეკლ. 7:21, 22; წაიკითხეთ იგავების 26:20). თუ ყველაფერს წინასწარ ავწონ-დავწონით, შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ აჯობებს, სიყვარულით გადავფაროთ ეს შეცდომა.

20–26 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 9, 10

არ დაკარგოთ სწორი ხედვა განსაცდელების დროს

w13 8/15 14 ¶20, 21

არასოდეს განურისხდეთ იეჰოვას!

20 ამოიცანით ნამდვილი დამნაშავე. ზოგჯერ ადამიანი თვითონვე იფუჭებს საქმეს და თვითონვე იქმნის პრობლემებს. გვინდა თუ არა, ეს ყველამ უნდა ვაღიაროთ (გალ. 6:7). ნუ ეცდებით, რომ თქვენი პრობლემა ღმერთს გადააბრალოთ! ეს დიდი შეცდომა იქნებოდა! მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, ზიხართ საჭესთან და მიდიხართ ტრასაზე. როგორც წესი, მანქანას შეუძლია საკმაოდ მაღალი სიჩქარის განვითარება. ხდება ისე, რომ მოსახვევში დადგენილ სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით შეხვედით და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. რას ფიქრობთ, ამ შემთხვევაში დამნაშავე მანქანის მწარმოებელია? რა თქმა უნდა, არა! მსგავსადვე, იეჰოვამ ჩვენ არჩევნის თავისუფლება გვიბოძა. თუმცა მან ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად ამ ნების თავისუფლებას საჭირო მითითებებიც თან მოაყოლა. ამიტომ ლოგიკურია, დავსვათ კიდევ ერთი შეკითხვა: რატომ არ უნდა დავდოთ ბრალი ჩვენს გამჩენს ჩვენივე შეცდომებში?

21 რა თქმა უნდა, პრობლემების მიზეზი მხოლოდ ჩვენი შეცდომები და ცუდი საქციელი როდია. ზოგჯერ ამა თუ იმ მოვლენას „დრო და შემთხვევა“ განაპირობებს (ეკლ. 9:11). და რაც ყველაზე მთავარია, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: ბოროტების უმთავრესი მიზეზი სატანა ეშმაკია (1 იოან. 5:19; გამოცხ. 12:9). მტერი იეჰოვა არ არის; მტერი ეშმაკია (1 პეტ. 5:8).

w19.09 5 ¶10

იეჰოვა აფასებს თავის თავმდაბალ მსახურებს

10 თავმდაბლობა ცხოვრებას გვიადვილებს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ უსამართლობის მსხვერპლი ვართ ან სხვებს ექცევიან უსამართლოდ. მაგალითად, ბრძენმა მეფე სოლომონმა თქვა: „მინახავს ცხენებზე ამხედრებული მსახურები და მიწაზე მსახურებივით მოსიარულე მთავრები“ (ეკლ. 10:7). შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნიჭიერი ადამიანი არ დააფასონ, ნაკლები შესაძლებლობების მქონეს კი განსაკუთრებული პატივისცემით მოეპყრონ. სოლომონი მიხვდა, რომ სჯობს ადამიანმა უარყოფითზე კი არ გაამახვილოს მეტისმეტი ყურადღება, არამედ რეალობა ისეთი მიიღოს როგორც არის (ეკლ. 6:9). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც კმაყოფილი ვიყოთ, როცა ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვისურვებდით.

w11 10/15 8 ¶1, 2

ერთობით ისე, როგორც ქრისტიანს შეჰფერის?

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სურს არა მარტო ვიცოცხლოთ, არამედ გავიხაროთ ცხოვრებით. მაგალითად, ფსალმუნის 104:14, 15-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა უზრუნველგვყოფს საკვებით, „გვაძლევს ღვინოს, მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელს, ზეთს, რომელიც სახეს აპრიალებს, და პურს, მოკვდავი ადამიანის გულის გამამაგრებელს“. მართლაც, იეჰოვა გვაძლევს არსებობისთვის საჭირო საკვებს. მისი წყალობით გვაქვს მარცვლეული, ზეთი და ღვინო. თუმცა ღვინო სიცოცხლისთვის აუცილებელი არ არის, ის „გულს ახალისებს“ (ეკლ. 9:7; 10:19). იეჰოვას სურს, რომ სიცოცხლით გავიხაროთ და „სიხარულით გვივსებს გულებს“ (საქ. 14:16, 17).

2 თავი დამნაშავედ არ უნდა ვიგრძნოთ, თუ გარკვეულ დროს „ცის ფრინველებისა“ და „მინდვრის შროშანების“ დაკვირვებას ვუთმობთ ან ისეთი საქმეებით ვართ დაკავებული, რომლებიც გვახალისებს და ცხოვრებას გვილამაზებს (მათ. 6:26, 28; ფსალმ. 8:3, 4). ბედნიერი და აზრიანი ცხოვრება „ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლ. 3:12, 13). თუ დასვენებას ღვთის საჩუქრად მივიჩნევთ, ეს აღგვძრავს დასვენებისთვის და გართობისთვის განკუთვნილი დრო ღვთის მოსაწონად გამოვიყენოთ.

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „ჭორაობა, ცილისწამება“ ¶5, 10

ჭორაობა, ცილისწამება

ჭორაობა შეიძლება ცილისწამებაში გადაიზარდოს, რაც ცილისმწამებლისთვის ცუდად დამთავრდება. ეკლესიასტეს 10:12—14-ში ჩაწერილ სიტყვებში აშკარად ჩანს სიბრძნე: „სულელს თავისივე ბაგეები შთანთქავს. მისი პირიდან გამომავალი პირველივე სიტყვები უგუნურებაა, ბოლო კი — გამაუბედურებელი სიბრიყვე. უგუნური ბევრს ლაპარაკობს“.

თუ ჭორაობა მეტ-ნაკლებად უწყინარია (თუმცა ის შეიძლება გადაიზარდოს ცილისწამებაში ან ცილისწამებამდე მიიყვანოს ადამიანი), ცილისწამება ყოველთვის საზიანოა და წყენასა და უთანხმოებას იწვევს. ეს შეიძლება მოხდეს შეგნებულად ან შეუგნებლად. როგორც უნდა იყოს, ცილისმწამებელი ღვთის თვალში ცუდად იქცევა, რადგან „ძმებს შორის შუღლის მთესველი“ სძულს ღმერთს (იგ. 6:16—19). ცილისმწამებლის და ბრალმდებლის შესაბამისი ბერძნული სიტყვაა დიაბოლოს. ბიბლიაში ეს სიტყვა აგრეთვე გამოიყენება სატანა ეშმაკთან, ღვთის ყველაზე დიდ ცილისმწამებელთან (ინ. 8:44; გმც. 12:9, 10; დბ. 3:2—5). აქედან ჩანს, სინამდვილეში ვისგან მოდის ცილისწამება.

27 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ – 2 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ

ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲡ ᲡᲐᲣᲜᲯᲔ | ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 11, 12

როგორ გავხდეთ დღესვე უფრო ბედნიერები?

g3/15 13 ¶6, 7

მზე და სუფთა ჰაერი — ბუნებრივი „ანტიბიოტიკები“

ბუნებრივი სადეზინფექციო თვისება მზის სხივებსაც გააჩნიათ. ერთი სამედიცინო ჟურნალი განმარტავს, რომ „ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსებისა და მიკრობების უმეტესობა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად კვდება“ (Journal of Hospital Infection).

მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? გადით სუფთა ჰაერზე და იქ საკმაო ხანს დაჰყავით. ხარბად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი და მიიღეთ მზის აბაზანები. ეს თქვენს ჯანმრთელობას უთუოდ არგებს.

w23.02 21 ¶6, 7

დააფასეთ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე

6 ბიბლია არ არის არც სამედიცინო და არც დიეტოლოგიური სახელმძღვანელო, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნის, რა შეხედულება აქვს იეჰოვას მსგავს საკითხებზე. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ უნდა მოვერიდოთ „იმას, რაც სხეულს აზიანებს“ (ეკლ. 11:10). ბიბლია გმობს გადამეტებულ ჭამა-სმას, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას და სიცოცხლეც კი მოგვისწრაფოს (იგავ. 23:20). იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ თავშეკავებას გამოვავლენთ, როცა საქმე ჭამა-სმას ეხება (1 კორ. 6:12; 9:25).

7 საღი აზროვნება დაგვეხმარება, ჩვენი გადაწყვეტილებებით ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს (ფსალმ. 119:99, 100; წაიკითხეთ იგავების 2:11). მაგალითად, შეიძლება რომელიმე საკვები გვიყვარს, მაგრამ ვიცით, რომ ცუდად გვხდის. ამ დროს საღმა აზრმა უნდა გვიკარნახოს, მოვერიდოთ ასეთ საკვებს. საღი აზრი იმაშიც გვეხმარება, რომ საკმარისად ვიძინოთ, რეგულარულად ვივარჯიშოთ, პირად ჰიგიენაზე ვიზრუნოთ და სახლში სისუფთავე შევინარჩუნოთ.

w24.09 2 ¶2, 3

„იყავით სიტყვის შემსრულებელნი“

2 ფაქტია, იეჰოვას მსახურების ბედნიერებას ბევრი რამ უწყობს ხელს. როგორც ზემოთ მოყვანილი ბიბლიური მუხლებიდანაც გამოჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ღვთის სიტყვის რეგულარული კითხვა და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაა (წაიკითხეთ იაკობის 1:22–25).

3 მოდი შევიხსენოთ, რატომ არის კარგი წაკითხულის ცხოვრებაში გამოყენება. პირველ რიგში იმიტომ, რომ იეჰოვას ძალიან სიამოვნებს ამის დანახვა. იმის ცოდნა კი, რომ იეჰოვას მოსაწონად ვიქცევით, გვაბედნიერებს (ეკლ. 12:13). გარდა ამისა, საკუთარი გამოცდილებით ვიცით, რომ ბიბლიური რჩევების გამოყენება ოჯახის წევრებთან თუ თანაქრისტიანებთან ურთიერთობას აუმჯობესებს. ჩვენ ბევრ ისეთ პრობლემასაც ვირიდებთ თავიდან, რომლებსაც დღეს ხალხი ქვეყნიერებაში ხვდება. ამ ყველაფრის ფონზე, შეუძლებელია, არ დავეთანხმოთ მეფე დავითს, რომელმაც იეჰოვას კანონებსა და ბრძანებებზე საუბრის ბოლოს ასეთი დასკვნა გააკეთა: „დიდია ჯილდო მათი დაცვისთვის“ (ფსალმ. 19:7–11).

ღვთის სიტყვის სიღრმეები

it „შთაგონება“ ¶12

შთაგონება

ცხადია, ადამიანები, რომლებსაც ღმერთი წმინდა წერილებს აწერინებდა, რობოტები არ იყვნენ და უბრალოდ კარნახს არ იწერდნენ. იოანე მოციქულის შესახებ ვკითხულობთ, რომ ღვთივშთაგონებული გამოცხადება მას ანგელოზმა ნიშნებით აჩვენა, შემდეგ კი იოანემ „დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და ნანახის შესახებ“ (გმც. 1:1, 2). იოანე „შთაგონებით [სიტყვასიტყვით, „სულში“] უფლის დღეში“ აღმოჩნდა და გაიგონა ხმა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე“ (გმც. 1:10, 11). ასე რომ, ღმერთმა არჩია, ბიბლიის დამწერებს თავად შეერჩიათ სიტყვები და გამოთქმები ნანახი ხილვების აღსაწერად (აბკ. 2:2), თუმცა, ამავე დროს, ხელმძღვანელობდა მათ, რათა მათი ნაწერი ზუსტი, სანდო და მისი განზრახვის შესაბამისი ყოფილიყო (იგ. 30:5, 6). ეკლესიასტეს 12:9, 10-დან ჩანს დამწერების ძალისხმევა; მათ უნდა ეფიქრათ, გამოეკვლიათ და აზრები ჩამოეყალიბებინათ, რომ სასიამოვნო და ზუსტი სიტყვებით დაეწერათ ჭეშმარიტება (შდრ. ლკ. 1:1—4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება