საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • pe თ. 20 გვ. 166-174
  • აღდგომა — ვისთვის და სად?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აღდგომა — ვისთვის და სად?
  • შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ვინ იქნება აღდგენილი?
  • სად და როდის მოხდება აღდგომა
  • ღმერთის სასწაული
  • სიკვდილის დამარცხების ერთადერთი საშუალება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2006
  • რა არის მკვდრეთით აღდგომა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ჭეშმარიტი იმედი
    რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • რას ნიშნავს იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა თქვენთვის?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2014
იხილეთ მეტი
შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე
pe თ. 20 გვ. 166-174

თავი 20

აღდგომა — ვისთვის და სად?

1, 2. რა ადასტურებს, რომ ღმერთის ადრინდელ მსახურებს სწამდათ აღდგომა?

ღმერთის მსახურებს დასაბამიდანვე სწამდათ, რომ იქნებოდა აღდგომა. აბრაამის შესახებ, რომელიც იესოს დაბადებამდე 2 000 წლით ადრე ცხოვრობდა, ბიბლიაში ნათქვამია: „მიიჩნია, რომ ღმერთს [მისი ისაკის] მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს“ (ებრაელთა 11:17–19). მოგვიანებით, ღმერთის მსახურმა იობმა იკითხა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ შემდეგ კი საკუთარ კითხვაზე თვითონვე გასცა პასუხი და უთხრა ღმერთს: „დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი“. ამგვარად, მან ცხადყო, რომ სწამდა აღდგომის (იობი 14:14, 15).

2 დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ განმარტა: „ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ამის შესახებ მოსემაც მიუთითა, მაყვლის ბუჩქზე, როდესაც აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი. ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:37, 38). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „აღდგომა“ გამოიყენება 40-ზე მეტჯერ. ნამდვილად, მკვდრეთით აღდგომა წარმოადგენს ბიბლიის ერთ-ერთ მთავარ სწავლებას (ებრაელთა 6:1, 2).

3. როგორი რწმენა გამოავლინა მართამ აღდგომის შესახებ?

3 იესოსთან მეგობრულ ურთიერთობაში მყოფმა მართამ, თავისი ძმის ლაზარეს სიკვდილის დროს, გამოავლინა, რომ სწამდა აღდგომა. როცა გაიგო, რომ იესო მოდიოდა, მართა შეეგება და უთხრა: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, ჩემი ძმა არ მოკვდებოდა“. იესომ დამწუხრებული მართა შემდეგი სიტყვებით ანუგეშა: „აღდგება შენი ძმა“. მართამ უპასუხა: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“ (იოანე 11:17–24).

4–6. რა საფუძველი ჰქონდა მართას, რომ ერწმუნა აღდგომა?

4 მართას ჰქონდა აღდგომის შესახებ რწმენის საფუძვლიანი მიზეზი. მაგალითად, მან იცოდა, რომ დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველებმა ელიამ და ელისემ ღმერთის დახმარებით აღადგინეს თითო ბავშვი (მესამე მეფეთა 17:17–24; მეოთხე მეფეთა 4:32–37). მართასთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მკვდარი გაცოცხლდა, როცა სამარეში ჩააგდეს და შეეხო მკვდარი ელისეს ჩონჩხს (მეოთხე მეფეთა 13:20, 21). მაგრამ მართას რწმენა აღდგომისადმი ყველაზე ძლიერ განამტკიცა იმან, რასაც ასწავლიდა და აკეთებდა თვითონ იესო.

5 შეიძლება, ორი წლით ადრე მართა ესწრებოდა იერუსალიმში ქრისტეს ქადაგებას და მოისმინა, თუ რა როლს შეასრულებდა იესო მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით. იესომ თქვა: „რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და აცოცხლებს, ასევე ძეც აცოცხლებს მას, ვინცა სურს. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. [და] . . . გამოვლენ“ (იოანე 5:21, 28, 29).

6 ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ იესოს ამ სიტყვებამდე ვინმე აღედგინოს. მაგრამ ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ მან აღადგინა ქალაქ ნაინში მცხოვრები ქვრივის ვაჟი. ამ ცნობამ იუდეის სამხრეთამდეც კი მიაღწია და სარწმუნოა, რომ მართა გაიგებდა ამ ამბავს (ლუკა 7:11–17). მოგვიანებით მართამ, ალბათ, იმის შესახებაც მოისმინა, რაც მოხდა გალილეის ზღვასთან, იაიროსის სახლში. მისი თორმეტი წლის ასული მძიმედ დაავადდა და მოკვდა. ხოლო როდესაც იესო მივიდა იაიროსის სახლში, მიუახლოვდა მკვდარ ბავშვს და უთხრა: „გოგონავ, ადექ!“ და ის ადგა! (ლუკა 8:40–56).

7. როგორი მტკიცება მისცა იესომ მართას, რომ შეუძლია მკვდრების აღდგენა?

7 მართა არ მოელოდა, რომ იესო მაშინვე აღადგენდა ლაზარეს. ამიტომ უთხრა მას: „ვიცი რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს“. მაგრამ მართასთვის რომ ნათლად ეჩვენებინა, თუ თვითონ რა როლს შეასრულებდა მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით, იესომ უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“. შემდეგ იესო მიიყვანეს სამარხთან, სადაც ლაზარე ესვენა. „ლაზარე, გამოდი!“ — დაიძახა მან. და ოთხი დღის მკვდარი ლაზარე გამოვიდა! (იოანე 11:24–26, 38–44).

8. რა ამტკიცებს, რომ იესო აღდგენილი იყო?

8 რამდენიმე კვირის შემდეგ მოკლეს თვითონ იესო და სამარხში დაასვენეს. მაგრამ იესო იქ მხოლოდ სამი დღე იყო. მოციქული პეტრე ამას შემდეგი სიტყვებით ხსნის: „ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ“. რელიგიურ წინამძღოლებს არ შეეძლოთ ხელი შეეშალათ, რომ ღმერთის ძე აღდგენილი ყოფილიყო (საქმეები 2:32; მათე 27:62–66; 28:1–7). შეუძლებელია, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით, არსებობდეს რამე ეჭვი, რადგან მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ერთხელ 500 მათგანსაც კი გამოეცხადა (1 კორინთელთა 15:3–8). იესოს მოწაფეებს ისე მტკიცედ სწამდათ აღდგომის, რომ ღმერთისადმი მსახურების დროს სიკვდილისთვისაც კი იყვნენ მზად.

9. ბიბლიური ცნობების თანახმად, რომელი ცხრა ადამიანი იქნა აღდგენილი?

9 შემდეგი მტკიცება, რომ მკვდრები აღდგენილი იქნებიან, მოგვიანებით პეტრე და პავლე მოციქულების მიერ იყო მოცემული. ჯერ პეტრემ აღადგინა იაფოელი ტაბითა, რომელსაც ქურციკსაც უწოდებდნენ (საქმეები 9:36–42). შემდეგ კი, პავლემ გააცოცხლა ახალგაზრდა ევტიხი, რომელიც იმ დროს, როდესაც პავლე სიტყვით გამოდიოდა, მესამე სართულის სარკმლიდან გადმოვარდა და მოკვდა (საქმეები 20:7–12). ბიბლიაში მოხსენიებული ეს ცხრა აღდგენა უსათუოდ იძლევა უდავო მტკიცებას, რომ მკვდრები აღდგენილი იქნებიან!

ვინ იქნება აღდგენილი?

10, 11. ა) რატომ გაითვალისწინა ღმერთმა აღდგომა? ბ) საქმეების 24:15-ის თანახმად, ადამიანთა რომელი ორი ჯგუფი იქნება აღდგენილი?

10 თავდაპირველად, ღმერთს არ ჰქონია განზრახული, რომ ვინმე აღედგინა, რადგან თუ ადამი და ევა მისი ერთგული დარჩებოდნენ, არავის მოუწევდა სიკვდილი. მაგრამ ადამის ცოდვამ ყოველ ადამიანს თავს დაატეხა არასრულყოფილება და სიკვდილი (რომაელთა 5:12). ამიტომ, ადამის შთამომავლობას რომ შესძლებოდა მარადიული სიცოცხლით დატკბობა, იეჰოვა ღმერთმა გაითვალისწინა აღდგომა. მაგრამ რა არის იმის გადამწყვეტი ფაქტორი, აღდგენილი იქნება პიროვნება თუ არა?

11 ბიბლია განმარტავს: „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (საქმეები 24:15). შესაძლოა, ეს ზოგიერთებს აოცებს და ამიტომ სვამენ კითხვას: „მაგრამ რატომ უნდა დაუბრუნდნენ სიცოცხლეს ‘უკეთურნი’? ის, რაც იესოს ძელზე წამების დროს მოხდა დაგვეხმარება ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში.

12, 13. ა) რას დაჰპირდა იესო ბოროტმოქმედს? ბ) სად იქნება სამოთხე, რომლის შესახებაც ლაპარაკობდა იესო?

12 იესოს გვერდით მყოფი მამაკაცები ბოროტმოქმედები არიან. ერთ-ერთი მათგანი გმობს მას და ეუბნება: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც“. ხოლო მეორე ბოროტმოქმედმა ირწმუნა იესო. ის ეუბნება: „გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ“. ამის პასუხად იესო ჰპირდება: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ დღეს, ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:39–43, აქ).

13 მაგრამ რა აქვს იესოს მხედველობაში, როცა ამბობს: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში?“ სად არის ეს სამოთხე? სად იყო ის სამოთხე, რომელიც დასაწყისში შექმნა ღმერთმა? ის იყო დედამიწაზე. ასე არ არის? ღმერთმა ადამიანთა პირველი წყვილი ედემის ბაღად წოდებულ მშვენიერ სამოთხეში დაასახლა. ამიტომ, როცა ვკითხულობთ, რომ ეს ყოფილი ბოროტმოქმედი იქნება სამოთხეში, უნდა წარმოვიდგინოთ მშვენიერ საცხოვრებელ ადგილად ქცეული დედამიწა, რადგან სიტყვა „სამოთხე“ ნიშნავს „ბაღს“, ანუ „პარკს“ (დაბადება 2:8, 9).

14. რა გაგებით იქნება იესო ყოფილ ბოროტმოქმედთან ერთად სამოთხეში?

14 რასაკვირველია, იესო ქრისტე ყოფილ ბოროტმოქმედთან ერთად არ იცხოვრებს დედამიწაზე. მან, როგორც მეფემ, ზეციდან უნდა უხელმძღვანელოს სამოთხეს. მაშასადამე, იესო იმ ადამიანთან იმ აზრით იქნება, რომ აღადგენს მას მკვდრეთით და იზრუნებს მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებზე. მაგრამ რატომ მისცემს იესო ყოფილ ბოროტმოქმედს სამოთხეში ცხოვრების უფლებას?

15. რატომ იქნებიან აღდგენილი ‘უკეთურნი’?

15 მართალია, ეს პიროვნება ბოროტმოქმედი და ‘უკეთური’ იყო. მაგრამ ის ასევე არ იცნობდა ღმერთის ნებას. იქნებოდა კი ეს ადამიანი ბოროტმოქმედი, ღმერთის განზრახვა რომ სცოდნოდა? ამის გამოსარკვევად იესო აღადგენს მას და ასევე მილიარდობით სხვა ადამიანსაც, რომლებიც მოკვდნენ უმეცრებაში. მაგალითად, გასულ საუკუნეებში უამრავი ადამიანი მოკვდა, რომლებმაც არც წერა-კითხვა იცოდნენ და არც ბიბლია ჰქონდათ ნანახი. მაგრამ ისინი აღდგენილი იქნებიან შეოლიდან, ანუ ჰადესიდან. მაშინ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე მათ შეასწავლიან ღმერთის ნებას და მიეცემათ შესაძლებლობა იეჰოვას ნების შესრულებით დაამტკიცონ, რომ სინამდვილეში უყვართ ღმერთი.

16. ა) ვინ არ იქნება მკვდრეთით აღდგენილი? ბ) რატომ არ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ მსაჯულები? გ) რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი?

16 ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მკვდარი იქნება აღდგენილი. ბიბლიის თანახმად, არ აღდგება იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა ქრისტე. წინასწარგანზრახული ბოროტების გამო, იუდას ეწოდა ‘დაღუპვის ძე’ (იოანე 17:12). ის დაექვემდებარა სიმბოლური გეენის სასჯელს, საიდანაც არ არის აღდგენა (მათე 23:33). ის პირები, რომლებიც განზრახ სცოდავენ მას შემდეგ, რაც ღმერთის ნებას გაეცნენ, შესაძლოა, სცოდავენ სულიწმიდის წინააღმდეგ. ღმერთი კი არ აღადგენს იმათ, ვინც მისი სულიწმიდის წინააღმდეგ სცოდავს (მათე 12:32; ებრაელთა 6:4–6; 10:26, 27). მაგრამ იმის გამო, რომ ღმერთია მსაჯული, ჩვენ საფუძველი არ გვაქვს ვეცადოთ, გამოვიკვლიოთ, იქნებიან თუ არა აღდგენილი წარსული თუ თანამედროვე დროის ცოდვილი ადამიანები. ღმერთმა იცის, ვინ იმყოფება ჰადესში და ვინ — გეენაში. ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ვიყოთ ისეთი ადამიანები, როგორიც ღმერთს სურს ჰყავდეს, თავის ახალ სისტემაში (ლუკა 13:24, 29).

17. ვის არ დასჭირდება აღდგენა, რომ გაიხაროს მარადიული სიცოცხლით?

17 ყველას, ვინც მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს, არ დასჭირდება მკვდრეთით აღდგენა. ღმერთის მრავალი მსახური, რომელიც ამ სისტემის ‘უკანასკნელ დღეებში’ ცხოვრობს, გადაიტანს არმაგედონს. მათ, როგორც უბიწო ‘ახალი მიწის’ ნაწილს, აღარ მოუწევთ სიკვდილი. ის, რაც იესომ უთხრა მართას, სიტყვასიტყვით მათზე ასრულდება: „ყველა, ვინც ცოცხლობს ჩემში და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე“ (იოანე 11:26; 2 ტიმოთე 3:1).

18. ვინ არიან ‘მართლები’, რომლებიც აღდგენილი იქნებიან?

18 ვინ არიან ‘მართლები’, რომლებიც უნდა იქნენ აღდგენილი? მათ მიეკუთვნებიან ღმერთის ერთგული მსახურები, რომლებიც იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე ცხოვრობდნენ. მრავალი მათგანის სახელი ჩაწერილია ებრაელთა მიმართ წერილის მეთერთმეტე თავში. ისინი არ იმედოვნებდნენ, რომ ზეცად ამაღლდებოდნენ, არამედ ჰქონდათ იმედი, რომ კვლავ დედამიწაზე იცხოვრებდნენ. მკვდრეთით აღდგენილ „მართალთა“ შორის იქნებიან ღმერთის ის ერთგული მსახურებიც, რომლებიც ამ უკანასკნელ წლებში მოკვდნენ. ღმერთი იზრუნებს, რომ მკვდრეთით აღდგენის საშუალებით განხორციელდეს მათი იმედი მარადიული სიცოცხლის შესახებ.

სად და როდის მოხდება აღდგომა

19. ა) რა გაგებით იყო იესო პირველი მკვდრეთით აღდგენილებიდან? ბ) ვინ უნდა იქნეს აღდგენილი ქრისტეს შემდეგ?

19 იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომ ის ‘მკვდართაგან პირველი აღდგა’ (საქმეები 26:23). ეს იმას ნიშნავს, რომ იესო პირველია იმ აღდგენილ მკვდრებს შორის, რომლებიც მეტად აღარ მოკვდებიან. ის ასევე პირველი იყო აღდგენილებს შორის, როგორც სულიერი პიროვნება (1 პეტრე 3:18). მაგრამ ბიბლია სხვების შესახებაც გვატყობინებს: „თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი, მისი მოსვლისას [თანდასწრებისას, აქ]“ (1 კორინთელთა 15:20–23). მაშასადამე, ზოგიერთები სხვა ადამიანებზე ადრე აღდგებიან.

20. ა) ვინ არიან „ქრისტესნი“? ბ) როგორი იქნება მათი აღდგომა?

20 „ქრისტესნი“, ანუ 144 000 ერთგული მოწაფე, არჩეული არიან, რომ იმეფონ ქრისტესთან ერთად. მათი ზეციერი აღდგომის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ნეტარი და წმიდაა ის, ვისაც აქვს წილი პირველ აღდგომაში; მასზე ხელმწიფება არ აქვს მეორე სიკვდილს, არამედ ისინი. . . იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს“ (გამოცხადება 20:6; 14:1, 3).

21. ა) როდის იწყება ‘პირველი აღდგომა’? ბ) უეჭველად, ვინ აღდგა უკვე ზეციერი ცხოვრებისთვის?

21 ამიტომ ქრისტეს აღდგენის შემდეგ უნდა აღდგეს 144 000. ისინი მონაწილეობენ „პირველ აღდგომაში“, ანუ ‘ადრეულ აღდგომაში’ (ფილიპელთა 3:11, აქ). როდის ხდება ეს? „მისი თანდასწრებისას“ — ნათქვამია ბიბლიაში. როგორც წინა თავებიდან შევიტყვეთ, ქრისტეს თანდასწრება დაიწყო 1914 წელს. მაშასადამე, ერთგული ქრისტიანების ზეციერი ცხოვრებისთვის ‘პირველი აღდგომის’ ‘დღე’ უკვე დაიწყო. ეჭვგარეშეა, რომ მოციქულები და სხვა ადრინდელი ქრისტიანები ზეციერი ცხოვრებისთვის უკვე აღდგენილი არიან (2 ტიმოთე 4:8).

22. ა) კიდევ ვინ მიიღებს მონაწილეობას „პირველ აღდგომაში“? ბ) როდის აღდგებიან ისინი?

22 ამჟამად, იესოს უხილავი თანდასწრების დროს ცხოვრობენ ქრისტიანები, რომლებსაც ასევე აქვთ იმედი, იმეფონ ქრისტესთან ერთად ზეცაში. ეს არის 144 000-ის დარჩენილი ნაწილი. როდისღა აღდგებიან ისინი? მათ არ ესაჭიროებათ სიკვდილის ძილით დაძინება, არამედ სიკვდილისთანავე იქნებიან აღდგენილი. ბიბლია განმარტავს: „ყველანი არ განვისვენებთ [არ დავიძინებთ სიკვდილის ძილით, აქ], მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე; ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან“ (1 კორინთელთა 15:51, 52; 1 თესალონიკელთა 4:15–17).

23. როგორ აღწერს ბიბლია სულიერი ცხოვრებისთვის გარდაქმნას?

23 რა თქმა უნდა, ‘პირველი აღდგომა’ ზეციერი ცხოვრებისთვის, ადამიანებისთვის უხილავია. ეს არის აღდგენა სულიერ ქმნილებებად. ბიბლია სულიერი ცხოვრებისთვის ასეთ გარდაქმნას შემდეგნაირად აღწერს: „ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით. ითესება დამცირებით და აღდგება დიდებით . . .ითესება მშვინვიერი [ფიზიკური, აქ] და აღდგება სულიერი სხეული“ (1 კორინთელთა 15:42–44).

24. ა) რომელი აღდგომა მოჰყვება ‘პირველ აღდგომას’? ბ) რატომ ეწოდება მას ‘უკეთესი აღდგომა’?

24 თვით გამოთქმა ‘პირველი აღდგომა’ ცხადყოფს, რომ მას მოჰყვება შემდეგი. ეს იქნება აღდგომა სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე საცხოვრებლად, როგორც მართლებისთვის, ისე უკეთურებისთვის, რაც მოხდება არმაგედონის შემდეგ. ეს იქნება ‘უკეთესი აღდგომა’, ვიდრე ელიასა და ელისეს მიერ აღდგენილი ბიჭებისა და სხვა ადამიანების აღდგომა, რომლებიც ერთ დროს აღდგენილი იყვნენ დედამიწაზე. რატომ? იმიტომ რომ, არმაგედონის შემდეგ აღდგენილები, თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ემსახურონ ღმერთს, აღარასოდეს მოკვდებიან (ებრაელთა 11:35).

ღმერთის სასწაული

25. ა) რატომ არ აღდგება ზუსტად იგივე სხეული, რომლითაც მოკვდა ადამიანი? ბ) რა იქნება აღდგენილი და რა მიეცემათ აღდგენილებს?

25 ადამიანის სიკვდილის შემდეგ რა იქნება აღდგენილი? არა ის სხეული, რომლითაც მოკვდა პიროვნება. ბიბლია ამას გვიჩვენებს, როდესაც აღწერს ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგომას (1 კორინთელთა 15:35–44). დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებიც არ მიიღებენ თავიანთ წინანდელ სხეულს. მათი სხეული უსათუოდ გაიხრწნა და დაუბრუნდა მიწას. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მკვდარი სხეულის ელემენტები სხვა ცოცხალი ორგანიზმის ნაწილი გახდა. ამიტომ ღმერთი აღადგენს არა იმ სხეულს, არამედ ზუსტად იმ ადამიანს, რომელიც მოკვდა. ზეცაში მიმავალ პირებს ღმერთი ახალ სულიერ სხეულს აძლევს, დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილებს კი — ახალ ფიზიკურ სხეულს. ეს ფიზიკური სხეული, უეჭველად, მსგავსი იქნება იმ სხეულისა, რომელიც ამ პიროვნებას სიკვდილამდე ჰქონდა. ასე რომ, მას იცნობენ ახლობლები.

26. ა) რატომ არის აღდგომა ასეთი საოცარი სასწაული? ბ) ადამიანების რომელი გამოგონება დაგვეხმარება, ჩავწვდეთ ღმერთის შესანიშნავ უნარს, რომ ახსოვს ადამიანები, რომლებიც მოკვდნენ?

26 აღდგომა ნამდვილად საოცარი სასწაულია. შეიძლება ადამიანმა სიკვდილამდე შეიძინა უდიდესი ცოდნა, გამოცდილება და დააგროვა მრავალი მოგონება. ის ჩამოყალიბდა პიროვნებად, რითაც სხვა ადამიანებისგან განსხვავდებოდა. მაგრამ იეჰოვა ღმერთს ახსოვს თითოეული წვრილმანი და აღადგენს მას ყველა თავისი ნიშან-თვისებით. ბიბლია იმ მკვდრების შესახებ, რომლებიც აღდგენილი იქნებიან, ამბობს: „მისთვის ყველა ცოცხალია“ (ლუკა 20:38). ადამიანებს შეუძლიათ ჩაიწერონ პიროვნებების ხმა და გამოსახულება და ნახონ ისინი მათი სიკვდილის შემდეგაც კი. იეჰოვას კი შეუძლია ყველა ადამიანის აღდგენა, ვინც ცოცხალია მის მეხსიერებაში და ის გააკეთებს ამას!

27. აღდგომასთან დაკავშირებით, რომელ კითხვებზე მივიღებთ პასუხს მოგვიანებით?

27 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ სამოთხეში მათი ცხოვრების შესახებ ბიბლია ბევრ რამეს იტყობინება. მაგალითად, იესო ლაპარაკობდა იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც „გამოვლენ“ — ერთნი „სიცოცხლის აღდგომისთვის“, სხვები კი — „სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:29). რას გულისხმობდა ქრისტე ამ სიტყვებით? განსხვავდება თუ არა „მართალთა“ სიტუაცია „უკეთურთა“ სიტუაციისგან? ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს განკითხვის დღის განხილვა.

[სურათები 167-ე გვერდზე]

„ვიცი რომ აღდგება“.

ელიამ აღადგინა ქვრივის ვაჟი

ელისემ აღადგინა ბავშვი

ადამიანი, რომელიც შეეხო ელისეს ჩონჩხს, გაცოცხლდა

[სურათები 168-ე გვერდზე]

იესოს მიერ აღდგენილი პირები:

ნაინში მცხოვრები ქვრივის ვაჟი

ლაზარე

იაიროსის ასული

[სურათები 169-ე გვერდზე]

სხვა აღდგენილი ადამიანები:

ქურციკი

თვითონ იესო

ევტიხი

[სურათი 170-ე გვერდზე]

სად იმყოფება სამოთხე, რომელსაც იესო დაჰპირდა ბოროტმოქმედს?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება