ბიბლიის წიგნი 50 — ფილიპელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 60—61
1. ა) როგორ გაიგეს ფილიპელებმა სასიხარულო ცნობა? ბ) რა ვიცით ქალაქ ფილიპეს შესახებ?
პავლემ ხილვაში მიიღო მითითება, რომ მაკედონიაში წასულიყო სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ის და მისი თანამსახურები — ლუკა, სილა და ახალგაზრდა ტიმოთე — დაუყოვნებლივ დაემორჩილნენ ამ მითითებას. ტროადან (მცირე აზია) ისინი ზღვით ჩავიდნენ ნეაპოლისში, იქიდან კი უღელტეხილით გადავიდნენ 15 კილომეტრით დაშორებულ ფილიპეში. ამ ქალაქს ლუკა „მაკედონიის მთავარ ქალაქს“ უწოდებს (საქ. 16:12). მას ფილიპე ეწოდა მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის (ალექსანდრე მაკედონელის მამა) პატივსაცემად, რომელმაც ქალაქი ძვ. წ. 356 წელს დაიპყრო. მოგვიანებით ის რომაელებმა ჩაიგდეს ხელში. ძვ. წ. 42 წელს აქ მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რამაც ხელი შეუწყო ოქტავიანეს (მოგვიანებით კეისარი ავგუსტუსი) პოზიციების განმტკიცებაში. გამარჯვების აღსანიშნავად მან ფილიპე რომის კოლონიად აქცია.
2. რა შედეგი ჰქონდა პავლეს ქადაგებას ფილიპეში და რა სირთულეები ახლდა პირველი კრების ჩამოყალიბებას?
2 ჩვეულებრივ, ახალ ქალაქში ჩასვლისას პავლე, პირველ რიგში, ებრაელებთან ქადაგებდა. თუმცა დაახლოებით ახ. წ. 50 წელს ფილიპეში პირველად ჩასულმა პავლემ მხოლოდ რამდენიმე ებრაელი ნახა. მათ, როგორც ჩანს, სინაგოგაც კი არ ჰქონდათ, რადგან სალოცავად ქალაქგარეთ, მდინარის პირას იკრიბებოდნენ. პავლეს ქადაგებამ მალევე გამოიღო ნაყოფი. ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც ქრისტიანობა მიიღო, იყო ლიდია, იუდეველი პროზელიტი. მან სიხარულით მიიღო ჭეშმარიტება ქრისტეს შესახებ და პავლესა და მის თანამგზავრებს სთხოვა, მასთან დარჩენილიყვნენ. როგორც ლუკა მოგვითხრობს, ლიდიამ ისინი დაიყოლია. მალე მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ. პავლე და სილა გაჯოხეს და საპყრობილეში ჩაყარეს. მათი იქ ყოფნის დროს დიდი მიწისძვრა მოხდა. პავლემ და სილამ უქადაგეს საპყრობილის ზედამხედველსა და მისი ოჯახის წევრებს და ისინიც მორწმუნეები გახდნენ. მეორე დღეს პავლე და სილა გაათავისუფლეს. ქალაქის დატოვებამდე ისინი ლიდიას სახლში შეკრებილ თანამორწმუნეებთან მივიდნენ და გაამხნევეს. პავლეს არასდროს დაავიწყდებოდა, რა სირთულეები ახლდა ფილიპეში პირველი კრების ჩამოყალიბებას (საქ. 16:9—40).
3. როგორ დაუკავშირდა პავლე ფილიპელთა კრებას მოგვიანებით?
3 რამდენიმე წლის შემდეგ, მესამე მისიონერული მოგზაურობისას პავლე კვლავ ესტუმრა ფილიპეს კრებას. კრების ჩამოყალიბებიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი ფილიპელი ძმების სიყვარულით აღძრულმა პავლემ ღვთის შთაგონებით მათ წერილი მისწერა. ეს წერილი, რომელიც ამ კრების სახელს ატარებს, წმინდა წერილების ნაწილია.
4. რა ამტკიცებს ამ წერილის კანონიკურობას და იმას, რომ ის პავლეს დაწერილია?
4 პირველივე მუხლიდან ვიგებთ, რომ ეს წერილი ფილიპელებს პავლემ მისწერა. ამ აზრს იზიარებენ ბიბლეისტებიც, და არცთუ უსაფუძვლოდ. პოლიკარპე (ახ. წ. 69?—155?) ფილიპელებისთვის მიწერილ წერილში მოიხსენიებს მათდამი მიწერილ პავლეს წერილს. იგნატი ანტიოქიელს, ირინეოსს, ტერტულიანესა და კლემენტ ალექსანდრიელს მოყვანილი აქვთ ციტატები ამ წერილიდან და მას პავლეს მიაწერენ. ეს წერილი ნახსენებია ახ. წ. II საუკუნით დათარიღებულ მურატორის ფრაგმენტში და ყველა სხვა ადრინდელ კანონში. ჩესტერ ბიტის პაპირუსში (№2, P46), რომელიც დაახლოებით ახ. წ. 200 წლით თარიღდება, ის პავლეს სხვა რვა წერილთან ერთად გვხვდება.
5. რა ამტკიცებს იმას, რომ ეს წერილი რომში დაიწერა?
5 საკმაოდ საფუძვლიანად შეიძლება იმის თქმა, თუ სად და როდის დაიწერა „ფილიპელები“. როცა ამ წერილს წერდა, პავლე რომის იმპერატორის გვარდიის ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა და აქტიურად იყო ჩაბმული ქრისტიანულ მსახურებაში. პავლე წერილს ასრულებს მოკითხვებით, რომლებსაც ფილიპელებს უთვლიდა კეისრის სახლეულობა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ წერილი ფილიპელების მიმართ რომიდან გაიგზავნა (ფილ. 1:7, 13, 14; 4:22; საქ. 28:30, 31).
6. როგორ შეიძლება იმის დადგენა, თუ როდის მისწერა პავლემ წერილი ფილიპელებს?
6 როდის დაიწერა ეს წერილი? როგორც ჩანს, უკვე საკმაო ხანი იყო, რაც პავლე რომში იმყოფებოდა. ამაზე მეტყველებს ის, რომ მისი დაპატიმრების ამბავი და მიზეზი უკვე ცნობილი იყო იმპერატორის პრეტორიული გვარდიისთვის, აგრეთვე სხვებისთვის. გარკვეული დრო დასჭირდებოდა იმასაც, რომ ეპაფროდიტეს ფილიპედან (საიდანაც რომამდე დაახლოებით 1 000 კილომეტრი იყო) ძღვენი ჩაეტანა პავლესთვის; რომ ეპაფროდიტეს ავადმყოფობის ამბავი რომიდან ფილიპელებს შეეტყოთ; და რომ ამაზე მათი რეაქციის ამბავს კვლავ რომამდე ჩაეღწია (ფილ. 2:25—30; 4:18). პავლე პირველად რომში ახ. წ. 59—61 წლებში იყო დაპატიმრებული. აქედან გამომდინარე, მას ეს წერილი რომში ჩასვლიდან ერთ-ორ წელიწადში, ახ. წ. 60 ან 61 წელს უნდა დაეწერა.
7. ა) როგორი ურთიერთობა ჰქონდათ პავლესა და ფილიპელ ქრისტიანებს და რამ აღძრა პავლე, მათთვის წერილი მიეწერა? ბ) როგორი წერილი მისწერა მათ პავლემ?
7 პავლემ გამოსცადა „მშობიარობის ტკივილები“, რაც თან ახლდა ფილიპელი „შვილების“ სულიერ დაბადებას; ფილიპელებს უყვარდათ პავლე და ზრუნავდნენ მის საჭიროებებზე მისიონერული მოგზაურობების დროს; იეჰოვამ თავიდანვე აკურთხა პავლეს მსახურება მაკედონიაში; ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პავლესა და ფილიპელ ქრისტიანებს შორის ძმური სიყვარულის განმტკიცებას. პავლემ მათგან ძღვენი მიიღო და შეიტყო, რომ ისინი წუხდნენ ეპაფროდიტეს გამო. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ ვრცელდებოდა სასიხარულო ცნობა რომში. ამიტომ პავლემ გადაწყვიტა, თბილი და გამამხნევებელი წერილი მიეწერა ფილიპელებისთვის.
შინაარსი
8. ა) როგორ აჩვენებს პავლე, რომ სჯერა ფილიპელების და როგორ გამოხატავს მათდამი სიყვარულს? ბ) რას ამბობს პავლე თავის ბორკილებზე და რას ურჩევს ფილიპელ ქრისტიანებს?
8 სასიხარულო ცნობის დაცვა და კანონით განმტკიცება (1:1—30). პავლე და ტიმოთე მოკითხვებს უთვლიან ფილიპელებს. პავლე მადლობას სწირავს ღმერთს იმისთვის, რაც ფილიპელებმა სასიხარულო ცნობისთვის გააკეთეს „პირველი დღიდან აქამდე“. ის დარწმუნებულია, რომ ფილიპელები დაასრულებენ თავიანთ კარგ საქმეს, რადგან მისი მოზიარენი არიან წყალობაში, მათ შორის „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“. პავლეს ენატრება ფილიპელები, რადგან სათუთი გრძნობები აქვს მათ მიმართ. ის ამბობს: „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს . . . რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (1:5, 7, 9, 10). პავლე ატყობინებს მათ, რომ რაც თავს გადახდა, „სასიხარულო ცნობის წინსვლას მოემსახურა“. მისი ბორკილები ყველასთვის ცნობილი გახდა, რის შედეგადაც ძმებმა უშიშრად დაიწყეს ღვთის სიტყვის შესახებ ლაპარაკი. პავლესთვის სიკვდილი მონაგები იქნება, მაგრამ იცის, რომ ძმების წარმატებისა და სიხარულისთვის ჯობია ცოცხალი დარჩეს. ის ურჩევს მათ, მოიქცნენ სასიხარულო ცნობის ღირსად, რათა, რომც არ მივიდეს მათთან, გაიგოს, რომ ისინი ერთსულოვნად იბრძვიან და ‘არაფერში უშინდებიან მოწინააღმდეგეებს’ (1:12, 28).
9. რა უნდა გაეკეთებინათ ფილიპელებს იმისათვის, რომ ისეთივე აზროვნება ჰქონოდათ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა?
9 ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (2:1—30). პავლე ფილიპელებს თავმდაბლობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ‘მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი არ იზრუნონ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც’. მათ ისეთივე აზროვნება უნდა ჰქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა. თუმცა ისე არსებობდა, როგორც ღმერთი, მან ყველაფერზე უარი თქვა, ადამიანის მსგავსი გახდა, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე. ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი. პავლე ფილიპელებს ეუბნება: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“; „ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ“ და ‘მაგრად ჩაეჭიდეთ სიცოცხლის სიტყვას’ (2:4, 12, 14, 16). პავლეს იმედი აქვს, რომ მათთან ტიმოთეს გაგზავნის და თავადაც მალე ინახულებს. ამჯერად კი გზავნის გამოჯანმრთელებულ ეპაფროდიტეს, რათა მისი ნახვით კვლავ გაიხარონ.
10. როგორ ისწრაფოდა პავლე მიზნისკენ და რას ურჩევდა სხვებს?
10 მიზნისკენ სწრაფვა (3:1—4:23). „ჩვენ ვართ ჭეშმარიტად წინადაცვეთილნი“, — ამბობს პავლე. ამიტომ ‘უფრთხილდით ძაღლებს, სხეულის დამსახიჩრებლებს’. თუ ვინმეს აქვს ხორცზე დაიმედების საფუძველი, პავლეს უფრო მეტად აქვს. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ პავლე წინადაცვეთილი ებრაელი და ფარისეველი იყო. მიუხედავად ამისა, იგი ყველაფერს წაგებად მიიჩნევს, მისი „უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის“. სიმართლის საფუძველზე, რომელიც ქრისტესადმი რწმენას მოაქვს, პავლე იმედოვნებს, რომ მათ შორის აღმოჩნდება, „ვინც პირველები აღდგებიან მკვდრეთით“ (3:2, 3, 8, 11). ამიტომ პავლე ამბობს: „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის, ვისწრაფვი მიზნისკენ, ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოს მეშვეობით“. ყველა მოწიფული ადამიანი ასე უნდა აზროვნებდეს. არიან ისეთებიც, რომელთა ღმერთიც მუცელია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ, მათი ბოლო დაღუპვაა, „ჩვენი მოქალაქეობა კი ზეცაშია“ (3:13, 14, 20).
11. ა) რაზე უნდა იფიქრონ და რა უნდა აკეთონ ფილიპელებმა? ბ) რისთვის უხდის პავლე მადლობას ფილიპელებს?
11 პავლე მოგვიწოდებს: „იხარეთ უფალში . . . ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება . . . რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ. აკეთეთ ის, რაც ჩემგან გისწავლიათ, მიგიღიათ, მოგისმენიათ და გინახავთ ჩემში, და მშვიდობის ღმერთი თქვენთან იქნება“ (4:4—9). პავლეს ახარებს ის, რომ ფილიპელებმა კვლავ დაიწყეს მასზე ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ძალა შესწევს თავისი „გამაძლიერებლის დახმარებით“. ის გულთბილ მადლობას უხდის მათ დახმარებისა და გულუხვობისთვის. ღმერთი სრულად დააკმაყოფილებს ფილიპელთა „საჭიროებას თავისი დიდებული სიმდიდრისამებრ ქრისტე იესოს მეშვეობით“ (4:13, 19). ის მოკითხვას უთვლის მათ ყველა წმინდისგან, განსაკუთრებით კეისრის სახლეულობისგან.
რატომ არის სასარგებლო
12. როგორ შეგვიძლია ფილიპელი ქრისტიანების მსგავსად მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობა და სიხარული მივანიჭოთ ჩვენს ძმებს?
12 „ფილიპელებში“ ბევრი სასარგებლო რამ არის ჩაწერილი. ჩვენც გვსურს იეჰოვას კეთილგანწყობა და ისეთივე საქებარი სიტყვების მოსმენა ქრისტიანი ზედამხედველებისგან, როგორიც ფილიპელებმა დაიმსახურეს პავლესგან. ეს ასე იქნება, თუ მივბაძავთ ფილიპელ ქრისტიანებს და გავითვალისწინებთ პავლეს რჩევებს. ფილიპელების მსგავსად, ჩვენც გულუხვები უნდა ვიყოთ, უნდა ვეხმარებოდეთ ძმებს გაჭირვების დროს და ვმონაწილეობდეთ „სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“ (1:3—7). ჩვენ უნდა ‘ვიდგეთ ერთ სულში, ერთსულოვნად ვიბრძოდეთ მხარდამხარ სასიხარულო ცნობის რწმენისთვის’ და ‘მნათობებივით ვანათებდეთ ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში’. თუ ასე ვიქცევით და ვფიქრობთ იმაზე, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, სიხარულს მივანიჭებთ ჩვენს ძმებს, ისევე როგორც ფილიპელები იყვნენ პავლეს „სიხარული და გვირგვინი“ (1:27; 2:15; 4:1, 8).
13. რაში უნდა მივბაძოთ პავლეს?
13 „ყველამ მომბაძეთ“, — თქვა პავლემ. რაში უნდა მივბაძოთ მას? მაგალითად იმაში, რომ ნებისმიერ ვითარებაში კმაყოფილი ვიყოთ იმით, რაც გვაქვს. ცოტა ჰქონდა თუ ბევრი, პავლე უდრტვინველად ერგებოდა სიტუაციას, რათა გულმოდგინედ და სიხარულით გაეგრძელებინა ღვთის მსახურება. პავლეს უნდა მივბაძოთ ერთგული ძმებისადმი სათუთი გრძნობების გამოვლენაშიც. პავლე ძალიან თბილად მოიხსენიებს ტიმოთესა და ეპაფროდიტეს. მას ძალიან უყვარდა ფილიპელები და მათ ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჩემო საყვარელო და სანატრელო ძმებო, ჩემო სიხარულო და გვირგვინო“ (3:17; 4:1, 11, 12; 2:19—30).
14. რისკენ მოუწოდებს „ფილიპელები“ ქრისტიანებს და უპირველესად ვის ეხება ეს წერილი?
14 პავლეს შეგვიძლია ‘მიზნისკენ სწრაფვითაც’ მივბაძოთ. ვინც იმაზე ფიქრობს, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, დაინტერესებული იქნება ზეცაში თუ დედამიწაზე იეჰოვას განზრახვის განხორციელებით, რათა „ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“. ყველას, ვინც ღვთის სამეფოს მმართველობისას მარადიულ სიცოცხლეს ელის, „ფილიპელებში“ მოცემული შესანიშნავი რჩევები ამ მიზნისკენ სწრაფვის სტიმულს აძლევს. თუმცა ეს წერილი უპირველესად ეხება მათ, ‘ვისი მოქალაქეობაც ზეცაშია’ და ვინც ელის ქრისტეს „დიდებული სხეულის შესაბამისად გარდაქმნას“. პავლე მოციქულის მსგავსად, ისინი ‘ივიწყებენ იმას, რაც უკან დარჩა’ და ისწრაფვიან „მიზნისკენ . . . ზეციური მოწოდების ჯილდოსკენ“, ზეციერ სამეფოში დიდებული მემკვიდრეობისკენ! (4:8; 2:10, 11; 3:13, 14, 20, 21).