ოჯახის დაგეგმარება ხდება გლობალური პრობლემა
„ოჯახის დაგეგმარება, რასაც საკმაოდ მცირე სახსრები ხმარდება, სასარგებლოა უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის, ვიდრე კაცობრიობისთვის დღეს ხელმისაწვდომი სხვა, თუნდაც ერთი, ‘ტექნოლოგია’. . . მოსახლეობის პრობლემაც რომ არ არსებობდეს, ეს ისედაც სიმართლე იქნებოდა“. — „მსოფლიო ბავშვების მდგომარეობა“ (The State of the World’s Children 1992).
წარსულში ყველას სასურველად მიაჩნდა ბევრი შვილი. დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ, როდესაც რებეკა მესოპოტამიიდან წასვლას აპირებდა, რომ ცოლად გაჰყოლოდა ისაკს, დედამ და ძმამ შემდეგი სიტყვებით დალოცეს: „ბევრათასჯერ იმრავლე“ (დაბადება 24:60). დრო შეიცვალა. დღეს უფრო და უფრო მეტი ქალი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ბავშვის გაჩენა სურს.
„შვიდი ბავშვიდან მესამე ვიყავი, — თქვა ბიუმ, 22 წლის ინდონეზიელმა მშობელმა, რომელსაც ერთი გოგონა ჰყავს. — მამა კლეიტენში (ცენტრალური იავა) პალმის წვენის გამყიდველი იყო და მშობლები ძალიან ბევრს წვალობდნენ წვრილშვილის აღსაზრდელად. . . ვფიქრობ, რომ უფრო ადვილია ოჯახში მხოლოდ რამდენიმე ბავშვის აღზრდა“.
ბიუს თვალსაზრისს მრავალი მშობელი ეთანხმება. იზრდება იმ წყვილთა რაოდენობა, რომელიც გეგმავს, თუ როდის იყოლიოს შვილები, რამდენი ჰყავდეთ, რამდენი წლის შუალედებით და როდის შეჩერდნენ. ეს თვალნათლივ ჩანს გაეროს სტატისტიკური მონაცემებიდან, სადაც ნაჩვენებია, რომ 1960 წლიდან დღემდე საკუთარი სურვილით კონტრაცეპტივების მიმღებთა რაოდენობა განვითარებად ქვეყნებში 10 პროცენტიდან 51 პროცენტამდე გაიზარდა.
მთავრობაც ძალიან არის დაინტერესებული ოჯახის დაგეგმარების ხელისშეწყობით. განვითარებადი სახელმწიფოების ნახევარზე მეტი მიჰყვება მოსახლეობის ზრდის შემცირების პოლიტიკას. გაეროს მოსახლეობის ფონდი იუწყება, რომ მოსახლეობის კონტროლის პროგრამას ამჟამად ერთ წელიწადში მოხმარდა 4 500 000 000 დოლარი. როგორც ხელისუფლება ფიქრობს, მომავალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, 2 000 წლისთვის ეს ციფრი გაორმაგდება.
რატომ წარმოადგენს სახელმწიფოებისა და პიროვნებების ინტერესის საგანს შობადობის კონტროლი? როგორია ქრისტიანული თვალსაზრისი ამ მნიშვნელოვან საკითხზე? შემდეგი ორი სტატია განიხილავს სწორედ ამ საკითხებს.