ვასკო და გამას სახელობის ხიდი
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან პორტუგალიაში
პორტუგალიაში გაზეთები აჭრელებული იყო ცნობით, რომ ფუიერვერკით ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ერთ-ერთი საკმაოდ გრძელი ხიდი. ვასკო და გამას სახელობის 17,2-კილომეტრიანი ხიდი — 1998 წლის 29 მარტს. ის XV საუკუნის იმ პორტუგალიელი ზღვაოსნის სახელს ატარებს, რომელმაც დასავლეთ ევროპას ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზა გაუხსნა. ვასკო და გამას სახელობის ხიდი გზას ხსნის პორტუგალიის ინდუსტრიული ჩრდილოეთისკენ, სამხრეთის თეთრ სანაპიროებსა (ალგარვი) და ესპანეთისკენ.
მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ხიდი გადებულია მდინარე ტახოს დელტაზე, პორტუგალიის დედაქალაქიდან (ლისაბონი) სამხრეთის სანაპირო ქალაქ მონტიჟუმდე. ხიდის 826-მეტრიანი კიდული ნაწილი მისგან 45 მეტრის ქვემოთ დიდ გემებს მოძრაობის საშუალებას აძლევს.
ზეიმის დასაწყისი
ოფიციალურ გახსნამდე ერთი კვირით ადრე ცერემონია დიდი საზეიმო სუფრით დაიწყო. ზეიმმა პიკს კვირას, 22 მარტს, მიაღწია, როდესაც 15 000 სტუმარს გაუმასპინძლდნენ პორტუგალიელთა ტრადიციული კერძით, „ფეიჟუადუთი“ (მოშუშული შავი ლობიო). სად მოთავსდა ამდენი ხალხი? ცხადია, ახალ ხიდზე! წარმოიდგინეთ, რა სანახაობა იქნებოდა 5 კილომეტრზე გაშლილი სუფრა! საზეიმო ვახშამმა შესანიშნავად ჩაიარა და ხალხიც მასპინძლობის მადლიერი დარჩა.
მეტი მოთხოვნილებები
რატომ გახდა ასეთი ხიდის აგება აუცილებელი? ლისაბონში 1966 წლიდან სარგებლობდნენ 1 013-მეტრიანი 25 აპრილის სახელობის კიდული ხიდით. დღის განმავლობაში მასზე საშუალოდ 130 000 ავტომობილი გადადიოდა. წარმოიდგინეთ, რა გადატვირთული იქნებოდა ხიდი პიკის საათებსა და დასვენების დღეებში! მგზავრებისთვის უჩვეულო არ იყო ერთი ან ორი საათის დახარჯვა ამ ხიდზე გადასვლისას, რომელიც ლისაბონს სამხრეთ პორტუგალიასთან აკავშირებს. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო გამოსავლის ნახვა. ახალი ექვსმაგისტრალიანი ხიდი, რომელიც მდინარის საპირისპირო მიმართულებით ძველი ხიდიდან 13 კილომეტრის მოშორებით ააგეს, მართლაც რომ მისწრებაა. ხიდი ისეა აგებული, რომ, როცა დღეში მასზე მოძრავი ავტომობილების ოდენობა 52 000-სს აღწევს, ყოველი მიმართულებით დამატებითი რიგები იხსნება. როგორც იმედოვნებენ, ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდება 100 კმ/სთ სიჩქარით.
ხიდზე გადასვლა
წარმოიდგინეთ, რომ ხიდისკენ სამხრეთიდან, ქალაქ მონტიჟუდან, მივემართებით. უკან ვტოვებთ ხმელეთსა და ჭანჭრობს; ხიდზე უკვე 10 კმ. გავიარეთ. მდინარე ადიდებულია და, სადაც უნდა გაიხედო, ყველგან წყალია. გზა სპეციალურად ისეა დაგებული, რომ ავტომობილი არ მოცურდეს; ხიდის მთელ სიგრძეზე 1 500 ბურჯია ჩამწკრივებული და ყოველივე ეს უსაფრთხოების გრძნობას უძლიერებს მგზავრს.
ახლა უკვე ხიდის კიდულ მონაკვეთზე ვართ. ეს ნაწილი უჭირავს ძლიერ ბაგირებს, რომლებიც ტრიუმფალური იალქნებივითაა გადმოშვებული 150 მეტრი სიმაღლის ორი პილონიდან. საყრდენი ბურჯების საძირკვლის სიღრმე 50—65 მეტრია. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ხიდი ისეა აგებული, რომ 220 კმ/სთ სიჩქარის ქარსა და იმაზე ოთხნახევარჯერ ძლიერ მიწისძვრას გაუძლოს, რომელმაც 1755 წელს ლისაბონის დიდი ნაწილი გააპარტახა.
ახლა ვასკო და გამას სახელობის ხიდის ბოლოს ვუახლოვდებით; ჩვენს თვალწინ ლისაბონის პალმის ხეების პეიზაჟი იშლება. სურვილისამებრ გზა შეგვიძლია ქვეყნის ჩრდილოეთისკენ მიმავალი ავტომაგისტრალით გავაგრძელოთ. ეს ახალი ხიდი საშუალებას გვაძლევს, თავი ავარიდოთ ლისაბონის გადატვირთულ მოძრაობას და ყოველგვარი წვალების გარეშე შესანიშნავი მაგისტრალით გავემგზავროთ ალგარვიდან ჩრდილოეთით, მინიუსკენ.
უსაფრთხოების ზომები
ამ ხიდის აშენებისას დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების ზომებს. აქ, უბრალოდ, ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლამ შეიძლება ტრანსპორტის საშინელი ჭედვა გამოიწვიოს. მაგრამ 87 ვიდეოკამერით, რომლებიც გონივრულადაა განთავსებული ხიდსა და მის მისადგომებზე, წესრიგის ნებისმიერი დარღვევა პოლიციის განყოფილებისა და მოძრაობის კონტროლგამწევი ცენტრის მონიტორებზე გადაიცემა. ნებისმიერი ავტომობილის გაჩერებისას საკონტროლო ოთახში საგანგაშო სიგნალი ირთვება.
ამასთანავე, 17 კილომეტრის მანძილზე ყოველ 400 მეტრში დგას ტელეფონი (სულ 36 წყვილი), რომელთა საშუალებითაც, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დახმარების თხოვნა. როგორ მოქმედებს დახმარების სისტემა? არსებობს სპეციალური ავტომობილები, რომლებიც მუდმივად მიმოდიან ხიდზე, რომ საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიონ ყველას (მაგალითად, ხანძარი ჩააქრონ და გაჩერებული ავტომობილი ბუქსირით წაიყვანონ).
რა შეიძლება ითქვას ამინდის ძლიერ ცვალებადობაზე? ორი მეტეოროლოგიური სადგური ზომავს ქარის სიჩქარეს, ძალასა და მიმართულებას, ადგენს ამინდის პროგნოზს, გზის მდგომარეობას და ატმოსფერული მდგომარეობის მიხედვით ადგენს ხიდზე ავტომობილის მოძრაობის სიჩქარის საზღვრებს.
სიმეტრიული ხიდის სილამაზე უფრო იკვეთება ღამის განათებისას, როდესაც გაჩახჩახებულია 1 200 ლამპიონი.
ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები
ახალი ხიდის ადგილმდებარეობის შერჩევა არ იყო იოლი. რატომ?
ეკოლოგიის საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო; ხიდს უნდა გადაეკვეთა დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ დიდ დელტაზე ფრინველთა ბუნებრივი სადგომი. ფართო გამოკვლევები ჩატარდა, რომ ზომები მიეღოთ წყლისა და ჰაერის სისუფთავის, ფლორის, თევზების, ფრინველების, არქეოლოგიური მონაპოვრებისა და ასობით ჰექტარზე გადაჭიმული მლაშობი ნიადაგების დასაცავად. რატომ იზიდავდა ტახოს დელტა გარეულ ცხოველებსა თუ ფრინველებს? ეს მხოლოდ პორტუგალიაში კი არა, მთელ ევროპაში ყველაზე ტენიანი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზონაა, რომელიც იდეალურ პირობებს უქმნის გადაშენების პირას მისულ სეზონურად გადამფრენ ფრინველებს. შემოდგომაზე და ზამთარში ათასობით ფრინველი აფარებს თავს ამ ჭაობიან და მლაშობ ადგილს.
გასათვალისწინებელი იყო დიდი ხნის თევზსაშენი ტბორებიც. დამატებითი ზომები იქნა მიღებული, რომ, რაც შეიძლება ნაკლებად შეხებოდნენ თევზს. თევზსაშენი ტბორების თვის მეთვალყურეობის გაწევის მიზნით, სამი ათას თევზს დაადეს ნიშანი.
ცხოველთა ეს პატარა წყნარი ბუნებრივი სამყარო მოულოდნელად ქალაქს დაუკავშირდა. რა გავლენას მოახდენს ეს მის ბუნებრივ პირობებზე? როგორც იმედოვნებენ, სამხრეთის შესანიშნავი სანაპიროს დასაცავად მიღებული ზომები მაქსიმალურად შეინარჩუნებს ნაკრძალის ბუნებრივ რესურსებს.
ვასკო და გამას სახელობის ხიდი მშენებლობის წინსვლის მართლაც რომ დიდებული ნიმუშია თავისი არქიტექტურული სილამაზითა და სიმეტრიით. პორტუგალიისთვის ნამდვილად საამაყოა ვასკო და გამას სახელობის ხიდი!
[რუკები⁄სურათი 23 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პორტუგალია
ესპანეთი
[რუკა]
პორტუგალია
ლისაბონი
მონტიჟუ
ვასკო და გამას სახელობის ხიდი
[საავტორო უფლება]
Courtesy of Lusoponte/Sonomage