გაკვეთილი 9
აუდიტორიასთან კონტაქტი და ჩანაწერების გამოყენება
1. ახსენი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აუდიტორიასთან კონტაქტი და ამაში ჩანაწერების გამოყენების როლი.
1 აუდიტორიასთან კარგი კონტაქტი სწავლებას დიდად უწყობს ხელს. ამით მათ პატივისცემას იმსახურებ და უფრო ეფექტური სწავლების საშუალება გეძლევა. ამ კონტაქტმა იმდენად უნდა დაგაახლოვოს მათთან, რომ მაშინვე გრძნობდე მათ ნებისმიერ რეაქციას. ჩანაწერების გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმის განსაზღვრაში, გაქვს თუ არა აუდიტორიასთან ასეთი კონტაქტი. ბევრი ჩანაწერი შეიძლება ხელის შემშლელი აღმოჩნდეს; მაგრამ მათი მარჯვედ გამოყენება არ არის ხელის შემშლელი მაშინაც კი, როდესაც მდგომარეობა მოითხოვს, რომ ისინი ჩვეულებრივზე მეტი იყოს. ეს იმიტომ, რომ დახელოვნებული მომხსენებელი აუდიტორიასთან კონტაქტს არ კარგავს და ჩანაწერებში ძალიან ხშირად და უადგილოდ არ იხედება. რჩევების ბლანკზე ამას ყურადღება ექცევა და მოხსენიებულია როგორც „აუდიტორიასთან კონტაქტი, ჩანაწერების გამოყენება“.
2–5. რა უწყობს ხელს აუდიტორიასთან კარგი მხედველობითი კონტაქტის დამყარებას?
2 მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან. მხედველობითი კონტაქტი ნიშნავს, ხედავდე შენს აუდიტორიას. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ დარბაზისკენ იყურო, არამედ უყურო აუდიტორიაში მყოფ პიროვნებებს. ეს ნიშნავს, ხედავდე მათი სახის გამომეტყველებას და შესაბამისად მოქმედებდე.
3 უყურო აუდიტორიას არ ნიშნავს, უბრალოდ, თავი ატრიალო ხან ერთ, ხან მეორე მხარეს, რათა არავინ გამოგრჩეს. შეხედე ვინმეს აუდიტორიაში და პირადად მას უთხარი ერთი ან ორი წინადადება. შემდეგ სხვას შეხედე და ახლა მას უთხარი კიდევ რამდენიმე წინადადება. დიდხანს ნუ შეაჩერებ მზერას ერთ პიროვნებაზე, რომ თავი უხერხულად არ იგრძნოს, და ნუ შეჩერდები მთელი აუდიტორიიდან მხოლოდ რამდენიმე პიროვნებაზე. ასეთნაირად ეცადე ყველას შეხედო აუდიტორიაში, მაგრამ, როდესაც ერთ პიროვნებას ელაპარაკები, ნამდვილად მას ელაპარაკე და სხვაზე გადასვლამდე გაითვალისწინე მისი რეაქცია. ჩანაწერები კათედრაზე გქონდეს მოთავსებული, ხელში გეჭიროს, ან ბიბლიაში გედოს, რათა მასში ჩახედვა სწრაფად, მხოლოდ თვალის ერთი შევლებითაც კი შეგეძლოს. თუ ჩანაწერში ჩასახედად თავის მთლიანად მობრუნება გჭირდება, ეს ხელს შეგიშლის აუდიტორიასთან კონტაქტში.
4 რჩევების მიმცემი დააკვირდება არა მხოლოდ იმას, თუ რამდენჯერ ჩაიხედავ ჩანაწერებში, არამედ, იმასაც თუ როდის ჩაიხედავ. თუ კულმინაციური წერტილის მიღწევის დროს ჩანაწერებში იყურები, აუდიტორიის რეაქციას ვერ დაინახავ. ჩანაწერებში გამუდმებით ყურებით აუდიტორიასთან კონტაქტსაც დაკარგავ. ეს, ჩვეულებრივ, ნერვიულობაზე ან მოუმზადებლობაზე მიუთითებს.
5 ზოგჯერ გამოცდილ მომხსენებლებს სთხოვენ მთელი მოხსენების მზა ტექსტის წაკითხვას და, რასაკვირველია, ეს გარკვეულწილად ზღუდავს აუდიტორიასთან მათ მხედველობით კონტაქტს. მაგრამ, თუ ისინი კარგი მომზადების შედეგად მასალას კარგად არიან გაცნობილი, დროდადრო შეძლებენ შეხედონ აუდიტორიას ისე, რომ არ დაკარგონ ის ადგილი, სადაც კითხულობენ, ეს კი, თავის მხრივ, გამოთქმით წაკითხვის სტიმულს აძლევს მათ.
6–9. მოიყვანე აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარების კიდევ სხვა საშუალება და აღნიშნე ის შეცდომები, რომელსაც უნდა მოვერიდოთ.
6 აუდიტორიასთან კონტაქტი უშუალოდ მიმართვით. ეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მხედველობითი კონტაქტი. მასში შედის სიტყვები, რომლებსაც აუდიტორიასთან მიმართვის დროს იყენებ.
7 როდესაც პიროვნებას პირადად მიმართავ, ეუბნები: „შენ“, „შენი“, „თქვენ“, „თქვენი“ ან „ჩვენ“, „ჩვენი“. სადაც ეს მართებულია ასეთნაირად უფრო დიდ აუდიტორიასაც შეგიძლია ელაპარაკო. ყოველთვის ეცადე, შენი მოხსენება ერთ ან ორ პიროვნებასთან საუბრის სტილში წარმართო. საკმაოდ კარგად დააკვირდი მსმენელს, რათა შეძლო გამოეხმაურო მათ, როგორც ამას მათთან უშუალო საუბრისას გააკეთებდი. ამით შენი მოხსენება მსმენელთან პირად საუბარს დაემსგავსება.
8 რამდენიმე სიტყვა სიფრთხილის აუცილებლობის შესახებ. მოერიდე საშიშროებას, მეტისმეტად ფამილიარული ურთიერთობა დაამყარო აუდიტორიასთან. არ უნდა დაამყარო მსმენელთან იმაზე ახლო ურთიერთობა, რაც საჭიროა სამქადაგებლო მსახურების დროს კართან ერთ ან ორ პიროვნებასთან საუბრისას, მაგრამ შენ შეგიძლია და უნდა იყო კიდეც უშუალო.
9 კიდევ ერთი საშიშროება. გონივრულად უნდა გამოიყენო პირის ნაცვალსახელები და მსმენელი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენო. მაგალითად, დამნაშავეობის შესახებ მოხსენებაში არ უნდა გამოიყენო ისეთი მიმართვის ფორმები, საიდანაც მსმენელი დაასკვნის, რომ თვითონ არის დამნაშავე. ან სამქადაგებლო მსახურების შეხვედრაზე თუ საათების რაოდენობის სიმცირის შესახებ ილაპარაკებდი, შეგეძლო მოხსენებაში საკუთარი თავიც ჩაგერთო და გამოგეყენებინა პირის ნაცვალსახელი „ჩვენ“, იმის ნაცვლად, რომ ყოველთვის მიგემართა „თქვენ“. თავაზიანობა და ყურადღებიანობა გაგვიადვილებს ამგვარი საშიშროებების დაძლევას.
-•-◂▸-•-
10, 11. რა გვიბიძგებს გეგმის გამოყენების სწავლისკენ?
10 გეგმის გამოყენება. მხოლოდ რამდენიმე დამწყები მომხსენებელი თუ იწყებს გეგმის გამოყენებით მოხსენებების წარმოთქმას. ჩვეულებრივ, მომხსენებელი წინასწარ წერს მთელ მოხსენებას და შემდეგ კითხულობს ან ზეპირად წარმოთქვამს. რჩევების მიმცემი თავდაპირველად ამას ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ, როდესაც რჩევების ბლანკზე გადახვალ პუნქტზე „გეგმის გამოყენება“, მაშინ ის გირჩევს ჩანაწერების გამოყენებით წარმოთქვა მოხსენება. როდესაც ამაში დახელოვნდები, აღმოაჩენ, რომ, როგორც მომხსენებელმა, დიდი ნაბიჯი გადადგი წინ.
11 თვით ბავშვები და უფროსებიც კი, რომლებმაც კითხვა არ იციან, წარმოთქვამენ მოხსენებებს და აზრების გასახსენებლად ნახატებს იყენებენ. სამქადაგებლო მსახურების დროს შენ ყოველთვის მზა ტექსტის გამოყენების გარეშე ლაპარაკობ. ასევე ადვილად შეგიძლია ამის სკოლაში გაკეთებაც, მხოლოდ საჭიროა გადაწყვეტილების მიღება.
12, 13. მოიხსენიე რამდენიმე რჩევა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს გეგმა.
12 რადგან ამ პუნქტზე მუშაობა მზა ტექსტიდან თვალის მოწყვეტაში უნდა დაგეხმაროს, მომზადებისას არ დაიზეპირო და ისე არ წარმოთქვა მოხსენება. ეს ჩაშლიდა ამ გაკვეთილის მიზანს.
13 თუ ბიბლიურ მუხლებს იყენებ, შეიძლება საკუთარ თავს დაუსვა კითხვები: როგორ? ვინ? როდის? სად? და ასე შემდეგ. შემდეგ მასალის შესაბამისად ჩანაწერებში გამოიყენე ეს კითხვები. მოხსენების წარმოთქმისას, უბრალოდ, წაიკითხე ბიბლიური მუხლი, საკუთარ თავსა და მობინადრეს დაუსვი ეს კითხვები და პასუხები გაეცი მათზე. მისაღებია ასეთი მარტივი მეთოდებიც კი.
14, 15. რა ფაქტორებმა არ უნდა შეგვაშინოს?
14 დამწყები მომხსენებლები ხშირად ფიქრობენ, რომ რამე დაავიწყდებათ. მაგრამ თუ მოხსენებას ლოგიკურად განავითარებ, ვერავინ შეამჩნევს, რომ რომელიმე აზრი გამოტოვე. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მასალის გაშუქება არ არის ყველაზე მთავარი. ახლა უფრო მნიშვნელოვანია, გეგმის გამოყენებით მოხსენების წარმოთქმის სწავლა.
15 შესაძლებელია, მოხსენების ასეთი სახით წარმოთქმისას გეგონოს, რომ დაკარგე მოხსენების წარმოთქმის ხელოვნება, რომელიც სწავლის შედეგად უკვე შეძენილი გქონდა. ნუ შეგაშფოთებს ეს. ის კვლავ დაგიბრუნდება და ნახავ, რომ უკეთესად დახელოვნდები, როგორც კი ისწავლი მზა ტექსტის გარეშე გამოსვლას.
16, 17. რა უნდა გვახსოვდეს ჩანაწერების გაკეთებისას?
16 რამდენიმე სიტყვა თეოკრატიული სამსახურის სკოლაში გამოსაყენებელი ჩანაწერების შესახებ. ისინი უნდა გამოიყენებოდეს აზრების გასახსენებლად და არა წასაკითხად. ჩანაწერები მოკლე უნდა იყოს. ისინი აგრეთვე აკურატულად, გარკვეული თანამიმდევრობითა და გარკვევით უნდა იყოს დაწერილი. თუ განმეორებით მონახულებას აკეთებ, ჩანაწერები უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი უნდა იყოს, მაგალითად, ბიბლიაში გედოს. თუ სცენიდან გიწევს მოხსენების წარმოთქმა და იცი, რომ კათედრას გამოიყენებ, მაშინ ჩანაწერებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ გექნება. მაგრამ თუ დარწმუნებული არა ხარ, სათანადოდ მოემზადე.
17 კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა, ჩანაწერების დასაწყისში აღნიშნო თემა. მთავარი პუნქტებიც აშკარად, თვალში მოსახვედრად, უნდა იყოს გამოყოფილი. ეცადე, ისინი დიდი ასოებით დაწერო ან ხაზი გაუსვი ქვეშ.
18, 19. როგორ შეიძლება გეგმის გამოყენებაში ვარჯიში?
18 მოხსენების წარმოთქმისას მხოლოდ მოკლე ჩანაწერების გამოყენება არ ნიშნავს, რომ საკმარისი ძალისხმევა არ უნდა მოახმარო მომზადებას. დაწვრილებით მოამზადე მოხსენება და პირველად შეადგინე იმდენად გავრცობილი გეგმა, როგორიც გსურს. შემდეგ გეგმა გადაამუშავე და შეადგინე მეორე, უფრო მოკლე. სწორედ ეს მოკლე გეგმა უნდა გამოიყენო მოხსენების წარმოთქმის დროს.
19 შემდეგ ორივე გეგმა წინ დაიწყვე; უყურე მხოლოდ მოკლე გეგმას და პირველ მთავარ პუნქტზე იმდენი ილაპარაკე, რამდენიც შეგიძლია. შემდეგ ჩაიხედე უფრო დაწვრილებით გეგმაში და ნახე, თუ რა გამოგრჩა. გადადი მოკლე გეგმის მეორე მთავარ პუნქტზე და იგივე გააკეთე. დროთა განმავლობაში, მოკლე გეგმას ისე აითვისებ, რომ მხოლოდ მოკლე ჩანაწერების გადახედვით შეძლებ ყველაფრის გახსენებას, რაც კი უფრო ვრცელ გეგმაში გქონდა ჩაწერილი. პრაქტიკისა და გამოცდილების შეძენასთან ერთად, დააფასებ გეგმის მიხედვით წარმოსათქმელი მოხსენების უპირატესობას და მზა ტექსტს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენებ. მოხსენების წარმოთქმის დროს უფრო თავისუფლად იგრძნობ თავს და აუდიტორიაც დიდი პატივისცემით მოგისმენს.