საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • si გვ. 124-130
  • ბიბლიის წიგნი 24 — იერემია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბიბლიის წიგნი 24 — იერემია
  • „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • შინაარსი
  • რატომ არის სასარგებლო
  • „ახორციელებს იეჰოვა თავის განზრახვას“
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • ვის აირჩევთ მეგობრებად?
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
  • იერემიას მოკლე შინაარსი
    ბიბლია
  • „უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
    ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
იხილეთ მეტი
„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
si გვ. 124-130

ბიბლიის წიგნი 24 — იერემია

დამწერი: იერემია

დაწერის ადგილები: იუდა და ეგვიპტე

წერა დასრულდა: ძვ. წ. 580

მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 647—580

1. ვინ დანიშნა იერემია წინასწარმეტყველად და როდის?

წინასწარმეტყველი იერემია საშიშ და მშფოთვარე დროში ცხოვრობდა. იეჰოვამ ის წინასწარმეტყველად დანიშნა ძვ. წ. 647 წელს, იუდას ღვთისმოშიში მეფე იოშიას მეფობის მე-13 წელს. იეჰოვას სახლის შეკეთების დროს იპოვეს კანონის წიგნი და მეფეს წაუკითხეს. იოშია ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ ხალხს კანონის თანახმად ეცხოვრა, მაგრამ მხოლოდ დროებით შეძლო ხალხის კერპთაყვანისმცემლობისგან მობრუნება. მისი პაპა, მენაშე, რომელმაც 55 წელი იმეფა, და მამა, ამონი, რომელიც გამეფებიდან 2 წლის შემდეგ მოკლეს, ბოროტებას სჩადიოდნენ. ისინი ხალხს ამაზრზენი აღვირახსნილობისა და საშინელ რიტუალებში მონაწილეობისკენ უბიძგებდნენ. ამგვარად, ხალხი შეეჩვია „ცის დედოფლისთვის“ კმევას და დემონური ღვთაებებისთვის ადამიანთა შეწირვას. მენაშემ უდანაშაულოთა სისხლით აავსო იერუსალიმი (იერ. 1:2; 44:19; 2 მეფ. 21:6, 16, 19—23; 23:26, 27).

2. რა ჰქონდა დავალებული იერემიას და რა პერიოდს მოიცავს მისი წინასწარმეტყველება?

2 იერემიას დავალება იოლი არ ყოფილა. ის წინასწარმეტყველებდა იუდასა და იერუსალიმის განადგურებას, იეჰოვას დიდებული ტაძრის გადაწვას და თავისი ხალხის დატყვევებას, რაც ბევრისთვის რთული დასაჯერებელი იყო. ის იერუსალიმში 40 წელიწადს წინასწარმეტყველებდა ბოროტი მეფეების — იეჰოახაზის, იეჰოიაკიმის, იეჰოიაქინის (ქონიას) და ციდკიას მეფობის დროს (იერ. 1:2, 3). მოგვიანებით ის ეგვიპტეში გახიზნულ კერპთაყვანისმცემელ იუდეველებს შორის წინასწარმეტყველებდა. წიგნის წერა იერემიამ ძვ. წ. 580 წელს დაასრულა. ამგვარად, მან აღწერა მშფოთვარე მოვლენებით აღსავსე 67-წლიანი პერიოდი (52:31).

3. ა) რა ცხადყოფს, რომ ძველად ებრაელებს იერემიას წიგნის კანონიკურობასა და უტყუარობაში ეჭვი არ ეპარებოდათ? ბ) ამის რა მტკიცებები არსებობს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?

3 წინასწარმეტყველისა და მისი წიგნის სახელი ებრაულად არის „ირმეიაჰ“ ან „ირმეიაჰუ“, რაც შესაძლოა ნიშნავს „იაჰი განადიდებს“ ან „იაჰი ხსნის [საშვილოსნოს]“. წიგნი გვხვდება ებრაული წერილების ყველა ნუსხაში და მისი კანონიკურობა საყოველთაოდ არის აღიარებული. წიგნის უტყუარობას ისიც ადასტურებს, რომ იერემიას წინასწარმეტყველებებიდან ბევრი მის სიცოცხლეშივე ზედმიწევნით შესრულდა. გარდა ამისა, იერემია რამდენჯერმე მოიხსენიება სახელით ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში (მათ. 2:17, 18; 16:14; 27:9). ცხადია, იესომ კარგად იცოდა იერემიას წიგნი, რადგან ტაძრიდან ვაჭრების გამოყრისას მან იერემიას 7:11-სა და ესაიას 56:7-ში ჩაწერილი სიტყვები გაიმეორა (მარ. 11:17; ლუკ. 19:46). გაბედულებისა და სიმამაცის გამო ზოგიერთი იესოს იერემიად მიიჩნევდა (მათ. 16:13, 14). ახალი შეთანხმების შესახებ იერემიას წინასწარმეტყველებას, რომელიც 31:31—34-ე მუხლებში წერია, პავლე ებრაელების 8:8—12-სა და 10:16, 17-ში მოიხსენიებს; ასევე იერემიას 9:24-დან ციტირებს აზრს: „ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“ (1 კორ. 1:31). გამოცხადების 18:21-ში მოყვანილია თვალსაჩინო მაგალითი ბაბილონის დაცემის შესახებ, რაც თავის დროზე იერემიამაც გამოიყენა (იერ. 51:63, 64).

4. როგორ უჭერს მხარს არქეოლოგია იერემიას ცნობას?

4 არქეოლოგიური აღმოჩენებიც მხარს უჭერს იერემიას ცნობას. მაგალითად, ბაბილონური ქრონიკა იტყობინება ძვ. წ. 617 წელს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შესახებ, როცა მან ხელში ჩაიგდო მეფე იეჰოიაქინი და მის ნაცვლად ციდკია გაამეფა (24:1; 29:1, 2; 37:1)a.

5. ა) რა ვიცით იერემიას შესახებ? ბ) როგორია იერემიას წერის სტილი?

5 თუ არ ჩავთვლით მოსეს, იერემიაზე გაცილებით მეტს ვიგებთ ბიბლიიდან, ვიდრე ძველი დროის სხვა წინასწარმეტყველებზე. იერემია ბევრს გვიყვება საკუთარ თავსა და გრძნობებზე, საიდანაც ვასკვნით, რომ ის გამბედავი და შეუპოვარი, ასევე თავმდაბალი და გულჩვილი ადამიანი იყო. ის არა მარტო წინასწარმეტყველი, არამედ მღვდელი, წმინდა წერილების დამწერი და კარგი მემატიანე იყო. ის ანათოთელი მღვდლის, ხილკიას შვილი იყო. მღვდელთა ქალაქი ანათოთი იერუსალიმის ჩრდილოეთით, „ბენიამინის მიწაზე“ მდებარეობდა (1:1). იერემიას წერის სტილი ნათელი, პირდაპირი და ადვილად გასაგებია. წიგნში მრავლად არის მაგალითები და ხატოვანი გამონათქვამები, ასევე პროზა და პოეზია.

შინაარსი

6. რა თანამიმდევრობით მიმდინარეობს წიგნში თხრობა?

6 წიგნში თხრობა თემატურად მიმდინარეობს და არა ქრონოლოგიურად. ამიტომ მოვლენათა განვითარების დრო და ადგილი ხშირად იცვლება. წიგნის ბოლო, 52-ე თავი დაწვრილებით აღწერს იერუსალიმისა და იუდას განადგურებას. ამ თავიდან ვიგებთ, როგორ შესრულდა ბევრი წინასწარმეტყველება და რატომ დაიწერა მომდევნო წიგნი „გოდება“.

7. როგორ გახდა იერემია წინასწარმეტყველი და როგორ გაამხნევა იეჰოვამ ის?

7 იერემიას წინასწარმეტყველად დანიშვნა (1:1—19). იერემია არც თავისი სურვილით გამხდარა წინასწარმეტყველი და არც იმიტომ, რომ მღვდლის ოჯახიდან იყო. იეჰოვამ უთხრა მას: „მანამდე გიცნობდი, ვიდრე მუცელში შეგქმნიდი, და განგწმინდე, ვიდრე საშვილოსნოდან გამოხვიდოდი. ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“. ასე რომ, იერემია იეჰოვას ნებით გახდა წინასწარმეტყველი. როგორ შეხვდა იერემია ამ დავალებას? მან თავმდაბლურად აღიარა: „მე ხომ ყმაწვილი ვარ“. მაგრამ იეჰოვამ გაამხნევა ის: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს. იცოდე, რომ დღეს დაგაყენე ხალხებზე და სამეფოებზე, რათა ამოძირკვო, დაანგრიო, მოსპო და დაამხო, ააშენო და დარგო“. იერემიას არ უნდა შეშინებოდა. „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“ (1:5, 6, 9, 10, 19).

8. ა) როგორ უღალატა ღმერთს იერუსალიმმა? ბ) როგორ დაატეხდა იეჰოვა მას უბედურებას?

8 იერუსალიმი — იეჰოვას ორგული ცოლი (2:1—6:30). რა გამოუცხადა იეჰოვამ იერემიას? იერუსალიმმა დაივიწყა პირველი სიყვარული. მან მიატოვა იეჰოვა, ცოცხალი წყლის წყარო და უცხო ღმერთებთან დაიწყო მეძაობა. ერთ დროს საუკეთესო ვაზი „გადაჯიშებულ უცხო ვაზად იქცა“ (2:21). მისი ტანსაცმლის კალთები უდანაშაულო ღარიბი ხალხის სისხლით დაისვარა. ორგული ისრაელი უფრო მართალი აღმოჩნდა, ვიდრე იუდა. ღმერთმა მოუხმო განდგომილ იუდეველებს, რადგან ის მათი ქმარი იყო. მაგრამ ისინი ვერაგი ცოლივით მოიქცნენ. მათ შეეძლოთ დაბრუნებულიყვნენ, თუ მოიშორებდნენ სისაძაგლეებს და მოიცილებდნენ გულის ჩუჩას. „ნიშანი აღმართეთ სიონის მხარეს“, რადგან იეჰოვა ჩრდილოეთიდან გამოგზავნიდა უბედურებას (4:6). დაცემა დაცემაზე ცხადდება! იეჰოვას განაჩენის აღმსრულებელი გამოვიდოდა როგორც ლომი ტევრიდან, როგორც უდაბნოს მწველი ქარი, და მისი ეტლები ქარიშხალივით იქნებოდა.

9. ა) რა უთხრა იერემიამ ჯიუტ იერუსალიმს? ბ) ჰქონდა აზრი მშვიდობის შესახებ ხალხის შეძახილებს?

9 წადით, მოიარეთ იერუსალიმი! რას ხედავთ? ცოდვებსა და ორგულობას! ხალხმა ზურგი აქცია იეჰოვას. იერემიას პირში იეჰოვას სიტყვები ცეცხლად იქცევა და ხალხს შეშასავით შთანთქავს. როგორც მათ მიატოვეს იეჰოვა და უცხო ღმერთებს დაუწყეს თაყვანისცემა, ისევე დაუწყებდნენ მსახურებას უცხოებს უცხო ქვეყანაში. ამ ჯიუტ ხალხს ჰქონდა თვალები, მაგრამ ვერ ხედავდნენ, და ყურები, მაგრამ არ ესმოდათ. რა საშინელება იყო! წინასწარმეტყველები და მღვდლები სიცრუეს წინასწარმეტყველებდნენ; „ჩემს ხალხს უყვარს ეს“, — თქვა იეჰოვამ (5:31). ჩრდილოეთიდან მოვა უბედურება, რადგან „ყველა, დიდიან-პატარიანად, უსამართლოდ იხვეჭს“ და „ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (6:13, 14). მაგრამ უეცრად მოვა მძარცველი. იეჰოვამ იერემია ლითონის შემმოწმებლად დაუყენა ხალხს, მაგრამ მათგან მხოლოდ ხენჯი და დაწუნებული ვერცხლი გამოვიდა. ისინი სრულიად გამოუსადეგარნი იყვნენ.

10. რატომ გაიზიარებდა იერუსალიმი შილოსა და ეფრემის ხვედრს?

10 ტაძარი ვერ დაიცავდა მათ უბედურებისგან (7:1—10:25). იეჰოვამ უთხრა იერემიას, რომ მისი სიტყვები ტაძრის კარიბჭესთან გაეცხადებინა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ ეუბნება იერემია ტაძარში შემსვლელთ: ‘თქვენ იკვეხნით იეჰოვას ტაძრით, მაგრამ როგორ იქცევით?! ჩაგრავთ უმამო ბავშვსა და ქვრივს, ღვრით უდანაშაულო სისხლს, მიჰყვებით სხვა ღმერთებს, ქურდობთ, კლავთ, მრუშობთ, ცრუდ იფიცებთ და ბაალს უბოლებთ შესაწირავებს! თქვე თვალთმაქცებო! ყაჩაღების ბუნაგად აქციეთ იეჰოვას სახლი. გაიხსენეთ, რა დამართა იეჰოვამ შილოს. იუდავ, ის იმავეს დამართებს შენს სახლს და მოგისვრის, როგორც ეფრემი (ისრაელი) მოისროლა’ (იერ. 7:4—11; 1 სამ. 2:12—14; 3:11—14; 4:12—22).

11. რატომ იყო იუდა განწირული?

11 იუდა განწირული იყო. ხალხი „ცის დედოფლისთვის“ შესაწირავ კვერებს აცხობდა. ‘ეს იყო ერი, ხალხი, რომელიც არ ემორჩილებოდა იეჰოვას, თავისი ღვთის ხმას, და არ იღებდა დარიგებას. გაქრა მათი ერთგულება’ (იერ. 7:18, 28). იუდეველებმა სისაძაგლეები დადგეს იეჰოვას სახლში და თოფეთის მაღლობებზე, ჰინომის ველზე თავიანთ ვაჟებსა და ასულებს წვავდნენ. ამიტომ მას „სასაკლაო ველი“ დაერქმეოდა და ხალხის გვამები ფრინველებისა და მხეცების საჭმელი გახდებოდა (7:32). იუდასა და იერუსალიმში სიხარულისა და მხიარულების ხმა შეწყდებოდა.

12. მშვიდობის ნაცვლად, რა ელოდათ იუდასა და მის უცხო ღმერთებს?

12 იუდეველები იმედოვნებდნენ, რომ მშვიდობა ექნებოდათ და განიკურნებოდნენ, მაგრამ შიშის ზარი დაეცემოდათ! თავიანთი სიჯიუტის გამო გაიფანტებოდნენ, განადგურდებოდნენ და იგლოვებდნენ. ‘იეჰოვა ცოცხალი ღმერთი და მარადიული მეფეა’. ღმერთებში, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და დედამიწა, სული არ არის. ფუჭი და დასაცინნი არიან ისინი და გაცამტვერდებიან (10:10—15). იეჰოვა მოისვრის დედამიწის მკვიდრთ. ისმინეთ! ჩრდილოეთიდან დიდი გრუხუნი ისმის, რაც იუდას ქალაქების გაპარტახებას მოასწავებს. წინასწარმეტყველი აღიარებს: ‘ადამიანი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს’, და სთხოვს ღმერთს, რომ გამოასწოროს ის და არარაობად არ აქციოს (10:23).

13. რატომ არ უნდა ელოცა იერემიას იუდასთვის და როგორ განამტკიცა იეჰოვამ იერემია განსაცდელის დროს?

13 შეთანხმების დამრღვევთა დაწყევლა (11:1—12:17). იუდამ დაარღვია იეჰოვასთან დადებული შეთანხმება. ამიტომ იეჰოვა აღარ მოისმენდა ხალხის ვედრებას. იერემიას არ უნდა ელოცა იუდასთვის, რადგან იეჰოვა ცეცხლს მოუკიდებდა ერთ დროს ფოთოლხშირ ზეთისხილის ხეს (11:16). იერემიას მშობლიური ქალაქის, ანათოთის მკვიდრნი მის მოსაკლავად შეითქვნენ, ამიტომ ის იეჰოვას სთხოვდა ძალასა და დახმარებას. იეჰოვა დაჰპირდა მას, რომ შურს იძიებდა მათზე. იერემიამ ჰკითხა მას, რატომ იყო წარმატებული ბოროტი ხალხის გზა. ‘ამოვძირკვავ და გავანადგურებ ამ ურჩ ხალხს’, — მიუგო იეჰოვამ (12:1, 17).

14. ა) რა თვალსაჩინოებებით აჩვენა იეჰოვამ იერემიას, რომ იერუსალიმი გამოუსწორებელი იყო და არ გააუქმებდა მისთვის გამოტანილ განაჩენს? ბ) რა იგრძნო იერემიამ, როცა იეჰოვას სიტყვები შეჭამა?

14 დასაღუპავად განწირული გამოუსწორებელი იერუსალიმი (13:1—15:21). იერემია გვიყვება, რომ იეჰოვას ბრძანებით ჯერ შემოირტყა სელის სარტყელი, შემდეგ ევფრატთან კლდის ნაპრალში დამალა. მოგვიანებით იერემიამ ამოთხარა ის, მაგრამ დამპალი დახვდა და „აღარაფრად ვარგოდა“. იეჰოვამ ამით აჩვენა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლო მოეღო ‘იუდას სიამაყისა და იერუსალიმის დიდი სიამაყისთვის’ (13:7, 9). იეჰოვა ღვინით სავსე დოქებივით შეახეთქებდა ხალხს ერთმანეთს. „შეიცვლის ქუშელი თავის კანს ან ჯიქი — თავის ხალებს?!“ (13:23). არც იერუსალიმი იცვლება. იერემიას არ უნდა ელოცა ხალხისთვის. მოსეც და სამუელიც კი ვერ უშუამდგომლებდნენ მათ იეჰოვასთან, რადგან მას გადაწყვეტილი ჰქონდა იერუსალიმის განადგურება. იეჰოვამ იერემიას მისცა შეურაცხყოფის ატანის ძალა. მან მიიღო და შეჭამა იეჰოვას სიტყვები, რაც მისთვის ‘მხიარულება და გულის სიხარული’ იყო (15:16). ახლა არ იყო ლაზღანდარობის დრო. იერემია უნდა მინდობოდა იეჰოვას, რომელიც მას სპილენძის გამაგრებულ გალავნად აქცევდა ამ ხალხისთვის.

15. ა) რა კრიტიკულ დროში ცხოვრობდა იერემია და იეჰოვას რომელმა მითითებამ დაადასტურა ეს? ბ) როგორ გაიგებდა ხალხი იეჰოვას სახელს და რატომ ვერ მოატყუებდნენ ისინი იეჰოვას?

15 იეჰოვას გამოგზავნილი მეთევზეები და მონადირეები (16:1—17:27). რადგან განადგურება კარს იყო მომდგარი, იეჰოვამ ასეთი მითითება მისცა იერემიას: „ნუ მოიყვან ცოლს და ნუ იყოლიებ ამ ადგილზე ვაჟებსა და ასულებს“ (16:2). არ იყო არც გლოვის და არც ნადიმის დრო, რადგან იეჰოვა სადაცაა მოისროდა მათ იმ მიწიდან. იეჰოვა მოიყვანდა ‘მეთევზეებს, რომლებიც ითევზავებდნენ მათზე და მონადირეებს, რომლებიც ინადირებდნენ მათზე’. ასე ‘გაიგებდნენ, რომ მისი სახელია იეჰოვა’ (16:16, 21). იუდას ცოდვა რკინის კალმით, ალმასის წვერით იყო ამოტვიფრული ხალხის გულის ფიცარზე. „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“, მაგრამ იეჰოვა იკვლევს გულებს; ვერავინ მოატყუებს მას. განდგომილებმა „ცოცხალი წყლის წყარო“ მიატოვეს (17:9, 13). თუ ისინი კვლავ შებღალავდნენ შაბათს, იეჰოვა ცეცხლით შთანთქავდა იერუსალიმის კარიბჭეებსა და კოშკებს.

16. რისი ჩვენება უნდოდა იეჰოვას მეთუნითა და თიხის ჭურჭლით?

16 მეთუნე და თიხა (18:1—19:15). იეჰოვამ იერემიას უბრძანა, მისულიყო მეთუნის სახლში. მან იქ ნახა, როგორ გააკეთა მეთუნემ გაფუჭებული ჭურჭლისგან სხვა, მისი თვალისთვის მოსაწონი ჭურჭელი. იეჰოვამ თქვა, რომ ისრაელის მეთუნე იყო და შეეძლო მისი დანგრევაც და აშენებაც. იერემიას მეთუნის დოქი უნდა წაეღო ჰინომის ველზე და უბედურება გამოეცხადებინა ხალხისთვის, რადგან მათ ეს ველი უდანაშაულო სისხლით აავსეს. ისინი იქ თავიანთ ვაჟებს ცეცხლში უწვავდნენ ბაალს, როგორც მთლიანად დასაწვავ შესაწირავს. შემდეგ იერემიას უნდა დაემსხვრია დოქი იმის ნიშნად, რომ იეჰოვა გაანადგურებდა იერუსალიმსა და იუდას ხალხს.

17. რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იერემია, მაგრამ როგორ მოიქცა?

17 იერემია დევნის მიუხედავად განაგრძობდა წინასწარმეტყველებას (20:1—18). იერემიას გაბედულად ქადაგებამ გააბრაზა ტაძრის მთავარი გამგებელი ფაშხური, რომელმაც მას ერთი დღით ხუნდები დაადო. გათავისუფლების შემდეგ იერემიამ ტყვეობა და ბაბილონში სიკვდილი უწინასწარმეტყველა ფაშხურს. დაცინვითა და შეურაცხყოფით გულდამძიმებულმა იერემიამ ქადაგების შეწყვეტა დააპირა, მაგრამ ვერ გაჩუმდა, რადგან იეჰოვას სიტყვა ‘ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით აუგიზგიზდა გულში’. მიუხედავად იმისა, რომ იერემიამ დასწყევლა თავისი დაბადების დღე, ხალხს მოუწოდა: „უმღერეთ იეჰოვას! აქეთ იეჰოვა, რადგან ის იხსნის ღარიბის სულს ბოროტმოქმედთა ხელიდან!“ (20:9, 13).

18. რა შეუთვალა იერემიამ ციდკიას?

18 მეფეებისთვის გამოტანილი იეჰოვას განაჩენი (21:1—22:30). იერემიამ იეჰოვას სიტყვა შეუთვალა ციდკიას და უთხრა, რომ იეჰოვა განრისხებული იყო იერუსალიმზე. ბაბილონის მეფე ალყაში მოაქცევდა მას და ხალხი ჭირით, მახვილით, შიმშილითა და ცეცხლით განადგურდებოდა. შალუმი (იეჰოახაზი) ტყვეობაში დაიღუპებოდა, იეჰოიაკიმი მამალი ვირივით დაიმარხებოდა, მის ვაჟ ქონიას (იეჰოიაქინი) იუდადან ბაბილონში გადააგდებდნენ და იქ მოკვდებოდა.

19. რა იწინასწარმეტყველა იერემიამ „მართალ ყლორტზე“ და რისი მაჩვენებელი იყო ორი კალათა ლეღვი?

19 „მართალი ყლორტი“ (23:1—24:10). იეჰოვა უვარგისი მწყემსების ნაცვლად კარგ მწყემსებს დააყენებდა და დავითს აღუდგენდა „მართალ ყლორტს“, მეფეს, რომელიც ‘გონივრულად მოიქცეოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა ქვეყანაში’. აი სახელი, რომელსაც უწოდებდნენ მას: „იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“. ის თავს მოუყრიდა გაფანტულ იუდეველებს (23:5, 6). წინასწარმეტყველები ახლოს რომ ყოფილიყვნენ იეჰოვასთან, მაშინ გააგებინებდნენ ხალხს ღვთის სიტყვებს და ბოროტი გზიდან მოაბრუნებდნენ. მაგრამ ისინი „ჩემს ხალხს თავიანთი სიცრუით . . . ახეტიალებენ“, — თქვა იეჰოვამ (23:22, 32). მან იერემიას ორი კალათა ლეღვი აჩვენა. ერთ კალათაში კარგი ლეღვი იყო, მეორეში — ცუდი, რაც იმის მაჩვენებელი იყო, რომ იეჰოვას წყალობით მხოლოდ ერთგული იუდეველები დაუბრუნდებოდნენ თავიანთ მიწა-წყალს, ხოლო დანარჩენებს უბედურება ეწეოდათ (24:1, 5, 8—10).

20. რა გაგებით იქნებოდა ბაბილონი იეჰოვას მსახური, მაგრამ რა მოუვიდოდა მას?

20 იეჰოვას დავა ხალხებთან (25:1—38). ამ თავში ვხვდებით სხვადასხვა განაჩენს, რომლებიც უფრო ვრცლად 45—49-ე თავებში განიხილება. მასში მოცემულ სამ პარალელურ წინასწარმეტყველებაში იეჰოვა უბედურებას უცხადებს დედამიწის ყველა ხალხს. იეჰოვამ თქვა ნაბუქოდონოსორზე, რომ ის მისი მსახური იქნებოდა, როცა იუდასა და მის მეზობელ ერებს გაანადგურებდა. „ეს ხალხები სამოცდაათი წელი ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“, — თქვა იეჰოვამ. შემდეგ იეჰოვა ბაბილონსაც მოსთხოვდა პასუხს და ‘მარადიულად გააპარტახებდა’ (25:1—14).

21. ვინ დალევდა იეჰოვას რისხვის სასმისიდან და როგორ იმოქმედებდა ეს მათზე?

21 შემდეგ წინასწარმეტყველებაში აღწერილია ხილვა იეჰოვას რისხვის ღვინით სავსე სასმისზე. იერემიას ეს სასმისი უნდა მიეცა ხალხებისთვის. ისინი ‘დალევდნენ, იბარბაცებდნენ და შეიშლებოდნენ’ კარს მომდგარი განადგურების გამო. სასმისს პირველად იერუსალიმი და იუდა შესვამდნენ. შემდეგ ეგვიპტე, ფილისტიმი, ედომი, ტვიროსი, ახლო მცხოვრებნი თუ შორს მცხოვრებნი და ‘დედამიწის ზურგზე არსებული ყველა სხვა სამეფო. შეშაქის მეფეც დალევდა მათ შემდეგ’. ყველა განურჩევლად ‘დალევდა, არწყევდა და დაეცემოდა’ (25:15—29).

22. რა უბედურება დაატყდება ხალხს იეჰოვას მრისხანების გამო?

22 იერემია მესამე წინასწარმეტყველებას საუცხოო პოეტური ენით იწყებს: „ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა . . . დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“. გაისმება ხმაური, მოვა უბედურება და დიდი ქარიშხალი. „იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან“. არ იგლოვებენ მათ და არ დამარხავენ, ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე. უვარგისი მწყემსები თავიანთი ფარის დიდებულებთან ერთად დაიკვლებიან. ისინი ვერსად გაექცევიან სასჯელს. ისინი იღრიალებენ, რადგან იეჰოვა მრისხანებით ‘გაანადგურებს მათ საძოვარს’ (25:30—38).

23. ა) რა დაუპირეს იერემიას, როგორ დაიცვა მან თავი და ვისი მაგალითები მოიყვანეს მის გასამართლებლად? ბ) როგორ აჩვენა იერემიამ თვალსაჩინოდ, რომ ბაბილონი დაიპყრობდა ხალხებს და რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ხანანიაზე?

23 იერემია სიკვდილს გადაურჩა (26:1—28:17). მთავრებმა და მთელმა ხალხმა იერემიას მოკვლა გადაწყვიტეს. თავის დასაცავად იერემიამ უთხრა მათ, რომ იეჰოვას სიტყვებს გადასცემდა, და თუ მოკლავდნენ, უდანაშაულო კაცის მკვლელობაში დაედებოდათ ბრალი. მთავრებმა და მთელმა ხალხმა იერემია დაინდეს. უხუცესებმა იერემიას გასამართლებლად მიქა და ურია წინასწარმეტყველების მაგალითები მოიყვანეს. ამის შემდეგ იეჰოვამ უთხრა იერემიას, რომ გაეკეთებინა თოკები და უღელი, კისერზე დაედგა და შემდეგ გაეგზავნა ისინი მეზობელი ერებისთვის იმის საჩვენებლად, რომ სამ თაობაში ბაბილონის მეფის მორჩილები იქნებოდნენ. ცრუწინასწარმეტყველი ხანანია იერემიას დაუპირისპირდა. მისი თქმით ბაბილონის უღელი ორ წელიწადში დაიმტვრეოდა და ამის ნიშნად მან ხის უღელი დაამტვრია. მაგრამ იეჰოვამ იერემიას უბრძანა, რკინის უღელი გაეკეთებინა, რითაც აჩვენა, რომ თავის სიტყვებს არ შეცვლიდა. მან აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ ხანანია იმავე წელს მოკვდებოდა და ეს ასეც მოხდა.

24. ა) რა მისწერა იერემიამ ბაბილონში გადასახლებულებს? ბ) ვისთან დადებდა იეჰოვა ახალ შეთანხმებას და რატომ იქნებოდა ის ძველ შეთანხმებაზე უკეთესი?

24 ნუგეში ბაბილონში გადასახლებულთათვის (29:1—31:40). იექონიასთან (იეჰოიაქინი) ერთად ბაბილონში გადასახლებულებს იერემიამ მისწერა, რომ იქ დასახლებულიყვნენ, რადგან იეჰოვა მხოლოდ 70 წლის შემდეგ დააბრუნებდა მათ სამშობლოში. იეჰოვას ბრძანებით იერემიას წიგნში უნდა ჩაეწერა, რომ იეჰოვა დაამტვრევდა ბაბილონელთა უღელს და იუდეველები ‘ემსახურებოდნენ თავიანთ ღმერთ იეჰოვას და თავიანთ მეფე დავითს’, რომელსაც მოუვლენდა მათ (30:9). რახელი მეტად აღარ იტირებდა, რადგან მისი ვაჟები ‘დაბრუნდებოდნენ მტრის ქვეყნიდან’ (31:16). შემდეგ იეჰოვამ მანუგეშებელი სიტყვები წარმოთქვა. ის ახალ შეთანხმებას დაუდებდა იუდას სახლსა და ისრაელის სახლს. ეს შეთანხმება იმ შეთანხმებაზე უკეთესი იქნებოდა, რომელიც მათ დაარღვიეს. იეჰოვა გულებში ჩაუწერდა მათ თავის კანონს. „მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან“. ისინი დიდიან-პატარიანად შეიცნობდნენ იეჰოვას და ისიც აპატიებდა მათ დანაშაულს (31:31—34). მათი აღდგენილი ქალაქი წმინდა იქნებოდა იეჰოვასთვის.

25. როგორ დაუმტკიცა იეჰოვამ ხალხს, რომ ისრაელს სამშობლოში დააბრუნებდა და რა ცნობა გადასცა მათ?

25 დავითთან დადებული უცვლელი შეთანხმება (32:1—34:22). იერუსალიმზე ნაბუქოდონოსორის ბოლო თავდასხმის დროს იერემია მცველების ეზოში იყო დამწყვდეული. იმის ნიშნად, რომ იეჰოვა უეჭველად დააბრუნებდა ისრაელებს სამშობლოში, იერემიამ იყიდა მინდორი ანათოთში და ნასყიდობის საბუთები თიხის ჭურჭელში ჩადო. იეჰოვას სასიხარულო ცნობა ჰქონდა ხალხისთვის: იუდა და იერუსალიმი კვლავ გაიხარებდა და იეჰოვა შეასრულებდა დავითთან დადებულ შეთანხმებას. მაგრამ ციდკია გააფრთხილა, რომ ბაბილონის მეფე გადაწვავდა ქალაქს, მას კი ტყვედ წაიყვანდა ბაბილონში. ვაი მათ, ვინც პირობა დადო, რომ გაათავისუფლებდა მონებს, მაგრამ დაარღვია ის!

26. რას დაჰპირდა იეჰოვა რექაბელებს და რატომ?

26 რექაბელებისთვის მიცემული დაპირება (35:1—19). იეჰოიაკიმის მეფობის დროს იეჰოვამ იერემია რექაბელებთან გაგზავნა, რომლებიც ბაბილონელების პირველი თავდასხმის შემდეგ იერუსალიმს აფარებდნენ თავს. იერემიამ მათ ღვინო შესთავაზა, მაგრამ უარი უთხრეს, რადგან 250 წლით ადრე მათმა წინაპარმა იონადაბმა ღვინის დალევა აუკრძალა მათ. ისინი სრულებით არ ჰგავდნენ ორგულ იუდეველებს. იეჰოვა დაჰპირდა რექაბელებს: „არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე მდგომი კაცი“ (35:19).

27. რატომ დაწერა იერემიამ ხელახლა თავისი წინასწარმეტყველება?

27 იერემიამ ხელახლა დაწერა წიგნი (36:1—32). იეჰოვამ უთხრა იერემიას, ჩაეწერა მისგან მიღებული ყველა წინასწარმეტყველება. იერემიას კარნახით ბარუქმა დაწერა ისინი და მარხვის დღეს ხმამაღლა წაუკითხა ხალხს იეჰოვას სახლში. მეფე იეჰოიაკიმმა მოატანინა გრაგნილი და, როგორც კი რამდენიმე სვეტს წაუკითხავდნენ, ჭრიდა მათ და ცეცხლში ყრიდა. მან ბრძანა, დაეპატიმრებინათ იერემია და ბარუქი, მაგრამ იეჰოვამ გადამალა ისინი და დაავალა იერემიას, რომ ხელახლა დაეწერა გრაგნილი.

28. ა) რას წინასწარმეტყველებდა იერემია დაჟინებით? ბ) როგორ მოიქცა ებედ-მელექი მთავრებისგან განსხვავებით?

28 იერუსალიმის ბოლო დღეები (37:1—39:18). შემდეგ წიგნი ისევ ციდკიას მეფობის დროს მომხდარ მოვლენებს უბრუნდება. მეფემ იერემიას სთხოვა, ელოცა იუდასთვის. წინასწარმეტყველმა უარი უთხრა, რადგან იერუსალიმის განადგურება გარდაუვალი იყო. ანათოთში მიმავალი იერემია შეიპყრეს, ღალატში დაადანაშაულეს, სცემეს და დააპატიმრეს. ციდკიამ ის თავისთან მიაყვანინა, რადგან აინტერესებდა, იყო თუ არა სიტყვა იეჰოვასგან. „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“ — ასეთი იყო იეჰოვას სიტყვა (37:17). იმის გამო, რომ იერემია დაჟინებით წინასწარმეტყველებდა განადგურებას, განრისხებულმა მთავრებმა ის ტალახიან ჭაში ჩააგდეს. ეთიოპი საჭურისი ებედ-მელექი, რომელიც მეფის სასახლეში მსახურობდა, გამოესარჩლა იერემიას და იხსნა ის მტანჯველი სიკვდილისგან, თუმცა იერემია ისევ მცველების ეზოში იყო დამწყვდეული. ციდკიამ კვლავ მოაყვანინა იერემია, მაგრამ მან ისევ უთხრა: ‘ჩაბარდი ბაბილონის მეფეს, თუ არადა ტყვეობაში წახვალ და იერუსალიმს გაანადგურებენ’ (38:17, 18).

29. რა უბედურება დაატყდა იერუსალიმს, მაგრამ რა მოხდა იერემიასა და ებედ-მელექის შემთხვევაში?

29 თვრამეტთვიანი ალყის შემდეგ, ციდკიას მეფობის მე-11 წელს, იერუსალიმი ბაბილონელებმა აიღეს. მეფე ჯართან ერთად გაიქცა, მაგრამ ბაბილონელებმა შეიპყრეს, თვალწინ დაუხოცეს ვაჟები და წარჩინებულები, თავად ის დააბრმავეს და ბორკილდადებული ბაბილონში წაიყვანეს. ბაბილონელებმა ქალაქი გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს; მდაბიო ხალხის გარდა ყველა ბაბილონში გადაასახლეს. ნაბუქოდონოსორის ბრძანებით იერემია მცველთა ეზოდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებამდე იერემიამ ებედ-მელექს იეჰოვას სიტყვა გადასცა, რომ იხსნიდა, ‘რადგან იეჰოვაზე იყო დაიმედებული’ (39:18).

30. როგორ მოიქცა ხალხი იერემიას რჩევის მიუხედავად და რა უწინასწარმეტყველა იერემიამ მათ ეგვიპტის მიწაზე?

30 მიცფასა და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენები (40:1—44:30). იერემია მიცფაში ცხოვრობდა გედალიასთან, რომელიც ბაბილონის მეფემ ქვეყანაში დარჩენილი ხალხის გამგებლად დააყენა. ორი თვის შემდეგ გედალია მოკლეს. რჩევისთვის მისულ ხალხს იერემიამ იეჰოვას სიტყვა გადასცა: ‘იეჰოვა არ ამოგძირკვავთ ამ მიწიდან. ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფის. მაგრამ ეგვიპტეში თუ წახვალთ, დაიხოცებით’. ისინი მაინც წავიდნენ ეგვიპტეში და იერემია და ბარუქიც თან წაიყვანეს. ეგვიპტის თახფანხესში იერემიამ მათ იეჰოვას განაჩენი განუცხადა. ბაბილონის მეფე ეგვიპტეში დაიდგამდა ტახტს. ისინი ამაოდ სცემდნენ თაყვანს ეგვიპტის ღმერთებს და მსხვერპლს სწირავდნენ „ცის დედოფალს“. დაავიწყდათ, რომ იეჰოვამ გაანადგურა იერუსალიმი კერპთაყვანისმცემლობის გამო?! იეჰოვა უბედურებას დაატეხდა მათ ეგვიპტის მიწაზე და ისინი ვეღარ დაბრუნდებოდნენ იუდაში. ამის ნიშნად ფარაონ ხოფრას იეჰოვა მტრებს ჩაუგდებდა ხელში.

31. რას დაჰპირდა იეჰოვა ბარუქს?

31 ბარუქის საზღაური (45:1—5). ბარუქი გულდამძიმებული იყო, რადგან იერემია განუწყვეტლივ უწინასწარმეტყველებდა ხალხს უბედურებას. მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას, ‘დიდი რამეების ძებნის’ ნაცვლად, მის დიდებულ საქმეებზე ეფიქრა (45:5). იერუსალიმის განადგურების დროს იეჰოვა იხსნიდა მას.

32. ვისზე აღიმართებოდა „იეჰოვას მახვილი“?

32 იეჰოვას მახვილი ერების წინააღმდეგ (46:1—49:39). იერემიამ იწინასწარმეტყველა, როგორ გაიმარჯვებდა ბაბილონი ეგვიპტეზე ქარხემიშში და არა მარტო ქარხემიშში. ერების განადგურებას მხოლოდ იაკობი გადაურჩებოდა, თუმცა დაუსჯელი არც ის დარჩებოდა. „იეჰოვას მახვილი“ აღიმართებოდა ფილისტიმელებზე, ამაყ მოაბზე, მკვეხარა ამონზე, ედომსა და დამასკოზე, კედარსა და ხაცორზე (47:6). იეჰოვა ელამის მშვილდსაც დაამტვრევდა.

33. ა) რა დაემართება ოქროს თასს, ბაბილონს? ბ) როგორ უნდა მოიქცეს ღვთის ხალხი?

33 იეჰოვას მახვილი ბაბილონის წინააღმდეგ (50:1—51:64). იეჰოვამ ბაბილონის შესახებ განაცხადა: ‘ილაპარაკეთ ეს ხალხებში. არაფერი დამალოთ. ბაბილონი დაპყრობილია და შერცხვენილია მისი ღმერთები. გაიქეცით იქიდან. დედამიწის ყველა ერის დამამსხვრეველი ჩაქუჩი თავადაც დაიმტვრა. „კადნიერებავ“, ისრაელისა და იუდას ტყვეების მჩაგვრელო, იცოდე, რომ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მათი გამომსყიდველი. ბაბილონი ღრიალა ცხოველების თავშესაფარი გახდება. როგორც სოდომისა და გომორის დამხობის შემდეგ, იქაც არავინ იცხოვრებს’ (50:31, 40). ბაბილონი იეჰოვას ხელში ოქროს თასი იყო, მთელი დედამიწის დამათრობელი, მაგრამ მოულოდნელად დაეცა და დაიმტვრა. იღრიალეთ მის გამო. იეჰოვამ აღძრა მიდიის მეფეთა სული, რომ ბოლო მოეღოთ მისთვის. ბაბილონის ძლიერებმა ბრძოლა შეწყვიტეს. ქალებივით გახდნენ. ბაბილონის ასული კალოსავით მაგრად დაიტკეპნებოდა. „მარადიული ძილით დაიძინებენ და ვერ გამოიღვიძებენ“. ზღვამ გადაუარა ბაბილონს, ტალღებმა დაფარა. „გამოდი მისგან, ჩემო ხალხო, და გადაირჩინეთ თქვენ-თქვენი სულები იეჰოვას მრისხანებისგან“ (51:39, 45). ყვირილი ისმის ბაბილონიდან, დიდი დაცემის ხმა. დაილეწება ბაბილონის საბრძოლო იარაღები, რადგან იეჰოვა შურისძიების ღმერთია და სამაგიეროს მიუზღავს მათ.

34. რა მიანიშნებდა ბაბილონის დაცემაზე?

34 იერემიამ უბრძანა სერაიას: ‘წადი ბაბილონში და ხმამაღლა წაიკითხე ბაბილონის შესახებ წინასწარმეტყველება. შემდეგ შეაბი წიგნს ქვა, ევფრატის შუაგულში გადააგდე და თქვი: ასე ჩაიძირება და აღარასოდეს აღდგება ბაბილონი იმ უბედურების გამო, რომელსაც დავატეხ’ (51:61—64).

35. რა წერია ბოლო თავში?

35 ჩანაწერი იერუსალიმის დაცემაზე (52:1—34). ეს ჩანაწერი ძალიან ჰგავს 2 მეფეების 24:18—20; 25:1—21, 27—30-ში ჩაწერილს.

რატომ არის სასარგებლო

36. ა) სიმამაცისა და გულმოდგინების რა მაგალითი დაგვიტოვა იერემიამ? ბ) რაში შეგვიძლია მივბაძოთ ბარუქს, რექაბელებსა და ებედ-მელექს?

36 ეს ღვთივშთაგონებით დაწერილი წინასწარმეტყველება გამამხნევებელი და სასარგებლოა. დაფიქრდით იერემია წინასწარმეტყველის გაბედულებაზე. ის უშიშრად უცხადებდა უღვთო ხალხს მათთვის არასასიამოვნო ცნობას და გაურბოდა ბოროტებთან ურთიერთობას. მას კარგად ესმოდა, რომ გადაუდებლად უნდა გაეცხადებინა იეჰოვას სიტყვები, ამიტომ მთელი გულით ბოლომდე შეასრულა იეჰოვასგან მიღებული დავალება. ღვთის სიტყვა, რომელიც ცეცხლივით უგიზგიზებდა ძვლებში, მისი მხიარულება და გულის სიხარული იყო (იერ. 15:16—20; 20:8—13). ჩვენც იერემიასავით გულმოდგინედ უნდა ვიქადაგოთ იეჰოვას სიტყვა და ბარუქივით ერთგულად დავუჭიროთ მხარი ღვთის მსახურებს. ასევე მივბაძოთ რექაბელებს, რომლებმაც მორჩილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს, და ებედ-მელექს, რომელმაც დევნილ წინასწარმეტყველზე იზრუნა (36:8—19, 32; 35:1—19; 38:7—13; 39:15—18).

37. როგორ გვარწმუნებს იერემიას წინასწარმეტყველება, რომ იეჰოვას შეუძლია მომავლის განჭვრეტა?

37 იეჰოვას სიტყვა, რომელიც იერემიას გამოეცხადა, საოცარი სიზუსტით შესრულდა. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვას აქვს მომავლის განჭვრეტის უნარი. ამას ადასტურებს წინასწარმეტყველებები, რომელთა შესრულების თვითმხილველიც იერემია გახდა: ციდკიას ტყვეობა და იერუსალიმის განადგურება (21:3—10; 39:6—9), მეფე შალუმის (იეჰოახაზი) ტახტიდან ჩამოგდება და ტყვეობაში გარდაცვალება (იერ. 22:11, 12; 2 მეფ. 23:30—34; 2 მატ. 36:1—4), მეფე ქონიას (იეჰოიაქინი) ბაბილონში ტყვედ წაყვანა (იერ. 22:24—27; 2 მეფ. 24:15, 16) და ერთ წელიწადში ცრუწინასწარმეტყველ ხანანიას სიკვდილი (იერ. 28:16, 17). ეს და სხვა წინასწარმეტყველებები ზუსტად ისე შესრულდა, როგორც იეჰოვამ თქვა. იერემიას წინასწარმეტყველება სარწმუნო და სასარგებლო იყო იმ წინასწარმეტყველებისა და მსახურებისთვის, რომლებიც მოგვიანებით ცხოვრობდნენ. მაგალითად, დანიელი იერემიას წინასწარმეტყველებიდან მიხვდა, რომ იერუსალიმი 70 წელს იქნებოდა დანგრეული; 70-წლიანი პერიოდის მიწურულს კი ეზრამ ყურადღება გაამახვილა იერემიას სიტყვების შესრულებაზე (დან. 9:2; 2 მატ. 36:20, 21; ეზრ. 1:1; იერ. 25:11, 12; 29:10).

38. ა) რომელი შეთანხმების შესახებ ვკითხულობთ იერემიას წინასწარმეტყველებაში, რომელიც იესომაც მოიხსენია? ბ) რა იმედს უნერგავდა იერემია ხალხს?

38 უფლის გახსენების საღამოს დაარსებისას იესომ, როგორც შუამავალმა, თავის მოწაფეებთან ახალი შეთანხმება დადო, რითაც შესრულდა იერემიას წინასწარმეტყველება. მან თქვა, რომ ეს იყო ‘ახალი შეთანხმება მისი სისხლის საფუძველზე’, რომლის მეშვეობითაც ცოდვები მიეტევებოდათ და იეჰოვას სულიერი ერი გახდებოდნენ (ლუკ. 22:20; იერ. 31:31—34). სულითცხებულებთან, რომლებთანაც უკვე დადებული იყო ახალი შეთანხმება, ქრისტემ დადო შეთანხმება სამეფოსთვის, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (ლუკ. 22:29; გამოცხ. 5:9, 10; 20:6). ამ სამეფოს შესახებ არაერთი მინიშნება გვხვდება იერემიას წინასწარმეტყველებაში. იერემია კიცხავდა ორგულ ისრაელს, მაგრამ იმედსაც აძლევდა: „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა დავითს აღვუდგენ მართალ ყლორტს. იმეფებს მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში“. მას უწოდებენ სახელს: „იეჰოვაა ჩვენი სიმართლე“ (იერ. 23:5, 6).

39. რაში გვარწმუნებს ბაბილონიდან დაბრუნებულ იუდეველებზე შესრულებული წინასწარმეტყველება?

39 იერემია ისევ აღორძინების შესახებ ლაპარაკობს: „ემსახურებიან თავიანთ ღმერთ იეჰოვას და თავიანთ მეფე დავითს, რომელსაც მოვუვლენ“ (30:9). დაბოლოს, ის მოიხსენიებს იმ სასიკეთო სიტყვას, რომელიც იეჰოვამ წარმოთქვა ისრაელსა და იუდაზე: ‘იმ დღეებში და იმ დროს მე, იეჰოვა, აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს, რათა გავამრავლო მისი შთამომავლობა და გამოჩნდეს ვაჟი, რომელიც მის ტახტზე იმეფებს’ (33:15, 21). როგორც იუდეველებზე შესრულდა წინასწარმეტყველება და ისინი ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნდნენ, ისევე შესრულდება წინასწარმეტყველება ჭეშმარიტი „ყლორტის“ სამეფოზე და ის მთელ დედამიწაზე სამართლიანობასა და სიმართლეს დაამყარებს (ლუკ. 1:32).

[სქოლიო]

a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 326, 480 (ინგლ.).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება