გულსატკენი სიტყვებიდან მალამოსავით სიტყვებამდე
„სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავნი 18:21).
გმობა — შეურაცხმყოფელი, უხეში მიმართვის გააზრებული ჩვეულება — ბიბლიაში ნათლად არის დაგმობილი. მოსეს რჯულის თანახმად, ის, ვინც დაგმობდა (დასწყევლიდა) მშობლებს, სიკვდილით უნდა დასჯილიყო (გამოსვლა 21:17). ამგვარად, იეჰოვას თვალში მსგავსი მოქმედება უმნიშვნელო არაა. მისი სიტყვა, ბიბლია, არ ეთანხმება იმ თვალსაზრისს, თითქოს, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება, ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან პიროვნება ირწმუნება, რომ ღვთის მსახურია. ბიბლია აღნიშნავს: „თუ რომელიმე თქვენგანს ჰგონია, რომ ღვთის მსახურია და ენას კი არ ალაგმავს, არამედ თავის გულს აცდუნებს, მისი მსახურება ფუჭია“ (იაკობი 1:26; ფსალმუნი 14:1, 3). ამგვარად, თუ მამაკაცი სიტყვიერად შეურაცხყოფს მეუღლეს, მთელი მისი ქრისტიანული მსახურება ფუჭია ღვთის წინაშეa (1 კორინთელთა 13:1–3).
გარდა ამისა, ქრისტიანი, რომელიც მგმობელია, შეიძლება კრებიდანაც გაირიცხოს. მან შეიძლება ღვთის სამეფოს კურთხევებიც დაკარგოს (1 კორინთელთა 5:11; 6:9, 10). ნათელია, რომ პიროვნებამ, რომლისთვისაც დამახასიათებელია გულსატკენი სიტყვები, უნდა მოახდინოს რადიკალური ცვლილება. მაგრამ, როგორ?
პრობლემის სინათლეზე გამოტანა
აღსანიშნავია, რომ შეურაცხმყოფელი იქამდე არ შეიცვლება, ვიდრე არ მიხვდება, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. სამწუხაროდ, როგორც ერთი მრჩეველი აღნიშნავდა, მრავალს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მგმობელი საუბარი, «საერთოდაც არ მიაჩნიათ გმობად თავიანთი საქციელი. მათთვის ასეთი მოქმედება სავსებით ნორმალურია და ცოლ-ქმარს შორის „ბუნებრივ“ დამოკიდებულებად მიაჩნიათ». ასე რომ, ბევრი ვერ დაინახავს ცვლილების მოხდენის აუცილებლობას იქამდე, სანამ მდგომარეობაზე სხვა პიროვნება აშკარად არ მიაქცევინებს ყურადღებას.
ხშირად საკუთარი მდგომარეობის ლოცვით აწონ-დაწონის შემდეგ ქალები იძულებული არიან, რომ ისაუბრონ პირადად საკუთარი თავისა და ბავშვების კეთილდღეობის გამო, მათ აგრეთვე ღვთის წინაშე საკუთარი მეუღლის მდგომარეობაზე ზრუნვაც აწყებინებს საუბარს. ფაქტია, რომ ყოველთვის არ მოჰყვება საუბარს უკეთესი შედეგი და, შესაძლოა, მის სიტყვებს საპასუხოდ თავის მართლებაც მოჰყვეს. შესაძლოა, ამას თავი აარიდოს ქალმა იმით, რომ წინდახედულებით განსაზღვროს თუ როგორ მიუდგეს საუბრის დაწყების საკითხს. „მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“, — ამბობს ბიბლია (იგავნი 25:11). თავმდაბლობითა და გულახდილობით სავსე მიდგომამ მშვიდ ატმოსფეროში შეიძლება შეაღწიოს მის გულში (იგავნი 15:1).
იმის ნაცვლად, რომ დაადანაშაულოს მეუღლე, ქალი უნდა შეეცადოს, ესაუბროს იმის შესახებ, თუ უხეში საუბარი როგორ მოქმედებს მასზე. სიტყვის, „მე“, ხშირად გამეორება „შენ“ სიტყვის ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში საუკეთესოდ მოქმედებს. მაგალითად, „მე ძალიან მეტკინა გული. . .“ ან „მე თავს განადგურებულად ვგრძნობდი, როდესაც მითხარი. . .“ ასეთი სიტყვებით უფრო მოულბობს გულს, რადგან სიტყვები პრობლემებს ეხება და არ გამოხატავს პიროვნებაზე თავდასხმას (შეადარე დაბადება 27:46—28:1).
ქალის მტკიცე, მაგრამ ტაქტიანმა მოქმედებამ შეიძლება კარგი ნაყოფი გამოიღოს (შეადარე ფსალმუნი 140:5). ერთი მამაკაცი, მოდი მას ედუარდი ვუწოდოთ, მიხვდა, რომ ეს მართლაც ასე იყო. „ჩემმა მეუღლემ დაინახა ჩემში უხეში ლაპარაკისკენ მიდრეკილება, რასაც თვითონ მე ვერ ვგრძნობდი და სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ სინათლეზე გამოეტანა ეს თვისება“, — ამბობს ის.
დახმარების აღმოჩენა
მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, თუ მისი მეუღლე უარს ამბობს პრობლემის დანახვაზე? ასეთ შემთხვევაში ზოგიერთი ქალი ოჯახის გარეთ ეძებს დახმარებას. ასეთი აუცილებლობის დროს იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ მივიდნენ კრების უხუცესებთან. ბიბლია ამ მამაკაცებს მოუწოდებს, რომ მოსიყვარულე და კეთილი იყვნენ ღვთის სამწყსოს დამწყემსვისას და, ამავე დროს, „დაარწმუნოს მოკამათენი“ ღვთის სიტყვის ჯანსაღ სწავლებაში (ტიტე 1:9; 1 პეტრე 5:1–3). თუმცა უხუცესების მოვალეობაში არ შედის დაქორწინებული წყვილის პირად საქმეებში ჩარევა, ისინი სამართლიანად ზრუნავენ, როდესაც წყვილთაგან ერთ-ერთი იტანჯება მეუღლის მხრიდან უხეში მიმართვით (იგავნი 21:13). რადგანაც მტკიცედ მიყვებიან ბიბლიის სტანდარტებს, ისინი გმობას არ ამართლებენ და არც უმნიშვნელოდ მიიჩნევენb.
უხუცესებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ ცოლ-ქმარს შორის კარგ ურთიერთობას. მაგალითად, ერთ-ერთ უხუცესთან მივიდა ქალი, რომელიც მოუყვა მას, თუ წლების მანძილზე როგორ ითმენდა საკუთარი მეუღლის, თანამორწმუნის, სიტყვიერ შეურაცხყოფას. უხუცესმა ორივესთან მოაწყო შეხვედრა. როდესაც ერთ-ერთი ლაპარაკობდა, უხუცესმა სთხოვა მეორეს, რომ არ შეეწყვეტინებინა მისთვის საუბარი და მოესმინა. შემდეგ, როდესაც ცოლის საუბრის დრო დადგა, ქალმა თქვა, რომ აღარ შეეძლო, მოეთმინა მეუღლის ფიცხი ხასიათი. მან თქვა, რომ წლების განმავლობაში, ყოველდღიურად, ყოველთვის ეშინოდა, რადგან, როდესაც მეუღლე სახლში შემოაბიჯებდა, არასოდეს იცოდა, ცუდ ხასიათზე იყო თუ არა. როდესაც გაცხარდებოდა, ჩვევად ჰქონდა, უდიერად მოეხსენიებინა მისი ოჯახი, მეგობრები და თვითონ მისი პიროვნება.
უხუცესმა სთხოვა ქალს, ეთქვა, თუ ქმრის სიტყვებზე რას გრძნობდა. «ვფიქრობდი, ალბათ, იმდენად ცუდი ვარ, რომ შეუძლებელია ვინმეს ვუყვარდე, — თქვა მან, — ზოგჯერ მივიდოდი დედასთან და ვეკითხებოდი, „დედი, მართლა ისეთი რთული პიროვნება ვარ, რომ ძნელია ჩემთან ცხოვრება? შესაძლებელია, რომ ჩემისთანა ადამიანი ვინმეს უყვარდეს?“» როდესაც ქალმა გულწრფელად თქვა, თუ მეუღლის მიმართვა როგორ მოქმედებდა მასზე, კაცმა ტირილი დაიწყო. ის პირველად მიხვდა, თუ რა ღრმა ჭრილობას აყენებდა თავისი სიტყვებით მეუღლეს.
შენ შეგიძლია შეიცვალო
პირველ საუკუნეში ზოგ ქრისტიანს პრობლემა ჰქონდა გმობასთან დაკავშირებით. ქრისტიანი მოციქული პავლე აფრთხილებდა მათ, რომ განეშორებინათ ‘რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა და ბილწსიტყვაობა’ (კოლასელთა 3:8). მაგრამ უხეში საუბარი უფრო გულის პრობლემაა, ვიდრე ენის (ლუკა 6:45). ამიტომაც დაუმატა პავლემ: ‘შემოიძარცვეთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ და შეიმოსეთ ახალი’ (კოლასელთა 3:9, 10). ასე რომ, ცვლილებების მოხდენა მხოლოდ სხვანაირ საუბარს კი არ ნიშნავს, არამედ განსხვავებულ გრძნობასაც.
ქმარი, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხეში საუბარი, შესაძლოა, საჭიროებს დახმარებას, რომ მიხვდეს, თუ რა იწვევს მის ასეთ მოქმედებასc. შესაძლოა, მას სურს ფსალმუნმომღერლის მსგავსი განწყობილება ჰქონდეს, რომელიც წერდა: „გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი. ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეხი მარადიულ გზაზე“ (ფსალმუნი 138:23, 24). მაგალითად: რატომ აქვს იმის მოთხოვნილება, რომ იბატონოს და კონტროლი გაუწიოს, თავის მეუღლეს? რა იწვევს მასში სიტყვიერი თავდასხმის სურვილს? არის თუ არა მისი შემოტევა რაღაც გულისტკივილით გამოწვეული? (იგავნი 15:18). იქნებ იმ აზრებით იტანჯება, რომ არ წარმოადგენს სრულფასოვანს და, შესაძლოა, ასეთი ფიქრები თვითონ მისი აღზრდის დროს კრიტიკულმა მოპყრობამ გამოიწვია? ასეთი შეკითხვები დაეხმარება ადამიანს, რომ დაინახოს მსგავსი მოქმედებების ფესვები.
გმობის აღმოფხვრა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ჩვევა ჩაინერგა მშობლებისგან, რომლებიც ერთმანეთს სარკასტულად მიმართავდნენ, ან კულტურით, რომელიც იწონებს სხვაზე ბატონობას. მაგრამ ყველაფერი, რაც წარსულში იქნა ათვისებული — დროისა და ძალისხმევის შედეგად — შესაძლებელია, რომ აღარ იყოს პიროვნებისთვის დამახასიათებელი. ამასთან დაკავშირებით უდიდესი დამხმარე საშუალებაა ბიბლია. მას შეუძლია დაეხმაროს პიროვნებას ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვეულებების აღმოფხვრაში (შეადარე მე-2 კორინთელთა 10:4, 5). როგორ?
ღვთის მიერ დანიშნულ როლზე მართებული თვალსაზრისის ქონა
ხშირად მამაკაცს, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხეში საუბარი, დამახინჯებული თვალსაზრისი აქვს ღვთის მიერ ცოლ-ქმრისთვის დანიშნულ როლზე. მაგალითად, ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, პავლე, აღნიშნავს, რომ ცოლები უნდა ‘დაემორჩილონ ქმრებს’ და რომ „ქმარი არის ცოლის თავი“ (ეფესელთა 5:22, 23). ქმარი, შესაძლოა, ფიქრობს, რომ რადგანაც ‘თავს’ წარმოადგენს, ეს მას აბსოლუტური კონტროლის უფლებას ანიჭებს. მაგრამ ეს ასე არაა. მისი მეუღლე, მიუხედავად იმისა, რომ მას ემორჩილება, მონას არ წარმოადგენს. ის არის მისი ‘შემწე’ და ‘შესაფერი’ (დაბადება 2:18). ამიტომ პავლე უმატებს: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას“ (ეფესელთა 5:28, 29).
ქრისტიანული კრების თავი, იესო, არასოდეს უბრაზდებოდა თავის მოწაფეებს, რომ მათ დაძაბული შიში ჰქონოდათ კრიტიკის მომავალი აფეთქების მოლოდინში. პირიქით, ის იყო ნაზი, უფრთხილდებოდა მათ გრძნობებს. „მე მოგასვენებთ თქვენ, — დაჰპირდა იესო მათ, — მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ“ (მათე 11:28, 29). ლოცვით აღსავსე ფიქრი იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებდა იესო ‘თავის’ როლს, დაეხმარება ქმარს, რომ საკუთარ როლსაც უფრო გაწონასწორებული თვალსაზრისით შეხედოს.
როდესაც იქმნება დაძაბული მდგომარეობა
ბიბლიის პრინციპების ცოდნა ერთია; მისი გამოყენება რთულ ვითარებაში — მეორე. როდესაც იქმნება დაძაბული მდგომარეობა, როგორ შეუძლია ქმარს, რომ არ დაუბრუნდეს უხეში მიმართვის ჩვევას?
მამაკაცის მხრიდან სიბრაზის დროს სიტყვიერი აგრესიის გამოხატვა არ არის ვაჟკაცობა. ბიბლია ამბობს: „სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი — ქალაქის ამღებს“ (იგავნი 16:32). ნამდვილი მამაკაცი საკუთარი თავის ხელმწიფეა, ანუ კონტროლს უწევს საკუთარ თავს. ის თანაგრძნობას ავლენს, როდესაც ფიქრობს: „როგორ მოქმედებს ჩემი სიტყვები ჩემს ცოლზე? როგორ ვიგრძნობდი მის ადგილზე თვითონ მე თავს?“ (შეადარე მათე 7:12).
ბიბლიაში დაშვებულია ის ფაქტი, რომ გარკვეულმა მდგომარეობამ შეიძლება გააბრაზოს ადამიანი. ასეთ მდგომარეობაზე წერდა ფსალმუნმომღერალი: „ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს საწოლებში და იყუჩეთ“ (ფსალმუნი 4:5). ეს ასევე ნათქვამი იყო შემდეგნაირადაც: „არაფერია ისეთი სიბრაზეში, მაგრამ არასწორია სარკასტული სიტყვიერი თავდასხმა, შეურაცხყოფა ან დამცირება“.
თუ ქმარი ფიქრობს, რომ კარგავს საუბრის კონტროლის გაწევის უნარს, შეუძლია ისწავლოს გაჩერება. დაწყნარების მიზნით, შესაძლოა, ბრძნული იყოს ოთახიდან გასვლა, გასეირნება ან განმარტოება. იგავნის 17:14-ში ნათქვამია: „ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“. განაგრძე საუბარი მაშინ, როდესაც სიბრაზე ჩაცხრება.
რასაკვირველია, სრულყოფილი არც ერთი ადამიანი არ არის. ქმარი, რომლის პრობლემაც არის უხეში საუბარი, მაშინვე ვერ გადაეჩვევა მას. როდესაც უხეშად მიმართავს ვინმეს, უნდა მოუბოდიშოს. ‘ახალ კაცად’ შემოსვა თანდათან მიმდინარე პროცესია, მაგრამ მას დიდი ჯილდო მოჰყვება (კოლასელთა 3:10).
მალამოსავით სიტყვები
დიახ, „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“ (იგავნი 18:21). უხეში მიმართვა უნდა შეიცვალოს ისეთი სიტყვებით, რომლებიც განამტკიცებს და გააძლიერებს ქორწინებას. ბიბლიის იგავში ნათქვამია: „ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება“ (იგავნი 16:24).
რამდენიმე წლის წინ მიმდინარეობდა გამოკვლევა იმის გასარკვევად, თუ რა ფაქტორები უწყობს ხელს ძლიერი ოჯახის ეფექტურობას. „გამოკვლევამ ცხადყო, რომ ძლიერი ოჯახის წევრებს უყვარდათ ერთმანეთი და ყოველთვის ეუბნებოდნენ ერთმანეთს, რომ ძალიან მოსწონდათ ერთმანეთი, — იუწყება სპეციალისტი ქორწინების დარგში, დევიდ რ. მეისი. — ისინი ერთმანეთს აქებდნენ, აგრძნობინებდნენ პიროვნულ ღირსებას და ყოველ გონივრულ შესაძლებლობას არ უშვებდნენ ხელიდან, რომ სიყვარულით ესაუბრათ და ემოქმედათ. ბუნებრივია, ნაყოფი იყო ერთად ყოფნით გამოწვეული სიხარული და ურთიერთგანმტკიცება ისეთნაირად, რომ მათი ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოს წარმოადგენდა“.
ვერც ერთი ღვთის მოშიში მამაკაცი სრული ჭეშმარიტებით ვერ იტყვის, რომ უყვარს საკუთარი მეუღლე, თუ ის თავისი სიტყვებით განზრახ გულისტკივილს აყენებს მას (კოლასელთა 3:19). რასაკვირველია, იგივე შეიძლება ითქვას ქალზეც, რომელიც სიტყვიერ დარტყმას აყენებს მეუღლეს. ფაქტია, რომ ორივეს მოვალეობას წარმოადგენს პავლეს გაფრთხილების შესრულება, რომელიც ეფესელებს მისწერა: „არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს მსმენელებს“ (ეფესელთა 4:29).
[სქოლიოები]
a მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხმყოფელად მამაკაცებს ვიხსენიებთ, აქ მოხსენიებული პრინციპები ქალებსაც ეხება.
b მამაკაცი რომ კვალიფიცირებული იყოს, იმსახუროს უხუცესად ან გააგრძელოს უხუცესად მსახურება, არ უნდა იყოს სხვისთვის ტკივილის მიმყენებელი. შეუძლებელია, ადამიანების ფიზიკურად შეურაცხმყოფელი იყოს ან დაშინებული ჰყავდეს სხვები მწარე შენიშვნებით. უხუცესები და სამსახურებრივი თანაშემწეები სამაგალითოდ უნდა უწევდნენ ზედამხედველობას საკუთარ ოჯახს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად თავაზიანად მოქმედებს სხვაგან, მამაკაცი არ არის კვალიფიცირებული, თუ ოჯახისთვის ტირანია (1 ტიმოთე 3:2–4, 12).
c რასაც არ უნდა მიმართავდეს ქრისტიანი მკურნალობისთვის, პირადი გადაწყვეტილებაა. მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერი მკურნალობა არ ეწინააღმდეგებოდეს ბიბლიის პრინციპებს.
[სურათი 9 გვერდზე]
ქრისტიანმა უხუცესმა შესაძლოა შეძლოს, დაეხმაროს წყვილს კომუნიკაციაში.
[სურათი 10 გვერდზე]
ცოლ-ქმარმა ნამდვილი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ურთიერთგაგების მიღწევას.