რწმენის გამო დაპატიმრებულები – სინგაპური
სინგაპურში დაპატიმრებულია 8 იეჰოვას მოწმე, რომელთაც ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს, მონაწილეობა მიიღონ სამხედრო სამსახურში. 4 მათგანი მეორედ იხდის სასჯელს, რადგან პირველი პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ მათ არ შეუცვლიათ თავიანთი პოზიცია. ახალგაზრდა მოწმეებს არ აქვთ შესაძლებლობა, კანონიერ გზებს მიმართონ, რადგან სინგაპურის მთავრობა სამხედრო სამსახურს სავალდებულოდ თვლის და არ ცნობს სინდისის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის უფლებას.
სინგაპურში, როდესაც ბიჭი 18 წლის ხდება, მან უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება. მაგრამ, თუ სინდისის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მას 12 თვემდე პატიმრობას უფარდებენ და სამხედრო ციხეში ახდევინებენ სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ მალევე მას კვლავ აიძულებენ სამხედრო ფორმის ჩაცმას და წვრთნებში მონაწილეობას. თუ ის ამჯერადაც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მას სამხედრო ტრიბუნალის წინაშე წარადგენენ და მას 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ. ამგვარად, იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს, რომელთაც ბიბლიით განსწავლული სინდისი ნებას არ რთავს, გაიარონ სამხედრო სამსახური, ზედიზედ ორჯერ უწევთ სასჯელის მოხდა. თითოეულ მათგანს მთლიანობაში დაახლოებით 30 თვე უწევს ციხეში ყოფნა.
სინგაპური არ ასრულებს გაეროს მოთხოვნებს
გაერომ უკვე დიდი ხანია წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „ეღიარებინათ, რომ აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება, რასაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ითვალისწინებს, ნებისმიერს აძლევს უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე“. მართალია, სინგაპური 1965 წლიდან არის გაეროს წევრი ქვეყანა, მაგრამ ის არ ეთანხმება ამ საკითხთან მიმართებით გაეროს მოთხოვნებს. 2002 წლის 24 აპრილით დათარიღებულ სინგაპურის მთავრობის სახელით დაწერილ წერილში, რომლის ადრესატიც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია იყო, აღნიშნულია: „თუ ადამიანის მრწამსი ან ქმედება ეწინააღმდეგება კანონს ქვეყნის თავდაცვის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს“. ამ ოფიციალურ წერილში არაორაზროვნად იყო ნათქვამი: „ჩვენ არ მივიჩნევთ მართებულად, რომ მათი უფლებები, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, ყველა ქვეყანამ ერთნაირად უნდა დაიცვას“.
დროის დიაგრამა
2025 წლის 17 აპრილი
მთლიანობაში 8 იეჰოვას მოწმე იმყოფება პატიმრობაში რელიგიური თვალსაზრისით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.
2002 წლის 24 აპრილი
მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ სინგაპური არ ცნობს მათ უფლებას, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე.
1995 წლის თებერვალი
სინგაპურში იეჰოვას მოწმეების დაპატიმრება და შევიწროება უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს.
1994 წლის 8 აგვისტო
სინგაპურის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწმეების საჩივარი.
1972 წლის 12 იანვარი
სინგაპურის მთავრობამ გააუქმა იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის რეგისტრაცია.