საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • jv თ. 6 გვ. 61-71
  • გამოცდის ჟამი (1914—1918)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოცდის ჟამი (1914—1918)
  • იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • დიდი მოლოდინი
  • „ძმაო, რასელ, გული ხომ არ გაგიტყდა?!“
  • „როგორ იქნება ჩვენი საქმე ამის შემდეგ?“
  • ადმინისტრაციული ცვლილებები
  • ახალი პრეზიდენტის წინ გადადგმული ნაბიჯები
  • ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა
  • თავდასხმის სამიზნეები
  • „კერა არ გაგვიციებია“
  • განსაცდელები ორგანიზაციის შიგნით და გაცხრილვა
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • ქადაგება უფლის მოსვლაზე (1870—1914)
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
  • ასი წლის წინ — 1917
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2017
  • აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ! (1919—1941)
    იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
იხილეთ მეტი
იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები
jv თ. 6 გვ. 61-71

თავი 6

გამოცდის ჟამი (1914—1918)

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამოცდის ჟამი დადგა . . . თუ ვინმე რაიმე მიზეზის გამო შორდება უფალს და მის ჭეშმარიტებას და აღარ სურს უფლის საქმის მთელი გულით კეთება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ასეთი ადამიანი ღმერთს სიყვარულის გამო კი არა, სხვა მიზეზის გამო დაუახლოვდა. შესაძლოა, მას იმედი ჰქონდა, რომ დრო ახლოს იყო და მხოლოდ განსაზღვრული დროით მიუძღვნა ღმერთს თავი. თუ ეს ასეა, მაშინ დროა, ის წავიდეს“.

ეს სიტყვები, რომლებიც 1914 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა, მართლაც დროული იყო. ბიბლიის მკვლევარებისთვის 1914—1918 წლებში სწორედ რომ „გამოცდის ჟამი“ იდგა. ზოგმა განსაცდელმა ორგანიზაციის შიგნით იჩინა თავი, ზოგიც გარედან იყო. ამ განსაცდელებმა აშკარა გახადა, ემსახურებოდნენ თუ არა ბიბლიის მკვლევარები „ღმერთს სიყვარულით“. დარჩებოდნენ ისინი „უფლისა და მისი ჭეშმარიტების“ ერთგულები თუ განდგებოდნენ?

დიდი მოლოდინი

1914 წლის 28 ივნისს მოკლეს ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი. ეს მკვლელობა გახდა დიდი მსოფლიო ომის მიზეზი, რომელიც ისტორიაში პირველი მსოფლიო ომის სახელით შევიდა. ბრძოლა დაიწყო 1914 წლის აგვისტოში, როცა გერმანიის ჯარები ბელგიასა და საფრანგეთში შეიჭრნენ. იმავე წლის შემოდგომაზე ომი უკვე მძვინვარებდა.

1914 წლის 2 ოქტომბერს, პარასკევ დილას რასელი ბრუკლინში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარი სამმართველოს სასადილო ოთახში შევიდა და ხმამაღლა განაცხადა: „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდა. მათი მეფეების დღეები დათვლილია!“. ყველანი აღელვებულები იყვნენ — იქ მყოფთაგან უმეტესობა მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდა 1914 წელს. მაგრამ, რას ნიშნავდა უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულება?

პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. იმ დროს სჯეროდათ, რომ ეს მსოფლიო ქაოსს გამოიწვევდა, რასაც არსებული ქვეყნიერების აღსასრული მოჰყვებოდა. გარდა ამისა, 1914 წელთან დაკავშირებით სხვა მოლოდინიც ჰქონდათ. ალექსანდრე მაკმილანი, რომელიც 1900 წლის სექტემბერში მოინათლა, მოგვიანებით იხსენებდა: „ზოგიერთი ჩვენგანი სერიოზულად ფიქრობდა, რომ 1914 წლის ოქტომბრის პირველივე კვირაში ზეცაში წავიდოდით“.a მაკმილანმა გაიხსენა ის დილა, როცა რასელმა უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დამთავრება გამოაცხადა, და გულწრფელად თქვა: „ისეთი აღტაცებულები ვიყავით, რომ არ გაგვიკვირდებოდა, თუ ამ სიტყვების თქმისთანავე ზეცაში წავიდოდით. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა“.

უილიამ მილერისა და სხვა ადვენტისტური ჯგუფების მიმდევრებმა რწმენა დაკარგეს, რადგან XIX საუკუნეში უფალ იესოს დაბრუნებაზე მათი მოლოდინი არ გამართლდა. მაგრამ, რის თქმა შეიძლება რასელსა და მის თანამოაზრეებზე? ზოგიერთ მათგანს ღვთისადმი სიყვარულსა და მისი ნების შესრულებაზე მეტად იმის სურვილი ხომ არ ამოძრავებდა, რომ მალევე მიეღოთ ხსნა?

„ძმაო, რასელ, გული ხომ არ გაგიტყდა?!“

ძმა რასელი ბიბლიის მკვლევარებს მოუწოდებდა, რომ იმედგაცრუების მიუხედავად, ეფხიზლათ და კვლავაც მთელი შემართებით ეკეთებინათ უფლის საქმე.

გავიდა 1914 წლის ოქტომბერი. რასელი და მისი თანამოაზრეები ისევ დედამიწაზე იყვნენ. შემდეგ 1915 წლის ოქტომბერიც გავიდა. გაუტყდა გული რასელს? 1916 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“ ის წერდა: «თქვენ მკითხავთ: „ძმაო რასელ, თქვენი აზრით, როდისღა შევიცვლებით?! გული ხომ არ გაგიტყდა, რომ იმედი არ გაგვიმართლდა მაშინ, როცა ამას ველოდით?!“. რა თქმა უნდა, არა . . . ძმებო, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ღმერთთან, მას არასოდეს გაუტეხს გულს ღვთის განზრახვები. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ჩვენი ნება შესრულებულიყო და როცა 1914 წლის ოქტომბერში მოლოდინი არ გაგვიმართლდა, გაგვიხარდა, რომ უფალმა არ შეცვალა თავისი განზრახვები ჩვენ სასარგებლოდ; ეს არ იყო ჩვენი სურვილი. ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ მის გეგმებსა და განზრახვებს ჩავწვდეთ».

1914 წლის ოქტომბერში ბიბლიის მკვლევარები ზეცაში „არ დასახლებულან“. თუმცა ამ წელს უცხოტომელთათვის დანიშნული დროები დასრულდა. ცხადია, ბიბლიის მკვლევარებს უფრო მეტი უნდა გაეგოთ 1914 წლის მნიშვნელობის შესახებ. რა უნდა გაეკეთებინათ მათ? უნდა ემოქმედათ! 1916 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჩვენ ვფიქრობდით, რომ მკა, ეკლესიის [ცხებულების] შეკრება, უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებამდე დამთავრდებოდა. მაგრამ ბიბლიაში მსგავსი არაფერია ნათქვამი . . . ვნანობთ, რომ მკა გრძელდება? არანაირად . . . ძვირფასო ძმებო, ახლა ღვთისადმი მადლიერება უფრო უნდა გაგვიღრმავდეს; მეტად უნდა ვიყოთ მადლიერნი, რომ ღმერთმა ძვირფასი ჭეშმარიტება გვაპოვნინა და შესაძლებლობა მოგვცა, ვზიარებოდით მას. ჩვენ მეტი გულმოდგინებით უნდა შევუდგეთ ამ ჭეშმარიტების სხვებისთვის გაცხადებას“.

კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი მკის საქმის ბოლომდე მისაყვანად? როგორც ჩანს, ძმა რასელი ფიქრობდა, რომ საქმე ბევრი იყო. ამაზე მოწმობს 1916 წლის შემოდგომაზე ძმა მაკმილანთან მისი საუბარი. რასელმა ბრუკლინის ბეთელში თავის კაბინეტში დაიბარა მაკმილანი და უთხრა: „საქმე ძალიან სწრაფად მიიწევს წინ და უფრო დაჩქარდება, რადგან სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს მთელ მსოფლიოს“. სამსაათ-ნახევრის განმავლობაში რასელი უხსნიდა მაკმილანს, რომ, როგორც ბიბლიიდან დაინახა, ჯერ კიდევ უზარმაზარი საქმე იყო გასაკეთებელი.

ბიბლიის მკვლევარებისთვის ეს რთული განსაცდელი იყო. „საგუშაგო კოშკის“ დახმარებით მათ სიმტკიცე შეინარჩუნეს და გულგატეხილობა დასძლიეს. მაგრამ მძიმე განსაცდელები ჯერ კიდევ წინ იყო.

„როგორ იქნება ჩვენი საქმე ამის შემდეგ?“

1916 წლის 16 ოქტომბერს ძმა რასელი და მისი მდივანი მენტა სტერჯენი გაემგზავრნენ ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში, რათა რასელს მოხსენებები წარმოეთქვა. იმ პერიოდში რასელი სერიოზულად ავადმყოფობდა. კანადის გავლით ისინი პირველად დეტროიტში (მიჩიგანის შტატი) ჩავიდნენ, იქიდან ილინოისის, კანზასისა და ტეხასის შტატებში გადავიდნენ, შემდეგ 29 ოქტომბერს, კვირას კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში რასელმა თავისი ბოლო მოხსენება წარმოთქვა. ორი დღის შემდეგ, 31 ოქტომბერს, სამშაბათს, 64 წლის ჩარლზ ტეიზ რასელი ქალაქ პამპაში (ტეხასის შტატი) მატარებელში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ იუწყებოდა 1916 წლის 15 ნოემბრის „საგუშაგო კოშკი“.

როგორი რეაქცია ჰქონდა ბეთელის ოჯახს, როცა ძმა რასელის გარდაცვალების შესახებ გამოაცხადეს? მაკმილანმა, რომელიც ბეთელში რასელის არყოფნის დროს მის მოვალეობას ასრულებდა, მოგვიანებით გაიხსენა ის დილა, როცა ბეთელის ოჯახს ტელეგრამა წაუკითხა: «მთელ სასადილოში ოხვრის ხმა ისმოდა. ზოგი ხმამაღლა ტიროდა. იმ დილით არავის უსაუზმია. ყველა მწუხარებას მოეცვა. როცა საუზმის დრო დამთავრდა, ყველანი პატარ-პატარა ჯგუფებად შეიკრიბნენ და ჩურჩულებდნენ: „როგორ იქნება ჩვენი საქმე ამის შემდეგ?“. იმ დღეს თითქმის არავის უმუშავია. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. მართალია, რასელი წინასწარ გვამზადებდა თავისი სიკვდილისთვის, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო. როგორ უნდა მოვქცეულიყავით? რასელის სიკვდილმა თავზარი დაგვცა. მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მომავალი შავბნელ ფერებში გვესახებოდა. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე რასელი ჩვენთვის „საზოგადოება“ იყო. მთელი საქმე მის გარშემო ტრიალებდა; ის დაუღალავად და შეუპოვრად შრომობდა, რომ ღვთის ნება შეესრულებინა».

„ ტემპლში“ (ნიუ-იორკი) და „კარნეგი-ჰოლში“ (პიტსბურგი) დაკრძალვის მოხსენების წარმოთქმის შემდეგ ძმა რასელი მისი თხოვნისამებრ დაკრძალეს ალეგანიში ბეთელის ოჯახის კუთვნილ მიწაზე. რასელის მოკლე ბიოგრაფია და ანდერძი დაიბეჭდა 1916 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკსა“ და „საღვთო წერილის გამოკვლევის“ პირველი ტომის შემდგომ გამოცემებში.

როგორ წავიდოდა საქმე ამის შემდეგ? ბიბლიის მკვლევარებს რასელის ადგილზე სხვა ვინმე ვერ წარმოედგინათ. კვლავაც შეძლებდნენ ისინი წმინდა წერილებიდან უფრო მეტის გაგებას? ხომ არ გახდებოდნენ ისინი სექტა და რასელის კულტს ხომ არ შექმნიდნენ? როცა რასელი ცოცხალი იყო, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საქმე წინ წაიწევდა. ასე რომ, მისი სიკვდილიდან მალევე შემდეგი კითხვები წამოიჭრა: ვინ გადაწყვეტდა, რა დაიბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა პუბლიკაციებში? ვინ გახდებოდა რასელის ნაცვლად პრეზიდენტი?

ადმინისტრაციული ცვლილებები

რასელმა ანდერძში დაწერა, რომ შექმნილიყო ხუთი წევრისგან შემდგარი სარედაქციო კომიტეტი, რომელიც გადაწყვეტდა, რა დაიწერებოდა „საგუშაგო კოშკში“.b გარდა ამისა, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ დირექტორთა საბჭოს მიერ შეიქმნა აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც სამი წევრი შედიოდა — ა. ი. რიჩი, უ. ე. ვან ამბერგი და ჯ. ფ. რუტერფორდი. ეს კომიტეტი, რომელიც დირექტორთა საბჭოს ემორჩილებოდა, ორგანიზაციის ყველა საქმეს უწევდა ზედამხედველობას.c მაგრამ ვინ იქნებოდა ახალი პრეზიდენტი? ეს საკითხი გადაწყდებოდა ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 1917 წლის 6 იანვარს ჩატარდებოდა.

თავიდან აღმასრულებელი კომიტეტი ყველაფერს აკეთებდა, რომ საქმე არ შეჩერებულიყო და ბიბლიის მკვლევარებს მოუწოდებდა, აქტიურები ყოფილიყვნენ და მხნეობა არ დაეკარგათ. „საგუშაგო კოშკი“ კვლავაც გამოიცემოდა და მასში ის სტატიები იბეჭდებოდა, რომლებიც რასელმა სიკვდილამდე დაწერა. მაგრამ ყოველწლიური შეხვედრის მოახლოებასთან ერთად დაძაბულობა მატულობდა. ზოგი წინასაარჩევნო კამპანიისმაგვარ აგიტაციას ეწეოდა, რომ თავისი კანდიდატი პრეზიდენტად გაეყვანა. სხვები დიდ პატივისცემას გამოხატავდნენ ძმა რასელის მიმართ და, როგორც ჩანს, მთელი ყურადღება მისი თვისებების მიბაძვაზე ჰქონდათ გადატანილი, რითაც გარკვეულწილად მისი კულტის შექმნას უწყობდნენ ხელს. მაგრამ ბიბლიის მკვლევართა უმეტესობა ცდილობდა, ის საქმე გაეგრძელებინა, რომელსაც რასელმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

ახლოვდებოდა არჩევნები, მაგრამ ისევ უცნობი იყო, ვინ გახდებოდა პრეზიდენტი. 1917 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ ყოველწლიური შეხვედრის შედეგებზე ნათქვამი იყო: „ძმა პირსონმა ღრმა მადლიერება და სიყვარული გამოხატა ძმა რასელისადმი, შემდეგ კი განაცხადა, რომ მთელი ქვეყნიდან ძმებმა სთხოვეს, პრეზიდენტის არჩევნებზე ჯ. ფ. რუტერფორდის კანდიდატურა წამოეყენებინათ, რათა ხმა მისთვის მიეცათ. შემდეგ პირსონმა აღნიშნა, რომ თავადაც უერთდებოდა მათ არჩევანს“. რუტერფორდის კანდიდატურის წარდგენის შემდეგ სხვა კანდიდატი აღარ დაუსახელებიათ, რადგან „მდივანმა ხმების დათვლის შემდეგ გამოაცხადა, რომ შეხვედრის ყველა დამსწრემ ძმა რუტერფორდი ერთსულოვნად აირჩია პრეზიდენტად“.

არჩევნები შედგა, მაგრამ როგორ მიიღეს ახალი პრეზიდენტი? ზემოთ მოხსენიებულ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „და-ძმები ყველგან ევედრებოდნენ უფალს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ეხელმძღვანელა. როცა არჩევნები დასრულდა, ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იყო, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ უფალმა უხელმძღვანელა განხილვას და შეისმინა მათი ლოცვები. დამსწრეთა შორის ერთსულოვნება სუფევდა“.

თუმცა მათი ერთსულოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ბევრმა თბილად მიიღო ახალი პრეზიდენტი, მაგრამ არა ყველამ.

ახალი პრეზიდენტის წინ გადადგმული ნაბიჯები

ძმა რუტერფორდს არ შეუცვლია ორგანიზაციისთვის რასელის მიერ აღებული კურსი. ორგანიზაციის მიმომსვლელი წარმომადგენლების (იგივე პილიგრიმები) რიცხვი 69-დან 93-მდე გაიზარდა. უფასო ტრაქტატების გავრცელებამაც ფართო ხასიათი მიიღო. დროდადრო მათ კვირაობით ეკლესიების წინ ავრცელებდნენ, კარდაკარ კი რეგულარულად სთავაზობდნენ ხალხს.

წინ წაიწია „სამწყემსო საქმემაც“, რომელსაც ჯერ კიდევ რასელმა ჩაუყარა საფუძველი. ეს იყო იმ განმეორებითი მონახულების მსგავსი ღონისძიება, რომელსაც დღეს იეჰოვას მოწმეები ასრულებენ. სამქადაგებლო საქმიანობის გასაფართოებლად ორგანიზაციის ახალმა პრეზიდენტმა წიგნების დატარების საქმეს მეტი ყურადღება მიაქცია. შედეგად წიგნების დამტარებელთა (პიონერების წინამორბედები) რიცხვი 372-დან 461-მდე გაიზარდა.

„1917 წლის დასაწყისისთვის შექმნილი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა“, — ნათქვამი იყო 1917 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“. რასელის სიკვდილის შემდეგ ბიბლიის მკვლევარებს გარკვეულწილად ცუდი წინათგრძნობა, ეჭვები და შიში დაეუფლათ. მაგრამ წლის ბოლოს ანგარიში გამამხნევებელი იყო — სამქადაგებლო საქმიანობა ფართოვდებოდა. აშკარა იყო, რომ საქმე წინ მიიწევდა. შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ბიბლიის მკვლევარებმა გადაიტანეს რასელის სიკვდილით გამოწვეული განსაცდელი?

ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა

ახალ პრეზიდენტს ყველა როდი უჭერდა მხარს. ჩარლზ რასელი და ჯოზეფ რუტერფორდი ძალიან განსხვავებულები იყვნენ. ისინი ხასიათითაც განსხვავდებოდნენ და წარმოშობითაც. ზოგისთვის რთული იყო ამ განსხვავებასთან შეგუება. მათი აზრით, „რასელს ვერავინ შეცვლიდა“.

უფრო მეტიც, რამდენიმე კაცმა, რომლებიც ძირითადად მთავარი სამმართველოდან იყვნენ, დაიწყეს ძმა რუტერფორდის გაკრიტიკება. ის ფაქტი, რომ საქმე წინ მიიწევდა და ახალი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა რასელის დატოვებული კურსის შესანარჩუნებლად, მათთვის არაფერს ნიშნავდა. მალე წინააღმდეგობამაც იჩინა თავი. ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს ოთხი წევრი იმდენად შორს წავიდა, რომ ძმა რუტერფორდისთვის ადმინისტრაციული ძალაუფლების ჩამორთმევას შეეცადა. გადამწყვეტი მომენტი დადგა 1917 წლის ზაფხულში, როცა გამოვიდა წიგნი „დასრულებული საიდუმლო“, „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მეშვიდე ტომი.

ამ ტომის გამოცემა უნდოდა ძმა რასელს, მაგრამ არ დასცალდა. მისი სიკვდილის შემდეგ ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ამ ტომის მომზადება დაავალა კლეიტონ ვუდვორთსა და ჯორჯ ფიშერს. წიგნში განხილული იქნებოდა ბიბლიის წიგნები: „გამოცხადება“, „ქებათა-ქება“ და „ეზეკიელი“. ნაწილობრივ, ეს ტომი დაფუძნებული იყო ბიბლიის ამ წიგნების შესახებ რასელის განმარტებებზე. მასში ასევე შესული იყო სხვა კომენტარები და განმარტებები. დასრულებული ხელნაწერი დასაბეჭდად მოიწონეს ორგანიზაციის პასუხისმგებელმა პირებმა. 1917 წლის 17 ივლისს, სამშაბათს, ამ ტომის თითო ეგზემპლარი ბეთელის ოჯახის წევრებს სასადილოში დაურიგდათ. იმავე დროს გაკეთდა გამაოგნებელი განცხადება — დირექტორთა საბჭოს ოთხი წევრი გადააყენეს და ძმა რუტერფორდმა მათ ადგილას სხვა ძმები დანიშნა. რა რეაქცია მოჰყვა ამას?

ეს განცხადება მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა! ოთხმა ყოფილმა დირექტორმა ისარგებლა შემთხვევით და ბეთელის ოჯახის თანდასწრებით ხუთსაათიანი პოლემიკა გამართა ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით. ბეთელის ოჯახის ზოგი წევრი მათ მიემხრო. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოწინააღმდეგეები არ ცხრებოდნენ და იმუქრებოდნენ, რომ „ამ ტირანიას ბოლოს მოუღებდნენ“. მაგრამ ძმა რუტერფორდს ასეთი გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი საფუძველი ჰქონდა. მაინც რის საფუძველზე მიიღო მან ეს ზომები?

თუმცა ეს ოთხი ყოფილი დირექტორი ძმა რასელის მიერ იყვნენ დანიშნულნი, მათი დანიშვნა ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე იურიდიული გაერთიანების წევრების ხმათა უმრავლესობით არ დამტკიცებულა. ამიტომ ისინი დირექტორთა საბჭოს კანონიერი წევრები არ იყვნენ! რუტერფორდმა ამის შესახებ თავიდანვე იცოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა, რადგან არ სურდა ისეთი შთაბეჭდილება შექმნილიყო, რომ ის რასელის სურვილის წინააღმდეგ მიდიოდა. მაგრამ, როცა ცხადი გახდა, რომ ისინი გაჩერებას არ აპირებდნენ, რუტერფორდმა გამოიყენა ორგანიზაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება და საბჭოს ეს ოთხი წევრი სხვა ძმებით შეცვალა, რომელთა კანდიდატურებიც 1918 წლის იანვარში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე უნდა დამტკიცებულიყო.

ყოფილ დირექტორებსა და მათ მომხრეებს სთხოვეს, წასულიყვნენ ბეთელიდან, რადგან წესრიგს არღვევდნენ. 8 აგვისტოს მათ ბეთელის ოჯახი დატოვეს. მალე მხარდამჭერების მოსაზიდად მათ ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყეს; ისინი სიტყვით გამოდიოდნენ და წერილებს გზავნიდნენ მთელ შეერთებულ შტატებში, კანადასა და ევროპაში. შედეგად, 1917 წლის შემოდგომის დასაწყისში ბიბლიის მკვლევართა ზოგ კრებაში განხეთქილება ჩამოვარდა — ზოგი ორგანიზაციის ერთგული დარჩა, ზოგი კი მოწინააღმდეგეების ცბიერულ ლაპარაკს წამოეგო.

ხომ არ მოახდენდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ეს ყოფილი დირექტორები ყოველწლიური შეხვედრის დამსწრეებზე გავლენას? რუტერფორდმა ეს წინასწარ გათვალა, ამიტომ კრებებში გამოკითხვა ჩაატარა. 1917 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდა ანგარიში, საიდანაც ჩანდა, რომ რუტერფორდსა და მის მომხრე დირექტორებს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდათ! ეს დადასტურდა ყოველწლიურ შეხვედრაზეც.d მოწინააღმდეგეების მცდელობა, ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება, კრახით დამთავრდა.

როგორ განვითარდა მოვლენები? 1918 წლის იანვარში, ყოველწლიური შეხვედრის შემდეგ, მოწინააღმდეგეები გამოეყვნენ ორგანიზაციას და იმავე წლის 26 მარტს მათ ცალკე აღნიშნეს გახსენების საღამო. მათი ერთობა ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი მალევე პატარა ჯგუფებად დაიყვნენ. უმეტესწილად, მათი რიცხვი შემცირდა და მათი საქმიანობა ან შესუსტდა, ან საერთოდ შეწყდა.

აშკარაა, რომ ძმა რასელის სიკვდილის შემდეგ ბიბლიის მკვლევარების ერთგულება სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. ტარისა გოტმა, რომელიც 1915 წელს მოინათლა, თქვა: «ბევრმა, ვინც ძალიან ძლიერი და უფლისთვის თავდადებული ჩანდა, განდგომა დაიწყო . . . თითქოს ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხდებოდა, რაც ძალიან გვტკენდა გულს. საკუთარ თავს ვუთხარი: „განა ეს ის ორგანიზაცია არ არის, რომლის მეშვეობითაც იეჰოვამ ცრუ რელიგიის ბორკილებისგან გაგვათავისუფლა? განა არ ვიგემეთ იეჰოვას სიკეთე? თუ მას ზურგს შევაქცევთ, სად უნდა წავიდეთ, ადამიანების მიმდევრები ხომ არ გავხდებით?!“ ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავდით, რომ განდგომილების მხარე დაგვეკავებინა, ამიტომ ორგანიზაციაში დავრჩით» (იოან. 6:66—69; ებრ. 6:4—6).

ზოგმა, ვინც ორგანიზაციას ჩამოშორდა, მოგვიანებით მოინანია და ბიბლიის მკვლევარებთან დაბრუნდა. და გოტის მსგავსად, უმრავლესობა კვლავაც თანამშრომლობდა საზოგადოება „საგუშაგო კოშკთან“ და ძმა რუტერფორდთან. ბიბლიის მკვლევარებს შორის არსებული სიყვარული და ერთიანობა წლების მანძილზე ძლიერდებოდა კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე. ისინი არაფერს აძლევდნენ იმის უფლებას, რომ მათი ერთიანობა დაერღვია (კოლ. 3:14).

1918 წლამდე ბიბლიის მკვლევარებმა ორგანიზაციის შიგნით წამოჭრილი სირთულეები გადალახეს. მაგრამ, რა მოხდებოდა, თუ მათ სხვები შეუქმნიდნენ სირთულეებს?

თავდასხმის სამიზნეები

1917 წლის მიწურულსა და 1918 წლის დასაწყისში ბიბლიის მკვლევარებმა მთელი გულმოდგინებით გაავრცელეს ახალი წიგნი „დასრულებული საიდუმლო“. 1917 წლის ბოლოსთვის სტამბებში ამ წიგნის 850 000 ეგზემპლარი დაიბეჭდა. ამავე წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „დროის ასეთ მონაკვეთში ბიბლიის გარდა სხვა არც ერთი წიგნი არ გაყიდულა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მეშვიდე ტომი გაიყიდა“.

მაგრამ ყველას როდი გაუხარდა, რომ ეს წიგნი დიდ ინტერესს იწვევდა ხალხში. მასში ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების მისამართით რამდენიმე მკაცრი შენიშვნა იყო გაკეთებული. ამან იმდენად განარისხა სამღვდელოება, რომ მთავრობას აქეზებდნენ, ბიბლიის მკვლევართა პუბლიკაციები აეკრძალათ. შედეგად, 1918 წლის დასაწყისში კანადაში აკრძალეს წიგნი „დასრულებული საიდუმლო“. მალე წინააღმდეგობამ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იჩინა თავი.

1918 წლის 15 მარტს საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ გამოსცა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №1, რათა ყველას გაეგო, რომ ამ წინააღმდეგობის უკან სამღვდელოება იდგა. რა ეწერა ტრაქტატში? მისი სათაური იყო: „რელიგიური შეუწყნარებლობა — პასტორ რასელის მიმდევრებს იმიტომ დევნიან, რომ ხალხს ჭეშმარიტებას ეუბნებიან“. ქვესათაურში, „ბიბლიის მკვლევარებისადმი მოპყრობა შუასაუკუნეების ეპოქას გვახსენებს“, კანადაში დევნისა და აკრძალვის ფაქტები იყო მოყვანილი. ტრაქტატში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ამ დევნის უკან სამღვდელოება იდგა. მასში ის აღწერილი იყო, როგორც „ფანატიკოსთა კლასი, რომელიც გამუდმებით ცდილობს, ხალხმა ბიბლია არ გაიგოს და არავის აძლევს გასაქანს, ვინც ბიბლიურ სწავლებებს მათგან განსხვავებულად ხსნის“.e ეს აშკარა მხილება იყო!

როგორი რეაქცია ჰქონდა სამღვდელოებას ასეთ მხილებაზე? ისინი მანამდეც უქმნიდნენ პრობლემებს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“, მაგრამ ახლა უფრო გამძვინვარდნენ. 1918 წლის გაზაფხულზე ბიბლიის მკვლევარების წინააღმდეგ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში სასტიკი დევნის ტალღა აგორდა. სასულიერო პირების წაქეზებით 1918 წლის 7 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ ჯოზეფ რუტერფორდისა და მისი რამდენიმე თანამშრომლის დაპატიმრების ბრძანება გასცა. იმავე წლის ზაფხულში რუტერფორდი და მისი შვიდი თანამოაზრე ატლანტის (ჯორჯიის შტატი) ფედერალურ ციხეში ჩასვეს.

მაგრამ, როგორ გაგრძელდა ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს საქმიანობა იმ პერიოდში, როცა მოსამართლე რუტერფორდი და მისი თანამშრომლები დაპატიმრებულები იყვნენ?

„კერა არ გაგვიციებია“

ბრუკლინში საქმის გაძღოლა დაევალა აღმასრულებელ კომიტეტს. ძმების ერთ-ერთი უმთავრესი დავალება „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა იყო. ბიბლიის მკვლევარებს ყველგან სჭირდებოდათ სულიერი გამხნევება. ფაქტობრივად, „გამოცდის პერიოდში“ „საგუშაგო კოშკის“ არც ერთი ნომრის გამოცემა არ ჩავარდნილა!f

როგორი განწყობა ჰქონდათ მთავარ სამმართველოში? ტომას (ბადი) სალივანმა, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, გაიხსენა: „ბრუკლინის ბეთელს 1918 წლის ზაფხულის მიწურულს ვესტუმრე, როცა ძმები დაპატიმრებულები იყვნენ. იმ ძმებს, რომლებიც ბეთელის საქმეებს ხელმძღვანელობდნენ, არც შიში ჰქონდათ და არც გულგატეხილები იყვნენ. პირიქით, ისინი ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილები და სჯეროდათ, რომ საბოლოოდ იეჰოვა გამარჯვებას მოაპოვებინებდა თავის ხალხს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ორშაბათ დილით მათთან ერთად ვისაუზმე და მოვისმინე, ვის რა შემთხვევა ჰქონდა შაბათ-კვირას სხვადასხვა ადგილზე მსახურებისას. სრული წარმოდგენა შემექმნა, თუ რა ხდებოდა. ძმები ყველგან სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ და იეჰოვას ელოდებოდნენ შემდგომი ხელმძღვანელობისთვის“.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მრავალი სირთულე არსებობდა. პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. არ იყო საკმარისი რაოდენობის ქაღალდი და ნახშირი, რაც ძალიან სჭირდებოდა მთავარ სამმართველოს სხვადასხვა საქმის შესასრულებლად. პატრიოტული სულით განმსჭვალული ადამიანები მტრულად იყვნენ განწყობილები საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიმართ. ისინი ბიბლიის მკვლევარებს მოღალატეებად მიიჩნევდნენ. ასეთ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში ბრუკლინში საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელი ჩანდა. ამის გამო, აღმასრულებელმა კომიტეტმა სხვა ძმებთან მსჯელობის შემდეგ „ბრუკლინის კარავი“ გაყიდა და ბეთელის სახლი დახურა. 1918 წლის 26 აგვისტოდან მოყოლებული ძირითადი საქმიანობა სრულდებოდა პიტსბურგში ფედერალ-სტრიტსა და რელაიანს-სტრიტზე მდებარე შენობებში.

მიუხედავად ამისა, ბიბლიის მკვლევარები სულით არ ეცემოდნენ. მარტა მერედითი იხსენებდა: «გადავწყვიტეთ, რომ ძმების ციხიდან გამოსვლამდე პიტსბურგში „კერა არ გაგვეციებინა“. იმ პერიოდში ბრუკლინიდან საქმემ პიტსბურგში გადაინაცვლა. ძმები „საგუშაგო კოშკის“ სტატიებს წერდნენ და ბეჭდავდნენ. როცა ჟურნალები მზად იყო გასაგზავნად, დები ვფუთავდით მათ და ხალხს ვუგზავნიდით».

1914 წლის შემოდგომაზე, უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულების შემდეგ, ბიბლიის მკვლევარები არაერთ მძიმე განსაცდელს შეხვდნენ. შეძლებდნენ ისინი ყველაფრის გადატანას? ჰქონდათ მათ გულში ღვთის სიყვარული? ერთგულად დაიკავებდნენ ისინი უფლისა და მისი ჭეშმარიტების მხარეს, როგორც ამისკენ რასელი მოუწოდებდა?

[სქოლიოები]

a მაკმილანის ციტატები, რომლებიც ამ თავშია მოყვანილი, აღებულია მისი წიგნიდან „რწმენის მარში“ (გამოცემულია 1957 წელს პრენტის-ჰოლის მიერ).

b რასელმა თავის ანდერძში დაასახელა სარედაქციო კომიტეტის ხუთივე წევრი: უილიამ ფეიჯი, უილიამ ვან ამბერგი, ჰენრი კლეი როკველი, ე. ბრენესენი და ფ. რობისონი. გარდა ამისა, ვაკანსიების შესავსებად დასახელებული იყვნენ: ა. ბურგესი, რობერტ ჰირში, ისააკ ჰოსკინზი, გ. ფიშერი, ჯოზეფ რუტერფორდი და ჯონ ედგარი. მაგრამ ფეიჯმა და ბრენესენმა მალევე თქვეს უარი, რადგან ფეიჯს აღარ შეეძლო ბრუკლინში ცხოვრება, ბრენესენს კი (მოგვიანებით გვარი ბრენისენად შეიცვალა) ოჯახის სარჩენად სხვა სამუშაოს შოვნა მოუწია. სარედაქციო კომიტეტში მათი ადგილი დაიკავეს რუტერფორდმა და ჰირშმა, რომელთა გვარებიც გამოჩნდა 1916 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“.

c საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წესდების თანახმად, დირექტორთა საბჭოში შვიდი წევრი უნდა ყოფილიყო. წესდებაში ნათქვამი იყო, რომ ერთ-ერთი წევრის სიკვდილის შემთხვევაში მისი ადგილი სხვას უნდა დაეკავებინა. ამგვარად, რასელის სიკვდილიდან ორ დღეში დირექტორთა საბჭომ ახალ წევრად ა. ნ. პირსონი აირჩია. იმ დროს დირექტორთა საბჭოში იყვნენ: ა. ი. რიჩი, უ. ე. ვან ამბერგი, ჰ. კ. როკველი, ჯ. დ. რაიტი, ი. ფ. ჰოსკინზი, ა. ნ. პირსონი და ჯ. ფ. რუტერფორდი. შემდეგ დირექტორთა საბჭოს შვიდი წევრი ირჩევდა აღმასრულებელი კომიტეტის სამ წევრს.

d 1918 წლის 5 იანვარს ჩატარებულ ყოველწლიურ შეხვედრაზე შვიდმა კანდიდატმა მიიღო ხმათა უმრავლესობა. ესენი იყვნენ: ჯოზეფ რუტერფორდი, ჩარლზ ანდერსონი, უილიამ ედვინ ვან ამბერგი, ალექსანდრე მაკმილანი, უოლტერ სპილი, ჯონ ადამს ბონეტი და ჯორჯ ფიშერი. ამ შვიდი წევრიდან აირჩიეს სამი პასუხისმგებელი პირი: ჯოზეფ რუტერფორდი, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტი, ჩარლზ ანდერსონი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი და უილიამ ედვინ ვან ამბერგი, როგორც ხაზინადარი.

e ამ ტრაქტატის შემდეგ მსგავსი შინაარსის კიდევ ორი ტრაქტატი გამოვიდა. უფრო მკაცრ ცნობას შეიცავდა 1918 წლის 15 აპრილით დათარიღებული ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №2 სათაურით «რატომ აკრძალეს „დასრულებული საიდუმლო“?». შემდეგ გამოვიდა 1918 წლის მაისით დათარიღებული ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ №3 „მიმდინარეობს ორი დიდი ბრძოლა — ავტოკრატიის დაცემა გარდაუვალია“.

f უფრო ადრე „საგუშაგო კოშკის“ ნომრების გაერთიანება ხდებოდა ხოლმე, მაგრამ 1914—1918 წლებში ყველა ნომერი ცალკე გამოიცემოდა.

[ჩანართი 68 გვერდზე]

რუტერფორდმა მოწინააღმდეგეებს სთხოვა, ბეთელი დაეტოვებინათ

[ჩარჩო 62 გვერდზე]

„ზოგიერთმა ჩვენგანმა ცოტა ვიჩქარეთ“

1914 წლის ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ბიბლიის ზოგი მკვლევარი მოელოდა, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულებისთანავე, ისინი, როგორც ცხებული ქრისტიანები, თავიანთ ზეციერ ჯილდოს მიიღებდნენ. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სარატოგა-სპრინგზში (ნიუ-იორკი) 1914 წლის 27—30 სექტემბერს ჩატარებულ ბიბლიის მკვლევართა კონგრესზე მომხდარი შემთხვევა. ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, მოხსენებით გამოვიდა ალექსანდრე მაკმილანი, რომელიც 1900 წელს მოინათლა. მოხსენებაში მან თქვა: „ალბათ, ეს ჩემი უკანასკნელი მოხსენებაა, რადგან მალე ჩვენს სახლში [ზეცაში] წავალთ“.

მაგრამ ორი დღის შემდეგ (პარასკევს, 2 ოქტომბერს) ბრუკლინში შეკრებილმა კონგრესის მონაწილეებმა გულიანად იცინეს მაკმილანის სიტყვებზე. მაგიდის თავში მჯდომმა რასელმა გამოაცხადა: „კვირის [4 ოქტომბრის] პროგრამაში ცვლილება მოხდება. დილის თერთმეტის ნახევარზე ჩვენ წინაშე მოხსენებით გამოვა ძმა მაკმილანი“. როგორი იყო დამსწრეთა რეაქცია? მოგვიანებით მაკმილანმა დაწერა: «ყველა გულიანად იცინოდა და იმ სიტყვებს იხსენებდა, რაც ოთხშაბათს სარატოგა-სპრინგზში „ჩემს უკანასკნელ მოხსენებაში“ ვთქვი».

«დავიწყე იმაზე ფიქრი, რა მეთქვა, — განაგრძო მაკმილანმა. — ვიპოვე ფსალმუნის 74:9: „ჩვენს ნიშნებს ვერ ვხედავთ; აღარა გვყავს წინასწარმეტყველი; და ჩვენ შორის არავინ იცის — როდემდე“. ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იყო. მოხსენებაში შევეცადე, ძმებისთვის დამენახვებინა, რომ ალბათ ზოგიერთმა ჩვენგანმა ცოტა ვიჩქარეთ, როცა ვიფიქრეთ, რომ მალე წავიდოდით ზეცაში; ჩვენ უბრალოდ უფლის მსახურებით უნდა ვყოფილიყავით დაკავებულები მანამ, სანამ უფალი თავად არ გადაწყვეტდა, როდის წაიყვანდა ზეციერ სახლში თავის ერთგულ მსახურებს».

[ჩარჩო 67 გვერდზე]

ჯოზეფ რუტერფორდის ბიოგრაფია

ჯოზეფ ფრანკლინ რუტერფორდი დაიბადა 1869 წლის 8 ნოემბერს მორგანის ოლქში (მისურის შტატი, აშშ), ბაპტისტების ოჯახში, რომლებსაც საკუთარი ფერმა ჰქონდათ. როცა ის 16 წლისა იყო, მამამისი დათანხმდა ჯოზეფს, კოლეჯში ესწავლა, ოღონდ იმ პირობით, თუ საკუთარ თავს თავად შეინახავდა და იმ მუშის ქირასაც გადაიხდიდა, ვინც ფერმაში მის მაგივრად იმუშავებდა. ახალგაზრდა ჯოზეფმა მეგობრისგან ფული ისესხა და კოლეჯში შევიდა; პარალელურად ის სამართალსაც სწავლობდა.

განათლების მიღების შემდეგ რუტერფორდმა ორი წელი მოსამართლე ი. ლ. ედვარდსთან იმუშავა. 20 წლის ასაკში ის სასამართლოს ოფიციალური პროტოკოლისტი გახდა მისურის შტატის მეთოთხმეტე რაიონის სასამართლოებში. 1892 წლის 5 მაისს მან მისურის შტატში სამართლებრივი საქმეების წარმოების ლიცენზია მიიღო. მოგვიანებით ის 4 წელი მუშაობდა პროკურორად ბუნვილში (მისურის შტატი). გარკვეული ხნის შემდეგ ის მისურის მერვე რაიონის სასამართლოებში დროდადრო სპეციალური მოსამართლის მოვალეობას ასრულებდა. ამის გამო ის ცნობილი გახდა, როგორც „მოსამართლე რუტერფორდი“.

საინტერესოა, რომ სწავლის პერიოდში რუტერფორდი ენციკლოპედიებს ყიდდა კარდაკარ და ასე ირჩენდა თავს. ეს ადვილი საქმე არ იყო, ბევრი მას უხეშად ისტუმრებდა. ერთხელ ფერმებში წიგნების გასაყიდად მისული რუტერფორდი ყინულივით ცივ წყალში ჩავარდა და კინაღამ მოკვდა. ამ შემთხვევის შემდეგ მან პირობა დადო, რომ, როცა იურისტი გახდებოდა, აუცილებლად შეიძენდა წიგნებს, თუ ვინმე მის ოფისში გასაყიდად მიიტანდა. მან თავისი სიტყვა არ გატეხა და, როცა 1894 წლის დასაწყისში მის ოფისში წიგნების ორი დამტარებელი მივიდა, მათგან „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ სამი ტომი იყიდა. ეს წიგნები მან რამდენიმე კვირაში წაიკითხა და მაშინვე მისწერა საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“: „მე და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ დიდი ინტერესით წავიკითხეთ ეს წიგნები და ვთვლით, რომ ისინი ღვთისგან არის გამოგზავნილი. ჩვენთვის დიდი კურთხევაა, რომ მათი წაკითხვის შესაძლებლობა მოგვეცა“. ჯოზეფ რუტერფორდი 1906 წელს მოინათლა და ერთი წლის შემდეგ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იურისკონსულტი გახდა.

[ჩარჩო⁄სურათი 69 გვერდზე]

„დღეს არავის აქვს ასეთი პატივი“

1918 წლის 21 ივნისს ჯოზეფ რუტერფორდსა და მის რამდენიმე მეგობარს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების ცრუ ბრალდება წაუყენეს და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 22-23 ივნისით დათარიღებულ წერილში (ნაჩვენებია ქვემოთ), რომელიც ძმა რუტერფორდმა რეიმონდ-სტრიტის (ბრუკლინი, ნიუ-იორკის შტატი) ციხიდან დაწერა, მათი გრძნობებია გამოხატული: „ალბათ, დღეს არავის აქვს ასეთი პატივი და არავინ არის ამ ციხეში მყოფ შვიდ ძმაზე ბედნიერი. მათ იციან, რომ ბრალი არაფერში მიუძღვით და უხარიათ, რომ ქრისტესთან ერთად იტანჯებიან ერთგულად მსახურებისთვის“.

[ჩარჩო 70 გვერდზე]

სამღვდელოების მიერ წაქეზებულთა მსხვერპლნი

1918 წლის ზაფხულში სასულიერო პირების წაქეზებით ჯოზეფ რუტერფორდი და მისი შვიდი თანამოაზრე დააპატიმრეს. მათ იერიში მხოლოდ ამ რვა ადამიანზე არ მიუტანიათ. რამდენიმე წლით ადრე სამღვდელოებისა და პრესის თავდასხმის ობიექტი ძირითადად ჩარლზ რასელი იყო. ამჯერად, მათი სამიზნე ბიბლიის ყველა მკვლევარი გახდა. 1920 წლის 29 სექტემბრით დათარიღებულ ჟურნალ „ოქროს ხანაში“ (ამჟამად ეწოდება „გამოიღვიძეთ!“) დაწვრილებით იყო მოთხრობილი, რა სასტიკად დევნიდნენ მათ შეერთებულ შტატებში. მისი კითხვის დროს ადამიანს ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს საუბარია ინკვიზიციაზე.g ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა ამ ჟურნალიდან.

„1918 წლის 22 აპრილს ვინევუდში (ოკლაჰომას შტატი) კლაუდ უოტსონი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი სპეციალურად გაუშვეს, რომ ხელში ჩავარდნოდა ეგრეთ წოდებული ქრისტიანი მქადაგებლების, ბიზნესმენებისა და სხვებისგან შემდგარ ბრბოს, რომლებმაც წააქციეს ის და ერთ ზანგს უბრძანეს, გაემათრახებინა. უოტსონმა გრძნობა დაკარგა, მაგრამ, როგორც კი გონზე მოვიდა, ისევ გაამათრახეს. შემდეგ მას კუპრი გადაასხეს, ბუმბული დააყარეს და თმებში შეაზილეს“.

„1918 წლის 29 აპრილს ვოლნათ-რიჯში (არკანზასის შტატი) დააპატიმრეს 61 წლის უ. დუნკანი, ედუარდ ფრენჩი, ჩარლზ ფრანკი, მისტერ გრიფინი და მისის დ. ვან ჰოუსენი. საპატიმროში შეიჭრა გაშმაგებული ბრბო, რომელიც უცენზურო სიტყვებით ილანძღებოდა. მათ მათრახით სცემეს პატიმრები, კუპრი გადაასხეს, ბუმბული დააყარეს და ქალაქიდან გააძევეს. დუნკანი იძულებული გახდა, რომ სახლამდე 42 კილომეტრი ფეხით ევლო, რის შემდეგაც ის ძლივს გამოკეთდა. გრიფინი თავდასხმის შედეგად თითქმის დაბრმავდა და რამდენიმე თვის შემდეგ დაიღუპა“.

«1918 წლის 30 აპრილს . . . მინერვაში (ოჰაიოს შტატი) ს. ჰ. გრიფინი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი ბრბოს გადასცეს, თხუთმეტი წუთის მანძილზე მას მღვდელი ნოტაციას უკითხავდა. ამის შემდეგ გრიფინს სცემდნენ, ლანძღავდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, ფეხით თელავდნენ, ქოლგებით ჩხვლეტდნენ, ემუქრებოდნენ, რომ ჩამოახრჩობდნენ და წყალში გადააგდებდნენ, აფურთხებდნენ, ფეხს უდებდნენ, რომ წაქცეულიყო; ის ქალაქიდან გააძევეს, ტრანსპორტში ასვლის უფლება არ მისცეს და ბრბომ მას ხუთ მილზე [რვა კილომეტრი] სდია მალვერნამდე (ოჰაიოს შტატი), სადაც ის დაცვის მიზნით კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და კაროლტონის ციხეში ჩასვეს. ბოლოს ის მამაცმა და კეთილსინდისიერმა სამართალდამცავებმა სახლში წაიყვანეს და, როცა მისი ლიტერატურა შეამოწმეს, განაცხადეს, რომ „ამ კაცს ბრალი არაფერში მიუძღოდა“».

[სქოლიო]

g გვერდები 712—717.

[სურათები 64 გვერდზე]

1916 წლის 31 ოქტომბერს 64 წლის ჩარლზ ტეიზ რასელი ქალაქ პამპაში (ტეხასის შტატი) მატარებელში გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის შესახებ მრავალი გაზეთი იუწყებოდა

[სურათი 66 გვერდზე]

ჯოზეფ რუტერფორდს შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრი იყო და 102 კილოგრამს იწონიდა

[სურათი 69 გვერდზე]

რეიმონდ-სტრიტზე მდებარე ციხე ბრუკლინში (ნიუ-იორკის შტატი), სადაც რუტერფორდმა და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა განაჩენის გამოტანიდან შვიდი დღე გაატარეს

[სურათი 71 გვერდზე]

ტომას (ბადი) სალივანი მთავარ სამმართველოს 1918 წელს ეწვია. მოგვიანებით ის იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება