ბიბლიის წიგნი 55 — 2 ტიმოთე
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 65
1. როგორ დევნიდნენ ქრისტიანებს რომში დაახლოებით ახ. წ. 64 წელს და რა იყო ამის მიზეზი?
პავლე კვლავ დაპატიმრებული იყო რომში, თუმცა ამჯერად უფრო რთულ პირობებში უწევდა ყოფნა. დაახლოებით ახ. წ. 65 წელი იყო. 64 წლის ივლისში რომში დიდი ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგადაც ქალაქის 14 უბნიდან 10 სერიოზულად დაზარალდა. რომაელი ისტორიკოსი, ტაციტუსი, გადმოგვცემს, რომ იმპერატორმა ნერონმა „ვერ შეაჩერა ხმები იმის შესახებ, რომ ხანძარი მისი ბრძანებით გაჩნდა. ამ ხმების გასაქარწყლებლად ნერონმა ყველაფერი გადააბრალა ადამიანებს, რომლებსაც ხალხი ქრისტიანებს უწოდებდა. ისინი სძულდათ სისაძაგლეთა გამო და ნერონმა ადვილად გაიმეტა უსასტიკესი ტანჯვისთვის . . . მათგან აბსოლუტურ უმრავლესობას ბრალი დასდეს არა მარტო ქალაქის გადაწვაში, არამედ ადამიანთა სიძულვილში. მათ დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, ბოლოს კი კლავდნენ; ცხოველების ტყავს აცმევდნენ და ძაღლებს აგლეჯინებდნენ, ჯვარს აცვამდნენ და ჩირაღდნებივით ცეცხლს უკიდებდნენ, რომ სიბნელეში გაენათებინათ. ნერონმა თავისი ბაღები სანახაობათა ადგილად აქცია . . . მაგრამ ცოტა ხანში ხალხში სიბრალულმაც გაიღვიძა, რადგან აშკარა იყო, რომ ქრისტიანების წამება და განადგურება არა საზოგადოების ინტერესებს, არამედ ერთი ადამიანის მხეცური ჟინის მოკვლას ემსახურებოდა“a.
2. რა პირობებში დაწერა პავლემ „მეორე ტიმოთე“ და რატომ მოიხსენიებს მადლიერებით ონისიფორეს?
2 როგორც ჩანს, პავლე დევნის ამ ტალღის აგორების პერიოდში იყო მეორედ დაპატიმრებული რომში. ამჯერად ის ვერ გაექცა ბორკილებს. მას გათავისუფლების იმედი აღარ ჰქონდა, რადგან საბოლოო განაჩენს და სიკვდილით დასჯას ელოდა. მნახველები ცოტა ჰყავდა. ნებისმიერს, ვინც ქრისტიანად აღიარებდა თავს, დაპატიმრებისა და წამებით სიკვდილის საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომაც პავლე მადლიერების სიტყვებით მოიხსენიებდა ეფესოში მცხოვრებ ერთ თანამორწმუნეს: „ონისიფორეს შინაურებს კი უფალმა მისცეს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა და ჩემი ბორკილებისა არ შერცხვა. რომში რომ იმყოფებოდა, გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც“ (2 ტიმ. 1:16, 17). სიკვდილის მოლოდინში მყოფი პავლე საკუთარ თავზე ამბობს: „ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებითა და იმ სიცოცხლის დანაპირების თანახმად, რომელიც ქრისტე იესოშია“ (1:1). პავლემ იცოდა, რომ მას ელოდა სიცოცხლე ქრისტესთან ერთად. მას ნაქადაგები ჰქონდა ძველი მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში, იერუსალიმიდან რომამდე. პავლემ, შესაძლოა, ესპანეთამდეც კი მიაღწია (რომ. 15:24, 28). მან ბოლომდე ერთგულად გაირბინა სარბიელი (2 ტიმ. 4:6—8).
3. როდის დაიწერა „მეორე ტიმოთე“ და რა მხრივ არის ის სასარგებლო ნებისმიერ პერიოდში მცხოვრები ქრისტიანებისთვის?
3 პავლემ, როგორც ჩანს, ეს წერილი დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა. სავარაუდოდ, ტიმოთე კვლავ ეფესოში უნდა ყოფილიყო, რადგან პავლე მას ამ ქალაქში დარჩენისკენ მოუწოდებდა (1 ტიმ. 1:3). წერილში პავლემ ორჯერ სთხოვა ტიმოთეს, მარკოზთან ერთად მალევე ჩასულიყო მასთან და თან წაეღო ტროაში დატოვებული მისი მოსასხამი და გრაგნილები (2 ტიმ. 4:9, 11, 13, 21). თუ გავითვალისწინებთ, რა რთულ პერიოდში დაიწერა ეს წერილი, მასში მოცემული რჩევები ძალიან გამამხნევებელი იქნებოდა ტიმოთესთვის. ის გამამხნევებელია ნებისმიერ პერიოდში მცხოვრები ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანისთვისაც.
4. რა ამტკიცებს „მეორე ტიმოთეს“ კანონიკურობას?
4 „მეორე ტიმოთეს“ კანონიკურობაზე იმავეს თქმა შეიძლება, რაც პირველ წერილზე აღინიშნა. მას აღიარებდნენ და ციტირებდნენ ადრინდელი მწერლები, მათ შორის ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე პოლიკარპე.
შინაარსი
5. როგორი რწმენა აქვს ტიმოთეს და რა უნდა გააკეთოს მან?
5 „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“ (1:1—3:17). პავლე ეუბნება ტიმოთეს, რომ ყოველთვის იხსენებს მას ლოცვებში და მის ნახვას ნატრობს. პავლე იხსენებს ტიმოთეს უთვალთმაქცო რწმენას, რომელიც მანამდე ბებიამისსა და დედამისს ჰქონდათ. ტიმოთემ ცეცხლივით უნდა ააგიზგიზოს ღვთის ძღვენი, რომელიც მასშია, ‘რადგან ღმერთმა მისცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების’. ამიტომ არ უნდა შერცხვეს დამოწმების და უნდა მოითმინოს ბოროტება სასიხარულო ცნობის გულისთვის, რადგან ღვთის წყალობა ცხადი გახდა ჩვენი მხსნელის, ქრისტე იესოს გამოცხადებით. ტიმოთე უნდა ჩაეჭიდოს „იმ ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“, პავლესგან რომ მოისმინა და დაიცვას ის დიდებული რამ, რაც მას მიენდო (1:5, 7, 13).
6. რა რჩევას აძლევს პავლე სწავლებასთან დაკავშირებით ტიმოთეს და როგორ შეუძლია მას, იყოს მოსაწონი მუშა და საპატიო ჭურჭელი?
6 ის, რაც პავლესგან მოისმინა, ტიმოთემ უნდა მიანდოს „ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“. ტიმოთე იესო ქრისტეს ღირსეული მეომარი უნდა იყოს. მეომარი არ ეფლობა სავაჭრო საქმეებში. მოასპარეზე გვირგვინის მისაღებად იცავს შეჯიბრების წესებს. გამჭრიახი რომ იყოს, ტიმოთემ გამუდმებით უნდა იფიქროს პავლეს სიტყვებზე. მას უნდა ახსოვდეს და სხვებსაც შეახსენოს, რომ „იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და დავითის შთამომავალი იყო“ და ის, ვინც ითმენს, მიიღებს ხსნას, მარადიულ დიდებას ქრისტესთან ერთად და მეფობას. ტიმოთე ყველანაირად უნდა ეცადოს, ღმერთს თავი წარუდგინოს მოსაწონ მუშად და თავი აარიდოს წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს, რაც განგრენასავით ვრცელდება. დიდ სახლში საპატიო მიზნისთვის განკუთვნილ ჭურჭელს ცალკე ინახავენ არასაპატიო მიზნისთვის განკუთვნილი ჭურჭლისგან. ამიტომ პავლე ურჩევს ტიმოთეს: „გაექეცი ახალგაზრდულ სურვილებს და ესწრაფე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულსა და მშვიდობას მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს“. უფლის მონა ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს სწავლება და რბილად მიდგომა (2:2, 8, 22).
7. რატომ არის წმინდა წერილები განსაკუთრებით სასარგებლო „ბოლო დღეებში“?
7 „ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება“. ისინი, ვისზეც ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს, „გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას“. მაგრამ ტიმოთე ზედმიწევნით ჰბაძავს პავლეს სწავლებასა და ცხოვრების წესში და მისნაირად იტანს დევნებს, რისგანაც ღმერთმა ის დაიხსნა. „ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება“. ტიმოთე კვლავაც უნდა მიჰყვეს იმას, რაც ჩვილობიდანვე უსწავლია და რასაც შეუძლია მისი დაბრძენება გადასარჩენად, რადგან „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“ (3:1, 7, 12, 16).
8. რისკენ მოუწოდებს პავლე ტიმოთეს და რას ამბობს პავლე საკუთარ თავზე?
8 მსახურების ყოველმხრივ შესრულება (4:1—22). პავლე მოუწოდებს ტიმოთეს, რომ იქადაგოს „სიტყვა გადაუდებლად“ (4:2). დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება. ისინი ყურს დაუგდებენ ცრუ მასწავლებლებს, მაგრამ ტიმოთემ უნდა იფხიზლოს, ‘აკეთოს მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულოს თავისი მსახურება’. პავლე გრძნობს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. ამიტომ იგი ამბობს, რომ ღირსეულ ბრძოლაში იბრძოლა, სარბიელი ბოლომდე გაირბინა და რწმენა შეინარჩუნა. ახლა ის ელის ჯილდოს, „სიმართლის გვირგვინს“ (4:5, 8).
9. რაშია დარწმუნებული პავლე?
9 პავლე სთხოვს ტიმოთეს, რომ მალე ინახულოს და თავისი ნივთები წაუღოს. პავლე ყველამ მიატოვა, როცა პირველად იცავდა თავს, მაგრამ უფალი ედგა გვერდში და აძლიერებდა, რათა მისი მეშვეობით ბოლომდე შესრულებულიყო ქადაგების საქმე. ის დარწმუნებულია, რომ უფალი დაიხსნის ყოველი ბოროტებისგან და თავისი ზეციერი სამეფოსთვის გადაარჩენს.
რატომ არის სასარგებლო
10. ა) მთელი წმინდა წერილის რა დადებით მხარეზე მახვილდება განსაკუთრებული ყურადღება „მეორე ტიმოთეში“ და რატომ უნდა გაითვალისწინოს ქრისტიანმა მასში მოცემული რჩევები? ბ) რას უნდა მოერიდონ ქრისტიანები და როგორ? გ) რა პასუხისმგებლობა აკისრიათ ქრისტიანებს?
10 „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“. რისთვის არის სასარგებლო? ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში პავლე გვიხსნის: „სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (3:16, 17). ამგვარად, ამ წერილში ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა სწავლა. დღეს ყველა სიმართლის მოყვარულმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს ამ წერილში მოცემული რჩევები, რათა უკეთესად ასწავლოს სხვებს ღვთის სიტყვა და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ‘ღმერთს თავი წარუდგინოს მოსაწონ მუშად და სწორად გადასცეს ჭეშმარიტების სიტყვა’. როგორც ეფესოში იყო ტიმოთეს დროს, დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც „სულელურ და უაზრო კითხვებზე“ კამათობენ, „გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას“. ისინი უარყოფენ „ჯანსაღ სწავლებას“ და ყურის მაამებელი მასწავლებლების მოსმენას ამჯობინებენ (2:15, 23; 3:7; 4:3, 4). ჩვენც მათ მდგომარეობაში რომ არ აღმოვჩნდეთ, რწმენით და სიყვარულით უნდა ჩავეჭიდოთ „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“. გარდა ამისა, აუცილებელია, „ღვთის კაცის“, ტიმოთეს მსგავსად სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს ‘გამოსადეგი იმისათვის, რომ სხვებს ასწავლოს’ კრებაში თუ კრების გარეთ. ბედნიერია ყველა, ვინც საკუთარ თავზე იღებს ამ პასუხისმგებლობას, რბილად უდგება სხვებს და ქადაგებს სიტყვას „მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით“ (1:13; 2:2, 24, 25; 4:2).
11. რას ურჩევს პავლე ახალგაზრდებს?
11 როგორც პავლემ აღნიშნა, ტიმოთემ „ჩვილობიდანვე“ იცოდა წმინდა წერილები, რაც ლოისისა და ევნიკეს დამსახურება იყო. დღესაც ბიბლიური პრინციპებით ბავშვების აღზრდა მშობლებმა ჩვილობიდანვე უნდა დაიწყონ. რისი გაკეთებაა საჭირო, თუ მოგვიანებით ახალგაზრდა დაკარგავს გულმოდგინებას? პავლე ამბობს, რომ საჭიროა „ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“ მეშვეობით მისი დაბრუნება და უთვალთმაქცო რწმენის შენარჩუნება. მან თქვა, რომ „ბოლო დღეებში“ დადგებოდა მძიმე, ძნელად ასატანი დრო, რომლისთვისაც დამახასიათებელი იქნებოდა უკანონობის ზრდა და ცრუსწავლებების გავრცელება. ამიტომ ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს ‘ყველაფერში უნდა ეფხიზლათ და ყოველმხრივ შეესრულებინათ მსახურება’ (3:15; 1:5—7; 3:1—5; 4:5).
12. ა) როგორ ამახვილებს პავლე ყურადღებას სამეფოს შთამომავალზე და რას ელოდა პავლე? ბ) რა დაეხმარებათ ღვთის მსახურებს, რომ პავლეს მსგავსად იაზროვნონ?
12 ჯილდოს მისაღებად ღირს ბრძოლა (2:3—7). პავლე ყურადღებას ამახვილებს სამეფოს შთამომავალზე: „გახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და დავითის შთამომავალი იყო სასიხარულო ცნობის თანახმად“. პავლე ელოდა ამ შთამომავალთან ერთად განდიდებას. სიკვდილის მოლოდინში ის კმაყოფილებით ამბობს: „ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება, რომლითაც იმ დღეს დამაჯილდოებს უფალი, მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მისი გამოცხადება შეიყვარა“ (2:8; 4:8). ბედნიერია ის, ვისაც მრავალი წელი აქვს გატარებული მსახურებაში და იმავეს თქმა შეუძლია. ეს რომ შევძლოთ, დღესვე ერთგულად უნდა ვემსახუროთ ღმერთს, „შევიყვაროთ“ იესო ქრისტეს გამოცხადება და პავლეს მსგავსად დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ‘უფალი გვიხსნის ყოველი ბოროტებისგან და თავისი ზეციერი სამეფოსთვის გადაგვარჩენს. მას დიდება მარადიულად. ამინ’ (4:18).
[სქოლიო]
a The Complete Works of Tacitus, 1942, რედაქტორი მოზეს ჰადასი, გვ. 380, 381.