ბიბლიის წიგნი 51 — კოლოსელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 60—61
1. სად მდებარეობდა ქალაქი კოლოსე?
მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვეს ეფესო, ორი მამაკაცი აღმოსავლეთისკენ გაუყვა მდინარე მეანდროსს (მენდერესს). როცა ფრიგიაში მეანდროსისა და ლიკოსის შესართავამდე მივიდნენ, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ აიღეს გეზი და მთებს შორის მოქცეულ ხეობას აუყვნენ. მათ თვალწინ შესანიშნავი ხედი გადაიშალა — ამწვანებული საძოვრები ცხვრის ფარებით მოფენილიყო (ამ ტერიტორიაზე შემოსავლის ძირითადი წყარო შალის ნაწარმით ვაჭრობა იყო)a. მარჯვნივ გზად ჩამოიტოვეს მდიდარი ქალაქი ლაოდიკეა, რომის იმპერიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ცენტრი. მარცხნივ, მდინარის გადაღმა მოჩანდა ტაძრებითა და თერმული წყლებით განთქმული ჰიერაპოლისი. ორივე ქალაქში იყო ქრისტიანული კრება. კრება არსებობდა პატარა ქალაქ კოლოსეშიც, რომელიც აქედან დაახლოებით 16 კილომეტრში იყო ხეობის აყოლებაზე.
2. ა) ვინ იყო ის ორი მამაკაცი, რომლებიც პავლემ კოლოსეში გაგზავნა? ბ) რა არის ცნობილი კოლოსეს კრების შესახებ?
2 ეს ორი მამაკაცი კოლოსეში მიემგზავრებოდა. ორივენი ქრისტიანები იყვნენ. მათგან ერთ-ერთი, ორივე თუ არა, კარგად იცნობდა იმ მხარეს, რადგან კოლოსელი იყო. ეს მამაკაცი, ონისიმე, უბრუნდებოდა თავის ბატონს, ქრისტიანული კრების წევრს. ონისიმეს თან ახლდა ტიქიკე. მათი ხელით პავლემ წერილი გაუგზავნა „ქრისტესთან ერთობაში მყოფ . . . ერთგულ ძმებს კოლოსეში“. რამდენადაც ცნობილია, თვითონ პავლე არასდროს ყოფილა კოლოსეში. ძირითადად არაებრაელებისგან შემდგარი კრება, როგორც ჩანს, ეპაფრამ ჩამოაყალიბა. ამჯერად ის პავლესთან ერთად იმყოფებოდა რომში (კოლ. 1:2, 7; 4:12).
3. რას ვიგებთ კოლოსელებისთვის მიწერილი წერილიდან მისი დამწერის, დაწერის ადგილისა და დროის შესახებ?
3 როგორც შესავალ და დასკვნით სიტყვებშია აღნიშნული, ეს წერილი პავლე მოციქულს ეკუთვნის (1:1; 4:18). დასკვნითი სიტყვებიდან იმასაც ვიგებთ, რომ პავლემ ეს წერილი პატიმრობაში ყოფნის დროს დაწერა. როგორც ჩანს, მან ის სხვა გამამხნევებელ წერილებთან ერთად დაწერა რომში პირველი პატიმრობისას, ახ. წ. 59—61 წლებში. ეს წერილი მან კოლოსეში ფილიმონისთვის განკუთვნილ წერილთან ერთად გაგზავნა (კოლ. 4:7—9; ფლმ. 10, 23). სავარაუდოდ, „კოლოსელები“ იმავე პერიოდში უნდა იყოს დაწერილი, როცა პავლემ „ეფესოელები“ დაწერა, რადგან ამ ორ წერილში მსგავსი აზრები და ფრაზები გვხვდება.
4. რა ადასტურებს „კოლოსელების“ კანონიკურობას?
4 არ არსებობს საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვი შევიტანოთ „კოლოსელების“ კანონიკურობაში. დაახლოებით ახ. წ. 200 წლით დათარიღებულ ჩესტერ ბიტის პაპირუსში (№2, P46) ის პავლეს სხვა წერილებთან ერთად გვხვდება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პირველი ქრისტიანები „კოლოსელებს“ პავლეს წერილად მიიჩნევდნენ. მის სასარგებლოდ მოწმობენ ადრინდელი ქრისტიანი მწერლები, რომლებიც პავლეს სხვა წერილების კანონიკურობას ადასტურებენ.
5. ა) რამ უბიძგა პავლეს ამ წერილის დაწერისკენ? ბ) რაზე მახვილდება წერილში ყურადღება?
5 რამ უბიძგა პავლეს ამ წერილის დაწერისკენ? ერთი მიზეზი ის იყო, რომ ონისიმე კოლოსეში აპირებდა დაბრუნებას. ეპაფრა ახალი ჩასული იყო პავლესთან. ასე რომ, კოლოსეს კრების ამბების გაგების შემდეგ პავლეს დამატებითი მიზეზებიც ექნებოდა წერილის დასაწერად (კოლ. 1:7, 8; 4:12). იქაური კრება გარკვეული საფრთხის წინაშე იდგა. არსებული რელიგიების ადგილს ნელ-ნელა ახალი რელიგიები იკავებდა და ძველი და ახალი მოძღვრებები ერთმანეთს ერწყმოდა. წარმართულ-ფილოსოფიურ შეხედულებებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ასკეტიზმთან, სპირიტიზმთან, კერპთაყვანისმცემლობასა და ცრურწმენასთან, შეიძლება გავლენა მოეხდინა კრების ზოგიერთ წევრზე. არანაკლებ საშიშროებას წარმოადგენდა იუდეველთა ჩვეულებები, რომლებიც საკვებისგან თავშეკავებასა და გარკვეული დღეების დაცვას უკავშირდებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, რომ ეპაფრას ჰქონდა მიზეზი რომამდე გრძელი გზის გასავლელად და პავლეს სანახავად. თუმცა მთლიანობაში კრების სულიერი მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. ეს იქიდან ჩანს, რომ ეპაფრამ კოლოსელების სიყვარულისა და სიმტკიცის შესახებ პავლეს კარგი ამბები აუწყა. ამ ამბების გაგების შემდეგ პავლემ წერილი მისწერა კოლოსეს კრებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საფუძვლიან ცოდნასა და წმინდა თაყვანისმცემლობაზე. პავლე შეეხო ქრისტეს აღმატებულობასთან, წარმართულ ფილოსოფიასთან, ანგელოზების თაყვანისცემასა და იუდეველთა ტრადიციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
შინაარსი
6. ა) რას სთხოვდა პავლე ღმერთს კოლოსელებისთვის? ბ) რას ამბობს პავლე იესოზე?
6 ქრისტესადმი რწმენა, ქრისტე კრების თავია (1:1—2:12). პავლე ტიმოთესთან ერთად ესალმება კოლოსელებს და მადლობას უხდის ღმერთს მათი რწმენისა და სიყვარულისთვის. ღვთის წყალობის შესახებ მათ მოისმინეს ეპაფრასგან, რომელიც სასიხარულო ცნობას ქადაგებდა მათთან. მას შემდეგ, რაც კოლოსელების ამბავი შეიტყო, პავლეს ლოცვა არ შეუწყვეტია მათთვის, რათა აღვსილიყვნენ „მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით, ყოველი სიბრძნითა და სულიერი გაგებით, რათა იეჰოვას ღირსად“ ევლოთ, ‘ყველაფერი მოეთმინათ და სულგრძელნი ყოფილიყვნენ სიხარულით’ (1:9—11). მამამ ისინი გადაიყვანა „თავისი საყვარელი ძის სამეფოში“, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია. ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა. ის არის კრების თავი და პირმშო მკვდრებს შორის. ღმერთმა მოისურვა, რომ იესოს მიერ დაღვრილი სისხლით შეერიგებინა თავისთან ყოველივე, მათ შორის ოდესღაც გაუცხოებული კოლოსელები, ოღონდ იმ შემთხვევაში, ‘თუ დარჩებოდნენ რწმენაში’ (1:13, 23).
7. რას და რა მიზნით ქადაგებს პავლე?
7 პავლე ხარობს, რომ თავისი გასაჭირით ქრისტეს გასაჭირს ავსებს კრებისთვის, რომლის მსახურიც გახდა. მათ სასარგებლოდ პავლეს სრულად უნდა ექადაგა ღვთის სიტყვა — ‘წმინდა საიდუმლო, რომლის დიდებული სიმდიდრე ღმერთმა გაუცხადა წმინდებს’. პავლე ამბობს: „ჩვენ ვაუწყებთ მის [ქრისტეს] შესახებ, შევაგონებთ და მთელი სიბრძნით ვასწავლით ყველას, რათა ქრისტესთან ერთობაში სრულყოფილ ადამიანებად წარვადგინოთ ისინი“ (1:26—28).
8. რატომ უწევს ბრძოლა პავლეს თავისი ძმებისთვის?
8 პავლეს ბრძოლა უწევს კოლოსელებისთვის, ლაოდიკეელებისა და სხვებისთვის, რათა ნუგეშცემული იყოს მათი გულები, შერწყმულნი იყვნენ სიყვარულში და „შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა ღვთის წმინდა საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესახებ“. ქრისტეში „საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი“. პავლეს არ სურს, ვინმემ შეაცდინოს ისინი დამაჯერებელი მტკიცებებით. პირიქით, მას სურს, რომ კოლოსელებმა ქრისტესთან ერთობაში იარონ, ‘ფესვგადგმულნი იყვნენ მასში, შენდებოდნენ მასში და მტკიცდებოდნენ რწმენაში’. პავლე მათ ეუბნება: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (2:2, 3, 7, 8).
9. როგორ თაყვანისმცემლობას უნდა ერიდონ კოლოსელები და რატომ არ უნდა დაემორჩილონ კანონს?
9 ხორცის საქმეებისთვის მკვდარნი, მაგრამ ქრისტესთვის გაცოცხლებულნი (2:13—3:17). თუმცა მკვდრები იყვნენ თავიანთი შეცოდებებითა და ხორცის წინადაუცვეთელობით, ღმერთმა გააცოცხლა ისინი ქრისტესთან ერთად და წაშალა დადგენილებების ხელნაწერი საბუთი, რომელიც იუდეველთა წინააღმდეგ იყო. ‘ამიტომ ნუღარავინ გაასამართლებს’ მათ კანონის დაცვის გამო, რადგან ეს ყველაფერი სინამდვილის, ანუ ქრისტეს ჩრდილია. თუ ისინი ქრისტეს მსგავსად ქვეყნიერების პრინციპებისთვის მკვდრები არიან, რატომღა ემორჩილებიან დადგენილებებს — „ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ, ნუ შეეხები“, რომლებიც ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს? თვითნებური თაყვანისმცემლობა, მოჩვენებითი თავმდაბლობა და სხეულის დათრგუნვა სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში (2:16, 21).
10. როგორ უნდა ეძებოს ქრისტიანმა ზეციური და როგორ უნდა შეიმოსოს ახალი პიროვნებით?
10 პავლე მათ ურჩევს: „ეძებეთ ზეციური, სადაც ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის. იფიქრეთ ზეციერზე და არა მიწიერზე“. ამისათვის მათ უნდა გაიხადონ ძველი პიროვნება და შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნიდან გამომდინარე არ ანსხვავებს ბერძენსა და იუდეველს, რადგან „ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი, „როგორც ღვთის რჩეულები“, უნდა შეიმოსონ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით. მოციქული ამბობს: „როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს. გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“. სიტყვით იქნება თუ საქმით, „ყველაფერი უფალ იესოს სახელით აკეთეთ და მადლობდეთ ღმერთს, მამას, მისი მეშვეობით“ (3:1, 2, 11—14, 17).
11. ა) რა რჩევას აძლევს პავლე ქრისტიანებს ურთიერთობებთან დაკავშირებით? ბ) რით ამთავრებს ის ამ წერილს?
11 სხვებთან ურთიერთობა (3:18—4:18). ცოლები უნდა დაემორჩილონ ქმრებს, ქმრებს უნდა უყვარდეთ ცოლები, ბავშვები უნდა დაემორჩილონ მშობლებს და მამებმა არ უნდა გააღიზიანონ შვილები. მონები იეჰოვას შიშით უნდა დაემორჩილონ ბატონებს, ბატონები კი სიმართლით უნდა მოექცნენ მონებს. ქრისტიანებმა დაჟინებით უნდა ილოცონ, ისინი ბრძნულად უნდა მოექცნენ გარეშეებს. პავლესა და მისი თანამსახურების ამბებს კოლოსელებს მოუყვებიან ტიქიკე და ონისიმე. პავლეს თანამსახურები მოკითხვას უთვლიან კოლოსელებს, პავლე ასევე მოკითხვას უთვლის ლაოდიკეელებს და სთხოვს, რომ მისი წერილები ორივე კრებაში წაიკითხონ. პავლე საკუთარი ხელით წერს მოკითხვას და ამბობს: „გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. წყალობა გქონდეთ“ (4:18).
რატომ არის სასარგებლო
12. რა მნიშვნელოვანი აზრები მისწერა პავლემ კოლოსელებს და რა მხრივ იყო ეს კრებისთვის სასარგებლო?
12 რომიდან კოლოსეში ორი ძმის ჩასვლის ამბავი სწრაფად გავრცელდებოდა იქაურ ქრისტიანებში. ისინი, ალბათ, ფილიმონის სახლში შეიკრიბებოდნენ პავლეს წერილის წასაკითხად (ფლმ. 2). წერილში მნიშვნელოვანი აზრები იყო მოცემული ქრისტეს მდგომარეობასთან და საფუძვლიანი ცოდნის საჭიროებასთან დაკავშირებით. პავლე ყურადღებას ამახვილებდა მშვიდობისა და ქრისტეს სიტყვის უპირატესობაზე და აღნიშნავდა, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონოდათ ფილოსოფიურ შეხედულებებსა და იუდეველთა ტრადიციებზე. მისი რჩევები ყველას ეხებოდა კრებაში — ზედამხედველებს, ქმრებს, ცოლებს, მამებს, შვილებს, ბატონებსა და მონებს. ეს რჩევები სასარგებლო იქნებოდა ფილიმონისა და ონისიმესთვის, რადგან მათ კვლავ მოუწევდათ ურთიერთობა როგორც ბატონსა და მონას. ზედამხედველებმა შესანიშნავი მითითებები მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ დაეცვათ სამწყსო არაჯანსაღი სწავლებებისგან. პავლეს სიტყვები უკეთესად დაანახვებდა კოლოსელებს, რომ იეჰოვასთვის სულითა და გულით უნდა ემსახურათ. დღევანდელი კრებებისთვისაც სასარგებლოა გამამხნევებელი რჩევები, რომლებიც პავლემ კოლოსელებს მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ შორს ყოფილიყვნენ ქვეყნიური აზროვნებისა და საქმეებისგან (კოლ. 1:9—11, 17, 18; 2:8; 3:15, 16, 18—25; 4:1).
13. რას ურჩევს პავლე კოლოსელებს მადლიან სიტყვებზე, ლოცვაზე და ქრისტიანებთან ურთიერთობაზე?
13 ქრისტიანებისთვის შესანიშნავი რჩევაა ჩაწერილი კოლოსელების 4:6-ში: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ“. მადლიანი სიტყვები „მადას აღუძრავს“ სიმართლის მოყვარულ ადამიანებს და მათ მარადიულ კეთილდღეობას მოემსახურება. მადლიერებით წარმოთქმული ლოცვები მნიშვნელოვანია იეჰოვასგან კურთხევების მისაღებად. ამიტომ პავლე ამბობს: „დაჟინებით ილოცეთ და ფხიზლად იყავით ლოცვაში მადლიერებით“. ქრისტიანებთან ურთიერთობა სასიამოვნო და გამამხნევებელია. პავლე მოგვიწოდებს: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს . . . იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (4:2; 3:16). კოლოსელების მიმართ მიწერილ წერილში კიდევ ბევრ სასარგებლო და პრაქტიკულ რჩევას შეხვდებით.
14. ა) რა სინამდვილეზე მახვილდება ყურადღება „კოლოსელებში“? ბ) რა არის ნათქვამი მასში სამეფოს იმედთან დაკავშირებით?
14 პავლე ამბობს, რომ მოსეს კანონი „მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტესი“ (2:17). სწორედ ამ სინამდვილეზე მახვილდება ყურადღება „კოლოსელებში“. მასში არაერთხელ არის ნახსენები ქრისტესთან ერთობაში მყოფთათვის ზეცაში შემონახული დიდებული იმედი (1:5, 27; 3:4). ისინი მადლიერნი უნდა იყვნენ, რომ ღმერთმა უკვე დაიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაიყვანა „თავისი საყვარელი ძის სამეფოში“. ისინი ემორჩილებიან „უხილავი ღვთის ანარეკლს, პირმშოს ყველა ქმნილებას შორის“, რომლის მონაწილეობითაც „შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები“. ის სამართლიანი მმართველი იქნება, როგორც ღვთის სამეფოს მეფე. ამიტომ პავლე ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდებს: „თუ თქვენ ქრისტესთან ერთად აღდექით, ეძებეთ ზეციური, სადაც ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის“ (1:12—16; 3:1).
[სქოლიო]
a The New Westminster Dictionary of the Bible, 1970, გვ. 181.