„საგუშაგო კოშკის“ გამოცემა
პირველი ნომერი გამოვიდა 1879 წლის ივლისში სახელწოდებით „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“. ეს ჟურნალი, რომელიც იცავდა იესო ქრისტეს გამოსასყიდს, იმისთვის გამოიცემოდა, რომ ყველა მორწმუნისთვის სულიერი საზრდო მიეწოდებინა. 1909 წლის პირველ იანვარს ჟურნალს სათაური შეეცვალა და ეწოდა „საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“, რითაც მეტი ყურადღება მიექცა მისი გამოცემის მიზანს. იმ ფაქტის წარმოსაჩენად, რომ ქრისტე უკვე გამეფდა ზეცაში, 1939 წლის პირველი იანვრიდან ჟურნალს ახალი სახელი ეწოდა „საგუშაგო კოშკი და ქრისტეს სამეფოს მაცნე“. შემდეგ 1939 წლის პირველ მარტს ჟურნალს ისევ შეეცვალა სახელი და ეწოდა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“, რითაც უფრო მეტი ყურადღება გამახვილდა იეჰოვაზე, როგორც სამყაროს უზენაესზე, რომელმაც მმართველობის უფლება მისცა თავის ძეს.
თავიდან „საგუშაგო კოშკი“ რვაგვერდიანი გაზეთი იყო და თვეში ერთხელ გამოდიოდა. 1891 წელს გვერდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, 1892 წლიდან კი ის თვეში ორჯერ გამომავალი ჟურნალი გახდა. 1950 წლისთვის ის უკვე 32-გვერდიანი ჟურნალი იყო და ბევრ ენაზე გამოიცემოდა.
„საგუშაგო კოშკის“ სხვა ენებზე თარგმნა თანდათანობით დაიწყეს. 1883 წელს ერთი ნომერი საცდელად გადათარგმნეს შვედურ ენაზე და ტრაქტატის სახით გამოსცეს. 1886—1889 წლებში ჟურნალი პატარა ფორმატით გამოდიოდა გერმანულ ენაზე. თუმცა ამის შემდეგ მისი გამოცემა შეწყდა და მხოლოდ 1897 წელს განახლდა, რის შემდეგაც ის უკვე რეგულარულად იბეჭდებოდა. 1916 წლისთვის ის გამოდიოდა გერმანულ, დანიურ-ნორვეგიულ, ინგლისურ, პოლონურ, ფინურ, ფრანგულ და შვედურ ენებზე. 1922 წელს, როცა სასიხარულო ცნობის ქადაგებამ ფართო მასშტაბებს მიაღწია, იმ ენების რაოდენობა, რომლებზეც ჟურნალი გამოიცემოდა, 16-მდე გაიზარდა. 1993 წლისთვის კი ის რეგულარულად გამოდიოდა 112 ენაზე, რომლებზეც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი საუბრობდა. მათ შორის იყო არა მხოლოდ ესპანური, იაპონური და ინგლისური, რომლებზეც თითოეული ნომრის მილიონობით ეგზემპლარი იბეჭდებოდა, არამედ პალაუ, ტუვალუ და სხვა ენები, რომლებზეც ჟურნალის მხოლოდ რამდენიმე ასეული ეგზემპლარი ვრცელდებოდა.
წლების მანძილზე თვლიდნენ, რომ „საგუშაგო კოშკი“ ღმერთზე მიძღვნილი ქრისტიანებისგან შემდგარი „მცირე სამწყსოსთვის“ გამოდიოდა. მისი ტირაჟი შედარებით შეზღუდული იყო. 1916 წლისთვის ჟურნალის მხოლოდ 45 000 ეგზემპლარი იბეჭდებოდა. მაგრამ 1935 წლიდან მოყოლებული არაერთხელ მოუწოდებდნენ „იონადაბებს“ ანუ „უამრავ ხალხს“, რომ რეგულარულად მიეღოთ და წაეკითხათ „საგუშაგო კოშკი“. 1939 წელს, როცა ჟურნალის გარეკანზე ყურადღება გამახვილდა სამეფოზე, ჩატარდა ოთხთვიანი საერთაშორისო კამპანია, რომლის დროსაც ხალხს „საგუშაგო კოშკის“ გამოწერისკენ მოუწოდებდნენ. შედეგად, ჟურნალის გამომწერთა რაოდენობამ 120 000-ს მიაღწია. მომდევნო წელს „საგუშაგო კოშკს“ რეგულარულად სთავაზობდნენ ხალხს ქუჩებში. მისი ტირაჟი სწრაფად გაიზარდა. 1993 წლის დასაწყისში ყველა ენაზე თითოეული ნომრის 16 400 000 ეგზემპლარი იბეჭდებოდა.