29-ე გაკვეთილი
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
დაგღუპვიათ საყვარელი ადამიანი? ასეთ მძიმე პერიოდში შეიძლება მოსვენებას გიკარგავდათ ისეთი კითხვები, როგორებიცაა: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ისევ შევხვდები მას? ამ და მომდევნო გაკვეთილებიდან გავიგებთ, როგორ პასუხობს ბიბლია ამ კითხვებს. ეს ნამდვილად მანუგეშებელი იქნება თქვენთვის.
1. რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
იესომ სიკვდილი ღრმა ძილს შეადარა. რით ჰგავს სიკვდილი ძილს? როგორც წესი, მძინარე ადამიანი ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის გარშემო. ბიბლიაში ნათქვამია: „მკვდრებმა არაფერი იციან“ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:5). აქედან გამომდინარე, მიცვალებული არაფერს განიცდის, შესაბამისად, არც იტანჯება.
2. რატომაა კარგი სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა?
ბევრს ეშინია სიკვდილის და მკვდრების. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ნამდვილად დაგამშვიდებთ ის, რაც ბიბლიაში წერია. იესომ თქვა: „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). მრავალი რელიგია ასწავლის, რომ სული უკვდავია და ადამიანის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს არსებობას. მაგრამ, ბიბლიის თანახმად, ადამიანს არა აქვს უკვდავი სული. შესაბამისად, ადამიანმა სიკვდილის შემდეგ არაფერი იცის, არც იტანჯება და არც ცოცხლებისთვის შეუძლია ზიანის მიყენება. აქედან გამომდინარე, საჭირო არაა, რომ მისთვის პატივის მისაგებად განსაკუთრებული რიტუალები შევასრულოთ ან ვილოცოთ.
ზოგი ირწმუნება, რომ მკვდრებთან აქვს კავშირი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან, როგორც გავიგეთ, „მკვდრებმა არაფერი იციან“. მას, ვისაც ჰგონია, რომ თავის გარდაცვლილ ახლობლებს ეკონტაქტება, სინამდვილეში დემონებთან აქვს კავშირი. ასე რომ, სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა დემონებისგან გვიცავს. იეჰოვა გვაფრთხილებს, არ ვეცადოთ გარდაცვლილებთან დაკავშირებას, რადგან არ სურს, დემონებმა ზიანი მოგვაყენონ (წაიკითხეთ კანონის 18:10—12).
გაიღრმავეთ ცოდნა
ქვემოთ შეიტყობთ, თუ კიდევ რას ვიგებთ ბიბლიიდან სიკვდილის შესახებ. ეს გაგიძლიერებთ რწმენას მოსიყვარულე ღვთისადმი, რომელიც არ სჯის გარდაცვლილებს.
3. სიმართლე მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ
მთელ მსოფლიოში სხვადასხვა შეხედულებაა გავრცელებული მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ. ცხადია, ყველა მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება.
რა შეხედულებებია გავრცელებული ამ საკითხზე იქ, სადაც თქვენ ცხოვრობთ?
ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, რას ამბობს ბიბლია მიცვალებულთა მდგომარეობის შესახებ
წაიკითხეთ ეკლესიასტეს 3:20 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამ მუხლიდან გამომდინარე, რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
აგრძელებს ადამიანი რაიმე სახით არსებობას?
ბიბლიაში მოთხრობილია იესოს მეგობრის, ლაზარეს, სიკვდილის ამბავი. წაიკითხეთ იოანეს 11:11—14 და ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ ლაზარეს მდგომარეობაზე. შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
რას შეადარა იესომ სიკვდილი?
რას ვიგებთ ამ შედარებიდან გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ?
რას ფიქრობთ იმაზე, რაც ბიბლიიდან გაიგეთ სიკვდილთან დაკავშირებით?
4. სიმართლის ცოდნა გვიცავს
გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ სიმართლის ცოდნა შიშისგან გვათავისუფლებს. წაიკითხეთ ეკლესიასტეს 9:10 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
შეუძლიათ მკვდრებს ჩვენთვის ზიანის მოყენება?
სიმართლის ცოდნა გვიცავს სიცრუისგან, რომ თითქოს გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად გარკვეული რიტუალების შესრულებაა საჭირო. წაიკითხეთ ესაიას 8:19 და გამოცხადების 4:11; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
რას ფიქრობს იეჰოვა მათზე, ვინც დახმარებისთვის მიცვალებულებს მიმართავს ან მათთვის პატივის მისაგებად რიტუალებს ასრულებს?
სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა გვეხმარება, უარი ვთქვათ იეჰოვასთვის მიუღებელ წეს-ჩვეულებებზე.
5. სიმართლის ცოდნა გვანუგეშებს
ბევრი ფიქრობს, რომ სიცოცხლეში ჩადენილი ცუდი საქმეების გამო სიკვდილის შემდეგ დაისჯება. მაგრამ მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ სიკვდილის შემდეგ არავინ იტანჯება, ისიც კი, ვინც მძიმე ცოდვებს სჩადიოდა. წაიკითხეთ რომაელების 6:7 და იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვაზე:
თუკი ადამიანი სიკვდილით თავისუფლდება ცოდვისგან, როგორ ფიქრობთ, ლოგიკურია, ვინმე სიცოცხლეში ჩადენილი ცოდვების გამო სიკვდილის შემდეგ დაიტანჯოს?
რაც უფრო უკეთ ვეცნობით იეჰოვას, მით უკეთ ვხვდებით, რომ შეუძლებელია, მან გარდაცვლილების ტანჯვა დაუშვას. წაიკითხეთ კანონის 32:4 და 1 იოანეს 4:8; შემდეგ იმსჯელეთ ქვემოთ დასმულ კითხვებზე:
ამ მუხლებიდან გამომდინარე, მოიწონებდა ღმერთი გარდაცვლილთა დასჯას?
მანუგეშებელია თქვენთვის სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა? ახსენით.
ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ძალიან მეშინია ჯოჯოხეთის“.
რომელი ბიბლიური მუხლებით ანუგეშებთ მას?
შეჯამება:
სიკვდილით ადამიანი წყვეტს არსებობას. მიცვალებულები არც იტანჯებიან და არც ცოცხლებისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ.
გასამეორებელი კითხვები:
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
რისგან გვიცავს სიკვდილის შესახებ სიმართლის ცოდნა?
როგორ გვანუგეშებს სიმართლის ცოდნა?
გაიგეთ მეტი:
გაიგეთ, რა მნიშვნელობით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვა „სული“.
გაიგეთ, სჯის თუ არა ღმერთი ბოროტებს ჯოჯოხეთში.
წაიკითხეთ, როგორ ანუგეშა ერთი მამაკაცი სიკვდილის შესახებ სიმართლის გაგებამ.
„გამაოცა ბიბლიის ნათელმა და ლოგიკურმა პასუხებმა“ („საგუშაგო კოშკი“, 1 თებერვალი, 2015)