თავი 21
როგორ ფინანსდება იეჰოვას მოწმეების საქმიანობა?
აშკარაა, რომ საქმეს, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ასრულებენ, მატერიალური სახსრები სჭირდება. თანხაა საჭირო სამეფო თუ საკონგრესო დარბაზების, ფილიალების, სტამბებისა და ბეთელების მშენებლობისთვის, უფრო მეტი თანხა კი მათ შენახვას სჭირდება. აგრეთვე ფულადი სახსრებია საჭირო ბიბლიური ლიტერატურის დაბეჭდვისა და გავრცელებისთვის. როგორ ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება?
ხშირად, მოწინააღმდეგეები იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ უსაფუძვლო ინფორმაციას ავრცელებენ. მაგრამ ფაქტები იმას ადასტურებს, რასაც იეჰოვას მოწმეები საკუთარი თავის შესახებ ამბობენ. კერძოდ, საქმის ძირითად ნაწილს ასრულებენ მოხალისეები, რომლებიც გასამრჯელოს არ ელიან და არც მისი მიღების სურვილს გამოთქვამენ, ორგანიზაციული ხარჯები კი ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება.
„დასწრება უფასოა და ფულის შეგროვება არ ხდება“
„საგუშაგო კოშკის“ მეორე ნომერში, რომელიც 1879 წლის აგვისტოში გამოიცა, ძმა რასელი წერდა: «ჩვენ გვჯერა, რომ „სიონის საგუშაგო კოშკი“ იეჰოვას მხარდაჭერით გამოდის, ამიტომ დახმარებისთვის ადამიანებს არასოდეს მივმართავთ და არც ვთხოვთ, რადგან, თუ მან, ვინც თქვა: „ჩემია მთის ოქრო და ვერცხლი“, შეგვიწყვიტა ფინანსური მხარდაჭერა, დროებით უნდა შევაჩეროთ ამ ჟურნალის გამოცემა». აქედან გამომდინარე, იეჰოვას მოწმეების ლიტერატურაში არასდროს იბეჭდება თხოვნა ფულადი შესაწირავების შესახებ.
მსგავსად იქცევიან ისინი თავიანთ შეხვედრებზეც. მათ კრებებსა და კონგრესებზე ვერასდროს გაიგონებთ ფულის შეგროვების შესახებ მოწოდებებს. ისინი შესაწირავების ასაგროვებლად არ ჩამოატარებენ ხოლმე თეფშებს, არ არიგებენ კონვერტებს და არც წერილობით სთხოვენ კრების წევრებს, რომ შესაწირავები გაიღონ. კრების ბიუჯეტის შესავსებად ისინი არასდროს თამაშობენ ბინგოს ან ლატარიას. ჯერ კიდევ 1894 წელს, როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ მიმომსვლელი მომხსენებლების გაგზავნა დაიწყო, გამოქვეყნდა განცხადება: „დაე, ყველამ გაიგოს, რომ ეს ორგანიზაცია არც ორგანიზებას უწევს და არც იწონებს ფულის შეგროვებას ან სხვა სახით მის თხოვნას“.
ამგვარად, იეჰოვას მოწმეების თანამედროვე ისტორიის დასაწყისშივე კრების შეხვედრებზე მათ მოსაწვევ ბარათებზე ეწერა: „დასწრება უფასოა და ფულის შეგროვება არ ხდება“.
1914 წლის დასაწყისში ბიბლიის მკვლევარები დაქირავებულ თეატრებსა და სხვა შენობებში იწვევდნენ ხალხს „შემოქმედების ფოტოდრამის“ სანახავად. ეს იყო ოთხნაწილიანი დრამა, რომელიც მთლიანობაში რვა საათს გრძელდებოდა. ის შედგებოდა სლაიდებისა და მოძრავი სურათებისგან, რომელთაც სინქრონულად გასდევდა ხმა. მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში ფოტოდრამა მილიონობით ადამიანმა ნახა ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. თუმცა ზოგიერთი თეატრის მეპატრონე ითხოვდა, რომ წინასწარ შეკვეთილი ადგილების საფასური გადაეხადათ, ბიბლიის მკვლევარები არასდროს იღებდნენ დამსწრეთაგან შესვლის ფულს. იქ არც ფულის აგროვება ხდებოდა.
მოგვიანებით საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ნიუ-იორკში 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყენებდა რადიოსადგურ WBBR-ს. ბიბლიური მოხსენებების გადასაცემად იეჰოვას მოწმეები აგრეთვე სარგებლობდნენ სხვა ასობით რადიოსადგურის მომსახურებით. მაგრამ ასეთ გადაცემებს ისინი ფულის თხოვნის მიზნით არ იყენებდნენ.
მაშ, საიდან იღებენ იეჰოვას მოწმეები თავიანთი საქმიანობის მხარდასაჭერად თანხას?
ნებაყოფლობითი შესაწირავები
იეჰოვას მოწმეები ხელმძღვანელობენ ბიბლიით. მოსეს კანონის თანახმად, ზოგი შესაწირავი ნებაყოფლობითი იყო, ზოგი კი — სავალდებულო. უკანასკნელს მიეკუთვნებოდა მეათედის გადახდა (გამ. 25:2; 30:11—16; რიცხ. 15:17—21; 18:25—32). მაგრამ ბიბლიიდან ისიც ჩანს, რომ ქრისტემ შეასრულა კანონი, რის საფუძველზეც ღმერთმა გააუქმა ის, ამიტომ ქრისტიანებს აღარ მოეთხოვებათ ამ კანონის დაცვა. ისინი არ იხდიან მეათედს და არც ვალდებულება აკისრიათ, რომ გაიღონ შესაწირავი გარკვეული რაოდენობით ან გარკვეულ დროს (მათ. 5:17; რომ. 7:6; კოლ. 2:13, 14).
ნაცვლად ამისა, ქრისტიანებს აღძრავენ, განივითარონ გულუხვობისა და მზადყოფნით გაზიარების სული და მიჰბაძონ იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს შესანიშნავ მაგალითს (2 კორ. 8:7, 9; 9:8—15; 1 იოან. 3:16—18). შესაწირავების თაობაზე მოციქულმა პავლემ კორინთის კრების წევრებს მისწერა: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“. მოციქულის სიტყვების თანახმად, როცა კორინთელები იგებდნენ სხვების გაჭირვების შესახებ, ეს მათ შესაძლებლობას აძლევდა, გამოეცადათ თავიანთი „სიყვარულის სიწრფელე“. მან აგრეთვე თქვა: „როცა არის გულმოდგინება, ის განსაკუთრებით მოსაწონია იმის მიხედვით, რაც ადამიანს აქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა აქვს“ (2 კორ. 8:8, 12; 9:7).
საინტერესოა აგრეთვე ტერტულიანეს სიტყვები შეხვედრებთან დაკავშირებით, რომლებსაც მის დროში (დაახლოებით ახ. წ. 155 წლიდან 220 წლის შემდეგ) მცხოვრები ქრისტეს მიმდევრები ატარებდნენ. ის წერდა: „თუკი არის რაიმე ყუთი ფულისთვის, ის არ ივსება საწევრო გადასახადებით, თითქოს რელიგია საქმიანი გარიგება იყოს. თითოეული სწირავს მცირეოდენ თანხას თვეში ერთხელ ან როცა უნდა — თუ უნდა და თუ აქვს ამის შესაძლებლობა; არავის არ ავალდებულებენ; ყველა სწირავს ნებაყოფლობით“ (აპოლოგია, XXXIX, 5). თუმცა მომდევნო საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს რელიგიები თავიანთი საქმიანობის დასაფინანსებლად ნებისმიერ ხერხს მიმართავდნენ.
ჩარლზ ტეიზ რასელი არ ჰბაძავდა ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებს. მან დაწერა: „ჩვენ ვთვლით, რომ უფლის სახელით ნებისმიერი საშუალებით ფულის მოთხოვნა მისი სახელის შეურაცხმყოფელი და მისთვის მიუღებელია. ასეთ ფულს კურთხევები არ მოაქვს არც გამღებისთვის და არც საქმისთვის“.
ნაცვლად იმისა, რომ მდიდრების კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ძმა რასელმა წმინდა წერილების საფუძველზე განაცხადა, რომ ქვეყნიერებაში უფლის ხალხის უმეტესობა ღარიბი, მაგრამ რწმენით მდიდარი იქნებოდა (მათ. 19:23, 24; 1 კორ. 1:26—29; იაკ. 2:5). ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად ფულის საჭიროებაზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად, ის ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელი იყო სიყვარულის სულის განვითარება, გულუხვობის გამოვლენა და სხვების დასახმარებლად მზადყოფნა, განსაკუთრებით ჭეშმარიტების გასაზიარებლად. მათ, ვისაც ფულის შოვნა შეეძლო და მიაჩნდა, რომ ქვეყნიური საქმისთვის თავის მიძღვნით უფრო მეტ შესაწირავს გაიღებდა, ძმა რასელი ურჩევდა, შეემცირებინათ თავიანთი კომერციული საქმიანობა და თავიანთი დრო და ენერგია ჭეშმარიტების გასავრცელებლად გამოეყენებინათ. ასეთ თვალსაზრისს იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო დღემდე იზიარებს.a
ჩვეულებრივ, ხალხი თავად წყვეტს, რა რაოდენობით შესაწირავს გაიღებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იეჰოვას მოწმეების ძირითადი საზრუნავი მატერიალური ქონების დაგროვება არ არის. 1985—1986 წლებში საოლქო კონგრესზე წარმოთქმულ მოხსენებაში, სათაურით „პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან“ (იგავ. 3:9), ხაზგასმული იყო, რომ ქონებაში მატერიალურთან ერთად იგულისხმება ფიზიკური, გონებრივი და სულიერი შესაძლებლობები.
ჯერ კიდევ 1904 წელს რასელმა აღნიშნა, რომ მან, ვინც თავი სრულად მიუძღვნა ღმერთს, „უკვე ყველაფერი მისცა უფალს, რაც ჰქონდა“. ამიტომ, მან „საკუთარი თავი უნდა ჩათვალოს უფლის მიერ მის დროზე, გავლენაზე, ფულსა და სხვა ყველაფერზე დანიშნულ მმართველად. ასე რომ, თითოეული უნდა ეცადოს, ეს შესაძლებლობები საუკეთესოდ გამოიყენოს თავისი ბატონის განსადიდებლად“. ძმა რასელმა დასძინა, რომ „ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის შეძენისა და მისი სიღრმეების გაგების შემდეგ ადამიანში დღითი დღე იზრდება უფლისადმი სიყვარული და მოშურნეობა, ამიტომ ზემოდან მომდინარე სიბრძნის ხელმძღვანელობით ის ხვდება, რომ უფრო მეტი დრო უნდა გამოუყოს მსახურებას, მეტად უნდა გამოიყენოს თავისი გავლენა და მეტი უნდა შესწიროს თავისი ქონებიდან“ („საღვთო წერილის გამოკვლევა“, „ახალი ქმნილება“, გვერდები 344, 345).
საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ იმ ადრეულ წლებში ჰქონდა „საგუშაგო კოშკის საგამომცემლო ფონდი“. ამ ფონდთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია ეწერა იმ ბლანკის უკანა მხარეს, რომელსაც ხანდახან ძმა რასელი იყენებდა: «ამ ფონდში არის იმ ადამიანების მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავები, რომლებიც დანაყრდნენ და გაძლიერდნენ დროული საზრდოთი. ეს საზრდო ღვთის დახმარებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიეწოდება წმინდებს ზემოხსენებული პუბლიკაციებით [რომელთაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ გამოსცემს].
ამ ფონდის მეშვეობით რეგულარულად და უფასოდ იგზავნება „სიონის საგუშაგო კოშკისა“ და „ძველი თეოლოგიური ტრაქტატის“ ათასობით ეგზემპლარი, რომლებიც ადვილად აღსაქმელია ახალი მკითხველისთვის. ფონდი ხელს უწყობს წიგნების დამტარებლებსა და სხვა მსურველებს, გაავრცელონ წიგნ „ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის გარიჟრაჟის“ რბილყდიანი ტომები. არსებობს „გაჭირვებულთა ფონდიც“; ყველა უფლის შვილს, რომელსაც ასაკის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო არ შეუძლია „საგუშაგო კოშკის“ გამოწერა, ამ ფონდის მეშვეობით უფასოდ მიეწოდება ჟურნალები, თუ ყოველი წლის დასაწყისში წერილის ან ღია ბარათის მეშვეობით თავისი სურვილის შესახებ შეატყობინებს ორგანიზაციას და გადაუხდელობის მიზეზს აუხსნის.
არავის სთხოვენ ამ ფონდში შესაწირავის შეტანას; ყველა შესაწირავი ნებაყოფლობითი უნდა იყოს. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ მოციქულის სიტყვებს (1 კორ. 16:1, 2) და ვადასტურებთ ამ სიტყვებს, როდესაც ვამბობთ, რომ ისინი, ვისაც ჭეშმარიტების გასავრცელებლად შესაწირავის გაღება შეუძლია და ამას აკეთებს კიდეც, აუცილებლად მიიღებენ სულიერ კურთხევებს».
იეჰოვას მოწმეების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელების საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება. იეჰოვას მოწმეების გარდა, ბევრი დაინტერესებული ადამიანიც დიდ პატივად თვლის ქრისტიანული საქმიანობის მხარდასაჭერად ნებაყოფლობითი შესაწირავების გაღებას.
ფინანსები სამეფო დარბაზებისთვის
იეჰოვას მოწმეთა თითოეულ კრებას აქვს შესაწირავებისთვის განკუთვნილი ყუთები, რომლებშიც ხალხს შეუძლია სურვილისამებრ ჩააგდოს ის შესაწირავი, რისი გაღებაც სურთ. ეს პირადი საქმეა და არავინ იცის, ვინ რამდენს სწირავს; ეს მხოლოდ ღმერთმა და იმ ადამიანმა იცის.
არც ერთ იეჰოვას მოწმეს მსახურებისთვის ხელფასს არ უხდიან, თუმცა მათი შეხვედრების ადგილების შენახვისთვის თანხებია საჭირო. როცა ხარჯებია დასაფარი, ამის შესახებ კრებას ატყობინებენ. დაახლოებით 70 წლის წინ „საგუშაგო კოშკში“ ნათლად იყო აღნიშნული, რომ შესაწირავებთან დაკავშირებულ განცხადებას არ უნდა ჰქონოდა მოთხოვნის და დაძალების სახე, არამედ ის უნდა ყოფილიყო გულწრფელი და ფაქტებზე დაფუძნებული. ამგვარად, კრების შეხვედრებზე ხშირად არ განიხილავენ ფინანსურ საკითხებს.
თუმცა ზოგჯერ განსაკუთრებული საჭიროებები იჩენს თავს. შეიძლება დაიგეგმოს სამეფო დარბაზის რემონტი, გაფართოება ან ახლის აშენება. იმისთვის, რომ ძმებმა გაიგონ, რა თანხის გაღებას შეძლებს კრება, უხუცესებმა შეიძლება სთხოვონ კრების წევრებს, პატარა ფურცლებზე დაწერონ, რამდენის შეწირვას შეძლებს თითოეული მათგანი ამ პროექტისთვის და საჭიროების შემთხვევაში გააკეთებენ თუ არა ამას წლების განმავლობაში. გარდა ამისა, უხუცესებმა შეიძლება სთხოვონ კრების თითოეულ წევრს ან ოჯახებს, პატარა ფურცელზე დაწერონ, იეჰოვას კურთხევით, რამდენის გაღებას შეძლებენ ყოველკვირა ან ყოველთვე. ეს ანონიმურად კეთდება. ეს ფურცლები არ არის დანაპირები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს, თუმცა ეს კარგი დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა (ლუკ. 14:28—30).
ქალაქ ტარმის (ლიბერია) კრებამ სამეფო დარბაზის ასაშენებელი თანხა სხვაგვარად იშოვა. ერთი მოწმე მთელი წლის მანძილზე ხეებს ჭრიდა და ფიცრებად ხერხავდა, რომ გაყიდვის შემდეგ სამეფო დარბაზის მშენებლობისთვის თანხა ჰქონოდათ, მის მინდორზე კი რამდენიმე ქრისტიანს ბრინჯი მოჰყავდა. პარამარიბოში (სურინამი) კრებას მხოლოდ სამშენებლო მასალის ყიდვა დასჭირდა, რადგან დარბაზის ასაშენებელი ტერიტორია ერთმა დამ დაუთმო და მხოლოდ ის ითხოვა, რომ მისი სახლი ეზოს ბოლოში გადაეტანათ. ტოკიოში (იაპონია) უძრავი ქონების ფასი ძალიან მაღალი იყო, ამიტომ კრებებს უჭირდათ სამეფო დარბაზების ასაშენებლად საჭირო ტერიტორიის შეძენა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოწმეების რამდენიმე ოჯახმა კრებებს შესთავაზა ის ტერიტორია, სადაც თვითონ ცხოვრობდნენ და სანაცვლოდ სთხოვეს, რომ სამეფო დარბაზის ზედა სართულზე მათთვის ოთახები გაეკეთებინათ.
კრებები იზრდებოდა და იყოფოდა, ამიტომ ერთ ტერიტორიაზე არსებული კრებები ხშირად ერთმანეთს ეხმარებოდნენ, რომ შესაფერისი სამეფო დარბაზები ჰქონოდათ. თუმცა მხოლოდ ერთმანეთის დახმარება საკმარისი არ იყო. უძრავ ქონებასა და სამშენებლო მასალაზე ფასები სწრაფად იზრდებოდა და ცალკეულ კრებებს არ შეეძლოთ საკმარისი თანხის მოგროვება. რისი გაკეთება შეიძლებოდა ასეთ დროს?
1983 წელს ჩატარებულ კონგრესზე, დევიზით „სამეფო ერთობა“, ხელმძღვანელმა საბჭომ გამოაცხადა ახალი პროგრამის დანერგვის შესახებ, რომელიც 2 კორინთელების 8:14, 15-ში ჩაწერილ პრინციპს ეფუძნებოდა. ეს მუხლები აღძრავდა და-ძმებს, რომ მათ ნამეტს შეევსო სხვების ნაკლულობა, რათა თანასწორობა ყოფილიყო. ამის წყალობით აღარავის ექნებოდა ისე ცოტა, რომ იეჰოვას მსახურებაში ხელი შეშლოდა.
ყველა კრებას მოუწოდებდნენ, რომ დაედგათ ყუთები წარწერით „შესაწირავები ორგანიზაციის სამეფო დარბაზების ფონდისთვის“. ამ ყუთებში ჩაყრილი თანხა მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოიყენებოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვებული თანხა შესაძლებელს ხდიდა იმ კრებების დახმარებას, რომლებსაც ძალიან სჭირდებოდათ სამეფო დარბაზები, მაგრამ ვერ აკმაყოფილებდნენ ადგილობრივი ბანკების მოთხოვნებს. მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ დეტალურად განიხილა, სად იყო სამეფო დარბაზებზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება, ასეთი კრებებისთვის დარბაზების ასაშენებლად ან შესაძენად საჭირო თანხების გამოყოფა დაიწყო. რაც უფრო მეტი შესაწირავი შედიოდა (იმ ქვეყნებში, სადაც ეს შესაძლებელი იყო) და სესხები იფარებოდა, მით უფრო მეტ კრებას ეხმარებოდნენ.
ეს პროგრამა პირველად შეერთებულ შტატებსა და კანადაში დაინერგა, შემდეგ კი ევროპის, აფრიკის, ლათინური ამერიკისა და შორეული აღმოსავლეთის 30-ზე მეტ ქვეყანაში ამოქმედდა. 1992 წლისთვის რვა ასეთი ქვეყნისთვის გამოყოფილი თანხით 3 840 კრება უზრუნველყვეს 2 737 სამეფო დარბაზით.
იმ ქვეყნებში, სადაც სამეფო დარბაზებზე დიდი მოთხოვნილება იყო, მაგრამ ადგილობრივ კრებებს საჭირო თანხა არ ჰქონდათ და ეს პროგრამაც არ მოქმედებდა, ხელმძღვანელი საბჭო სხვა საშუალებებით ცდილობდა დახმარებას. ამგვარად, ყველაფერი თანაბრად ნაწილდებოდა და მცირეს მქონეს არ აკლდა.
მსოფლიო მთავარი სამმართველოს გაფართოება
მსოფლიო მთავარი სამმართველოს ფუნქციონირებისთვის ფინანსები იყო საჭირო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, თუ წიგნებს თავად დაბეჭდავდნენ და აკინძავდნენ. ცალკეული პირების სახელზე, რომლებიც აგრეთვე იეჰოვას მსახურები იყვნენ, მათ შეისყიდეს საჭირო საბეჭდი დანადგარები. ნაცვლად იმისა, რომ წიგნების გამოსაცემად კომერციული კომპანიებისთვის გადაეხადათ ფული, ორგანიზაცია ამ თანხას დანადგარების შესაძენად აღებული ვალის გასასტუმრებლად იყენებდა. ამიტომ ლიტერატურის საფასური, რომელსაც ხალხი იწერდა, თითქმის განახევრდა. ასეთი ცვლილება საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ გასამდიდრებლად კი არ მოხდა, არამედ სასიხარულო ცნობის უფრო მეტად გასავრცელებლად.
რამდენიმე წელიწადში ნათელი გახდა, რომ სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად საჭირო იყო მსოფლიო მთავარი სამმართველოს შენობების გაფართოება. იმის გამო, რომ ორგანიზაცია იზრდებოდა და სამქადაგებლო საქმიანობა ფართო მასშტაბებს იძენდა, აუცილებელი გახდა დამატებითი შენობების აგება. სამმართველოს ოფისებისა და სტამბების გასაფართოებლად და ტექნიკით მოსამარაგებლად, აგრეთვე ნიუ-იორკსა და მის შემოგარენში საჭირო შენობების ასაშენებლად აუცილებელი თანხისთვის ორგანიზაცია ბანკებს კი არ მიმართავდა, არამედ შექმნილ სიტუაციას ძმებს უხსნიდა. ეს არც ისე ხშირად ხდებოდა — 65 წლის მანძილზე ძმებს მხოლოდ 12-ჯერ მიმართეს.
ორგანიზაცია არავის აძალებდა ფულის გაღებას. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ნებაყოფლობით გაეღო შესაწირავი. ისინი, ვისგანაც ორგანიზაცია ფულს სესხულობდა, დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს მოთხოვნისთანავე ვალი დაუბრუნდებოდათ. ამგვარად, ორგანიზაცია ცდილობდა, პრობლემები არ შეექმნა იმ ძმებისთვის თუ კრებებისთვის, რომლებიც მას სესხს აძლევდნენ. იეჰოვას მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავებით ორგანიზაციას ყოველთვის შეეძლო ვალების გადახდა. ძმები ძალიან აფასებენ ასეთ შესაწირავებს და, რამდენადაც შესაძლებელია, წერილებში თუ სხვა სახით ყოველთვის გამოხატავენ მადლიერებას.
ორგანიზაციის საქმიანობა არ ფინანსდება მდიდარი შემწირველების მიერ. შესაწირავების დიდ ნაწილს ისინი სწირავენ, ვინც მოკრძალებულად ცხოვრობს; ბევრ მათგანს მცირე შემოსავალი აქვს. შესაწირავებს იღებენ ბავშვებიც, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ სამეფოს საქმეს. ამისკენ თითოეულ მათგანს აღძრავს იეჰოვას სიკეთისადმი მადლიერება და იმის სურვილი, რომ სხვებსაც დაეხმარონ ღვთის დიდებული განზრახვების გაგებაში (შეადარეთ მარკოზის 12:42—44).
თანხები ფილიალების გასაფართოებლად
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამეფოს საქმის წინსვლასთან ერთად საჭირო ხდება ორგანიზაციის ფილიალების გაფართოება, რაც ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ხორციელდება.
ამგვარად, ხელმძღვანელმა საბჭომ განიხილა გერმანიის ფილიალის თხოვნა და 1978 წელს გადაწყვიტა, რომ ძმებს შეეძინათ შესაფერისი ნაკვეთი და ფილიალის ახალი კომპლექსი აეშენებინათ. შეძლებდნენ გერმანელი მოწმეები ხარჯების დაფარვას? მათ მიეცათ ამის შესაძლებლობა. 1984 წელს, როცა ზელტერსში (ტაუნუსის მთიანი რეგიონის დასავლეთი ნაწილი) ამ პროექტის მშენებლობა დასრულდა, ფილიალი იტყობინებოდა: „ათიათასობით იეჰოვას მოწმემ — მდიდარმა თუ ღარიბმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა — მილიონობით დოლარი შესწირა ამ ახალი ფილიალის მშენებლობას. მათი გულუხვობის წყალობით არც ერთხელ არ გამხდარა საჭირო ვალის აღება ან სხვა ორგანიზაციებიდან სესხის გამოტანა“. გარდა ამისა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან დაახლოებით ყოველი მეშვიდე მოწმე მონაწილეობდა ზელტერსში ფილიალის მშენებლობაში.
სამქადაგებლო საქმიანობისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად და ადგილობრივ ენებზე ბიბლიური ლიტერატურის გამოსაცემად სხვა ქვეყნებშიც გახდა საჭირო ფილიალებისა და სტამბების აშენება. მაგრამ ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური გაჭირვებისა და მოწმეების ფინანსური მდგომარეობის გამო ეს ძალიან რთული ან შეუძლებელიც კი იყო. ადგილობრივ მოწმეებს შესაძლებლობა მისცეს, იმდენი გაეკეთებინათ, რამდენიც შეეძლოთ (2 კორ. 8:11, 12). მაგრამ ქვეყანაში ფინანსების ნაკლებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას მაშინ, როცა თანხის მიღება სხვა ქვეყნებიდან შეიძლება.
მართალია, ასეთ ქვეყნებში ადგილობრივი მოწმეები შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ფილიალები იქ ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავებით შენდება. ასე აშენდა დიდი ფილიალები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (1987 წელი), ნიგერიაში (1990 წელი) და ფილიპინებზე (1991 წელი). მსგავსად დაფინანსდა ზამბიაში სტამბის მშენებლობა, რომელიც 1992 წლისთვის ჯერ კიდევ შენდებოდა. საზღვარგარეთ მცხოვრები და-ძმების შესაწირავებით აშენდა აგრეთვე პატარა ფილიალები 1985 წელს ინდოეთში, 1986 წელს — ჩილეში, 1987 წელს — გაიანაში, ეკვადორში, კოსტა-რიკაში, პაპუა-ახალ გვინეაში და ჰაიტიზე, 1988 წელს — განაში და 1989 წელს — ჰონდურასში.
ზოგ ქვეყანაში ძმები გაოცებულები არიან, თუ რამდენის მიღწევა შეუძლიათ საკუთარი ძალებით, რომელსაც იეჰოვა აკურთხებს. მაგალითად, ასე მოხდა ესპანეთში, როცა 1980-იანი წლების დასაწყისში დაიგეგმა ფილიალის გაფართოება. ადგილობრივმა ფილიალმა ხელმძღვანელ საბჭოს გაფართოებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა სთხოვა. მაგრამ იმ დროს ორგანიზაციას ძალიან დიდი ხარჯები ჰქონდა, ამიტომ ასეთი დახმარების გაწევას ვერ შეძლებდა. შესაძლებლობა რომ მისცემოდათ, შეძლებდნენ ესპანელი მოწმეები თავიანთი მცირე შემოსავლით მშენებლობის დაფინანსებას?
ესპანელ მოწმეებს აუხსნეს საქმის ვითარება. მათ სიხარულით შესწირეს ძვირფასი ქვები, ბეჭდები და სამაჯურები, რომლებიც ძმებს შეეძლოთ გაეყიდათ. როცა ერთ ხანდაზმულ დას ჰკითხეს, მართლა სურდა თუ არა ოქროს მსხვილი სამაჯურის შეწირვა, მან მიუგო: „ძმაო, ეს სამაჯური ახალი ბეთელის მშენებლობას უფრო გამოადგება, ვიდრე ჩემს მაჯას!“. სხვა ასაკოვანმა დამ იატაკში გაკეთებული სამალავიდან ამოიღო გაცრეცილი ბანკნოტების შეკვრა, რომელსაც წლების განმავლობაში ინახავდა. დაქორწინებული წყვილები მოგზაურობისთვის გადანახულ ფულს სწირავდნენ. ბავშვები თავიანთ დანაზოგს აგზავნიდნენ. ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც გიტარის საყიდლად აგროვებდა ფულს, მთელი თანხა ფილიალის მშენებლობას შესწირა. ისრაელების მსგავსად, რომლებმაც უდაბნოში კარავი ააგეს, ესპანელი მოწმეებიც გულუხვად სწირავდნენ ყველაფერს, რაც საჭირო იყო (გამ. 35:4—9, 21, 22). და-ძმები მზადყოფნას ავლენდნენ. ზოგიერთი მათგანი მშენებლობაზე მუშაობას მთელ დროს უთმობდა, ზოგი არდადეგების დროს მუშაობდა და ზოგიც — შაბათ-კვირას. მთელი ესპანეთიდან ათასობით მოწმე შეიკრიბა. მათ შეუერთდნენ მოწმეები გერმანიიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, შეერთებული შტატებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რათა დაესრულებინათ საქმე, რომლის შესრულებაც თავიდან შეუძლებელი ჩანდა.
მომგებიანია ლიტერატურის გამოცემა?
1992 წლისთვის ბიბლიური ლიტერატურა მთავარ სამმართველოსა და მსოფლიოში არსებულ 32 ფილიალში იბეჭდებოდა. ამ ლიტერატურის დიდი ნაწილი გასავრცელებლად გამოიცემოდა. ეს არ კეთდებოდა მოგების მიზნით. გადაწყვეტილებას, თუ რომელ ენაზე გამოეცა ლიტერატურა და რომელ ქვეყანაში გაეგზავნა, ორგანიზაცია იღებდა არა მატერიალური მოგების მიზნით, არამედ იესო ქრისტეს მიერ თავისი მიმდევრებისთვის დავალებული საქმის შესასრულებლად.
1879 წლის ივლისში გამოცემულ „საგუშაგო კოშკის“ პირველ ნომერში ნათქვამი იყო, რომ მათ, ვისაც გაჭირვების გამო არ შეეძლოთ ჟურნალის გამოსაწერად ყოველწლიურად 50 ამერიკული ცენტის გადახდა, შეეძლოთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ ეთხოვათ და უფასოდ მიეღოთ ჟურნალები. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხალხს იეჰოვას დიდებული განზრახვების გაგებაში დახმარებოდნენ.
ამ მიზნით, 1879 წლიდან მოყოლებული, მოწმეებმა ყოველგვარი საფასურის გარეშე დიდი რაოდენობით ბიბლიური ლიტერატურა გაავრცელეს. 1881 წლიდან მათ უფასოდ გაავრცელეს პუბლიკაციის „სულიერი საზრდო მოაზროვნე ქრისტიანებისთვის“ დაახლოებით 1 200 000 ეგზემპლარი, რომლებიც 162-გვერდიანი წიგნის ან გაზეთის ფორმატით იყო გამოცემული. მომდევნო წლებში კიდევ უამრავი სხვადასხვა ზომის ტრაქტატი დაიბეჭდა, რომელთაგან უმეტესობა (ასობით მილიონი ეგზემპლარი) უსასყიდლოდ გავრცელდა. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი ტრაქტატი თუ სხვა პუბლიკაცია ვრცელდებოდა. ანგარიშის თანახმად, მხოლოდ 1915 წელს დაახლოებით 30 ენაზე დაბეჭდილი 50 000 000 ტრაქტატი უფასოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. საიდან იღებდა ორგანიზაცია საჭირო თანხებს? ძირითადად, ნებაყოფლობითი შესაწირავებიდან, რომლებიც ორგანიზაციის ფონდში შედიოდა.
საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ისტორიის პირველი ათწლეულების განმავლობაში იყო ისეთი ლიტერატურა, რომელთაც მოწმეები ხალხს გარკვეული, მინიმალური თანხის სანაცვლოდ სთავაზობდნენ. ასეთ ლიტერატურას განეკუთვნებოდა მაგარყდიანი წიგნები, რომლებსაც 350-დან 744-მდე გვერდი ჰქონდა. მათი გავრცელებისას წიგნების დამტარებლები (ასე ერქვათ იმ დროს სრული დროით მქადაგებლებს) ხალხს ეუბნებოდნენ, თუ რამდენი უნდა შეეწირათ. მაგრამ მათი მიზანი ფულის შოვნა კი არ იყო, არამედ ის, რომ ხალხს წაეკითხა ისინი და ბიბლიური ჭეშმარიტება გაეგო.
წიგნების დამტარებლები ღარიბ ადამიანებს ლიტერატურას უსასყიდლოდ აძლევდნენ და შესაწირავს თვითონ დებდნენ. თუმცა მათ შენიშნეს, რომ ისინი უფრო კითხულობდნენ პუბლიკაციებს, ვინც რაღაცას მაინც სწირავდა; მათ მიერ შეწირული თანხით კი უფრო მეტი ლიტერატურის დაბეჭდვა შეიძლებოდა. თუმცა ხაზი ესმებოდა იმას, რომ ბიბლიის მკვლევარები დაინტერესებულები არ იყვნენ მატერიალური გამორჩენით, 1920 წლის 1 ოქტომბრის „ბიულეტენში“, რომელსაც ორგანიზაცია მქადაგებელთათვის მითითებების მისაცემად გამოსცემდა, ეწერა: „128-გვერდიანი ბროშურის დატოვებიდან ათ დღეში განმეორებით მიაკითხე მობინადრეს და გაიგე, წაიკითხა თუ არა ის. თუ არ წაუკითხავს, სთხოვე, დაგიბრუნოს ის და შეწირული თანხა უკან მიეცი. აუხსენი მათ, რომ წიგნებით ვაჭრობით კი არა ხარ დაინტერესებული, არამედ იმით, რომ თითოეულ ადამიანამდე მიიტანო მანუგეშებელი ცნობა და თუ არ აინტერესებთ ის, რაც უშუალოდ მათ ეხებათ . . . მაშინ ამ პუბლიკაციას იმ ადამიანს მიუტან, ვისაც დააინტერესებს“. იეჰოვას მოწმეები დღეს აღარ იყენებენ ამ მეთოდს, რადგან დაინახეს, რომ ზოგჯერ ჩვენს ლიტერატურას ოჯახის სხვა წევრები კითხულობენ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, სინამდვილეში რა მიზანი აქვთ მოწმეებს.
მრავალი წლის მანძილზე მოწმეები ამბობდნენ, რომ „ყიდდნენ“ ლიტერატურას, მაგრამ ამ სიტყვამ გაუგებრობა გამოიწვია და 1929 წლიდან ისინი აღარ იყენებდნენ მას. სიტყვა „გაყიდვა“ არ შეესაბამებოდა მათ საქმიანობას, რადგან ისინი კომერციას არ ეწეოდნენ. მათი მიზანი ფულის შოვნა კი არ იყო, არამედ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. სწორედ ამ მიზეზით, 1943 წელს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეებს ლიტერატურის გასავრცელებლად აღარ მოეთხოვებოდათ საცალო ვაჭრობის ლიცენზიის შეძენა. მოგვიანებით კანადის სასამართლომ ერთ-ერთი საქმის დროს გამოიყენა შეერთებულ შტატებში მიღებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მტკიცებები.b
ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეები ლიტერატურის სანაცვლოდ, ჩვეულებრივ, შესაწირავებს იღებდნენ. მათ მიერ დასახელებული თანხა იმდენად მცირე იყო სხვა წიგნებისა თუ ჟურნალების საფასურთან შედარებით, რომ ხალხი უფრო მეტს სთავაზობდა. თუმცა ორგანიზაცია დიდ ძალისხმევას ახმარდა შესაწირავი თანხის შემცირებას, რათა ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა მილიონობით მადლიერ ადამიანს მიეღო, რომელთაც არცთუ ისე დიდი შემოსავალი ჰქონდათ. იეჰოვას მოწმეები შესაწირავ თანხას ორგანიზაციის გამდიდრების მიზნით არ სთხოვდნენ ხალხს.
იმ ქვეყნებში, სადაც ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებისას შესაწირავის აღება კომერციულ საქმიანობად ითვლება, იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით უტოვებენ ლიტერატურას ყველას, ვინც გულწრფელ ინტერესს ავლენს. მათ, ვისაც ბიბლიის საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა სურთ, შეუძლიათ იმდენი შესწირონ, რამდენსაც მოისურვებენ. მაგალითად, ასე ხდება იაპონიაში. შვეიცარიაში ერთ პუბლიკაციაზე გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავი არ უნდა ყოფილიყო გარკვეულ თანხაზე მეტი, ამიტომ, როცა ვინმე მეტს იძლეოდა, მოწმეები უკან უბრუნებდნენ ზედმეტ თანხას ან დამატებით პუბლიკაციას აძლევდნენ. მათი მიზანი ფულის შეგროვება კი არა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო.
1990 წელს ზოგიერთი ქრისტიანული რელიგიის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მასმედიაში დიდი ხმაური ატყდა. ამასთანავე, ზოგ ქვეყანაში მთავრობამ რელიგიური მსახურება კომერციულ საქმიანობად მიიჩნია. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა გარკვეული ცვლილებები მოახდინეს, რათა თავიდან აერიდებინათ გაუგებრობა. ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოწმეებს მთელ შეერთებულ შტატებში გაევრცელებინათ ბიბლიები, ტრაქტატები, ბროშურები, ჟურნალები და ბიბლიის ასახსნელად გამოცემული მაგარყდიანი წიგნები მხოლოდ იმ პირობით, თუ წაიკითხავდნენ, მაგრამ შესაწირავები აღარ ეთხოვათ. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ არის კომერციული და ამ ცვლილებამ უფრო მეტად განასხვავა ისინი იმ რელიგიებისგან, რომლებმაც რელიგია კომერციად აქციეს. რა თქმა უნდა, ადამიანთა უმეტესობას ესმის, რომ ასეთი ლიტერატურის ბეჭდვას სახსრები სჭირდება. მათ, ვინც აფასებს მოწმეების საქმიანობას, შეიძლება იმის სურვილი გაუჩნდეთ, რომ მათი საქმიანობის მხარდასაჭერად შესაწირავი გაიღონ. მოწმეები ხალხს უხსნიან, რომ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობა ნებაყოფლობითი შესაწირავებით ხორციელდება. ისინი შესაწირავებს სიამოვნებით იღებენ, მაგრამ არასდროს ითხოვენ.
იეჰოვას მოწმეები გამორჩენის მიზნით არ ქადაგებენ. პირიქით, ისინი სწირავენ თავიანთ დროს და თავად ფარავენ მგზავრობის ხარჯებს. თუ ვინმე ინტერესს გამოავლენს, მოწმეები ყოველკვირა ინახულებენ მას და სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან ბიბლიის შესწავლაში. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გულგრილობასა და წინააღმდეგობას ხვდებიან, ამ საქმის გასაგრძელებლად მათ ღვთისა და მოყვასის სიყვარული აღძრავს.
მსოფლიო მთავარ სამმართველოში ან მის ფილიალებში შესული თანხით არც ორგანიზაცია მდიდრდება და არც ცალკეული პირი; პირიქით, ის მთლიანად სასიხარულო ცნობის გავრცელებას ხმარდება. 1922 წლის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რომ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო ევროპაში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ წიგნები იბეჭდებოდა ამერიკაში არსებული მთავარი სამმართველოს ხარჯზე და ხშირად მათი გავრცელების დროს აღებული შესაწირავი წიგნის თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლები იყო. იეჰოვას მოწმეები დღეს ბევრ ქვეყანაში ბეჭდავენ ლიტერატურას. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც ეს ლიტერატურა ეგზავნება, არ შეუძლია საკუთარი ძალებით ხარჯების დაფარვა. შეძლებულ ქვეყნებში მცხოვრები მოწმეების მიერ გულუხვად გაღებული შესაწირავები ავსებს დანაკლისს, რომელიც გაჭირვებული ქვეყნებისთვის დასაბეჭდი ლიტერატურის ხარჯების დაფარვას სჭირდება.
საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ ყოველთვის ცდილობდა, რომ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად მთელი სახსრები გამოეყენებინა. 1915 წელს ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ჩარლზ ტეიზ რასელმა თქვა: „ჩვენი ორგანიზაციის მიზანი დედამიწაზე განძის დაგროვება არ არის. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, მთელი სახსრები სამქადაგებლო საქმეს მოვახმაროთ. ყველაფერი, რაც ღვთის წყალობით გვაქვს და არა გამოძალვით, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად გონივრულად გამოვიყენოთ უფლის სიტყვისა და მისი სულის თანახმად. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ თუ სახსრები ამოიწურებოდა, ჩვენი საქმიანობა შესაბამისად შეჩერდებოდა, ხოლო თუ სახსრები გაიზრდებოდა, ორგანიზაციის საქმიანობაც გაფართოვდებოდა“. მას შემდეგ დამოკიდებულება არ შეცვლილა.
ორგანიზაცია დღემდე იყენებს ფულად სახსრებს, რათა მხარი დაუჭიროს მიმომსვლელი ზედამხედველების მსახურებას, რომლებიც აძლიერებენ კრებებს და აღძრავენ მათ ქადაგებისკენ; აგზავნის მისიონერებსა და მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსდამთავრებულებს იმ ტერიტორიებზე, სადაც განსაკუთრებული საჭიროებაა; გამოყოფს თანხებს იმისთვის, რომ სპეციალური პიონერები გაგზავნოს იქ, სადაც მქადაგებლები ცოტანი არიან ან საერთოდ არ არიან. როგორც 1993 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“ ეწერა, 1992 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ამ მიზნით 45 218 257,56 ამერიკული დოლარი დაიხარჯა.
ისინი გამორჩენის მიზნით არ მსახურობენ
ხელმძღვანელი საბჭოს არც ერთ წევრს, იურიდიული გაერთიანებების არც ერთ თანამშრომელსა და ორგანიზაციის არც ერთ წარმომადგენელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობიდან არანაირი მოგება არა აქვს.
ჩარლზ რასელის შესახებ, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტი, ერთ-ერთი მისი თანამოაზრე წერდა: „რომ დაენახა, შეესაბამებოდა თუ არა მის მიერ აღებული კურსი წმინდა წერილებს, ეჩვენებინა თავისი გულწრფელობა და დარწმუნებულიყო უფლის კეთილგანწყობაში, ის შემდეგნაირად მოიქცა: 1) მთელი ცხოვრება თავის რწმენას მიუძღვნა; 2) მთელი ქონება უფლის საქმის წინ წასაწევად გამოიყენა; 3) შეხვედრებზე აკრძალა ფულის შეგროვება; 4) გადაწყვიტა, რომ მისი ქონების ამოწურვის შემდეგ მხოლოდ ნებაყოფლობითი შესაწირავებით გააგრძელებდა საქმეს“.
ნაცვლად იმისა, რომ ძმა რასელს რელიგიური საქმიანობა გამდიდრებისთვის გამოეყენებინა, მან მთელი თავისი სახსრები უფლის საქმეს მოახმარა. მისი სიკვდილის შემდეგ „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „მან თავისი ქონება დახარჯა იმ საქმისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა. პირადი ხარჯებისთვის ის ყოველთვე მხოლოდ 11 ამერიკულ დოლარს იღებდა. სიკვდილის შემდეგ რასელის სახელზე არანაირი ქონება არ დარჩენილა“.
მათ შესახებ, ვინც ორგანიზაციის საქმიანობას გაუძღვებოდა, ძმა რასელმა ანდერძში დაწერა: „რაც შეეხება ანაზღაურებას, ჩემი აზრით, გონივრული იქნება, თუ არ გადაუხვევთ ორგანიზაციის მიერ აღებულ კურსს — არავინ არ უნდა მიიღოს ხელფასი. მათ, ვინც ორგანიზაციას ემსახურება ამა თუ იმ სახით, მიეცეს გარკვეული თანხა პირადი საჭიროებებისთვის“. ისინი, ვინც იმსახურებდნენ ბეთელებში, ოფისებში, სტამბებში ან ორგანიზაციის მიმომსვლელ წარმომადგენლებად, უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ საკვებით, თავშესაფრით და მცირე თანხით, რაც მხოლოდ პირველადი საჭიროებებისთვის იქნებოდა საკმარისი და არა ქონების დაგროვებისთვის“. ეს დღემდე ასეა.
ისინი, ვინც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში სპეციალურ სრული დროით მსახურებას იწყებენ, ხელმძღვანელი საბჭოსა და სხვა ყველა ბეთელის ოჯახის წევრის მსგავსად სიღარიბის აღთქმას დებენ. ეს არ ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება უღიმღამო და ყოველგვარ კომფორტს მოკლებულია. ყველა სპეციალური სრული დროით მსახური, რა დავალებასაც არ უნდა ასრულებდეს, უზრუნველყოფილია საკვებით, საცხოვრებლით და მცირე თანხით პირადი საჭიროებისთვის.
ამგვარად, ორგანიზაციის საქმიანობა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის დახმარებით ხორციელდება. მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები, როგორც ჭეშმარიტი სულიერი საძმოს წევრები, არა იძულებით, არამედ სიხარულით იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რათა შეასრულონ დიდებული ზეციერი მამის, იეჰოვას მიერ დაკისრებული საქმე.
[სქოლიოები]
a იხილეთ „საგუშაგო კოშკის“ ნომრები: 1944 წლის 1 სექტემბერი, გვერდი 269; 1987 წლის 15 დეკემბერი, გვერდები 19, 20.
b „Murdock v. Commonwealth of Pennsylvania, 319 U.S. 105 (1943)“; „Odell v. Trepanier, 95 C.C.C. 241 (1949)“.
[ჩანართი 340 გვერდზე]
„ორგანიზაცია არც ორგანიზებას უწევს და არც იწონებს ფულის შეგროვებას ან სხვა სახით მის თხოვნას“
[ჩანართი 342 გვერდზე]
მთავარი მიზანი სხვებისთვის ჭეშმარიტების გაზიარებაა
[ჩანართი 343 გვერდზე]
გულწრფელი და ფაქტებზე დაფუძნებული
[ჩანართი 344 გვერდზე]
კრებები ერთმანეთს ეხმარებიან, რომ სამეფო დარბაზები ჰქონდეთ
[ჩანართი 345 გვერდზე]
შესაწირავების დიდ ნაწილს ისინი იღებენ, ვინც მოკრძალებულად ცხოვრობს
[ჩანართი 348 გვერდზე]
ვინ ფარავდა უფასოდ გავრცელებული ლიტერატურის ხარჯებს?
[ჩანართი 349 გვერდზე]
„ისინი სიამოვნებით უტოვებენ ლიტერატურას ყველას, ვინც გულწრფელ ინტერესს ავლენს“
[ჩანართი 350 გვერდზე]
რა კეთდება შემოწირული თანხით?
[ჩანართი 351 გვერდზე]
„მან თავისი ქონება დახარჯა იმ საქმისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა“
[ჩარჩო 341 გვერდზე]
ღმერთი მოწყალებას არ ითხოვს
«მას, ვინც ამბობს: „რომც მომშიებოდა, შენ არ გეტყოდი, რადგან ჩემია ნაყოფიერი მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა . . . არ წამოვიყვან შენი სახლიდან ხარს, არც შენი ფარეხებიდან — ვაცებს, რადგან ჩემია ტყის ყველა გარეული ცხოველი და ყოველი პირუტყვი ათასობით მთაზე“ (ფსალმ. 50:12, 9, 10), შეუძლია თავისი დიდებული საქმე ისე შეასრულოს, რომ მოწყალება არც ამ ქვეყნიერებას სთხოვოს და არც თავის შვილებს. ის არ აძალებს თავის შვილებს, რომ მსახურებისთვის შესაწირავი გაიღონ და არც თავად მიიღებს მათგან რამეს, თუ ის სიხარულით და ნებაყოფლობით არ იქნება გაღებული» (1886 წლის სექტემბრის „სიონის საგუშაგო კოშკი“, გვერდი 6).
[ჩარჩო 347 გვერდზე]
შესაწირავები ყოველთვის ფულადი არ არის
კუინზლენდის შორეულ ჩრდილოეთში მცხოვრებმა მოწმეებმა დაამზადეს და სიდნეიში (ავსტრალია) „საგუშაგო კოშკის“ სამშენებლო ტერიტორიაზე ოთხი სატვირთო მანქანით გაგზავნეს საუკეთესო ხარისხის ხის მასალა, რომლის საფასურიც იმ დროისთვის 60 000-დან 70 000-მდე ავსტრალიურ დოლარს შეადგენდა.
როდესაც ილანსფონტინში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) „საგუშაგო კოშკის“ სტამბის გაფართოება დაიწყო, ინდოელმა ძმამ იქაურ ძმებს დაურეკა და სთხოვა, რომ მისგან უსასყიდლოდ წაეღოთ 500 ტომარა ცემენტი (თითო ტომარა 50 კილოგრამს იწონიდა). იმ დროს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცემენტის დეფიციტი იყო. სხვებმა ორგანიზაციას შესთავაზეს, რომ მათი სატვირთო მანქანები გამოეყენებინათ. ერთმა აფრიკელმა დამ ერთ კომპანიას ფული გადაუხადა, რომ 15 კუბური მეტრი სამშენებლო ქვიშა მშენებლობაზე მიეტანა.
ემენში (ნიდერლანდი) ფილიალის მშენებლობას და-ძმებმა დიდი რაოდენობით სამშენებლო იარაღები და ტანსაცმელი შესწირეს. ერთმა დამ, ავადმყოფობის მიუხედავად, ყველა მშენებელს ზამთრისთვის მაღალყელიანი შალის წინდები მოუქსოვა.
ლუსაკაში (ზამბია) ახალი ფილიალისა და სტამბის ასაშენებლად საჭირო სამშენებლო მასალები ძმებმა სხვა ქვეყნებში მცხოვრები მოწმეების მიერ გაღებული შესაწირავებით იყიდეს. იმ მასალას, რომელიც ადგილობრივად არ იშოვებოდა, ზამბიაში შესაწირავის სახით აგზავნიდნენ.
1977 წელს ეკვადორელმა მოწმემ ორგანიზაციას 34 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესწირა, სადაც საკონგრესო დარბაზი და ახალი ფილიალის კომპლექსი აშენდა.
პანამაში ადგილობრივმა მოწმეებმა თავიანთ სახლებში მიიღეს მოხალისე მშენებლები. ზოგი მოწმე, ვისაც ავტობუსები ჰყავდა, მათ გადაადგილებაში ეხმარებოდა. სხვებმა სამშენებლო ტერიტორიაზე 30 000 სადილის მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა.
არბუგაში (შვედეთი) ერთმა კრებამ პროექტზე მომუშავე მშენებლებისთვის 4 500 ფუნთუშა გამოაცხო. სხვებმა მათ თაფლი, ხილი და ჯემი გაუგზავნეს. ერთმა ფერმერმა, რომელიც სამშენებლო ტერიტორიასთან ახლოს ცხოვრობდა, მაგრამ მოწმე არ იყო, მშენებლებს ორი ტონა სტაფილო მისცა.