ბიბლიის წიგნი 61 — 2 პეტრე
დამწერი: პეტრე
დაწერის ადგილი: ბაბილონი (?)
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 64
1. რა ამტკიცებს იმას, რომ „მეორე პეტრე“ პეტრემ დაწერა?
როცა პეტრე თავის მეორე წერილს წერდა, იცოდა, რომ მალე მოკლავდნენ. მას ძალიან სურდა თანაქრისტიანებისთვის შეეხსენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საფუძვლიანი ცოდნა სიმტკიცის შესანარჩუნებლად. ნამდვილად მოციქულმა პეტრემ დაწერა მეორე წერილი, რომელიც მის სახელს ატარებს? თვითონ წერილი ყოველგვარ ეჭვს აქარწყლებს. დამწერი ამბობს, რომ ის არის „სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული“ (2 პეტ. 1:1). ის ამბობს: „ამას უკვე მეორე წერილს გწერთ“ (3:1). იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საკუთარი თვალით იხილა იესოს გარდასახვა. იესო ქრისტეს გარდასახვის ხილვის შესაძლებლობა კი მხოლოდ პეტრეს, იაკობსა და იოანეს მიეცათ (1:16—21). დამწერი წერილში იმასაც მოიხსენიებს, რომ იესომ მისი სიკვდილი იწინასწარმეტყველა (2 პეტ. 1:14; იოან. 21:18, 19).
2. რა ადასტურებს პეტრეს მეორე წერილის კანონიკურობას?
2 პირველი და მეორე წერილების წერის სტილი განსხვავდება ერთმანეთისგან. ამის გამო ზოგი კრიტიკოსი თვლის, რომ მეორე წერილი პეტრეს არ ეკუთვნის. მაგრამ ასეთი დასკვნა უსაფუძვლოა, რადგან ამ წერილების თემა და მიზანი განსხვავებულია. გარდა ამისა, პირველი წერილი პეტრემ ერთგული ძმის, „სილვანუსის ხელით“ დაწერა. და თუ სილვანუსს პეტრეს აზრების გადმოსაცემად გარკვეული თავისუფლება ჰქონდა, გასაკვირი არ არის, რომ პირველი წერილი განსხვავდება მეორისგან, რომლის დაწერაშიც სილვანუსს, სავარაუდოდ, არ მიუღია მონაწილეობა (1 პეტ. 5:12). ეჭვი შეიტანეს მის კანონიკურობაშიც იმ მოსაზრებით, რომ „ეკლესიის მამებს თითქმის არა აქვთ მოხსენიებული“ ეს წერილი. მაგრამ, როგორც ჩანს ცხრილიდან „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების უძველესი ნუსხები“, პეტრეს მეორე წერილს კართაგენის მესამე საეკლესიო კრებამდე ბევრი ავტორიტეტული პირი ბიბლიის ნუსხის ნაწილად მიიჩნევდაa.
3. სავარაუდოდ, როდის და სად დაიწერა „მეორე პეტრე“ და ვის მიმართ იყო ის მიმართული?
3 როდის დაიწერა პეტრეს მეორე წერილი? ადვილი შესაძლებელია, რომ ის დაახლოებით ახ. წ. 64 წელს დაიწერა ბაბილონში ან მის მახლობლად, პირველი წერილის დაწერიდან მალევე, თუმცა დარწმუნებით ამის თქმა შეუძლებელია. იმ დროს, როცა ეს წერილი დაიწერა, პავლეს წერილების უმეტესობა უკვე კრებიდან კრებაში გადადიოდა და კარგად იყო ცნობილი პეტრესთვის. პეტრეს სწამდა, რომ პავლეს წერილები ღვთის შთაგონებით იყო დაწერილი და მათ „წმინდა წერილების“ ნაწილად მიიჩნევდა. პეტრეს მეორე წერილი მიმართულია მათ მიმართ, „ვისაც ჩვენ მსგავსად წილად ხვდათ პატივი . . . მიეღოთ იგივე რწმენა, რაც ჩვენ გვაქვს“. მათ რიცხვში შედიოდნენ ისინიც, ვისაც პეტრემ პირველი წერილი მისწერა და ვისაც ადრე უქადაგა. პირველი წერილის მსგავსად, მეორე წერილიც ბევრ კრებაში გავრცელდა (2 პეტ. 3:15, 16; 1:1; 3:1; 1 პეტ. 1:1).
შინაარსი
4. ა) როგორ შეუძლიათ ძმებს, ნაყოფი გამოიღონ საფუძვლიან ცოდნაში და რას მიიღებენ ისინი? ბ) როგორ გახდა წინასწარმეტყველური სიტყვა უფრო სარწმუნო და რატომ უნდა მივაქციოთ მას ყურადღება?
4 სწრაფვა ზეციერი სამეფოსკენ (1:1—21). პეტრე მიმართავს მათ, ვინც ‘მიიღო რწმენა’. მას სურს, რომ გამრავლდეს მათი წყალობა და მშვიდობა „ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მეშვეობით“. ღმერთმა გულუხვად მისცა მათ „ძვირფასი და დიდებული დაპირებები“, რათა მათი დახმარებით ღვთის ბუნების მოზიარენი გახდნენ. მათ ყოველი ღონე უნდა იხმარონ, რომ რწმენას დაურთონ ზნეობა, ცოდნა, თავშეკავება, მოთმინება, ღვთისადმი ერთგულება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. თუ ეს თვისებები უხვად ექნებათ, აღარ იქნებიან უმოქმედო ან უნაყოფო საფუძვლიან ცოდნაში. ძმები უნდა ცდილობდნენ, განმტკიცდნენ თავიანთ მოწოდებასა და რჩეულობაში უფლის მარადიულ სამეფოში შესასვლელად. პეტრემ იცის, რომ ‘თავის კარავს მალე დატოვებს’, ამიტომ მათ ახსენებს ყველაფერს, რათა მისი წასვლის შემდეგ თავად შეძლონ ამის გახსენება. პეტრემ საკუთარი თვალით ნახა წმინდა მთაზე ქრისტეს გარდაქმნა და «აღმატებული დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“». ამან წინასწარმეტყველური სიტყვა უფრო სარწმუნო გახადა და ისინი ყურადღებას უნდა აქცევდნენ მას, რადგან წინასწარმეტყველება არასდროს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, „არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (1:1, 2, 4, 14, 17, 21).
5. რა გაფრთხილებას იძლევა პეტრე ცრუმასწავლებლების შესახებ და რომელი მაგალითებით აჩვენებს, რომ მათ ღვთის რისხვა არ ასცდებათ?
5 გაფრთხილება ცრუმასწავლებლების შესახებ (2:1—22). ცრუწინასწარმეტყველები და ცრუმასწავლებლები შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, თავაშვებულობას შეუწყობენ ხელს და დაგმობენ ჭეშმარიტებას. მაგრამ მათი დაღუპვა არ თვლემს. ღმერთმა არ დაინდო შემცოდველი ანგელოზები, ნოეს დროს წარღვნა დაატეხა თავს ქვეყნიერებას და ფერფლად აქცია სოდომი და გომორა. მან გადაარჩინა სიმართლის მქადაგებელი ნოე და მართალი ლოტი. ასე რომ, „იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები, უმართლოები კი შემოინახოს სასამართლოს დღისთვის, რათა მოიკვეთონ“. ისინი თავხედები და თავნებები არიან, უგუნურ ცხოველებს ჰგვანან, გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ, მაცდუნებელ სწავლებებს ავრცელებენ, მრუშობენ, ხარბები არიან და ბალაამის მსგავსად უკეთურების საზღაური შეიყვარეს. სხვებს თავისუფლებას ჰპირდებიან, მაშინ როცა თვითონ გახრწნილების მონები არიან. მათთვის უკეთესი იქნებოდა, არ შეეცნოთ სიმართლის გზა. მათ ისე მოუვიდათ, როგორც ერთი ანდაზა ამბობს: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“ (2:9, 22).
6. ა) რას ცდილობს პეტრე და რას ამბობს ღვთის დანაპირებზე? ბ) როგორ უნდა იფხიზლონ ქრისტიანებმა?
6 ქრისტიანებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ იეჰოვას დღე (3:1—18). პეტრე ცდილობს, გააღვიძოს ქრისტიანთა საღი აზროვნების უნარი, რათა მათ ახსოვდეთ ადრე ნათქვამი სიტყვები. ბოლო დღეებში მოვლენ დამცინავები, რომლებიც იტყვიან: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა [ქრისტე] მოსული უნდა ყოფილიყო?“. მათ მხედველობიდან რჩებათ, რომ ღმერთმა ძველი ქვეყნიერება წყლით წალეკა, „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის“. იეჰოვასთვის ათასი წელი ერთი დღეა. ასე რომ, ის „არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას“, არამედ მომთმენია და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთ საქციელს და საქმეებით დაამტკიცონ ღვთისადმი ერთგულება, რადგან ელიან და ახსოვთ იეჰოვას დღე, რომელიც ალმოდებულ ცას დაშლის და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს. ღვთის დაპირებისამებრ იქნება „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ (3:4, 7, 9, 13).
7. რამდენადაც ყველაფერი წინასწარ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები?
7 ისინი ყველანაირად უნდა ეცადონ, რომ ‘მის წინაშე წარდგნენ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები’. მათ უფლის მოთმინება ხსნად უნდა მიიჩნიონ, როგორც ეს საყვარელმა ძმამ, პავლემ მისწერა. რადგან ეს ყველაფერი წინასწარ იციან, უნდა გაფრთხილდნენ, რომ არ დაკარგონ სიმტკიცე. დასასრულს პეტრე ამბობს: „კვლავაც იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში. მას დიდება ახლაც და მარადიულადაც“ (3:14, 18).
რატომ არის სასარგებლო
8. ა) როგორ ადასტურებს პეტრე, რომ ებრაული და ბერძნული წერილები ღვთისგან არის შთაგონებული? ბ) რა მხრივ იქნება ჩვენთვის სასარგებლო ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის თანახმად ცხოვრება?
8 საფუძვლიანი ცოდნის მიღება მართლაც რომ აუცილებელია! პეტრეს მსჯელობიდან კარგად ჩანს, რომ მას ებრაული წერილებიდან ასეთი საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა მიღებული. პეტრე ადასტურებს, რომ ებრაული წერილები წმინდა სულით იყო დაწერილი: „რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“. ის იმასაც ამბობს, რომ პავლეს ‘მიცემული ჰქონდა სიბრძნე’ (1:21; 3:15). მთელი წმინდა წერილის გამოკვლევა და საფუძვლიანი ცოდნის თანახმად ცხოვრება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა. ასეთ შემთხვევაში არ დავემსგავსებით იმ თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: „ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (3:4). არც ცრუმასწავლებლების მიერ დაგებულ მახეში გავებმებით, რომლებზეც პეტრე მეორე თავში საუბრობს. ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ პეტრესა და ბიბლიის სხვა დამწერების შეხსენებებს. ეს დაგვეხმარება, ‘მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტებაში’ და მოთმინებით გავიზარდოთ „ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში“ (1:12; 3:18).
9. რას უნდა მოვახმაროთ ყოველი ღონე და რატომ?
9 „ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“ რომ გავიზარდოთ, როგორც პეტრე ამბობს, ყოველი ღონე უნდა მოვახმაროთ ისეთი ქრისტიანული თვისებების გამომუშავებას, რომლებიც პირველი თავის მე-5—7 მუხლებშია ჩამოთვლილი. მე-8 მუხლში პეტრე დასძენს: „თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედო ან უნაყოფო ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიან ცოდნაში“. ეს ნამდვილად გამამხნევებელია ღვთის მსახურებისთვის ამ მძიმე დროში (1:2).
10. ა) რა დაპირებებს მოიხსენიებს პეტრე და რისკენ მოუწოდებს ცხებულ ქრისტიანებს? ბ) რა მტკიცება მოჰყავს პეტრეს იმაში დასარწმუნებლად, რომ სამეფოსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები შესრულდება?
10 თუ გვსურს, რომ იეჰოვა ღმერთის „ძვირფასი და დიდებული დაპირებების“ შესრულება ჩვენც ვიხილოთ, საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. პეტრე ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდებს, მთელი ყურადღება სამეფოზე ჰქონდეთ გადატანილი. ის ამბობს: „უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით, და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს მარადიულ სამეფოში შესასვლელი ფართოდ გაგეღებათ“. შემდეგ პეტრე საუბრობს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც მისი გარდასახვის დროს იხილა და ამბობს: „ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა“. იეჰოვას დიდებულ სამეფოსთან დაკავშირებით წარმოთქმული ყველა წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდება. ამიტომ ჩვენც შეგვიძლია დარწმუნებით გავიმეოროთ ესაიას წინასწარმეტყველებაში ჩაწერილი სიტყვები, რომლებსაც პეტრე ციტირებდა: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 1:4, 10, 11, 19; 3:13; ეს. 65:17, 18).
[სქოლიო]
a იხილეთ ცხრილი 303-ე გვერდზე.