სიგარეტი — უარს ამბობ თუ არა მასზე?
ერი, რომელმაც ხელი შეუწყო მსოფლიოში სიგარეტის გამოყენების შემოტანას, პირველია მათ შორის, რომლებიც მისი გამოყენების საშიშროების შესახებ გაფრთხილებას იძლევიან.
„ამერიკის აღმოჩენამდე, — წერდა ერთი ისტორიკოსი, — თამბაქოს შესახებ არავითარი ისტორია არ არსებობდა“. პირველად კარიბის მცხოვრებლებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს. მისმა ექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმზტაუნი, ჩრდილოეთ ამერიკის პირველი მკვიდრი ინგლისელებით დასახლებული ქალაქი. თამბაქოს ვაჭრობამ ხელი შეუწყო ამერიკის რევოლუციის დაფინანსებას. აგრეთვე შეერთებული შტატების ადრინდელ პრეზიდენტებს: ჯორჯ ვაშინგტონსა და ტომას ჯეფერსონსაც მოჰყავდათ თამბაქო.
უფრო ახლო წარსულში ჰოლივუდი სიგარეტს რომანტიკულობის, მიმზიდველობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ იყენებდა. ამერიკელი ჯარისკაცები სიგარეტს იმ ქვეყნის ადამიანებს აძლევდნენ, რომლებშიც ომობდნენ. აგრეთვე ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში სიგარეტს „პარიზიდან პეკინამდე“ გაცვლა-გამოცვლის საგნად იყენებდნენ.
მაგრამ მდგომარეობა შეიცვალა. ამერიკის სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა 1964 წლის 11 იანვარს გამოსცა 387 გვერდიანი ნაშრომი მოწევის კავშირზე ემფიზემასთან, ფილტვის კიბოსა და სხვა დაავადებებთან. მალე ფედერალურმა კანონმა აუცილებლად ჩათვალა გაფრთხილება: „ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის“, რომელიც ამერიკაში გაყიდული ყველა სიგარეტის კოლოფზე ეწერა. ახლა, დადგენილია, რომ შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 434 000 ადამიანის სიკვდილის მიზეზი მოწევაა. ეს უფრო მეტია, ვიდრე უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში ომებში დაღუპულ ამერიკელთა რაოდენობა.
შეზღუდვების შემოტანა
ათ წელზე მეტი ხნის წინ ასპენის (კოლორადო), პოპულარული ზამთრის კურორტის, რესტორნებში აკრძალეს მოწევა. მას შემდეგ მოწევის აკრძალვა უფრო და უფრო საყოველთაო გახდა რესტორნების, სამუშაო ადგილებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების ზოგ განყოფილებებში. რამდენიმე წლის წინათ ერთმა კალიფორნიელმა ქალიშვილს ჰკითხა, თუ სად იყო ვირჯინიის რესტორნებში ის განყოფილებები, სადაც არ ეწეოდნენ. „მამი, — უპასუხა მან, — ეს თამბაქოს ქვეყანაა“. მაგრამ მომდევნო სტუმრობისას, იმ რესტორნების ნახევარ განყოფილებებში მოწევა უკვე აკრძალული იყო. ახლახანს კი მან ნახა, რომ რესტორნებში საერთოდ არ ეწეოდნენ.
მაგრამ მწეველებისთვის განცალკევებული ადგილების გამოყოფამ პრობლემა ვერ გადაჭრა. კალიფორნიის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარე შტატის მიერ დაფინანსებულ დიდ სარეკლამო დაფაზე დასმულია კითხვა: „როგორ ფიქრობთ, რჩება თუ არა სიგარეტის ბოლი მხოლოდ მოსაწევ განყოფილებაში“?
როცა ნიუ-იორკის უფრო დიდ რესტორნებში ოფიციალურად აიკრძალა მოწევა, რესტორნების მფლობელებმა პროტესტი განაცხადეს, ვინაიდან ეს მათ ჩამოაცილებდა ევროპიდან ჩამოსულ ტურისტებს, სადაც, როგორც ისინი ამბობენ, მწეველებს მაინცდამაინც არ ზღუდავენ. მაგრამ აკრძალვამდელმა შემოწმებამ ცხადყო, რომ ამერიკელთა 56 პროცენტისთვის უფრო სასურველია, წავიდეს ისეთ რესტორნებში, სადაც არ ეწევიან, მაშინ როცა 26 პროცენტი არ ისურვებდა ამის გაკეთებას.
ნიუ-იორკის მეტროში გამოკრულ დაფაზე არის წარწერა: „ნებისმიერ ენაზე ცნობა ერთი და იგივეა: გთხოვთ არასდროს არ მოსწიოთ არსად — არც სადგურებზე და არც მატარებელში. გმადლობთ“. დაფაზე ეს განაცხადი დაწერილია არა მხოლოდ ინგლისურად, არამედ 15 სხვა ენაზეც.
არის თუ არა მოწევის საკითხი ასე სერიოზული? დიახ. რომელიმე დიდ კატასტროფაში 300 ადამიანი რომ დაღუპულიყო, ახალ ამბებში ეს გადმოიცემოდა დღეების ან შესაძლოა კვირების განმავლობაშიც კი. მაგრამ „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალის“ (The Journal of the American Medical Association) სტატიაში ნათქვამია, რომ გამოკვლევის თანახმად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სხვა პიროვნებების სიგარეტის ბოლის შესუნთქვის შედეგად ყოველწლიურად 53 000 ამერიკელი კვდება. ფაქტიურად, ნათქვამია მასში, სხვა მწეველებისგან სიგარეტის ბოლის შესუნთქვა „სიკვდილის მესამე მიზეზი გახდა პირადად მოწევისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ, რომლის აცილებაც შესაძლებელია“.
ბავშვები — უმწეო მსხვერპლები
რა შეიძლება ითქვას სახლში მოწევის შესახებ? შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთ პუბლიკაციაში (Healthy People 200), სადაც დასახული იყო მიზნები, შეემცირებინათ „ნაადრევი სიკვდილიანობა, ზედმეტი დაავადებები და შრომისუუნარობა“, ნათქვამი იყო: „თამბაქოს გამოყენება შეერთებულ შტატებში ყოველი ექვსიდან ერთზე მეტი სიკვდილის მიზეზია და წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების სიკვდილისა და დაავადების ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რომლის აცილებაც შესაძლებელია“.
ის ამატებს: „ორსულობისას სიგარეტის მოწევა 20–30 პროცენტში იწვევს ნორმაზე ნაკლები წონის ბავშვების დაბადებას, 14 პროცენტში ნაადრევ მშობიარობასა და დაახლოებით 10 პროცენტში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას“. მასში ნათქვამია, რომ მწეველმა დედებმა შეიძლება შვილებს თამბაქოს ბოლის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები გადასცენ არა მარტო ძუძუთი კვების საშუალებითა და მასთან მოწევით, არამედ ბავშვის „იმ ოთახში შეყვანითაც, სადაც ცოტა ხნის წინ მოსწიეს“.
ამაში თავიანთი წვლილი მამებსაც შეაქვთ. იგივე პუბლიკაცია იძლევა რჩევას: „თუ ბავშვებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს უნდათ მოსწიონ, ისინი გარეთ ისეთ ადგილზე უნდა გავიდნენ, საიდანაც ჰაერი ბოლს იმ ადგილზე ვერ გადაიტანს, სადაც შეიძლება ბავშვი იმყოფება“. ზიანის მოტანის რისკი ბევრად იზრდება მაშინ, როცა ბევრი ადამიანი ეწევა იმ ოთახში, სადაც ბავშვია და, როცა თითოეული ადამიანი რამდენიმე სიგარეტს ეწევა. ამგვარად, შეერთებული შტატების სახელმწიფო ჯანდაცვის მთავარმა ექიმმა ჯასლინ ელდერსმა თქვა: „თქვენი შვილები თქვენი მავნე ჩვევების უდანაშაულო მსხვერპლები არიან“.
საფრთხეში არიან სხვა ადამიანებიც. კალიფორნიის სარეკლამო გადაცემაში ნაჩვენები იყო მარტოდმარტო მჯდარი მოხუცი მამაკაცი. ის ამბობდა, რომ მისი ცოლი დაჟინებით სთხოვდა, მიეტოვებინა მოწევა. „ის დამემუქრა კიდეც, რომ, თუ სიგარეტს თავს არ დავანებებდი, არ მაკოცებდა. მე ვუთხარი, რომ ის არის ჩემი ფილტვები და ჩემი სიცოცხლე. მაგრამ მე მართალი არ ვიყავი. სიგარეტს თავი არ დავანებე. არც კი მესმოდა, რომ სიცოცხლე, რომელსაც ვკარგავდი ჩემი არ იყო. . . ეს მისი სიცოცხლე იყო“. მოხუცი სინანულით დაჰყურებს მის სურათს და ამატებს: „ჩემი ცოლი იყო ჩემი სიცოცხლე“.
თვალსაზრისის ცვლილება
მსგავსმა გაფრთხილებებმა დიდი წვლილი შეიტანა შეერთებულ შტატებში მოწევის შემცირებაში. ამერიკელ მწეველთა საოცრად დიდმა რაოდენობამ, დაახლოებით 46 მილიონმა, მთელი მწეველების 49,6-მა პროცენტმა, თავი დაანება სიგარეტს.
მაგრამ თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს რეკლამებისთვის გადასახდელად საკმაოზე ბევრად მეტი ფული აქვთ და ისინი უკან არ იხევენ. მწეველთა რაოდენობის შემცირების ზრდა შენელდა. ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ნარკოლოგიური ცენტრის თანამშრომელმა იოსებ ა. კალიფანომ (უმცროსმა) თქვა: „საზოგადოების ჯანმრთელობისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს თამბაქოს ინდუსტრიის მიერ რეკლამების გამოყენება და მარკეტინგი, რაც ბავშვებისა და მოზარდებისკენაა მიმართული, რომლებიც მათი მომაკვდინებელი პროდუქციის გამსაღებელ მწეველთა ახალ ჯგუფს წარმოადგენენ“.
„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში“ (The Journal of the American Medical Association) ნათქვამი იყო: „ყოველდღიურად დაახლოებით 3 000 ახალგაზრდა, უმეტესწილად, ბავშვები და მოზარდები, რეგულარული მწეველები ხდებიან. ეს აჩვენებს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ახალი მწეველი ცვლის იმ 2 მილიონის ადგილს, რომლებიც თავს ანებებენ მოწევას ან კვდებიან“.
შეერთებულ შტატებში ნახევარზე მეტი მოწევას 14 წლის ასაკში იწყებს. შეერთებული შტატების კვებისა და მედიკამენტების გამგეობის უფლებამოსილმა წევრმა დევიდ კესლერმა თქვა, რომ იმ 3 000 ბავშვიდან, რომლებიც ყოველდღიურად იწყებენ მოწევას, მისგან გამოწვეული დაავადებების შედეგად ბოლოს თითქმის 1 000 კვდება.
თუ ასეთი სტატისტიკური მონაცემები შენში შეძრწუნებას იწვევს, კარგი იქნებოდა ყოველთვის გვხსომებოდა, რომ ბავშვები ჩვენს მაგალითს ბაძავენ. თუ გვინდა, რომ მათ არ მოსწიონ, ჩვენც არ უნდა გავაკეთოთ ეს.
ოკეანის გაღმა ვაჭრობა
თუმცა შეერთებულ შტატებში თამბაქოს მოხმარება შემცირდა, უცხოურ ბაზრებზე ის იზრდება. ერთ-ერთ გაზეთში (Los Angeles Times) აღნიშნული იყო, რომ „ექსპორტი სამმაგზე უფრო მეტი გახდა და შეერთებული შტატებიდან საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვა დიდად გაიზარდა“. სხვა ჟურნალში (The New England Journal of Medicine) ნათქვამია, რომ განვითარებად ქვეყნებში „ნაკლები ყურადღება ექცევა მოწევასთან დაკავშირებულ საშიშროებას“, რაც თამბაქოს კომპანიებს საშუალებას აძლევს, „თავისუფლად შეაღწიონ საზღვარგარეთის ბაზრებზე“.
მაგრამ პატრიკ რეინოლდზმა, რ. ჯ. რეინოლდზის (უმცროსი) შვილმა და იმ კომპანიის დამაარსებლის შთამომავალმა, რომელიც აწარმოებს სიგარეტებს „ქემელსა“ და „ვინსტონს“, თქვა, რომ შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის 5 შემთხვევიდან 1 მოწევასთანაა დაკავშირებული. მან აგრეთვე აღნიშნა, ყოველწლიურად სიგარეტის მოწევა უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს, ვიდრე კოკაინი, ალკოჰოლი, ჰეროინი, ხანძარი, თვითმკვლელობა, მკვლელობა, შიდს-ი და ავტოკატასტროფები ერთად აღებული; ის არის ჩვენს ერაში სიკვდილის, დაავადებებისა და ნარკომანიის მიზეზთაგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული ფაქტორი, რომლის აცდენაც შესაძლებელია.
გვეუცხოება არა, რომ ერი, რომელმაც ხელი შეუწყო მსოფლიოში მოწევის შემოღებას, ახლა მზარდ ეროვნულ ოპოზიციას ავლენს თამბაქოს მიმართ? თუ ასეა, კარგი იქნებოდა საკუთარი თავისთვის დაგვესვა კითხვა: „ვის უნდა სცოდნოდა ყველაზე უკეთესად ამ თითქოსდა პარადოქსის პასუხი?“
ერთ-ერთი ჟურნალი (Modern Maturity) ყვება ქალის შესახებ, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა. ამ ქალმა აღნიშნა: „როცა რაღაცას ძალიან ეჩვევი, მახეში ებმები“. მაგრამ მან თავიდან მოიშორა მოწევასთან დაკავშირებული სასიამოვნო ზმანებები, რის გამოც მოწევა დაიწყო, რადგან გააანალიზა მისი გაგრძელების მიზნით მომიზეზებული ფაქტორები და შეწყვიტა მოწევა.
„ეცადე, თავი დაანებო მოწევას, შენ შესანიშნავად იგრძნობ თავს“, — წერდა ის.
[ჩანართი 21 გვერდზე]
„გამოთვლილია, რომ 1990-იან წლებში განვითარებად ქვეყნებში თამბაქოს გამოყენება იქნება 35-დან 69 წლამდე ასაკის ადამიანთა სიკვდილიანობის 30 პროცენტის მიზეზი და ნაადრევი სიკვდილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი განვითარებულ ქვეყნებში“. (NEW ENGLAND JOURNAL OF MEDICINE)
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
გაფრთხილება კიბოს შესახებ
ქვემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებები მოყვანილია ამერიკის კიბოს საზოგადოების ბროშურიდან „ცნობები ფილტვის კიბოს შესახებ“ (Facts on Lung Cancer) და „სტატისტიკა კიბოს შესახებ, 1995 წელი (Cancer Facts Figures — 1995):
• „ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი 35 პროცენტით მაღალია იმ ქალებში, რომლებიც თვითონ არ ეწევიან, მაგრამ ქმრები ეწევიან“.
• „ფილტვის კიბო მამაკაცების დაახლოებით 90 პროცენტში და ქალების 79 პროცენტში სიგარეტის მოწევითაა განპირობებული“.
• „დღეში 2 კოლოფი სიგარეტის მწეველებისთვის, რომლებიც 40 წელზე მეტია, რაც ეწევიან, ფილტვის კიბოსგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი 22-ჯერ მაღალია, ვიდრე მათ შორის, რომლებიც არ ეწევიან“.
• „ფილტვის კიბოსგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა, საერთოდ არ დაიწყო მოწევა ან დაუყოვნებლივ მიატოვო“.
• „არ არსებობს უვნებელი სიგარეტი“.
• „საღეჭი თამბაქოს ან ბურნუთის გამოყენება პირის, ხორხის, ხახისა და საყლაპავი მილის კიბოთი დაავადების საშიშროებას ზრდის, აგრეთვე ახასიათებს მიჩვევა“.
• „ლოყისა და ღრძილის კიბოს განვითარების საშიშროება თითქმის ორმოცდაათჯერ დიდია ბურნუთის ხანგრძლივად გამომყენებელთა შორის“.
• „ადამიანები, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს, ასაკის მიუხედავად, უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც განაგრძობენ. მწეველებს, რომლებმაც 50 წლის ასაკამდე დაანებეს თავი სიგარეტს, მომდევნო 15 წლის განმავლობაში სიკვდილის საფრთხე გაუნახევრდათ მათთან შედარებით, რომლებიც განაგრძობდნენ მოწევას“.
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
ფერმერთა დილემა
თამბაქო საარსებო წყაროა იმ ფერმერთა მთელი რიგი თაობებისთვის, რომელთა ფერმები იმდენად პატარებია, რომ ნებისმიერი სხვა მცენარის მოყვანა ვერ უზრუნველყოფს მათ აუცილებელი ყოველდღიური მოთხოვნილების საგნებით. ეს ფაქტი აშკარად მრავალ პიროვნებას სინდისის ქენჯნის პრობლემას უქმნის. თამბაქოს მაგნატის მიერ დაარსებული დიუკის უნივერსიტეტის თეოლოგიური ეთიკის პროფესორმა სტანლეი ჰაურვეზმა თქვა: „ჩემი აზრით, იმ ხალხს, რომლებსაც თამბაქო მოყავთ, ტანჯავს ის, რომ. . . როცა მათ თამბაქოს მოყვანა დაიწყეს, არ იცოდნენ, რომ ეს ვინმეს მოკლავდა“.
[სურათი 23 გვერდზე]
ბოლი არ რჩება მხოლოდ მწეველთათვის გამოყოფილ ადგილზე.
[სურათი 23 გვერდზე]
ორსულობის დროს მოწევა არის ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 10 პროცენტის მიზეზი.