ბიბლიის წიგნი 62 — 1 იოანე
დამწერი: მოციქული იოანე
დაწერის ადგილი: ეფესო ან მის მახლობლად
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 98
1. ა) რაზე მახვილდება ძირითადი ყურადღება იოანეს წერილებში და რატომ ვერ ვუწოდებთ იოანეს სენტიმენტალურ ადამიანს? ბ) რატომ იყო იოანეს წერილები დროული?
იოანე, იესოს საყვარელი მოწაფე, სიმართლის მოყვარული კაცი იყო. ეს დაეხმარა მას, ჩასწვდომოდა ქრისტეს გონებას. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ იოანეს წერილებში ძირითადი ყურადღება სიყვარულზე მახვილდება. ის არ ყოფილა სენტიმენტალური ადამიანი, რადგან იესომ მას და მის ძმას „ქუხილის ძეები [ბოანერგესი]“ შეარქვა (მარ. 3:17). იოანემ სამივე წერილი ჭეშმარიტებისა და სიმართლის დასაცავად დაწერა, რადგან მოციქულ პავლეს მიერ ნაწინასწარმეტყველებ განდგომილებას უკვე ფეხი ჰქონდა მოკიდებული. ეს წერილები მართლაც დროული იყო, ვინაიდან პირველ ქრისტიანებს „ბოროტის“ წინააღმდეგ ბრძოლაში აძლიერებდა (2 თეს. 2:3, 4; 1 იოან. 2:13, 14; 5:18, 19).
2. ა) საიდან ჩანს, რომ იოანეს წერილები მათესა და მარკოზის სახარებებზე და სხვა წერილებზე გვიან დაიწერა? ბ) სავარაუდოდ, როდის და სად დაიწერა ეს წერილები?
2 შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, იოანეს წერილები მათესა და მარკოზის სახარებებზე და პეტრესა და პავლეს წერილებზე გაცილებით გვიან დაიწერა. ამ დროისთვის ბევრი რამ შეიცვალა. მათში საუბარი არ არის იუდაიზმზე, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ახალჩამოყალიბებულ კრებებს, და პირდაპირ არც ერთი ციტატა არ არის მოყვანილი ებრაული წერილებიდან. იოანე თავის წერილში საუბრობს „უკანასკნელ საათზე“ და „მრავალი ანტიქრისტეს“ გამოჩენაზე (1 იოან. 2:18). მკითხველს იოანე მიმართავს სიტყვებით „ჩემო შვილებო“, საკუთარ თავს კი „უხუცესს“ უწოდებს (1 იოან. 2:1, 12, 13, 18, 28; 3:7, 18; 4:4; 5:21; 2 იოან. 1; 3 იოან. 1). ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ იოანეს სამივე წერილი მოგვიანებით დაიწერა. 1 იოანეს 1:3, 4-დან შეიძლება დავასკვნათ, რომ იოანეს სახარებაც ამ პერიოდში დაიწერა. როგორც ფიქრობენ, იოანე მოციქულმა სამივე წერილი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით ახ. წ. 98 წელს დაწერა ეფესოს მახლობლად.
3. ა) რა ადასტურებს „პირველი იოანეს“ დამწერის ვინაობას და კანონიკურობას? ბ) რა ჩაამატეს „პირველ იოანეში“ და რა ამტკიცებს ამას?
3 პირველი წერილი ძალიან ჰგავს მეოთხე სახარებას, რომელიც მოციქულმა იოანემ დაწერა. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ „პირველი იოანეც“ იოანეს კალამს ეკუთვნის. მაგალითად, წერილის დასაწყისში ის ამბობს, რომ საკუთარი თვალით იხილა „სიცოცხლის სიტყვა . . . მარადიული სიცოცხლე, რომელიც მამასთან იყო და ჩვენთვის გახდა ცხადი“. ეს სიტყვები ძალიან ჰგავს იოანეს სახარების შესავალ სიტყვებს. ამ წერილის კანონიკურობა დასტურდება მურატორის ფრაგმენტით და ახ. წ. II საუკუნეში მოღვაწე ირინეოსის, პოლიკარპესა და პაპიასის ნაშრომებითa. ევსები კესარიელს (დაახლ. ახ. წ. 260—340) თუ დავეყრდნობით, „პირველი იოანეს“ კანონიკურობა არასდროს დაუყენებიათ ეჭვქვეშb. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ძველ თარგმანში მე-5 თავის მე-7 მუხლის ბოლოსა და მე-8 მუხლის დასაწყისში ჩამატებულია შემდეგი სიტყვები: „ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან. და სამნი მოწმობენ მიწაზე“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). მაგრამ ეს სიტყვები არ გვხვდება არც ერთ უძველეს ბერძნულ ხელნაწერში და, როგორც ჩანს, ჩამატებულია სამების მოძღვრების მხარდასაჭერად. ბევრ თანამედროვე თარგმანში ეს სიტყვები ძირითად ტექსტში არ არის შეტანილი (1 იოან. 1:1, 2)c.
4. რა საფრთხის შესახებ სწერს იოანე თანაქრისტიანებს და რომელ ცრუსწავლებებს აბათილებს?
4 იოანე „საყვარელ შვილებს“ იმ მიზნით სწერს, რომ დაიცვას ისინი ცრუსწავლებებისგან. ეს სწავლებები მომდინარეობდა „მრავალი ანტიქრისტესგან“, რომლებიც ქრისტიანული კრებიდან გამოვიდნენ და ახლა ჭეშმარიტების გზიდან მათ გადაყვანას ცდილობდნენ (2:7, 18). ეს განდგომილი ანტიქრისტეები შესაძლოა ბერძნული ფილოსოფიის, მათ შორის გნოსტიციზმის გავლენაში მოექცნენ. გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ღვთისგან მიღებულ მისტიკურ ცოდნას ფლობდნენd. იოანე განდგომილების წინააღმდეგ ილაშქრებს და განსაკუთრებით სამ რამეზე ამახვილებს ყურადღებას: ცოდვაზე, სიყვარულსა და ანტიქრისტეზე. ის, რასაც იოანე ცოდვისა და იესოს მიერ ცოდვებისთვის გაღებული მსხვერპლის შესახებ ამბობს, იმის მაჩვენებელია, თუ როგორი განწყობა ჰქონდათ ანტიქრისტეებს. როგორც ჩანს, ისინი თავდაჯერებულად აცხადებდნენ, რომ უცოდველები იყვნენ და არ სჭირდებოდათ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი. „ცოდნამ“ მათ ეგოიზმი განუვითარა და სიყვარული დააკარგვინა. იოანე არაერთხელ უსვამს ხაზს ნამდვილი ქრისტიანული სიყვარულის მნიშვნელოვნებას და, ამგვარად, ამხელს მათ. როგორც ჩანს, იოანე სწორედ მათ ცრუსწავლებას უპირისპირდება, როცა ხსნის, რომ იესო არის ქრისტე, რომ ის ხორციელად მოსვლამდე არსებობდა და რომ ის მორწმუნეთა სახსნელად ხორციელად მოვიდა დედამიწაზე (1:7—10; 2:1, 2; 4:16—21; 2:22; 1:1, 2; 4:2, 3, 14, 15). იოანე ამ ცრუმასწავლებლებს „ანტიქრისტეებს“ უწოდებს და გვიხსნის, რით უნდა განსხვავდებოდნენ ღვთის შვილები ეშმაკის შვილებისგან (2:18, 22; 4:3).
5. რა მიანიშნებს იმაზე, რომ „პირველი იოანე“ მთელი ქრისტიანული საძმოსთვის იყო განკუთვნილი?
5 „იოანეს წერილი“ რომელიმე კონკრეტული კრებისთვის არ არის მიწერილი. როგორც ჩანს, ის ზოგადად მთელი ქრისტიანული საძმოსთვის იყო განკუთვნილი. ამ აზრს ადასტურებს ისიც, რომ წერილის თავსა და ბოლოში არ გვხვდება მოკითხვები. ზოგი ამ წერილს ტრაქტატად უფრო მიიჩნევს. მთელ წერილში მრავლობითი რიცხვია გამოყენებული (ნაცვალსახელი „თქვენ“ და ზმნები მრავლობით რიცხვში), რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს წერილი ერთი ადამიანისთვის არ არის განკუთვნილი.
შინაარსი
6. იოანეს თქმით, რა სხვაობაა სინათლეში და სიბნელეში მავალთ შორის?
6 სიბნელის ნაცვლად სინათლეში სიარული (1:1—2:29). იოანე ამბობს: „გწერთ ამას, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული“. რამდენადაც „ღმერთი სინათლეა“, ღმერთთან და ერთმანეთთან „მოზიარეობა“ მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ‘სინათლეში დადის’. ისინი მისი ძის, იესოს სისხლით არიან განწმენდილნი ცოდვისგან. ვინც ‘ბნელში დადის’ და ამბობს, ‘უცოდველი ვარო’, თავს იტყუებს და ჭეშმარიტება არ არის მასში. თუ ასეთი ადამიანები აღიარებენ ცოდვებს, ერთგული ღმერთი აპატიებს (1:4—8).
7. ა) რით ცხადყოფს ადამიანი, რომ იცნობს ღმერთს და უყვარს ის? ბ) ვის შეიძლება ეწოდოს ანტიქრისტე?
7 იოანე იესო ქრისტეს უწოდებს „შერიგების მსხვერპლს“ ცოდვებისათვის და ‘დამხმარეს მამასთან’. ვინც ამბობს, რომ იცნობს ღმერთს, მაგრამ მის მცნებებს არ იცავს, მატყუარაა. ვისაც თავისი ძმა უყვარს, სინათლეში რჩება, ხოლო ის, ვისაც სძულს, კვლავაც სიბნელეშია. იოანე მკაცრად აფრთხილებს ქრისტიანებს, არ შეიყვარონ ქვეყნიერება და არც ის, რაც ქვეყნიერებაშია, რადგან „ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს“. ბევრი ანტიქრისტე გამოჩნდა. „ისინი ჩვენგან გავიდნენ“, რადგან „ჩვენიანები არ იყვნენ“. ანტიქრისტეა ის, ვინც უარყოფს იმას, რომ იესო არის ქრისტე. ანტიქრისტე უარყოფს მამასაც და ძესაც. „შვილებს“ იოანე ეუბნება, რომ მათში უნდა დარჩეს ის, რაც დასაწყისიდან მოუსმენიათ, რათა ‘ერთობაში იყვნენ ძესთან და მამასთან’ მისგან მიღებული ჭეშმარიტი ცხების შესაბამისად (2:1, 2, 15, 18, 19, 24).
8. ა) რით განსხვავდებიან ღვთის შვილები ეშმაკის შვილებისგან? ბ) როგორ შეიცნეს „შვილებმა“ სიყვარული და რა უნდა შეამოწმონ მათ ყოველთვის?
8 ღვთის შვილები არ სცოდავენ (3:1—24). ისინი „ღვთის შვილებად“ იწოდებიან, რადგან მამამ სიყვარული გამოავლინა მათდამი; ღვთის გამოცხადებისას მისი მსგავსი იქნებიან და იხილავენ „მას ისეთს, როგორიც არის“. ცოდვა უკანონობაა და ვინც ერთობაში რჩება ქრისტესთან, არ სცოდავს. შემცოდველი არის ეშმაკისგან, რომლის საქმეებსაც ღვთის ძე დაამსხვრევს. ღვთის შვილები და ეშმაკის შვილები ამით ამოიცნობიან: მათ, ვინც ღვთისგან არის, ერთმანეთი უყვართ; ხოლო ვინც ბოროტისგან არის, კაენს ჰგავს, რომელმაც შეიძულა და მოკლა თავისი ძმა. იოანეს „შვილებმა“ იმით შეიცნეს სიყვარული, რომ „მან [იესომ] თავისი სული გაწირა“ მათთვის. იოანე მათ აფრთხილებს, რომ „თანაგრძნობის კარი“ არ ჩაუკეტონ ძმებს. მათ უნდა უყვარდეთ „არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“. მათ უნდა შეამოწმონ საკუთარი გულები და ნახონ, აკეთებენ თუ არა იმას, „რაც მოსაწონია მის [ღვთის] თვალში“. ამგვარად განსაზღვრავენ, არიან თუ არა „ჭეშმარიტებისგან“. მათ უნდა დაიცვან მისი მცნება, რომ ‘სწამდეთ მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და უყვარდეთ ერთმანეთი’. ასე გაიგებენ ისინი, რომ რჩებიან მასთან ერთობაში და ისიც მათთან არის სულით (3:1, 2, 16—19, 22, 23).
9. ა) როგორ უნდა ხდებოდეს შთაგონებული სიტყვის შემოწმება? ბ) რატომ არის ჩვენი ვალი ერთმანეთის სიყვარული?
9 სიყვარული ღმერთთან ერთობაში (4:1—5:21). საჭიროა შთაგონებული სიტყვების შემოწმება. შთაგონებული სიტყვა, რომელიც არ აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, „ღვთისგან არ არის“ და ანტიქრისტესია. ის ქვეყნიერებისგან არის და ერთობაშია ქვეყნიერებასთან. ჭეშმარიტების შთაგონებული სიტყვები ღვთისგანაა. იოანე ამბობს: „ღმერთი სიყვარულია . . . სიყვარული ის კი არ არის, რომ ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ ის, რომ მან შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო“. ასე რომ, ერთმანეთის სიყვარული ჩვენი ვალია. ვისაც უყვარს სხვები, ერთობაში რჩება ღმერთთან. ამგვარად, სიყვარული სრულყოფილებას აღწევს, რათა მათ განდევნონ შიში და ‘შეძლონ თამამად ლაპარაკი’. იოანე ამბობს: „ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“; „ვისაც ღმერთი უყვარს, თავისი ძმაც უნდა უყვარდეს“ (4:3, 8, 10, 17, 19, 21).
10. ა) როგორ უნდა სძლიონ ღვთის შვილებმა ქვეყნიერებას და რაში არიან ისინი დარწმუნებულნი? ბ) როგორ უნდა უყურებდნენ ისინი ცოდვასა და კერპთაყვანისმცემლობას?
10 ღვთის შვილები სიყვარულს იმით ავლენენ, რომ იცავენ მის მცნებებს, რის შედეგადაც რწმენით სძლევენ ქვეყნიერებას. მათ, ვისაც სწამს ღვთის ძე, ღმერთი მარადიულ სიცოცხლეს აძლევს და „ეს სიცოცხლე მის ძეშია“. ამიტომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ რაც უნდა სთხოვონ მისი ნებისამებრ, ის მოუსმენს. ყოველგვარი უმართლობა ცოდვაა, მაგრამ არსებობს არასასიკვდილო ცოდვაც. ვინც ღვთისგან არის შობილი, ცოდვას არ სჩადის. მიუხედავად იმისა, რომ „მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია“, „მოვიდა ღვთის ძე“ და თავის მოწაფეებს მისცა გონება ჭეშმარიტი ღვთის შესაცნობად. ამრიგად, ისინი ღმერთთან ერთობაში არიან „მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით“. მათ უნდა დაიცვან თავი კერპებისგან (5:11, 19, 20).
რატომ არის სასარგებლო
11. როგორ უნდა ებრძოლონ ქრისტიანები ანტიქრისტეებს და ქვეყნიურ სურვილებს?
11 ისევე როგორც პირველი საუკუნის ბოლოს იყო, დღესაც „მრავალი ანტიქრისტეა“, რომლებსაც ჭეშმარიტი ქრისტიანები უნდა უფრთხილდნენ. მათ მოეთხოვებათ, ჩაეჭიდონ იმას, რაც ‘დასაწყისიდანვე მოუსმენიათ, უყვარდეთ ერთმანეთი’, დარჩნენ ღმერთთან ერთობაში, არ გადაუხვიონ ჭეშმარიტებას და თამამად ილაპარაკონ სიმართლე (2:18; 3:11; 2:27—29). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მათ თავი დაიცვან „ხორცის სურვილის, თვალთა სურვილისა და ქონებით ტრაბახისგან“. ასეთმა არასწორმა სურვილებმა მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი დაიმონა. ჭეშმარიტი ქრისტიანები შორის არიან ქვეყნიერებისგან და მისი სურვილებისგან, რადგან ესმით, რომ „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“. დღეს, როცა ხალხი ქვეყნიურ სურვილებს არის აყოლილი და სექტანტობა და სიძულვილია გაბატონებული, ნამდვილად სასარგებლოა ღვთისგან შთაგონებული წერილებიდან ღვთის ნების გაგება და მისი შესრულება (2:15—17).
12. რა სხვაობას გვანახვებს „პირველი იოანე“ და როგორ შევძლებთ ქვეყნიერების ძლევას?
12 „პირველი იოანე“ კარგად გვანახვებს სხვაობას მამისგან მომდინარე სინათლესა და ბოროტისგან მომდინარე ჭეშმარიტების დამთრგუნველ სიბნელეს შორის, ღვთისგან მომდინარე მაცოცხლებელ სწავლებებსა და ანტიქრისტესგან მომდინარე სიცრუეს შორის; აგრეთვე გვაჩვენებს, თუ ქრისტიანულ კრებაში ძესთან და მამასთან ერთობაში მყოფთა სიყვარული რამდენად განსხვავდება სიძულვილისგან, რომელსაც კაენის მსგავსად ავლენენ ისინი, ვინც „ჩვენგან გავიდნენ . . . რათა გამოჩენილიყო, რომ ყველა ჩვენიანი არ არის“ (2:19; 1:5—7; 2:8—11, 22—25; 3:23, 24, 11, 12). რადგანაც ვხედავთ ამ განსხვავებას, იმის დიდი სურვილი უნდა გვქონდეს, რომ ‘ვძლიოთ ქვეყნიერებას’. როგორ შევძლებთ ამას? ძლიერი რწმენითა და „ღვთის სიყვარულით“, რაშიც მისი მცნებების დაცვა იგულისხმება (5:3, 4).
13. ა) რაში გამოვლინდა ღვთის სიყვარული? ბ) როგორი სიყვარული უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს და რას უწყობს ეს ხელს?
13 მთელ წერილში ყურადღება მახვილდება უდიდეს აღმძვრელ ძალაზე, „ღვთის სიყვარულზე“. მე-2 თავში ერთმანეთთან არის დაპირისპირებული ქვეყნიერების სიყვარული და მამის სიყვარული. აგრეთვე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (4:8, 16). ეს სიყვარული გამოვლინდა მაშინ, როცა „მამამ ქვეყნიერების მხსნელად გამოგზავნა თავისი ძე“ (4:14). ამან მადლიერება და სიყვარული უნდა განგვივითაროს, როგორც მოციქული იოანე ამბობს: „ჩვენ კი გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (4:19). უნდა მივბაძოთ მამასა და ძეს, რათა ჩვენი სიყვარულიც თავგანწირული იყოს და საქმეებში ვლინდებოდეს. როგორც იესომ გასწირა თავისი სული ჩვენთვის, „ჩვენც ვალდებულნი ვართ, ჩვენი სულები გავწიროთ ძმებისთვის“. ‘თანაგრძნობის კარი უნდა გავუღოთ’ ძმებს, რათა გვიყვარდეს ისინი არა სიტყვით, არამედ „საქმითა და ჭეშმარიტებით“ (3:16—18). იოანეს წერილიდან აშკარად ჩანს, რომ ეს სიყვარული, ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნასთან ერთად, აერთიანებს მათ, ვინც ერთობაშია მამასთან და ძესთან (2:5, 6). ამ სიყვარულით გაერთიანებულ სამეფოს მემკვიდრეებს იოანე ეუბნება: „მისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენ ერთობაში ვართ ჭეშმარიტთან. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და მარადიული სიცოცხლე“ (5:20).
[სქოლიოები]
a The International Standard Bible Encyclopedia, ტ. II, 1982, რედაქტორი უ. ბრომილი, გვ. 1095, 1096.
b The Ecclesiastical History, III, XXIV, 17.
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 1019 (ინგლ.).
d New Bible Dictionary, მეორე გამოცემა, 1986, რედაქტორი ჯ. დაგლასი, გვ. 426, 604.