საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • be გაკ. 1 გვ. 83-გვ. 85 აბზ. 3
  • გამართული კითხვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამართული კითხვა
  • მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • მსგავსი მასალა
  • „მთელი გულმოდგინებით იკითხე“
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • პაუზები
    მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
  • ბიბლიის ყოველდღიური კითხვა სასარგებლოა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1995
  • ბიბლიის კითხვა — სასარგებლო და სასიამოვნო საქმე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
იხილეთ მეტი
მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში
be გაკ. 1 გვ. 83-გვ. 85 აბზ. 3

გაკვეთილი 1

გამართული კითხვა

რა უნდა გააკეთო?

ზუსტად წაიკითხე ტექსტი. არ ჩაყლაპო სიტყვები და სიტყვის დაბოლოებები ან შეცდომით სხვა სიტყვა არ წაიკითხო. სწორად წარმოთქვი სიტყვები. ყურადღება მიაქციე პუნქტუაციას.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ყურადღებით და სწორად წაკითხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიბლიური ჭეშმარიტების ზუსტად გადაცემაში.

ბიბლიის თანახმად, ღმერთს სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4). ამ ცოდნის ზუსტად გადაცემის სურვილმა უნდა აღგვძრას, რომ უკეთესად ვიკითხოთ ბიბლია ხმამაღლა.

ბიბლიისა და ბიბლიური პუბლიკაციების ხმამაღლა კითხვის უნარი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ასაკით უფროსებისთვის. ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, ხალხს იეჰოვასა და მისი გზების შესახებ ვაუწყოთ. აქედან გამომდინარე, ხშირად გვიწევს სხვებისთვის — ერთი ან რამდენიმე კაცისთვის — წაკითხვა. გარდა ამისა, ოჯახურ წრეშიც ვკითხულობთ ხმამაღლა. თეოკრატიული მსახურების სკოლაში ყველას — ძმებსა თუ დებს, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს — ხმამაღლა კითხვის გასაუმჯობესებლად რჩევების მიღების შესაძლებლობა გვეძლევა.

ბიბლიის ხმამაღლა კითხვა, ერთი კაცისთვის იქნება ეს თუ მთელი კრებისთვის, სერიოზული პასუხისმგებლობაა. ბიბლია ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. გარდა ამისა, „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი . . . და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). ღვთის სიტყვა გვაძლევს ფასდაუდებელ ცოდნას, რომლის მიღებაც მის გარეშე შეუძლებელია. ბიბლია ადამიანს ეხმარება, გაიცნოს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, კარგი ურთიერთობა დაამყაროს მასთან და, აგრეთვე, გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ის გვიხსნის, როგორ მივაღწიოთ მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ამიტომაც, მიზნად უნდა დავისახოთ, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოდ ვიკითხოთ ბიბლია (ფსალმ. 119:140; იერ. 26:2).

როგორ უნდა იკითხო გამართულად. კარგ კითხვაში ბევრი რამ იგულისხმება, მაგრამ უპირველესად გამართული კითხვა უნდა ისწავლო. ეს იმას ნიშნავს, რომ შეეცადო, წაიკითხო ზუსტად ის, რაც წერია. ფრთხილად იყავი, რომ არ გამოტოვო სიტყვები, არ ჩაყლაპო სიტყვის დაბოლოებები და შეცდომით სხვა, მსგავსი სიტყვა არ წაიკითხო.

სიტყვები სწორად რომ წაიკითხო, საჭიროა, გესმოდეს კონტექსტი. ამას კარგი მომზადება სჭირდება. თანდათანობით, რაც უფრო გაიუმჯობესებ მომდევნო წინადადებების თვალით წინასწარ აღქმის უნარს, უფრო ადვილად შეძლებ გამართულ კითხვას.

პუნქტუაცია მეტად მნიშვნელოვანია წერა-კითხვის დროს. სასვენი ნიშნები გიკარნახებს პაუზების ადგილს, მათ ხანგრძლივობას და ინტონაციის ცვლილებას. ზოგ ენაში სასვენი ნიშნის მიხედვით თუ არ შეცვლი ინტონაციას, კითხვითი წინადადება შეიძლება თხრობით წინადადებად გადაიქცეს, ან სრულიად შეიცვალოს აზრი. ზოგჯერ, ცხადია, სასვენი ნიშნების დასმას მხოლოდ გრამატიკული წესები მოითხოვს. გაეცანი სასვენი ნიშნების გამოყენების წესებს. ეს აუცილებელია კარგი კითხვისთვის. გახსოვდეს, რომ შენი მიზანი აზრების გადმოცემაა და არა მხოლოდ სიტყვების წარმოთქმა.

თუ გსურს, რომ გამართულად იკითხო, უნდა ივარჯიშო. რამდენიმეჯერ წაიკითხე მხოლოდ ერთი აბზაცი, ვიდრე უშეცდომოდ შეძლებ წაკითხვას. შემდეგ მეორე აბზაცზე გადადი. ბოლოს, რამდენიმე გვერდის ერთად წაკითხვას შეეცადე ისე, რომ სიტყვები არც გამოტოვო, არც გაიმეორო და არც შეცდომით წაიკითხო. ამის შემდეგ სთხოვე ვინმეს, თვალი ადევნოს ტექსტს და შეგისწოროს შეცდომები.

ზოგ ქვეყანაში ცუდი მხედველობა და არასაკმარისი განათება მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორებია კარგი კითხვისთვის. თუ შეძლებისდაგვარად შეეცდები მდგომარეობის გამოსწორებას, უეჭველად გააუმჯობესებ კითხვას.

ძმებს, რომლებიც კარგად კითხულობენ, შეიძლება დაევალოთ მასალის ხმამაღლა წაკითხვა წიგნის შესწავლასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაზე. მაგრამ ამ დავალების კარგად შესასრულებლად სიტყვების სწორად წარმოთქმაზე მეტია საჭირო. სხვებისთვის რომ კარგად წაიკითხო, კარგად უნდა კითხულობდე პირადად შენთვის. უნდა გესმოდეს, რომ წინადადებაში თითოეულ სიტყვას თავისი დატვირთვა აქვს. თუ სიტყვებს გამოტოვებ, აზრი გაუგებარი იქნება. სიტყვები უშეცდომოდ უნდა წაიკითხო, თუნდაც შენთვის კითხულობდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრებს დაამახინჯებ. სიტყვა შეიძლება არასწორად წაიკითხო, თუ ყურადღებას არ მიაქცევ კონტექსტს. შეეცადე გაიგო, რა მნიშვნელობით არის გამოყენებული თითოეული სიტყვა. აგრეთვე დაუკვირდი, რა გავლენას ახდენს სასვენი ნიშნები წინადადებაში გადმოცემულ აზრზე. გახსოვდეს, რომ აზრს, ჩვეულებრივ, რამდენიმე სიტყვა ერთად გადმოსცემს. ამიტომაც ხმამაღლა კითხვისას ფრაზები იკითხე და არა ცალკეული სიტყვები. ხმამაღლა კითხვისას ზუსტად რომ გადასცე აზრები, მნიშვნელოვანია თავად გესმოდეს ის, რასაც კითხულობ.

„მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს“, — ეს სიტყვები მოციქულმა პავლემ გამოცდილ ქრისტიან უხუცესს მისწერა (1 ტიმ. 4:13). ხმამაღლა კითხვაში ყველას შეგვიძლია სულ უფრო და უფრო გაუმჯობესება.

სასვენი ნიშნები

წერტილი (.) წინადადების ბოლოს მოითხოვს პაუზას.

მძიმე (,) ჩვეულებრივ, საჭიროა, ხანმოკლე პაუზა გააკეთო წინადადების გაგრძელებამდე.

წერტილ-მძიმე (;) პაუზა უფრო ხანმოკლეა, ვიდრე წერტილის შემთხვევაში, მაგრამ უფრო ხანგრძლივი, ვიდრე მძიმის დროს.

ორწერტილი (:) ძირითადად, იწერება ჩამოთვლის ან ციტატის წინ; ორწერტილთანაც საჭიროა პაუზა და ინტონაციის ცვლილება.

ძახილის ნიშანი (!) საჭიროა ხმის ტონით გამოხატო ძლიერი გრძნობა.

კითხვის ნიშანი (?) ჩვეულებრივ, უფრო მაღალი ტონით უნდა წაიკითხო კითხვითი სიტყვა ან ზმნა.

ბრჭყალები („“, «» ან ‘ ’) ზოგჯერ ბრჭყალებში მოცემული სიტყვები პაუზებით უნდა გამოიყოს (მცირე პაუზებით, თუ ბრჭყალებში მოცემული სიტყვები წინადადების ნაწილია, ხოლო ხანგრძლივი პაუზებით, თუ ციტატა ან ვინმეს სიტყვებია მოყვანილი).

ტირე (—) როდესაც სიტყვები ტირეთია გამოყოფილი, საჭიროა ხმისა და ტემპის ოდნავი ცვლილება.

ფრჩხილები ( ) და კავები ანუ კვადრატული ფრჩხილები [ ] ზოგჯერ გამოყოფილი სიტყვები ოდნავ ხმადაბლა უნდა წაიკითხო. თუ მრგვალ ფრჩხილებში წყაროებია მითითებული, საჭირო არ არის მათი წაკითხვა. თუ კვადრატულ ფრჩხილებში ჩასმულია სიტყვები, რომელთა ჩამატება აუცილებელია აზრის დასასრულებლად, საჭირო არ არის ხმის ტონის ცვლილება.

რა დაგეხმარება გამართულ კითხვაში

  • ივარჯიშე, ივარჯიშე, ივარჯიშე ხმამაღლა კითხვაში!

  • სთხოვე ვინმეს, თვალი მიადევნოს ტექსტს და შეცდომები შეგისწოროს.

  • მიეჩვიე პირადი შესწავლისას ყურადღებით კითხვას.

  • შეეცადე, ცალკეული სიტყვები კი არ იკითხო, არამედ მთლიანი ფრაზები.

სავარჯიშო: კარგად მომზადების შემდეგ მეგობარს ან ოჯახის წევრს წაუკითხე მათეს მე-5—7 თავები. სთხოვე, რომ თვალი მიადევნოს ტექსტს და შეგაჩეროს ყოველთვის, როდესაც: 1) სიტყვას გამოტოვებ, 2) სიტყვას შეცდომით წაიკითხავ ან სიტყვებს გადაანაცვლებ, 3) ყურადღებას არ მიაქცევ სასვენ ნიშანს, რომელიც პაუზის გაკეთებას ან ინტონაციის ცვლილებას მოითხოვს. კარგი იქნება, თუ ამ სავარჯიშოს სხვადასხვა დროს ორჯერ ან სამჯერ შეასრულებ და ათ-ათ წუთს მაინც დაუთმობ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება