მალე ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდება!
ადრე თუ გვიან ყველას გვებადება კითხვა: „რატომ არსებობს ამდენი პრობლემა?“ უკვე არაერთი ათასწლეულია, რაც კაცობრიობა გაწამებულია ომებით, სიღარიბით, უბედურებებით, დამნაშავეობით, უსამართლობით, ავადმყოფობითა და სიკვდილით. გასულ საუკუნეში უფრო მეტი უბედურება მოხდა, ვიდრე კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. დადგება ისეთი დრო, როცა პრობლემები აღარ იქნება?
მანუგეშებელია, რომ კაცობრიობის პრობლემები მალე წარსულს ჩაბარდება! ღვთის სიტყვა, ბიბლია, გვეუბნება: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი . . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“. დიდხანს გასტანს ასეთი ცხოვრება? ბიბლია გვპასუხობს: „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნები 36:10, 11, 29).
ბოროტებისა და ყოველგვარი უბედურების აღმოფხვრის შემდეგ ღმერთი დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. ყველას სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნება და მარადიულად იცხოვრებენ. მათ ბედნიერებას აღარაფერი დაემუქრება. ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია: „მოსწმენდს მათ [ღმერთი] ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4).
ახალ ქვეყნიერებაში ღვთის კურთხევებს გარდაცვლილებიც მიიღებენ: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). სწორედ ამას გულისხმობდა იესო ქრისტე, როცა ბოროტმოქმედს, რომელმაც მოინანია და ირწმუნა ის, უთხრა: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43).
რატომ აღმოჩნდა კაცობრიობა ასეთ მდგომარეობაში?
თუკი ღმერთი ასეთ მომავალს ჰპირდება კაცობრიობას, რატომღა დაუშვა ამდენი უბედურება? რატომ არაფერი იღონა ამდენ ხანს?
ღმერთმა ადამი და ევა სრულყოფილები შექმნა. მან ისინი სრულყოფილი სხეულითა და გონებით დააჯილდოვა. ღმერთმა ისინი შესანიშნავ ბაღში, სამოთხეში დაასახლა და საინტერესო დავალება მისცა. ბიბლიაში ნათქვამია: „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). თუ პირველი ადამიანები დაუჯერებდნენ ღმერთს, სრულყოფილი შვილები ეყოლებოდათ და დროთა განმავლობაში მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა. ყველა მარადიულად და ბედნიერად იცხოვრებდა.
ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლებაც მისცა. ნების თავისუფლება ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ღმერთს ადამი და ევა რობოტებად არ შეუქმნია; მათ თვითონ შეეძლოთ გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ, თუ სურდათ, რომ მათი ბედნიერებისთვის არაფერს შეეშალა ხელი, სწორად უნდა გამოეყენებინათ თავისუფლება; ისინი ღვთის კანონებს უნდა დამორჩილებოდნენ. ღმერთი ამბობს: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17). თავისუფლების ბოროტად გამოყენება სავალალო შედეგებს მოიტანდა, რადგან ადამიანები ისე იყვნენ შექმნილნი, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად ბედნიერებას ვერ მიაღწევდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა . . . [და] მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
სამწუხაროდ, პირველმა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ღვთის გარეშეც შეძლებდნენ ბედნიერად ცხოვრებას. მაგრამ, როდესაც მათ უარყვეს ღვთის მმართველობა, მან მიატოვა ისინი და ადამიანებმა დაკარგეს სრულყოფილება. ღვთის გარეშე მათ დაკნინება იწყეს, დროთა განმავლობაში კი დაბერდნენ და მოკვდნენ. გენეტიკის კანონების თანახმად, ჩვენ, როგორც მათმა შვილებმა, მემკვიდრეობით მივიღეთ არასრულყოფილება და სიკვდილი (რომაელები 5:12).
ვინ არის კანონიერი მმართველი?
რატომ არ გაანადგურა ღმერთმა ადამი და ევა და ყველაფერი ახლიდან არ დაიწყო? მიზეზი ის არის, რომ ეჭვქვეშ დადგა ღვთის უზენაესობა. კერძოდ, ვისა აქვს სხვებზე მმართველობის უფლება და ვისი მმართველობაა მართებული? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკეთესი იქნებოდა ადამიანებისთვის, თუ ღმერთი არ იქნებოდა მათი მმართველი? თუ ღმერთი სრულ თავისუფლებას მისცემდა ადამიანებს, მათ საშუალება მიეცემოდათ, მოესინჯათ მმართველობის სხვა ფორმები. ამის წყალობით ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეოდა, თუ რა არის უკეთესი კაცობრიობისთვის — ღვთის გარეშე ცხოვრება თუ მისდამი მორჩილება. ღმერთს საკმაოდ დიდი დრო უნდა მიეცა ადამიანებისთვის, რომ მათ სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური სისტემა შეექმნათ.
რა აჩვენა დრომ? კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან ნათლად ვხედავთ, რომ პრობლემები უფრო და უფრო მატულობს. გასული საუკუნე უსაშინლესი იყო. მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარმა გენოციდმა მილიონების სიცოცხლე შეიწირა. 100 მილიონზე მეტი ადამიანი ომებში დაიხოცა. მსოფლიო ჩაფლულია დამნაშავეობასა და ძალადობაში. ნარკომანიამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. კვლავაც მძვინვარებს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. ყოველწლიურად მილიონები კვდებიან შიმშილითა და ავადმყოფობებით. ოჯახების ნგრევა და ზნეობრივი ნორმების დაცემა საყოველთაო მოვლენად იქცა. დედამიწაზე არც ერთ მთავრობას არ შესწევს ამ პრობლემების გადაჭრის ძალა. ჯერ კიდევ ვერავინ შეძლო სიბერის, ავადმყოფობისა და სიკვდილის დამარცხება.
ბიბლია ზუსტად წინასწარმეტყველებს კაცობრიობის დღევანდელ მდგომარეობას. ის ამ ეპოქას ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებსა“ და „ძნელად ასატან დროს“ უწოდებს. „ბოროტები და თვითმარქვიები“ უფრო უარესად იქცევიან, რითაც სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება (2 ტიმოთე 3:1—5, 13).
მალე აღარ იქნება პრობლემები
ყველა ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ კაცობრიობის უღმერთოდ ცხოვრების დასასრული ახლოს არის. ისტორიამ აშკარად აჩვენა, რომ ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს ბედნიერებას ღვთის გარეშე. მშვიდობას, ბედნიერებას, სრულყოფილ ჯანმრთელობასა და უსასრულო სიცოცხლეს მხოლოდ ღვთის მმართველობა მოიტანს. ასე რომ, მალე ღმერთი აღარ შეიწყნარებს ბოროტებას. სულ მალე ის ჩაერევა კაცობრიობის საქმეებში და გაანადგურებს ამ უღვთო ქვეყნიერებას.
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია: „იმ მეფეთა [დღეს არსებული მთავრობების] დღეებში ზეციერი ღმერთი [ზეცაში] დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა . . . იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს [დღევანდელ მთავრობებს], თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44). იეჰოვას უზენაესობის გამართლება, ანუ მისი მმართველობის უფლების დამტკიცება (რასაც მისი ზეციერი სამეფო გააკეთებს), ბიბლიის უმთავრესი სწავლებაა. ერთხელ იესო ქრისტემ „ბოლო დღეების“ ამოსაცნობ „ნიშანზე“ ლაპარაკისას მნიშვნელოვანი მოვლენა იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14).
ვინ გადაიტანს აღსასრულს? ბიბლია გვპასუხობს: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და უმწიკვლოები დარჩებიან მასზე, ხოლო ბოროტები მოიკვეთებიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:21, 22, აქ). მართლები ის ადამიანები არიან, რომლებიც სწავლობენ იეჰოვას ნებას და მის თანახმად ცხოვრობენ. იესო ქრისტემ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, „გადადის ქვეყნიერება . . . ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:17).
თუ არაფერია მითითებული, ბიბლიური ციტატები ებრაული წერილებიდან („ძველი აღთქმა“) მოყვანილია საქართველოს საპატრიარქოს გამოცემიდან. ციტატები ბერძნული წერილებიდან („ახალი აღთქმა“) აღებულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანიდან“ (აქ).