ბიბლიის წიგნი 48 — გალატელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: კორინთი ან სირიის ანტიოქია
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 50—52
1. რომელ კრებებს მიმართავს პავლე გალატიაში და როდის და როგორ ჩამოყალიბდა ისინი?
გალატიის კრებებს, რომლებსაც პავლემ მიმართა გალატელების 1:2-ის თანახმად, როგორც ჩანს, ეკუთვნოდა პისიდიის ანტიოქიის, იკონიონის, ლისტრისა და დერბეს კრებები. განსხვავებული ადგილმდებარეობის მიუხედავად ყველა ეს ქალაქი გალატიის რომაულ პროვინციაში შედიოდა. საქმეების მე-13 და მე-14 თავები მოგვითხრობს, რომ პირველი მისიონერული მოგზაურობისას პავლე ბარნაბასთან ერთად ამ ტერიტორიაზეც მსახურობდა, რის შედეგადაც გალატიის კრებები ჩამოყალიბდა. ამ კრებების წევრები იყვნენ როგორც იუდეველები, ისე არაიუდეველები, მაგალითად კელტები ანუ გალები. ეს მოხდა მალევე მას შემდეგ, რაც დაახლოებით ახ. წ. 46 წელს პავლე იერუსალიმს ესტუმრა (საქ. 12:25).
2. ა) რა მოჰყვა პავლეს მეორედ ჩასვლას გალატიაში და რა მოხდა ამის შემდეგ მალევე? ბ) სად გააგრძელა პავლემ მოგზაურობა?
2 ახ. წ. 49 წელს მეორე მისიონერული მოგზაურობის დაწყების შემდეგ პავლე სილასთან ერთად გაემგზავრა გალატიაში. მათი მონახულების შედეგად „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქ. 16:5; 15:40, 41; 16:1, 2). თუმცა ამის შემდეგ მალევე გამოჩნდნენ იუდაიზმის მხარდამჭერი ცრუმასწავლებლები, რომლებიც გალატიის კრებების ზოგიერთ წევრს არწმუნებდნენ, რომ ქრისტიანებისთვის სავალდებულო იყო წინადაცვეთა და მოსეს კანონის დაცვა. ამასობაში პავლე მისიის გავლით მაკედონიასა და საბერძნეთში გადავიდა, საბოლოოდ კი ჩავიდა კორინთში, სადაც ძმებთან 18 თვე დაყო. ახ. წ. 52 წელს ის ეფესოს გავლით უკან დაბრუნდა სირიის ანტიოქიაში, საიდანაც დაიწყო მოგზაურობა, და იმავე წელს ჩავიდა იქ (საქ. 16:8, 11, 12; 17:15; 18:1, 11, 18—22).
3. სად და როდის დაიწერა წერილი გალატელების მიმართ?
3 სად და როდის დაწერა პავლემ წერილი გალატელების მიმართ? პავლემ ის მალევე დაწერა მას შემდეგ, რაც გაიგო იუდაიზმის მხარდამჭერთა გავლენის შესახებ. ეს წერილი მან შესაძლოა დაწერა ეფესოში, სირიის ანტიოქიაში ან სულაც კორინთში, სადაც ახ. წ. 50—52 წლებში ის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ეს საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ გალატიის ამბები მის ყურამდე მისულიყო. ეფესო ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მან იქ მხოლოდ გზად გაიარა. სირიის ანტიოქიაში კი პავლემ „რამდენიმე ხანი დაყო“. სავარაუდოდ, ეს იყო ახ. წ. 52 წლის ზაფხულში და რამდენადაც სირიის ანტიოქიასა და მცირე აზიას შორის კარგი მიმოსვლა იყო, შესაძლოა პავლემ სწორედ აქ შეიტყო იუდაიზმის მხარდამჭერთა შესახებ და ამ ქალაქიდან ამავე პერიოდში მისწერა გალატელებს (საქ. 18:23).
4. რას ვიგებთ „გალატელებიდან“ პავლეს შესახებ?
4 პავლეს ამ წერილში ეწოდება „მოციქული არც ადამიანთაგან და არც ადამიანის მიერ დანიშნული, არამედ იესო ქრისტესა და ღვთის, მამის მიერ“. ამ წერილიდან ბევრ რამეს ვიგებთ პავლეს ცხოვრებისა და მოციქულობის შესახებ. „გალატელებიდან“ ვხედავთ, რომ პავლე თანამშრომლობდა იერუსალიმში მყოფ მოციქულებთან და მან თავისი უფლებამოსილება გამოიყენა პეტრე მოციქულისთვის თვალსაზრისის შესასწორებლად (გალ. 1:1, 13—24; 2:1—14).
5. რა ადასტურებს „გალატელების“ კანონიკურობას?
5 რა ადასტურებს „გალატელების“ კანონიკურობას? ეს წერილი მოხსენიებული აქვთ ირინეოსს, კლემენტ ალექსანდრიელს, ტერტულიანესა და ორიგენეს. ის გვხვდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ბიბლიურ ხელნაწერებში, როგორებიცაა სინური, ალექსანდრიის, ვატიკანის (№1209), ეფრემისა და კლერმონტის კოდექსები, აგრეთვე ჩესტერ ბიტის პაპირუსი №2 (P46). გარდა ამისა, ის შეესაბამება როგორც ბერძნული წერილების სხვა წიგნებს, ისე ებრაულ წერილებს, საიდანაც არაერთი ციტატაა მოყვანილი.
6. ა) რომელ ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას პავლე „გალატელებში“? ბ) რით იყო განსაკუთრებული ეს წერილი და რა არის მასში ხაზგასმული?
6 „გალატიის კრებებისთვის“ მიწერილ შთამბეჭდავ წერილში პავლე ამტკიცებს, რომ 1) ის ნამდვილად მოციქულია (რასაც ეჭვქვეშ აყენებდნენ იუდაიზმის მხარდამჭერები) და 2) მართლად აღიარების საფუძველი ქრისტე იესოსადმი რწმენაა და არა კანონით დადგენილი საქმეები; აქედან გამომდინარე, წინადაცვეთა არ მოეთხოვებათ ქრისტიანებს. ჩვეულებრივ, პავლე სხვებს აწერინებდა თავის წერილებს, მაგრამ ამჯერად მან „საკუთარი ხელით“ მისწერა გალატელებს (6:11). ამ წერილს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც პავლესთვის, ისე გალატელებისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა აფასებდნენ თავისუფლებას, რომელიც მათ იესო ქრისტემ მოუტანა.
შინაარსი
7, 8. ა) რას ამბობს პავლე სასიხარულო ცნობაზე? ბ) როგორ დამტკიცდა, რომ პავლე წინადაუცვეთელთა მოციქული იყო და რისთვის უსაყვედურა მან კეფას?
7 პავლე იცავს თავის მოციქულობას (1:1—2:14). მისალმების შემდეგ პავლე გაოცებას გამოხატავს იმის გამო, რომ გალატელები ასე სწრაფად გადავიდნენ სხვა სასიხარულო ცნობაზე. ის მტკიცედ ამბობს: „თუნდაც ჩვენ ან ზეციერმა ანგელოზმა გაუწყოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გაუწყეთ, დაწყევლილი იყო“. სასიხარულო ცნობა, რომელიც პავლემ მათ ახარა, არც ადამიანისგან მიუღია და არც უსწავლია; ის ‘იესო ქრისტემ გამოუცხადა’. პავლე თავიდან იუდაიზმის თავგამოდებული დამცველი და ღვთის კრების მდევნელი იყო. მაგრამ მოგვიანებით ღმერთმა თავისი წყალობით მოუწოდა მას, რათა იესოს შესახებ სასიხარულო ცნობა ეუწყებინა უცხოტომელებისთვის. მოქცევიდან სამი წლის შემდეგ პავლე იერუსალიმში ავიდა, სადაც მოციქულთაგან მხოლოდ პეტრე და უფლის ძმა, იაკობი, ნახა. იუდეის კრებებში მას პირადად არ იცნობდნენ. მათ მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ პავლეს გაქრისტიანების ამბავი და „ადიდებდნენ ღმერთს [მის] გამო“ (1:8, 12, 24).
8 თოთხმეტი წლის შემდეგ პავლე მეორედ ავიდა იერუსალიმში და ზოგიერთს პირადად ‘მოახსენა’ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებდა. მასთან მყოფ ტიტეს, თუმცა ბერძენი იყო, არ აიძულეს წინადაცვეთა. როდესაც იაკობმა, კეფამ და იოანემ დაინახეს, რომ პავლეს მინდობილი ჰქონდა სასიხარულო ცნობა წინადაუცვეთელებისთვის, როგორც პეტრეს წინადაცვეთილებისთვის, პავლესა და ბარნაბას თანამშრომლობის ნიშნად მარჯვენა გაუწოდეს, რათა ისინი უცხოტომელებთან წასულიყვნენ, თვითონ კი — წინადაცვეთილებთან. ანტიოქიაში ჩასული კეფა წინადაცვეთილების შიშით ‘სწორად არ მიჰყვებოდა სასიხარულო ცნობას’. პავლემ მას ყველას თანდასწრებით უსაყვედურა (2:14).
9. რის საფუძველზე ხდება ქრისტიანის მართლად აღიარება?
9 მართლად აღიარება რწმენით და არა კანონით (2:15—3:29). პავლე ამბობს: „[ჩვენ, იუდეველებმა] ვიცით, რომ ადამიანი კანონით დადგენილი საქმეებით კი არ არის აღიარებული მართლად, არამედ მხოლოდ ქრისტე იესოსადმი რწმენით“. ახლა პავლე რწმენით ასრულებს ღვთის ნებას და ქრისტე ცოცხლობს მასში. „თუ სიმართლე კანონის მეშვეობით არის, მაშინ ქრისტე ტყუილუბრალოდ მომკვდარა“ (2:16, 21).
10. რა არის საჭირო ღვთის კურთხევების მისაღებად და რა დანიშნულება ჰქონდა კანონს?
10 გალატელებმა რწმენით მიიღეს სული. ნუთუ ისინი უგუნურები არიან და ჰგონიათ, რომ ღმერთს კანონით დადგენილი საქმეებით ემსახურებიან? რწმენით მოსმენაა მნიშვნელოვანი, ისევე როგორც აბრაამის შემთხვევაში იყო, რომელმაც „ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“. ღვთის აღთქმისამებრ, „ვინც რწმენას არის ჩაჭიდებული, კურთხეულია ერთგული აბრაამის მსგავსად“. ქრისტეს სიკვდილმა ისინი გაათავისუფლა კანონის წყევლისგან. ქრისტე აბრაამის შთამომავალია და 430 წლის შემდეგ მიღებული კანონი არ აუქმებს ამ შთამომავალთან დაკავშირებით წარმოთქმულ დაპირებას. მაშ, რა დანიშნულება ჰქონდა კანონს? „კანონი გახდა ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი, რათა რწმენით ვყოფილიყავით აღიარებული მართლებად“. დღეს ჩვენ აღარ ვართ ამ აღმზრდელზე დამოკიდებულნი; არ არსებობს განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რადგან ყველა ერთია ქრისტე იესოსთან ერთობაში და „ნამდვილად აბრაამის შთამომავლები [არიან], დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (3:6, 9, 24, 29).
11. ა) რომელ თავისუფლებას არ აფასებენ გალატელები? ბ) რა მაგალითი მოჰყავს პავლეს ქრისტიანულ თავისუფლებაზე საუბრისას?
11 მყარად დგომა ქრისტიანულ თავისუფლებაში (4:1—6:18) ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა, რათა გაეთავისუფლებინა კანონს დაქვემდებარებულნი და მათ ‘შვილება მიეღოთ’ (4:5). მაშ, რატომ უნდა დაუბრუნდნენ ისინი სუსტ და უბადრუკ პრინციპებს და დაემონონ მათ? ვინაიდან გალატელები იცავენ დღეებს, თვეებს, დროებსა და წლებს, პავლე შიშობს, ტყუილუბრალოდ ხომ არ იშრომა მათთვის. როცა პავლე პირველად ეწვია გალატელებს, ის ღვთის ანგელოზივით მიიღეს. ნუთუ ახლა პავლე მათი მტერი გახდა, ჭეშმარიტებას რომ ეუბნება? ვისაც სურს კანონს ექვემდებარებოდეს, უნდა მოუსმინოს კანონს: აბრაამს ორი ვაჟი შეეძინა ორი ქალისგან. აგარი მოახლე იყო და განასახიერებს ხორციელ ისრაელს, რომელიც მოსეს კანონის შეთანხმებით შეკრული იყო იეჰოვასთან. ეს შეთანხმება „მონობისთვის აჩენს ბავშვებს“. სარა, თავისუფალი ქალი, განასახიერებს ზედა იერუსალიმს, რომელზეც პავლე ამბობს: „თავისუფალია, ის დედაჩვენია“. პავლე აგრძელებს: „რას ამბობს წმინდა წერილი? . . მოახლის ვაჟი ვერ იქნება მემკვიდრე თავისუფალი ქალის ვაჟთან ერთად“. ჩვენ მოახლისა კი არა, „თავისუფალი ქალის შვილები ვართ“ (4:26, 30, 31).
12. ა) რით უნდა იარონ გალატელებმა? ბ) რასთან აპირისპირებს პავლე ხორცის საქმეებს?
12 წინადაცვეთა და წინადაუცვეთელობა არაფერს ნიშნავს. მნიშვნელოვანია რწმენა, რომელიც სიყვარულით ვლინდება. მთელი კანონი ერთ მცნებაში გამოიხატება: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. იარეთ სულით, რადგან „თუ სული მიგიძღვით, კანონს არ ექვემდებარებით“. ხორცის საქმეებთან დაკავშირებით პავლე გალატელებს აფრთხილებს, რომ „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“. ამის საპირისპიროდ პავლე აღწერს სულის ნაყოფს, რომლის წინააღმდეგაც არანაირი კანონი არ არსებობს და დასძენს: „თუ სულით ვცოცხლობთ, შესაბამისად სულითვე ვიაროთ“. ის გმობს პატივმოყვარეობასა და შურს (5:14, 18, 21, 25).
13. როგორ სრულდება ქრისტეს კანონი და რა არის უფრო მნიშვნელოვანი?
13 თუ ვინმე შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, სულიერად გამოცდილები ‘რბილად უნდა მიუდგნენ’ მას. ქრისტიანები ატარებენ ერთმანეთის ტვირთს და ამით ასრულებენ ქრისტეს კანონს. თუმცა თითოეულმა თავისი სატარებელი უნდა ატაროს, რათა თავისი საქმე გამოსცადოს. კაცი იმას მოიმკის, რასაც დათესავს — ხრწნას ხორცისგან ან მარადიულ სიცოცხლეს სულისგან. მათ, ვინც გალატელებს წინადაცვეთას აიძულებს, სურთ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა და დევნის თავიდან აცილება. უფრო მნიშვნელოვანი ახალი ქმნილებაა და არა წინადაცვეთა ან წინადაუცვეთელობა. მშვიდობა და გულმოწყალება მათ, ვინც ამ წესის შესაბამისად ივლის, დიახ, „ღვთის ისრაელს“ (6:1, 16).
რატომ არის სასარგებლო
14. რა მაგალითი მისცა პავლემ ზედამხედველებს?
14 „გალატელებიდან“ ჩანს, რომ პავლე სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც უცხოტომელთა მოციქული გახდა, თავს არ ზოგავდა ძმებისთვის (1:13—16, 23; 5:7—12). ის საკუთარი მაგალითით აჩვენებდა, რომ ზედამხედველი მალევე უნდა აგვარებდეს პრობლემებს და უნდა აბათილებდეს არასწორ შეხედულებებს ლოგიკური მსჯელობითა თუ წმინდა წერილებით (1:6—9; 3:1—6).
15. რა მხრივ იყო ეს წერილი სასარგებლო გალატიის კრებებისთვის და რა პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანები დღეს?
15 გალატელებს ამ წერილმა უკეთ დაანახვა, თუ რა თავისუფლება ჰქონდათ მათ, როგორც ქრისტიანებს, და რამდენად ცდებოდნენ ისინი, ვისაც სასიხარულო ცნობის დამახინჯება სურდა. პავლემ ნათელი მოჰფინა იმას, რომ მართლად აღიარებისთვის მათ რწმენა მოეთხოვებოდათ და, ამიტომ, გადასარჩენად მეტად აღარ იყო საჭირო წინადაცვეთა (2:16; 3:8; 5:6). ასეთი სახით ამ წერილმა ხელი შეუწყო კრებებში იუდეველებისა და უცხოტომელების ერთობას. ქრისტიანები კანონისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს თავისუფლება მათ ხორცის საამებლად არ უნდა გამოეყენებინათ, რადგან ძალაში რჩებოდა პრინციპი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდნენ ქრისტიანები დღესაც (5:14).
16. როგორ უხსნის პავლე ებრაულ წერილებს გალატელებს?
16 ებრაული წერილებიდან მოყვანილი ეფექტური მაგალითების მეშვეობით პავლეს წერილი გალატელებს სხვადასხვა საკითხის უკეთ გაგებაშიც დაეხმარა. „გალატელებში“ ღვთისგან შთაგონებით არის ახსნილი ესაიას 54:1—6 და ნათქვამია, რომ მასში მოხსენიებული ქალი „ზედა იერუსალიმია“. ამ წერილმა ნათელი მოჰფინა აგარისა და სარას ისტორიის სიმბოლურ მნიშვნელობას და იმას, რომ ღვთის მიერ აღთქმული მემკვიდრეები ქრისტეს მეშვეობით გათავისუფლებული ადამიანები იყვნენ და არა კანონის ტყვეობაში დარჩენილები (გალ. 4:21—26; დაბ. 16:1—4, 15; 21:1—3, 8—13). მასში ისიც არის ახსნილი, რომ კანონით დადებული შეთანხმებით არ გაუქმებულა აბრაამთან დადებული შეთანხმება. აგრეთვე აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებებს 430 წელი აშორებდა. ამ ინფორმაციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს ბიბლიური ქრონოლოგიისთვის (გალ. 3:17, 18, 23, 24). ყოველივე ამან დღემდე იმიტომ მოაღწია, რომ ქრისტიანების რწმენა განმტკიცებულიყო.
17. ა) რაზე მახვილდება „გალატელებში“ ყურადღება? ბ) რა რჩევებია ჩაწერილი „გალატელებში“ სამეფოს მემკვიდრეებისა და მათი თანამსახურებისთვის?
17 რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „გალატელები“ ყურადღებას ამახვილებს სამეფოს „შთამომავლის“ ვინაობაზე, რომელსაც ყველა წინასწარმეტყველი ელოდა. „დაპირებები აბრაამსა და მის შთამომავალს მიეცა . . . რომელიც არის ქრისტე“. ახსნილია ისიც, რომ ვინც ქრისტე იესოსადმი რწმენის მეშვეობით ღვთის ძე ხდება, ამ „შთამომავლობაში“ შედის. „თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (3:16, 29). როგორც სამეფოს მემკვიდრეებმა, ისე მათმა თანამსახურებმა ყურად უნდა იღონ „გალატელებში“ მოცემული შესანიშნავი რჩევები: „ქრისტემ . . . თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა. ამიტომ მყარად იდექით“; „ნუ მოვიშლით კარგის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“; „ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (5:1; 6:9, 10).
18. დასასრულს რისკენ მოუწოდებს პავლე გალატელებს?
18 ეს წერილი სერიოზულად გვაფრთხილებს, რომ ხორცის საქმეები ხელს შეუშლის ადამიანს ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში. ამიტომ მოვერიდოთ უთანხმოებებს, ყოველგვარ სიბილწეს და ყველანაირად ვეცადოთ, რომ გამოვიღოთ სულის ნაყოფი: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (5:19—23).