19 ᲘᲤᲗᲐᲮᲘ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲥᲐᲚᲘᲨᲕᲘᲚᲘ
აღთქმის შესასრულებლად მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს
ᲘᲡᲠᲐᲔᲚᲔᲑᲛᲐ კვლავაც ზურგი აქციეს იეჰოვას და მანაც ისინი მტრებს ჩაუგდო ხელში. ამონელები 18 წლის განმავლობაში სასტიკად ჩაგრავდნენ ისრაელებს (მსაჯ. 10:8). თუმცა რაღაც მომენტში მიხვდნენ თავიანთ შეცდომას. მათ აღიარეს დანაშაული, მოიშორეს კერპები და დაუბრუნდნენ იეჰოვას. თუმცა მალევე, რაც ისრაელები იეჰოვას დაუბრუნდნენ, ამონელებმა მათზე თავდასხმა გადაწყვიტეს და გალაადში შეიკრიბნენ.
გალაადის უხუცესებმა დახმარებისთვის ერთ კაცს მიმართეს და მას სთხოვეს, რომ ბრძოლაში გასძღოლოდა. ეს კაცი იფთახი იყო. თავის დროზე ნახევარძმებმა, რომლებიც ამ უხუცესებს შორის იყვნენ, მოიძულეს ის. ამის გამო მას გალაადიდან გაქცევა მოუწია, თუმცა გულში ბრაზი და წყენა არ ჩაუდია. ამიტომ, როდესაც დახმარება სთხოვეს, უარი არ უთხრა. თავიდან იფთახი სიტუაციის მშვიდობიანად მოგვარებას შეეცადა. მან მაცნეების პირით შეუთვალა ამონელების მეფეს, რომ ის მიწა, რომელსაც ითხოვდა, სინამდვილეში მას არ ეკუთვნოდა. იფთახმა დეტალურად აუხსნა, როგორ დააპყრობინა იეჰოვამ ისრაელებს აღთქმული მიწა და დაამარცხებინა იქ მცხოვრები ერები. აშკარა იყო, ამ კაცმა ძალიან კარგად იცოდა ისრაელის ისტორია. თუმცა ამონელების მეფეს არაფრის მოსმენა არ სურდა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, თავს დასხმოდა ისრაელს.
იფთახი ბრძოლისთვის მზადებას იწყებს. ის იეჰოვას აღთქმას უდებს: „თუ ხელში ჩამიგდებ ამონელებს, როცა მათგან მშვიდობით დავბრუნდები, ვინც ჩემი სახლის კარიდან გამომეგებება, იეჰოვასი გახდება და შევწირავ მას, როგორც დასაწვავ მსხვერპლს!“. ნაჩქარევად ან გაუაზრებლად ხომ არ დგამს იფთახი ამ ნაბიჯს? არა, რადგან, როცა ბრძოლისთვის ემზადება, მასზე იეჰოვას სული იწყებს მოქმედებას.
რა იგულისხმა იფთახმა, როდესაც თქვა, რომ ვინც კარიდან გამოეგებებოდა, მას იეჰოვას დასაწვავ მსხვერპლად შესწირავდა? ფაქტია, ის პირდაპირი გაგებით ადამიანის მსხვერპლად შეწირვას არ გულისხმობდა. ეს იეჰოვას თვალში სისაძაგლე იყო და ამას თავის ხალხს კანონითაც უკრძალავდა (კან. 18:10, 12). როგორც ჩანს, იფთახი იმას გულისხმობდა, რომ ის, ვინც სახლიდან პირველი გამოეგებებოდა, იეჰოვასი გახდებოდა ანუ მთელი ცხოვრება მას ემსახურებოდა კარავში, რომელიც შილოში იდგა. იფთახმა იცოდა, რომ ამ აღთქმის შესრულება შეიძლება ძალიან ძვირად დასჯდომოდა. ნამდვილად არსებობდა იმის ალბათობა, რომ შესაგებებლად პირველი სწორედ მისი ერთადერთი ქალიშვილი გამოსულიყო.
თუმცა იქამდე, სანამ აღთქმის შესრულების დრო დადგება, იფთახს ბრძოლა აქვს მოსაგები, ამიტომ თავის ხალხს საბრძოლოდ მიუძღვის. იეჰოვაც ხელს უმართავს გაბედულებისთვის და ამარჯვებინებს. ისინი ამარცხებენ ამონელებს და მათ 20 ქალაქს მიწასთან ასწორებენ.
იფთახი შინ გახარებული ბრუნდება. ალბათ იმედი აქვს, რომ პირველი, ვინც სახლიდან გამოეგებება, მისი რომელიმე მსახური იქნება. თუმცა მისი მოლოდინი არ მართლდება. მას თავისი ქალიშვილი ეგებება ცეკვითა და დაირაზე დაკვრით. შვილის დანახვით გულმოკლული მამა ტანსაცმელს იხევს და ასეთი სიტყვები აღმოხდება: „ვაიმე, შვილო! გული მომიკალი! თურმე შენ უნდა შეგელიო, მაგრამ სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“.
იფთახს და მის ქალიშვილს აღთქმა უნდა შეესრულებინათ. თუმცა მათთვის ეს მარტივი არ იქნებოდა.
იფთახის ქალიშვილი ხვდება, როგორ შეცვლის მამის აღთქმა მის მომავალს. ამიერიდან მან მთელი ცხოვრება იეჰოვას უნდა მიუძღვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერც დაოჯახდება და ვერც შვილებს იყოლიებს. ეს კი ისრაელში დიდ უბედურებად ითვლება. თუმცა ყმაწვილქალს ეს ყველაფერი არ აშინებს და მამამისს ეუბნება: „მამა, თუ სიტყვა მიეცი იეჰოვას, შენი სიტყვისამებრ მომექეცი“. ის მამას მხოლოდ იმას სთხოვს, რომ ცოტაოდენი დრო მისცეს, რათა თავის მეგობრებთან ერთად წავიდეს და გაუთხოვრობა გამოიგლოვოს.
იფთახის ქალიშვილი მიენდო იეჰოვას და თავგანწირვის სულისკვეთება გამოიჩინა. ამის შემდეგ მისმა მეგობრებმა წესად გაიხადეს, რომ წელიწადში ოთხი დღე მასთან ასულიყვნენ. ისინი მას თავგანწირვისა და გაბედულებისთვის აქებდნენ და ანუგეშებდნენ. თუმცა კარავში მსახურება იფთახის ქალიშვილისთვის დიდი პატივიც იქნებოდა და სიხარულსაც მოჰგვრიდა. შესაძლოა იმ პერიოდში პატარა სამუელიც იქ ყოფილიყო და ამ ყმაწვილქალს მის აღზრდაში მიეღო მონაწილეობა. თუ ეს მართლა ასე იყო, ის მას დაეხმარებოდა, ყოველთვის ეერთგულა იეჰოვასთვის. წარმოგიდგენიათ, რამხელა სიხარულს მიანიჭებდა ეს ქალს, რომელსაც საკუთარი შვილი არ ჰყავდა. თუმცა კარავში მსახურებას იმ პერიოდში სირთულეებიც ახლდა თან. როგორც ვიცით, ზოგიერთები იქ უზნეობას სჩადიოდნენ (1 სამ. 2:22). მაგრამ იფთახის ქალიშვილი მათნაირი არასოდეს გამხდარა. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „არ დაწოლილა იფთახის ასული მამაკაცთან“.
იფთახმა და მისმა ქალიშვილმა გაბედულებისა და ღვთისადმი ნდობის მართლაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. იფთახი მოციქულმა პავლემაც მოიხსენია მათ შორის, ვინც დიდი რწმენით გამოირჩეოდა (ებრ. 11:32). ის ღვთის ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძოდა, მისი ქალიშვილი კი ბოლომდე უჭერდა მას მხარს. მათ დიდი მსხვერპლი გაიღეს, რომ იეჰოვასთვის მიცემული აღთქმა შეესრულებინათ.
წაიკითხეთ:
იმსჯელეთ:
რაში გამოჩნდა იფთახისა და მისი ქალიშვილის რწმენა და გაბედულება?
გამოიკვლიეთ
1) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამონელებმა მხოლოდ ისრაელების კი არა, წმინდა თაყვანისმცემლობის წინააღმდეგაც გაილაშქრეს? (it „იფთახი“ ¶6) სურათი 1
სურათი 1: „მოიშორეს კერპები და ისევ იეჰოვას ემსახურებოდნენ“ (მსაჯ. 10:16).
2) რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იფთახსაც ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდა აღთქმის დადების დროს, როგორიც თავის დროზე იაკობს? (it „იფთახი“ ¶11)
3) რატომ არ იქნებოდა ადვილი იფთახისთვის აღთქმის შესრულება? (w17.04 4 ¶6)
4) წინასწარმეტყველი სამუელი დაახლოებით ძვ. წ. 1180 წელს დაიბადა. რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მას და იფთახის ასულს შეიძლება ერთსა და იმავე პერიოდში ემსახურათ კარავში? (it იფთახი ¶2; იხილეთ დროის დიაგრამა „პატრიარქების დროიდან მსაჯულების დრომდე“)
რას სწავლობთ
რა გავლენას იქონიებს შვილებზე მშობლების გაბედულება?
როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს მიჰბაძონ იმ ებრაელ ასულებს, რომლებიც იფთახის ქალიშვილს აქებდნენ და ამგვარად ეხმარებოდნენ, ბოლომდე მინდობოდა იეჰოვას? სურათი 2
სურათი 2
როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იფთახსა და მის ქალიშვილს რწმენასა და გაბედულებაში?
ფართოდ შეხედეთ საკითხს
რას გასწავლით ეს ისტორია იეჰოვას შესახებ?
როგორ უკავშირდება ეს ისტორია იეჰოვას განზრახვის შესრულებას?
რას ჰკითხავთ მკვდრეთით აღმდგარ იფთახსა და მის ქალიშვილს?
გაიგეთ მეტი
რა მაგალითს აძლევს იფთახის ქალიშვილი დაუქორწინებელ ქრისტიანებს?
ნახეთ, როგორ შეინარჩუნეს იფთახმა და მისმა ქალიშვილმა იეჰოვასადმი ერთგულება და თქვენ რისი სწავლა შეგიძლიათ მათგან.