ᲗᲐᲕᲘ 9
ქრისტეა „ღვთის ძალა“
1—3. ა) რა თავზარდამცემი რამ შეემთხვათ იესოს მოწაფეებს გალილეის ზღვაზე და რა მოიმოქმედა იესომ? ბ) რატომ უწოდა პავლემ იესო ქრისტეს „ღვთის ძალა“?
ᲛᲝᲬᲐᲤᲔᲔᲑᲘ გალილეის ზღვაზე ნავით მიცურავდნენ, როცა მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა თავზარი დასცა. ქარიშხალი აქ ადრეც ექნებოდათ ნანახი — ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთი მათგანი გამოცდილი მეთევზე იყოa (მათე 4:18, 19). მაგრამ ეს იყო „საშინელი ქარიშხალი“, რომელმაც თვალის დახამხამებაში ააბობოქრა ზღვა. მოწაფეები ნავის სამართავად ამაოდ ირჯებოდნენ. ქარიშხალს ვერა და ვერ უმკლავდებოდნენ. აზვირთებული ტალღები „ნავს ეხეთქებოდა“ და წყლით ავსებდა. ამ ორომტრიალის მიუხედავად, იესოს, მთელი დღე ხალხის სწავლებით დაქანცულს, ღრმად ჩასძინებოდა კიჩოზე. მოწაფეები შიშმა აიტანა, ვაითუ ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე კიდიაო და ხვეწნა-მუდარით გააღვიძეს იგი: „უფალო, გვიხსენი, ვიღუპებით!“ (მარკოზი 4:35—38; მათე 8:23—25).
2 იესო არ შეშინდა. სრულიად დაჯერებულმა შერისხა ქარი და ზღვა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“. ქარიშხალი მაშინვე მიწყნარდა, ტალღებსაც იგივე დაემართათ და „სრული სიჩუმე ჩამოვარდა“. ახლა კი უჩვეულო შიშმა შეიპყრო მოწაფეები. „ეს ვინ არის?“ — ჩურჩულით ეკითხებოდნენ ერთმანეთს. მართლაც, ვინ შეძლებდა ისე შეერისხა ქარი და ზღვა, თითქოს ურჩ ბავშვს შენიშვნას აძლევსო?! (მარკოზი 4:39—41; მათე 8:26, 27).
3 მაგრამ იესო არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მას იეჰოვას ძალა ჰქონდა, რომელიც მისი მეშვეობით არაჩვეულებრივად ვლინდებოდა. ღვთის მიერ შთაგონებულმა პავლე მოციქულმა სავსებით სწორად უწოდა ქრისტეს „ღვთის ძალა“ (1 კორინთელები 1:24). რა მხრივ გამოვლინდა ღვთის ძალა იესოში? და როგორ იყენებს იგი ამ ძალას ჩვენ სასარგებლოდ?
ღვთის მხოლოდშობილი ძის ძალა
4, 5. ა) რა ძალა და უფლებამოსილება მიანიჭა იეჰოვამ თავის მხოლოდშობილ ძეს? ბ) რით იყო ძე აღჭურვილი მამის შემოქმედებითი განზრახვების შესასრულებლად?
4 ვნახოთ, რა ძალას ფლობდა იესო იქამდე, სანამ დედამიწას მოევლინებოდა. იეჰოვამ საკუთარი „მარადიული ძლიერება“ გამოიყენა თავისი მხოლოდშობილი ძის შექმნისას, რომელსაც იესო ქრისტედ ვიცნობთ (რომაელები 1:20; კოლოსელები 1:15). იმ დროიდან მოყოლებული, იეჰოვამ მას უდიდესი ძალა და უფლებამოსილება მიანიჭა და თავისი შემოქმედებითი განზრახვების განხორციელება დაავალა. ძის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი მისი მონაწილეობით შეიქმნა; მის გარეშე არაფერი შექმნილა“ (იოანე 1:3).
5 ადვილი არ არის ამ დავალების მასშტაბების წარმოდგენა. დაფიქრდი, რამხელა ძალა უნდა ყოფილიყო საჭირო მილიონობით ძლიერი ანგელოზის, მილიარდობით გალაქტიკის შემცველი მატერიალური სამყაროსა და სიცოცხლის მრავალფეროვნებით მდიდარი დედამიწის შესაქმნელად. ამ დავალების შესასრულებლად იეჰოვამ მხოლოდშობილ ძეს სამყაროში უძლიერესი ძალა, თავისი წმინდა სული, მისცა. ღვთის ძე დიდ სიამოვნებას განიცდიდა, რომ იეჰოვას სხვა ყველაფრის შესაქმნელად ოსტატად ჰყავდა გვერდში (იგავები 8:22—31).
6. რა ძალა და უფლებამოსილება მიეცა იესოს დედამიწაზე სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ?
6 მიიღებდა თუ არა მხოლოდშობილი ძე უფრო მეტ ძალასა და უფლებამოსილებას? მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მოკვდა და აღდგა, იესომ თქვა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18). დიახ, იესოს ძალის საყოველთაოდ გამოყენების შესაძლებლობა და უფლება მიენიჭა. როგორც „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“, უფლებამოსილი გახდა, ბოლო მოეღო ყოველი მთავრობის, ხელისუფლებისა და ძალაუფლებისთვის — ხილულისა და უხილავისთვის, რომლებიც მისი მამის წინააღმდეგ გამოდიან (გამოცხადება 19:16; 1 კორინთელები 15:24—26). ღმერთს, გარდა თავისი თავისა, „არ დაუტოვებია ისეთი რამ, მისთვის რომ არ დაემორჩილებინა“ (ებრაელები 2:8; 1 კორინთელები 15:27).
7. რა გვარწმუნებს, რომ იესო იეჰოვას მიერ მიცემულ ძალას ბოროტად არასოდეს გამოიყენებს?
7 ვაითუ ძლევამოსილმა იესომ თავისი ძალა ბოროტად გამოიყენოს?! არავითარ შემთხვევაში! იესო მამის უზომო სიყვარულის გამო არასოდეს მოქმედებს ისე, რომ მისი გულისწყრომა გამოიწვიოს (იოანე 8:29; 14:31). ისიც კარგად უწყის, რომ იეჰოვა ბოროტად არასოდეს იყენებს თავის უსაზღვრო ძალას. როცა იესო აკვირდებოდა მამამისს, ხედავდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ცდილობდა, დახმარებოდა მათ, ვინც მთელი გულით ემსახურებოდა (2 მატიანე 16:9). გარდა ამისა, იესოს ისევე უყვარს კაცობრიობა, როგორც მამამისს. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის ძე ძალას ყოველთვის სასიკეთოდ გამოიყენებს (იოანე 13:1). ამის დასტურად იესოს ბრწყინვალე საქმეებიც კმარა. მოდი მიმოვიხილოთ, რა ძალას ფლობდა იგი დედამიწაზე ცხოვრებისას და რა აღძრავდა ამ ძალის გამოყენებისკენ.
„მის სიტყვას უდიდესი ძალა ჰქონდა“
8. სულით ცხების შემდეგ რისი კეთების უფლებამოსილება მიეცა იესოს და როგორ იყენებდა თავის ძალას?
8 როგორც ჩანს, იესო, სიყმაწვილის ასაკში, როცა ნაზარეთში იზრდებოდა, სასწაულებს არ ახდენდა. მაგრამ ახ. წ. 29 წელს, როცა დაახლოებით 30 წლის ასაკში მოინათლა, მდგომარეობა შეიცვალა (ლუკა 3:21—23). ბიბლიაში მოგვითხრობს, „როგორ სცხო მას ღმერთმა წმინდა სული, როგორ მისცა ძალა, როგორ დადიოდა ყველგან, როგორ აკეთებდა სიკეთეს და როგორ კურნავდა ეშმაკისგან გატანჯულთ“ (საქმეები 10:38). „აკეთებდა სიკეთეს“, — განა ეს იმაზე არ მიუთითებს, რომ იესო ძალას ხალხის სასიკეთოდ იყენებდა?! იმის შემდეგ, რაც ღმერთმა თავისი სულით სცხო, იესო გახდა წინასწარმეტყველი, რომელიც დიდებულ საქმეებს იქმოდა და რომლის სიტყვასაც უდიდესი ძალა ჰქონდა (ლუკა 24:19).
9—11. ა) ძირითადად, სად ასწავლიდა იესო და რა რთულ დავალებას გაართვა თავი? ბ) რატომ იყო ხალხი განცვიფრებული იმით, თუ როგორ ასწავლიდა იესო?
9 რა გაგებით ჰქონდა იესოს სიტყვას უდიდესი ძალა? იესო ხშირად ასწავლიდა ხალხს ღია ცის ქვეშ — ტბის ნაპირას და ფერდობზე, ქუჩებსა და სავაჭრო ადგილებში (მარკოზი 6:53—56; ლუკა 5:1—3; 13:26). მაგრამ მსმენელები აქეთ-იქით შემოეფანტებოდა, მის სიტყვებს რომ ძალა არ ჰქონოდა. ისინი ხალხს გონებაში და გულში უნდა ჩაემარხა. ვინაიდან წინათ დაბეჭდილი წიგნები არ არსებობდა, ამიტომ იესოს სიტყვები დამატყვევებელი, ადვილად გასაგები და დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო. ეს იესოსთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა. მაგალითად, ვნახოთ, როგორ იქადაგა მთაზე.
10 ახ. წ. 31 წლის დასაწყისში, ერთ მშვენიერ დილას, უამრავ ხალხს მოეყარა თავი ფერდობზე, გალილეის ზღვის მახლობლად. ზოგს იუდეიდან და იერუსალიმიდან 100—110-კილომეტრიანი გზა გამოევლო. ზოგიც ჩრდილოეთით მდებარე სიდონისა და ტვიროსის ხმელთაშუაზღვისპირა მხარეებიდან მოსულიყო. იესოს რომ შეხებოდა, მრავალი სნეული უახლოვდებოდა; ის კი ყველას კურნავდა. ერთი მძიმედ დაავადებულიც კი აღარ იყო დარჩენილი, როცა იესო მოსულთა სწავლებას შეუდგა (ლუკა 6:17—19). მოგვიანებით, როცა ლაპარაკი დაასრულა, ისინი განცვიფრებული იყვნენ იმით, რაც მოისმინეს. რამ განაცვიფრა?
11 წლების შემდგომ ერთ-ერთმა მათგანმა, ვინც ეს ქადაგება მოისმინა, დაწერა: „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან . . . იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა“ (მათე 7:28, 29). არავის დარჩენია შეუმჩნეველი, რომ იესოს საუბრიდან რაღაც განსაკუთრებული ძლიერება გამოსჭვიოდა — იგი ღვთის სათქმელს ამბობდა და რასაც ასწავლიდა, ღვთისავე სიტყვით ასაბუთებდა (იოანე 7:16). მისი ნათქვამი გასაგები, მოწოდებები დამარწმუნებელი, ხოლო მტკიცებები უცილობელი იყო. იესოს სიტყვები საუბრის თემას უნაკლოდ აშუქებდა და იმავდროულად მსმენელთა გულებამდე აღწევდა. ასწავლიდა, თუ როგორ მოეპოვებინათ ბედნიერება, როგორ ელოცათ, როგორ ეძიათ ღვთის სამეფო და როგორ შეექმნათ უსაფრთხო მომავალი (მათე 5:3—7:27). ჭეშმარიტებასა და სიმართლეს მოწყურებულთ წყურვილს უკლავდა. ისინი მზად იყვნენ, საკუთარი თავი უარეყოთ, ყველაფერი მიეტოვებინათ და მას გაჰყოლოდნენ (მათე 16:24; ლუკა 5:10, 11). ეს ყველაფერი ხომ იესოს სიტყვების ძლიერებაზე მეტყველებს!
„დიდებულ საქმეებს . . . იქმოდა“
12, 13. საიდან ჩანდა, რომ იესო დიდებულ საქმეებს იქმოდა და როგორი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა მისი სასწაულები?
12 იესო დიდებულ საქმეებს იქმოდა (ლუკა 24:19). სახარებებში 30-ზე მეტი სასწაულია დაფიქსირებული, რომლებიც მან „იეჰოვას ძალით“ მოახდინაb (ლუკა 5:17). იესოს სასწაულებმა ათასობით ადამიანის ცხოვრებაზე იმოქმედა. მაგალითად, სულ მხოლოდ ორი სასწაულით მან ჯერ 5 000 კაცი დააპურა, შემდეგ 4 000 კაცი. ქალებისა და ბავშვების ჩათვლით მათი რაოდენობა ბევრად მეტი იქნებოდა (მათე 14:13—21; 15:32—38).
13 იესოს სასწაულები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მაგალითად, მას ძალაუფლება ჰქონდა დემონებზე და ადვილად დევნიდა მათ (ლუკა 9:37—43). თუმცა მისი ძალა მხოლოდ ასეთი სასწაულებით არ შემოიფარგლებოდა. გავიხსენოთ, მაგალითად, ის სასწაული, წყალი რომ ღვინოდ აქცია (იოანე 2:1—11). წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ მოწაფეები, როცა დაინახავდნენ „მათკენ წყალდაწყალ მიმავალ იესოს“ (იოანე 6:18, 19). სნეულებასაც უმკლავდებოდა, კურნავდა დეფექტებს, ქრონიკულ და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებს (მარკოზი 3:1—5; იოანე 4:46—54). ის სხვადასხვაგვარად კურნავდა ხალხს. ზოგჯერ შორს მყოფ ადამიანს კურნავდა, ზოგჯერ კი ავადმყოფს ეხებოდა (მათე 8:2, 3, 5—13). ზოგს მყისვე კურნავდა, ზოგსაც — თანდათანობით (მარკოზი 8:22—25; ლუკა 8:43, 44).
„დაინახეს მათკენ წყალდაწყალ მიმავალი იესო“.
14. რა ვითარებებში ცხადყო იესომ, რომ სიკვდილის დამარცხების ძალას ფლობდა?
14 იესოს სიკვდილის დამარცხების ძალაც ჰქონდა. ბიბლიაში სამი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა ქრისტემ მკვდრები აღადგინა: მშობლებს 12 წლის გოგონა გაუცოცხლა; ქვრივ დედას — ერთადერთი ვაჟიშვილი; და დებს — საყვარელი ძმა (ლუკა 7:11—15; 8:49—56; იოანე 11:38—44). იესოს წინ ვერაფერი ეღობებოდა. საწოლზე მწოლიარე 12 წლის გოგონა ახალი მკვდარი იყო, როცა აღადგინა. ქვრივის ვაჟი მაშინ გააცოცხლა, დასაკრძალავად რომ მიასვენებდნენ და არც არავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მკვდარი იყო. ხოლო მის მიერ აღდგენილი ლაზარე ოთხი დღე ესვენა სამარხში.
ძალას უანგაროდ, გაწონასწორებულად და გულისხმიერად იყენებდა
15, 16. რა ამტკიცებს იმას, რომ იესო უანგაროდ იყენებდა თავის ძალას?
15 იესოს ძალა არასრულყოფილ მმართველს რომ ჰქონოდა, წარმოიდგინე, რამდენად დიდი იქნებოდა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ იესო უცოდველი იყო (1 პეტრე 2:22). საერთო არაფერი ჰქონდა ეგოიზმთან, პატივმოყვარეობასა და სიხარბესთან, დაჟინებით რომ უბიძგებს ხოლმე არასრულყოფილ ადამიანებს ძალის სხვების საზიანოდ გამოყენებისკენ.
16 იესო ძალას უანგაროდ იყენებდა და პირად გამორჩენაზე არც კი ფიქრობდა. მაგალითად, ერთხელ, როცა მოშივდა, უარი თქვა, ქვები პურებად ექცია (მათე 4:1—4). ცხოვრებაშიც ბევრი არაფერი გააჩნდა. ესეც იმაზე მოწმობს, რომ ძალას გამდიდრების მიზნით არ იყენებდა (მათე 8:20). რასაც აკეთებდა, ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა; სასწაულების მოხდენა გარკვეულ დანაკარგად უჯდებოდა. როცა სნეულებს კურნავდა, მისგან ძალა გადიოდა. თუნდაც ერთი კაცი განეკურნა, ამას მაინც გრძნობდა (მარკოზი 5:25—34). მიუხედავად ამისა, იესო ხალხს შეხების ნებას აძლევდა და ისინიც იკურნებოდნენ (ლუკა 6:19). მართლაც რომ თავგანწირვის სულისკვეთებას ავლენდა!
17. როგორ ცხადყოფდა იესო, რომ გაწონასწორებული იყო ძალის გამოყენებისას?
17 იესო ძალის გამოყენებისას გაწონასწორებულიც იყო. დიდებულ საქმეებს კი აკეთებდა, მაგრამ არა სხვების თვალში საცემად ან სასეიროდ (მათე 4:5—7). ჰეროდეს უმართებულო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლადაც არ მოუმოქმედებია არაფერი (ლუკა 23:8, 9). აზრადაც არ მოსვლია თავისი ძალის რეკლამირება. პირიქით, ვისაც კურნავდა, ხშირად არიგებდა, არავის უთხრათო (მარკოზი 5:43; 7:36). არ სურდა, რომ ხალხში მის შესახებ სენსაციური ამბები გავრცელებულიყო (მათე 12:15—19).
18—20. ა) რა უბიძგებდა იესოს, სასიკეთოდ გამოეყენებინა ძალა? ბ) რა მოგწონს იმაში, თუ როგორ განკურნა იესომ ერთი ყრუ მამაკაცი?
18 იესო, ეს ძლიერი მამაკაცი, ძალიან განსხვავდებოდა ძალაუფლების მქონე უსულგულო მმართველებისგან, საცოდავი ხალხის სასარგებლოდ თითის განძრევაც რომ ეზარებოდათ. საკმარისი იყო უბედური ხალხისთვის თვალი მოეკრა, რომ გული მაშინვე დაეწვებოდა და მზად იყო, მათთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა (მათე 14:14). იესო გულისხმიერებით ეკიდებოდა მათ გრძნობებს, მოთხოვნილებებს და ეს განსაზღვრავდა იმას, თუ როგორ გამოეყენებინა თავისი ძალა. ამის ერთი მაგალითი მარკოზის 7:31—37-შია მოთხრობილი.
19 ერთხელ, დიდძალი ხალხი მივიდა იესოსთან და მრავალი სნეული მიუყვანეს, მან კი ყველა განკურნა (მათე 15:29, 30). მაგრამ იგი ერთი მამაკაცის მდგომარეობას განსაკუთრებული გულისხმიერებით მოეკიდა. მამაკაცი ყრუ იყო და თითქმის ვერ ლაპარაკობდა. იესომ ალბათ დაინახა, რომ ის ნერვიულობდა და თავს უხერხულად გრძნობდა. ამიტომ მამაკაცი ცალკე გაიყვანა და გარკვეული მოქმედებებით მიახვედრა, რას გააკეთებდა: „თითებით ყურები დაუცო და დაფურთხების შემდეგ ენაზე შეეხო“c (მარკოზი 7:33). შემდეგ ცას ახედა და ღმერთს შეევედრა. ასეთი მოქმედებით იესო მამაკაცს მიახვედრებდა, რომ რასაც შენთვის ვაკეთებ, ღვთის ძალის წყალობით ვაკეთებო. ბოლოს თქვა: „გაიხსენ!“ (მარკოზი 7:34). მამაკაცს ყურთასმენა დაუბრუნდა და გამართულად ამეტყველდა.
20 გულგრილს არ გვტოვებს ის ფაქტი, რომ ღვთის ძალით ავადმყოფების განკურნებისას იესო მათ თანაგრძნობით ეკიდებოდა! განა იმედს არ გვაძლევს ის, რომ იეჰოვამ მესიანური სამეფო ასეთ მზრუნველ და გულისხმიერ მმართველს ჩააბარა?!
წინ უფრო დიდი საქმეების ხილვა გველის
21, 22. ა) რაზე მიანიშნებდა იესოს სასწაულები? ბ) ვინაიდან იესოს შეუძლია ბუნების ძალები დაიმორჩილოს, რას უნდა მოველოდეთ მისი მმართველობის დროს?
21 იესოს მიერ დედამიწაზე გაკეთებული დიდი საქმეები უფრო დიდ კურთხევებზე მიანიშნებდა, რომლებსაც მისი მეფობის დროს ვიხილავთ. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში იესო კვლავ მოახდენს სასწაულებს — ამჯერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით! ვნახოთ, რა აღმაფრთოვანებელი მომავალი გველის.
22 იესოს წყალობით დედამიწაზე კვლავ აღდგება იდეალური ეკოლოგიური პირობები. გავიხსენოთ, რომ მან ბუნების ძალებიც კი დაიმორჩილა, როცა აღელვებული ზღვა ჩააწყნარა. ქრისტეს სამეფოს მმართველობისას ადამიანებს აღარ ექნებათ იმის შიში, ვაითუ ტაიფუნმა, მიწისძვრამ, ვულკანმა ან სტიქიურმა უბედურებამ მოგვისწრაფოს სიცოცხლეო. იესო ის ოსტატია, რომელიც იეჰოვას დედამიწისა და მასზე სიცოცხლის ყველა ფორმის შექმნაში ეხმარებოდა. დედამიწის შედგენილობაზე უზადო ცოდნა აქვს და იცის, მისი რესურსები სწორად როგორ გამოიყენოს. მისი მმართველობისას მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:43).
23. როგორ დააკმაყოფილებს იესო, როგორც მეფე, კაცობრიობის მოთხოვნილებებს?
23 კაცობრიობის მოთხოვნილებებს როგორღა დააკმაყოფილებს? იესომ ათასობით ადამიანი დააპურა, თანაც მცირე რაოდენობის საჭმლით. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მმართველობის დროს ხალხი შვებას იგრძნობს. ყველას საკმარისი საკვები ექნება და შიმშილი სამუდამოდ მოისპობა (ფსალმუნი 72:16). იესოს უფლობა ავადმყოფობასა და სენზე იმას ნიშნავს, რომ სნეული, უსინათლო, ყრუ, დასახიჩრებული და კოჭლი ადამიანები სრულიად და სამუდამოდ განიკურნებიან (ესაია 33:24; 35:5, 6). მას მკვდრების აღდგენის ძალაც აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლევამოსილ ზეციერ მეფეს არც მილიონობით ადამიანის აღდგენა გაუჭირდება, რომელთა აღდგენასაც მამამისიც მოუთმენლად ელის (იოანე 5:28, 29).
24. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როდესაც იესოს ძალაზე ვსაუბრობთ, და რატომ?
24 იესოს ძალაზე როცა ვსაუბრობთ, მხედველობიდან არასოდეს უნდა გამოგვრჩეს, რომ იგი მამის სრულყოფილი ანარეკლია (იოანე 14:9). ის, თუ როგორ იყენებს იესო ძალას, წარმოდგენას გვიქმნის, იეჰოვა როგორ იყენებს თავის ძალას. მაგალითად, გავიხსენოთ, თუ რა გულისხმიერებით განკურნა იესომ ერთი კეთროვანი. სიბრალულით რომ აღიძრა, შეეხო მამაკაცს და უთხრა: „მსურს“ (მარკოზი 1:40—42). მსგავსი მაგალითებით იეჰოვა, ფაქტობრივად, გვეუბნება: „აი, ასე ვიყენებ ჩემს ძალას!“. განა არ გინდა, ხოტბას ასხამდე და მადლობდე ჩვენს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ასეთი სიყვარულით იყენებს თავის ძალას?!
a უეცარი ქარიშხალი ჩვეულებრივი რამ არის გალილეის ზღვისთვის. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მეტრით დაბლაა და ახლომდებარე მხარეებთან შედარებით ჰაერიც გაცილებით თბილია. ამიტომ იქმნება ატმოსფერული წნევის ცვალებადობა. ჩრდილოეთით მდებარე ხერმონის მთიდან წამოსული ძლიერი ქარი მთელი სისწრაფით გადაევლება ხოლმე იორდანის ველს. ასე რომ, ერთ წუთას თუ წყნარი ამინდია, მეორე წუთას შეიძლება საშინელი ქარი ამოვარდეს.
b სახარებებში ზოგჯერ სასწაულები ზოგადად არის აღწერილი. მაგალითად, ერთ შემთხვევაში იესოს მთელი ქალაქი მიადგა და მანაც უამრავი ავადმყოფი განკურნა (მარკოზი 1:32—34).
c როგორც ებრაელებს, ისე არაებრაელებს ნერწყვი სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. რაბინულ ჩანაწერებშიც ნახსენებია, რომ ნერწყვი განკურნების მიზნით გამოიყენებოდა. ამით იესო მამაკაცს მიანიშნებდა, რომ განკურნებას უპირებდა. როგორც უნდა ყოფილიყო, თავის ნერწყვს იესო სამკურნალო საშუალებად არ იყენებდა.