ბიბლიის წიგნი 58 — ებრაელები
დამწერი: პავლე
დაწერის ადგილი: რომი
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 61
1. რა დავალებას ასრულებდა პავლე პირნათლად, რასაც „ებრაელებიც“ ცხადყოფს?
პავლე „უცხოტომელთა“ მოციქულის სახელით არის ცნობილი. მაგრამ ის მხოლოდ არაებრაელებთან არ ქადაგებდა. ვიდრე პავლე მოინათლებოდა და დავალებას მიიღებდა, უფალმა იესომ ანანიას უთხრა: „ეს კაცი [პავლე] ჩემი რჩეული ჭურჭელია, რათა ჩემი სახელი გაუცხადოს უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქ. 9:15; გალ. 2:8, 9). ებრაელთა მიმართ მიწერილი წერილი ცხადყოფს, რომ პავლე პირნათლად ასრულებდა თავის დავალებას და იესოს სახელს უცხადებდა ისრაელის ძეებს.
2. როგორ შეიძლება იმ აზრის გაბათილება, რომ ეს წერილი პავლეს არ დაუწერია?
2 თუმცა ზოგი ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ ეს წერილი პავლემ დაწერა. მათ ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მისი სახელი წერილში არ მოიხსენიება. ეს დამაჯერებელი არგუმენტი არ არის, რადგან ბიბლიის ბევრ სხვა კანონიკურ წიგნშიც არ გვხვდება დამწერის სახელი. ხშირ შემთხვევაში თვითონ წიგნის შინაარსიდან შეიძლება დამწერის ვინაობის დადგენა. ზოგი თვლის, რომ იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ შეგნებულად არ მოიხსენია თავისი სახელი, რადგან იქაურ იუდეველებს სძულდათ ის (საქ. 21:28). საწინააღმდეგო არგუმენტად არც ის გამოდგება, რომ ეს წერილი სტილით განსხვავდება პავლეს სხვა წერილებისგან. ვისთვისაც არ უნდა მიემართა — უცხოტომელებისთვის, ებრაელებისა თუ ქრისტიანებისთვის — პავლე ყოველთვის ამართლებდა შემდეგ სიტყვებს: „ყველასთვის ყველაფერი გავხდი“. ამგვარად, ებრაელებთან პავლე ისე მსჯელობს, რომ მათთვის გასაგები და მისაღები იყოს მის მიერ მოყვანილი არგუმენტები (1 კორ. 9:22).
3. როგორ შეიძლება წერილის შინაარსიდან იმის თქმა, რომ ის პავლეს დაწერილია და საიდან ჩანს, რომ ეს წერილი ძირითადად ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი?
3 წიგნის შინაარსი ადასტურებს, რომ ის პავლეს დაწერილია. წიგნის ავტორი იტალიაში იმყოფებოდა და იცნობდა ტიმოთეს. ამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება პავლეზე (ებრ. 13:23, 24). „ებრაელებში“ აშკარად იგრძნობა პავლესთვის ჩვეული მსჯელობის სტილი მიუხედავად იმისა, რომ ეს წერილი მხოლოდ ებრაელებისგან შემდგარი კრებისთვისაა განკუთვნილი და მათთვის მისაღები ენითაა დაწერილი. „ებრაელების“ შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: „ამ ეპისტოლეს შინაარსი ამტკიცებს, რომ ის ებრაელებისთვის არის მიწერილი. არაებრაელებისთვის რომ ყოფილიყო, ათასიდან ერთიც ვერ ჩასწვდებოდა მსჯელობის არსს, რადგან მათთვის სრულიად უცხო იყო იუდაიზმი; მის ავტორს კი იუდაიზმში ჩახედულ მკითხველზე აქვს გათვლილი მთელი ეპისტოლე“ („Commentary“, კლარკი, ტ. VI, გვ. 681). ამით აიხსნება ის, თუ რატომ განსხვავდება სტილით ეს წერილი პავლეს სხვა წერილებისგან.
4. კიდევ რა ამტკიცებს, რომ „ებრაელები“ პავლემ დაწერა?
4 1930 წლისთვის აღმოჩენილი ჩესტერ ბიტის პაპირუსი №2 (P46) ადასტურებს პავლეს ავტორობას. ამ პაპირუსთან დაკავშირებით, რომელიც პავლეს სიკვდილიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგაა შექმნილი, ცნობილი ტექსტოლოგი ფრედერიკ კენიონი წერდა: «აღსანიშნავია, რომ „ებრაელები“ უშუალოდ მოსდევს „რომაელებს“ (რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა). ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ ხელნაწერის შექმნის დროისთვის მას პავლეს წერილებს მიაკუთვნებდნენ»a. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „არც უშუალოდ ეს წიგნი და არც სხვა წყაროები არ იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ის პავლეს გარდა ვინმე სხვამ დაწერა“b.
5. როგორ ადასტურებს „ებრაელების“ შინაარსი, რომ ის ღვთისგან არის შთაგონებული?
5 ადრინდელი ქრისტიანები „ებრაელებს“ უსაფუძვლოდ არ მიიჩნევდნენ „ღვთისგან შთაგონებულად“. ამას თვითონ წიგნის შინაარსიც ცხადყოფს. მასში არაერთხელ მახვილდება ყურადღება ებრაულ წერილებში ჩაწერილ წინასწარმეტყველებებზე, მოყვანილია ციტატები და აღნიშნულია, თუ როგორ შესრულდა ეს ყველაფერი იესო ქრისტეზე. მარტო პირველ თავში ებრაული წერილებიდან, სულ მცირე, შვიდი ციტატაა მოყვანილი იმის დასადასტურებლად, რომ ძე ანგელოზებზე მაღლა დგას. „ებრაელები“ ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიტყვისა და სახელის მნიშვნელობაზე, იესოს სიცოცხლის მეთაურად წარმოგვიდგენს და ადამიანთა ხსნას ღვთის სამეფოს უკავშირებს.
6. საიდან ჩანს, თუ როდის დაიწერა ეს წერილი?
6 როდის დაიწერა ეს წერილი? როგორც აღვნიშნეთ, წერილის დაწერისას პავლე იტალიაში იმყოფებოდა. წერილის ბოლოს პავლე ამბობს: „იცოდეთ, რომ ძმა ტიმოთე გათავისუფლებულია და, თუ მალე მოვა, მასთან ერთად გინახულებთ“ (13:23). როგორც ჩანს, პავლე მალევე ელოდა გათავისუფლებას და იმედი ჰქონდა, რომ თან გაჰყვებოდა ტიმოთეს, რომელიც გათავისუფლებული იყო პატიმრობიდან. ამრიგად, ეს წერილი მას უნდა დაეწერა რომში პირველი პატიმრობის ბოლოს, კერძოდ ახ. წ. 61 წელს.
7. როგორ წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ ებრაელი ქრისტიანები და რის ცოდნას საჭიროებდნენ ისინი?
7 იუდეველთა წყობილების ბოლო დღეებში რთული დრო დაუდგათ იუდეაში, განსაკუთრებით კი იერუსალიმში, მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს. რაც უფრო ვრცელდებოდა სასიხარულო ცნობა, მით უფრო გაშმაგებით ეწინააღმდეგებოდნენ იუდეველები ქრისტიანებს. რამდენიმე წლით ადრე იერუსალიმში პავლეს გამოჩენას დიდი არეულობა მოჰყვა. იუდეველი ფანატიკოსები გაჰყვიროდნენ: „მოაშორე ეს კაცი მიწის პირისგან, არ არის სიცოცხლის ღირსი!“. 40-ზე მეტმა იუდეველმა ფიცი დადო, რომ სანამ პავლეს არ მოკლავდნენ, არც შეჭამდნენ და არც დალევდნენ. კესარეაში პავლეს გადაყვანა მხოლოდ კარგად შეიარაღებული ჯარისკაცების თანხლებით, ღამით მოახერხეს (საქ. 22:22; 23:12—15, 23, 24). ქრისტიანებს მათდამი სიძულვილით განწყობილი ფანატიკოსების გარემოცვაში უწევდათ ცხოვრება. მათ ამ პირობებში უნდა ექადაგათ და შეენარჩუნებინათ მტკიცე რწმენა. მათ კარგად უნდა სცოდნოდათ სხვადასხვა საკითხი და ის, თუ როგორ შეასრულა ქრისტემ კანონი, რათა აღარ დაბრუნებოდნენ იუდაიზმს და მოსეს კანონით გათვალისწინებულ წეს-ჩვეულებებს, მაგალითად ცხოველთა მსხვერპლშეწირვას.
8. რატომ შეეძლო პავლეს იუდეველთა ტრადიციების საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა და რომელია ზოგიერთი მათგანი?
8 მოციქულ პავლეს კარგად ესმოდა, თუ რისი ატანა უწევდათ ებრაელ ქრისტიანებს. მას, როგორც ყოფილ ფარისეველს, საუკეთესოდ შეეძლო იუდეველთა ტრადიციების საწინააღმდეგო ძლიერი არგუმენტების მოყვანა. მოსეს კანონის კარგი ცოდნის საფუძველზე, რომელიც გამალიელისგან ჰქონდა მიღებული, მან დაასაბუთა, თუ როგორ შეასრულა ქრისტემ ყველაფერი, რაც მოსეს კანონის წეს-ჩვეულებებითა და მსხვერპლშესაწირავებით იყო წარმოდგენილი. მან ებრაელ ქრისტიანებს დაანახვა, რომ ეს ყოველივე შეიცვალა უფრო დიდებული „სინამდვილით“, რასაც გაცილებით დიდი სარგებლობა მოჰქონდა ახალი და უკეთესი შეთანხმების საფუძველზე. პავლე თანამიმდევრულად აყალიბებს არგუმენტებს. კანონის დასასრული, ახალი შეთანხმების ძალაში შესვლა, ქრისტეს მღვდლობის უპირატესობა აარონის მღვდლობასთან შედარებით, ქრისტეს მსხვერპლის უპირატესობა თხებისა და ხარების მსხვერპლზე, ხელთქმნილ კარავში შესვლის ნაცვლად ქრისტეს წარდგომა ზეცაში იეჰოვას წინაშე — პავლე მსჯელობს ამ ახალ სწავლებებზე, რომლებიც ყოვლად მიუღებელი იყო ურწმუნო იუდეველებისთვის. ებრაული წერილების მოშველიებით მან იმდენად კარგად დაუსაბუთა ებრაელ ქრისტიანებს ეს საკითხები, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე იუდეველი უნდა დარწმუნებულიყო მათ სისწორეში.
9. რატომ იყო ებრაელებისთვის მიწერილი წერილი ძლიერი იარაღი და როგორ გამოვლინდა პავლეს სიყვარული ებრაელი ქრისტიანებისადმი?
9 ამ წერილის მიღების შემდეგ ებრაელ ქრისტიანებს ახალი და ძლიერი იარაღი ჰქონდათ მდევნელი იუდეველების დასადუმებლად. ეს არგუმენტები მათ აგრეთვე დაეხმარებოდა ჭეშმარიტებას მოწყურებული იუდეველების მოქცევაში. წერილიდან ვხედავთ, რომ პავლეს ძალიან უყვარდა ებრაელი ქრისტიანები და სურდა, პრაქტიკულად დახმარებოდა რთულ პერიოდში.
შინაარსი
10. რას ვიგებთ „ებრაელების“ პირველივე სიტყვებიდან ქრისტეს მდგომარეობის შესახებ?
10 ქრისტეს ამაღლებული მდგომარეობა (1:1—3:6). პირველივე სიტყვებში ყურადღება მახვილდება ქრისტეზე: „ღმერთი, რომელიც დიდი ხნის წინათ მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკა ჩვენს მამა-პაპას წინასწარმეტყველთა მეშვეობით, ამ დღეების დასასრულს თავისი ძის მეშვეობით გველაპარაკა“. ის ყოვლის მემკვიდრედ არის დაყენებული და მამის დიდების ანარეკლია. მან დაასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა და „სიდიადის მარჯვნივ დაჯდა ზეცაში“ (1:1—3). პავლეს რამდენიმე მუხლი მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ იესოს ანგელოზებზე აღმატებული მდგომარეობა უკავია.
11. ა) რატომ გვირჩევს პავლე, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს? ბ) რას გააკეთებს იესო, თუ გავითვალისწინებთ მის გამოცდილებასა და მდგომარეობას?
11 პავლე შემდეგ წერს, რომ „განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მოსმენილს“. რატომ? თუ „ანგელოზების პირით ნათქვამი“ სიტყვის უგულებელყოფას სამართლიანი საზღაური მოსდევდა, „ჩვენ როგორ დავაღწევთ თავს, თუკი უგულებელვყოფთ ასეთ დიად ხსნას, რომელზეც თავდაპირველად უფალმა ილაპარაკა?“. ღმერთმა ‘კაცის ძე’ ანგელოზებზე ოდნავ დაბლა დააყენა, მაგრამ მან „სიკვდილის განცდის გამო დიდებისა და პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (2:1—3, 6, 9). მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, ღმერთმა „ტანჯვის მეშვეობით სრულყოფილი“ გახადა მათი ხსნის მეთაური. ის ბოლოს მოუღებს ეშმაკს და გაათავისუფლებს ყველას, „ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო“. იესო არის „გულმოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი“. და რაკი თვითონ იტანჯა, როცა იცდებოდა, „შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (2:10, 15, 17, 18). ამიტომ მოსესთან შედარებით იესო მეტი დიდების ღირსია.
12. რას უნდა მოერიდონ ქრისტიანები, ღვთის დასვენებაში რომ შევიდნენ?
12 ღვთის დასვენებაში შესვლა რწმენითა და მორჩილებით (3:7—4:13). ყველა ქრისტიანისთვის გაკვეთილი უნდა იყოს ისრაელების ორგულობა, რათა ვინმეს „ბოროტი და ურწმუნო გული არ განუვითარდეს“ და არ ‘ჩამოშორდეს ცოცხალ ღმერთს’ (ებრ. 3:12; ფსალმ. 95:7—11). ეგვიპტიდან გამოსული ისრაელები ურჩობისა და ურწმუნოების გამო ვერ შევიდნენ ღვთის დასვენებაში, რომლის განმავლობაშიც ღმერთი ისვენებს დედამიწასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საქმეებისგან. პავლე აღნიშნავს: „ღვთის ხალხისთვის რჩება დასვენება შაბათს. ვინც ღვთის დასვენებაში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისგან, როგორც ღმერთმა თავისისგან“. არავინ უნდა მიბაძოს ისრაელების ურჩობის მაგალითს. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და . . . არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:9, 10, 12).
13. ა) როგორ გახდა ქრისტე „მღვდელი მარადიულად“ და მარადიულ ხსნაზე პასუხისმგებელი? ბ) რატომ მოუწოდებს პავლე ებრაელებს მოწიფულობისკენ?
13 ქრისტე დიდებული მღვდელმთავარია (4:14—7:28). პავლე მოუწოდებს ებრაელებს, დაუცხრომლად აღიარონ იესო, დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა გაიარა, რათა მათ მიეღოთ გულმოწყალება. ქრისტეს არ განუდიდებია საკუთარი თავი. ის განადიდა მამამ, რომელმაც უთხრა: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებრ. 5:6; ფსალმ. 110:4). პირველ რიგში, ქრისტემ მორჩილება ისწავლა ტანჯვით, რათა სრულყოფილი მღვდელმთავარი და თავის მორჩილთა სამუდამო ხსნაზე პასუხისმგებელი გამხდარიყო. პავლეს ‘ბევრი რამ აქვს მის შესახებ სათქმელი’, მაგრამ ამის ახსნა ძნელია, რადგან ებრაელ ქრისტიანებს ჩვილებივით ისევ რძე სჭირდებათ, მაშინ როცა მასწავლებლები უნდა იყვნენ. „მაგარი საჭმელი კი მოწიფულთათვის არის, რომლებიც იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“. მოციქული მოუწოდებს მათ, რომ ‘ისწრაფონ მოწიფულობისკენ’ (ებრ. 5:11, 14; 6:1).
14. როგორ შეუძლიათ მორწმუნეებს დანაპირების დამკვიდრება და რა განამტკიცებს მათ იმედს?
14 შეუძლებელია, რომ ვინც გაიგო ღვთის სიტყვა, მაგრამ ჩამოშორდა მას, კვლავ გამოაცოცხლო მოსანანიებლად, „რადგან ასეთები ღვთის ძეს ხელახლა აკრავენ ბოძზე და სახალხოდ არცხვენენ“. მხოლოდ რწმენითა და მოთმინებით შეიძლება იმის დამკვიდრება, რასაც ღმერთი დაჰპირდა აბრაამს. ეს დაპირება სანდო და მტკიცე გახდა ორი უცვლელი რამით — ღვთის სიტყვითა და ფიცით. „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის . . . სულისთვის“, რადგან იესო „ფარდის მიღმა“ შევიდა, როგორც წინამორბედი და მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით (6:6, 19).
15. რამ ცხადყო, რომ იესოს მღვდლობა მელქისედეკის წესით უპირატესობდა ლევიანთა მღვდლობაზე?
15 მელქისედეკი იყო „სალემის მეფე“ და „უზენაესი ღვთის მღვდელი“. მას თვით აბრაამმაც მისცა ყველაფრის მეათედი. აბრაამის მეშვეობით კი მეათედი გადაიხადა ლევიმ, რომელიც ჯერ კიდევ აბრაამის საზარდულში იყო. მელქისედეკმა აკურთხა აბრაამი. ამრიგად, მელქისედეკის კურთხევა ჯერ არშობილ ლევიზეც გავრცელდა. ამან ცხადყო, რომ მღვდლობა მელქისედეკის წესით უპირატესობდა ლევიანთა მღვდლობაზე. სრულყოფილება რომ ლევიანთა სამღვდელოების მეშვეობით მიიღწეოდეს, რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის გამოჩენა „მელქისედეკის წესით“?! სამღვდელოების შეცვლასთან ერთად „აუცილებელი ხდება კანონის შეცვლაც“ (7:1, 11, 12).
16. რატომ არის იესო კანონით დანიშნულ მღვდელმთავრებზე აღმატებული მღვდელმთავარი?
16 თავისი სისუსტის გამო კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია. ბევრი გახდა მღვდელი, რადგან წინამორბედები იხოცებოდნენ, იესოს „მღვდლობა კი უცვლელია, რადგან ის მარადიულად ცოცხლობს. ამიტომ მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“. იესო „ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი, ცოდვილებს ჩამოშორებული“ მღვდელმთავარია, მაშინ როცა კანონით დანიშნული მღვდელმთავრები ჯერ თავიანთი ცოდვებისთვის სწირავენ მსხვერპლს და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის. ამიტომ „ფიცის სიტყვა ნიშნავს ძეს, მარადიულად გასრულყოფილებულს“ (7:24—26, 28).
17. რით უპირატესობს ახალი შეთანხმება ძველზე?
17 ახალი შეთანხმების უპირატესობა (8:1—10:31). იესო „შუამავალია უკეთესი შეთანხმებისა, რომელიც კანონიერად ეფუძნება უკეთეს დანაპირებს“ (8:6). პავლე მთლიანად ციტირებს იერემიას 31:31—34-ს იმის საჩვენებლად, რომ მათ, ვისაც ღმერთი ახალ შეთანხმებას უდებს, ღვთის კანონი გულსა და გონებაში აქვთ; ყველას შეცნობილი ეყოლება იეჰოვა და ის აღარ გაიხსენებს მათ ცოდვებს. „ახალმა შეთანხმებამ“ გააუქმა წინანდელი (კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება), რადგან ის „ახლოსაა მოსპობასთან“ (ებრ. 8:12, 13).
18. როგორ აჩვენებს პავლე ორ შეთანხმებას შორის არსებულ განსხვავებას?
18 შემდეგ პავლე აღწერს, თუ როგორ ხდებოდა ყოველწლიურად მსხვერპლშეწირვა პირველი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ „ეს დადგენილებები . . . დაწესებული იყო გამოსწორებისთვის დანიშნულ დრომდე“. ქრისტე, როგორც მღვდელმთავარი, თხებისა და მოზვრების სისხლით კი არა, საკუთარი სისხლით მოვიდა. მოსეს მიერ ცხოველთა სისხლის სხურებით ძალაში შევიდა პირველი შეთანხმება და განიწმინდა კარავი. მაგრამ ამაზე უკეთესი მსხვერპლი იყო საჭირო იმისათვის, რომ ახალი შეთანხმება შესულიყო ძალაში. „ქრისტე შევიდა არა ხელთქმნილ წმინდა ადგილას, რომელიც ჭეშმარიტის ანარეკლია, არამედ თვით ზეცაში, რათა ახლა ჩვენი გულისთვის ღვთის სახის წინაშე წარდგეს“. ისრაელის მღვდელმთავარივით ქრისტეს არ მოუწევდა ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა, რადგან „ერთხელ გამოცხადდა ქვეყნიერების დასასრულს, რათა საკუთარი თავის შეწირვით მოეშორებინა ცოდვა“ (9:10, 24, 26).
19. ა) რა არ შეეძლო კანონს და რატომ? ბ) რის გაკეთება მართებთ ქრისტიანებს?
19 პავლე ამბობს, რომ „კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია“, ამიტომ მსხვერპლის გამუდმებით გაღებას არ შეუძლია მოსპოს „ცოდვის შეგნება“. იესო ქვეყნიერებაში ღვთის ნების შესასრულებლად მოვიდა. „ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“, — ამბობს პავლე. ამიტომ ებრაელმა ქრისტიანებმა მტკიცედ და უყოყმანოდ უნდა განაგრძონ თავიანთი იმედის სახალხოდ გაცხადება, წაახალისონ ერთმანეთი „სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ და არ მიატოვონ თავიანთი შესაკრებელი. თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ისინი კვლავ შეგნებულად სცოდავენ, „აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის“ (10:1, 2, 10, 24, 26).
20. ა) რა არის რწმენა? ბ) რწმენის რა მაგალითები მოჰყავს პავლეს?
20 რწმენა და რწმენის საქმეები (10:32—12:3). პავლე ასეთი სიტყვებით მიმართავს ებრაელ ქრისტიანებს: „გახსოვდეთ წინანდელი დღეები: მას შემდეგ, რაც განათლდით, დიდ ბრძოლას გაუძელით, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეთ“. ამიტომ მათ არ უნდა შეწყვიტონ თამამად ლაპარაკი, რასაც დიდი ჯილდო მოაქვს. მათ უნდა მოითმინონ, რათა მიიღონ დანაპირები და ჰქონდეთ რწმენა „სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად“. დიახ, რწმენის გარეშე ვერაფერს გავხდებით. როგორც პავლე განმარტავს, „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“. შემდეგ მას თანმიმდევრობით მოჰყავს ძველ დროში მცხოვრებ ღვთის მსახურთა მაგალითები, რომლებიც ცხოვრობდნენ რწმენით, იბრძოდნენ რწმენით, ითმენდნენ რწმენით და სიმართლის მემკვიდრეები გახდნენ რწმენით. აბრაამი რწმენით ცხოვრობდა კარვებში ისაკსა და იაკობთან ერთად და „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“, რომლის მშენებელი ღმერთია. რწმენა სიმტკიცეს მატებდა მოსეს და „თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“. პავლე განაგრძობს: „კიდევ რა ვთქვა? დრო არ მეყოფა, რომ მოვყვე გედეონის, ბარაკის, სამსონის, იფთახის, დავითის, სამუელისა და სხვა წინასწარმეტყველთა შესახებ, რომლებიც რწმენით ამარცხებდნენ სამეფოებს, სიმართლეს იქმოდნენ, დანაპირებს იღებდნენ“. სხვებს დასცინოდნენ, შოლტავდნენ, ბორკილებს ადებდნენ და აწამებდნენ, მაგრამ ისინი უარს ამბობდნენ გათავისუფლებაზე, „რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ“. „ქვეყნიერება არ იყო მათი ღირსი“. თუმცა მათ თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება, არც ერთ მათგანს არ მიუღია დანაპირები. ამიტომ პავლე ამბობს: „მაშ, რადგან ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია, მოვიშოროთ ყველაფერი, რაც გვამძიმებს, და ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში, მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი და დავაკვირდეთ ჩვენი რწმენის მეთაურსა და გამასრულყოფილებელს, იესოს“ (10:32, 39; 11:1, 8, 10, 27, 32, 33, 35, 38; 12:1, 2).
21. ა) როგორ უნდა იბრძოლონ ქრისტიანებმა რწმენისთვის? ბ) პავლეს სიტყვების თანახმად, რატომ უნდა იღონ ყურად ქრისტიანებმა ღვთის გაფრთხილება?
21 მოთმინებით ბრძოლა რწმენისთვის (12:4—29). პავლე მოუწოდებს ებრაელ ქრისტიანებს, რომ მოთმინებით იბრძოლონ რწმენისთვის, რადგან იეჰოვა მათ აღზრდაზე ზრუნავს. ახლაა დრო, რომ გამართონ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები, და გაასწორონ თავიანთი ფეხის სავალი. მათ უნდა იფრთხილონ, რათა არანაირმა შხამიანმა ფესვმა არ ამოიყაროს და არ წაბილწოს ისინი ესავის მსგავსად, რომელმაც არ დააფასა წმინდა. მთასთან შიშის მომგვრელი ცეცხლისა და ღრუბლის დანახვაზე და ხმის გაგონებაზე მოსემ თქვა: „მეშინია და ვკანკალებ“. ქრისტიანები კი მიუახლოვდნენ უფრო მეტად შიშის მომგვრელ სიონის მთას და ზეციერ იერუსალიმს, უთვალავ ანგელოზს, პირმშოთა კრებას, ღმერთს — ყველას მოსამართლეს, აგრეთვე იესოს — ახალი და უკეთესი შეთანხმების შუამავალს. ამიტომ მათ უფრო მეტად მართებთ, ყურად იღონ გაფრთხილება ღვთისგან. მოსეს დროს ღვთის ხმამ დედამიწა შეარყია, ახლა კი ის გვპირდება, რომ შეძრავს არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც. ამ ყველაფრის შემდეგ პავლე ამბობს: „მაშ, რადგან ვხედავთ, რომ მივიღებთ სამეფოს, რომელიც არ შეირყევა, კვლავაც . . . ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით, ვინაიდან ჩვენი ღმერთი შთამნთქმელი ცეცხლია“ (12:21, 28, 29).
22. რა გამამხნევებელი რჩევებით ასრულებს პავლე ებრაელების მიმართ მიწერილ წერილს?
22 შეგონება თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით (13:1—25). პავლე წერილს გამამხნევებელი რჩევებით ამთავრებს: ძმათმოყვარეობა შეინარჩუნეთ, ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას, ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული, იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე, დაემორჩილეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ნუ გაგიტაცებთ უცხო სწავლებები. „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი [იესოს] მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (13:15).
რატომ არის სასარგებლო
23. რა არგუმენტები მოჰყავს პავლეს კანონთან დაკავშირებით და როგორ ასაბუთებს მათ?
23 „ებრაელებში“ ქრისტესთან დაკავშირებით მოყვანილია მრავალი უცილობელი არგუმენტი, რომლებიც შესანიშნავად არის დასაბუთებული ებრაული წერილებით. ის ეხება მოსეს კანონის სხვადასხვა თავისებურებას — შეთანხმებას, სისხლს, შუამავალს, თაყვანისმცემლობის კარავს, სამღვდელოებას, შესაწირავებს. მასში ნაჩვენებია, რომ ამ ყველაფრით წინასწარ იყო წარმოდგენილი ის, რაც მომავალში დაკავშირებული იქნებოდა იესო ქრისტესთან და მის მსხვერპლთან, და რითაც შესრულდებოდა მოსეს კანონი. პავლე ამბობს, რომ „დრომოჭმული და ძველი“ კანონი ახლოს იყო მოსპობასთან. მაგრამ „იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და მარადიულად“ (8:13; 13:8; 10:1). ებრაელ ქრისტიანებს მართლაც რომ დიდ სიხარულს მიანიჭებდა ამ წერილის წაკითხვა!
24. პავლეს მსჯელობიდან გამომდინარე, რას მოაქვს ჩვენთვის უდიდესი კურთხევა?
24 ჩვენ დღეს განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ. რა ღირებულება აქვს ამ წერილს ჩვენთვის? მოგვიტანს რაიმე სარგებლობას პავლეს არგუმენტაცია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არ ვექვემდებარებით მოსეს კანონს? უდავოდ. მასში ნათელი ეფინება აბრაამისთვის მიცემული დაპირების საფუძველზე დადებულ ახალ შეთანხმებას. ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა „დედამიწის ყველა ოჯახი“. ჩვენი მომავალი სიცოცხლე დამოკიდებულია აბრაამისთვის მიცემულ ამ დაპირებაზე, რომელსაც ღმერთი აბრაამის შთამომავლის, იესო ქრისტეს მეშვეობით შეასრულებს. მართალია, ჩვენ მოსეს კანონს არ ვემორჩილებით, მაგრამ როგორც ადამის ცოდვილი შთამომავლები ვსაჭიროებთ გულმოწყალე მღვდელმთავარს, რომელიც გაღებული მსხვერპლის მეშვეობით ზეცაში იეჰოვას წინაშე გვიშუამდგომლებს. ჩვენ გვყავს მღვდელმთავარი, რომელსაც შეუძლია იეჰოვას მიერ დამყარებულ ახალ ქვეყნიერებაში გადაგვიყვანოს. მას შეუძლია თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, რადგან „ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში“. ის გვეხმარება, რომ „სიტყვაში სითამამით მივუახლოვდეთ წყალობის ტახტს, რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (4:15, 16).
25. როგორ ხსნის პავლე ქრისტეს როლს „ებრაელებში“?
25 პავლეს ამ წერილიდან ვხედავთ, თუ რა საოცრად შესრულდა დიდი ხნის წინათ ებრაულ წერილებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები. ეს ჩვენს სწავლებასა და გამხნევებას ემსახურება. მაგალითად, ფსალმუნის 110:1-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას პავლე ხუთჯერ უკავშირებს იესო ქრისტეს, შთამომავალს, რომელიც „ღვთის ტახტის მარჯვნივ“ უნდა მჯდარიყო, ვიდრე „მისი მტრები მის ფეხსადგამად“ არ იქცეოდნენ (ებრ. 12:2; 10:12, 13; 1:3, 13; 8:1). ფსალმუნის 110:4-დან პავლეს მოჰყავს ციტატა იმის ასახსნელად, თუ რა მნიშვნელოვანი მდგომარეობა უკავია ღვთის ძეს, როგორც „მღვდელს მარადიულად მელქისედეკის წესით“. მელქისედეკის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „უმამო, უდედო, უგვარტომო, რომელსაც არც დღეთა დასაწყისი აქვს და არც სიცოცხლის დასასრული“. მელქისედეკის მსგავსად იესო არის მეფე და „მარადიული მღვდელი“. გამოსასყიდის საფუძველზე ის მარადიულ კურთხევებს მოუტანს მათ, ვინც ემორჩილება მის მმართველობას (ებრ. 5:6, 10; 6:20; 7:1—21). პავლე მას უკავშირებს ფსალმუნის 45:6, 7-საც: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ და შენი სამეფოს კვერთხი სამართლიანობის კვერთხია. შენ სიმართლე შეიყვარე და უკანონობა შეიძულე. ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, დიდი სიხარულის ზეთით შენს მოზიარეებზე მეტად“ (ებრ. 1:8, 9). ებრაული წერილებიდან პავლეს მიერ ციტირებული მონაკვეთები და იმის ცოდნა, თუ როგორ უკავშირდება ისინი იესო ქრისტეს, გვეხმარება ღვთის განზრახვის უკეთ დანახვაში.
26. როგორ გვეხმარება „ებრაელები“, რომ რწმენითა და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი?
26 ებრაელების მიმართ მიწერილი წერილიდან კარგად ჩანს, რომ აბრაამი ელოდა სამეფოს, „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“. ის „რწმენით“ ისწრაფოდა სამეფოსკენ. მან დიდი მსხვერპლი გაიღო, რათა „უკეთესი აღდგომისთვის“ მიეღწია. მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს აბრაამმა და სხვა მორწმუნე ადამიანებმა — იმ „მოწმეთა დიდმა ღრუბელმა“, რომლებზეც პავლე „ებრაელების“ მე-11 თავში საუბრობს. ეს წერილი თითოეულს გვამხნევებს და გვეხმარება, რომ დავაფასოთ მომავალი კურთხევები, რომელთა მიღების საშუალება ჩვენც გვაქვს. ამგვარად, ებრაელებისადმი მიწერილი წერილი გვაძლევს იმის სტიმულს, რომ „მოთმინებით გავირბინოთ ჩვენ წინ მდებარე მანძილი“ (11:8, 10, 16, 35; 12:1).
27. რა დიდებულ მომავალზე მახვილდება ყურადღება „ებრაელებში“?
27 ღვთის დაპირებაზე ყურადღების გასამახვილებლად პავლეს მოჰყავს ციტატა ანგიას წინასწარმეტყველებიდან: „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მხოლოდ დედამიწას, არამედ ცასაც“ (ებრ. 12:26; ანგ. 2:6). ღვთის სამეფო კი, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს, მარადიულად იარსებებს. „მაშ, რადგან ვხედავთ, რომ მივიღებთ სამეფოს, რომელიც არ შეირყევა, კვლავაც ვიქონიოთ წყალობა, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღვთისთვის მოსაწონად შევასრულოთ წმინდა მსახურება, ღვთის შიშითა და მოკრძალებით“. „ებრაელები“ გვარწმუნებს, რომ ქრისტე მეორედ „გამოჩნდება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ხსნას მისგან“. ამიტომ „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“. დაე, სამუდამოდ განწმინდოს იეჰოვა ღმერთის დიდებული სახელი იესო ქრისტემ, ჩვენმა მეფემ და მღვდელმა! (ებრ. 12:28; 9:28; 13:15).
[სქოლიოები]
a The Story of the Bible, 1964, გვ. 91.
b McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. IV, გვ. 147.