Todd Aki/Moment Open via Getty Images
ᲕᲘᲜ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ?
მანტას ფილტრაციის სისტემა
მანტა ცურვის დროს ზღვის წყალთან ერთად ყლაპავს პლანქტონს, ანუ მცენარეულ და ცხოველურ ორგანიზმებს, რომლებიც წყლის დინებას დააქვს. პირიდან წყალი ფილტრში შეედინება, საიდანაც პლანქტონი საკვების სახით მანტას მუცელში ხვდება. დარჩენილი წყალი კი ლაყუჩებით გარეთ გამოიდევნება. მანტას ფილტრაციის სისტემა პლანქტონის ისეთ ნაწილაკებსაც იჭერს და უშვებს მუცლისკენ, რომელიც ფილტრის ღიობებზე გაცილებით მცირეა. როგორც სამეცნიერო ჟურნალისტი, ედ იანგი აღნიშნავს, მანტას ეს საოცარი უნარი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება.
დაფიქრდით: მანტას ფილტრაციის სისტემა რაღაცით ორმხრივ სავარცხელს მოგვაგონებს, ხუთ-ხუთი რკალისებრი ნაპრალით. შიგნიდან დაფარულია კბილანებით, რომლებიც ურთიერთსაპირისპიროდაა მიმართული. ამის წყალობით ზღვის წყლის ნაწილი კბილანებს შორის შეედინება, ნაწილი კი — აისხლიტება, რაც წყლის წრიულ მოძრაობას იწვევს.
როცა პლანქტონი თუ სხვა საკვები ნაწილაკები კბილანებს ეხეთქება, აისხლიტება და წრიული მოძრაობით მანტას ხახაში, საბოლოოდ კი მუცელში ხვდება, მათ შორის პლანქტონის უმცირესი ნაწილაკებიც, რომლებიც ადვილად გაეტეოდა კბილანებს შორის, მაგრამ წყლის წრიული მოძრაობა მათ პირდაპირ მუცლისკენ მიაქანებს. ამგვარი ფილტრაციის სისტემის წყალობით ის უმცირესი ნაწილაკებიც კი რჩება ორგანიზმში, რომლებიც სხვაგვარად ზღვის წყალთან ერთად გარეთ გამოიდევნებოდა.
აღსანიშნავია, რომ მანტას ფილტრაციის სისტემა არასდროს ბინძურდება იმის მიუხედავად, რა სისწრაფით გადაადგილდება მანტა და რამდენადაა წყალი პლანქტონით გაჯერებული. და ეს იმიტომ, რომ ფილტრაციის სისტემა თვითგაწმენდის უნარითაა დაჯილდოებული.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თუ მანტას ფილტრაციის სისტემის ანალოგს შექმნიან, შეძლებენ ჩამდინარე წყლების საზიანო მიკროორგანიზმებისა და პლასტმასის ნარჩენებისგან გაწმენდას.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად გაჩნდა მანტას საოცარი ფილტრაციის სისტემა თუ ეს შემოქმედის დამსახურებაა?