ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 54
იეჰოვამ მოთმინება გამოავლინა იონას მიმართ
ასურეთის დედაქალაქ ნინევეში ბოროტი ხალხი ცხოვრობდა. იეჰოვამ უთხრა თავის წინასწარმეტყველ იონას, წასულიყო ნინევეში და გაეფრთხილებინა ისინი, რომ გამოსწორებულიყვნენ. მაგრამ იონა სულ სხვა მიმართულებით წავიდა; ის თარშიშისკენ მიმავალ გემში ჩაჯდა.
ზღვაზე ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რამაც მეზღვაურები ძალიან შეაშინა. მათ ლოცვა დაიწყეს და თავიანთ ღმერთებს ეკითხებოდნენ, ეს რატომ დაგვემართაო. ბოლოს იონამ უთხრა მათ: ჩემი ბრალია, იეჰოვას გავურბივარ, არ შევასრულე მისი დავალება. გადამაგდეთ ზღვაში და ჩადგება ქარიშხალი! მეზღვაურებს არ უნდოდათ იონას გადაგდება, მაგრამ ის არ იშლიდა თავისას. ბოლოს გადააგდეს ზღვაში და ქარიშხალიც ჩაცხრა.
იონა ფიქრობდა, რომ ვეღარ გადარჩებოდა; იძირებოდა და თან ლოცულობდა. იეჰოვამ მას უზარმაზარი თევზი გაუგზავნა, რომელმაც პირი გააღო და გადაყლაპა იონა. თევზის მუცელში მყოფმა იონამ კვლავ ილოცა: იეჰოვა, გპირდები, რომ ყოველთვის დაგემორჩილები. ის სამი დღე იყო თევზის მუცელში უსაფრთხოდ. შემდეგ, იეჰოვას ნებით, თევზმა იონა ხმელეთზე გადმოანთხია.
ღმერთმა გადაარჩინა იონა. ნიშნავდა ეს იმას, რომ ის აღარ უნდა წასულიყო ნინევეში? არა. იეჰოვამ ისევ უთხრა მას, წასულიყო იქ. ისიც წავიდა ნინევეში და ხალხს აფრთხილებდა, რომ 40 დღეში ნინევე განადგურდებოდა. მერე რაღაც წარმოუდგენელი რამ მოხდა – ნინეველებმა მოუსმინეს იონას და გამოსწორდნენ. ნინევეს მეფე ხალხს მოუწოდებდა: მოუხმეთ ღმერთს და მოინანიეთ; იქნებ გადაიფიქროს ჩვენი განადგურება. როდესაც იეჰოვამ დაინახა, როგორ მოინანია ხალხმა, აღარ გაანადგურა ნინევე.
იონა ძალიან გაბრაზდა, ნინევე რომ არ განადგურდა. აბა დაფიქრდი: იეჰოვამ მოთმინება და გულმოწყალება გამოავლინა იონას მიმართ, იონას კი ოდნავადაც არ შეჰბრალებია ნინეველები. ის განაწყენებული წავიდა და ქალაქგარეთ აყიროს ჩრდილში დაჯდა. შემდეგ აყიროს ხე გახმა, რაზეც იონა ძალიან გაბრაზდა. იეჰოვამ უთხრა მას: შენ ამ მცენარეზე უფრო დარდობ, ვიდრე ნინეველებზე. მე შევიბრალე ისინი და აღარ გავანადგურე. რის თქმა უნდოდა ამით იეჰოვას? მისთვის ნინევეში მცხოვრები ადამიანები უფრო ძვირფასები იყვნენ, ვიდრე რომელიმე მცენარე.
„იეჰოვა … სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9).