ალკოჰოლიკი ოჯახში
„ალკოჰოლიზმში შედის ალკოჰოლიკები. . . როდესაც ერთი პიროვნება ოჯახში ალკოჰოლიკია, მთელი ოჯახი იტანჯება ალკოჰოლიზმით“ (დოქტორ ვერნონ ი. ჯონსონი).
ხუთი წლის ალისა ლოგინში იწვა, მას ძალიან სტკიოდა ფეხი. ორი დღის წინ დაუზიანდა და აუცილებელი გახდა მთელი ფეხის თაბაშირში ჩასმა. მაგრამ თაბაშირი ძალიან მჭიდროდ გაუკეთეს და ისე მოუჭირა, რომ ფეხი გაუსივდა. ალისა ეხვეწებოდა მშობლებს, ექიმთან მიეყვანათ, მაგრამ მამა ნაბახუსევი იყო, დედა კი ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და არ იცოდა, რომლისთვის უფრო მეტი ყურადღება მიექცია.
რამდენიმე დღეში ალისას ფეხი გაუშეშდა. როდესაც მუქი ფერის სითხემ იწყო მისი თითებიდან გამოჟონვა, მშობლებმა როგორც იქნა საავადმყოფოში გააქანეს. როდესაც გოგონას მოხსნეს თაბაშირი, ფეხის დანახვაზე ექთანს გული წაუვიდა. განგრენის გამო ფეხის ამპუტაცია აუცილებელი გახდა.
ალკოჰოლიზმი და ერთობლივი მორჩილება
ამ შემთხვევის ტრაგიზმი უფრო ღრმა არის, ვიდრე კიდურის დაკარგვა. ალისას მამა ალკოჰოლიკი იყო. ის ემოციურად და ფიზიკურად შორს იყო მისგან მაშინ, როდესაც ქალიშვილისთვის უკიდურესად საჭირო იყო. „ალკოჰოლიზმის ბუნება მოითხოვს, რომ ალკოჰოლიკმა — ალკოჰოლისა და სხვა მოთხოვნილებების შემდეგ ოჯახი უკანასკნელ ადგილზე დააყენოს,“ — ამბობს მრჩეველი ტობი რაის დრევსი.
რა შეიძლება ითქვას ალისას დედაზე? ისიც დამორჩილებულია, მაგრამ ალკოჰოლს კი არ ემორჩილება, არამედ ალკოჰოლიკ მეუღლეს. დამახასიათებელია, რომ არაალკოჰოლიკი მეუღლე სრულიად დაკავებულია იმით, რომ მეუღლემ არ დალიოს ან გაუმკლავდეს წინასწარ გაუთვალისწინებელ მოქმედებებსa. ის იმდენად დაკავებული ხდება ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემებით, რომ ისიც იმავე ხასიათის მორჩილებას ავლენს — მაგრამ უალკოჰოლოდ. ამის გამო ალისას დედის მსგავს ადამიანებს უწოდებენ ორმაგად მორჩილებს.
როგორც ალკოჰოლიკი, ასევე, ორმაგად მორჩილი უნებლიედ ექვემდებარება რაღაცის ან ვიღაცის კონტროლს თავისდა უნებურად. ორივე დაბრმავებულები არიან თავის მართლებით. ორივე, ემოციური თვალსაზრისით, უფასურებს წარმოადგენენ შვილებისთვის. ორივე იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ალკოჰოლიკს არ შეუძლია თავი შეიკავოს სმისგან, მასთან ერთად დამორჩილებული ვერ ეხმარება ალკოჰოლიკს და ვერ აცილებენ შვილებს იმ დარტყმას, რასაც ალკოჰოლიზმი აყენებს მათ.
მაგრამ არსებობს დამხმარე საშუალება ალკოჰოლიკისა და მისი ოჯახისთვის. ეს განხილული იქნება შემდეგ სტატიებში.
[სქოლიოები]
a მართალია ჩვენ აქ ალკოჰოლიკად მამაკაცს ვიხსენიებთ, მაგრამ აქ მოყვანილი პრინციპები, ასევე, ეხება ალკოჰოლიკ ქალსაც.