საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ie გვ. 19-20
  • სული ბიბლიის თანახმად

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სული ბიბლიის თანახმად
  • რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • „სული“, როგორც ცოცხალი არსება
  • „სული“, როგორც არსების სიცოცხლე
  • გაქვთ უკვდავი სული?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
  • რა არის სული?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ — რას ამბობს ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • სული
    მსჯელობა წმინდა წერილების საფუძველზე
იხილეთ მეტი
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
ie გვ. 19-20

სული ბიბლიის თანახმად

„იქცა ადამი სულად“. დაბადება 2:7.

1. რა უნდა გამოვიკვლიოთ იმის გასაგებად, თუ რას ასწავლის ბიბლია სულის შესახებ?

როგორც დავინახეთ, სულის შესახებ მრავალგვარი წარმოდგენა არსებობს. მათ შორისაც კი, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი რწმენის საფუძველი ბიბლიაა, სულისა და სიკვდილის შემდეგ მისი არსებობის შესახებ აზრთა სხვაობაა. მაგრამ, სინამდვილეში, რას ასწავლის ბიბლია სულზე? ამის გასაგებად, უნდა გამოვიკვლიოთ იმ ებრაული და ბერძნული სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ბიბლიაში გადმოთარგმნილია როგორც „სული“.

„სული“, როგორც ცოცხალი არსება

2, 3. ა) რომელი სიტყვაა გადმოთარგმნილი ებრაულ წერილებში „სულად“ და ძირითადად რა მნიშვნელობა აქვს მას? ბ) როგორ ადასტურებს დაბადების 2:7, რომ სიტყვა „სული“ პიროვნებას გამოხატავს?

2 „სულად“ გადმოთარგმნილია ებრაული სიტყვა „ნეფეშ“, რომელიც ებრაულ წერილებში (ჩვეულებრივ „ძველ აღთქმად“ ცნობილი) 754-ჯერ გვხვდება. რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას „ნეფეშ“? „ბიბლიისა და რელიგიის ლექსიკონის“ (The Dictionary of Bible and Religion) თანახმად, ის „ჩვეულებრივ აღნიშნავს ცოცხალ არსებას, პიროვნებას“.

3 მაგალითად, დაბადების 2:7-ში ნათქვამია: «გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად [„სულად“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა]». ყურადღება მიაქციეთ, რომ ადამს არ ჰქონია სული; ის იყო სული, ისევე როგორც პიროვნება, რომელიც გახდა ექიმი, არის ექიმი. ასე რომ, სიტყვა „სული“ პიროვნების აღმნიშვნელია.

4, 5. ა) აჩვენეთ მაგალითებით, რომ სიტყვა „სული“ პიროვნებას აღნიშნავს. ბ) როგორ უჭერს მხარს ერთ-ერთი ლექსიკონი იმ აზრს, რომ პიროვნება სულს წარმოადგენს?

4 ამ შეხედულებას მთელი ებრაული წერილები უჭერს მხარს, სადაც ვკითხულობთ: „როდემდის უნდა მიშფოთებდეთ სულს?“ (იობი 19:2), „დაე, დევნოს მტერმა სული ჩემი და წამოეწიოს“ (ფსალმუნი 7:6), „მშვიდობიანად დაიხსნა ჩემი სული ჩემს წინააღმდეგ ომისაგან, რადგან ბევრნი იყვნენ ჩემზე აღმდგარნი“ (ფსალმუნი 54:19), „დადნა სული ჩემი ნაღვლიანობით“ (ფსალმუნი 118:28) „უფალი მართლის სულს არ დაამშევს“ (იგავნი 10:3) და „ზარმაცის სული მოწყურებულია, მაგრამ არაფერი აქვს“ (იგავნი 13:4).

5 ამ მუხლებში არ არის ნათქვამი, რომ სული აჩრდილის მსგავსია და სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს სიცოცხლეს. «ჩვენი თვალსაზრისი, რომ საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ „სული“ უფალთან მიდის და ის „უკვდავია“, უბრალოდ გაუგებარი იქნებოდა „ძველი აღთქმის“ კულტურაში», — ნათქვამია „ბიბლიისა და რელიგიის ლექსიკონში“.

6, 7. რომელი სიტყვაა გადმოთარგმნილი სიტყვად „სული“ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში და რა ძირითადი მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას?

6 სიტყვა, რომელიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში („ახალი აღთქმა“) „სულად“ ასზე მეტჯერაა გადმოთარგმნილი, არის „ფსიქე“. სიტყვის „ნეფეშ“ მსგავსად, ეს სიტყვაც ხშირად პიროვნებას აღნიშნავს. მაგალითად, განვიხილოთ საღვთო წერილიდან მოყვანილი შემდეგი ადგილები: „შფოთავს ჩემი სული“ (იოანე 12:27). „ყოველი სული შიშმა მოიცვა“ (საქმეები 2:43). „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას“ (რომაელთა 13:1). „ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, აღმოიფხვრება ხალხისგან“ (საქმე 3:23). „ცოტა, ესე იგი, რვა სული გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20).

7 ნათელია, რომ „ფსიქე“, ისევე როგორც „ნეფეშ“, პიროვნებას გულისხმობს. სწავლული ნაიჯელ ტერნერის ნათქვამის თანახმად, ეს სიტყვა «აღნიშნავს ადამიანს, პიროვნებას, ფიზიკურ სხეულს, რომელშიც ღმერთმა [სული] „რუაჰ“ შთაბერა. . . ძირითადად, ის პიროვნების აღმნიშვნელია».

8. არიან თუ არა ცხოველები სულები? ახსენით.

8 ბიბლიაში სიტყვა „სული“ არა მარტო ადამიანებთან, არამედ ცხოველებთან დაკავშირებითაც, გამოიყენება. მაგალითად, დაბადების 1:20-ში მოყვანილია ღვთის სიტყვები, როდესაც ის ზღვის არსებებს ქმნიდა: «აფუთფუთდეს წყალში სულდგმული [„ცოცხალი სული“, აქ]». მომდევნო შემოქმედებით დღეს კი ღმერთმა თქვა: „წარმოშვას მიწამ სულდგმული [„ცოცხალი სული“, აქ] თავ-თავისი გვარისდა მიხედვით — პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით“ (დაბადება 1:24; შეადარეთ რიცხვნი 31:28). აქედან გამომდინარე, „სული“ აღნიშნავს ცოცხალ არსებას, ადამიანი იქნება ეს თუ ცხოველი.

„სული“, როგორც არსების სიცოცხლე

9. ა) რომელი სხვა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს სიტყვა „სულს“? ბ) ეწინააღმდეგება თუ არა ეს იმ აზრს, რომ თვითონ პიროვნება არის სული?

9 ზოგჯერ სიტყვაში „სული“ ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლე იგულისხმება. ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ ბიბლიაში სული პიროვნების ან ცხოველის აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითისთვის: ჩვენ ვამბობთ, რომ პიროვნება ჯანმრთელია. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიროვნებას კარგი ჯანმრთელობა აქვს. მსგავსად დგას საკითხი სულთანაც. მაშინ, როდესაც პიროვნება ანუ სული ცოცხალია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას სული უდგას ანუ აქვს“.

10. მოიყვანეთ მაგალითები, რომლებიც აჩვენებს, რომ სიტყვაში „სული“ შეიძლება იგულისხმებოდეს პიროვნების ან ცხოველის სიცოცხლე.

10 მაგალითად, ღმერთმა უთხრა მოსეს: „მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა“ (გამოსვლა 4:19 „მცხეთური ხელნაწერები“). ნათელია, რომ მოსეს მტრები მის სიცოცხლეს ‘ეძიებდნენ’. მსგავსად არის გამოყენებული სიტყვა „სული“ შემდეგ მუხლებში: „ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის, და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის“ (1 იოანე 3:16). „მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვართათვის“ (იოანე 10:11). „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს თავისი მეგობრისათვის“ (იოანე 15:13). „ისევე, როგორც ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ (თვითონ) მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). „ადექი, წაიყვანე ყრმა და დედამისი, და წადი ისრაელის ქვეყანაში, ვინაიდან დაიხოცნენ, ვინც მაგ ყრმის სულს ეძებდნენ“ (მათე 2:20). ამ შემთხვევებში სიტყვა „სული“ ნიშნავს „სიცოცხლეს“a.

11. რას აღნიშნავს ბიბლიაში სიტყვა „სული“?

11 ასე რომ, ბიბლიაში სიტყვა „სული“ პიროვნებას, ცხოველს ან მათ სიცოცხლეს აღნიშნავს. სულის შესახებ ბიბლიის მიერ მოცემული განმარტება ნათელი და ლოგიკურია, რომელსაც საერთო არ აქვს ბუნდოვან ფილოსოფიებსა და ადამიანის ცრურწმენასთან. მაგრამ რა ემართება სულს სიკვდილის დროს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თავდაპირველად საჭიროა განვიხილოთ, თუ რატომ კვდება ადამიანი.

[სქოლიოები]

a მათეს 10:28-ე მუხლშიც სიტყვა „სული“ „სიცოცხლის“ მნიშვნელობით გამოიყენება.

[სურათები 20 გვერდზე]

ესენი სულები არიან.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება