ბიბლიის წიგნი 65 — იუდა
დამწერი: იუდა
დაწერის ადგილი: პალესტინა (?)
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 65
1. კრებაში არსებული რა ვითარების გამო ჩათვალა საჭიროდ იუდამ ძმებისთვის წერილის მიწერა?
იუდას თანაქრისტიანები საფრთხის წინაშე იდგნენ. იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. გამოჩნდა მტერი, რომელიც ცდილობდა, რწმენა შეერყია ქრისტიანებისთვის. ამის შესახებ მოციქული პავლე ჯერ კიდევ 14 წლით ადრე იძლეოდა გაფრთხილებას (2 თეს. 2:3). როგორ უნდა დაეცვათ ძმებს თავი ამ საფრთხისგან? პასუხი იუდას წერილშია, სადაც ყველაფერი პირდაპირ და დაუფარავად არის გადმოცემული. მე-3 და მე-4 მუხლებიდან აშკარად ჩანს იუდას თვალსაზრისი: ‘საჭიროდ ჩავთვალე, წერილობით შემეგონებინეთ, რადგან შემოიპარნენ უღვთოები, რომლებიც ღვთის წყალობას თავაშვებულობის გასამართლებლად იყენებენ’. ჭეშმარიტ სწავლებასა და ზნეობრივ ფასეულობებს საფრთხე ემუქრებოდა. იუდა გრძნობდა, რომ ძმების დასაცავად რაღაც უნდა ეღონა, რათა, თავის მხრივ, მათაც ებრძოლათ რწმენისთვის.
2. ა) ვინ იყო იუდა? ბ) საიდან ჩანს, რომ იუდა თავმდაბალი იყო?
2 ვინ იყო იუდა? შესავალი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ წერილი მოწოდებულებს მისწერა „იუდამ, იესო ქრისტეს მონამ და იაკობის ძმამ“. იყო ის იესოს ერთ-ერთი მოციქული, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 12 მოციქულთაგან ორს იუდა ერქვა? (ლუკ. 6:16). წერილის დამწერი თავის თავს მოციქულს არ უწოდებს. ის მოციქულებს მესამე პირში მოიხსენიებს და, ამგვარად, საკუთარ თავს მათ რიცხვს არ მიაკუთვნებს (იუდ. 17, 18). იგი ამბობს, რომ „იაკობის ძმაა“. როგორც ჩანს, ის გულისხმობდა „იაკობის წერილის“ დამწერს, იესოს ნახევარძმას (მუხლ. 1). იაკობს კარგად იცნობდნენ, როგორც იერუსალიმის კრების ერთ-ერთ „ბურჯს“. ამიტომაც მოიხსენიებს იუდა მას თავის ვინაობაზე საუბრისას. აქედან გამომდინარე, იუდაც იესოს ნახევარძმა იყო, რასაც ბიბლიის სხვა წიგნებიც ადასტურებს (გალ. 1:19; 2:9; მათ. 13:55; მარ. 6:3). მიუხედავად ამისა, იუდა ყურადღებას არ ამახვილებს იესოსთან ნათესაურ კავშირზე და თავმდაბლურად უწოდებს საკუთარ თავს „ქრისტეს მონას“ (1 კორ. 7:22; 2 კორ. 5:16; მათ. 20:27).
3. რა ადასტურებს „იუდას წერილის“ კანონიკურობას?
3 „იუდას წერილი“ მოხსენიებულია ახ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებულ მურატორის ფრაგმენტში, რაც ადასტურებს მის კანონიკურობას. მას კლემენტ ალექსანდრიელიც (ახ. წ. მეორე საუკუნე) კანონიკურად მიიჩნევდა. ორიგენემ ამ წერილის შესახებ თქვა: „რამდენიმე სტრიქონია, მაგრამ ციური მადლით მოსილი სიტყვებით არის სავსე“a. „იუდას წერილს“ ტერტულიანეც კანონიკურად თვლიდა. ფაქტია, რომ ის ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნთა რიცხვს განეკუთვნება.
4. ვისთვის იყო იუდას წერილი განკუთვნილი, სად დაიწერა სავარაუდოდ და როდის?
4 იუდა მიმართავს „მოწოდებულებს“, მაგრამ არ მოიხსენიებს რომელიმე კონკრეტულ კრებას ან ქრისტიანს. აქედან გამომდინარე, მისი წერილი ყველა ქრისტიანისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა წერილიდან არ ჩანს, სავარაუდოდ, ის პალესტინაში დაიწერა. დარწმუნებით ძნელია იმის თქმა, თუ როდის მოხდა ეს. როგორც ჩანს, ამ წერილის დაწერის დროს ქრისტიანული კრება კარგა ხნის ჩამოყალიბებული იყო. ამაზე მეტყველებს ის, რომ იუდა ყურადღებას ამახვილებს „უფლის იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ადრე ნათქვამ სიტყვებზე“ და ციტირებს, როგორც ჩანს, 2 პეტრეს 3:3-ს (იუდ. 17, 18). გარდა ამისა, იუდას წერილი ძალიან ჰგავს „მეორე პეტრეს“ მეორე თავს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ იუდამ და პეტრემ, რომელთაც აფიქრებდათ კრებაში შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობა, დაახლოებით ერთ პერიოდში დაწერეს თავიანთი წერილები. ამის საფუძველზე იუდას წერილის დაწერის თარიღად სავარაუდოდ ახ. წ. 65 წელია მიჩნეული. ეს იმითაც დასტურდება, რომ იუდა არ მოიხსენიებს ახ. წ. 66 წელს ცესტიუს გალუსის გალაშქრებას იუდეველების აჯანყების ჩასახშობად და არც ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის განადგურებაზე ამბობს რამეს. იუდას თავის ეპისტოლეში მოჰყავს იმის კონკრეტული მაგალითები, თუ როგორ აღასრულა ღმერთმა განაჩენი ცოდვილებზე. იერუსალიმი განადგურებული რომ ყოფილიყო, იუდა ამ შემთხვევასაც მოიხსენიებდა არგუმენტად, მით უმეტეს, რომ ამის შესახებ იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (იუდ. 5—7; ლუკ. 19:41—44).
შინაარსი
5. ა) რატომ ჩათვალა იუდამ საჭიროდ, წერილობით შეეგონებინა მოწოდებულები, ებრძოლათ რწმენისთვის? ბ) რომელი გამაფრთხილებელი მაგალითები მოჰყავს იუდას?
5 იუდა გმობს სიძვას და ძალაუფლების არაფრად ჩაგდებას (მუხლ. 1—16). „მოწოდებულების“ სიყვარულით მოკითხვის შემდეგ, იუდა ამბობს, რომ სურდა მათთვის „საერთო ხსნის შესახებ“ მიეწერა, მაგრამ საჭიროდ ჩათვალა, წერილობით შეეგონებინა, რათა ‘ებრძოლათ რწმენისთვის’. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ კრებაში შეპარული უღვთო ადამიანები ღვთის წყალობას თავაშვებულობის გასამართლებლად იყენებდნენ. იუდა მათზე ამბობს, რომ „საქმეებით უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ბატონსა და უფალს, იესო ქრისტეს“ (მუხლ. 1, 3, 4). ის შეახსენებს მათ, რომ იეჰოვამ იხსნა ხალხი ეგვიპტიდან, მაგრამ „მოსპო ისინი, ვინც რწმენას არ ავლენდნენ“. იეჰოვა „გასამართლების დიდი დღისათვის“ ინახავს ანგელოზებს, რომლებმაც მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო. სოდომის, გომორისა და მათ გარშემო მდებარე ქალაქების სამუდამო განადგურებაც გამაფრთხილებელი მაგალითია მათთვის, ვინც ‘სიძვას მიეცა და ხორციელ გულისთქმებსა და აღვირახსნილობას არის აყოლილი’ (მუხლ. 5—7).
6. რაში მიუძღვით ბრალი უღვთოებს და რა მაგალითები მოჰყავს იუდას მათი მდგომარეობის საჩვენებლად?
6 უღვთოები მათ მსგავსად „ბილწავენ ხორცს, არაფრად აგდებენ ძალაუფლებას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით იხსენიებენ დიდებით მოსილთ“. თვით მიქაელ მთავარანგელოზმა არ მიმართა ეშმაკს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, როცა მოსეს სხეულის გამო ეკამათებოდა. მან უბრალოდ უთხრა: „იეჰოვამ შეგრისხოს“. ეს უღვთო ადამიანები შეურაცხყოფით ლაპარაკობენ და თავებს ირყვნიან უგუნური პირუტყვებივით. ისინი კაენის, ბალაამისა და კორახის გზით მიდიან. იუდა მათ ადარებს წყალქვეშა კლდეებს, უწყლო ღრუბლებს, ორჯერ მომკვდარ და ამოძირკვულ უნაყოფო ხეებს, სამარცხვინო საქმეებით აქაფებულ მძვინვარე ტალღებს და ცდომილ ვარსკვლავებს. მათთვის „უკუნი სიბნელეა სამარადისოდ შემონახული“ (მუხლ. 8, 9, 13). ენოქმა იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა სამართალს აღასრულებდა უღვთო ადამიანებზე. ისინი მუდამ დრტვინავენ, ჩივიან და გამორჩენის მიზნით ეპირფერებიან სხვებს.
7. ა) რას ამბობდნენ მოციქულები დამცინავებზე? ბ) რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომლებსაც გონებაში აქვთ მარადიული სიცოცხლე?
7 დარჩით ღვთის სიყვარულში (მუხლ. 17—25). იუდა ძმებს შეახსენებს უფალ იესო ქრისტეს მოციქულების მიერ ნათქვამ სიტყვებს: „ბოლო დროს იქნებიან დამცინავები, რომლებიც საკუთარი უღვთო სურვილებისამებრ მოიქცევიან“. ისინი არიან „ხორციელი ადამიანები, რომლებსაც სულიერობა არა აქვთ“. ქრისტიანებმა საკუთარი თავი უნდა აღაშენონ რწმენაზე. ისინი უნდა დარჩნენ ღვთის სიყვარულში, ვიდრე ელიან ქრისტეს გულმოწყალებას და ‘გონებაში აქვთ მარადიული სიცოცხლე’. ისინი გულმოწყალენი უნდა იყვნენ და დაეხმარონ მათ, ვინც მერყეობს. წერილის დასასრულს იუდა უფალ იესო ქრისტეს მეშვეობით დიდებას მიაგებს „ღმერთს, ჩვენს მხსნელს“, რომელსაც შეუძლია მათი დაცვა დაბრკოლებისგან (მუხლ. 18—21, 25).
რატომ არის სასარგებლო
8. როგორ შეაგონებს იუდა ძმებს წმინდა წერილებისა და ბუნებიდან მოყვანილი მაგალითების მეშვეობით?
8 იუდა ხედავდა, რომ ღვთისგან შთაგონებული წერილები სასარგებლო იყო საყვარელი თანაქრისტიანების გასაფრთხილებლად, გასამხნევებლად, სასწავლებლად და დასარიგებლად. იმის საჩვენებლად, თუ რამხელა ცოდვას სჩადიოდნენ უღვთოები, რომლებიც კრებებში იჭრებოდნენ, იუდამ შთამბეჭდავი მაგალითები მოიყვანა ებრაული წერილებიდან. მაგალითად, განდგომილი ისრაელების, ურჩი ანგელოზების, სოდომისა და გომორას მკვიდრთა შემთხვევებით მათ აჩვენა, რომ ღვთის სასჯელს ვერ გაექცევიან ამგვარი ბოროტების ჩამდენნი. მან გახრწნილი ადამიანები უგუნურ პირუტყვებს შეადარა. აგრეთვე აღნიშნა, რომ ისინი კაენის გზით მიდიან, ბალაამის მცდარ გზას ადგანან და კორახის მსგავსად იღუპებიან, რადგან ურჩობისკენ აქეზებენ სხვებს. თავისი აზრის განსამტკიცებლად მას ბუნებიდანაც მოჰყავს მაგალითები. იუდას წერილი „მთელი წმინდა წერილის“ ნაწილია და დანარჩენ წერილებთან ერთად სასარგებლოა სასწავლებლად. ის გვასწავლის, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ „ბოლო დღეებში“ (იუდ. 17, 18, 5—7, 11—13; რიცხ. 14:35—37; დაბ. 6:4; 18:20, 21; 19:4, 5, 24, 25; 4:4, 5, 8; რიცხ. 22:2—7, 21; 31:8; 16:1—7, 31—35).
9. რატომ არის იუდას რჩევები დღესაც აქტუალური და რას უნდა ცდილობდნენ ქრისტიანები?
9 დევნამ და წინააღმდეგობამ ვერ შეაჩერა ქრისტიანობის გავრცელება. თუმცა ძმები ახლა კრების შიგნით არსებული საშიშროების წინაშე იდგნენ. „წყალქვეშა კლდეებს“ მთელი კრების დაღუპვა შეეძლოთ. იუდას კარგად ესმოდა, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანდა და ‘რწმენისთვის ბრძოლის’ აუცილებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას. მისი წერილი დღესაც დროულია. მისი გაფრთხილებები დღესაც აქტუალურია. რწმენის დასაცავად დღესაც უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ამოვძირკვოთ უზნეობა და მათ მიმართ, ვინც ეჭვობს, გულმოწყალენი ვიყოთ, რათა ცეცხლს გამოვტაცოთ. ზნეობრივი სიწმინდისთვის, სულიერი წინსვლისა და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის ქრისტიანებმა უწმინდეს რწმენაზე უნდა აღაშენონ საკუთარი თავი. მათ სწორი პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ და დაუახლოვდნენ ღმერთს ლოცვით. ისინი პატივისცემით უნდა მოეკიდონ კრებაში ღვთის მიერ დანიშნულ პასუხისმგებელ ძმებს (იუდ. 3, 23, 8).
10. ა) როგორ უნდა მოეპყრონ კრებაში „ხორციელ ადამიანებს“ და რა შედეგს გამოიღებს ეს? ბ) რა კურთხევები ელით სამეფოს მემკვიდრეებს და რაში უერთდებიან ისინი იუდას?
10 „ხორციელი ადამიანები, რომლებსაც სულიერობა არა აქვთ“, ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ისინი მხოლოდ საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც მარადიული სიცოცხლის გზაზე დგას (იუდ. 19; გალ. 5:19—21). კრებამ უნდა იცოდეს მათ შესახებ. ასეთი ადამიანების ადგილი არ არის კრებაში! ამგვარად, „გულმოწყალება, მშვიდობა და სიყვარული“ გამრავლდება ქრისტიანებში და ისინი დარჩებიან ღვთის სიყვარულში, ‘ვიდრე ელიან უფლის იესო ქრისტეს გულმოწყალებას და გონებაში აქვთ მარადიული სიცოცხლე’. ღმერთი, ჩვენი მხსნელი, სამეფოს მემკვიდრეებს ‘უმანკოებს გახდის თავისი დიდების წინაშე და მისცემს დიდ სიხარულს’. ისინი უერთდებიან იუდას და ‘იესო ქრისტეს მეშვეობით მიაგებენ ღმერთს დიდებას, სიდიადეს, ძლევამოსილებასა და ძალაუფლებას’ (იუდ. 2, 21, 24, 25).
[სქოლიო]
a The Canon of the New Testament, 1987, ბ. მეცგერი, გვ. 138.