მკითხველთა წერილები
საინფორმაციო ციებ-ცხელება მადლობას მოგახსენებთ სტატიებიის სერიისთვის „საინფორმაციო ციებ-ცხელება — რა გავლენას ახდენს შენზე?“ (1998 წლის 8 იანვარი). მიყვარს კითხვა, მაგრამ მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მიჩნდებოდა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი. ეს სტატიები გაწონასწორებული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში დამეხმარა.
მ. ე. (იტალია)
დიდად ვაფასებ ასეთი ამომწურავი ინფორმაციის მქონე სტატიებს. მოხარული ვიქნებოდი, თუ ნებას დამრთავდით, შესავალი სტატია საინფორმაციო ბუკლეტში გამომექვეყნებინა ჩვენი განათლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიის ასოციაციისთვის. დღეს ეგრეთ წოდებული საინფორმაციო სუპერმაგისტრალი გადატვირთულია და ასეთი სტატიები ადამიანს სწორ ინფორმაციას აძლევს, რომ შეძლოს გამკლავება ინფორმაციის ეპოქასთან.
ჯ. დ. (განა)
სტატიის გამოქვეყნებაზე ნება დართულ იქნა (რედ.).
ღვთის შიში? არ შემიძლია არ გამოვხატო აღფრთოვანება სტატიისთვის „როგორ შეგიძლია გეშინოდეს სიყვარულის ღმერთის?“ რუბრიკით „ბიბლიის თვალსაზრისი“ (1998 წლის 8 იანვარი). გარკვეული დროის განმავლობაში სწორედ ამ საკითხზე ვფიქრობდი. მესმოდა, რომ ღვთის შიში ნიშნავდა მოკრძალებულ შიშს, ვაითუ ვერ ვასიამოვნოთ მას. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამ საკითხის უფრო საფუძვლიანად გაგება მჭირდებოდა. შემდეგ წავიკითხე ეს სტატია, რომელშიც საკმაოდ დამაკმაყოფილებლადაა განხილული, თუ რას ნიშნავს ღვთის შიში.
მ. ჯ. ტ. (აშშ)
უსამართლობა გამოსწორებულია გმადლობთ სტატიისთვის „ევროპის სასამართლო უსამართლობას ასწორებს“ (1998 წლის 8 იანვარი). იმის მოსმენამ, რომ ჩვენი ძმები სასამართლოში ცხადდებოდნენ, რათა სამხედრო სამსახურში არ მიეღოთ მონაწილეობა, გამახსენა, თუ როგორ მოიპოვეს ძმებმა კვირაობით კარდაკარ მსახურების უფლება. ასეთი ცნობები მეხმარება, არასოდეს მივიჩნიო ეს უპირატესობა ჩვეულებრივ რამედ.
ს. ვ. (აშშ)
ინკები სტატიის „როგორ დაკარგეს ინკებმა ოქროს იმპერია“ (1998 წლის 8 იანვარი) წაკითხვის შემდეგ დიდი მადლიერება უნდა გამოვთქვა ინკების სევდიანი ისტორიისთვის. სტატია ლამაზად არის ილუსტრირებული. თქვენი, როგორც იეჰოვას მოწმეების, მონდომება, აუწყოთ მანუგეშებელი ცნობა ინკების შთამომავლებს, უეჭველად დიდ ნუგეშს მოუტანს მათ. მადლობა ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“ სიმართლის წერისთვის.
ს. ბ. (ნიგერია)
ათი წლის ვარ და მადლობა მინდა მოგიხადოთ ამ სტატიისთვის. გამაოცა იმის გაგებამ, თუ რამდენ კილომეტრზე გაიყვანეს ინკებმა გზა. აგრეთვე მომეწონა ცნობების გადაცემის მეთოდი.
ფ. კ. (აშშ)
შვილები ცალკე გადადიან მადლობელი ვარ სტატიების სერიისთვის „როდესაც შვილები ცალკე გადადიან“ (1998 წლის 8 თებერვალი). ჩემთვის ძნელია და მტკივნეული, როცა საყვარელ შვილებს ცალკე გადასვლის ნებას ვაძლევ. მიუხედავად ამისა, მართალი ბრძანდებით. რაც დრო გადის და უკეთ აფასებ სიტუაციას, მით უფრო გიადვილდება შვილების გარეშე ცხოვრება. მშობლებს შეგვიძლია ცოლ-ქმრული კვანძების განახლება.
ა. ე. (კანადა)
ეს სტატიები ჩემს ლოცვებზე პასუხი იყო. შვილების ცალკე გადასვლამ შეიძლება სიმწარე და კონფლიქტი გამოიწვიოს. მაგრამ ამ სტატიაში მოცემული კარგი რჩევის გამოყენებით შეიძლება მშვიდობამ და სიყვარულმა გაიმარჯვოს.
პ. ნ. (საფრანგეთი)
მივხვდი, რომ ეს სტატიები განსაკუთრებით მე მეხებოდა. ახლახან სახლიდან წავედი, რომ მემსახურა იმ მხარეში, სადაც კეთილი ცნობის სრული დროით მქადაგებლებს საჭიროებდნენ. სტატიები დამეხმარა გამეგო, თუ რას გრძნობდნენ ჩემი მშობლები, და დამეძლია დანაშაულის გრძნობა, რომელსაც მათი დატოვებით განვიცდიდი. გარდა ამისა, გამოვიყენებ რჩევას, რომელიც მოცემულია ჩარჩოში, სათაურით „რჩევა სრულწლოვან შვილებს — დაეხმარეთ მშობლებს დაშორებისას“. თუმცა მშობლებისგან ძალიან შორს ვიმყოფები, შევძლებ, რომ თავი მათთან ახლოს წარმოვიდგინო. გმადლობთ ასეთი სტატიებისთვის, რომლებიც დროულად ქვეყნდება.
ჯ. უ. (იტალია)