ჭეშმარიტებამ სიცოცხლე დამიბრუნა
ჩემი ყოფილი მეგობრების უმეტესობა შიდს-ით დაიღუპა. სიკვდილამდე ხშირად ვხედავდი მათ ქუჩაში. ჭეშმარიტების მხარეზე რომ არ დავმდგარიყავი, მეც მკვდარი ვიქნებოდი. ნება მომეცით, ყველაფერი თავიდან გიამბოთ.
დავიბადე 1954 წლის 11 დეკემბერს და ჩემი მშობლებისთვის, ჯონი და დოროთი ჰორებისთვის, მეორე და ნაბოლარა შვილი ვიყავი. მათ დოლორესი მიწოდეს, მაგრამ გაჩენისთანავე დედამ თოჯინა დამარქვა, რადგან ფიქრობდა, რომ პატარა სათამაშოს ვგავდი. ყოველთვის ამ მეტსახელით მომმართავდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდებოდა, რომ მომავალში დედისთვის პრობლემების უდიდეს წყაროდ გადავიქცეოდი.
ჩვენ ვცხოვრობდით რკინიგზისმაგვარ სახლში — ასე იმიტომ ვუწოდებდით, რომ ძალიან ვიწრო და გრძელი ბინა იყო. სახლი მდებარეობდა 61-ე სტრიტზე ქალაქ ნიუ-იორკში. ბინა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო; ვირთხებიც თავისუფლად დასეირნობდნენ. მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს ვირთხამ მიკბინა, დაუყოვნებლივ სხვაგან გადავედით.
სამხრეთ მანჰეტენის აღმოსავლეთ რაიონში დავსახლდით 1957 წელს. იმასთან შედარებით, სადაც ადრე ვცხოვრობდით, ახალი ბინა დიდებული იყო — შესანიშნავი საძინებელი ოთახებით, ხოლო ჩემი ოთახიდან დიდი პარკი და ისტ-რივერი მოჩანდა. ხშირად ვუყურებდი ნავებსა და ბავშვებს, რომლებიც ფეხბურთსა და ბეისბოლს თამაშობდნენ პარკში. ჩემთვის ყოველივე ეს სამოთხეს წარმოადგენდა. შემდეგ კი ჩემი უშფოთველი სამყარო დასრულდა.
ალკოჰოლიზმი და ნარკოტიკები
დედა და მამა ხშირად ჩხუბობდნენ. პირველად ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ, მაგრამ მერე შევამჩნიე, რომ მამა ყოველთვის მთვრალი იყო. ის განუწყვეტლივ კარგავდა სამსახურს და მხოლოდ დედა მუშაობდა. როდესაც მეგობრებმა გაიგეს, რომ მამაჩემი ლოთი იყო, ყოველთვის დამცინოდნენ და ამის გამო ცხოვრება საშინლად გამიმწარდა.
მდგომარეობა უარესდებოდა. ბოლოს მამის ძალადობამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა და დედამ სახლიდან გააგდო. ამგვარად, ჩვენი ოჯახი გახდა მარტოხელა დედის ოჯახი. იმ დროს რვა თუ ცხრა წლის ვიყავი და ოჯახური მდგომარეობის გამო თავს განადგურებულად ვგრძნობდი. დედას ბევრი მუშაობა უწევდა, რომ ოჯახი შეენახა და ხშირად მე და ჩემი დაიკო სკოლის შემდეგ მეზობლებთან ვიყავით.
როდესაც მეექვსე კლასში გადავედი, ძალიან ცუდი გავხდი. ხშირად მივდიოდი „შატალოზე“, რომ ტომპკინსის პარკში, რომელიც გზაჯვარედინამდე მდებარეობდა, ალკოჰოლური სასმელებით დავმთვრალიყავი და დამევიწყა პრობლემები. მალე დავუმეგობრდი ჩემზე გაცილებით უფროსებს. მხოლოდ 11 წლის ვიყავი, მაგრამ ასაკთან შედარებით დიდად გამოვიყურებოდი და ხშირად 16–17 წლისად მიმიჩნევდნენ. ჩემი ახალი მეგობრები სვამდნენ, ეწეოდნენ მარიხუანას, იყენებდნენ LSD და იკეთებდნენ ჰეროინს. მე მსურდა მათ შორის ყოფნა და დავიწყე ნარკოტიკების გამოყენება. თოთხმეტი წლის ასაკში უკვე ნარკოტიკებზე ვიყავი მთლიანად დამოკიდებული.
დედა ყველაფერს გებულობს
„მე გაგაჩინე და მევე მოგკლავ“. ეს სიტყვები ჩვენს სამეზობლოში იმ დედების დევიზი იყო, რომლებმაც დიდი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნეს შვილების გამო. როდესაც ბუნებით მშვიდმა და თავშეკავებულმა დედამ გაიგო, რომ მისი 14 წლის შვილი ჰეროინს იყენებდა, თქვა, რომ აუცილებლად მომკლავდა.
მე სააბაზანოსკენ გავიქეცი და ვცდილობდი, კარი ჩამეკეტა და აბაზანას ფეხებით ვაწვებოდი, მაგრამ ვერ მოვასწარი. ნამდვილად შავ დღეში ვიყავი! ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემს სიცოცხლეში პირველად მცემა დედამ ასე მწარედ. ერთადერთი, რამაც გადამარჩინა იყო ის, რომ ჩემი დაიკო და მეზობელი, რომელმაც ჩემზე ყველაფერი გააგებინა დედას, შემოცვივდნენ სააბაზანოში და დედა გააკავეს, ამ დროს კი მე შესაძლებლობა მომეცა, სახლიდან გავქცეულიყავი. რამდენიმე დღე სახლიდან გაქცეული ვიყავი და როცა შინ დავბრუნდი, თანახმა ვიყავი, რომ ნარკომანობისგან განვკურნებულიყავი.
პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა
რამდენიმე თვის შემდეგ ტელევიზორში ვნახე რეკლამა ნარკოტიკებისგან გადაჩვევისთვის არსებული დაწესებულების თაობაზე. იქ, ნამდვილად დახმარების მიღების მსურველს შეეძლო ნარკოტიკებისგან გადაჩვევა. ამის შესახებ ვისაუბრე დედასთან და მან ნიუ-იორკ სიტიში ერთ-ერთ მისამართზე გამგზავნა სამკურნალოდ. იმ დაწესებულებაში შექმნილი იყო ოჯახური ატმოსფერო, სადაც ადამიანებში იღვიძებდა ცხოვრების წესის შეცვლის სურვილი. მე იქ ორ წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდი.
მიუხედავად იმისა, რომ კარგი დახმარება გამეწია, დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ ზოგი პერსონალი, რომლებსაც ვენდობოდი და პატივს ვცემდი — და რომლებმაც თითქოს მიატოვეს ნარკოტიკების გამოყენება — კვლავ დაუბრუნდნენ მას. მე თავს მოტყუებულად და სულელად ვთვლიდი. მათ გვასწავლეს, რომ ძველი დროიდან ცნობილი ანდაზა: „ერთხელ ნარკომანი, ყოველთვის ნარკომანია“, ტყუილს წარმოადგენდა. მაგრამ მაშინ მათი ცოცხალი მაგალითით დავრწმუნდი, რომ ეს ანდაზა არ იყო ტყუილი.
მიუხედავად ამისა, 17 წლის ასაკში ძველი ჩვევისგან თავისუფალი დავბრუნდი სახლში და გადავწყვიტე, მთელი ძალებით მეცადა, რომ არასოდეს მივკარებოდი ჰეროინს. იმ დროისთვის დედამ და დაიკომ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს იეჰოვას მოწმეებთან.
კვლავ ოჯახის სამარცხვინო წევრი
მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვეკარებოდი ნარკოტიკებს, ოჯახს მაინც ვარცხვენდი. ეს იმიტომ, რომ ვერ შევძელი ოჯახის ახალი წესების თანახმად მეცხოვრა, არ მომეწია, დისკოთეკებზე არ წავსულიყავი და ასე შემდეგ. მალე დედამ სახლიდან გამაგდო, იმის გამო, რომ თავს არ ვანებებდი ცუდ ამხანაგებსა და წუთისოფლისეულ მოქმედებებს. ამის გამო ნამდვილად შევიძულე დედა, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ჩემს გამოსასწორებლად საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მისი მხრიდან. ის იყო სამართლიანი პრინციპების მტკიცე დამცველი და არასოდეს მერყეობდა.
ასე რომ, წავედი სახლიდან, რომ შემექმნა ახალი და უკეთესი ცხოვრება. დავბრუნდი სკოლაში სასწავლებლად, რომ შემეძინა განათლება და მქონოდა თანხები კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად. ყველაფერი კარგად წარიმართა და კვლავ საზოგადოების სასარგებლო წევრს წარმოვადგენდი. ვიშოვე კარგი სამუშაო და მივიღე საკუთარი ბინა. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში დაიწყო რომანტიკული დრო, როდესაც შევხვდი ძველ მეგობარ ახალგაზრდას. ჩვენ განვაახლეთ ძველი ურთიერთობა და გადავწყვიტეთ მომავლისთვის ყველაფერი სწორად გაგვეკეთებინა და დავქორწინებულიყავით.
მაგრამ ჩემმა მეგობარმა დაიწყო ნარკოტიკების გამოყენება და ჩვენი ცხოვრება უკან-უკან წავიდა. არ მქონდა უნარი, ამეტანა ემოციური ტკივილი და გავაკეთე ის, რაც მეგონა, რომ საუკეთესო გამოსავალი იყო — ნარკოტიკებით გავიყუჩე ტკივილი. მალე მივეჩვიე კოკაინს, რომელსაც „მდიდრების ნეტარებას“ უწოდებდნენ. იმ დროს კოკაინი პოპულარული იყო, რადგან ბევრს ეგონა, რომ მას არ მიეჩვეოდნენ, მაგრამ ჩემთვის ის ჰეროინზე უარესი აღმოჩნდა.
თითქმის სამი წელი ვღებულობდი კოკაინს 1970-იანი წლების შუა პერიოდში. ბოლოს თანდათან შევამჩნიე მანკიერი წრე, რომელშიც ვიმყოფებოდი‘ და დავინტერესდი, „ნუთუ მხოლოდ ეს არის ცხოვრება?“ შემდეგ დავასკვენი, რომ, თუ მხოლოდ ესაა ცხოვრება, ყოველივე ამისგან სასტიკად დავიღალე. დავბრუნდი დედასთან და მოვუყევი ყველაფერი, რომ უკვე საკმარისი იყო, რაც ვიწვნიე და მსურდა, გამოსაჯანმრთელებელ ცენტრში დავბრუნებულიყავი. წელიწად-ნახევარი დავყავი იქ და კვლავ გავთავისუფლდი ნარკოტიკებისგან.
თითქმის ვიპოვე ჭეშმარიტება
კვლავ მოვეწყე კარგ სამუშაოზე, გადავედი ახალ ბინაში და დავუმეგობრდი სხვა ახლგაზრდას. ჩვენ დავინიშნეთ. ამ დროს დედა ხშირ-ხშირად მნახულობდა. ყოველთვის მესაუბრებოდა ბიბლიაზე და მიგზავნიდა ჟურნალებს: „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მაგრამ მე არასოდეს ვკითხულობდი მათ. დედას მოვუყევი ჩემს გეგმებზე, რომ ვაპირებდი გათხოვებასა და ოჯახის შექმნას. ამ საუბრის შემდეგ დედამ გამომიგზავნა ისეთი წიგნი, რომელმაც მარადიულად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ეს იყო წიგნი — „მოაწყვე ბედნიერი ოჯახური ცხოვრება“.
როცა ეს წიგნი წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რა მინდოდა და მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება მას არასწორად ვეძებდი. როგორც იქნა გამიგეს, რას ვგრძნობდი და რა ხდებოდა ჩემს გულში. მე არ ვიყავი უცნაური პიროვნება იმის გამო, რა გრძნობებიც მქონდა — მე ნორმალური ვიყავი! მაგრამ პიროვნებამ, ვისზეც დავინიშნე, დამცინა, როდესაც ვუჩვენე წიგნი „ოჯახური ცხოვრება“ და ბიბლია. ის არ შეცვლილა, რაც აუცილებელი იყო, რომ ეგრძნო ოჯახური ბედნიერება. ამიტომ მძიმე გადაწყვეტილების წინაშე დავდექი — ან მასთან უნდა დავრჩენილიყავი, ან მიმეტოვებინა. ბოლოს გადავწყვიტე, რომ დრო იყო, დავშორებოდი.
ჩემი მეგობარი ძალიან განრისხდა. ერთხელ, როდესაც სახლში დავბრუნდი, ყველაფერი, რაც კი ჩასაცმელი მქონდა, ბრიტვით დაეჭრა. თითქმის ყველაფერი, რაც მქონდა, აღარ არსებობდა — ფეხსაცმელები, კოსტიუმები, ავეჯი — ზოგი დაგლეჯილ-განადგურებული დაეყარა, ზოგიც კიდევ გასაყიდად გაეტანა. ყველაფერი, რაც გამაჩნდა, იყო ის, რაც მეცვა. მინდოდა, მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი, სიკვდილს ვნატრობდი. ზოგჯერ ცხოვრებაში ძალიან იღლები ბრძოლით. ამიტომაც უბრუნდები იმას, რასაც ადრე აკეთებდი — ცდილობ, ტკივილები გაიყუჩო. გამოსავალი ან ეს, ან თვითმკვლელობა მეგონა.
მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკებს დავუბრუნდი, დედამ არ მიმატოვა. ის მოდიოდა და მოჰქონდა „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ერთ საღამოს, საუბრის დროს მოვუყევი, რასაც ვგრძნობდი — რომ დავიღალე ბრძოლით და უამრავი პრობლემის შემხედვარეს მეტი აღარ შემეძლო. მან უბრალოდ მითხრა: „შენ უკვე ყველაფერი მოსინჯე, მაგრამ იქნებ იეჰოვასთან სცადო დახმარების მიღება?“
ჭეშმარიტებით გადარჩენილი
ბოლოს, 1982 წელს დავთანხმდი დედას იმაზე, რასაც წლების მანძილზე მთხოვდა. სერიოზულად დავიწყე ბიბლიის შესწავლა. მალე დიდი აღტაცება ვიგრძენი იმით, რაც ვისწავლე. მივხვდი, რომ ჩემი სიცოცხლე ძვირფასი იყო იეჰოვასთვის და სიცოცხლის რეალური მიზანი ნამდვილად არსებობს. მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ, თუ იეჰოვასადმი მსახურება მსურდა, ბევრი ცვლილებები უნდა მომეხდინა და ძალიან მესაჭიროებოდა ემოციური და სულიერი მხარდაჭერა. ასე რომ, ვთხოვე დედას, სახლში დაბრუნების ნება დაერთო ჩემთვის.
დედამ წინდახედულობა გამოიჩინა, მას ახსოვდა, რომ არაერთხელ გავუცრუე იმედი. მან ქრისტიან უხუცესთან ისაუბრა ჩემს თხოვნაზე, რომ მასთან მსურდა დაბრუნება და ცხოვრება. როდესაც მან დაინახა, თუ რას გრძნობდა დედა და იმ დროს კარგი შესაძლებლობა არსებობდა ჩემს შესაცვლელად, უხუცესმა უთხრა: „კიდევ ერთხელ ხომ არ მისცემდი საშუალებას?“
საბედნიეროდ, ამჯერად დედას იმედები გავუმართლე. არ შემიწყვეტია ბიბლიის შესწავლა და რეგულარულად დავიწყე ქრისტიანულ შეხვედრებზე სიარული. იეჰოვას დახმარებით სავსებით შევცვალე წარსული ცხოვრების წესი. ბიბლიაში, ღვთის ჭეშმარიტ სიტყვაში, მოცემულმა რჩევამ შემაძლებინა, გადამეტანა მძიმე დღეები (იოანე 17:17). თავი დავანებე სიგარეტის წევას, რაც ჩემთვის უფრო ძნელი იყო, ვიდრე ჰეროინისა და კოკაინისგან გადაჩვევა. პირველად ვიგრძენი თავი სიხარულითა და სიცოცხლით აღსავსედ.
რამდენიმე თვის შემდეგ, 1983 წლის 24 დეკემბერს, იეჰოვასადმი მიძღვნის სიმბოლოდ წყალში მოვინათლე. ხოლო აპრილში დავიწყე დამხმარე პიონერობა, გაძლიერებული მსახურება. პირველად ძველი მეგობრები დამცინოდნენ, როდესაც სამქადაგებლო მსახურებაში დამინახეს. ეს სწორედ ისე მოხდა, როგორც პავლე მოციქული გვაფრთხილებდა: „უკვირთ მათ, რომ მათთან ერთად არ მისდევთ იმ უზომო გარყვნილებას, და გგმობენ“ (1 პეტრე 4:4).
სრული დროით პიონერი გავხდი 1984 წლის სექტემბერში და მალე დავიწყე ათი ყოველკვირეული ბიბლიის შესწავლის ჩატარება. ზოგ შესწავლას ვატარებდი იმ ადამიანებთან, რომლებმაც სამქადაგებლო მსახურების დასაწყისში დამცინეს. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი დღეები იყო, რადგან შემეძლო დავხმარებოდი ახალგაზრდებს ბიბლიის ჭეშმარიტების მთელი გულით მიღებაში. ყოველთვის მსურდა, მყოლოდა შვილი, გავმხდარიყავი დედა, ახლა კი, მეტაფორულად რომ ვთქვათ, შევიძინე სულიერი შვილები, რაც ჩემთვის მუდმივ სიხარულს წარმოადგენს (შეადარე 1-ლი კორინთელთა 4:15).
წლების განმავლობაში ჩემ სახლთან ახლოს, ქუჩაში ვხედავდი ჩემს ყოფილ მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ვიკეთებდი ნარკოტიკებს. რადგან ერთიმეორის გამოყენებულ ნემსებს ხმარობდნენ, შიდს-ით დაავადებულებისგან მათაც გადმოედოთ დაავადება და საშინლად გამოიყურებოდნენ. მრავალი დაიღუპა. ვიცი, მეც იგივე მეწეოდა ბიბლიის ჭეშმარიტება რომ არ დამხმარებოდა. ამან კი სიცოცხლე დამიბრუნა.
ტკივილისგან თავის არიდება
ხშირად მინატრია, რომ ბავშვობისას გამეგო ჭეშმარიტება და თავი ამერიდებინა ტანჯვითა და უბედურებებით სავსე ცხოვრებისთვის. ახლა იეჰოვა მეხმარება, გავუმკლავდე იმ ტკივილებს, რაც დაკარგული ახალგაზრდობით არის გამოწვეული, მაგრამ ლოდინი მომიწევს იმ ახალ ქვეყნიერებამდე, რომ საბოლოოდ შემიხორცდეს სულიერი ჭრილობები (გამოცხადება 21:3, 4). დღეს მთელი ძალებით ვცდილობ, ავუხსნა ახალგაზრდებს, თუ რამდენად კურთხეულები არიან, რომ იცნობენ იეჰოვას და აქვთ მისი ორგანიზაციისგან დახმარება, გამოიყენონ მისი სწავლებები.
წუთისოფელი, ერთი შეხედვით, დიდებული და სტუმართმოყვარე ჩანს. მას სურს, დაგარწმუნოს, რომ შეგიძლია ყოველგვარი ტკივილის გარეშე სიხარულით სავსე ცხოვრება მიიღო. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია. წუთისოფელი გამოგიყენებს და როდესაც ყველაფერს გამოგწოვს და აღარ დასჭირდები, წიხლს გკრავს. ბიბლიაში სიმართლეა ნათქვამი, რომ წუთისოფლის მმართველია ეშმაკი — ნამდვილად მისი ღმერთი — და ჩვენ არც წუთისოფელი უნდა გვიყვარდეს, და არც ის, რაც მასშია (იოანე 12:31; 14:30; 16:11; 2 კორინთელთა 4:4; 1 იოანე 2:15–17; 5:19). რადგანაც წუთისოფლის ადამიანები გახრწნილების მონები არიან, მათთან ურთიერთობა ვერ მოგიტანს ჭეშმარიტ ბედნიერებას (2 პეტრე 2:19).
ვიმედოვნებ, ჩემი თავგადასავალი სხვებსაც დაეხმარება, დაინახონ, რომ „ნამდვილი სიცოცხლე“ — მარადიული სიცოცხლე ღვთის ახალ ქვეყნიერებაში — სინამდვილეში, ერთადერთი სიცოცხლეა, რომლისკენ სწრაფვაც ნამდვილად ღირს. ჭეშმარიტებაში აღმაფრენისა და დაცემის მიუხედავად, ნუ ვიფიქრებთ, რომ სადაც არ ვართ, იქ უკეთესია, სატანის წუთისოფელში უკეთესი არ არსებობს. სატანა კი ცდილობს, ასე მოაჩვენოს ადამიანებს. სხვა ქრისტიან და-ძმებთან ერთად ვლოცულობ, რომ ყოველთვის ჩემი ყურადღების ცენტრში იყოს ნამდვილი სიცოცხლე, დიახ, დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლე (1 ტიმოთე 6:19) (გვიამბო დოლი ჰორიმ).
[სურათი 15 გვერდზე]
დედასთან ერთად ტომპკინსის პარკში ქადაგების დროს.