გაკვეთილი 3
ეფექტური შესავალი
1–3. როგორ შეგიძლია აღძრა თემისადმი ინტერესი მოხსენების შესავალში?
1 აღძრავს ინტერესს. მოხსენების შესავალმა თემისადმი ინტერესი უნდა აღძრას. მან უნდა მიიზიდოს მსმენელი და დადებითად განაწყოს იმის მოსასმენად, რაც შესავალს მოჰყვება. ამის მისაღწევად აუცილებელია, მსმენელს დაანახო შენი თემის ფასი.
2 ინტერესის აღძვრის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, მოხსენებაში ჩააბა მსმენელი. ნათლად დაანახე, რომ ეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ის მათ სიცოცხლეს ეხება. ამისათვის მოხსენება მსმენელის დონის გათვალისწინებით უნდა დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ შენი ნათქვამი მსმენელის ზოგადი შემეცნების ფარგლებს არ უნდა აღემატებოდეს. ის შეიძლება იყოს თვალსაჩინო მაგალითი, პრობლემა ან მთელი რიგი კითხვები. მაგრამ ის ყოველთვის მსმენელისთვის კარგად ცნობილი რამ უნდა იყოს, რათა გაიგონ და შეძლონ მისი გამოყენება.
3 ზოგჯერ შეიძლება აუცილებელი იყოს შესავალში რაღაც წინასწარ შექმნილი აზრის დაძლევა. ეს შეიძლება განსაკუთრებით მართებული იყოს სადავო საკითხის განხილვის დროს. ასეთ შემთხვევებში შესავალი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ მსმენელის ინტერესი შეინარჩუნო ამ საკითხის არგუმენტებით ეფექტურად დამტკიცებამდე. კარდაკარ მსახურების დროს ხშირად სტანდარტული შეპასუხების დაძლევა შესაძლებელია, თუ დასაწყისშივე ტაქტიანად მოიხსენიებ მას, ხოლო შემდეგ გადახვალ იმ თემაზე, რომელზეც გინდა, რომ ისაუბრო.
4–6. სხვა რომელი ფაქტორები დაგვეხმარება შესავლის საშუალებით ინტერესის აღძვრაში?
4 რას ამბობ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ შესავალმა რომ ინტერესი აღძრას, როგორ ამბობ მოხსენების ამ ნაწილში, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენში. ამიტომ შესავლის წინასწარ გულმოდგინედ მომზადებისას საჭიროა არა მხოლოდ იმის მომზადება, რის თქმასაც აპირებ, არამედ იმისაც, თუ როგორ გადასცემ მას.
5 შესავალში, ჩვეულებრივ, მოკლე მარტივი წინადადებების გამოყენებით მიაღწევ მიზანს. რადგან შესავლის სიტყვების შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია შესავლისთვის გამოყოფილი მცირე დროის განმავლობაში მიზნის მისაღწევად, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს პირველი ორი-სამი წინადადების ძალიან გულმოდგინედ მომზადება. ჩაინიშნე ისინი ჩანაწერებში ისე, რომ შეგეძლოს მათი წაკითხვა ან დაიმახსოვრე ისინი, რათა პირველმა სიტყვებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინოს, როგორსაც ის იმსახურებს და მოითხოვს. გარდა ამისა, ეს დასაწყისიდანვე დაჯერებულობას შეგმატებს და სიმშვიდეს შეგინარჩუნებს, რათა ჩანაწერის გამოყენების გარეშე თავისუფლად განაგრძო საუბარი.
6 კიდევ რამდენიმე სიტყვა შესავლის წარმოთქმასთან დაკავშირებით, თუმცა რჩევების მიმცემი ამ საკითხებზე ყურადღებას არ გაამახვილებს. თუ გრძნობ, რომ ღელავ, ილაპარაკე ნელა და დაბალი ტონით. ილაპარაკე დაჯერებულად, მაგრამ მოერიდე ყოველგვარ დოგმატურობას. ასეთმა [დოგმატურმა] მიდგომამ შეიძლება დასაწყისშივე დაგაკარგვინოს მსმენელი.
7. როდის უნდა მოამზადო შესავალი?
7 თუმცა მოხსენება შესავლით იწყება, მისი მომზადება ყველაზე ეფექტურია მოხსენების ძირითადი ნაწილის შედგენის შემდეგ. ეს საშუალებას მოგცემს, იცოდე, თუ რის თქმა იქნება საუკეთესო შესავალში, რათა ის კარგად შეესაბამებოდეს შენ მიერ მომზადებულ მასალას.
-•-◂▸-•-
8–10. როგორ შეგვიძლია შესავალი თემის შესაფერისი გავხადოთ?
8 თემის შესაფერისია. შესავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიყვანს მსმენელს ეფექტურად თემის არსში, როცა ის თემის შესაფერისია. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს შესავალში მხოლოდ იმ სიტყვების გამოყენებას, რომლებიც ხელს შეუწყობს შენს მიზანს. რა თქმა უნდა, ის უნდა შეესაბამებოდეს სამეფოს ცნობის დიდებულებას და არ უნდა შეურაცხყოფდეს უცხო პირებს, რომლებიც შეიძლება მსმენელს შორის იმყოფებიან.
9 შესავალმა მარტო თემის არსში კი არ უნდა შეიყვანოს მსმენელი, არამედ მასში ნათლად უნდა გამოჩნდეს კონკრეტული განსახილველი მასალა. ეს ნიშნავს, რომ განსახილველად შეარჩიო გარკვეული თემა და შემდეგ, შეძლებისდაგვარად, შესავალში აღნიშნო ის. ზოგჯერ, თუ შესავალში კონკრეტულად არ მოიხსენიებ თემას, შეგიძლია თემაში მოცემული სიტყვები გამოიყენო. ამ შემთხვევაში მსმენელს აღარ ექნება ამ საკითხის სხვა კუთხით განხილვის მოლოდინი, რომელიც შეიძლება შენი მოხსენების სათაურმა აღძრა მათში.
10 მთელი მოხსენება ერთიანი უნდა იყოს და არა ერთით იწყებოდეს და მეორეთი მთავრდებოდეს. გარდა ამისა, შესავალი უნდა იყოს არა მხოლოდ ინტერესის აღმძვრელი, არამედ თემასაც უნდა შეესაბამებოდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თემა არ უნდა შეეწიროს მხოლოდ კარგ დასაწყისს. შესავლისთვის მასალის შერჩევაზე გავლენა უნდა იქონიოს თემის მიზანმა. ის მოხსენების თემასაც უნდა უკავშირდებოდეს და მისი შესაფერისიც უნდა იყოს.
-•-◂▸-•-
11–14. როგორ შეგვიძლია დავადგინოთ, არის თუ არა შესავალი სათანადო ხანგრძლივობის?
11 სათანადო ხანგრძლივობისაა. რა ხანგრძლივობის უნდა იყოს შესავალი? არ არსებობს კონკრეტული პასუხი, რომელიც ყველა შემთხვევისთვის შესაფერისი იქნებოდა. შესავლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თვითონ თემისთვის გამოყოფილ დროზე, მოხსენების მიზანზე, მსმენელსა და მრავალ მსგავს ფაქტორზე.
12 ფაქტიურად, თანამიმდევრულად გადმოცემული მოხსენების მოსმენისას, თემის შესავლიდან ძირითად ნაწილზე გადასვლა თითქმის შეუმჩნეველი უნდა იყოს. რჩევების ბლანკზე ამ პუნქტის გაშუქებისას რჩევების მიმცემი ამაზე გაამახვილებს ყურადღებას. თითოეული მოწაფე ამა თუ იმ სახით წარმოთქვამს შესავალს, მაგრამ რჩევების მიმცემი ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: არის თუ არა შესავალი იმდენად არეულ-დარეული, იმდენად დაწვრილმანებული და ისე ვრცელი, რომ მსმენელში უკვე მოუსვენრობა შეიმჩნევა და ელის, თუ როდის გადახვალ ძირითად არგუმენტებზე?
13 შესავალი უნდა გადმოიცეს ნათლად, თანამიმდევრულად და სწრაფად, და ამავე დროს, ინტერესის გამომწვევიც უნდა იყოს. ის ერთიანი უნდა იყოს და არა დაუკავშირებელი. ეს კი გულდასმით მოფიქრებას მოითხოვს, რადგან, თუ ისე შორიდან იწყებ თემას, რომ მასთან მისაახლოებლად საჭიროა ვრცელი და დაწვრილებითი განმარტება, უკეთესი იქნებოდა შეგესწორებინა ან, შესაძლოა, მოგეძებნა ახალი საწყისი წერტილი.
14 თუ შესავალსა და მოხსენების ძირითად ნაწილს შორის ზღვარი თითქმის შეუმჩნეველია, მაშინ მოსალოდნელია, რომ შესავალი სათანადო ხანგრძლივობის იქნება. ეს ნათელყოფს იმას, რომ მსმენელი ისე კარგად შეიყვანე თემის არსში, რომ ისინი თავისდა უნებურად, ისმენენ შენს არგუმენტაციას. მეორე მხრივ, თუ მათში შეიმჩნევა მოუსვენრობა იმის გამო, თუ როდის გადახვალ თემის ძირითად ნაწილზე, მაშინ დარწმუნებული იყავი, რომ შესავალი ძალიან გაწელილია. ეს შეცდომა ხშირად მეორდება კარდაკარ შეთავაზებისას, სადაც სხვადასხვა კართან სხვადასხვა ხანგრძლივობის შესავლების შერჩევაა საჭირო.
15, 16. რა ხანგრძლივობის უნდა იყოს შესავალი, თუ მოხსენება მოხსენებების სერიის ნაწილია?
15 როდესაც პროგრამით გათვალისწინებულ ერთადერთ ან სასწავლო მოხსენებას წარმოთქვამ, შესავალი შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მაგრამ, თუ შენი სიტყვა მოხსენებების სერიის ან სამსახურებრივი შეხვედრის ნაწილია, მაშინ შესავალი შეიძლება მოკლე და კონკრეტული იყოს, რადგან ის იმ ერთიანი მთლიანის ნაწილია, რომელიც უკვე იყო წარმოდგენილი. დიდი დრო მიაქვს უმიზნოდ გაწელილ შესავალს. აზრების გადმოსაცემად არსებობს მოხსენების ძირითადი ნაწილი.
16 მოკლედ რომ ვთქვათ, შესავალი გამიზნულია იმისათვის, რომ დაამყარო კონტაქტი, აღძრა ინტერესი და გადახვიდე განსახილველ საკითხზე. გააკეთე ეს სათანადო სისწრაფით და გადადი ძირითად ნაწილზე.