მკითხველთა წერილები
ნაადრევად დამთავრებული ბავშვობა მინდა აღვნიშნო, რომ სტატიათა სერია სახელწოდებით „ბავშვები — ხომ არ ვართმევთ მათ ბავშვობას?“ (8 მაისი, 2003) ძალიან კარგად იყო დაწერილი. ამ სტატიებმა დამანახვა, თუ რატომ განვიცდიდი გარკვეულ პრობლემებს. უსიხარულო ბავშვობა მქონდა და მინდა დაგეთანხმოთ, რომ ბავშვს არ უნდა დაეკისროს ისეთი ტვირთი, რომელსაც ის ვერ ზიდავს.
ს. მ. (იაპონია).
სტატიათა ეს სერია ჩემს გულს ღრმად შეეხო. უმამოდ გავიზარდე. ღამღამობით ხშირად გულდამძიმებული დედის ტირილი მესმოდა და ვეღარ ვიძინებდი. ქრისტიანული კრების დახმარება რომ არა, არ ვიცი, როგორ იქნებოდა ჩემი საქმე. გმადლობთ, რომ ასეთი სიყვარულით გვაწვდით სულიერ საზრდოს.
დ. ბ. (შეერთებული შტატები).
მე 11 წლის ვარ. ყოველთვის მინდოდა, მალე გავზრდილიყავი. ამ სტატიებიდან გავიგე, რომ ბავშვობას უნდა მოვუფრთხილდე, სანამ ჯერ კიდევ ბავშვი ვარ.
ჯ. მ. (შეერთებული შტატები).
კარმენისა და მისი დის ისტორიამ ბავშვობის წლები გამახსენა. მართალია, სახლიდან არ გავქცეულვარ, მაგრამ ცუდი მამობილებისა და უყურადღებო დედის ხელში ვიზრდებოდი. მშობლები ნარკომანები იყვნენ, რის გამოც უკვე ათი წლის ასაკიდან მომიწია უმცროს ძმებზე ზრუნვა! რასაკვირველია, ამან პრობლემები შემიქმნა. მუდამ ვმადლობ იეჰოვას დახმარებისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიღებდი მისგან.
დ. ს. (შეერთებული შტატები).
ზღარბი დიდი ბრიტანეთის ზღარბთა დაცვის საზოგადოების პრეზიდენტი ვარ. დიდი სიამოვნებით წავიკითხე შესანიშნავი სტატია «ტყე-ველების მკვიდრი ეკლიანი „ჯავშნოსანი“» (8 მაისი, 2003). ის მშვენივრად იყო დაწერილი და ფაქტების მხრივაც ზუსტი იყო, რასაც ვერ ვიტყოდი სხვა პუბლიკაციებში დაბეჭდილი უამრავი სტატიის შესახებ.
ფ. ვ. (დიდი ბრიტანეთი).
მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ „გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემისთვის. დედა ყოველთვის მეუბნება, რომ ვიკითხო ეს ჟურნალი. ზოგჯერ ერთი საათი ან უფრო მეტი ისე გადის, ხელიდან ვერ ვუშვებ. „გამოიღვიძეთ!“-ში ბევრი საინტერესო სტატია იბეჭდება, რომლებსაც სიამოვნებით ვკითხულობ. ერთ-ერთი ასეთი სტატია იყო «ტყე-ველების მკვიდრი ეკლიანი „ჯავშნოსანი“». 15 წლის ვარ. კვლავაც გამოაქვეყნეთ ხოლმე ასეთი კარგი სტატიები!
კ. გ. (შეერთებული შტატები).
ნაშვილები ბავშვები გმადლობთ დროული სტატიისთვის „რატომ უნდა ვიყო ნაშვილები?“ (8 მაისი, 2003). ჩემმა ქალიშვილმა შექმნილი ვითარებების გამო ბავშვი გააშვილა, რის გამოც სინდისი ძალიან მქენჯნიდა. ეს სტატია სწორედ რომ დროული იყო და ჩემს ქალიშვილს გავუგზავნე.
ე. დ. (გაიანა).
გწერთ, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ „გამოიღვიძეთ!“-ის 8 მაისისა და 8 ივნისის ნომრებში ბავშვის აყვანასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დროული სტატიებისთვის. ამას წინათ მე და ჩემმა მეუღლემ ჩვილი ბიჭუნა ვიშვილეთ. დროთა განმავლობაში ამ ორ სტატიაში მოცემულ რჩევებს გამოვიყენებთ, რომ დავეხმაროთ იმის დანახვაში, თუ როგორ უყვარს ის იეჰოვას, დედიკოს და მამიკოს.
ს. რ. (შეერთებული შტატები).
მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნაშვილებ ბავშვებზე გამოქვეყნებული სტატიისთვის. 47 წლის ვარ და ჯერაც მძიმე ტვირთად მაწევს ის, რომ უცხო ოჯახში გავიზარდე. ჩემს დედობილ-მამობილს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს, უჭირდათ სიყვარულისა და სითბოს გამოვლენა. მათ არასოდეს ჩავუკრივარ გულში, არასოდეს უკოცნიათ ჩემთვის — მაშინაც კი, როცა ამას ვთხოვდი. ძალიან ძნელი იყო მათი ცივი დამოკიდებულების ატანა. თქვენმა სტატიამ გული გამითბო და მანუგეშა.
დ. ჰ. (შეერთებული შტატები).