ნამდვილად ენიჭება მნიშვნელობა რას იცვამ?
„არ ვიცი, რა ჩავიცვა!“ ნაცნობია შენთვის ეს სიტყვები? თანამედროვე მოდა უახლესი შემოთავაზებებით მზადაა დაგეხმაროს ანუ თავგზა აგიბნიოს.
გადაწყვეტილების მიღება რთულდება, როცა მოდა გთავაზობს, ჩაიცვა დაუდევრად და არა გემოვნების მიხედვით. ერთ სტატიაში 90-იანი წლების ამ გაუკუღმართებულ ტენდენციაზე ნათქვამია: „გარწმუნებთ, გაგიხარდებათ იმის გაგება, რომ ძველი, ნახმარი და გახუნებული ტანსაცმელი არა მხოლოდ მისაღებია, არამედ მოსაწონიც“.
ბოლო დროს რეკლამების ნაკადმა, იდეალებმა, თანატოლებმა და სხვებისგან გამორჩევის წადილმა ჩაცმულობასთან დაკავშირებით ყველაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებზე, დიდი გავლენა მოახდინა. ზოგი მათგანი მოდურად ჩაცმის მიზნით ქურდობისგანაც არ იხევს უკან.
ბევრი 90-იანი წლების პოპულარული სტილი ახლო წარსულის უკიდურესი მიმართულებისგან, 60-იანი წლების დასავლეთის ქვეყნების ჰიპური მოძრაობისგან, განვითარდა. მოშვებული წვერი, დაუვარცხნელი გრძელი თმა, დაჭმუჭნილი და უსუფთაო ტანსაცმელი ტრადიციულ ფასეულობათა უარყოფის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ ეს პროტესტის გამომხატველი ჩაცმულობა ამჯერად თანატოლებში ურთიერთ მიბაძვას იწვევს.
ჩაცმულობა იქცა პიროვნულობის უფრო აშკარად წარმოჩენის საშუალებად. ტანსაცმელი, განსაკუთრებით წარწერებიანი მაისურები, წარმოადგენს სარეკლამო საშუალებას, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ცნობილ სპორტსა და სპორტის ვარსკვლავებს, იუმორს, დაუდევრობას, აგრესიას, ზნეობრიობას, უფრო სწორად, უზნეობას და ნებისმიერ ნაწარმს. ზოგჯერ ასეთი ჩაცმულობა მნახველს აოგნებს კიდეც. მაგალითად მოგვყავს ახლახან „ნიუსუიკში“ დაბეჭდილი სათაური: „დაუნდობელი სისასტიკე მოზარდთა მოდის ბოლო სიტყვაა“. სტატიაში მოყვანილია 21 წლის ახალგაზრდის სიტყვები, რომელიც თავის წარწერებიან მაისურზე ამბობდა: „იმიტომ მაცვია, რომ დავანახვო ყველას, როგორი ვარ. არავის ჭკუაზე ვივლი და ნურც ნურავინ შემაწუხებს“.
წარწერებიანი მაისურები შეიძლება, საკმაოდ განსხვავებული იყოს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, ვისაც ასე აცვია, აყოლილია გარკვეულ წრეს ან ემორჩილება პროტესტის გავრცელებულ სულისკვეთებას, ეგოიზმს, ვნებას, ძალადობას. ერთი მოდელიერი მყიდველის სურვილის მიხედვით ტანსაცმელს ცეცხლსასროლი იარაღით ხვრეტს. „ტანსაცმლის გასახვრეტად ზოგი რევოლვერს ირჩევს, ზოგი შაშხანას, ზოგიც ავტომატს, — ამბობს ის, — ეს, უბრალოდ, მოდის ბოლო სიტყვაა“.
რაზე მეტყველებს ჩაცმულობა?
„ჩაცმულობით ჩანს, საზოგადოების რომელ წრეს მიეკუთვნები“, — ამბობს ჯეინ დე ტელიგა, სიდნეის (ავსტრალია) ერთ-ერთი მუზეუმის მოდების განყოფილების ხელმძღვანელი (Powerhouse museum). შემდეგ ის განაგრძობს: „პიროვნება ირჩევს წრეს, რომელსაც სურს, მიეკუთვნებოდეს და იცვამს შესაბამისად“. დოქტორ დაიანა კენიმ, სიდნეის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ლექტორმა, აღნიშნა, რომ ადამიანის კლასიფიცირებისთვის ჩაცმულობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც რელიგია, ქონება, სამუშაო, ეროვნება, განათლება და სახლის მისამართი. შავკანიანთა ყველაზე პოპულარულ ჟურნალში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების სკოლაში, სადაც უმრავლესობა თეთრკანიანია, რასობრივი სიძულვილის „სამიზნეები თეთრკანიანი მოსწავლე გოგონები იმიტომ გახდნენ, რომ თმას წვრილ-წვრილად იწნავდნენ და ეცვათ ჩაფართხუნებული, ჰიპ-ჰოპის სტილის, ტანსაცმელი, ეს უკანასკნელი კი შავკანიანებისთვისაა დამახასიათებელი“ (Jet).
აკვიატება ჩანს სხვა სიტუაციებშიც, მაგალითად, მუსიკასთან დაკავშირებით: „ხშირად, — ნათქვამია ერთ-ერთ ჟურნალში, — ჩაცმულობით ვხვდებით პიროვნების მუსიკალურ გემოვნებას; თანამედროვე იამაიკური პოპულარული მუსიკის მოყვარულებს აცვიათ ჭყეტელა ფერის ტანსაცმელი და ახურავთ იამაიკური ქუდები, გრანჯ-როკის მოყვარულებში კი პოპულარულია სპორტული ნაქსოვი ქუდი და პლედის პერანგი“ (Maclean’s). მაგრამ, როგორიც უნდა იყოს ჩაცმულობა — დაუდევარი, უგემოვნო, მათხოვრული თუ ეგრეთ წოდებული გრანჯ-როკული — შეიძლება საკმაო თანხები დაჯდეს.
ჩაცმულობის წესები იცვლება
„ყველაფერი წარმოუდგენლად განსხვავებულია, — ამბობს მიმომხილველი ვუდი ჰოკსვენდარი, — მამაკაცების მოდა, რომელიც ოდესღაც მკაცრი წესებით ხელმძღვანელობდა, სრულიად უმართავი გახდა. . . ახალი მოდის მიხედვით ყველაფერი ჩაფართხუნებული და უწესრიგო უნდა იყოს“. ასეთ ტენდენციაში ზოგჯერ შეიძლება ჩანდეს უდარდელი პოზიცია ან შეიძლება საკუთარი თავის, ან სხვების მიმართ უპატივცემულობა.
ერთ-ერთ ჟურნალში მასწავლებლების მიმართ მოსწავლეების დამოკიდებულებაზე ნათქვამია, რომ „თუ მასწავლებელს აცვია ჯინსები, მოსწავლეებს ჰგონიათ, რომ მასთან არ მოიწყენენ; არც მის თვალსაზრისს აგდებენ რამედ და ხშირად უვიცადაც მიიჩნევენ“ (Perceptual and Motor Skills). იმავე ჟურნალში აღნიშნულია, რომ „ჯინსებში გამოწყობილი მასწავლებელი ქალი მიჩნეულია გამრთობად, გამომწვევად, უვიცად, არც თუ ისე პატივსაცემად, რომელიც სულ არ ჰგავს მასწავლებელს და რომელსაც, ჩვეულებრივ, მეტს უბედავენ“.
ამავე დროს, თანამედროვე მოდის თანახმად, საქმიანი წრეების წარმომადგენლების ჩაცმულობა თვალში საცემი უნდა იყოს. უკანასკნელ წლებში მეტ მანდილოსანს სურს მაღალი თანამდებობების დაკავება. „ისე ვიცვამ, რომ ეფექტი მოვახდინო, — ამბობს მერი, გამომცემლობის ადმინისტრატორი, — მსურს, ყოველთვის ყურადღება მივიპყრო და სხვების თვალში ფანტასტიკურად გამოვიყურებოდე“. მერი არ მალავს, რომ ყოველთვის საკუთარ თავზე ამახვილებს ყურადღებას.
საკმაოდ მოდურ ჩაცმულობას უცილობლად ეკლესიაშიც ნახავთ. ზოგმა მოდით გატაცებულმა, ეკლესია უახლესი მოდების საჩვენებელ ადგილად აქცია. ასე რომ, საკურთხეველთან მდგომი ანაფორაში გამოწყობილი მღვდლები გადაჰყურებენ ჯინსებსა და სპორტულ ფეხსაცმელებში ან კიდევ საკმაოდ ექსტრავაგანტულ ტანსაცმელში გამოწყობილ მრევლს.
რატომ სურთ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა?
განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ფსიქოლოგების აზრით, ახალმოდური ტანსაცმელი, ეგოცენტრიზმის ერთ-ერთი გამოხატულება, გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობის სურვილია. ფსიქოლოგები ამას უწოდებენ „მოზარდების ქრონიკულ ტენდენციას, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს“. ფაქტობრივად, ქალი იქნება თუ ვაჟი, თავისი ჩაცმულობით ამბობს: „ვფიქრობ, ისევე ხარ აღტაცებული ჩემით, როგორც მე — საკუთარი თავით“ (American Journal of Orthopsychiatry).
ფილოსოფიამ, რომელმაც ყოველივეზე მაღლა ადამიანი დააყენა და ღმერთი, როგორც არაარსებითი, უგულებელყო, ხელი შეუწყო ისეთ თვალსაზრისს (რასაც ხშირად კომერცია ქადაგებს), რომ შენ, როგორც პიროვნება, სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ. პრობლემა ისაა, რომ ამჟამად ასეთი „ყველაზე მნიშვნელოვანი“ პიროვნება დაახლოებით ექვსი მილიარდია. ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მილიონობით წარმომადგენელი აყოლია მატერიალური ფუფუნების ამ ტალღას და იბრძვის, „დაუყოვნებლით ჰქონდეს კარგი ცხოვრება“ (შეადარეთ 2 ტიმოთე 3:1–5). გარდა ამისა, როცა ოჯახური კავშირები სუსტდება და ნამდვილი სიყვარული ნელდება, გასაკვირი აღარაა, რომ ბევრი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ყველაფერს ებღაუჭებიან საკუთარი თავისა და უსაფრთხოებისთვის.
მაგრამ, მას, ვისაც აწუხებს ჩაცმულობისა და ღმერთთან დამოკიდებულების საკითხი, ბუნებრივია, ებადებათ კითხვა: რამდენად უნდა შევიცვალო ჩაცმულობა? როგორ გავიგო მიზანშეწონილია თუ არა ჩემი ჩაცმულობა? გამაოგნებელი ხომ არ არის ან ცუდ შთაბეჭდილებას ხომ არ ტოვებს მნახველზე?
მაცვია მიზანშეწონილად?
ტანსაცმლის შერჩევა გემოვნების საკითხია. ჩვენი გემოვნება განსხვავებულია, განსხვავებულია ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებიც. ადათ-წესები სხვადასხვა ადგილებში, ქვეყნებში, განსხვავებული ჰავის რეგიონებში სხვადასხვანაირია. მაგრამ, სადაც უნდა ცხოვრობდე, კარგად გახსოვდეს შემდეგი პრინციპი: „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3:1). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაიცვი შესაფერისად. და აგრეთვე, ‘მოწიწებით იარე უფლის წინაშე’ (მიქა 6:8).
ამან უკიდურესობისკენ არ უნდა გვიბიძგოს; ჩაცმულობა უნდა იყოს „წესიერი“ და ‘კდემამოსილი’ (1 ტიმოთე 2:9, 10). ხშირად ასეთი ჩაცმულობა თავშეკავებულობის გამოხატულებაა და სწორედ ეს თვისება არის ერთ-ერთ ჟურნალში კარგი გემოვნებისა და ელეგანტურობის გამომხატველ თვისებად მოხსენიებული (Working Women). ნურასოდეს დაუშვებ, რომ ოთახში შესვლისთანავე ყველას შენი ჩაცმულობა ეცეს თვალში და გაოგნდეს. ზემოხსენებულ ჟურნალში ნათქვამია: „ჩაიცვი. . . ისე, რომ ხალხის ყურადღება ტანსაცმელმა კი არ მიიპყროს, არამედ შენმა, როგორც პიროვნების, თვისებებმა“.
ერთ ჟურნალში ნათქვამია: „მთელი რიგი ლიტერატურა, რომელშიც გარჩეულია ჩაცმულობის როლი სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენასა და უტყვ კომუნიკაციაში, გვიჩვენებს, რომ ჩაცმულობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირველი შთაბეჭდილების შექმნაში“ (Perceptual and Motor Skills). ამასთან დაკავშირებით ორმოც წელს გადაცილებული მანდილოსანი, რომელიც უწინ ჩაცმულობით ბევრს იზიდავდა, ამბობს: „ჩაცმულობამ ბევრი პრობლემა შემიქმნა, რადგან ამის გამო ჩაცმულობით პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი არ ჩანდა. ყოველი საქმიანი შეხვედრის დროს სურდათ, სადილზე ვწვეოდი“. ერთი ბუღალტერი სრულიად საპირისპირო ჩაცმულობის სტილზე ამბობს: „ვაკვირდებოდი, როგორ ექცეოდნენ კაცები იმ მანდილოსნებს, რომლებსაც დაუდევრად ეცვათ ან მამაკაცური სტილით გამოირჩეოდნენ. მათ ყოველთვის საშიშად მიიჩნევდნენ და თითქმის არაფრად აგდებდნენ“.
გოგონა, სახელად ჯეფი, მიხვდა, რომ ყველა გააოგნა, როდესაც თმა უკანასკნელი მოდის მიხედვით შეიჭრა. „უბრალოდ მეგონა, რომ სხვანაირად გამოვიყურებოდი, — იხსენებს ის, — მაგრამ, ხშირად მეკითხებოდნენ, ნამდვილად იეჰოვას მოწმე ვიყავი თუ არა, რის გამოც თავს უხერხულად ვგრძნობდი“. ჯეფის საკუთარი თავისთვის სერიოზული კითხვები უნდა დაესვა. ნუთუ ცხადი არ არის, რომ „გულის სავსებისაგან მეტყველებს“ არა მხოლოდ ჩვენი ბაგეები, არამედ ჩაცმულობაცა და ვარცხნილობაც? (მათე 12:34). რა ჩანს შენი ჩაცმულობით, მთელი გულით გსურს, ყურადღება მოგაქციონ შენ თუ შემოქმედს?
ჩაიცვი „კდემამოსილებით“
დაფიქრდი იმაზეც, თუ რა გავლენას ახდენს ჩაცმულობა შენზე. გამომწვევი და გადაპრანჭული ჩაცმულობა მკვეთრად აძლიერებს ეგოიზმს, საკუთარ თავზე უარყოფით წარმოდგენას კი აღრმავებს ულაზათო ჩაცმულობა, ხოლო წარწერებიან მაისურებს, რომლებიც რეკლამას უკეთებენ შენს საყვარელ ფილმებს, გამოჩენილ სპორტსმენებს და სხვა ვარსკვლავებს, მათ თაყვანისცემამდე — მათ გაკერპებამდე მიყავხარ. დიახ, ჩაცმულობა „ესაუბრება“ ყველას შენს შესახებ.
რა წარმოდგენას უქმნის შენი ჩაცმულობა ხალხს, თუ თვალშისაცემად ან გამომწვევად იცვამ? იქნებ აძლიერებ შენში იმ პიროვნულ თვისებებს, რომლებსაც სინამდვილეში უნდა ებრძოდე? გარდა ამისა, როგორი პიროვნების მოხიბვლა გსურს? პავლეს რჩევა, რომელიც რომაელთა 12:3-შია ჩაწერილი, დაგვეხმარება, გავიმარჯვოთ ეგოცენტრიზმზე, ამპარტავნობასა და უარყოფით აზროვნებაზე: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად“. ‘თავმდაბლურად ფიქრი’ გონივრულობას ნიშნავს.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, რომელთაც გარკვეული პასუხისმგებლობა აკისრიათ და რომელთაც ენდობიან. მათს მაგალითს დიდი გავლენა აქვს სხვებზე. ბუნებრივია, რომ ისინი, რომლებსაც ქრისტიანულ კრებაში სურთ პასუხისმგებლობების მიღება, თავიანთ ქრისტიან მეუღლეებთან ერთად ჩაცმულობითა და, საერთოდ, გარეგნობით უნდა ავლენდნენ კდემამოსილებასა და პატივისცემას. არასოდეს ვისურვებდით აღმოვჩენილიყავით იესოს იგავში მოხსენიებული საქორწინო ნადიმზე მიწვეული სტუმრის ადგილას: „მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ დაინახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა“. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ არავითარი გამართლება ჰქონდა მას, ასე სცმოდა, უთხრა მეფემ თავის მსახურებს: ‘გაუკარით მაგას ხელ-ფეხი და გადააგდეთ’ გარეთ (მათე 22:11–13).
ამგვარად, მნიშვნელოვანია, მშობლებმა სიტყვიერად და ასევე საკუთარი მაგალითით ჩაუნერგონ შვილებს სწორი თვალსაზრისი და განუვითარონ კარგი გემოვნება ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ეს შესაძლოა იმასაც ნიშნავს, რომ ზოგჯერ მშობლები შვილებთან საუბრისას გამოიჩინონ სიმტკიცე. მაგრამ რამდენად სასიამოვნოა, როდესაც მოულოდნელად შეგაქებენ როგორც შენი, ისე შენი შვილების კარგი ჩაცმულობისა და მოქმედების გამო!
დიახ, იეჰოვას მსახურებს აღარ აქვთ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და აღარ ისწრაფვიან ფუფუნებისკენ. ისინი ხელმძღვანელობენ ღვთის პრინციპებით და არა წუთისოფლის სულით (1 კორინთელთა 2:12). თუ ღვთის პრინციპებით ცხოვრობ, ტანსაცმლის შერჩევა არ უნდა იყოს მეტისმეტად ძნელი. გარდა ამისა, სურათისთვის კარგად შერჩეული ჩარჩოს მსგავსად ჩაცმულობა არც დაჩრდილავს შენს პირად ღირსებებს და არც მეტისმეტად წარმოაჩენს. და რაც უფრო შეეცდები მიბაძო ღმერთს, მით უფრო გამშვენიერდები სულიერად, რაც შენს გარდერობზე სულაც არ იქნება დამოკიდებული.