თავი 23
როგორ მოვიქცე, თუ ჩემი მშობელი სვამს ან ნარკოტიკებს იღებს?
«მამამ თქვა, რომ მანქანას შეაკეთებდა და დაბრუნდებოდა. მაგრამ წავიდა და მთელი დღე აღარ გამოჩენილა. დედამ რამდენჯერმე დაურეკა. მამა არ პასუხობდა. ცოტა ხანში დედა ანერვიულდა და წასასვლელად მოემზადა. „მამაშენის მოსაძებნად მივდივარ“, — მითხრა მან.
დედა სახლში მარტო დაბრუნდა და თქვა, რომ მამა ვერ ნახა. მაშინ მივხვდი, რომ მამამ ძველებურად დაიწყო ჩვენი მოტყუება. ადრეც ზუსტად ასე გააკეთა. ის ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა. როცა სახლში მოვიდა, მე და დედას ნერვიულობისგან აღარაფრის თავი არ გვქონდა. მეორე დღეს მისთვის ხმა არ გამიცია, მაგრამ ამას შინაგანად ძალიან განვიცდიდი» (კარინა, 14 წლის).
მილიონობით ახალგაზრდას უწევს ცხოვრება ისეთი მშობლის გვერდით, რომელიც სვამს ან ნარკოტიკებს იღებს. თუ შენს მშობელსაც აქვს ეს პრობლემა, მაშინ გეცოდინება, რას ნიშნავს უხერხულობა, გულგატეხილობა და გაბრაზება.
მერის მამა ხალხში ისე იქცეოდა, რომ მასზე ცუდს ვერავინ იფიქრებდა. მაგრამ ის ჩუმად სვამდა და ოჯახის წევრებს ამწარებდა. „ყველა იმას გვეუბნებოდა, რა ბედნიერები ხართ, ასეთი კარგი მამა რომ გყავთო“, — იხსენებს მერიa.
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მშობელი სვამს ან ნარკოტიკებს იღებს?
პრობლემის მიზეზები
უპირველესად, ეცადე გაერკვიო, რით შეიძლება იყოს გამოწვეული ეს პრობლემა. „კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს“, — ნათქვამია იგავების 1:5-ში. კარგი იქნება, თუ მეტ ინფორმაციას მოიპოვებ და გაიგებ, რატომ იწყებს ადამიანი სმას ან ნარკოტიკების მიღებას.
მაგალითად, ალკოჰოლიკი ის არ არის, ვინც დროდადრო სვამს ზომაზე მეტს. ალკოჰოლიკს ხანგრძლივი სმის შედეგად უვითარდება ალკოჰოლის მოთხოვნილება. მცირე დოზის მიღების შემდეგ მას უფრო მეტის დალევის სურვილი უჩნდება და აღარ შეუძლია საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს სერიოზულ ზიანს აყენებს მის ჯანმრთელობას და პრობლემებს უქმნის ოჯახში და სამუშაოზე.
ზოგი შეიძლება გენეტიკურად იყოს მიდრეკილი ალკოჰოლიზმისკენ, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ემოციური მდგომარეობაც. ბევრი სმას იმიტომ იწყებს, რომ საკუთარ თავზე უარყოფითი წარმოდგენა აქვს და ამას შინაგანად განიცდის (იგავები 14:13). ზოგი ისეთ ოჯახში გაიზარდა, სადაც ორივე მშობელი სვამდა. ალკოჰოლით ისინი შეიძლება ბავშვობაში მიღებული ემოციური ტრავმების დავიწყებას ცდილობენ. მსგავსი ფაქტორები ახდენს გავლენას მათზეც, ვინც ნარკოტიკების გამოყენებას იწყებს.
სმა და ნარკოტიკების მიღება კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას. ეს უარყოფითად მოქმედებს აზროვნებასა და ემოციებზე. ასე რომ, პრობლემა სერიოზულია და შენს მშობელს შეიძლება დასჭირდეს კარგი სპეციალისტის დახმარება.
ბევრსაც ნუ მოსთხოვ
იმის ცოდნა, თუ რატომ იქცევა შენი მშობელი ასე, პრობლემას თავისთავად ვერ მოაგვარებს. მაგრამ პრობლემის მიზეზების გაგების შემდეგ უფრო თანაგრძნობით მოეკიდები მშობელს.
მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: შენს მშობელს ფეხი რომ ჰქონდეს მოტეხილი, სთხოვდი ფეხბურთის თამაშს? იმის ცოდნა, რომ მან თავისი გაუფრთხილებლობით მოიტეხა ფეხი, არაფერს შეცვლიდა. გული დაგწყდება, მაგრამ შეეგუები იმ აზრს, რომ გამოჯანმრთელებამდე ის ვერ შეძლებს შენთან ერთად ფეხბურთის თამაშს.
თუ შენი მშობელი სვამს ან ნარკოტიკებს იღებს, შეიძლება ითქვას, რომ ემოციურად გამოჯანმრთელება სჭირდება. გასაგებია, რომ ამ „ტრავმაში“ თვითონაა დამნაშავე და შეიძლება გული მოგდიოდეს მასზე. მაგრამ უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ იგი სათანადოდ ვერ იზრუნებს შენზე, სანამ ასეთ მდგომარეობაში იქნება. შედეგად, მას ბევრს აღარ მოსთხოვ.
რჩევები, რომლებიც გამოგადგება
რეალობას ვერ გაექცევი: სანამ შენი მშობელი არ შეიცვლება, ბევრ რამესთან მოგიწევს შეგუება. რის გაკეთება შეიძლება შენს სიტუაციაში?
მის პრობლემებს შენს თავზე ნუ აიღებ. მხოლოდ და მხოლოდ შენი მშობელია დამნაშავე იმაში, რასაც აკეთებს. გალატელების 6:5-ში წერია: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“. შენ არა ხარ ვალდებული, რომ ამ მდგომარეობიდან გამოიყვანო მშობელი ან თავიდან აარიდო მას თავისი საქციელის შედეგები; მაგალითად, მშობლის მაგივრად ტყუილი უთხრა მის უფროსს ან, თუ უგონოდ მთვრალია, ლოგინამდე მიიყვანო.
სთხოვეთ, რამე იღონოს. შენი მშობლისთვის ყველაზე რთული შეიძლება იმის აღიარება იყოს, რომ მას პრობლემა აქვს. როცა ის ფხიზელია და კარგ ხასიათზეა, მეორე მშობელს და უფროს და-ძმებს შეუძლიათ ერთად დაელაპარაკონ მას. მათ უნდა აუხსნან, როგორ მოქმედებს მისი საქციელი ოჯახის წევრებზე და მდგომარეობის გამოსასწორებლად რისი გაკეთება იქნებოდა კარგი.
გარდა ამისა, შეიძლება პრაქტიკული იყოს, თუ ის ჩამოწერს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: „თუ გავაგრძელებ სმას ან ნარკოტიკების მიღებას, როგორ იმოქმედებს ეს ჩემზე და ჩემს ოჯახზე? რა შეიცვლება, თუ თავს დავანებებ? რა ვიღონო მდგომარეობის გამოსასწორებლად?“
გაერიდე დაძაბულ სიტუაციებს. „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“, — წერია იგავების 17:14-ში. ნუ ჩაერევი კონფლიქტურ სიტუაციებში. თუ შესაძლებელია, შენს ოთახში შედი ან მეგობართან წადი. თუ საქმე ძალადობამდე მიდის, შეიძლება საჭირო იყოს გარეშეების დახმარება.
ნუ დაიდანაშაულებ თავს. ზოგი საკუთარ თავს ადანაშაულებს იმაში, რომ ბრაზდება მშობელზე, რომელიც სვამს ან ნარკოტიკებს იღებს. როცა ზომიერების ფარგლებს არ სცდები, ეს ნორმალური რეაქციაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისგან ვერ გრძნობ სიყვარულსა და მზრუნველობას. ბიბლიაში ნათქვამია, რომ პატივი უნდა ვცეთ მშობელს (ეფესოელები 6:2, 3). თუმცა „პატივისცემა“ მისი უფლებამოსილების აღიარებას ნიშნავს, ისე როგორც ამას აკეთებ პოლიციელის ან მოსამართლის შემთხვევაში. „პატივისცემა“ არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოიწონო მისი საქციელი (რომაელები 12:9). თუ ვერ იტან მის მავნე ჩვევებს, არც ამის გამო უნდა დაიდანაშაულო თავი. ბოლოს და ბოლოს, სმა და ნარკოტიკების მიღება რა ასატანია! (იგავები 23:29—35).
დაუახლოვდი სხვებს. როცა ოჯახში ნორმალური სიტუაცია არა გაქვს, ძალაუნებურად გეცვლება წარმოდგენა ბევრ რამეზე. ამიტომ შენთვის აუცილებელია მათთან ურთიერთობა, ვისაც სტაბილური სულიერი და ემოციური მდგომარეობა აქვს. ქრისტიანული კრების წევრები გაგამხნევებენ, გვერდში ამოგიდგებიან და დაძაბულობის დროს განმუხტვის საშუალებას მოგცემენ (იგავები 17:17). ქრისტიანთა ოჯახებთან ურთიერთობა დაგეხმარება, რომ სწორი წარმოდგენა შეინარჩუნო იმაზე, თუ რას ნიშნავს სრულფასოვანი ოჯახი.
მიმართე სხვებს დახმარებისთვის. შენს განცდებზე ესაუბრე მოწიფულ, სანდო ადამიანს. კრების უხუცესები სიამოვნებით დაგეხმარებიან. ბიბლიაში ასეთ მამაკაცებზე ნათქვამია: „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე“ (ესაია 32:2). ნუ მოგერიდება მათთან მისვლა.
დაწერე, ზემოთ მოცემული ექვსი რჩევიდან რომელს გაითვალისწინებ პირველ რიგში. ․․․․․
შეიძლება ოჯახში სიტუაცია არ შეიცვალოს, მაგრამ იმას მაინც შეძლებ, რომ ამან ნაკლებად იმოქმედოს შენზე. ნუ შეეცდები მშობლის მოქმედებების გაკონტროლებას. შენ შენი თავი გაბარია. „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“, — წერდა მოციქული პავლე (ფილიპელები 2:12). ასეთი დამოკიდებულებით დადებით განწყობას შეინარჩუნებ და შეიძლება მშობელსაც გამოსწორების სურვილი გაუღვიძო.
როგორ უნდა მოიქცე, თუ შენი მშობლები ხშირად ჩხუბობენ და ამის გამო სულ დაძაბული ხარ?
[სქოლიო]
a თუ შენი მშობელი ალკოჰოლიკია და ცუდად გექცევა, დახმარებისთვის ვინმეს მიმართე. ესაუბრე უფროსებიდან მას, ვისაც ენდობი. თუ იეჰოვას მოწმე ხარ, შეგიძლია კრებაში დაელაპარაკო უხუცესს ან სხვა მოწიფულ ქრისტიანს.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს“ (იგავები 19:11).
რჩევა
შეიძლება მშობლის არასწორი საქციელი გძულდეს, მაგრამ მშობელს ნუ შეიძულებ (იგავები 8:13; იუდა 23).
იცოდი, რომ . . . ?
ბიბლიაში სიტყვა „პატივისცემა“ შეიძლება გულისხმობდეს უფლებამოსილების აღიარებას (ეფესოელები 6:1, 2). ასე რომ, მშობლის პატივისცემა მაინცდამაინც არ ნიშნავს მისი საქციელის მოწონებას.
რა უნდა გავაკეთო
თუ მშობელი სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადმოვა ․․․․․
მშობელს გამოსწორებისკენ რომ ვუბიძგო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ იწყებს ზოგი სმას ან ნარკოტიკების მიღებას?
● რატომ არ უნდა დაიდანაშაულო თავი, თუ მშობელს ეს პრობლემა აქვს?
● რა არის შენზე დამოკიდებული?
[ჩანართი 192 გვერდზე]
„ვიცი, რომ ჩემი მშობლების გამო უხერხულ სიტუაციებს ვერ ავერიდები, მაგრამ ისიც ვიცი, რომ იეჰოვა მომცემს ამის ასატანად საჭირო ძალას, თუ მივენდობი“ (მაქსველი).
[ჩარჩო 198 გვერდზე]
თუ მშობელს აღარ სურს იეჰოვას მსახურება
რა უნდა გააკეთო, თუ შენს მშობელს მეტად აღარ სურს ბიბლიური ნორმებით ცხოვრება და ქრისტიანულ კრებაში ყოფნა?
● გახსოვდეს, რომ იეჰოვა შენ არ გთხოვს პასუხს მშობლის საქციელის გამო. ბიბლიაში ნათქვამია: „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).
● ნუ შეადარებ თავს სხვა ახალგაზრდებს, რომლებსაც უკეთესი მდგომარეობა აქვთ (გალატელები 5:26). ერთი ახალგაზრდა, რომლის მამამაც ოჯახი მიატოვა, ამბობს: „ჯობია ამაზე ნაკლებად იფიქრო და ყურადღება იმაზე გადაიტანო, თუ როგორ გაუმკლავდე სიტუაციას“.
● მაინც ეცი პატივი მშობელს. თუ ისეთ რამეს არ გთხოვს, რითაც ღვთის კანონები დაირღვევა, დაემორჩილე. იეჰოვა ნებისმიერ შემთხვევაში ითხოვს მშობლის პატივისცემას იმისდა მიუხედავად, მორწმუნეა თუ არა (ეფესოელები 6:1—3). მშობლის პატივისცემითა და მორჩილებით დაამტკიცებ, რომ გიყვარს იეჰოვა (1 იოანე 5:3).
● დაუახლოვდი თანაქრისტიანებს. მათ შორის თავს ისე იგრძნობ, როგორც საკუთარ ოჯახში (მარკოზი 10:30). დევიდის მამამ მიატოვა იეჰოვას მსახურება. დევიდი შიშობდა, რომ ამის გამო თანაქრისტიანები შორს დაიჭერდნენ თავს მისგან და მისი ოჯახის წევრებისგან. მაგრამ მისი შიში არ გამართლდა. იგი ამბობს: „ჩვენ არაფერს არ გვაგრძნობინებდნენ. ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა კრების წევრების სიყვარულში“.
[სურათი 194 გვერდზე]
ნუ მოსთხოვ მშობელს ბევრს. წარმოიდგინე, რომ მას სერიოზული ტრავმა აქვს და ბევრის გაკეთება ფიზიკურად არ შეუძლია.