ბიბლიის წიგნი 46 — 1 კორინთელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: ეფესო
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 55
1. როგორი ქალაქი იყო კორინთი პავლეს დროს?
კორინთი იყო „სახელგანთქმული და გარყვნილი ქალაქი, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ყოველგვარი ბიწიერება“a. კორინთი მდებარეობდა პელოპონესისა და საბერძნეთის კონტინენტური ნაწილის შეერთების ადგილზე და აკონტროლებდა სახმელეთო გზას. პავლე მოციქულის დროს ამ ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 400 000 ადამიანი და მოსახლეობის რაოდენობით ჩამოუვარდებოდა მხოლოდ რომს, ალექსანდრიასა და სირიის ანტიოქიას. კორინთის აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვაა, დასავლეთით კი კორინთის ყურე და იონიის ზღვა. ამრიგად, კორინთი, აქაიის დედაქალაქი, რომელსაც ორი ნავსადგური ჰქონდა (კენქრე და ლექეონი), კომერციული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო. კორინთი ბერძნული კულტურის კერად ითვლებოდა. როგორც ამბობენ, „ის განთქმული იყო როგორც ზღაპრული სიმდიდრით, ისე ქალაქის მკვიდრთა ბიწიერებითა და ავხორცობით“b. ქალაქში გავრცელებული იყო წარმართული თაყვანისმცემლობა, მაგალითად აფროდიტეს (რომაულ მითოლოგიაში შეესაბამება ვენერა) თაყვანისცემა. კორინთელთა თაყვანისცემისთვის დამახასიათებელი იყო უზნეობა.
2. როგორ ჩამოყალიბდა კორინთში კრება და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს კრების წევრებისადმი?
2 სწორედ რომის იმპერიის ამ აყვავებულ, მაგრამ ზნედაცემულ ქალაქ-სახელმწიფოში ჩავიდა პავლე მოციქული ახ. წ. 50 წელს მისიონერული მოგზაურობისას. ის იქ 18 თვე დარჩა და ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა (საქ. 18:1—11). პავლეს ძალიან უყვარდა კორინთის კრების წევრები, რომლებმაც მისგან გაიგეს სასიხარულო ცნობა ქრისტეს შესახებ. თავის წერილში მან ყურადღება გაამახვილა ამ სიყვარულზე: „ათი ათასი აღმზრდელიც რომ გყავდეთ ქრისტეში, მამები ბევრი არა გყავთ, რადგან მე გავხდი თქვენი მამა ქრისტე იესოში სასიხარულო ცნობის მეშვეობით“ (1 კორ. 4:15).
3. რამ გადააწყვეტინა პავლეს კორინთელებისთვის პირველი წერილის მიწერა?
3 პავლე კორინთელი ქრისტიანების სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვამ აღძრა, პირველი წერილი მიეწერა მათთვის მესამე მისიონერული მოგზაურობისას. უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც მან კორინთი დატოვა. ამ დროს, დაახლოებით ახ. წ. 55 წელს, პავლე ეფესოში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, პავლეს წერილი იყო პასუხი ახალჩამოყალიბებული კორინთის კრებიდან მიღებულ წერილზე. გარდა ამისა, პავლემ არასასიამოვნო ამბებიც გაიგო (7:1; 1:11; 5:1; 11:18). ამ ამბებმა იმდენად იმოქმედა პავლეზე, რომ მათგან მიღებული წერილი მხოლოდ მე-7 თავის დასაწყისშიღა მოიხსენია. უპირველესად, სწორედ ამ ამბების გამო ჩათვალა პავლემ საჭიროდ კორინთელი თანაქრისტიანებისთვის წერილის მიწერა.
4. რა ამტკიცებს, რომ პავლემ კორინთელებს პირველი წერილი ეფესოდან მისწერა?
4 საიდან ვიცით, რომ კორინთელებისადმი მიწერილი პირველი წერილი პავლემ ეფესოში დაწერა? წერილის ბოლოს ის კორინთელებს მოკითხვას უთვლის აკვილასა და პრისკასგან (პრისკილასგან) (16:19). საქმეების 18:18, 19-დან ვხედავთ, რომ ისინი კორინთიდან ეფესოში გადავიდნენ. აქედან გამომდინარე, პავლეს თავისი წერილი ეფესოში უნდა დაეწერა. ამ მხრივ ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს 1 კორინთელების 16:8-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები: „ეფესოში კი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე დავრჩები“. ამრიგად, კორინთელებს პირველი წერილი პავლემ ეფესოდან მისწერა, როგორც ჩანს, მისი იქ ყოფნის მიწურულს.
5. რა ადასტურებს კორინთელებისთვის მიწერილი წერილების კანონიკურობას?
5 „პირველი კორინთელების“, აგრეთვე „მეორე კორინთელების“, კანონიკურობა უდავოა. ადრინდელი ქრისტიანები პავლეს თვლიდნენ ამ წერილების დამწერად და მათ კანონიკურ წიგნებს მიაკუთვნებდნენ. როგორც ამბობენ, „პირველი კორინთელები“, სულ მცირე, ექვსჯერ იყო მოხსენიებული ან ციტირებული დაახლოებით ახ. წ. 95 წელს რომიდან კორინთში გაგზავნილ წერილში, რომელიც კლემენტის პირველ წერილად არის ცნობილი. წერილის ავტორი მკითხველებს მოუწოდებდა: „გადაშალეთ კურთხეული მოციქულის, პავლეს ეპისტოლე“c. ამ ეპისტოლეში ის, როგორც ჩანს, „პირველ კორინთელებს“ გულისხმობდა. „პირველი კორინთელებიდან“ ციტატები მოყვანილი აქვთ იუსტინე წამებულს, ათენაგორას, ირინეოსსა და ტერტულიანეს. არსებობს უდავო მტკიცებები იმისა, რომ პავლეს წერილების კრებული, პირველი და მეორე კორინთელების ჩათვლით, „შედგა და ხელმისაწვდომი გახდა პირველი საუკუნის ბოლო ათწლეულისთვის“d.
6. რა პრობლემები იყო კორინთის კრებაში და განსაკუთრებით რით იყო პავლე დაინტერესებული?
6 კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილი იმის დანახვაში გვეხმარება, თუ რა მდგომარეობა იყო კორინთის კრებაში. ამ კრების წევრები ხვდებოდნენ პრობლემებს და საჭიროებდნენ სხვადასხვა საკითხის გადაჭრას. კრებაში იყო განხეთქილებები, რადგან ზოგი ადამიანთა შეხედულებებს მიჰყვებოდა. განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო სქესობრივ უზნეობასთან დაკავშირებული ერთი შემთხვევა. ზოგს ოჯახში ჰქონდა პრობლემები, რადგან ოჯახის წევრები არ იზიარებდნენ მათ რწმენას. უნდა გაყროდნენ ურწმუნო მეუღლეებს თუ უნდა დარჩენილიყვნენ მათთან? უნდა ეჭამათ მათ კერპებისთვის შეწირული ხორცი? კორინთელები საჭიროებდნენ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო შეხვედრები, მათ შორის უფლის გახსენების საღამო. რა მდგომარეობა უნდა ჰქონოდათ ქალებს კრებაში? კრებაში იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც არ სწამდათ აღდგომის. პრობლემები საკმაოდ ბევრი იყო. პავლე მოციქული განსაკუთრებით იყო დაინტერესებული კორინთელების სულიერი გამოცოცხლებით.
7. რა განწყობით უნდა ვკითხულობდეთ „პირველ კორინთელებს“ და რატომ?
7 თუ გავითვალისწინებთ როგორც უშუალოდ კრების მდგომარეობას, ისე თვალშისაცემი სიმდიდრითა და გარყვნილებით ცნობილ კორინთში არსებულ გარემოს, დღევანდელ მდგომარეობასთან ბევრი პარალელის გავლებას შევძლებთ. ამიტომ პავლეს რჩევები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით დაწერა, არც ჩვენ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ. პავლეს სიტყვებს ჩვენთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საყვარელი კორინთელი და-ძმებისადმი მიწერილი მისი პირველი წერილის გამოკვლევა ბევრ რამეში გამოგვადგება. მისი კითხვისას გაითვალისწინეთ მაშინდელი მდგომარეობა. ძველ კორინთში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, თქვენც გულდასმით იფიქრეთ გულშიჩამწვდომ, დამაფიქრებელ და ღვთის შთაგონებით დაწერილ სიტყვებზე, რომლებითაც პავლემ მათ მიმართა.
შინაარსი
8. ა) რას ამბობს პავლე კრებაში არსებულ განხეთქილებაზე? ბ) პავლეს თქმით, რა არის საჭირო ღვთის სიღრმეების გასაგებად?
8 კრებაში უნდა იყოს ერთიანობა და არა განხეთქილება (1:1—4:21). პავლეს სურს, რომ კორინთის კრებაში ყველაფერი კარგად იყოს. მაგრამ კრების წევრებს შორის უთანხმოებებია. „ქრისტე დაყოფილია“ (1:13). ისინი ვერ იტყვიან, რომ პავლეს სახელით მოინათლნენ, რადგან უმრავლესობა მას არ მოუნათლავს. პავლე ქადაგებს ბოძზე გაკრულ ქრისტეს. ეს იუდეველებისთვის დაბრკოლებაა, უცხოტომელებისთვის კი უგუნურება. ღმერთმა ქვეყნიერების უგუნურები და სუსტები ამოირჩია ბრძენთა და ძლიერთა შესარცხვენად. პავლე მაღალფარდოვნად არ ლაპარაკობს. მას სურს, რომ ძმებმა მის სიტყვებში ღვთის სული და ძლიერება დაინახონ, რათა მათი რწმენა ღვთის ძალაზე იყოს დაფუძნებული და არა ადამიანთა სიბრძნეზე. ქრისტიანები იმას ლაპარაკობენ, რაც ღმერთმა თავისი სულით გაამჟღავნა, „რადგან სული ყველაფერს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც კი“. სულიერი ადამიანისგან განსხვავებით ხორციელ ადამიანს არ შეუძლია ამის გაგება (2:10).
9. რა არგუმენტები მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, რომ არავინ უნდა იამაყოს ადამიანებით?
9 კორინთელებიდან ზოგი აპოლოსის მიმდევრად თვლის თავს, ზოგი — პავლეს მიმდევრად. მაგრამ აპოლოსი და პავლე მხოლოდ მსახურები არიან, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეს კორინთელებმა. არც დამრგველია რამე და არც მომრწყველი, რადგან „ღმერთმა გაზარდა“ და ისინი „ღვთის თანამშრომელნი“ არიან. თითოეულის საქმე ცეცხლით გამოიცდება და გამოაშკარავდება. პავლე მათ ეუბნება: „ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში“. „ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“. ამიტომ ნურავინ იამაყებს ადამიანებით, რადგან ყოველივე ღვთისაა (3: 6, 9, 16, 19).
10. რატომაა კორინთელთა ტრაბახი უადგილო და რას აკეთებს პავლე მდგომარეობის გამოსასწორებლად?
10 პავლე და აპოლოსი ღვთის წმინდა საიდუმლოთა თავმდაბალი მმართველები არიან და მათგან ერთგულება მოითხოვება. რა აქვთ დასაკვეხნი კორინთელ ძმებს და რა აქვთ ისეთი, რაც არ მიუღიათ? უკვე გამდიდრდნენ? უკვე გამეფდნენ? გონიერები და ძლიერები გახდნენ, მაშინ როცა მოციქულები თეატრალურ სანახაობად იქცნენ ანგელოზებისა და ადამიანებისთვის და ქვეყნიერება მათ უგუნურებად, სუსტებად და ყველანაირ ნარჩენად თვლის? პავლე მათთან გზავნის ტიმოთეს, რათა მიჰყვნენ მის მაგალითს და გაახსენოს, როგორ ასწავლიდა ქრისტე იესოში. თუ იეჰოვა ინებებს, პავლე მათ მალე მოინახულებს გაყოყოჩებულთა ძლიერების — და არა მხოლოდ სიტყვების — გასაგებად.
11. რა მოხდა კორინთის კრებაში, რისი გაკეთებაა საჭირო და რატომ?
11 კრების სიწმინდის დაცვა (5:1—6:20). პავლე იგებს ერთი აღმაშფოთებელი ფაქტის შესახებ. კორინთის კრებაში ერთი კაცი მამამისის ცოლთან ცხოვრობს. ის უნდა გადაეცეს სატანას, რადგან მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს. კორინთელებს აღარ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ ბოროტებას სჩადის.
12. ა) რას ურჩევს პავლე კორინთელებს, რომლებიც სასამართლოში უჩივიან ერთმანეთს? ბ) რატომ ეუბნება მათ პავლე, რომ უნდა გაექცნენ სიძვას?
12 კორინთელები ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან. განა ამას არ ჯობს უსამართლობის ატანა? განა მათ შორის არავინ არის ისეთი, ვინც შეძლებს ძმების საქმეების განსჯას? მათ ხომ ქვეყნიერება და ანგელოზები უნდა გაასამართლონ?! მათ სიწმინდის შენარჩუნება მართებთ, რადგან მეძავები, კერპთაყვანისმცემლები და მსგავსი საქმეების ჩამდენნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი მათგანი, მაგრამ განიბანნენ და განიწმინდნენ. პავლე ამბობს: „გაექეცით სიძვას . . . რადგან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ განადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულებით“ (6:18, 20).
13. ა) რატომ ურჩევს პავლე ზოგიერთს დაქორწინებას და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი დაქორწინების შემდეგ? ბ) რა გაგებით იქცევა დაუქორწინებელი „უკეთესად“?
13 რჩევები დაქორწინებულებისა და დაუქორწინებლებისთვის (7:1—40). პავლე პასუხობს ქორწინებასთან დაკავშირებულ კითხვას. იმის გამო, რომ სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჯობდეს დაქორწინება, დაქორწინებულები კი უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. რაც შეეხება დაუქორწინებლებსა და ქვრივებს, უკეთესია არ დაქორწინდნენ და პავლესავით დარჩნენ; მაგრამ თუ თავშეკავებას ვერ ავლენენ, ისევ დაქორწინება ჯობს. დაქორწინებულები არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. მაშინაც კი, თუ ვინმეს ურწმუნო მეუღლე ჰყავს, ის არ უნდა გაეყაროს მას, რადგან ასე მორწმუნემ შეიძლება იხსნას ურწმუნო მეუღლე. წინადაცვეთილები, წინადაუცვეთელები და მონები უნდა დარჩნენ ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ მოწოდებულნი. დაქორწინებული გაყოფილია, რადგან იმაზე ფიქრობს, თუ როგორ ასიამოვნოს მეუღლეს, დაუქორწინებელი კი უფლისაზე ფიქრობს. ვინც ქორწინდება, არ სცოდავს, მაგრამ ის, ვინც დაუქორწინებელი რჩება, ‘უკეთესად იქცევა’ (7:38).
14. რას ამბობს პავლე მრავალ „ღმერთზე“ და „უფალზე“ და რა შემთხვევაშია გონივრული კერპთშენაწირის ჭამისგან თავის შეკავება?
14 ყველაფერი სასიხარულო ცნობისთვის (8:1—9:27). რის თქმა შეიძლება კერპთშენაწირზე? კერპი არაფერია. ქვეყნიერებაში არის მრავალი „ღმერთი“ და „უფალი“, მაგრამ ქრისტიანებისთვის „ერთია ღმერთი, მამა“ და „ერთია უფალი, იესო ქრისტე“ (8:5, 6). თუმცა ვინმე შეიძლება დაბრკოლდეს, თუ დაგინახავს, რომ კერპთშენაწირ ხორცს ჭამ. ამიტომ პავლე ამბობს, რომ ჯობია ჭამისგან თავის შეკავება, რათა არ დაბრკოლდეს ძმა.
15. რას აკეთებდა პავლე მსახურების გულისთვის?
15 პავლე ბევრ რამეზე ამბობს უარს მსახურების გულისთვის. როგორც მოციქულს, მას აქვს უფლება, ‘სასიხარულო ცნობით იცხოვროს’, მაგრამ ამას არ აკეთებს. ის თავის მოვალეობად თვლის ქადაგებას და ამბობს: „ვაი მე, თუ არ ვაუწყებ სასიხარულო ცნობას!“. პავლე ყველას მონა და „ყველასთვის ყველაფერი“ გახდა, რათა ‘როგორმე ეხსნა ზოგიერთი’ და ‘ყველაფერი სასიხარულო ცნობისთვის გაეკეთებინა’. უხრწნელი გვირგვინის მისაღებად პავლე სცემს და იმონებს თავის სხეულს, რათა ‘თვითონ არ აღმოჩნდეს უღირსი’ (9:14, 16, 19, 22, 23, 27).
16. ა) რის სწავლა შეუძლიათ ქრისტიანებს წინაპრებისგან? ბ) როგორ შეიძლება ყველაფრის კეთება ღვთის სადიდებლად, როცა საქმე კერპთაყვანისმცემლობას ეხება?
16 გამაფრთხილებელი მაგალითები (10:1—33). მათი წინაპრები ღრუბელქვეშ იყვნენ და მოსეში მოინათლნენ. ღმერთმა არ მოიწონა მათი უმრავლესობა და ისინი უდაბნოში დაეცნენ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ბოროტი მოისურვეს. ეს გაკვეთილია ქრისტიანებისთვის. ისინი უნდა მოერიდონ კერპთაყვანისმცემლობას, მეძაობას, იეჰოვას გამოცდას და დრტვინვას. ვინც ფიქრობს, რომ დგას, უნდა გაფრთხილდეს, რომ არ წაიქცეს. ღვთის მსახურებს ცდუნებები ექნებათ, მაგრამ ის არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც მათ შესაძლებლობებს აღემატება და გამოსავალსაც მისცემს, მოთმენა რომ შეძლონ. პავლე წერს: „გაექეცით კერპთაყვანისმცემლობას“ (10:1, 14). შეუძლებელია, რომ იეჰოვას სუფრიდანაც ვჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც. თუ ვჭამთ, არ ღირს რამის გამოძიება, მაგრამ თუ ვინმე გვეუბნება, რომ ხორცი მსხვერპლშესაწირია, თავი უნდა შევიკავოთ ჭამისგან მისი სინდისის გულისთვის. „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“, — წერს პავლე (10:31).
17. ა) როგორ ჩამოაყალიბა პავლემ მეთაურობის პრინციპი? ბ) რას ამბობს პავლე გახსენების საღამოსთან დაკავშირებით?
17 მეთაურობა; უფლის ვახშამი (11:1—34). „მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს“, — ამბობს პავლე და აყალიბებს მეთაურობის პრინციპს: ქალის თავი კაცია, კაცის თავი ქრისტეა, ქრისტეს თავი კი ღმერთია. ამიტომ ქალს თავზე უნდა ჰქონდეს „ძალაუფლების ნიშანი“, როცა კრებაში ლოცულობს ან წინასწარმეტყველებს. პავლე არ აქებს კორინთელებს, რადგან მათ შორის განხეთქილებებია, როცა იკრიბებიან. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია „უფლის ვახშმის“ ჭამა. პავლე იმეორებს იმას, თუ როგორ დააფუძნა იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო. სიმბოლოების მიღებამდე თითოეულმა საკუთარი თავი გულდასმით უნდა შეამოწმოს, რათა ესმოდეს „სხეულის“ მნიშვნელობა და არ გასამართლდეს (11:1, 10, 29).
18. ა) რატომ არ უნდა იყოს განხეთქილება სხეულში მიუხედავად იმისა, რომ ძღვენი და მსახურება სხვადასხვაგვარია? ბ) რატომ არის სიყვარული აღმატებული?
18 სულიერი ძღვენი; სიყვარული და მისკენ სწრაფვა (12:1—14:40). სულიერი ძღვენი სხვადასხვაგვარია, სული კი იგივეა. მსახურება და მოქმედებაც სხვადასხვაგვარია, მაგრამ უფალი და ღმერთი იგივეა. ადამიანის სხეულის მსგავსად, ქრისტეს სხეულიც ერთმანეთზე დამოკიდებული მრავალი ნაწილისგან შედგება. სხეულის ყველა ნაწილი ღმერთმა თავისი ნებისამებრ შექმნა და თითოეულს თავისი ფუნქცია დააკისრა, „რათა განხეთქილება არ იყოს სხეულში“ (12:25). სულიერი ძღვენიც რომ ჰქონდეს, ადამიანი არარაობა იქნება, თუ სიყვარული არ გააჩნია. სიყვარული სულგრძელია და კეთილი; არ შურს, არ ყოყოჩობს; მას ჭეშმარიტება ახარებს. „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (13:8). წინასწარმეტყველების ძღვენი გაუქმდება და ენები შეწყდება, მაგრამ რწმენა, იმედი და სიყვარული დარჩება. ამ სამიდან სიყვარული უდიდესია.
19. პავლეს რჩევის თანახმად, რა უნდა გაეკეთებინათ ქრისტიანებს კრების აღსაშენებლად და წესრიგისთვის?
19 „ისწრაფეთ სიყვარულისკენ“, — მოგვიწოდებს პავლე. სულიერი ძღვენი სიყვარულით უნდა იყოს გამოყენებული კრების აღსაშენებლად. ამიტომ პავლე წინასწარმეტყველებას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ენებზე ლაპარაკს. მას ურჩევნია ხუთი სიტყვა თქვას გასაგებად, რათა სხვებსაც ასწავლოს, ვიდრე ათი ათასი სიტყვა უცხო ენაზე. ენებზე ლაპარაკი ნიშანია ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი — მორწმუნეთათვის. ქრისტიანები არ უნდა იყვნენ „ბავშვები აზროვნებით“. ქალები კრებაში უნდა „იყვნენ მორჩილად“. „ყველაფერი წესიერად და ორგანიზებულად [უნდა] ხდებოდეს“ (14:1, 20, 40).
20. ა) რით ამტკიცებს პავლე, რომ ქრისტე ნამდვილად აღდგა? ბ) რა თანმიმდევრობით ხდება აღდგომა და რომელ მტერს მოეღება ბოლო?
20 აღდგომის იმედის უტყუარობა (15:1—16:24). მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ეჩვენა კეფას, შემდეგ თორმეტს და 500-ზე მეტ ძმას ერთდროულად. შემდეგ იაკობს ეჩვენა, მერე ყველა მოციქულს, ბოლოს კი პავლეს. „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“, — წერს პავლე (15:14). ყველა თავისი წესისა და რიგის მიხედვით აღდგება: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება. როდესაც ყველა მტერი ქრისტეს ფეხქვეშ მოექცევა, ის სამეფოს მამას გადასცემს. სიკვდილს, უკანასკნელ მტერს, ბოლო მოეღება. მკვდრეთით აღდგომა რომ არ იყოს, პავლე სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩაიგდებდა.
21. ა) როგორ აღდგებიან ისინი, ვინც ღვთის სამეფო უნდა დაიმკვიდრონ? ბ) რა წმინდა საიდუმლოს გვიმხელს პავლე და რას ამბობს ის სიკვდილზე?
21 როგორ აღდგებიან მკვდრები? დათესილი მარცვალი რომ აღმოცენდეს, ჯერ უნდა „მოკვდეს“. ასე ხდება მკვდრეთით აღდგომის დროსაც. „ითესება ხორციელი სხეული და აღდგება სულიერი სხეული . . . ხორცი და სისხლი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (15:44, 50). პავლე წმინდა საიდუმლოს გვიმხელს: ყველა არ დაიძინებს სიკვდილის ძილით, მაგრამ ყველანი შეიცვლებიან თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე. როცა მოკვდავი უკვდავებით შეიმოსება, სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქმება. „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“. პავლე მთელი გულით ამბობს: „მადლობა ღმერთს, რადგან ის გვამარჯვებინებს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ!“ (15:55, 57).
22. თავისი წერილის დასასრულს რა რჩევას აძლევს პავლე კორინთელებს და რისკენ მოუწოდებს მათ?
22 დასასრულს პავლე კორინთელებს ურჩევს, რომ იერუსალიმში მყოფი გაჭირვებული ძმების დასახმარებლად შესაწირავის შეგროვება დაიწყონ. ის ამბობს, რომ მაკედონიის გავლით კვლავ მოინახულებს მათ. შეიძლება მათთან ჩავიდნენ ტიმოთეც და აპოლოსიც. „იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენაში, ვაჟკაცურად იყავით, გაძლიერდით. ყველაფერი სიყვარულით აკეთეთ“, — მოუწოდებს მათ პავლე (16:13, 14). პავლე მოკითხვას უთვლის მათ აზიის კრებებიდან, ბოლოს კი საკუთარი ხელით წერს მოკითხვას.
რატომ არის სასარგებლო
23. ა) ვისი მაგალითი მოჰყავს პავლეს იმის საჩვენებლად, თუ რა ცუდი შედეგები მოაქვს არასწორ სურვილებსა და თავდაჯერებულობას? ბ) რის საფუძველზე აძლევს რჩევას პავლე ქრისტიანებს უფლის გახსენების საღამოსთან და საკვებთან დაკავშირებით?
23 პავლე მოციქულის ეს წერილი გამოირჩევა იმ მხრივ, რომ მისი დახმარებით უკეთ ვწვდებით ებრაული წერილების მნიშვნელობას, რომლებიდანაც მრავალი ციტატაა მოყვანილი. მეათე თავში პავლე აღნიშნავს, რომ ისრაელები, რომელთაც მოსე ხელმძღვანელობდა, სულიერ სასმელს სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც ქრისტეს განასახიერებდა (1 კორ. 10:4; რიცხ. 20:11). შემდეგ ის ეხება სავალალო შედეგებს, რომლებიც მოჰყვა ისრაელთა არასწორ სურვილებს, და დასძენს: „რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“. ნურასდროს ვიქნებით თავდაჯერებულები და ნურასდროს ვიფიქრებთ, რომ ჩვენ არაფერი მოგვივა (1 კორ. 10:11, 12; რიცხ. 14:2; 21:5; 25:9). პავლეს კვლავ მოჰყავს მაგალითი მოსეს კანონიდან. ეს მაგალითი დაკავშირებულია მშვიდობის მსხვერპლთან, რომელსაც ისრაელში სწირავდნენ. პავლე ამის საფუძველზე ამბობს, რომ უფლის გახსენების საღამოზე სიმბოლოები ღირსეულად უნდა იქნეს მიღებული იეჰოვას სუფრიდან. იმ აზრის მხარდასაჭერად, რომ ბაზარში ნაყიდი ნებისმიერი ხორცის ჭამა შეიძლება, მას მოჰყავს ციტატა ფსალმუნის 24:1-დან და ამბობს: „იეჰოვასია დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა“ (1 კორ. 10:18, 21, 26; გამ. 32:6; ლევ. 7:11—15).
24. თავისი მსჯელობის მხარდასაჭერად კიდევ რა ციტატები მოჰყავს პავლეს ებრაული წერილებიდან?
24 პავლე ებრაული წერილების დახმარებით ცდილობს იმის ხაზგასმასაც, რომ „ღმერთმა თავის მოყვარულებს“ არაჩვეულებრივი რამ მოუმზადა და რომ „ბრძენთა აზრები“ ამაოებაა (1 კორ. 2:9; 3:20; ეს. 64:4; ფსალმ. 94:11). შემცოდველის გარიცხვასთან დაკავშირებული მითითებების მიცემისას მე-5 თავში ის ეყრდნობა იეჰოვას კანონს: „ამოძირკვე ბოროტება შენგან“ (კან. 17:7). პავლე კვლავ მიმართავს მოსეს კანონს იმის საჩვენებლად, რომ ჰქონდა ‘სასიხარულო ცნობით ცხოვრების’ უფლება. კანონის თანახმად, მლეწავი ხარისთვის არ უნდა აეკრათ პირი და ტაძარში მომსახურე ლევიანებს სამსხვერპლოდან უნდა მიეღოთ წილი (1 კორ. 9:8—14; კან. 25:4; 18:1).
25. რაზე მახვილდება ყურადღება კორინთელების პირველ წერილში?
25 კორინთელებისთვის მიწერილ პირველ წერილში პავლე ბევრ სასარგებლო რჩევას გვაძლევს. დაფიქრდით რჩევებზე, რომლებიც უკავშირდება განხეთქილებებს და ადამიანთა მიმდევრობას (თავები 1—4). გახსოვდეთ მასში მოხსენიებული უზნეობის შემთხვევა და ის, თუ როგორ გაამახვილა ყურადღება პავლემ კრებაში სიწმინდის შენარჩუნების აუცილებლობაზე (მე-5 და მე-6 თავები). დაფიქრდით დაუქორწინებლობასთან, ქორწინებასთან და განცალკევებით ცხოვრებასთან დაკავშირებულ რჩევებზე (მე-7 თავი). ყურადღება მიაქციეთ, როგორ მსჯელობს პავლე მოციქული კერპთშენაწირის ჭამაზე და იმაზე, რომ არ უნდა დავაბრკოლოთ სხვები და უნდა გავექცეთ კერპთაყვანისმცემლობას (მე-8—10 თავები). შეგონება სათანადო მორჩილებაზე, საუბარი სხვადასხვა სულიერ ძღვენზე, არაჩვეულებრივი მსჯელობა სიყვარულის აღმატებულობაზე — პავლეს არც ეს რჩება უყურადღებოდ. ის აგრეთვე ეხება ქრისტიანული შეხვედრების ორგანიზებულად ჩატარების აუცილებლობას (მე-11—14 თავები). პავლე შესანიშნავად ასაბუთებს მკვდრეთით აღდგომის უტყუარობას (მე-15 თავი). ყოველივე ამას დღეს ქრისტიანებისთვის უდიდესი ღირებულება აქვს.
26. ა) რას გააკეთებს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამეფების შემდეგ? ბ) აღდგომის იმედის საფუძველზე რისკენ მოუწოდებს პავლე ქრისტიანებს?
26 ეს წერილი უფრო მეტ ნათელს ჰფენს ბიბლიის მთავარ თემას, რომელიც ღვთის სამეფოს უკავშირდება. ის გვაფრთხილებს, რომ უმართლოები ვერ შევლენ ღვთის სამეფოში, და ნათქვამია, თუ რა შეიძლება გახდეს ამის მიზეზი (1 კორ. 6:9, 10). გარდა ამისა, მასში ახსნილია, თუ რა კავშირია მკვდრეთით აღდგომასა და ღვთის სამეფოს შორის. ქრისტემ, აღდგენილთაგან „პირველმა ნაყოფმა“, „უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს“. შემდეგ კი, როცა გაიმარჯვებს ყველა მტერზე, მათ შორის სიკვდილზე, „თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს . . . რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“. საბოლოოდ, ედემში წარმოთქმული დაპირებისამებრ, იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგენილ სულიერ ძმებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ გაუჭეჭყავს თავს გველს. მართლაც დიდებული მომავალი ელით მათ, ვინც ქრისტესთან ერთად უხრწნელობას მიიღებს ზეციერ სამეფოში. სწორედ ამ იმედის საფუძველზე მოუწოდებდა პავლე ქრისტიანებს: „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო, იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორ. 15:20—28, 58; დაბ. 3:15; რომ. 16:20).
[სქოლიოები]
a Halley’s Bible Handbook, 1988, ჰ. ჰელი, გვ. 593.
b Dictionary of the Bible, სმითი, 1863, ტ. I, გვ. 353.
c The Interpreter’s Bible, ტ. X, 1953, გვ. 13.
d The Interpreter’s Bible, ტ. IX, 1954, გვ. 356.