უნდა გვახსოვდეს წარსული?
„შეუძლიათ იუდეველებს ჰოლოკაუსტის დავიწყება?“ — წამოჭრა კითხვა სან-ანტონიოს (ტეხასი) ამერიკელ მექსიკელთა კულტურის ცენტრის პრეზიდენტმა ვირჯილ ელიზონდომ. ეს შეგვახსენებს, რომ ამ საუკუნის საშინელებებმა ადამიანთა მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მეოცე საუკუნის საშინელებებს შორის სომეხთა გენოციდი (1915—1923) და კამბოჯელთა მასობრივი მკვლელობებიც (1975—1979) უნდა მოვიხსენიოთ. მაგრამ ეს არ არის სრული სია.
მსხვერპლებისა და მწვალებლების შერიგების მიზნით რელიგიურ და პოლიტიკურ წინამძღოლებს არაერთხელ მოუწიათ, ხალხისთვის ეთხოვათ, დაევიწყებინათ საშინელი მოვლენების სიმწარე. მაგალითად, ეს მოხდა ძვ. წ. 403 წელს ათენში (საბერძნეთი). არც ისე დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ქალაქი „ოცდაათი ტირანის“ სასტიკი ოლიგარქიული რეჟიმის დამხობის მოწმე გახდა — რეჟიმისა, რომელიც სასტიკად უსწორდებოდა და ფიზიკურადაც კი სპობდა თითქმის ყველა მოწინააღმდეგეს. ახალმა მთავრობამ სამოქალაქო სიმშვიდის აღდგენის მიზნით წინა ტირანიის მომხრეებისთვის ამნისტიის (ამ სიტყვის ბერძნული მნიშვნელობაა „დავიწყება“, „პატიება“) შესახებ ბრძანებულება გამოსცა.
შეიძლება პატიება ბრძანებულების გამოცემით?
შედარებით ადვილია ბრძანებულების გამოცემით ეცადო, უდანაშაულო ადამიანთა გონებიდან ამოშალო ჩადენილი საშინელებები. მთავრობამ შეიძლება ეს პოლიტიკური მოსაზრებით გააკეთოს, როგორც ეს ძველ საბერძნეთსა და მეორე მსოფლიო ომის დასასრულისას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა. მაგალითად, 1946 წელს იტალიაში ამნისტიით გათავისუფლდა 200 000-ზე მეტი მოქალაქე, რომლებსაც, „მეტ-ნაკლებად, ბრალი მიუძღოდათ ფაშისტური რეჟიმის დროს ჩადენილ ბოროტმოქმედებებში“, — აღინიშნა ერთ-ერთ გაზეთში (La Repubblica).
მაგრამ ერთია მთავრობის ან სახალხო ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სრულიად სხვა — საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის აზრი. შეუძლებელია ბრძანებულების გამოცემით აიძულო ცალკეული მოქალაქე — შესაძლებელია, დაუნდობელი კონფლიქტების, ხოცვა-ჟლეტის ან სხვა სისასტიკეების უმწეო მსხვერპლი — დაივიწყოს გადატანილი ტანჯვა-წამება.
მხოლოდ მიმდინარე საუკუნეში ას მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომებში; მათგან მრავალი საშინელი წამებით მოკვდა. თუ ამას დავუმატებდით მშვიდობიან პერიოდში დახოცილთა რაოდენობას, საშინელებების რიცხვი საკმაოდ გაიზრდებოდა. მრავალი ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხდარი საშინელებებიდან არაფერი იქნეს დავიწყებული.
ვისაც წარსული მოგონებების აღმოფხვრა სურს
ადამიანები, რომლებიც იმ საშინელებების მსხვერპლებს ან მათ შთამომავლებს პატიებისა და დავიწყებისკენ მოუწოდებენ, ხშირად ამტკიცებენ, რომ წარსულის გახსენება მხოლოდ განხეთქილების წყაროა, განსაკუთრებით, თუ მომხდარი საშინელების შემდეგ ათწლეულებია გასული. ისინი ამბობენ, რომ პატიება გამაერთიანებლად მოქმედებს, ხოლო წარსულის გახსენება უკან ვერ დაატრიალებს ისტორიის ბორბალს, როგორიც უნდა იყოს იმ ტრაგიკული მოვლენებით გამოწვეული ტანჯვა-წამება.
მაგრამ წარსულის დავიწყების მცდელობაში ზოგი იქამდე მიდის, რომ უარყოფს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უსაშინელესი ბოროტმოქმედებების რეალურობას. თვითმარქვია რევიზიონისტი ისტორიკოსების წაქეზებით ზოგი აცხადებს, რომ ჰოლოკაუსტი არასოდეს ყოფილაa. მათ სიკვდილის ყოფილი ბანაკების, მაგალითად ოსვენციმისა და ტრებლინკის, დათვალიერებასაც გაუწიეს ორგანიზება და დამთვალიერებლებს ეუბნებოდნენ, რომ ამ ადგილებში არასოდეს ყოფილა გაზის კამერები, და ყოველივე ამას აკეთებენ მრავალი თვითმხილველისა და მტკიცებებისა თუ დოკუმენტების მთელი გორების არსებობის მიუხედავად.
რატომ სარგებლობს წარმატებით გარკვეულ წრეებში რევიზიონისტების ასეთი ცრუ იდეები? იმიტომ რომ ზოგი არჩევს დაივიწყოს როგორც თავისი, ისე საკუთარი ხალხის პასუხისმგებლობა. რატომ? ნაციონალიზმის, საკუთარი იდეოლოგიის, ანტისემიტიზმის ან სხვა მსგავსი საკითხების გამო. რევიზიონისტების მსჯელობის თანახმად, როგორც კი საშინელებები დავიწყებას მიეცემა, მათზე პასუხისმგებლობაც მოიხსნება. მაგრამ მრავალი ადამიანი ენერგიულად ეწინააღმდეგება ამ არასერიოზულ რევიზიონისტებს, რომლებსაც ერთმა ფრანგმა ისტორიკოსმა „მოგონებების მკვლელები“ უწოდა.
ისინი ვერ ივიწყებენ
გადარჩენილებისთვის, რა თქმა უნდა, ძალზე ძნელია, დაივიწყონ ომის ან სხვა საშინელებების დროს დაღუპული საყვარელი პიროვნებები. მაგრამ უმეტესობა იმ მიზნით არ ივიწყებს მომხდარ ხოცვა-ჟლეტასა და გენოციდს, რომ როგორც მათ, ისე მათთვის საყვარელი პიროვნებების მიერ გადატანილი ტანჯვა-წამება სარგებლობის მომტანი გაკვეთილი იყოს მსგავსი სისასტიკის გამეორების არიდებაში.
ამიტომ გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ აღენიშნა იმ საშინელებების სააშკარაოზე გამოტანის იუბილე, რომლებსაც ნაცისტები სჩადიოდნენ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში. გერმანიის პრეზიდენტის ნათქვამის თანახმად, ეს იმ განზრახვით გაკეთდა, რომ ამის შესახებ „ხსოვნა შემონახულიყო როგორც გაფრთხილება მომავალი თაობებისთვის“.
მსგავსად ამისა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 50-ე წლისთავის იუბილეზე პაპმა იოანე პავლე II-მ აღნიშნა: „რაც დრო გადის, ომის შესახებ მოგონებები არ უნდა გახუნდეს; პირიქით, ისინი ჩვენი და მომავალი თაობებისთვის მკაცრი გაკვეთილი უნდა იყოს“. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კათოლიკურ ეკლესიას ყოველთვის არ ახსოვს იმ წლების საშინელებები და მსხვერპლები.
იმ მიზნით, რომ ამ და სხვა საუკუნეების განმავლობაში მომხდარი გენოციდი ახალი თაობებისთვის გაკვეთილი და გაფრთხილება იყოს, დაარსდა მრავალი დიდი მუზეუმი, მაგალითად „ჰოლოკაუსტის მემორიალური მუზეუმი“ (ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი) და „ბეიტ ჰაშოეს შემწყნარებლობის მუზეუმი“ (ლოს-ანჯელესი). ამავე მიზნით ამ თემაზე გადაღებულ იქნა მრავალი ამაღელვებელი დოკუმენტური და სხვა ფილმები. ყოველივე ეს იმის მცდელობაა, რომ ადამიანებმა არ დაივიწყონ ერთი ხალხის მიერ მეორისადმი მიყენებული ტანჯვა-წამება.
რისთვისაა საჭირო დამახსოვრება?
„წარსულის დამვიწყებელი შეცდომას კვლავ გაიმეორებს“, — წერდა ამერიკელი ესპანელი ფილოსოფოსი ჯორჯ სანტაიანა. სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში კაცობრიობამ არაერთხელ დაივიწყა ადვილად წარსული და გაიმეორა დაშვებული შეცდომები.
ადამიანების მიერ ჩადენილი მასობრივი მკვლელობების ხანგრძლივი და საშინელი შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანის ადამიანზე ბატონობამ აბსოლუტური კრახი განიცადა. რატომ ხდება ასე? ადამიანები გამუდმებით იმეორებენ ერთსა და იმავე ძირითად შეცდომას — უარყოფენ ღმერთსა და მის კანონებს (დაბადება 3:1–6; ეკლესიასტე 8:9). დღესაც სწორედ ისე, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, ‘უკუღმართი თაობა’ იმავეს აკეთებს და შედეგებსაც იმკის (ფილიპელთა 2:15; ფსალმუნი 91:8; 2 ტიმოთე 3:1–5, 13).
ვინაიდან საუბარში შემოქმედი, იეჰოვა, ჩავრთეთ, გავიგოთ, როგორია მისი თვალსაზრისი. რას ივიწყებს ის და რა ახსოვს? შეიძლება ადამიანების მიერ ჩადენილი საშინელებების მტკივნეული მემკვიდრეობის დაძლევა? ‘შეწყდება ბიწიერთა ბოროტება’? (ფსალმუნი 7:10).
[სქოლიო]
a რევიზიონისტი ისტორიკოსების მტკიცებების მცდარობის დამადასტურებელი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ სტატია „ჰოლოკაუსტი — დიახ, ის ნამდვილად მოხდა!“, რომელიც გამოქვეყნებულია 1989 წლის 8 აპრილის ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 4–8 (ინგლ.).
[ჩანართი⁄სურათები 7 გვერდზე]
„წარსულის დამვიწყებელი შეცდომას კვლავ გაიმეორებს“ (ჯორჯ სანტაიანა).
ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის კრემატორიუმი და ჰაერღუმელი.
[საავტორო უფლება]
Oświęcim Museum