ნუგეში დეპრესიით დატანჯულთათვის
„მთელი ქმნილება ერთნაირად იტანჯება აქამდე“ (რომაელთა 8:22). დაახლოებით 1900 წლის წინათ, როდესაც ეს სიტყვები დაიწერა, კაცობრიობა მძიმედ იტანჯებოდა. მრავალი ადამიანი დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. ამიტომ ქრისტიანებს მოუწოდებდნენ: „ანუგეშეთ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ ]“ (1 თესალონიკელთა 5:14).
ჩვენს დროში კაცობრიობის მწუხარება კიდევ უფრო დიდია და ბევრი იტანჯება დეპრესიით. მაგრამ უნდა გვიკვირდეს ეს? არსებითად, არა, იმიტომ, რომ ბიბლია ამ პერიოდს განსაზღვრავს, როგორც ‘უკანასკნელ დღეებს’ და მას ‘საზარელ ჟამს’ უწოდებს (2 ტიმოთე 3:1–5). იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში იქნებოდა „ხალხთა შეშფოთება“ და ‘ხალხს გული შეუწუხდებოდა შიშით და მსოფლიოზე მომავალთა მოლოდინით’ (ლუკა 21:7–11, 25–27; მათე 24:3–14).
როდესაც ადამიანებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში უხდებათ მღელვარების, შიშის, მწუხარებისა და სხვა ამის მსგავსი უარყოფითი ემოციების გადატანა, ხშირად, ისინი იტანჯებიან დეპრესიით. ამ დეპრესიის, ანუ უკიდურესი შეშფოთების მიზეზი შეიძლება იყოს საყვარელი ადამიანის სიკვდილი, სამსახურის დაკარგვა, განქორწინება ან ხანგრძლივი ავადმყოფობა. ადამიანები, ასევე, დეპრესიაში ვარდებიან, როდესაც მათში ღვივდება ისეთი გრძნობა, თითქოს ისინი არიან არაფრის მაქნისნი, წარუმატებელნი და ვერავის იმედებს ამართლებენ. ნებისმიერი პიროვნება შეიძლება იყოს დათრგუნვილი სტრესული სიტუაციით, მაგრამ, როდესაც ადამიანი ანვითარებს უიმედობის გრძნობას და არ შეუძლია მონახოს რაიმე გამოსავალი რთული სიტუაციიდან, შესაძლოა, წარმოიშვას მძიმე დეპრესია.
ძველი დროის ადამიანებიც განიცდიდნენ მსგავს გრძნობებს. იობი იტანჯებოდა ავადმყოფობისა და პირადი წარუმატებლობის გამო. ის ფიქრობდა, რომ ღმერთისგან იყო მიტოვებული და ამიტომ ზიზღი გამოხატა სიცოცხლისადმი (იობი 10:1; 29:2, 4, 5). როცა იაკობს ეგონა, რომ შვილი მოუკვდა, დეპრესიაში ჩავარდნილი უარყოფდა ნუგეშისცემას და სურდა სიკვდილი (დაბადება 37:33–35). როდესაც მეფე დავითი ჩადენილი მძიმე ცოდვის გამო გრძნობდა დანაშაულს, წუხდა: „მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები. დავუძლურდი“ (ფსალმუნი 37:7, 9; 2 კორინთელთა 7:5, 6).
ჩვენს დროში ბევრი ჩავარდა დეპრესიაში, რადგან მეტისმეტად იტვირთავდნენ თავს იმით, რომ ცდილობდნენ, მიჰყოლოდნენ დღის წესრიგს, რომელიც აღემატებოდა მათ გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. უსათუოდ, უარყოფითი ფიქრებისა და ემოციების შედეგად მიღებულმა სტრესმა შეიძლება იმოქმედოს ორგანიზმზე და დაარღვიოს ტვინში ქიმიური წონასწორობა, რაც წარმოშობს დეპრესიას (შეადარე იგავნი 14:30).
დახმარება, რომელსაც ისინი საჭიროებენ
ეპაფროდიტესი, პირველი საუკუნის ქრისტიანი, ქალაქ ფილიპედან, ‘ძალიან წუხდა, რომ [მისმა მეგობრებმა] შეიტყვეს მისი ავადმყოფობა’. შესაძლოა, ეპაფროდიტესი, რომელიც იმის შემდეგ გახდა ავად, რაც მისმა მეგობრებმა გააგზავნეს რომში პავლე მოციქულისთვის მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, ფიქრობდა, რომ ვერ გაამართლა მათი მოლოდინი და ისინი უვარგისად მიიჩნევდნენ მას (ფილიპელთა 2:25–27; 4:18). როგორ დაეხმარა მას პავლე მოციქული?
მოციქულმა ეპაფროდიტესი შინ გაგზავნა და გაატანა წერილი ფილიპელი მეგობრებისთვის, რომელშიც ნათქვამი იყო: „მიიღეთ იგი [ეპაფროდიტესი] უფალში ყოველნაირი სიხარულით და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს“ (ფილიპელთა 2:28–30). იმას, რომ პავლემ ასე დააფასა ეპაფროდიტესი და ფილიპელებმა ასე თბილად, სიყვარულით მიიღეს იგი, უსათუოდ, უნდა ენუგეშებინა ეპაფროდიტესი და ხელი შეეწყო დეპრესიის შემსუბუქებისთვის.
რასაკვირველია, ბიბლიური რჩევა, „ანუგეშეთ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ ]“, ყველაზე საუკეთესოა. «აუცილებელია იცოდე, რომ სხვები ზრუნავენ შენზე, როგორც პიროვნებაზე, — თქვა დეპრესიით დატანჯულმა ქალმა. — საჭიროა, რომ ვინმემ გითხრას: „მე მესმის შენი; შენ უკეთესად იგრძნობ თავს“».
ის, ვინც დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება, ხშირად უნდა ავლენდეს ინიციატივას, რომ იპოვოს თანამგრძნობი ადამიანი, რომელსაც ის ენდობა. ეს ადამიანი უნდა იყოს ყურადღებიანი მსმენელი და ასევე, ძალიან მომთმენი. ის უნდა ერიდოს ნოტაციების წაკითხვას ან შემდეგი გამკიცხავი შენიშვნების მიცემას: „შენ არ უნდა იფიქრო ასე“ ან „ეს არასწორი შეხედულებაა“. დეპრესიით დატანჯულ ადამიანს ფაქიზი გრძნობები აქვს და ასეთი კრიტიკული გამოთქმები აღძრავენ მას, კიდევ უფრო უარესად იფიქროს საკუთარ თავზე.
დეპრესიაში ჩავარდნილი ადამიანი შეიძლება არაფრის მაქნისად გრძნობდეს თავს (იონა 4:3). მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ სინამდვილეში მთავარია ის, თუ რამდენად აფასებს მას ღმერთი. ადამიანები ‘არად აგდებდნენ’ ქრისტეს, მაგრამ ღმერთისთვის ის ისევ ძვირფასი დარჩა (ესაია 53:3). იყავი დარწმუნებული, რომ ღმერთს ისევე უყვარხარ, როგორც თავისი ძვირფასი ძე (იოანე 3:16).
იესოს ებრალებოდა გაჭირვებაში მყოფი ადამიანები და ცდილობდა დახმარებოდა მათ, რათა დაენახათ საკუთარი პიროვნული ღირსება (მათე 9:36; 11:28–30; 14:14). ის უხსნიდა მათ, რომ ღმერთი აფასებს თვით პატარა, უმნიშვნელო ფრინველებსაც კი. მან თქვა: „არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის მიერ“. რამდენად უფრო მეტად აფასებს ის ადამიანებს, რომლებიც მისი ნების შესრულებას ცდილობენ! მათზე იესომ თქვა: „თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია“ (ლუკა 12:6, 7).
მართალია, რომ ადამიანს, რომელიც მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება და დათრგუნვილია თავისი სისუსტეებითა და ნაკლოვანებებით, შეიძლება უჭირს დაჯერება, რომ ის ღმერთისთვის ასე ძვირფასია. შესაძლოა, ის დარწმუნებულია, რომ არ იმსახურებს ღმერთის სიყვარულსა და მზრუნველობას. „ჩვენი გული გვდებს მსჯავრს“ — აღიარებს ღმერთის სიტყვა. მაგრამ, არის კი ეს გადამწყვეტი ფაქტორი? — არა! ღმერთს ესმის, რომ ცოდვილმა ადამიანებმა შეიძლება უარყოფითად იფიქრონ და განსაჯონ კიდეც საკუთარი თავი. ამიტომ, მისი სიტყვა ანუგეშებს მათ: „ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე იცის“ (1 იოანე 3:19, 20).
დიახ, ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ხედავს უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ ჩვენს ცოდვებსა და შეცდომებს. მან იცის დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოებანი, მთელი ჩვენი ცხოვრების გზა, ჩვენი მოტივები და განზრახვები. მან იცის, რომ ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა, ავადმყოფობა, სიკვდილი და ამიტომ გვაქვს ძალზე შეზღუდული შესაძლებლობა. ის, რომ საკუთარი პიროვნების გამო დანაღვლიანებულნი და გულნატკენნი ვართ, ამტკიცებს, რომ არ გვსურს ცოდვის ჩადენა და მეტისმეტად შეტოპვა. ბიბლია ამბობს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ‘დავემორჩილეთ ამაოებას’. ამიტომ ღმერთი თანაუგრძნობს ჩვენს სავალალო მდგომარეობას და თანაგრძნობით ითვალისწინებს ჩვენს სისუსტეებს (რომაელთა 5:12; 8:20).
ბიბლია გვარწმუნებს: „შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრვალმოწყალე. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, ისე განგვაშორა მან დანაშაული ჩვენი. რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:8, 12, 14). იეჰოვა ნამდვილად არის „მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3, 4).
ყველაზე დიდი დახმარება, რომელსაც დეპრესიით დატანჯულები საჭიროებენ, არის მჭიდრო ურთიერთობის განვითარება გულმოწყალე ღმერთთან და მოწოდების მიღება: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი“. მას ნამდვილად შეუძლია ‘ცხოველყოს ტანჯულთა სული’ (ფსალმუნი 54:23; ესაია 57:15). ამიტომ ღმერთის სიტყვა მოგვიწოდებს ლოცვისკენ: „თქვენი ყველა საზრუნავი მას [იეჰოვას] დააკისრეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7). დიახ, ლოცვა-ვედრებით ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ ღმერთს და დავტკბეთ ‘ღმერთის მშვიდობით, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება’ (ფილიპელთა 4:6, 7; ფსალმუნი 15:8, 9).
ასევე, ცხოვრების წესის პრაქტიკულმა ცვლილებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს დეპრესიული მდგომარეობის გადალახვას. ფიზიკური ვარჯიში, ნოყიერი საკვების მიღება, სუფთა ჰაერი, საკმარისი დასვენება და სატელევიზიო გადაცემების ზომიერად ყურება, — ყოველივე ეს, მნიშვნელოვანია. ერთი ქალი დეპრესიით დატანჯულ ადამიანებს ეხმარებოდა იმით, რომ აღძრავდა მათ, მოეწყოთ გამამხნევებელი გასეირნება, ხოლო როცა დეპრესიაში ჩავარდნილმა ერთ-ერთმა ქალმა თქვა: „მე არ მინდა სასეირნოდ წასვლა“, მან, ალერსიანად, მაგრამ მტკიცედ მიუგო: „შენ წამოხვალ“. „ჩვენ გავიარეთ ექვსი კილომეტრი. როცა დავბრუნდით, ის დაღლილი იყო, მაგრამ თავს უკეთ გრძნობდა. სანამ თავად არ მოსინჯავთ, ვერ წარმოიდგენთ, თუ რამდენად სასარგებლოა ასეთი გასეირნება“ — იტყობინება ის ქალბატონი.
მაგრამ, ზოგჯერ შეუძლებელია დეპრესიის მთლიანად დაძლევა მაშინაც კი, როდესაც მოსინჯულია ყველაფერი, სამედიცინო მკურნალობის ჩათვლით. „მე ყველაფერი ვცადე, — თქვა ერთმა შუახნის ქალბატონმა, — მაგრამ დეპრესიული მდგომარეობიდან ვერ გამოვედი“. ამის მსგავსად, დღეს, ხშირად, შეუძლებელია ბრმის, ყრუსა და კოჭლის განკურნება. და მაინც, დეპრესიით დატანჯულებს შეუძლიათ ჰპოვონ ნუგეში და იმედი, ღმერთის სიტყვის რეგულარული წაკითხვით, რომელშიც მოცემულია მტკიცე იმედი, რომ კაცობრიობა მარადიულად გათავისუფლდება ყოველგვარი სნეულებისგან (რომაელთა 12:12; 15:4).
როცა უკვე აღარავინ დაიტანჯება დეპრესიით
როცა იესო აღწერდა საშინელ მოვლენებს, რომლებიც უკანასკნელ დღეებში უნდა მომხდარიყო დედამიწაზე, მან დაუმატა: „ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, იმიტომ, რომ ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკა 21:28). იესო ლაპარაკობდა იმ ხსნაზე, რომელსაც მოაქვს სიცოცხლე ღმერთის ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში, სადაც „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღმერთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:21).
როგორ შვებას იგრძნობენ ადამიანები, როცა გათავისუფლდებიან წარსულის ტვირთისგან; როდესაც ისინი ყოველ დილით გაიღვიძებენ ნათელი გონებით და იქნებიან სურვილით აღვსილნი, შეუდგნენ საქმიანობას! მეტად აღარავინ გაეხვევა დეპრესიის საბურველში. კაცობრიობას ეძლევა მტკიცე დანაპირები, რომ ღმერთი „მოსწმენდს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება; ვინაიდან პირველებმა გადაიარეს“ (გამოცხადება 21:3, 4).
ებრაული წერილებიდან ციტირებული ტექსტი აღებულია ბიბლიიდან „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, 1989“. ციტატები ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიდან კი აღებულია წიგნიდან „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“ (სტოკჰოლმის გამოცემა ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1990). თუ ციტატას მოჰყვება შემოკლება აქ, ეს მიუთითებს რომ ციტატა გადმოთარგმნილია ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიიდან „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი — სქოლიოებით“.