ბიბლიის წიგნი 5 — მეორე კანონი
დამწერი: მოსე
დაწერის ადგილი: მოაბის ველი
წერა დასრულდა: ძვ. წ. 1473
მოიცავს პერიოდს: 2 თვე (ძვ. წ. 1473)
1. რა კითხვები იბადება აღთქმული მიწის ზღურბლთან მდგარ ისრაელთან დაკავშირებით?
წიგნი „მეორე კანონი“ იეჰოვას ხალხისთვის შთამბეჭდავ ინფორმაციას შეიცავს. ისრაელის ძეებმა 40 წელი იხეტიალეს უდაბნოში, ახლა კი აღთქმული მიწის ზღურბლთან იდგნენ. რა ელოდათ მათ? რა სირთულეებთან მოუწევდათ გამკლავება იორდანის გაღმა? ბოლოს რა სიტყვებით მიმართა მოსემ ერს? და რაში გამოგვადგება ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა?
2. რით გამოირჩევა წიგნი „კანონი“?
2 ამ კითხვებზე პასუხებს მოსეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომლებიც მან ბიბლიის მეხუთე წიგნში, „მეორე კანონში“ ჩაწერა. თუმცა „კანონში“ ბევრი რამ წინა წიგნებიდან მეორდება, ის თავისებურად გამორჩეულია. რით გამოირჩევა ეს წიგნი? ის მეტ ჟღერადობას სძენს ღვთის ცნობას, რადგან იმ დროს მიეცა იეჰოვას ხალხს, როცა მათ კონკრეტული მითითებები და უნარიანი ხელმძღვანელი ესაჭიროებოდათ. მალე ისრაელს აღთქმულ მიწაზე ახალი წინამძღოლი შეიყვანდა. გზის გასაგრძელებლად მათ გამხნევება და იეჰოვას დარიგებები სჭირდებოდათ, რაც საშუალებას მისცემდათ, იეჰოვას კურთხევების მისაღებად სწორი კურსი აერჩიათ.
3. რას იმეორებს მოსე მთელ წიგნში და რატომ არის ეს ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი?
3 ღვთის სულით აღძრულმა მოსემ ღვთის მორჩილებისა და ერთგულებისკენ მოუწოდა ისრაელს. მთელ წიგნში ის არაერთხელ უმეორებს მათ, რომ იეჰოვა, უზენაესი ღმერთია, განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს და სურს, რომ მის ხალხს უყვარდეს ის „მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“. ის „ღმერთთა ღმერთი და უფალთა უფალია, დიდებული ღმერთი, ძლიერი და შიშის მომგვრელი. არ იქცევა მიკერძოებით და ქრთამს არ იღებს“. ის არ იწყნარებს მეტოქეობას. მისადმი მორჩილებას სიცოცხლე მოაქვს, ურჩობას კი — სიკვდილი. „კანონში“ ჩაწერილმა დროულმა დარიგებებმა შეამზადა ისრაელი შემდგომი დავალებების შესასრულებლად. მსგავსი დარიგებები ჩვენც გვჭირდება, რათა კვლავაც ვიაროთ იეჰოვას შიშით და განვწმინდოთ მისი სახელი ამ უწმინდურ ქვეყნიერებაში (კან. 5:9, 10; 6:4—6; 10:12—22).
4. საიდან მომდინარეობს წიგნის სახელწოდება და რა მიზანს ემსახურებოდა ეს წიგნი?
4 ამ წიგნის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სეპტუაგინტიდან, სადაც მას „დევტერონომიონ“ ეწოდება. ის შედგება ორი სიტყვისგან „დევტეროს“ (მეორე) და „ნომოს“ (კანონი) და ნიშნავს „მეორე კანონს“ ანუ „კანონის გამეორებას“. ეს ბერძნული სიტყვა ნათარგმნია კანონის 17:18-ში მოხსენიებული ებრაული ფრაზიდან „მიშნე ჰათორა“, რაც სიტყვასიტყვით „კანონის ასლს“ ნიშნავს. თუმცა წიგნს „მეორე კანონი“ ჰქვია, ის არც სხვა კანონია და არც კანონის გამეორება. ის უფრო კანონის ახსნაა, რომელიც აღძრავდა ისრაელს, ჰყვარებოდათ იეჰოვა და დამორჩილებოდნენ მას აღთქმულ მიწაზე, სადაც მალე შევიდოდნენ (1:5).
5. რა ცხადყოფს, რომ „კანონი“ მოსეს დაწერილია?
5 ვინაიდან „კანონი“ ხუთწიგნეულის მეხუთე გრაგნილი ანუ ტომია, ისიც წინა ოთხი წიგნის დამწერს, მოსეს უნდა დაეწერა. შესავალშივე „მეორე კანონზე“ ნათქვამია, რომ ეს არის სიტყვები, რომლებიც „უთხრა მოსემ მთელ ისრაელს“, მოგვიანებით კი ვკითხულობთ, რომ „დაწერა მოსემ ეს კანონი“ და „დაწერა მოსემ იმ დღეს ეს სიმღერა“. ეს ცხადყოფს, რომ წიგნი მოსეს დაწერილია. მისი სახელი წიგნში დაახლოებით 40-ჯერ არის მოხსენიებული, ჩვეულებრივ იმისთვის, რომ ნათქვამი უფრო ავტორიტეტული იყოს. თხრობა ძირითადად პირველ პირში მიდის. დასკვნითი სიტყვები წიგნში შესაძლოა მოსეს სიკვდილის შემდეგ იესო ნავეს ძემ ან მღვდელმთავარმა ელეაზარმა ჩაწერა (1:1; 31:9, 22, 24—26).
6. ა) დროის რა მონაკვეთს მოიცავს „მეორე კანონი“? ბ) ფაქტობრივად, როდის უნდა დასრულებულიყო წიგნის წერა?
6 როდის მოხდა „კანონში“ აღწერილი მოვლენები? წიგნის დასაწყისშივე ნათქვამია, რომ „მეორმოცე წლის მეთერთმეტე თვეს, თვის პირველ დღეს, უთხრა მოსემ ისრაელის ძეებს“. „მეორე კანონში“ შეწყვეტილი თხრობა გრძელდება წიგნ „იესო ნავეს ძეში“ იმ მოვლენების აღწერით, რომლებიც სამი დღით უსწრებდა „პირველი თვის მეათე დღეს“ ისრაელების მიერ მდინარე იორდანის გადაკვეთას (კან. 1:3; იეს. 1:11; 4:19). აქედან გამომდინარე, „მეორე კანონში“ აღწერილი მოვლენები მოიცავს ორ თვესა და ერთ კვირას. თუმცა ამ ცხრაკვირიანი პერიოდიდან ხალხი 30 დღეს მოსეს გლოვობდა (კან. 34:8). ეს ნიშნავს, რომ „მეორე კანონში“ აღწერილი თითქმის ყველა მოვლენა მე-40 წლის მე-11 თვეს უნდა მომხდარიყო. ფაქტობრივად, თვის ბოლოსთვის წიგნის წერა უნდა დამთავრებულიყო, რადგან მოსე მე-40 წლის მე-12 თვის დასაწყისში მოკვდა, ანუ ძვ. წ. 1473 წლის დასაწყისში.
7. რა ამტკიცებს „მეორე კანონის“ უტყუარობას?
7 ფაქტები, რომლებიც ხუთწიგნეულის პირველი ოთხი წიგნის უტყუარობის დასამტკიცებლად მოვიყვანეთ, ამტკიცებს მეხუთე წიგნის, „მეორე კანონის“ უტყუარობასაც. „დაბადების“, „ფსალმუნებისა“ და „ესაიას“ მსგავსად, ეს წიგნიც ყველაზე ხშირად არის ციტირებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. იქ მთლიანობაში 83 ციტატაა მოყვანილი „მეორე კანონიდან“. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 17 წიგნში გვხვდება ამ წიგნზე მინიშნება.
8. როგორ ადასტურებს იესო „მეორე კანონის“ უტყუარობას?
8 „კანონის“ მხარდასაჭერად საუკეთესო მტკიცება იესო ქრისტემ მოიყვანა. თავისი მსახურების დასაწყისში ეშმაკმა სამჯერ გამოსცადა იესო. სამივე შემთხვევაში იესო თავის პასუხს ასე იწყებდა: „დაწერილია“. მაგრამ სად იყო დაწერილი იესოს მიერ მოყვანილი სიტყვები? იესო ციტირებდა „მეორე კანონიდან“ (8:3; 6:16, 13), რომელიც მისთვის ავტორიტეტული იყო: „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“; „არ გამოსცადოთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“; „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათ. 4:1—11). მოგვიანებით, როცა ფარისევლები ცდილობდნენ იესოს სიტყვაში გამოჭერას და ღვთის კანონების შესახებ კითხვებს უსვამდნენ, იესომ კანონის 6:5-დან „პირველი და უდიდესი მცნება“ მოიყვანა (მათ. 22:37, 38; მარ. 12:30; ლუკ. 10:27). ამგვარად, იესოს დამოწმება საუკეთესოდ ამტკიცებს „კანონის“ უტყუარობას.
9. კიდევ რა ადასტურებს, რომ „მეორე კანონი“ სარწმუნოა?
9 გარდა ამისა, წიგნში აღწერილი მოვლენები და გამონათქვამები ზუსტად შეესაბამება მაშინდელ ისტორიულ ვითარებასა და ადგილებს. ის სანდო ინფორმაციას გვაწვდის იმდროინდელი ეგვიპტის, ქანაანის, ამალეკის, ამონის, მოაბისა და ედომის შესახებ. წიგნში ზუსტად არის დასახელებული გეოგრაფიული ადგილებიa. მატულობს იმ არქეოლოგიურ აღმოჩენათა რაოდენობა, რომლებიც მოსეს წიგნების უტყუარობას ამტკიცებს. ჰენრი ჰელი წერს: «ბოლოდროინდელი არქეოლოგიური აღმოჩენები იმდენად დამაჯერებელია, რომ გაჩნდა [იმ] ტრადიციული თვალსაზრისის მხარდამჭერი ტენდენცია, [რომლის თანახმადაც მოსემ დაწერა ხუთწიგნეული]. მოსაზრება, თითქოს მოსეს დროს დამწერლობა არ არსებობდა, კატეგორიულად გაბათილებულია. ყოველ წელს ეგვიპტეში, პალესტინასა და შუამდინარეთში არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი წარწერები თუ მიწის სხვადასხვა ფენაში აღმოჩენილი სხვა მასალა ცხადყოფს, რომ [ებრაული წერილები] ზუსტი ისტორიული ჩანაწერებია. „მეცნიერება“ აშკარად მეტი პატივისცემით ეკიდება იმ ტრადიციულ თვალსაზრისს, რომ დამწერი მოსე იყო»b. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ფაქტით დასტურდება, რომ „მეორე კანონი“, ისევე როგორც ხუთწიგნეულის სხვა წიგნები, ღვთის წინასწარმეტყველის, მოსეს მიერ გაკეთებული სარწმუნო და ზუსტი ჩანაწერია.
შინაარსი
10. რისგან შედგება „მეორე კანონი“?
10 წიგნი შედგება რამდენიმე მიმართვისგან, რომლებიც მოსემ წარმოთქვა მოაბის ველზე, იერიხონის პირდაპირ დაბანაკებული ისრაელებისთვის. პირველი მიმართვა მთავრდება მე-4 თავში, მეორე 26-ე თავის ბოლომდე გრძელდება, მესამე — 28-ე თავის ჩათვლით და მეოთხე — 30-ე თავის ბოლომდე. მოსემ იცოდა, რომ მისი სიკვდილი მოახლოებული იყო, ამიტომ ხალხს საბოლოო მითითებები მისცა, წინამძღოლად იესო ნავეს ძე დანიშნა და შემდეგ იეჰოვას მიუძღვნა ულამაზესი სიმღერა, რომელიც ისრაელის ტომების კურთხევით დაასრულა.
11. რით დაიწყო მოსემ თავისი პირველი მიმართვა?
11 პირველი მიმართვა (1:1—4:49). ეს არის შესავლად წამძღვარებული ისტორიული მიმოხილვა. უპირველესად, მოსემ შეახსენა ისრაელებს, როგორი ერთგული ღმერთი ჰყავდათ. შემდეგ უთხრა, რომ წასულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ღმერთმა მათ წინაპრებს — აბრაამს, ისაკსა და იაკობს აღუთქვა. მოსემ ისიც გაიხსენა, როგორ გაუწია იეჰოვამ მათ ორგანიზება უდაბნოში მგზავრობის დასაწყისში, როცა მოსეს აარჩევინა ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. ისინი კარგად იყვნენ ორგანიზებულნი და იეჰოვა ადევნებდათ თვალყურს, როცა „დიდი და შიშის მომგვრელი უდაბნო“ გაიარეს (1:19).
12. ქანაანის მიწის პირველი დაზვერვის შემდეგ მომხდარი რა მოვლენები გაიხსენა მოსემ?
12 მოსემ გაიხსენა მათი ურჩობა, როცა ქანაანიდან დაბრუნებულ მზვერავებს დაუჯერეს და ჩივილი დაიწყეს, რომ იეჰოვას სძულდა ისინი. მათი აზრით, იეჰოვამ მხოლოდ იმიტომ გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან, რომ ამორეველების ხელში ჩაეგდო. მათი ურწმუნოების გამო იეჰოვამ თქვა, რომ ამ ბოროტი თაობიდან ვერავინ იხილავდა მადლიან მიწას, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა. ისინი მაინც ეურჩნენ იეჰოვას, გაკადნიერდნენ და თვითნებურად გაილაშქრეს მტრის წინააღმდეგ. ამორეველები მათ ფუტკრებივით დაედევნენ და განდევნეს ისინი.
13. რის საფუძველზე დაარწმუნა მოსემ იესო ნავეს ძე გამარჯვებაში?
13 მათ გეზი წითელი ზღვისკენ აიღეს. ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში მებრძოლი ხალხის მთელი თაობა დაიხოცა. შემდეგ იეჰოვამ უბრძანა მათ, გადაელახათ არნონის ხევი და დაუფლებოდნენ არნონის ჩრდილოეთით მდებარე მიწას. იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „დღეიდან თქვენდამი ძრწოლასა და შიშს ჩავუნერგავ ხალხს მთელ ცისქვეშეთში, ვინც კი გაიგებს თქვენს ამბავს; თქვენ გამო შეშფოთდებიან და ისეთი ტკივილები დაეწყებათ, როგორიც მშობიარობის დროს აქვთ ხოლმე“ (2:25). ისრაელებმა ხელში ჩაიგდეს სიხონი და მისი მიწა, ასევე ოგი და მისი სამეფო. მოსემ დაარწმუნა იესო ნავეს ძე, რომ იეჰოვა ისევ იბრძოლებდა ისრაელისთვის და სხვა სამეფოებს ჩაუგდებდა ხელში. მოსემ სთხოვა ღმერთს, რომ გადაეყვანა იორდანის გაღმა მადლიან მიწაზე, მაგრამ იეჰოვამ კვლავ უარი უთხრა და დაავალა, იესო ნავეს ძე წინამძღოლად დაენიშნა, გაემხნევებინა და განემტკიცებინა.
14. როგორ გაამახვილა მოსემ ყურადღება ღვთის კანონსა და იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებაზე?
14 მოსემ დიდი ყურადღება გაამახვილა ღვთის კანონზე და გააფრთხილა ხალხი, რომ არაფერი დაემატებინათ და არაფერი მოეკლოთ ღვთის ბრძანებებისთვის. მან უთხრა ხალხს, რომ დაუმორჩილებლობას სავალალო შედეგები მოჰყვებოდა: „ფრთხილად იყავით და გაუფრთხილდით თქვენს სულებს, რომ არ დაგავიწყდეთ, რაც თქვენი თვალით იხილეთ, არ მოიშოროთ ის გულიდან მთელი თქვენი სიცოცხლე და მოუყევით თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს“ (4:9). მათ არ დაუნახავთ არანაირი გამოსახულება, როცა იეჰოვამ შიშის მომგვრელი მოვლენების ფონზე ათი მცნება მისცა მათ ხორებთან. ისინი დაიღუპებოდნენ, თუ დაუბრუნდებოდნენ კერპებისა და გამოსახულებების თაყვანისცემას, რადგან, როგორც მოსემ თქვა: „იეჰოვა, თქვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია, განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ (4:24). იეჰოვამ შეიყვარა მათი მამა-პაპა და აირჩია ისინი. მხოლოდ იეჰოვაა ღმერთი მაღლა ზეცაში და დაბლა მიწაზე. მოსემ მოუწოდა ხალხს, დამორჩილებოდნენ ღმერთს, რათა ‘ყოველთვის დღეგრძელნი ყოფილიყვნენ ისინი და მათი ვაჟები იმ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ, მათმა ღმერთმა მისცათ’ (4:40).
15. რაზე იზრუნა მოსემ?
15 ამ შთამბეჭდავი სიტყვების დასრულების შემდეგ მოსემ იორდანის აღმოსავლეთით თავშესაფარ ქალაქებად გამოყო ბეცერი, რამოთი და გოლანი.
16. რას გაუსვა ხაზი მოსემ მეორე მიმართვაში?
16 მეორე მიმართვა (5:1—26:19). მოსემ მოუწოდა ისრაელს, რომ მოესმინათ იეჰოვასთვის, რომელიც პირისპირ ელაპარაკა მათ სინასთან. აღსანიშნავია, რომ მოსემ გაიმეორა კანონი, თუმცა არა სიტყვასიტყვით, და მოარგო იმ ვითარებას, რაც მათ იორდანის მეორე მხარეს დახვდებოდათ. ეს არ იყო წესებისა და კანონების მშრალი გამეორება. მოსეს ყოველი სიტყვა ცხადყოფდა, რომ ის გულმოდგინე და თავისი ღვთის ერთგული იყო. ის ერის საკეთილდღეოდ ლაპარაკობდა. ამ მიმართვაში ხაზგასმულია, რომ ისრაელი კანონს სიყვარულით უნდა დამორჩილებოდა და არა იძულებით.
17. როგორ უნდა გამოხმაურებოდა ისრაელი იეჰოვას სიყვარულს?
17 უპირველესად, მოსემ გაიმეორა ათი მცნება ანუ ათი კანონი და მოუწოდა ისრაელს, რომ დამორჩილებოდნენ მას, არ გადაეხვიათ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ, რათა დღეგრძელნი ყოფილიყვნენ იმ მიწაზე და გამრავლებულიყვნენ. „მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (6:4). ისრაელებს მთელი გულით, სულითა და ძალით უნდა ჰყვარებოდათ ღმერთი, უნდა ესწავლებინათ თავიანთი შვილებისთვის და მოეთხროთ იმ დიდებული ნიშნებისა და სასწაულების შესახებ, რომლებიც იეჰოვამ მოახდინა ეგვიპტეში. ისინი არ უნდა დაქორწინებულიყვნენ კერპთაყვანისმცემელ ქანაანელებზე. ისრაელი იეჰოვას გამორჩეული საკუთრება გახდა არა იმიტომ, რომ მრავალრიცხოვანნი იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვას უყვარდა ისინი და არ დაარღვია მათ მამა-პაპასთან დადებული ფიცი. ისრაელი არ უნდა გაბმულიყო დემონური რელიგიის ხაფანგში, მათ უნდა გაენადგურებინათ ქანაანელთა კერპები და ჩასჭიდებოდნენ იეჰოვას, „დიდსა და შიშის მომგვრელ ღმერთს“ (7:21).
18. მოსეს სიტყვების თანახმად, რას უნდა მორიდებოდნენ ისრაელები?
18 40 წლის მანძილზე იეჰოვა მათ თავმდაბლობას ასწავლიდა უდაბნოში. ისინი იმასაც სწავლობდნენ, რომ კაცი არა მხოლოდ პურით ან მანანით ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით. ამ წლების განმავლობაში მათ არც ტანსაცმელი გასცვეთიათ და არც ფეხები დასივებიათ. სადაცაა ისინი შევიდოდნენ მდიდარ და უხვმოსავლიან მიწაზე, მაგრამ ისინი უნდა მორიდებოდნენ მატერიალიზმისა და თვითკმაყოფილების მახეს; მათ უნდა ხსომებოდათ, რომ იეჰოვა ‘მისცემდათ ძალას სიმდიდრის შესაძენად’ და გაანადგურებდა ბოროტ ერებს (8:18). შემდეგ მოსემ გაიხსენა ის შემთხვევები, როცა ისრაელმა ღმერთი განარისხა. მათ უნდა ხსომებოდათ, როგორ დაისაჯნენ ჭირით, ცეცხლითა და მოსვრით. ასევე უნდა ხსომებოდათ, როგორ განარისხეს იეჰოვა ოქროს ხბოს თაყვანისცემით, რის გამოც კანონის ფილების ხელახლა გაკეთება გახდა საჭირო (გამ. 32:1—10, 35; 17:2—7; რიცხ. 11:1—3, 31—35; 14:2—38). ახლა ისინი იეჰოვას მსახურები უნდა ყოფილიყვნენ და უნდა მიჰკვროდნენ მას, ვინც შეიყვარა ისინი მამების გამო და „ცის ვარსკვლავებივით“ გაამრავლა (კან. 10:22).
19. რა არჩევნის წინაშე იდგნენ ისრაელები და რომელი კანონები უნდა დაეცვათ?
19 ისრაელებს უნდა დაეცვათ „მთელი მცნება“ და უყოყმანოდ დამორჩილებოდნენ იეჰოვას, ჰყვარებოდათ ის და მთელი სულითა და გულით ემსახურათ მისთვის (11:8, 13). თუ დაემორჩილებოდნენ, იეჰოვა მხარში ამოუდგებოდა მათ და აკურთხებდა. ისინი გულისყურით უნდა მოკიდებოდნენ მის მცნებებს და გულმოდგინედ ესწავლებინათ ისინი შვილებისთვის. ისრაელებს ან მორჩილება უნდა აერჩიათ, რომელიც კურთხევებს მოუტანდათ, ან დაუმორჩილებლობა, რომელიც წყევლას დაატეხდათ. ისინი არ უნდა ‘გაჰყოლოდნენ სხვა ღმერთებს’ (11:26—28). აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ მათ უნდა დაეცვათ კანონები, რომლებიც ეხებოდა: 1) რელიგიასა და თაყვანისმცემლობას, 2) სამართლის აღსრულებას, ქვეყნის მართვასა და ომებს და 3) ყოფა-ცხოვრებას.
20. რაზე ამახვილებდა ყურადღებას თაყვანისმცემლობის შესახებ კანონები?
20 1) რელიგია და თაყვანისმცემლობა (12:1—16:17). ისრაელს აღთქმულ მიწაზე შესვლისთანავე უნდა წაეშალა ცრუ რელიგიის ყოველგვარი კვალი — მაღლობები, სამსხვერპლოები, წმინდა სვეტები, ბოძები და ქანდაკებები. მათ მხოლოდ იქ უნდა ეცათ თაყვანი იეჰოვასთვის და იქ უნდა ემხიარულათ, სადაც თავად იეჰოვა დაავანებდა თავის სახელს. ხორცის ჭამასა და შესაწირავებთან დაკავშირებულ მითითებებში არაერთხელ მეორდება, რომ ისრაელებს სისხლი არ უნდა ეჭამათ: „მტკიცედ გქონდეს გადაწყვეტილი, რომ სისხლი არ ჭამო . . . არ ჭამო, რომ ხელი მოგემართოთ შენც და შენს ვაჟებსაც, და სწორად მოიქცევი იეჰოვას თვალში“ (12:16, 23—25, 27; 15:23). შემდეგ მოსემ დაგმო კერპთაყვანისმცემლობა. ისრაელები არც კი უნდა დაინტერესებულიყვნენ ცრუ რელიგიით. ცრუწინასწარმეტყველი უნდა მოეკლათ. ასევე უნდა მოქცეოდნენ განდგომილს, თუნდაც ახლო ნათესავი ან მეგობარი ყოფილიყო. განდგომილი თუ მთელი ქალაქი აღმოჩნდებოდა, მთლიანად უნდა გაენადგურებინათ. შემდეგი წესები ეხებოდა წმინდა და უწმინდურ საკვებს, მეათედების გადახდასა და ლევიანებზე ზრუნვას. კანონი ითვალისწინებდა მოვალეების, ღარიბებისა და მონების ინტერესებსაც. ბოლოს მოსემ მოიხსენია ყოველწლიური დღესასწაულები, რომელთა აღნიშვნისას ისრაელებს მადლიერება უნდა გამოეხატათ კურთხევებისთვის. „ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც ის ამოირჩევს — უფუარობის დღესასწაულზე, კვირების დღესასწაულსა და კარვობის დღესასწაულზე. ხელცარიელი არც ერთი მათგანი არ წარდგეს იეჰოვას წინაშე“ (16:16).
21. რა კანონები მიეცათ ისრაელებს სამართალთან დაკავშირებით და რა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება წარმოთქვა მოსემ?
21 2) სამართლის აღსრულება, ქვეყნის მართვა და ომები (16:18—20:20). უპირველესად, მოსემ მოიხსენია კანონები, რომლებიც ეხებოდა მსაჯულებსა და მთავრებს. სამართლიანობა უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან იეჰოვას სძულს ქრთამი და სამართლის გამრუდება. ეს კანონები შეიცავდა მითითებებს მოწმეებისა და სამართლებრივი საკითხების შესახებ. იქ ნათქვამი იყო, რომ დამნაშავე ‘ორი ან სამი მოწმის ჩვენებით უნდა მომკვდარიყო’ (17:6). იყო კანონები მეფის შესახებაც. მღვდლებისა და ლევიანებისთვის სანოვაგე უნდა მიეცათ. იკრძალებოდა სპირიტიზმი, რადგან ის „სძულს იეჰოვას“ (18:12). შემდეგ მოსემ წარმოთქვა წინასწარმეტყველება: „იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ“ (18:15—19). ცრუწინასწარმეტყველი სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ბოლოს ჩამოთვლილია კანონები თავშესაფარ ქალაქებსა და სისხლის აღებაზე, ასევე ჯარში მსახურებასა და ომზე.
22. რომელ ყოფით საკითხებს ეხებოდა კანონები?
22 3) ყოფა-ცხოვრება (21:1—26:19). ეს კანონები ეხებოდა მოკლულის პოვნას, ტყვე ქალზე ქორწინებას, პირმშოობის უფლებას, ურჩ ძეს, დამნაშავის ძელზე დაკიდებას, ქალწულობის ნიშანს, სქესობრივ დანაშაულს, კასტრაციას, უკანონო შვილებს, ხიზნებისადმი მოპყრობას, სანიტარიას, სარგებლის აღებასა და აღთქმის შესრულებას, განქორწინებას, ადამიანის მოტაცებას, ვალს, გასამრჯელოსა და მომცვრევას. გაჯოხვის დროს დამნაშავისთვის ორმოცზე მეტჯერ არ უნდა დაერტყათ. მლეწავი ხარისთვის პირი არ უნდა აეკრათ. მოხსენიებული იყო მაზლის ვალდებულების შესრულებაც. ისრაელებს ზუსტი საწონები უნდა ჰქონოდათ, რადგან უსამართლობა სძულს იეჰოვას.
23. მოსეს სიტყვების თანახმად, რა მოჰყვებოდა იეჰოვას კანონების მორჩილებას?
23 ამ შთამბეჭდავი მიმართვის დასასრულს მოსემ გაიხსენა, როგორ შეუტიეს ზურგიდან ამალეკელებმა ეგვიპტიდან გამოსულ დაღლილ-დაქანცულ ისრაელებს. „ამოშალეთ ამალეკის სახსენებელი ცისქვეშეთიდან“, —უბრძანა მან ისრაელებს (25:19). აღთქმულ მიწაზე შესვლის შემდეგ მათ სიხარულით უნდა შეეწირათ მიწის პირველმოწეული ნაყოფი, მეათედი კი მადლიერებით უნდა მიეტანათ იეჰოვასთვის და ეთქვათ: „გადმოიხედე შენი წმინდა სამყოფლიდან, ზეციდან, და აკურთხე შენი ხალხი, ისრაელი, და მიწა, რომელიც მოგვეცი, როგორც ჩვენს მამა-პაპას დაუფიცე, მიწა, სადაც რძე და თაფლი მოედინება“ (26:15). თუ ისინი მთელი სულითა და გულით შეასრულებდნენ ამ კანონებს, იეჰოვა ‘აამაღლებდა მათ ყველა სხვა ხალხებზე მეტად, რომლებიც მან შექმნა, და იქცეოდნენ ისინი ქებად, სახელად და მშვენებად, სანამ წმინდა ხალხი იქნებოდნენ იეჰოვას, თავიანთი ღვთის წინაშე, როგორც დაჰპირდათ’ (26:19).
24. რა კურთხევასა და წყევლაზე ილაპარაკა მოსემ მესამე მიმართვაში?
24 მესამე მიმართვა (27:1—28:68). მესამე მიმართვა მოსემ უხუცესებსა და მღვდლებთან ერთად წარმოთქვა. მან დაწვრილებით ჩამოთვალა, რა წყევლას დაიტეხდნენ დაუმორჩილებლობის დროს და რა კურთხევებს მიიღებდნენ მორჩილების შემთხვევაში. მოსემ მკაცრად გააფრთხილა ხალხი იმ საშინელი შედეგების შესახებ, რომლებიც მათ ორგულობას მოჰყვებოდა. თუ ისრაელი, ღვთის წმინდა ხალხი, მოუსმენდა თავისი ღვთის, იეჰოვას ხმას, უამრავ კურთხევას მიიღებდა და დედამიწის ყველა ხალხი გაიგებდა, რომ ისინი იეჰოვას სახელით იწოდებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იეჰოვა მათ „წყევლას, შფოთს, სასჯელს“ მოუვლენდა (28:20). იეჰოვა შეჰყრიდა მათ საშინელ სნეულებებს, მოუვლენდა გვალვასა და შიმშილს; მათი მტრები დაედევნებოდნენ და დაიმონებდნენ მათ, ისინი გაიფანტებოდნენ და აღიგვებოდნენ იმ მიწიდან. მთელი ეს წყევლა და ამაზე უარესიც ეწეოდათ მათ, ‘თუ გულდასმით არ შეასრულებდნენ ამ კანონის ყველა სიტყვას, რომლებიც ამ წიგნშია ჩაწერილი, და არ ექნებოდათ შიში იეჰოვას, თავიანთი ღვთის დიდებული და თავზარდამცემი სახელისადმი’ (28:58).
25. ა) რა შეთანხმება დაუდო იეჰოვამ ისრაელს? ბ) რა არჩევნის წინაშე დააყენა მოსემ ხალხი?
25 მეოთხე მიმართვა (29:1—30:20). მოაბში იეჰოვამ შეთანხმება დაუდო ისრაელს. მასში შეჯამებულია კანონი, რომელიც მოსემ კიდევ ერთხელ გაიმეორა და ახსნა. ისრაელს ამ კანონით უნდა ეხელმძღვანელა აღთქმულ მიწაზე. შეთანხმებასთან ერთად წარმოთქმულმა საზეიმო ფიცმა ნათელი გახადა ისრაელების პასუხისმგებლობა. მოსემ ცა და დედამიწა დაიმოწმა, როცა ხალხს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, კურთხევასა და წყევლას შორის არჩევანი შესთავაზა: „აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი, რათა იცხოვრო იმ მიწაზე, რომლის მიცემაც იეჰოვამ შენს მამა-პაპას დაუფიცა: აბრაამს, ისაკსა და იაკობს“ (30:19, 20).
26. რა გააკეთა მოსემ სიკვდილის წინ?
26 იესო ნავეს ძის დანიშვნა; მოსეს სიმღერა (31:1—32:47). 31-ე თავიდან ვიგებთ, რომ მოსემ კანონის დაწერის შემდეგ ხალხს უთხრა, როდის წაეკითხათ ის საჯაროდ. მან გაამხნევა იესო ნავეს ძე, გამბედაობა მოეკრიბა, გამაგრებულიყო, და ხალხის წინამძღოლად დანიშნა ის. მოსემ აგრეთვე დაწერა სამახსოვრო სიმღერა და ამით დაასრულა კანონის წერა. მისი მითითებით, კანონის წიგნი იეჰოვას შეთანხმების კიდობნის გვერდით უნდა დაედოთ. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დამოძღვრა მთელი კრებული თავისი სიმღერის სიტყვებით.
27. რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოსეს სიმღერა?
27 მოსემ თავისი სიმღერა მადლიერების სიტყვებით დაიწყო და არ დაუმალავს, ვისგან მომდინარეობდა მისი სწავლება: „წვიმასავით წამოვა ჩემი სწავლება და ნამივით დაეპკურება ჩემი სიტყვა, როგორც ჟუჟუნა წვიმა მდელოზე და თქეში ბალახზე. გავაცხადებ იეჰოვას სახელს“. ხალხს დიდება უნდა მიეგო თავიანთი ღვთისთვის, „კლდისთვის“ (32:2—4). მათ უნდა გაეცხადებინათ ღვთის სრულყოფილი საქმეები, სამართლიანი გზები, ერთგულება, სიმართლე და სამართლიანობა. ისრაელის უკეთურება სამარცხვინო იყო, რადგან იეჰოვა თავს ევლებოდა მათ უკაცრიელ და საშიშ უდაბნოში, თვალისჩინივით უფრთხილდებოდა და თავს დასტრიალებდა, როგორც არწივი თავის მართვეებს. მან დაასუქა თავისი ხალხი და იეშურუნი ანუ მართალი უწოდა, მაგრამ მათ განარისხეს ის უცხო ღმერთებით და გახდნენ „ძეები, რომელთაგანაც შორს არის ერთგულება“ (32:20). შურისძიება და საზღაურის მიგება იეჰოვასია. ის კლავს და აცოცხლებს. ის უეჭველად იძიებს შურს მოწინააღმდეგეებზე, ალესავს თავის მოელვარე მახვილს და ხელს აღმართავს გასამართლებისთვის. რამხელა იმედია ეს მისი ხალხისთვის! სიმღერა ასე მთავრდება: „იხარეთ, ერებო, მის ხალხთან ერთად“ (32:43). რომელი პოეტი შეძლებდა ასეთი მშვენიერი, ძლიერმოქმედი და აზრით აღსავსე სიმღერის შექმნას?!
28. როგორ განადიდა მოსემ იეჰოვა თავის ბოლო კურთხევაში?
28 მოსეს წარმოთქმული ბოლო კურთხევა (32:48—34:12). ღმერთმა საბოლოო მითითებები მისცა მოსეს მის სიკვდილთან დაკავშირებით, თუმცა ღვთის მსახურება მოსეს ჯერ არ დაესრულებინა. უპირველესად, მან აკურთხა ისრაელი და კვლავ განადიდა იეჰოვა, იეშურუნის მეფე, რომელიც გამობრწყინდა უთვალავ წმინდასთან ერთად. მან სათითაოდ აკურთხა ისრაელის ყველა ტომი და ხოტბა შეასხა დიდებულ იეჰოვას: „თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი, შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია“ (33:27). მადლიერმა მოსემ ასე დაასრულა თავისი მიმართვა: „ბედნიერი ხარ, ისრაელო! ვინ არის შენი მსგავსი ხალხი, რომელიც იეჰოვას ხსნით ხარობს?“ (33:29).
29. რით იყო მოსე გამორჩეული?
29 ნებოს მთიდან აღთქმული მიწის დანახვის შემდეგ მოსე მოკვდა და დამარხა იგი იეჰოვამ მოაბის მიწაზე; დღემდე არავინ იცის მისი საფლავი. ას ოცი წლისა იყო მოსე, როცა მოკვდა, მაგრამ „თვალთ არ დაჰკლებია და ძალა არ გამოლევია“. იეჰოვას ძალით მან დიდი სასწაულები და ნიშნები მოახდინა. როგორც „კანონის“ ბოლო თავიდან ვიგებთ, „აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა“ (34:7, 10).
რატომ არის სასარგებლო
30. რატომ არის „მეორე კანონი“ ხუთწიგნეულის შესაფერისი დასკვნა?
30 ხუთწიგნეულის ბოლო წიგნი, „მეორე კანონი“, აჯამებს წინა წიგნებში ნათქვამს და ემსახურება იეჰოვა ღმერთის სახელის განდიდებასა და განწმენდას. მხოლოდ იეჰოვაა ღმერთი. ის განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს და არ იწყნარებს ცრუ რელიგიის დემონური ღვთაებების მეტოქეობას. დღეს ყველა ქრისტიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა აქცევდეს პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ღვთის კანონს, და დაემორჩილოს იეჰოვას. ამგვარად ისინი თავიდან აირიდებენ წყევლას მაშინ, როცა იეჰოვა ალესავს თავის ელვარე მახვილს, რათა შური იძიოს მოწინააღმდეგეებზე. ქრისტიანებისთვის უმთავრესი უნდა იყოს პირველი და უდიდესი მცნება: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით“ (6:5).
31. როგორ გვეხმარება „მეორე კანონიდან“ ციტირებული მუხლები ღვთის განზრახვების უკეთ გაგებაში?
31 ბიბლიის სხვა წიგნებში ხშირად არის ციტირებული აზრები „მეორე კანონიდან“, რომლებიც გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ღვთის განზრახვებს. იმ ციტატების გარდა, რომლებიც იესომ მაცდურთან საუბრისას გამოიყენა, ამ წიგნიდან მას სხვა ციტატებიც მოჰყავდა (კან. 5:16 — მათ. 15:4; კან. 17:6 — მათ. 18:16 და იოან. 8:17). ასეთ ციტატებს წიგნ „გამოცხადებაშიც“ ვხვდებით, სადაც განდიდებული იესო საბოლოოდ აფრთხილებს ყველას, რომ არაფერი დაუმატონ და არაფერი მოაკლონ იეჰოვას წინასწარმეტყველებას (კან. 4:2 — გამოცხ. 22:18). პეტრემ „მეორე კანონიდან“ მოყვანილი ციტატით საბოლოოდ დაამტკიცა, რომ იესო იყო მესია და მოსეზე დიდი წინასწარმეტყველი, რომელსაც იეჰოვა ისრაელს მოუვლენდა (კან. 18:15—19 — საქ. 3:22, 23). პავლეც ციტირებდა „მეორე კანონიდან“, როცა საუბრობდა მუშებისთვის საზღაურის მიცემაზე, მოწმის ჩვენების დაწვრილებით განხილვასა და ბავშვების დამოძღვრაზე (კან. 25:4 — 1 კორ. 9:8—10 და 1 ტიმ. 5:17, 18; კან. 13:14 და 19:15 — 1 ტიმ. 5:19 და 2 კორ. 13:1; კან. 5:16 — ეფეს. 6:2, 3).
32. რა მაგალითი მოგვცეს იესო ნავეს ძემ, გედეონმა და წინასწარმეტყველებმა?
32 „მეორე კანონიდან“ ცოდნასა და გამხნევებას იღებდნენ არა მხოლოდ ქრისტიანული წერილების დამწერები, არამედ ქრისტიანობამდელი ღვთის მსახურებიც. კარგად ვიქცევით, თუ ვბაძავთ მათ. მაგალითად, მოსეს საქმის გამგრძელებელმა, იესო ნავეს ძემ ზუსტად შეასრულა იეჰოვას მითითება და გაანადგურა ქანაანში დაპყრობილი ქალაქები და, აქანისგან განსხვავებით, თავისთვის არაფერი აუღია (კან. 20:15—18 და 21:23 — იეს. 8:24—27, 29). გედეონიც კანონის თანახმად მოიქცა და ბრძოლაში არ წაიყვანა „მშიშრები და მხდალები“ (კან. 20:1—9 — მსაჯ. 7:1—11). იეჰოვას კანონის მორჩილება აღძრავდა ისრაელისა და იუდას წინასწარმეტყველებსაც, რომ გაბედულად და ვაჟკაცურად ემხილებინათ განდგომილი ხალხი. ამის შესანიშნავი მაგალითი ამოსმა მოგვცა (კან. 24:12—15 — ამოს. 2:6—8). „მეორე კანონსა“ და ბიბლიის სხვა წიგნებს შორის მჭიდრო კავშირზე ასობით მაგალითი მოწმობს. ეს ცხადყოფს, რომ „მეორე კანონი“ ერთი ჰარმონიული მთლიანის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილია.
33. ა) როგორ ასხამს ხოტბას „მეორე კანონი“ იეჰოვას? ბ) როგორ ცხადყოფს თანდართული ცხრილი, რომ მთავრობები აღიარებენ ღვთის კანონის აღმატებულობას?
33 „მეორე კანონი“ თავიდან ბოლომდე ხოტბას ასხამს უზენაეს ღმერთ იეჰოვას. მთელ წიგნს ერთი აზრი გასდევს: „თაყვანი ეცი იეჰოვას და მხოლოდ მას ემსახურე“. თუმცა მოსეს კანონი ქრისტიანებზე აღარ ვრცელდება, ის პრინციპები, რომლებიც მას საფუძვლად უდევს, კვლავაც ძალაშია (გალ. 3:19). ქრისტიანებს მართლაც ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ ღვთის კანონის ამ შთამბეჭდავი წიგნიდან, რომელიც სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს და პირდაპირობითა და უბრალოებით გამოირჩევა! ბევრმა მთავრობამ აღიარა იეჰოვას კანონის აღმატებულობა და თავიანთი ქვეყნის კანონმდებლობაში შეიტანა მრავალი წესი „მეორე კანონიდან“. თანდართულ ცხრილში მოყვანილია ამ კანონების საინტერესო მაგალითები.
34. რა კავშირი აქვს „კანონის გამეორებას“ ღვთის სამეფოსთან?
34 უფრო მეტიც, „მეორე კანონი“ ჩვენს ყურადღებას ღვთის სამეფოსკენ მიმართავს და გვეხმარება, მეტი გავიგოთ მის შესახებ. ღვთის დანიშნულმა მეფემ, იესო ქრისტემ დედამიწაზე ყოფნისას ცხადყო, რომ საფუძვლიანად იცოდა ეს წიგნი და დახელოვნებულად იყენებდა მას. ის მთელ დედამიწაზე განავრცობს ამ სამეფოს მმართველობას და იმავე სამართლიანი პრინციპებით იხელმძღვანელებს, რომლებიც „კანონშია“ ჩაწერილი. ყველა, ვისაც სურს, კურთხეული იყოს იესო ქრისტეს ანუ სამეფოს შთამომავლის მეშვეობით, ამ პრინციპებს უნდა დაემორჩილოს (დაბ. 22:18; კან. 7:12—14). ამიტომ სასარგებლო იქნება, თუ დღესვე დავემორჩილებით მათ. თუმცა ეს კანონი დაახლოებით 3 500 წლისაა, ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო — დღესაც ცოცხალი ენით გვესაუბრება და ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ახალ ქვეყნიერებაშიც არ დაკარგავს თავის ფასს. დაე იეჰოვას სახელი კვლავაც წმინდა იყოს მის ხალხში, რომლებიც ყველა სასარგებლო დარიგებას იყენებენ ხუთწიგნეულიდან, რომელსაც აგვირგვინებს „მეორე კანონი“, ღვთივშთაგონებული და „მთელი წერილის“ შთამაგონებელი ნაწილი!
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანში — სქოლიოებით“ (ინგლ.) კანონის 3:9-ის სქოლიოში ნათქვამია: „სირიონ . . . სენირ“. ეს სახელწოდებები გვხვდება რას-შამრაში (სირია) ნაპოვნ უგარითულ ხელნაწერებში, ასევე ბოღაზქოიში (თურქეთი) აღმოჩენილ ტექსტებში.
b Halley’s Bible Handbook, 1988, ჰენრი ჰელი, გვ. 56.
[ცხრილი 41 გვერდზე]
სამართლებრივი პრეცედენტები „მეორე კანონიდან“c
I. კანონები პირად და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით თავები და მუხლები
ა. პირადი ურთიერთობები
1. მშობლები და შვილები 5:16
2. ქორწინება 22:30; 27:20, 22, 23
3. განქორწინება 22:13—19, 28, 29
ბ. საკუთრების უფლება 22:1—4
II. კონსტიტუციური კანონები
ა. მოთხოვნები მეფისთვის და მისი ვალდებულებები 17:14—20
ბ. სამხედრო წესები
1. სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება 20:1, 5—7; 24:5
2. ლაშქრის მეთაურები 20:9
III. სასამართლო
ა. მოსამართლეების მოვალეობები 16:18, 20
ბ. უმაღლესი ინსტანციის სააპელაციო სასამართლო 17:8—11
IV. სისხლის სამართალი
ა. დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ
1. მოქრთამვა, სამართლის გამრუდება 16:19, 20
2. ცრუმოწმეობა 5:20
ბ. მორალურ-ეთიკური ნორმების დარღვევა
2. უკანონო ქორწინება 22:30; 27:20, 22, 23
გ. დანაშაული პიროვნების წინააღმდეგ
1. მკვლელობა და თავდასხმა 5:17; 27:24
2. გაუპატიურება და შეცდენა 22:25—29
V. კანონები ჰუმანურობის შესახებ
ა. ცხოველების შებრალება 25:4; 22:6, 7
ბ. გაჭირვებულთა მიმართ ყურადღება 24:6, 10—18
გ. უსაფრთხოების ზომები მშენებლობის დროს 22:8
დ. ხელქვეითებისადმი მოპყრობა 15:12—15; 21:10—14;
მათ შორის მონებისა და ტყვეებისადმი 27:18, 19
ე. უპოვართა მიმართ ქველმოქმედება 14:28, 29; 15:1—11;
[სქოლიო]
c Israel’s Laws and Legal Precedents, 1907, კ. კენტი, გვ. vii—xviii; იხილეთ აგრეთვე „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 214—220 (ინგლ.).