ბიბლიის წიგნი 57 — ფილიმონი
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 60—61
1. რა შეიძლება ითქვას ფილიმონისადმი მიწერილ წერილზე?
პავლეს ეს წერილი, რომელშიც განსაკუთრებით იგრძნობა ტაქტიანობა და სიყვარული, საყურადღებოა დღევანდელი ქრისტიანებისთვის. „ფილიმონი“ „უცხოტომელთა მოციქულის“ მიერ დაწერილი ყველაზე პატარა წერილია, მთელ ბიბლიაში კი მოცულობით მასზე მცირე მხოლოდ იოანეს მეორე და მესამე წერილებია. ოფიციალური წერილებისაგან განსხვავებით, რომლებსაც პავლე ამა თუ იმ კრებას ან ზედამხედველს სწერდა, ეს იყო პირადი წერილი. პავლემ ის ერთ პრობლემასთან დაკავშირებით მისწერა ქრისტიან ძმას, ფილიმონს, რომელიც, როგორც ჩანს, შეძლებული იყო და ცხოვრობდა ფრიგიის ქალაქ კოლოსეში, მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში (რომ. 11:13).
2. რა გარემოებამ განაპირობა ამ წერილის დაწერა?
2 ამ წერილის მიზნის დანახვა რთული არაა: რომში პირველი პატიმრობის დროს (ახ. წ. 59—61) პავლე თავისუფლად ქადაგებდა ღვთის სამეფოს შესახებ. მის მსმენელთაგან ერთ-ერთი იყო პავლეს მეგობრისგან, ფილიმონისგან, გაქცეული მონა, ონისიმე. ონისიმე ქრისტიანი გახდა და მისივე თანხმობით პავლემ გადაწყვიტა, ის ფილიმონთან დაებრუნებინა. პავლემ სწორედ ამ პერიოდში მისწერა წერილები ეფესოსა და კოლოსეს კრებებს. ორივე წერილში მან კარგი რჩევები მისცა ქრისტიან მონებსა და ბატონებს იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან (ეფეს. 6:5—9; კოლ. 3:22—4:1). გარდა ამისა, პავლემ ფილიმონსაც მისწერა ონისიმესთან დაკავშირებით. ეს წერილი მან თავისი ხელით დაწერა, რაც მისთვის ჩვეული არ იყო (ფლმ. 19). ამან უფრო მეტი ძალა შემატა მის სათხოვარს.
3. სავარაუდოდ, როდის მისწერა პავლემ წერილი ფილიმონს და ვისი ხელით გაუგზავნა ის?
3 სავარაუდოდ, ეს წერილი დაიწერა ახ. წ. 60-61 წელს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ გარკვეული დრო დასჭირდებოდა მათ გაქრისტიანებას, ვისთან ქადაგების შესაძლებლობაც ჰქონდა პავლეს რომში. გარდა ამისა, როგორც 22-ე მუხლში ვკითხულობთ, პავლე იმედოვნებს, რომ გათავისუფლდება. აქედან გამომდინარე, მას ეს წერილი უნდა დაეწერა დაპატიმრებიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ. როგორც ჩანს, ეს სამი წერილი („ფილიმონი“, „ეფესოელები“ და „კოლოსელები“) პავლემ ტიქიკესა და ონისიმეს გაატანა (ეფეს. 6:21, 22; კოლ. 4:7—9).
4. რა ადასტურებს, რომ ეს წერილი პავლეს დაწერილი და კანონიკურია?
4 პავლე პირველივე მუხლშია მოხსენებული, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს წერილი მისი დაწერილია. ამ წერილის დამწერად პავლეს მიიჩნევდნენ ორიგენე და ტერტულიანეცa. მეორე საუკუნით დათარიღებულ მურატორის ფრაგმენტში „ფილიმონი“ მოხსენიებულია პავლეს წერილებს შორის. ეს კი მის კანონიკურობაზე მეტყველებს.
შინაარსი
5. ა) ვის უთვლის პავლე მოკითხვას წერილის დასაწყისში და რატომ აქებს ფილიმონს? ბ) რას ეუბნება პავლე ფილიმონს ონისიმეზე?
5 ონისიმე უბრუნდება ბატონს როგორც „მონაზე მეტი“ (მუხლ. 1—25). პავლე გულთბილ მოკითხვას უთვლის ფილიმონს, „ჩვენს დას“ აპფიას, „ჩვენს თანამებრძოლ“ არქიპესა და კრებას, რომელიც ფილიმონის სახლში იკრიბება. ის აქებს ფილიმონს (მისი სახელი ნიშნავს „მოყვარულს“) იესო ქრისტესა და ყველა წმინდის მიმართ სიყვარულისა და რწმენისთვის. პავლემ დიდად გაიხარა და ინუგეშა, როცა გაიგო, როგორ ავლენდა ფილიმონი სიყვარულს. პავლე, ხნიერი კაცი და პატიმარი, ახლა სითამამით მიმართავს მას „შვილის“, ონისიმეს გამო, რომელიც ბორკილებში ყოფნისას შეეძინა. ონისიმე (მისი სახელი ნიშნავს „გამოსადეგს“) უწინ უსარგებლო იყო ფილიმონისთვის, მაგრამ ახლა მისთვისაც გამოსადეგია და პავლესთვისაც (მუხლ. 2, 10).
6. რას სთხოვს პავლე ფილიმონს და როგორ?
6 პავლეს სურდა თავისთან დაეტოვებინა ონისიმე, რომ ‘ბორკილებში მომსახურებოდა’, მაგრამ ფილიმონის თანხმობის გარეშე ეს არ გააკეთა. ასე რომ, უკან აგზავნის ონისიმეს ‘არა როგორც მონას, არამედ მონაზე მეტს — როგორც საყვარელ ძმას’. პავლე სთხოვს ფილიმონს, გულთბილად მიიღოს ონისიმე, ისე როგორც პავლეს მიიღებდა; და თუ ონისიმემ რამე დააშავა, ‘მას დაადოს ვალად’. პავლე ფილიმონს ამის მიზეზსაც ეუბნება: „შენი სიცოცხლით ხარ ჩემი მოვალე“ (მუხლ. 16, 19). ის იმედოვნებს, რომ მალე გათავისუფლდება და ნახავს ფილიმონს. პავლე წერილს ამთავრებს მოკითხვებით.
რატომ არის სასარგებლო
7. როგორ გამოჩნდა ონისიმეს შემთხვევაში, რომ პავლე ერთგულად ასრულებდა თავის, როგორც მოციქულის, ვალდებულებას?
7 როგორც ამ წერილიდან ვხედავთ, პავლეს ქადაგების მიზანი არ ყოფილა სოციალური პრობლემების გადაჭრა, მაგალითად მონობის გაუქმება ან არსებული წეს-წყობილების შეცვლა. ის არც ქრისტიან მონებს ათავისუფლებდა თვითნებურად. მან რომიდან 1 400 კილომეტრით დაშორებულ კოლოსეში გაგზავნა ონისიმე, რათა უკან დაბრუნებოდა თავის ბატონს, ფილიმონს. ასეთი სახით, პავლე ერთგულად ასრულებდა თავის, როგორც მოციქულის, ვალდებულებას და ღვთის დავალებას — „უქადაგებდა [ხალხს] ღვთის სამეფოზე და . . . ასწავლიდა უფალ იესო ქრისტეზე“ (საქ. 28:31; ფლმ. 8, 9).
8. რა მხრივ არის ეს წერილი ქრისტიანებისთვის პრაქტიკული?
8 ფილიმონის მიმართ მიწერილი წერილიდან ვხედავთ, თუ როგორი სიყვარული და ერთობა იყო პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის. ამ წერილიდან ვიგებთ, რომ პირველი ქრისტიანები ერთმანეთს დებსა და ძმებს უწოდებდნენ (ფლმ. 2, 20). გარდა ამისა, „ფილიმონიდან“ დღევანდელ ქრისტიანებს შეუძლიათ იმის დანახვა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ქრისტიანული პრინციპები თანამორწმუნეებთან ურთიერთობაში. წერილში ჩანს, რომ პავლე გამოხატავს სიყვარულს ძმების მიმართ, პატივისცემით ეკიდება არსებულ წყობილებასა და სხვების საკუთრებას, ავლენს ტაქტიანობასა და თავმდაბლობას. თუმცა ქრისტიანული კრების ზედამხედველი იყო, პავლეს თავისი უფლებები არ გამოუყენებია ფილიმონზე ზეგავლენის მოსახდენად. მეგობრული ურთიერთობის საფუძველზე, მან თავმდაბლურად და ქრისტიანული სიყვარულით სთხოვა ფილიმონს, ეპატიებინა ონისიმესთვის. დღევანდელ ზედამხედველებს შეუძლიათ მიჰბაძონ პავლეს ტაქტიანობაში.
9. რა მაგალითი დაუტოვა ფილიმონმა ქრისტიანებს?
9 როგორც ჩანს, პავლეს იმედი ჰქონდა, რომ ფილიმონი გაითვალისწინებდა მის თხოვნას და, ამგვარად, ყურად იღებდა მათეს 6:14-სა და ეფესოელების 4:32-ში ჩაწერილ რჩევებს. დღევანდელი ქრისტიანებიც ასე უნდა იქცეოდნენ და სიყვარულით პატიობდნენ შეცდომებს თანამორწმუნეებს. თუ ფილიმონმა აპატია მონას, რომელიც მას ეკუთვნოდა და რომლის დასჯის უფლებაც ჰქონდა, მით უმეტეს ქრისტიანებმა უნდა აპატიონ თანამორწმუნეებს, რაც გაცილებით იოლია.
10. რა ადასტურებს, რომ „ფილიმონი“ იეჰოვას სულის ხელმძღვანელობით დაიწერა?
10 აშკარაა, რომ „ფილიმონი“ იეჰოვას სულის ხელმძღვანელობით დაიწერა. ამაზე მეტყველებს ის, რომ პავლე შესანიშნავად ართმევს თავს საკმაოდ დელიკატურ პრობლემას, თანაქრისტიანისადმი ავლენს თანაგრძნობას, სათუთ გრძნობებსა და ნდობას; ამის მაჩვენებელია ისიც, რომ სხვა წიგნებთან ერთად ბიბლიის ეს წიგნიც გვასწავლის ქრისტიანულ პრინციპებს, მოგვიწოდებს ერთობისკენ და გვიძლიერებს სიყვარულსა და რწმენას, რითაც გამოირჩევიან „წმინდები“, რომლებიც იმედს ამყარებენ ღვთის სამეფოზე და ირეკლავენ იეჰოვას წყალობას (მუხლ. 5).
[სქოლიო]
a The International Standard Bible Encyclopedia, რედაქტორი ჯ. ბრომილი, ტ. III, 1986, გვ. 831.